Sars-Cov-2

მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-CoV-2), წარსულში ცნობილი დროებითი სახელით 2019 ახალი კორონავირუსი (2019-nCoV) — დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალური რნმ კორონავირუსი.

არის ადამიანებს შორის გადამდები და იწვევს ამჟამად მიმდინარე 2019-2020 წლის კორონავირუსულ პანდემიას, პანდემიურ კორონავირუსულ დაავადება 2019-ს (COVID-19), რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა.

ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)
Sars-Cov-2
ახალი კორონავირუსი (2019-nCoV)
Sars-Cov-2
ახალი კორონავირუსის აგებულება
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ვირუსები
ოჯახი:  კორონავირუსები
ლათინური სახელი
SARS-CoV-2

SARS-CoV-2-ს აქვს ახლო გენეტიკური მსგავსება ღამურის კორონავირუსებთან და სათავესაც სავარაუდოდ ამ ცხოველებისგან იღებს. ადამიანებში გავრცელების შუამავალ ცხოველად მიჩნეულია პანგოლინი. ტაქსონომიული გადმოსახედიდან, SARS-CoV-2 კლასიფიცირებულია მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებული კორონავირუსების (SARSr-CoV) სახეობად. დაავადება SARS-თან აღრევის თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებასთან ურთიერთობისას ზოგჯერ ამ ვირუსს უწოდებს „COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს“.

ვირუსოლოგია

ინფექცია

2019-2020 წლის კორონავირუსული ეპიდემიის დროს დადასტურდა ადამიანიდან ადამიანზე გადადება. გადადება ძირითადად ხდება დახველებისა და დაცემინებისას წარმოქმნილი რესპირატორული წვეთებით, 1,8 მეტრით დაშორების მანძილზე. ინფექციის გადადების კიდევ ერთი მიზეზია ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტი. ვირუსული რნმ ასევე აღმოაჩინეს დაინფიცირებულ პაციენტთა განავლის ნიმუშებში.

შესაძლებელია, რომ ვირუსი ინფექციური იყოს ინკუბაციის პერიოდშიც კი, მაგრამ ასეთი შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა და 2020 წლის 1 თებერვალს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ამ დროისთვის, ასიმპტომურ შემთხვევებში გადადება სავარაუდოდ არ არის გადადების მთავარი წარმმართველი“. შესაბამისად, მიჩნეულია, რომ ადამიანებს შორის ინფექცია ძირითადად უნდა იყოს COVID-19-ის სიმპტომების მქონე პირებისგან გადადების შედეგი.

რეზერვუარი

Sars-Cov-2 
SARS-CoV-2 ვირუსი ელექტრონულ მიკროსკოპში

SARS-CoV-2-ისგან მომდინარე პირველი ცნობილი ინფექცია აღმოაჩინეს ჩინეთის ქალაქ უხანში. ადამიანებზე გადადების თავდაპირველი წყარო უცნობია. თუმცა, 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის კვლევამ დაადგინა, რომ ღამურების SARS-ის მსგავს კორონავირუსთა უმეტესობა სათავეს იღებს Rhinolophus-ის გვარის ცხვირნალისები ღამურებისგან. ჩინური ჟანგისფერი ცხვირნალისებრი ღამურისგან (Rhinolophus sinicus) აღებულ ნიმუშებში აღმოჩენილმა ნუკლეინის მჟავის ორმა ვირუსულმა თანმიმდევრობამ 80%-იანი მსგავსება აჩვენა SARS-CoV-2-თან. იუნანის პროვინციაში შუალედური ცხვირნალისებრი ღამურის (Rhinolophus affinis) ნუკლეინის მჟავის მესამე ვირუსულმა თანმიმდევრობამ კი SARS-CoV-2-თან 96%-იანი მსგავსება აჩვენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ღამურებს SARS-CoV-2-ის ყველაზე სავარაუდო ბუნებრივ რეზერვუარად მიიჩნევს.

2019 წელს გამოქვეყნებული მეტაგენომური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ SARS-CoV, შტამი, რომელიც დაავადება SARS-ს იწვევს, ყველაზე ფართოდ გავრცელებული კორონავირუსი იყო იავური პანგოლინების ნიმუშებში. 2020 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა ქალაქ გუანჯოუში პანგოლინიდან აღებულ ნიმუშში აღმოაჩინეს ნუკლეინის მჟავის ვირუსული თანმიმდევრობა, რომელიც 99%-ით SARS-CoV-2-ის იდენტურია. შედეგებში ეწერა, რომ ახლად აღმოჩენილი პანგოლინის კორონავირუსის S ცილის რეცეპტორები ქიმიური სტრუქტურით SARS-CoV-2-ის იდენტურია, განსხვავდება მხოლოდ ერთი ამინომჟავით“. პანგოლინებს ჩინეთის კანონმდებლობა იცავს, მაგრამ მაინც აქვს ადგილი მათზე ბრაკონიერობას და ვაჭრობას, რადგან ამ ცხოველს აქტიურად იყენებენ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში.

