ავტორიტარიზმი — მმართველობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას.
მოსახლეობის უსიტყვო მორჩილებისაკენ სწრაფვის გამო ავტორიტარიზმს ხშირად „დესპოტიის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ავტორიტარიზმი, როგორც სისტემა, ძირითადად პოლიტიკურ სფეროს მოიცავს - იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და ლიდერები. ამასთანავე, ტოტალიტარიზმისაგან განსხვავებით, ავტორიტარიზმი მოსახლეობას თავისუფალი მოღვაწეობის გაცილებით უფრო ფართო არეალს უტოვებს. ეს განსაკუთრებით ითქმის ეკონომიკის სფეროზე, როდესაც მმართველობის ავტორიტარული წესი ეგუება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და არ ზღუდავს კერძო სამეწარმეო თუ კომერციულ საქმიანობას. ფრანკოს მმართველობა ესპანეთში (1939-1975) ან პინოჩეტის რეჟიმი ცივი ომის პერიოდში ჩილეში (1973 წლიდან) სწორედ მმართველობის ამგვარი წესის ნიმუშია.
რეფერენდუმისა და არჩევნების პროცესი ექვემდებარება მთავრობის კონტროლს, აქედან გამომდინარე, ხშირად ფალსიფიცირებულია და ატარებს ფორმალურ ხასიათს. ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების რეალური მექანიზმი განსხვავებულია საკონსტიტუციო ნორმებისგან
ავტორიტარულ სახელმწიფოში ძალაუფლება ცენტრშია თავმოყრილი, თუმცა, ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით, ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მიზანი მმართველი ჯგუფის და ლიდერის ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა სახელმწიფო იდეოლოგიის გაბატონება, შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს სფეროები, სადაც ადამიანებს მეტ-ნაკლებად თავისუფლად საქმიანობის საშუალება ეძლევათ მანამ, სანამ ავტორიტარული მმართველის ძალაუფლებას არ დაუპირისპირდებიან ან მის ინტერესებს არ გადაკვეთენ. ავტორიტარული რეჟიმიც უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც კონკურენტად აღიქვამს, თუმცა, ამისთვის ტოტალური რეპრესიების ნაცვლად არაფორმალურ მეთოდებს იყენებს. ავტორიტარულ სახელმწიფოში ფორმალურად ადამიანის უფლებები აღიარებულია.
ავტორიტარიზმის დასახასიათებლად გამოყოფენ შემდეგ ნიშნებს:
ავტორიტარიზმის ამ ნიშნების გათვალისწინებით, შეიძლება იგი განისაზღვროს, როგორც „ერთი პირის ან პირთა ჯგუფის ძალაუფლება, რომელიც არ უშვებს პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას, მაგრამ ინარჩუნებს პიროვნებისა და საზოგადოების ავტონომიას არაპოლიტიკურ სფეროებში“. ავტორიტარიზმის დროს იკრძალება საქმიანობის მხოლოდ განსაზღვრული, ძირითადად, პოლიტიკური ფორმები, დანარჩენ სფეროებში მოქალაქეები თავისუფლანი არიან. ადამიანის უფლებები პოლიტიკურის გარდა პატივისცემით სარგებლობს და დაცულია, თუმცა, ავტორიტარიზმის პირობებში მოქალაქეებს უსაფრთხოებისა და თავისუფლების არავითარი ისეთი ინსტიტუციონალური გარანტიები არ აქვს, როგორიცაა: დამოუკიდებელი სასამართლო, ოპოზიციური პარტიები და სხვ. ავტორიტარული რეჟიმები მთლიანად შეთავსებადია ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ და ზოგჯერ იდეოლოგიურ პლურალიზმთანაც კი.
ენდრიუ ჰეივუდის თანახმად, ავტორიტარიზმი ესაა სახელმწიფოს „ზემოდან მართვის“ რწმენა ან პრაქტიკა, სადაც უფლებამოსილება საზოგადოებისგან თანხმობის მიუხედავად ხორციელდება. ამგვარად, ავტორიტარიზმი ხელისუფლების კლასიკური გაგებისგან განსხვავდება. ეს უკანასკნელი ლეგიტიმურობას ემყარება და ამ მნიშვნელობით იგი „ქვემოდან“ ხორციელდება.
