პრაღა (ჩეხ.
მდებარეობს მდინარე ვლტავის ხეობაში. ქალაქის ურბანული ნაწილის მცხოვრებთა რიცხვი 1.3 მილიონი, ხოლო მეტროპოლიტური არეალის – 2.7 მილიონია. პრაღაში ოკეანური კლიმატია, რომლისთვისაც შედარებით თბილი ზაფხული და გრილი ზამთარია დამახასიათებელი.
პრაღა ცენტრალური ევროპის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქი რომანულ პერიოდში დაარსდა და გოთიკის, რენესანსისა და ბაროკოს პერიოდებში მძლავრი კულტურული აღმავლობა განიცადა. პრაღა ბოჰემიის სამეფოს დედაქალაქი და რამდენიმე საღვთო რომის იმპერატორის რეზიდენცია იყო, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ჩარლზ I. პრაღა ჰაბსბურგთა მონარქიის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოჰემურსა და პროტესტანტულ რეფორმაციებში, ოცდაათწლიან ომში, ხოლო XX საუკუნის ისტორიაში, როგორც ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქმა, მსოფლიო ომებსა და კომუნისტური რეჟიმის პერიოდში.
ქალაქში მრავალი ცნობილი კულტურული ღირშესანიშნაობა მდებარეობს, რომელთა შორის აღსანიშნავია პრაღის სასახლე, კარლის ხიდი, წმინდა ვიტის კათედრალური ტაძარი და ძველი ქალაქის მოედანი, სადაც რატუშას კოშკზე პრაღის ასტრონომიულ საათს შეხვდებით. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.
პრაღაში ათზე მეტი დიდი მუზეუმი, ამასთანავე უამრავი თეატრი, გალერეა და კინოთეატრი მდებარეობს. ქალაქი თანამედროვე სატრანსპორტო სისტემითაა აღჭურვილი. პრაღაში უამრავი საჯარო და კერძო სკოლა მდებარეობს. კარლის უნივერსიტეტი, რომელიც პრაღის უნივერსიტეტის სახელწოდებითაცაა ცნობილი, ჩეხეთის უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული, ხოლო ცენტრალური ევროპის უძველესი უნივერსიტეტია.
პრაღას მინიჭებული აქვს „ალფა“ რანგის გლობალური ქალაქის სტატუსი. 2019 წელს ქალაქი მერსერის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ქალაქებს შორის სიცოცხლისუნარიანობის დონით 69-ე ადგილზე დასახელდა. პრაღა პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია. 2017 წლის კვლევის მიხედვით, ქალაქს ყოველწლიურად 8.5 მილიონზე მეტი მნახველი სტუმრობს. ამავე წელს პრაღა ევროპის მეხუთე ყველაზე მონახულებულად ქალაქად დასახელდა ლონდონის, პარიზის, რომისა და სტამბოლის შემდეგ.
პირველი მსოფლიო ომი ავსტრია-უნგრეთის დამარცხებით და ჩეხოსლოვაკიის წარმოქმნით დასრულდა. რესპუბლიკის დედაქალაქად პრაღა დასახელდა. ამ პერიოდში პრაღა ინდუსტრიულად განვითარებული ჭეშმარიტად ევროპული დედაქალაქი იყო. 1930 წლისთვის ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 850 000 იყო.
1939 წლის 15 მარტს პრაღაში ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით გერმანიის არმია შევიდა. 16 მარტს მან პრაღის სასახლიდან ქალაქი ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატად გამოაცხადა. მთელი მისი არსებობის მანძილზე პრაღა ეთნიკურად მრავალფეროვანი ქალაქი იყო. მისი მაცხოვრებლების უმრავლესობას ჩეხები, გერმანელები და ებრაელები შეადგენდნენ. 1939 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო, პრაღელ ებრაელთა უმრავლესობა ჰოლოკოსტს შეეწირა. ქალაქში 1942 წელს ჩეხოსლოვაკიელმა დივერსანტებმა ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანი, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე – რაინჰარდ ჰაიდრიხი მოკლეს, რასაც ჰიტლერის სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა.