მიკრობიოლოგებმა და გენეტიკოსებმა ტეხასის შტატში დამოუკიდებლად აღმოაჩინეს კორონავირუსებში გენეტიკური გადარჩევის (რეასორტიმენტი) მტკიცებულება, რაც SARS-CoV-2-ის წარმოშობაში კიდევ ერთხელ მიუთითებს პანგოლინების ჩართულობაზე. ამავე დროს, მკვლევრები აცნობიერებენ, რომ რჩება უცნობი ფაქტორები და აქტიურად განაგრძობენ სხვა ცხოველთა კვლევას.

ფილოგენეტიკა და ტაქსონომია

SARS-CoV-2 მიეკუთვნება კორონავირუსების სახელით ცნობილ ვირუსთა ფართო ოჯახს. წარმოადგენს დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალურ რნმ (+ssRNA) ვირუსს. სხვა კორონავირუსებს შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები, ჩვეულებრივი გაციებით დაწყებული, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით (MERS) დამთავრებული. ის ადამიანებში გავრცელებული ჩვენთვის ცნობილი მეშვიდე კორონავირუსია, დანარჩენი ექვსის სია კი ასეთია: 229E, NL63, OC43, HKU1, MERS-CoV და SARS-CoV.

2003 წლის SARS-ის ეპიდემიის გამომწვევი SARS-სთან დაკავშირებულ კორონავირუსული შტამის მსგავსად, SARS-CoV-2 მიეკუთვნება მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებულ კორონავირუსთა ქვეგვარს (beta-CoV ხაზი B). მისი რნმ-ის თანმიმდევრობა სიგრძეში დაახლოებით 30 000 ფუძეა. თავის მრავალფუძიანი დანაწევრების ადგილით, SARS-CoV-2 ერთადერთია ჩვენთვის ცნობილ ბეტაკორონავირუსებს შორის; ცნობილია, რომ ეს მახასიათებელი ზრდის ვირუსების პათოგენურობას და გადამდებობას.

სეკვენსირებული გენომების საკმარისი რაოდენობოთ, შესაძლებელია ვირუსების ოჯახის მუტაციის ისტორიის ფილოგენეტიკური ხის აგება. 2020 წლის 12 იანვრისთვის, უხანში მეცნიერებს უკვე იზოლირებული ჰქონდათ SARS-CoV-2-ის ხუთი გენომი, რაც ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა სხვა ინსტიტუციებსაც გადასცა; 2020 წლის 11 თებერვლისთვის, გენომების რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. ნიმუშების ფილოგენეტიკურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ისინი „ძლიერ დაკავშირებული იყვნენ უფრო შვიდ მუტაციასთან, ვიდრე საერთო წინაპრართან“, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში ინფექცია უხანში პირველად 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაფიქსირებულიყო.

2020 წლის 11 თებერვალს, ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტმა (ICTV) განაცხადა, რომ არსებული წესების მიხედვით, რომელიც ნუკლეინის მჟავების კონსერვირებული თანმიმდევრობების საფუძველზე აფასებს იერარქიულ ურთიერთობას კორონავირუსებს შორის, განსხვავება მაშინ 2019-nCoV-ად წოდებულ ვირუსსა და 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის ვირუსულ შტამს შორის, არასაკმარისი იყო, რათა ის ცალკე ვირუსულ სახეობად ჩათვლილიყო. გამომდინარე აქედან, 2019-nCoV-ი მათ დააიდენტიფიცირეს როგორც მწვავე რესპირატორულ სინდრომთან დაკავშირებულ კორონავირუსების შტამი.

სტრუქტურული ბიოლოგია

ადამიანის უჯრედში მყოფი SARS-CoV-2 ვირუსი (ყვითლად) ელექტრონულ მიკროსკოპში; ფოტო გაფერადებულია ციფრულად.

SARS-CoV-2-ის თითოეული ვირიონი დიამეტრში 50–200 ნანომეტრია. სხვა კორონავირუსთა მსგავსად, SARS-CoV-2-ს აქვს ოთხი სტრუქტურული ცილა, რომლებსაც უწოდებენ S (წვეტი), E (გარსი), M (მემბრანა) და N (ნუკლეოკაპსიდი) ცილებს; N ცილა ფლობს რნმ გენომს, s, E და M ცილები კი ერთობლივად ქმნიან ვირუსულ გარსს. წვეტი ცილა ვირუსს მასპინძელი უჯრედის მემბრანაზე მიკვრის საშუალებას აძლევს. The spike protein is responsible for allowing the virus to attach to the membrane of a host cell.

ვირუსის S-ცილაზე ჩატარებულმა მოდელირების ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ SARS-CoV-2 ადამიანის უჯრედში შეღწევისათვის იყენებს ადამიანის უჯრედის მემბრანაზე მოთავსებულ ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ, ACE2 ) რეცეპტორს.