ავტორიტარული რეჟიმი ხელისუფლებისადმი საკუთარ სწრაფვას პიროვნების უფლებებზე მაღლა აყენებს. თუმცა, როგორც წესი, ავტორიტარიზმი ტოტალიტარიზმისაგან მაინც განსხვავდება: სახელმწიფოს „ზემოდან მართვა“ - მონარქიული აბსოლუტიზმის, ტრადიციული დიქტატურებისა თუ სამხედრო რეჟიმების დროს - უფრო მეტად ოპოზიციისა და პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვაში გამოიხატება, ვიდრე რადიკალური საბოლოო მიზნით - მთლიანად წაშალოს ზღვარი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ამიტომ ავტორიტარული რეჟიმი გარკვეულ ეკონომიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის თავისუფლებებს ხშირად ეგუება ხოლმე.
პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს ავტორიტარული მთავრობების სხვადასხვა ტიპოლოგია. ავტორიტარული რეჟიმი შეიძლება იყოს ავტოკრატიული, ოლიგარქიული და ემყარებოდეს პარტიის ან სამხედრო მმართველობას.
ავტორიტარიზმის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი, ხუან ლინცი, თავის 1964 წლის ნაშრომში ავტორიტარიზმის მახასიათებელ შემდეგ ელემენტებს გამოყოფს:
ავტორიტარულ სახელმწიფოებში შესაძლებელია ფორმალურად არსებობდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგალითად, პოლიტიკური პარტიები, საკანონმდებლო ორგანო, არჩევნები, თუმცა ისინი იმგვარად ფუნქციონირებენ, რომ გააძლიერონ ავტორიტარული მმართველობა. პოლონელი პოლიტოლოგის, ადამ პჟევორსკის თანახმად, „ავტორიტარული წონასწორობა ემყარება ტყუილებს, შიშსა და ეკონომიკურ კეთილდღეობას“. ავტორიტარიზმში მიღებულია არაფორმალური პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება. სახელმწიფო ბიუროკრატია რეჟიმის მომხრეებით არის დაკომპლექტებული და მისდამი ერთგულება ინდოქტრინაციის სხვადასხვა მეთოდით მყარდება.
ავტორთა ნაწილი, ავტორიტარულ რეჟიმს, რეჟიმის ტიპის განმსაზღვრელი ოთხი განზომილების - პლურალიზმის, იდეოლოგიის, მმართველობის და მობილიზების ფორმის მიხედვით აფასებს:
ავტორიტარიზმში შეიძლება იყოს შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმი, მაგრამ საკმაოდ ფართო სოციალური და ეკონომიკური პლურალიზმი. ავტორიტარული სოციალური პლურალიზმი მოიცავს ტრადიციულ ფორმებს, ტრადიციულ საზოგადოებას. ავტორიტარიზმი ცდილობს მოახდინოს ძალაუფლებაში იმ ჯგუფების ლიდერების კოოპტირება, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული ძალაუფლება რეჟიმის მიერ შექმნილ სტრუქტურებს გარეთ. ავტორიტარული რეჟიმების უმრავლესობა არ ქმნის ასოციაციათა ქსელს, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის მობილიზებისთვის. მათ შეიძლება ჰქონდეთ ინტენსიური მობილიზაციის მოკლე პერიოდები, მაგრამ ეს მობილიზება ნაკლებ ინტენსიურია, ვიდრე ტოტალიტარულ რეჟიმში და ნაკლებ ექსტენსიურია, ვიდრე პოსტტოტალიტარულში. კონკრეტულ ავტორიტარულ რეჟიმს შეიძლება ჰყავდეს განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, კონსტიტუციონალიზმისა და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი სამართლებრივი კულტურა, პროფესიული სახელმწიფო ბიუროკრატია და ინსტიტუციონალიზებული ეკონომიკური საზოგადოება.
ფრანკოს ესპანეთის მაგალითზე, ხუან ლინცი დიქტატურისა და ტოტალიტარიზმისგან განასხვავებდა ავტორიტარიზმის ახალ ფორმებს. პერსონიფიცირებული დიქტატურისგან განსხვავებით, ავტორიტარიზმის ახალ ფორმებში ხდება სხვადასხვა აქტორების ინსტიტუციონალიზებული რეპრეზენტაცია (ესპანეთის შემთხვევაში ეს იყო როგორც სამხედრო ძალები, ისე კათოლიკური ეკლესია, ფალანგები, მონარქისტები, ტექნოკრატები და სხვ.); ტოტალიტარული სახელმწიფოსგან განსხვავებით, რეჟიმი ემყარება მასების პასიურ მიმღებლობას და არა პოპულარულ მხარდაჭერას.