1945 წლის თებერვალში აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალებმა პრაღაში დაბომბვითი რეიდები განახორციელეს. ამერიკელთა იერიშის შედეგად 701 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა, დაინგრა შენობა-ნაგებობები, ქარხნები და ისტორიული ღირშესანიშნაობები, მათ შორის ემაუსის მონასტერი. ნგრევას მრავალი ისტორიული ნაგებობა გადაურჩა და ზარალი, რომელიც პრაღას მიადგა, იმ პერიოდში სხვა ქალაქების ზარალთან შედარებით მცირე იყო. ამერიკელმა პილოტებმა პრაღაში განხორციელებულ რეიდებს ნავიგაციური შეცდომა უწოდეს. ამავე წლის მარტის თვეში პრაღის სამხედრო ქარხნებში მიზანმიმართული დარბევა განხორციელდა, რომელსაც 370 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
1945 წლის 5 მაისს, გერმანიის კაპიტულაციამდე ორი დღით ადრე, პრაღაში გერმანელთა წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო, რომელიც ქალაქის ქუჩებში მხარეებს შორის სასტიკ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აჯანყება ოთხი დღის მანძილზე გაგრძელდა და მას რამდენიმე ათასი ჩეხი შეეწირა. 9 მაისს პრაღაში მე-3 წითელი არმია სრულიად გაუთვალისწინებლად შევიდა. პრაღის გერმანული მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქიდან გაიქცა ან „ბენეშის დეკრეტების“ საფუძველზე გააძევეს.
პრაღა საბჭოთა კავშირის სამხედრო და პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. 1955 წელს ლეტნას გორაკზე იოსებ სტალინის მონუმენტი გაიხსნა, რომელიც 1962 წელს დაანგრიეს. 1967 წელს ქალაქში ჩეხოსლოვაკ მწერალთა მე-4 კონგრესი ჩატარდა, რომელზეც კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მტკიცედ გამოკვეთილი პოზიციები დაფიქსირდა. 1967 წლის 31 ოქტომბერს პრაღაში სტუდენტური დემონსტრაცია ჩატარდა, რამაც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ახალი მდივნის, ალექსანდრე დუბჩეკის უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა სოციალიზმისთვის ადამიანური სახე მიეცა. სოციალიზმის ჰუმანიზაციას ემსახურებოდა პრაღის გაზაფხული, რომელიც დემოკრატიული გზით ინსტიტუციების განახლებას ისახავდა მიზნად. ამან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უკმაყოფილება გამოიწვია. პარტიის პოლიტბიურომ დემოკრატიული გარდაქმნების ჩახშობა გადაწყვიტა. 1968 წლის 21 აპრილს პრაღაში ვარშავის პაქტის ქვეყნები შეიჭრნენ, რომელთა მხოლოდ რიგს ალბანეთი და რუმინეთი აკლდა. 1969 წლის იანვარსა და თებერვალში ჩეხმა სტუდენტებმა, ან პალახმა და იან ზაიციმ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ პროტესტი თვითმკვლელობით გამოხატეს.
1989 წელს სამართალდამცავების მიერ სტუდენტთა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შემდეგ, პრაღის ქუჩები მშვიდობიანი დემონსტრანტებით აივსო. ქალაქში ხავერდოვანი რევოლუცია განხორციელდა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დაემხო და საპარლამენტო მმართველობა დამყარდა. პრაღა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
1995 წლიდან პრაღაში აქტიურად დაიწყო მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა. 1990-იანი წლების ბოლოსთვის პრაღა კვლავ ევროპის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი გახდა. ქალაქის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა გლობალიზაციამ. 2000 წელს პრაღაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის სამიტები ჩატარდა, რასაც ქალაქში ანტიგლობალისტური აჯანყებები მოჰყვა. 2002 წელს პრაღაში მომხდარმა დიდმა წყალდიდობებმა მრავალი ნაგებობა და მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემა დააზიანა.
პრაღა ცენტრალურ ბოჰემიაში, მდინარე ვლტავაზე მდებარეობს. ქალაქის კოორდინატებია 50°05 ჩ. გ. 14°27 ა. გ. ამავე პარალელზე მდებარეობს ქალაქები: ფრანკფურტი, პარიზი და ვანკუვერი.
პრაღაში ოკეანური ჰავაა, რომელიც ნოტიო კონტინენტური ჰავის გავლენებს განიცდის. ზამთარი შედარებით ცივია. წლის ამ მონაკვეთში საშუალო ტემპერატურა 0 °C-ია. ნალექი თოვლის სახით დამახასიათებელია ნოემბრიდან მარტის თვემდე პერიოდისთვის. თოვლის ფენის სისქე ძირითადად 20 სანტიმეტრამდე აღწევს. ზაფხული ზომიერი და მზიანია. წლის ამ მონაკვეთში საშუალო ტემპერატურა 24 °C-ია, ხოლო ღამის პერიოდი საკმაოდ გრილია. პრაღაში ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500 მმ-ია. ოქტომბრიდან მარტის თვემდე პერიოდისთვის ტემპერატურული ინვერსიაა დამახასიათებელი, რასაც ცივი, ნისლიანი დღეები და ხანდახან ჰაერის დაბინძურებაც მოჰყვება. ქალაქში დასავლეთის ქარები ქრის, რომელთა საშუალო სიჩქარე 16 კმ/სთ-ია.