2020 წლის 22 იანვრისთვის, ვირუსის სრულ გენომზე ჩინეთში და აშშ-ში მომუშავე ჯგუფებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიყენეს რევერსული გენეტიკის მეთოდი და ექსპერიმენტულად წარმოადგინეს, რომ ACE2 ACE2-ის რეცეპტორის ფუნქციას ასრულებს. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ SARS-CoV-2-ს ადამიანის ACE2-სთან იმაზე მეტი მსგავსება აქვს, ვიდრე SARS ვირუსის შტამს. კრიოგენული ელექტრონული მიკროსკოპით გადაიღეს S ცილის ატომური დონის ფოტო.

SARS-Cov-2 წარმოქმნის სულ მცირე სამ ვირულენტობის ფაქტორს, რაც ხელს უწყობს მასპინძელი უჯრედიდან ახალი ვირიონების გავრცელებას და აბრკოლებს ადამიანის იმუნური სისტემის რეაგირებას.

ეპიდემიოლოგია

Sars-Cov-2 
პაციენტიდან იზოლირებული SARS-CoV-2 ვირუსები ელექტრონულ მიკროსკოპში

გამომდინარე იქიდან, რომ SARS-CoV-2 ცნობილი გენომური თანმიმდევრობები დაბალ ცვალებადობას ამჟღავნებს, მიჩნეულია, რომ შტამი ადამიანთა პოპულაციაში გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში დააფიქსირეს ჯანდაცვის სტრუქტურებმა, 2019 წლის ბოლოს. თანდათანობით, ვირუსი ჩინეთის ყველა პროვინციაში გავრცელდა, შემდეგ კი ყველა კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში. ყველა რეგიონში დადასტურდა ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფაქტი. 2020 წლის 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-CoV-2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, 11 მარტს კი პანდემიად.

2020 წლის 13 მარტისთვის, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 128 000-ს გადააჭარბა, საიდანაც 80 900 შემთხვევა ჩინეთზე მოდიოდა. ამავე დღის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 4720-ს აჭარბებდა, საიდანაც 65 პროცენტი ხუბეის პროვინციაზე მოდის, რომელშიც მდებარეობს ქალაქი უხანი.

ვირუსის საბაზისო რეპროდუქციული რიცხვი 1,4-3,9-ს შორის მერყეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ 1,4-3,9 სხვა ადამიანს აინფიცირებს.

2020 წლის 13 მარტის მონაცემებით, SARS-CoV-ის შტამის იზოლირება ხუთმა ქვეყანამ შეძლო: ჩინეთმა, აშშ-მა, იაპონიამ, ტაილანდმა და ინდოეთმა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Sars-Cov-2 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

Sars-Cov-2 ვირუსოლოგიაSars-Cov-2 ეპიდემიოლოგიაSars-Cov-2 იხილეთ აგრეთვეSars-Cov-2 რესურსები ინტერნეტშიSars-Cov-2 სქოლიოSars-Cov-2COVID-19კორონავირუსის ეპიდემია 2019-2020რნმჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლია ელიავათინათინ ბოკუჩავაილუმინატებისაქართველოს სატელეფონო კოდებისიძვაბუდაპეშტიინგლისიილია IIდუტა სხირტლაძეაუტიზმიმედეა ჩახავაწითელაჭადრაკილეჩხუმიხარებაფაშიზმიჯვაროსნული ლაშქრობებიფენიქსი (მითოლოგია)მეორე მსოფლიო ომიბაში-აჩუკიკონსერვატიზმიკონსტანტინოპოლისიტყვამთვარედემეტრე Iბოშებიდიდი სქიზმაიმერეთიიპოლიტე ხვიჩიასამებაასპინძის ბრძოლამერაბ მამარდაშვილიბორჯომიკაპადოკიარუსთავინაღვლის ბუშტინიაზ დიასამიძეენდროვიკიპედიაპარიზინიკოლოზ ბარათაშვილიქართული მითოლოგიაზურა ყიფშიძესაქართველოს დიდი სოფლებიტიციან ტაბიძეამსტერდამიოქროს საწმისიწმინდა ნინოევრომაიდანისაქართველოს ისტორიაკრწანისის ბრძოლაჰიპერბოლა (ენა)სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისქართული ფილმების სიაიულიუს კეისარიალექსანდრე მაკედონელიქიზიყიცხოველებიიოსებ სტალინიქუნთრუშააზერბაიჯანიმარიამ ღვთისმშობელირუსეთის იმპერიასომხეთიმცხეთაელენე ხოშტარიამზეგავრილოვის ღამერაბათის ციხესულთმოფენობამალტაალცჰაიმერის დაავადებაპოლონეთივლადიმერ ლენინიავსტრიაგეგა კობახიძე🡆 More