სპარსული ზუთხი (ლათ.
სპარსული ზუთხი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Acipenser persicus (Borodin, 1897) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 235 | |||||||||||||||
|
პირველად როგორც დამოუკიდებელი სახეობა 1897 წელს აღწერა ნიკოლოზ ბოროდინმა მდინარე ურალში. თუმცა ლევ ბერგმა იგი რუსული ზუთხის ქვესახეობად (A. gueldenstaedtii persicus) ჩათვალა, გავრცელების ძირითადი არეალით მტკვარი და სეფიდრუდი. სპარსული ზუთხი ვოლგასა და ურალში დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რუსული ზუთხის შიდაწყლოვან ფორმად. უკანასკნელი მორფოლოგიური და ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური სამუშაოების შემდეგ იგი ცალკეულ სახეობად გამოჰყვეს. შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მობინადრე კოლხური ზუთხი (A. gueldenstaedtii var. colchica), რომელიც რუსული ზუთხის ქვესახეობად მიიჩნეოდა, ჩათვალეს, რომ უფრო ახლოს იდგა სპარსულთან და, შესაბამისად, მასთან გააერთიანეს. დღეისათვის, უცხოური წყაროების მიხედვით, სპარსული ზუთხის ორი ქვესახეობაა ცნობილი: A. persicus persicus (კასპიის ზღვა) და A. persicus colchicus (შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი). თუმცა, ქართული წყაროები კოლხურ ზუთხს, იგივე თართს, დამოუკიდებელ ქვესახეობად გამოყოფენ.
გარეგნულად რუსულ ზუთხს წააგავს. მისგან განირჩევა წაგრძელებული, მასიური და ქვევითკენ მოღუნული დინგით, აგრეთვე უფრო ღია ფერით. ზურგი ნაცრისფერ-რუხი ან ნაცრისფერ-მოცისფროა, გვერდებზე ლურჯი ან ფოლადისფერი ელფერი დასდევს, მუცელი მოყვითალო-თეთრია. ზურგის ფარფლში 27–51 სხივია, ანალურში — 16–35. აქვს ზურგის 8–15 ფარეკალი, გვერდებისა — 23–50, მუცლისა — 7–13; 15–31 სალაყუჩე ღრუ. ქვედა პირი. ულვაშები დინგის წვერისკენაა განლაგებული.
მტკვრის ზუთხის უდიდესი ასაკი, რაც დაფიქსირებულა, 48 წელია. წარსულში მაქსიმალური სიგრძე 231–242 სმ იყო, დღეისათვის 205–230 სმ-ს არ აღემატებიან. ვოლგაში ნაპოვნია 38 წლამდე ასაკის ეგზემპლარები.
გამსვლელი ზუთხია. რუსულისაგან განსხვავებით, ტოფობისათვის მთის ჩქარ მდინარეებში შედის და არც ისე მაღლა ადის. ქვირითს ძირითადად ყრის მტკვარში, სეფიდრუდსა (კასპიის ზღვის აუზი) და რიონში (შავი ზღვის აუზი). ვოლგასა და ურალში მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობით შედის. რუსულ ზუთხზე დიდია; ვოლგის ზუთხის უდიდესი მასაა 19 კგ (მამალი) და 27,8 კგ (დედალი), სიგრძე 170 (დედალი) და 152 (მამალი). ახასიათებს სიგრძივი და წონითი ზრდის სწრაფი ტემპები: 15 წლის დედალი სიგრძეში 132 სმ-ია, მამალი — 122 სმ; 18 წლის ვოლგის მკვიდრი ზუთხი 19 კგ-ს იწონის, მამალი — 14,5 კგ-ს. სქესობრივ სიმწიფეს მტკვრის ინდივიდები 8 (დედალი) და 12 (მამალი) წლის ასაკში აღწევენ; ვოლგასა და ურალში უფრო გვიან: მამალი — 15-ში, დედალი — 18-ში. ნაყოფიერება დედლის ზომაზეა დამოკიდებული და მერყეობს 85-დან 840 ათას ქვირითამდე. მომწიფებული კვერცხის დიამეტრი 3,2–3,8 მმ-ია. ქვირითს ისეთივე ადგილებში ყრის, როგორშიც დანარჩენი ზუთხები, მაგრამ შედარებით მაღალი ტემპერატურის წყლებში. ვოლგაში ვოლგოგრადის ჰესის ქვემოთ ივნის-აგვისტოში ყრის 16-დან 22°С-მდე ტემპერატურის წყალში, უფრო ხშირად 20-22°С-მდეში. სამხრეთ კასპიის ზღვაში მრავლდება 15–25°С ტემპერატურაზე. რიონში ტოფობა 17-დან 23,6°C-მდე ტემპერატურაზე მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ახასიათებთ მწარმოებელთა (მამლების) დაჯგუფებები, რომლებსაც მდინარეში შესვლის სხვადასხვა ვადები გააჩნიათ (საშემოდგომო და საგაზაფხულო). ტოფობის შემდეგ ზღვას უბრუნდებიან, სადაც ინტენსიურად სუქდებიან. კასპიის ზღვაში გამოკვების ძირითადი ადგილებია სამხრეთი ნაწილები. მოზრდილები იკვებებიან მოლუსკებით, კიბორჩხალებით; ახალგაზრდები — მცირეჯაგრიანი ჭიებით, თევზით (ღორჯო, ჭიჭყინა) და სხვ.
კასპიის ზღვაში ძირითადად მის სამხრეთ და შუა ნაწილებს ეტანება (მტკვარი, სეფიდრუდი, თერგი, სამური, სულაკი). ჩრდილოეთ კასპიის ზღვის მდინარეებში (ვოლგა, ურალი) მცირე რაოდენობით შედის. შავ ზღვაში გავრცელებულია მის აღმოსავლეთ ნაწილში და ადის საქართველოს მდინარეებში (რიონი, ენგური, სუფსა, ხობისწყალი), შესაძლოა თურქეთის მდინარეებშიც იყოს.
ძვირფასი სარეწაო თევზია. ურალში მთელი ზუთხის 5-7%-ს სპარსული შეადგენს; დაახლოებით ამავე რაოდენობის მწარმოებელი შედის ტოფობისას ვოლგაში, სხვა მონაცემებით კი — 4,3% ამ მდინარეში მიგრირებადი ყველა ზუთხისა. 1974–1978 წლებში მტკვარში დაჭერილი სპარსული ზუთხის საერთო წლიური მასა მერყეობდა 90-დან 220 ტონამდე. მცირე რაოდენობის გამო წარმოადგენს ხელოვნური კვლავწარმოების ობიიქტს. შეტანილია საქართველოსა და IUCN-ის წითელ ნუსხაში.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მობინადრე სპარსული ზუთხის კოლხური ქვესახეობა (თუმცა, ქართული წყაროები მას ცალკე გამოჰყოფენ), ე. წ. კოლხური ზუთხი (A. persicus colchicus) შეტანილია იშვიათი და გამქრალი თევზების III კატეგორიაში. წარსულში მისი რაოდენობა 17 ათასად შეფასდა; 1967 წლიდან მისი რეწვა აკრძალულია, თუმცა მარაგები ვერ აღდგა. რაოდენობის შემცირების მიზეზებია ბუნებრივი კვლავწარმოების დაბალი დონე და გადაჭარბებული რეწვა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სპარსული ზუთხი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.