ჩრდილოეთი სურიგაო (ტაგ: Hilagang Surigao; სებ: Amihanang Surigao) — ფილიპინების პროვინცია.
მდებარეობს მინდანაოზე, კარაგის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია სურიგაო. ჩრდილოეთი სურიგაო შედგება ორი მთავარი კუნძულისგან, სიარგაოსა და ბუკას-გრანდესგან, რომლებიც ფილიპინის ზღვაში მდებარეობს, გარშემო მდებარე პატარა კუნძულებისგან და მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მცირე ტერიტორიისგან. პროვინციის კონტინენტურ ნაწილს ჩრდილოეთი აგუსანი და სამხრეთი სურიგაო ესაზღვრება.
ჩრდილოეთი სურიგაო | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | სურიგაო (ქალაქი) | ||||
შიდა დაყოფა | სურიგაო (ქალაქი), ალეგრია (ჩრდილოეთი სურიგაო), ბაკუაგი, ბურგოსი (ჩრდილოეთი სურიგაო), კლავერი (ჩრდილოეთი სურიგაო), დაპა (ჩრდილოეთი სურიგაო), დელ-კარმენი (ჩრდილოეთი სურიგაო), გენერალ-ლუნა (ჩრდილოეთი სურიგაო), ხიგაკიტი, მაინიტი, მალიმონო, პილარი (ჩრდილოეთი სურიგაო), პლასერი (ჩრდილოეთი სურიგაო), სან-ბენიტო (ჩრდილოეთი სურიგაო), სან-ფრანსისკო (ჩრდილოეთი სურიგაო), სან-ისიდრო (ჩრდილოეთი სურიგაო), სისონი (ჩრდილოეთი სურიგაო), სოკორო (ჩრდილოეთი სურიგაო), ტაგანა-ანი, ტუბოდი (ჩრდილოეთი სურიგაო) და სანტა-მონიკა (ჩრდილოეთი სურიგაო) | ||||
კოორდინატები | 10°00′00″ ჩ. გ. 126°00′00″ ა. გ. / 10.00000° ჩ. გ. 126.00000° ა. გ. | ||||
მმართველი | Francisco Matugas | ||||
დაარსდა | 1960 | ||||
ფართობი | 1972.93 კმ² | ||||
მოსახლეობა | 534 636 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 86 | ||||
საფოსტო ინდექსი | 8400–8425 | ||||
ოფიციალური საიტი | http://surigaodelnorte.gov.ph | ||||
| |||||
ჩრდილოეთი სურიგაო მინდანაოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ვისაიასისა და ლუსონის კუნძულებისკენ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კერას წარმოადგენს. სურიგაოსა და კუნძულ ლეიტეს შორის სურიგაოს სრუტეში უამრავი საწყლოსნო საშუალება მოძრაობს, რომლებსაც ლილოანიდან (სამხრეთი ლეიტე) სურიგაოსკენ მგზავრები გადაჰყავთ და ტვირთი გადააქვთ.
სურიგაოს სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით ლინგვისტებს შორის ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, სურიგაოს ფუძეა სიტყვა sulig („ყლორტი“, „გაფურჩქვნა“) და სურიგაო suligao-დან („წყაროს წყალი“) წარმოდგება და მდინარე სურიგაოზე (მანდაიას ენაზე სულიგავი) უნდა მიუთითებდეს, რომელიც მინდანაოს ჩრდილოეთით ჩაედინება. ადრეული ისტორიული წყაროები მდინარეს სულიგაოდ, სურიგაოდა და სურიგანად მოიხსენიებენ.
მეორე ვერსიით პროვინციის სახელწოდება წარმოდგება ვისაიანური სიტყვებიდან surogao ან suyogao (რომელთა ფუძეცაა სიტყვა suyog, „დინება“) რაც „წყლის დინებას“ ნიშნავს.
წინაკოლონიურ ხანაში სურიგაოს რეგიონის სანაპიროები ვისაიანური წარმოშობის სურიგაონების ეთნიკური ჯგუფებით იყო დასახლებული, ხოლო შიდა ნაწილებში ლუმადების ჯგუფები, მანდაიები, მანსაკები, მამანვები და მანობოები ბინადრობდნენ.
1860 წელს ესპანელების მიერ ოკუპაციის შემდეგ მინდანაოში ექვსი სამხედრო რაიონი შეიქმნა. სურიგაო და აგუსანი „აღმოსავლეთი რაიონის“ შემადგენლობაში აღმოჩნდა. 1870 წელს რაიონს სახელი გადაარქვეს და „სურიგაოს რაიონი“ (Distrito de Surigao) უწოდეს. 1901 წელს სურიგაოს რაიონი ჩარტერული პროვინცია გახდა. 1907 წელს, ამერიკული მმართველობის პერიოდში მას აგუსანი გამოეყო და დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა.
ჩრდილოეთი სურიგაო არქიპელაგი პროვინციაა. ის მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პროვინციის ჩრდილოეთით დინაგატის კუნძულები მდებარეობს, აღმოსავლეთით — ფილიპინის ზღვა, სამხრეთით — სამხრეთი აგუსანი და სამხრეთი სურიგაო, ხოლო დასავლეთით — სურიგაოს სრუტე.
პროვინციის ფართობი 1 972.93 კმ²-ია. გარდა მინდანაოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა, პროვინცია რამდენიმე კუნძულს მოიცავს, რომელთა შორის ყველაზე დიდები სიარგაო და ბუკას-გრანდეა. მინდანაოს ნაწილი ძირითადად მთიანი რელიეფითაა დაფარული.
ჩრდილოეთ სურიგაოს დიდი კუნძულები ძირითადად მთებითაა დაფარული და მინერალური რესურსებით მდიდარია. ნონოკის კუნძულზე ნიკელის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია. არქიპელაგის მცირე კუნძულები ქვიშითა და ხრეშითაა მდიდარი, ასევე რიფებითა და კირქვით. მცირე კუნძულების ნაწილი კლდოვანი წარმონაქმნია, მათ შორის დელ-კარმენიც. კლდოვანი წარმონაქმნები ბუჩქებითა და ქოქოსის ხეებითაა დაფარული.
ჩრდილოეთ სურიგაოსთვის დამახასიათებელი კლიმატის დროს მშრალი სეზონი მკვეთრად არ არის გამოხატული. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა ნოემბრიდან იანვრამდე პერიოდში მოდის.
პროვინცია 20 მუნიციპალიტეტს და 1 შემადგენელ ქალაქს მოიცავს, რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონად იყოფა. პროვინციის ტერიტორიაზე 335 ბარანგაი მდებარეობს.
2015 წლის აღწერით პროვინციის მოსახლეობა 485 088 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 250 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ავსტრონეზიული წარმოშობისაა. ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან ესპანური, ჩინური და არაბული წარმოშობის ადამიანები.
მოსახლეობის უმრავლესობა სურიგაონონზე საუბრობს. მცირე ნაწილი ვარაიულ, სებუანურ და ბოჰოლანურ ენებზე საუბრობს. პროვინციის მოსახლეობის დიდ ნაწილსთვის ტაგალური და ინგლისური ენა მეორე ენაა.
პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. ჩრდილოეთ სურიგაოს ამჟამინდელი გუბერნატორი ფრანსისკო მატუგასია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — ედი გოკიანგკე უმცროსია. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ჩრდილოეთ სურიგაოს პირველ რაიონს ფრანსისკო ხოსე მატუგას II, ხოლო მეორე რაიონს ასე ბარბესი წარადგენს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჩრდილოეთი სურიგაო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.