ლინცი ავტორიტარული რეჟიმის ორ ძირითად ტიპს გამოყოფდა - ტრადიციულ ავტორიტარულ და ბიუროკრატიულ-მილიტარისტულ ავტორიტარულ რეჟიმებს. ტრადიციულ ავტორიტარულ რეჟიმში „მმართველი ძალა (უმეტესად ეს არის ერთი პირი)“ ძალაუფლებას ინარჩუნებს „ტრადიციების, პატრონ-ყმური ურთიერთობების და რეპრესიების მეშვეობით, რომლის აღსრულებასაც ახორციელებს მმართველ ძალასთან პირადი ერთგულებით დაკავშირებული აპარატი“. ამის მაგალითად ლინცს მოყავს ჰაილე სელასიე Iის იმპერატორობის პერიოდის (1930-1974) ეთიოპია. ბიუროკრატიულ-მილიტარისტულ რეჟიმებში მმართველობას ახორციელებს სამხედრო ოფიცრებისა და ტექნოკრატების კოალიცია, რომელიც „თავისი ბიუროკრატიული მენტალობის ფარგლებში მოქმედებს უფრო პრაგმატულად (ვიდრე იდეოლოგიურად)“.
ლინცი ასევე გამოყოფდა კიდევ სამ ქვეტიპს ავტორიტარული მმართველობის: კორპორატიულს, რასობრივ და ეთნიკურ „დემოკრატიას“ და პოსტ-ტოტალიტარულს. კორპორატიულ ავტორიტარულ რეჟიმში სახელმწიფო აქტიურად მიმართავს კორპორატიულ ინსტიტუტებს ძლიერი ინტერეს ჯგუფების დემობილიზებისთვის. მმართველობის ეს ფორმა დამახასიათებელია ლათინო-ამერიკული ქვეყნებისთვის;
რასობრივი და ეთნიკური „დემოკრატიები“ არის რეჟიმები, სადაც ცალკეული რასისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადეგნლები სრულად სარგებლობენ დემოკრატიული უფლებებით, მაშინ როდესაც სხვა ჯგუფებს ჩამორთმეული აქვთ ეს უფლებები. მაგალითად განიხილება სამხრეთ აფრიკა აპართეიდის პერიოდში. ზოგიერთი მკვლევარი ამ ქვეჯგუფს მიაკუთვნებს ასევე ისრაელს. პოსტ-ტოტალიტარული ავტორიტარული რეჟიმები არის ის სახელმწიფოები, რომლებშიც ტოტალიტარული ინსტიტუტები (პარტია, საიდუმლო პოლიცია, სახელმწიფოს მიერ მართული მას-მედია) ნარჩუნდება, მაგრამ იდეოლოგიური ორთოდოქსია რუტინამ ჩაანაცვლა, ხოლო რეპრესიები შესუსტდა. ამასთან, სახელმწიფოს მმართველობა ნაკლებ პერსონიფიცირებულია. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთა ბლოკის ქვეყნები 1980-იან წლებში.
არ არსებობს ავტორიტარული რეჟიმების განმსაზღვრელი ერთგვაროვანი კრიტერიუმები, ვინაიდან სხვადასხვა მკვლევარები განსხვავებულ პრინციპებზე დაყრდნობით აანალიზებენ მას. მაგალითად, არსებობს მიდგომა, რომელიც ექვსი მახასიათებლის საფუძველზე ახდენს ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიზაციას, ეს მახასიათებლებია: რეჟიმის სოციალური და პოლიტიკური საყრდენი, მისი ლეგიტიმაციისა და იდეოლოგიის პატერნები, შინაგანი სტრუქტურა და მმართველობის აპარატი, ურთიერთობის ფორმა მმართველსა და მის დაქვემდებარებულებს შორის, ისტორიული კონტექსტი და პოლიტიზირების ხარისხი. ამერიკელი პოლიტოლოგი და ავტორიტარიზმის მკვლევარი ბარაბარა გედესი, ავტორიტარული მმართველობის სამ ფორმას გამოყოფს - მილიტარისტულს, ერთპარტიულს და პერსონიფიცირებულ/დიქტატურას. თავის მხრივ ქვეკატეგორიებად ყოფს ამ სამი ფორმის სხვადასხვა კომბინაციას.
