დარგუული ენა — კავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი სამწერლობო ენა.
გავრცელებულია დაღესტნის ცენტრალურ ნაწილში, ახუშის, ლევაშის, სერგოყალის, ხაიდაყის რაიონებში. დარგუულ ენაზე ლაპარაკობს დაახ. 500 ათ. კაცი. გამოიყოფა დიალექტები: ახუშური (რომელსაც უფუძნება სალიტერატურო ენა), ურახული, მეჰებური, მუირული, წუდახარული, სირხისა, ხაიდაყური, კუბაჩური. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
დარგუულ ენაში გარჩეულია ა, ე, ი, უ ხმოვნები, ფარინგალიზებული ა. გრძელი ხმოვნები, როგორც მეორეული ფონემები, გვაქვს მხოლოდ კუბაჩურ დიალექტში. თანხმოვანთა სისტემა დიალექტებში ორნაირია: 1. ხშულთა ოთხეულები და სპირანტთა სამეულები; 2. ხშულთა სამეულები და სპირანტთა წყვილეულები (აკლია ინტენსიური თანხმოვნები).
მორფოლოგიაში გარჩეულია გრამატიკული კლასის კატეგორია — სამი (ძირითადად) ან ოთხი კლასი. ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი. ადგილობითი ბრუნვები დიალექტების მიხედვით წარმოდგენილია ორი ორბრუნვიანი სერიიდან ხუთ-ექვს სამბრუნვიან სერიამდე. პირის ნაცვალსახელებმა ზოგ დიალექტში შემოინახა ინკლუზივ-ექსკლუზივის გარჩევა. ზმნა იცვლება გრამატიკული კლასებისა და პირის მიხედვით (ე. წ. კლასოვან-პიროვანი უღვლილება). გარდამავალი ზმნა პოლიპერსონალურია. პრეფიქსული კლასის ნიშანი გამოხატავს უახლოეს ობიექტს, სუფიქსური პირის ნიშანი (ან კლასის ნიშანი III პირში) — სუბიექტს. უღვლილება სუბიექტ-ობიექტურია. გვარის კატეგორია არ აქვს (კუბაჩურში შეიმჩნევა გვარის დიფერენციაციის ჩანასახი). ზმნა დაირთავს მიმართულებისა და ადგილის პრევერბებს (პრევერბთა სისტემა მდიდრადაა წარმოდგენილი კუბაჩურში). გარდაუვალი ზმნა ნომინატიური კონსტრუქციისაა, გარდამავალი — ერგატიულისა, გრძნობა-აღქმის ზმნა — დატიურისა.
დარგუულ ენაზე დამწერლობა შეიქმნა 1917 წელს. 1928 წლამდე წერდნენ არაბული შრიფტით, 1928 შემოიღეს ლათინური ანბანი, ხოლო 1938 წლიდან დამწერლობა ეფუძნება კირილიცას.
A a | Б б | В в | Г г | Гъ гъ | Гь гь | ГӀ гӀ | Д д |
Е е | Ё ё | Ж ж | З з | И и | Й й | К к | Къ къ |
Кь кь | КӀ кӀ | Л л | М м | Н н | О о | П п | ПӀ пӀ |
Р р | С с | Т т | ТӀ тӀ | У у | Ф ф | Х х | Хъ хъ |
Хь хь | ХӀ хӀ | Ц ц | ЦӀ цӀ | Ч ч | ЧӀ чӀ | Ш ш | Щ щ |
Ъ ъ | Ы ы | Ь ь | Э э | Ю ю | Я я |
This article uses material from the Wikipedia ქართული article დარგუული ენა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.