საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ყოფილი ვ.
ი. ლენინის სახ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი) — უმსხვილესი და უმთავრესი ტექნიკური (საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის) უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1972).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | Scientia Potestas Est (ლათ.) (ცოდნა ძალაა) |
დაფუძნდა | 1922 |
ტიპი | საჯარო |
რექტორი | დავით გურგენიძე |
მისამართი | კოსტავას ქ. № 77, თბილისი, საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი | კანცელარია - (99532) 330493 |
კამპუსი | 9 |
ფერები | თეთრი და მუქი წითელი |
მეტსახელი | „გე-პე-ი“ |
კავშირები | EUA |
http://www.gtu.ge/ |
მდებარეობს თბილისში. უნივერსიტეტი, როგორც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წევრი, ხელმძღვანელობს ევროპის უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპებით. უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორია დავით გურგენიძე.
უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, რომელსაც 1928 წელს შეუერთდა (1917 წელს დაარსებული) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგში, 1936 წლიდან — როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლის 6 იანვრიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 8 ფაკულტეტი და 28 დეპარტამენტი, ყოველწლიურად 12000-მდე სტუდენტი, 1500 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს. სტუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესთაგანია, მოიცავს რა 1,697,590 წიგნს, რომელთა შორის მრავალი უნიკალური და იშვიათი ეგზემპლარია, და 5.000.000-ზე მეტ პერიოდულ გამოცემას.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან საქართველოში სახალხო მეურნეობის აღდგენა-განვითარებასთან დაკავშირებით, 1921 წლის 30 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ გადაწყვიტა 1922 წლის იანვარში სატექნიკო ფაკულტეტის ერთი სემესტრის გახსნა (ნავარაუდევი იყო საჭიროების შემთხვევაში მეორე სემესტრის გახსნაც). უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სახით, რომელსაც 1928 წელს შეუერთდა (1917 წელს დაარსებული) თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი და ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგში, 1936 წლიდან — როგორც საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, 1948 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1990 წლის 6 იანვრიდან — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
მის პირველ სხდომას თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი. პოლიტექნიკური ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს პროფ. ალექსანდრე დიდებულიძე. იმავე დღესვე, პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პირველი ლექცია მათემატიკაში ანდრია რაზმაძემ წაუკითხა. ამით დაიწყო სასწავლო პროცესი ქართული საინჟინრო კადრების მოსამზადებლად.
1922 წლისთვის პოლიტექნიკური ფაკულტეტი ასე გამოიყურებოდა:
იმავე წლის სექტემბრიდან, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე შესვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შემოიღეს მისაღები გამოცდები. პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე საკონკურსო საგნები იყო ალგებრა, გეომეტრია და ტრიგონომეტრია.
პირველივე სემესტრში პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე პედაგოგიური მუშაობა დაიწყეს ანდრია რაზმაძემ, ნიკოლოზ მუსხელიშვილმა, ალექსანდრე დიდებულიძემ, ანდრია ბენაშვილმა, გიორგი ნიკოლაძემ, არჩილ ხარაძემ. 1928 წლის 28 ივნისს ქართველი ინჟინრების პირველი გამოშვება შედგა. ამ დღეს პოლიტექნიკური ფაკულტეტის 6 სტუდენტმა დაიცვა სადიპლომო პროექტი (ნიკოლოზ კალატოზიშვილი, ვიქტორ მამალაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, ევგენი ჩიქოვანი, ივანე გვიჩია და ირაკლი მაღალაშვილი).
1928 წლის 1 ოქტომბერს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეიქმნა, შემდეგი ფაკულტეტებით:
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად შეთავსებით დაინიშნა სახალხო განათლების კომისარი დავით კანდელაკი, პრორექტორად სასწავლო-სამეცნიერო ნაწილში — ნიკოლოზ მუსხელიშვილი. გახსნისას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა 20 პროფესორი, 19 დოცენტი, 104 ლექტორი, 38 ასისტენტი.
1930 წელს ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაცია. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა ექვსი ინსტიტუტი:
1932 წელს სამთო-მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტი. 1933 წელს სამთო-ქიმიური, საინჟინრო-სამშენებლო და ენერგეტიკული ინსტიტუტები გაერთიანდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სახელწოდებით. 1936 წელს, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმების შემდეგ მას საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ეწოდა. 1933 წლის 8 იანვარს თბილისის უნივერსიტეტი ხელახლა ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება.