ავტორიტარული რეჟიმის სხვა ფორმების ტიპოლოგია, განვითარებად ქვეყნებში მმართველობის სისტემების ანალიზისას გამოიყენება. ბიუროკრატიულ-ავტორიტარული სახელმწიფოს კონცეფციამ მნიშვნელობა მოდერნიზაციის თეორიასთან დაპირისპირებაში შეიძინა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიას ერთმანეთს უკავშირებდა. უმეტეს შემთხვევაში, ავტორიტარული რეჟიმის ახალი ტიპის განსაზღვრა ცალკეული ქვეყნების შესწავლის შედეგად მოხდა. თუმცა, სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმების ტიპოლოგიისთვის ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და პატერნების განსაზღვრა ჯერ კიდევ კვლევისა და ანალიზის პროცესშია.
ავტორიტარული რეჟიმების ქვეკატეგორიზება ასევე ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად არის ისინი პოპულისტური თუ პერსონიფიცირებული. პერსონიფიცირებული ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია თვითნებური მმართველობა, სადაც უფლებამოსილების განხორციელება ხდება არა ინსტიტუტებისა და ფორმალური კანონების მეშვეობით, არამედ პატრონაჟული ქსელებითა და იძულებით. ასეთი რეჟიმები დამახასიათებელია პოსტ-კოლონიური აფრიკისთვის. მისგან განსხვავებით, პოპულისტურ ავტორიტარულ რეჟიმში გვხვდება ძლიერი, ქარიზმატული, მანიპულატორი ლიდერი, რომელიც საზოგადოების მთავარი სოციალური ჯგუფების კოალიციის მეშვეობით ახორციელებს თავის ძალაუფებას. ამის მაგალითად განიხილება სამხრეთ ამერიკის ქვეყნები.
პოლიტოლოგები ბრაიან ლაი და დენ სლეიტერი ავტორიტარული რეჟიმების ტიპოლოგიისას ოთხ კატეგორიას განასხვავებენ: ოლიგარქიული პარტიული დიქტატურა, ავტოკრატიული პარტიული დიქტატურა, ე.წ. სამხედრო ხუნტები, ანუ ოლიგარქიული მილიტარისტული დიქტატურები და ავტოკრატიული მილიტარისრული დიქტატურები. მათი მტკიცებით, ერთპარტიული რეჟიმები მილიტარისტულისგან განსხვავებით უკეთ ახერხებენ იმ ინსტიტუციების განვითარებას (მაგალითად, მასების მობილიზაცია, პატრონაჟული ქსელები, ელიტების კოორდინაცია), რომლებიც ეფექტურად უზრუნველყოფენ რეჟიმის შენარჩუნებას და შიდა მოწინააღმდეგეების გაქრობას. ხოლო მილიტარისტული ავტორიტარული რეჟიმები მმართველობისა და კონტროლის შესანარჩუნებლად, ხშირად ახდენენ სამხედრო კონფლიქტების ინიციირებას.
ავტორიტარიზმი წარმოადგენს ერთგვარ შუალედს ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. იგი არის გარდამავალი პერიოდი ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე ტრანზიციის პროცესში და პირიქით. ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელია ტოტალიტარიზმის პოლიტიკური, ხოლო დემოკრატიის ეკონომიკური ასპექტები.
ტოტალიტარიზმსა და ავტორიტარიზმს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ავტორიტარიზმში არსებობს სოციალური და ეკონომიკური ინსტიტუტები, რომლებიც არ ექვემდებარება მთავრობის კონტროლს. ამდენად, ავტორიტარულ სისტემაში უფრო მეტი სივრცე არსებობს პირადი ცხოვრებისთვის, ვინაიდან იგი არ არის იმდენად იდეოლოგიზირებული, მას არ შეუძლია მოსახლეობის დიდი მასების ორგანიზება ეროვნული ინტერესების ირგვლივ.
ხუან ლინცის ნაშრომებზე დაყრდნობით კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ სონდროლმა შეიმუშავა ავტორიტარი და ტოტალიტარი მმართველების მთავარი მახასიათებლები:
ენდრიუ ჰეივუდის თანახმად, ტოტალიტარიზმის იმით განსხვავდება ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმისაგან, რომ „სრული ძალაუფლების“ მოპოვებას საზოგადოებრივი და ინდივიდუალური არსებობის ყოველი ასპექტის პოლიტიზირებით ცდილობს. ავტოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებს პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზების შედარებით უფრო ზომიერი მეთოდები ახასიათებს, რაც ჩვეულებრივ, მასების პოლიტიკიდან გამოდევნაში გამოიხატება; ტოტალიტარიზმი კი სამოქალაქო საზოგადოების სრულ განადგურებას და ყოველივე „კერძოს“ მოსპობას გულისხმობს.
