ტაიგა (იაკუტ.
– ტყე) — ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყე, რომელსაც უჭირავს ჩრდილოეთ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია. ტაიგისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი, მყართოვლიანი, მკაცრი ზამთარი და შედარებით თბილი ზაფხული; ნალექების წლიური რაოდენობა, როგორც წესი, აღემატება აორთქლებას. მდებარეობის მიხედვით ტაიგა ორგვარია: ბარისა და მთის. მთავარი შემადგენელი ხემცენარეების მიხედვით განარჩევენ მუქწიწვოვან (ნაძვი, სოჭი, ცუგა, ცრუცუგა, ლიბოცედრუსი, სეკვოია, ტუია და სხვ.) და ღიაწიწვოვან (ფიჭვი და ლარიქსი) ტაიგას.
ტაიგის ხედგომაში დომინანტობს 1-2, იშვიათად 3 ან მეტი სახეობა (რაც ხშირია მთის ტაიგაში). მათთან შერეულია არყი, ვერხვი, ნეკერჩხალი და სხვა ფოთლოვნები. ბარის ტაიგაში ეწერი და დამზრალი ნიადაგია, მთის ტაიგაში — მთა-ტყის მურა ნიადაგი. ევრაზიაში ტაიგის ფართობის მეტი წილი, რომელიც რუსეთის ფარგლებშია მოქცეული, ბარად ქმნის ტყის ზოლის ჩრდილო ქვეზონას. მასში მკვეთრად განირჩევა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ განედური მდებარეობით შეპირობებული ზოლები: მეჩხერი; ჩრდილოეთისა; შუა; სამხრეთისა; ფართოფოთლოვან-წიწვოვანი.
მეჩხერი ტაიგის ზოლი გარდამავალია ტაიგისა და მის ჩრდილოეთით მომიჯნავე ტუნდრას შორის და წარმოადგენს ტყე-ტუნდრას.
ჩრდილოეთის ტაიგაში ხედგომა უფრო ხშირია, მაგრამ მაინც მეჩხერი და დაბალი ბონიტეტისა. აღმოსავლეთ ევროპაში ჭარბობს ევროპული ნაძვი, აღმოსავლეთისაკენ კი მატულობს ციმბირული ნაძვი, დასავლეთით ევროპული სოჭი, ნაწილობრივ ევროპული ლარიქსი; მცირე ფართობებზე, მწირსა და ქვიშიან ნიადაგზე, ჩვეულებრივი ფიჭვის მღიერიანი ტყეებია, დაჭაობებისას — სფაგნიმიანი.
ციმბირში ამ ტაიგას ქმნის ციმბირული ნაძვი, ფიჭვი და ლარიქსი. აღმოსავლეთ ციმბირში კი გადაშლილია დაურიული ლარიქსის ტაიგა. აქვეა მწვანეხავსიან-მღიერიანი, ნაწილობრივ სფაგნიმიანი ნაძვნარი, არყნარ-ნაძვნარი, და ფიჭვნარ-ნაძვნარი. ხშირად ვითარდება ქვეტყე (ქონდარა არყი, ციმბირული და ჩვეულებრივი ღვია, ტირიფი, ციმბირული ცირცელი და სხვა).
ტაიგის დამახასიათებელი ნიშნები უფრო გამოხატულია შუა ტაიგაში. ხეთადგომა აქ შეკრულია, ბონიტეტი მაღალი და თესლით განახლებაც უკეთესიც. ჩრდილოეთისაკენ ძლიერდება არყი და ვერხვი, ხავსის საფარი, რაც ზღუდავს ქვეტყის განვითარებას.
სამხრეთისაკენ წიწვოვანთა დაბრკოლებულია ფოთლოვანთა კონკურენციით. დაჭაობებაც შედარებით ნაკლებია. დასავლეთით უფრო ხშირია ევროპული და ციმბირული, აღმოსავლეთით — ციმბირული სოჭი. აქ ჩვეულებრივია მწვანეხავსიანი სოჭნარ-ნაძვნარი, დაჭაობებისას სფაგნიმიანი, ისლიანი ან შვიტიანი ფიჭვან-ნაძვნარი და სხვა. ხშირია ბრძამიანი ლარიქსიანები (ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში).
სამხრეთის ტაიგაში უფრო ზომიერი და ტენიანი კლიმატის გამო უკეთესი პირობებია ტყისათვის, ბევრად ნაკლებია ბუნებრივი დაჭაობება, უფრო განვითარებულია ბალახოვანი საფარი, ნაკლებია ხავსი და მღიერი. ხეთადგომა 2-3 იარუსიანია, ხშირია ქვეტყე (ცაცხვი, ლეკა, ცხრატყავა, ცირცელი, ასკილი); დამახასიათებელია მჟაველიანი, მწვანეხავსიან-მჟაველიან-შავმოცვიანი, გვიმრიანი და ქვეტყიანი ნაძვნარი და სოჭნარ-ნაძვნარი.
ფართოფოთლოვან-წიწვოვანი ტაიგა (ქვეტაიგა) გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ხარობს მუხა, ცაცხვი, წიფელი, ლეკა და სხვა. ამ ტყეებისათვის დამახასიათებელია ბუჩქების ქვეტყე და ბალახოვანი საფარი.
მთის ტაიგის დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ ევროპაში ქმნის ნაძვის, სოჭის, ლარიქსისა და ფიჭვის ევროპული სახეობები,
ტაიგაში ნაკაფებსა და ნახანძრალებში მეორეული ტყე ვითარდება (არყნარი, ვერხვნარი და ფიჭვნარი). ჩრდილოეთ ამერიკის ბარის ტაიგას ქმნის ლეგა, შავი და ცისფერი ნაძვი, ბალზამის სოჭი, ვეიმუთის, ბანქსისა და ფისიანი ფიჭვი, კანადური ცუგა ანუ ჰემლოკი, ამერიკული ლარიქსი და სხვ. მეორეულ ტყეებად გავრცელებულია არყნარი და ვერხვნარი. მთის ტაიგაში, გარდა ბარის ტაიგის ზოგიერთი სახეობისა, გვხვდება ფრეიზერის სოჭი, წითელი ნაძვი, ცრუცუგა, მარადმწვანე სეკვოია და სხვა. მეორეულ ტყეებად აქ გვევლინება არყის, ვერხვის, ფიჭვისა და ტუიას ტყეები. ქვეტყიანი ტყეები აქ უფრო ხშირია, ვიდრე ევრაზიაში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ტაიგა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.