1947 წელს საქართველოს ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა უმაღლესი ტექნიკური განათლების 25-ე წლისთავი იზეიმა. საკავშირო მთავრობამ იგი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიენიჭა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი. ამ დროს ინსტიტუტში არსებობდა 6 ფაკულტეტი (სამშენებლო, ენერგეტიკული, სამთო, ქიმიურ-ტექნოლოგიური, მექანიკა-მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული). საინჟინრო კადრების მომზადება 22 სპეციალობაში ხდებოდა. 1959 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შეუერთდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი.
1972 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 50 წლის იუბილეზე, იგი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა. იუბილეში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ვარშავის, კიევის, პრაღის, ბუქარესტის, ბაქოს, ერევნის, ბრნოს, ალმა-ატის, კრაკოვის, კოშიცეს, კაუნასის, ტომსკის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. 1972-1973 სასწავლო წლის დასაწყისში ინსტიტუტს ჰქონდა 28 ფაკულტეტი და 102 კათედრა. დღის სტაციონარზე 15 ფაკულტეტი ფუნქციონირებდა:
საღამოს სტაციონარულ სწავლებას 7 ფაკულტეტი ემსახურებოდა: თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ჭიათურის, ტყიბულის (ზესტაფონის განყოფილებით), ფოთისა და გორის. დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები იყო თბილისსა და სოხუმში (თელავისა და ზუგდიდის საკონსულტაციო პუნქტებით).
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელები, როგორც წესი ხელისუფლების მიერ ინიშნებოდნენ . 1988 წელს პირველად ჩატარდა რექტორის არჩევნები სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. რექტორად არჩეულ იქნა პროფ. გოჩა ჩოგოვაძე. 1990 წელს საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1992 წელს დაარსდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი. 2005 წელს დაარსდა ქართული სამეცნიერო პოტენციალის და სტუდენტ-ახალგაზრდობის დასასაქმებლად „საინივაციო ფონდი-ტექნოლოგიური პარკი“. 2006 წელს 17 მაის ჩატარდა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები.
უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის უშუალოდ განმხორციელებელი ძირითადი სტრუქტურული ერთეულები: ფაკულტეტები, ბიბლიოთეკა (ბიბლიოთეკები) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები. უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეულებია ფაკულტეტები. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიან სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
უნივერსიტეტის ამჟამინდელი ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო ერთეულებია:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოადგენს ამავე უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო-კვლევით ერთეულს და სამეცნიერო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მომსახურებას. იგი, ასევე წარმართავს სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიულ საქმიანობას. ბიბლიოთეკის ერთიან ქსელში გაერთიანებულია უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურის საბიბლიოთეკო მომსახურება. იგი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ფაკულტეტების ბიბლიოთეკათა მუშაობას, უზრუნველყოფს მათ დაკომპლექტებას სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურით. ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის მუშაობას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა, დაარსდა 1922 წელს. ბიბლიოთეკა ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ფონდი მოიცავს — 2224357 საბიბლიოთეკო ერთეულს. მათ შორის 1697590 წიგნია, ხოლო 526767 — პერიოდული გამოცემა. სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდი შედგება თანამედროვე და მე-19 და მე-20 საუკუნეების უნიკალური გამოცემებისაგან, რომელთა შორის ზოგიერთი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ აქაა დაცული. ამჟამად უნივერსიტეტში მიმდინარეობს ბიბლიოთეკის კოლექციის დიგიტაციის პროცესი.
სტუ-მა ბოლო 80 წლის განმავლობაში საქართველოს ინჟინერთა, ქიმიკოსთა და მეცნიერული ინდუსტრიის სპეციალისტთა 60 % გამოუშვა. ბოლო წლებში სტუ-ს ფარგლებში ჩამოყალიბდა რამდენიმე დამატებითი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის „კავკასიის ბიზნეს სკოლა“ (თსუ-ს, სტუ-სა და ჯორჯია სტეიტ უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი), გერმანული სწავლების ფაკულტეტი, ფრანკო-ქართული სწავლების ფაკულტეტი და სისკოს ქსელების აკადემია. ტექნიკურ უნივერსიტეტს ამჟამად ყოველწლიურად 22 000-მდე სტუდენტი, 2000 პროფესორ-მასწავლებელი და საშტატო მოსამსახურე ჰყავს.
უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
სტუ-ში სასწავლებლად როგორც დასწრებულ, ისე დაუსწრებელი სწავლების ფორმაზე (სტუდენტები, სტაჟიორები, ასპირანტები და დოქტორანტები) მიიღებიან 35 წლის ასაკამდე უცხოელი მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ საშუალო განათლების ან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების სერტიფიკატი. დოქტორანტურაში და სტაჟირებაზე ასაკი შეზღუდული არ არის.
მოსამზადებელ განყოფილებაზე მსმენელი შეისწავლის ქართულ ან რუსულ ენას (იმისდა მიხედვით თუ რომელ სექტორზე სურს მას სწავლის გაგრძელება). გარდა ენისა მსმენელი შეისწავლის:
მოსამზადებელი განყოფილების მსმენელი აბარებს გამოსაშვებ გამოცდებს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ სერტიფიკატი და ჩაირიცხებიან სტუ-ში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედებს ორი სტუდენტური გაერთიანება. ერთ-ერთი მათგანია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირი, დაარსებული 1990 წლის 18 დეკემბერს. სტუდენტური კავშირი პირველი გაერთიანება იყო, შექმნილი სტუ-ს ფარგლებში და ამჟამად მონაწილეობს უნივერსიტეტის თვითმმართველობაში. მეორე ორგანიზაციაა „რეფორმატორები“, შექმნილი 2006 წელს.
ამჟამად სტუ-ში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია ტურისტული კლუბი, რომელიც აერთიანებს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის სტუდენტებს და სპეციალისტებს, ასევე სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებს. ტურისტული კლუბის შეიქმნა 2005 წლის დეკემბერში სტუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტზე. 14 დეკემბერს ჩამოყალიბდა მმართველი სტრუქტურა, ხოლო 10 მარტიდან ტურისტულმა კლუბმა დაიწყო მოღვაწეობა სტუ-ს ფარგლებში. კლუბში გაწევრიანდა 80 სტუდენტი. კლუბის დამფუძნებლები არიან: დავით ფაჩულია, ეკა ნოზაძე, თიკო დუდუნია, ლიკა შავგულიძე, კახა ჯიმშიაშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს უნივერსიტეტის პოლიკლინიკა, რომელიც დაარსდა 1945 წელს და ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებს ემსახურებოდა. თავდაპირველად უ. ჩხეიძის ქუჩაზე, პოლიტექნიკური ინსტიტუტის შენობაში მდებარეობდა. 1980 წლიდან კი კოსტავას ქ. 75-შია განთავსებული.
პოლიკლინიკა მუშაობს სახელშეკრულებლო პრინციპით, რომელიც გულისხმობს: უნივერსიტეტის თანამშრომლებს ხელფასიდან ყოველთვიურად 1 ლარი ექვითებათ, რაც პოლიკლინიკის ანგარიშზე გადაირიცხება. სამედიცინო მომსახურება (გარდა სტომატოლოგიური მომსახურება) უფასოა. იმ თანამშრომლების მომსახურება, რომელთაც ასეთი ხელშეკრულება არ აქვთ, ხორციელდება შიდა სტანდარტებით, რაც ქალაქის ფასებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია. განფასოება შეთანხმებულია უნივერსიტეტის რექტორატთან და პროფკავშირებთან.
პოლიკლინიკა ლიცენზირებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. პოლიკლინიკა უფასოდ ემსახურება უდედმამო სტუდენტებს, ინვალიდებს, აფხაზეთში დაღუპული პირის ოჯახის წევრებს (სტუდენტებს, თანამშრომლებს).
ტექნიკურ უნივერსისტეტს გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა: დროშა, გერბი და ჰიმნი, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წესდებით (მუხლი 2). 2010 წლის 5 მაისს, აკადემიურმა საბჭომ მიიღო ახალი დადგენილება „სტუ-ს ახალი გერბის და დროშის შესახებ“, რომელიც განსახილველად და დასამტკიცებლად გადაეცა უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს, რაც საბოლოოდ განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა 2011 წლის 21 მარტს.:
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიმნი, მსგავსად გერბისა, შინაარსით სიმბოლურია, ის პატივს მიაგებს უმაღლესი სკოლის სახელოვან წარსულს, მის დღევანდელ ზნეობრივ-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე.“ | |
() |
2011 წლამდე სტუ-ს გერბი არ ქონია, გააჩნდა მხოლოდ ემბლემა. 2008-2011 წწ მოქმედებდა აკადემიუღი საბჭოს მიერ მიღებული ვარიანტი, თუმცა დადგენილების შინაარსით მას სავალდებულო ძალა არ ქონია. უფრო ადრე კი - ძველი ვარიანტი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.