პრაღა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და შესაბამისად, სამთავრობო ქალაქია. მას როგორც მუნიციპალური, აგრეთვე რეგიონალური სტატუსიც აქვს.
ქალაქი 10 მუნიციპალურ და 22 ადმინისტრაციულ რეგიონად, 57 მუნიციპალურ ნაწილად და 112 საკადასტრო ნაწილადაა დაყოფილი.
პრაღას ავტონომიურად ქალაქის ასამბლეა მართავს, რომელიც მუნიციპალური არჩევნების შედეგად არჩეული 55-დან 70-მდე წევრისგან შედგება. პრაღის აღმასრულებელი ორგანო ქალაქის საბჭოა, რომლის წევრებსაც ქალაქის ასამბლეა ირჩევს. პრაღის მუნიციპალური ოფისი, იგივე მერია, ქალაქის მერის ჩათვლით 11 წევრისგან შედგება. ისინი გეგმავენ და ამზადებენ ასამბლეის შეხვედრებს და უზრუნველყოფენ დადგენილებების შესრულებას.
2020 წლის აღწერის მიხედვით, პრაღის მოსახლეობა 1,324,277 ადამიანს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 2,700 ადამიანია.
2011 წლის აღწერის მიხედვით, დედაქალაქის მოსახლეობის 14% საზღვარგარეთაა დაბადებული, რაც ჩეხეთის ქალაქებს შორის უმაღლესი მაჩვენებელია, ხოლო მოსახლეობის 64.8% ეთნიკურად ჩეხია, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.
ჩეხეთის ინვესტიციების 20% დედაქალაქშია თავმოყრილი, ამიტომ პრაღა ქვეყნის ყველაზე ძლიერი რეგიონული ეკონომიკური ცენტრია. დედაქალაქში ჩეხეთის მშპ-ს 25% გამომუშავდება. 2017 წლის მონაცემების მიხედვით, პრაღის რეგიონში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებაში 56,200 ევროა.
1990 წლებიდან ქალაქის ეკონომიკა ინდუსტრიული წარმოებიდან სერვისის სექტორზე ორიენტირებული გახდა. პრაღაში დასაქმებულთა 80% მომსახურების სფეროში მუშაობს.
ტურიზმი პრაღის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. ქვეყნის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ნახევარი დედაქალაქს ეკუთვნის. თანამედროვე პრაღის ეკონომიკა ძირითადად ექსპორტსა და სერვისის სექტორზეა დაფუძნებული. 2010 წლის კვლევის მიხედვით, პრაღა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საუკეთესო საქმიანი ქალაქია.
პრაღა ევროპის ერთ-ერთი კულტურული ცენტრია და ყოველწლიურად მრავალ კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს. ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული დაწესებულებაა ეროვნული თეატრი, სადაც 1787 წელს მოცარტის „დონ ჯოვანის“ პრემიერა შედგა. სხვა კულტურულ ინსტიტუციებს შორის აღსანიშნავია ჩეხეთის ფილარმონიული ორკესტრი, პრაღის სიმფონიური ორკესტრი და პრაღის სახელმწიფო ოპერა.
ქალაქში მრავალი მსოფლიო დონის მუზეუმი მდებარეობს, მათ შორისაა ეროვნული მუზეუმი, პრაღის მუზეუმი, პრაღის ებრაული მუზეუმი, ალფონს მუხას მუზეუმი, დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი და ეროვნული გალერეა.
პრაღაში ასობით საკონცერტო დარბაზი, გალერია, კინოთეატრი და მუსიკალური კლუბია. ქალაქი არაერთ მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომელთა შორისაა პრაღის საგაზაფხულო და საშემოდგომო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალები, პრაღის საერთაშორისი ორგანის ფესტივალი და პრაღის საერთაშორისო ჯაზის ფესტივალი. ასევე ქალაქში კინოფესტივალებიც ტარდება, მათ შორის აღსანიშნავია „ერთიანი სამყარო“, რომელიც ყოველწლიურად პრაღასა და ჩეხეთის სხვა 36 ქალაქში ტარდება. დედაქალაქში გამართულ ყოველწლიურ კულტურულ ღონისძიებებს შორისაა პრაღის მწერალთა ფესტივალი, პრაღის ფოლკლორის დღეები და შექსპირის საზაფხულო ფესტივალი.