ავტორიტარიზმი და დემოკრატია აუცილებლად ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკურ სისტემებს არ წარმოადგენენ. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი დემოკრატია ავტორიტარიზმის გარკვეულ ელემენტებს ატარებდეს და პირიქით. მკლვევარები პროცედურულ (არალიბერალურ) დემოკრატიას ლიბერალური (არსებითი) დემოკრატიისგან იმით განასხვავებენ, რომ პირველში არ გვხვდება კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებების დაცვა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა.
ავტორიტარული სისტემიდან მმართველობის უფრო დემოკრატიულ ფორმაზე ტრანზიციას დემოკრატიზაციას უწოდებენ. ამ პროცესის მთავარი მახასიათებელია პოლიტიკური უფლებების, საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა და საბაზრო რეფორმები. დემოკრატიზაცია სამ, ზოგჯერ ურთიერთდამთხვევად პროცესს მოიცავს. პირველი, რეჟიმის დამხობას ლეგიტიმურობის დაკარგვა მოჰყვება, რასაც ეკონომიკის დაცემა, არმიისა და პოლიციის ხელისუფლებისაგან განდგომა სდევს თან; მეორე, „დემოკრატიაზე გადასვლის“ ეტაპი - ყალიბდება ახალი, ლიბერალურ-დემოკრატიული სტრუქტურები და პროცესები; მესამე, დემოკრატიული კონსოლიდაციის ეტაპი, როდესაც ახალი სტრუქტურები და პროცესები იმდენად მყარად იდგამს ფესვს ელიტისა და მასების შეგნებაში, რომ მათ შეცვლაზე უკვე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.
ავტორიტარიზმის კვლევებს ორ ტალღად ყოფენ, იმის მიხედვით, თუ რა იყო დისკუსიის მთავარი განხილვის საგანი. ამ ორი ტალღის ფუნდამენტურ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხვადასხვა მკვლევარები პოლიტიკური რეჟიმების ინსტიტუციურ ასპექტებს. პირველი ტალღის ფარგლებში, 1960-1970-იან წლებში, არადემოკრატიული პოლიტიკური წყობის ანალიზი ხორციელდებოდა ფართო სოციო-ეკონომიკურ ჭრილში - ფოკუსირება ხდებოდა იმაზე თუ რა ურთიერთკავშირები არსებობდა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ქვესისტემებს შორის. 1990-იანი წლებიდან დაიწყო მეორე ტალღა, რომლის ფარგლებშიც ანალიზი შეუზღუდა პოლიტიკური რეჟიმის მახასიათებლებზე და ფოკუსმა გადაინაცვლა ფორმალურ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებზე.
2006 წლიდან ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი ჯგუფი, მის მიერვე დადგენილი „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით ზომავს დემოკრატიის დონეს მსოფლიოს 167 ქვეყანაში. ინდექსი ეფუძნება 60 ინდიკატორს, რომელიც ხუთ სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. ქულათა სისტემისა და რანგირების მეთოდით ინდექსი ქვეყნებს ოთხ რეჟიმად ახარისხებს: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი.
2019 წლის მონაცემებით 54 ქვეყანა არის იდეტიფიცირებული, როგორც ავტორიტარული რეჟიმი. საქართველო იდენტიფიცირებულია როგორც ჰიბრიდული რეჟიმი. დემოკრატიის ინდექსის კვლევითი ჯგუფი ავტორიტარულ რეჟიმებს შემდეგნაირად აღწერს: ავტორიტარულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პლურალიზმი ან საერთოდ არ გვხვდება, ან იგი უკიდურესად შეზღუდულია. ამ კატეგორიაში შესულ ბევრ ქვეყანაში დიქტატურაა. ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუტი ფორმალურად შესაძლოა არსებობდეს, თუმცა ისინი ძალიან სუსტია. არჩევნები, თუ ტარდება, არ არის დამოუკიდებელი და სამართლიანი. სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები უგლუვებელყოფილია. მედია უმეტესად სახელმწიფოს საკუთრებაშია ან კონტროლირდება მმართველი გუნდის მიერ. მთავრობის კრიტიკა რეპრესირებულია და ძლიერია ცენზურა. არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ავტორიტარიზმი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.