ჰოლივუდის იმ ფილმების ჩამონათვალში, რომლებშიც მოქმედება პრაღაში ხდება, შედის ნარნიას ქრონიკები, ევროტური, ვან ჰელსინგი და ადამიანი ობობა: სახლიდან შორს. პრაღაში გადაღებულია ამადეუსი – მილოშ ფორმანის ბიოგრაფიული ფილმი ცნობილ კომპოზიტორ ამედეუს ვოლფგანგ მოცარტზე.
ევროპაში იაფფასიანმა ავიარეისებმა პრაღაში ტურისტთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა, რომლებიც ქალაქის მუზეუმებსა და ღირშესანიშნაობებს სტუმრობენ.
პრაღაში მრავალი ნაგებობა ცნობილმა არქიტექტორებმა განაახლეს, რომელთა შორის არიან ფრენკ გერი, ჟან ნუველი და ადოლფ ლოსი.
ბოლო დროს პრაღაში ჩატარებული ღონისძიებებია:
ქალაქში ცხრა საჯარო და 30 კერძო უნივერსიტეტო მდებარეობს, მათ შორისაა კარლის უნივერსიტეტი, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, ეკონომიკის უნივერსიტეტი, ქიმიისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და სახვითი ხელოვნების აკადემია.
პრაღაში განლაგებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუციები, მათ შორისაა ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ფრანგული ალიანსი და გოეთეს, სერვანტესისა და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტები.
პრაღა ქვეყნის კვლევითი ცენტრია. ქალაქში ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის 54 ინსტიტუტიდან 39 მდებარეობს, მათ შორის ფიზიკის, მიკრობიოლოგიის, ორგანული ქიმიის და ბიოქიმიის. დედაქალაქში ათი საჯარო კვლევითი ინსტიტუტი და ოთხი ბიზნეს ინკუბატორი მდებარეობს. 2019 წელს კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტი ევროპის უდიდესი ტრანსპლანტაციური ცენტრი იყო. პრაღის უნივერსიტეტები მნიშვნელოვან სამეცნიერო და კვლევით ცენტრებს წარმოადგენენ.
2008 წლის მონაცემებით, 13,000 მკვლევართაგან 3% ქალაქის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილს შეადგენდა, ხოლო კვლევითი საქმიანობაზე დახარჯული თანხა 901.3 მილიონი ევრო იყო.
პრაღის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა მეტროს, რკინიგზის, ავტობუსებისა და ტრამვაების სისტემებს მოიცავს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მიხედვით პრაღა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქალაქია. მგზავრთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიარდია. 2017 წელს პრაღაში მგზავრობათა 52% საზოგადოებრივი ტრანსპორტით განხორციელდა, 24,5% – ავტომობილით, 22,4% – ფეხით, 0,4% – ველოსიპედით და 0,5% – თვითმფრინავით.
პრაღის მეტროპოლიტენი სამი ხაზისგან შედგება, რომლებიც 1974, 1978 და 1985 წლებში ამოქმედდა. 2012 წელს მეტროთი 589.2 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რითაც პრაღის მეტროპოლიტენი ევროპაში მგზავრთა გამტარობის მიხედვით მე-5 ადგილზე დასახელდა.
ქალაქში ტრამვაის 34 ხაზია. პრაღის ტრამვაის სისტემა სიგრძის მიხედვით მეთორმეტეა მსოფლიოში და 857 ტრამვაისგან შედგება, რითაც მოსკოვისა და ბუდაპეშტის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. წლიურად პრაღის ტრამვაით 360 მილიონზე მეტი მგზავრი სარგებლობს.
პრაღაში დაახლოებით 300 მარშრუტის ავტობუსი მოძრაობს.
პრაღაში ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტი მდებარეობს, რომელიც ქვეყნაში უდიდესი, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია. 2018 წელს აეროპორტი 16.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
ველოსიპედით სიარული როგორც სპორტული, ისე რეკრეაციული მიზნით ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2018 წელს ველოსიპედით, როგორც სამგზავრო საშუალებით მოსარგებლეთა რაოდენობას ქალაქის მცხოვრებთა 2% შეადგენდა. 2017 წლის მონაცემებით, ქალაქში 178 კილომეტრის სიგრძის ველობილიკი და 48 კილომეტრის სიგრძის ველოსიპედის მოძრაობის ზოლია.
პრაღა დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 616 ინგლ. • რუს. • ფრ. |
This article uses material from the Wikipedia ქართული article პრაღა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.