ბოჰოლის პროვინცია — კუნძული-პროვინცია ფილიპინებში, ცენტრალური ვისაიასის რეგიონში.
შედგება მთავარი კუნძულისა და 75 პატარა კუნძულისგან. პროვინციის დედაქალაქია ტაგბილარანი. ბოჰოლის ფართობი 4 821 კმ², ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 261 კმ-ია. ბოჰოლი ფილიპინების მეათე კუნძულია ფართობის მიხედვით.
პირველი კლასის პროვინცია 3 საკონგრესო რაიონად იყოფა. პროვინციაში ერთი შემადგენელი ქალაქი, 47 მუნიციპალიტეტი და 1 109 ბარანგაი მდებარეობს.
პლაჟებისა და კურორტების გამო პროვინცია ტურისტული დანიშნულების ადგილია. ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ყავისფერი შეფერილობის მქონე კირქვოვანი წარმონაქმნები, შოკოლადის ბორცვებია. მათი ნახვა უმაღლესი წერტილიდან და საჰაერო ტურების მეშვეობითაა შესაძლებელი. ტაგბილარანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პანგლაოს კუნძული წყალქვეშ ყვინთვის ცნობილი ცენტრია. სამხრეთ სანაპიროებზე არაერთი კურორტი და დაივინგ-ცენტრი მდებარეობს.
ბოჰოლი კარლოს გარსიას, ფილიპინების რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტის (1957-1961) მშობლიური პროვინციაა. პრეზიდენტი ტალიბონში დაიბადა.
2013 წლის 15 ოქტომბერს ბოჰოლი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ გაანადგურა, რომლის ეპიცენტრიც საგბაიანიდან 6 კმ-ით სამხრეთით მდებარეობდა. მიწისძვრამ, რომელმაც სებუს სამხრეთ ნაწილსაც დიდი ზიანი მიაყენა, 156 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 374 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის შედეგად ბოჰოლის კულტურული მემკვიდროების რამდენიმე ტაძარი დაზიანდა.
2017 წლიდან პროვინციის მთავრობამ მთელი პროვინცია იუნესკოს გლობალური გეოპარკების ქსელის ნომინაციაზე წარადგინა.
ბოჰოლის სამხრეთით სებუ მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული ლეიტე, სამხრეთით, ბოჰოლის ზღვის გადაღმა — მინდანაო. ბოჰოლს სებუსგან სებუს სრუტე გამოყოფს. ორივე კუნძულს საერთო ენა აქვს, თუმცა ბოჰოლანური და სებუანური მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. ბოჰოლის კლიმატი ძირითადად მშრალია. ნალექების მაქსიმუმი ივნისიდან ოქტომბრამდე ფიქსირდება. კუნძულის შიდა ნაწილი უფრო გრილია, ვიდრე სანაპირო ზოლი.
პროვინციის ფართობი 4 821 კმ², ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 261 კმ-ი. ბოჰოლის ფილიპინების მეათე კუნძულია ფართობის მიხედვით. მთავარი კუნძული 70-ზე მეთი პატარა კუნძულითაა გარშემორტყმული, რომელთაგანაც ყველაზე დიდი კუნძული პანგლაოა.
ბოჰოლის რელიეფი ძირითადად მთა-ბორცვიანია. კუნძულის ნახევარზე მეტი კირქვითაა დაფარული. კუნძულის შიდა ნაწილი ფართო პლატოა, პერიფერიებზე კი უფრო დაბალი მთებია.
კარმენის მახლობლად შოკოლადი ბორცვები მდებარეობს. კონუსური ფორმის ბორცვების რაოდენობა 1 200-ს აღემატება. ბორცვებზე გაზრდილი ბალახი ზაფხულში ყავისფერ შეფერილობას იღებს და ბორცვები შოკოლადის კონუსებს ემსგავსება. ბორცვები დიდი გამყინვარების დროს მარჯნის რიფებისგან დარჩენილი კირქვოვანი წარმონაქმნებია. შოკოლადის ბორცვები ფილიპინების ერთ-ერთ ბუნებრივ საოცრებად მიიჩნევა და ბოჰოლს ხშირად „ფილიპინების ძვირფას ქვას“ უწოდებენ. ბორცვები ბოჰოლის გერბზეა გამოსახული.
ბოჰოლში 114 წყარო, 172 ნაკადული და ოთხი მთავარი მდინარე მოედინება. უდიდესი მდიანრე ინაბანგაა, რომელიც პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება. კუნძულის ცენტრალურ და შუა-სამხრეთ ნაწილში მდინარე ლობოკი მიედინება; მდინარე აბატანი პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხოლო მდინარე იპილი ჩრდილოეთ ნაწილში მიედინება. პროვინციაში ერთადერთი ბუნებრივი ტბა კუნძულ კაბილაოს ტბაა, რომელსაც დანაოს ან ლანაოსაც ეძახიან.
კუნძულზე უამრავი ჩანჩქერი და გამოქვაბული მდებარეობს, მათ შორის მაგ-ასოს ჩანჩქერი ანტექერაში. მაგ-ასო ადგილობრივთა ენაზე „კვამლს“ ნიშნავს. წყალი ცივია და ხშირად დილაობით ისეთი ნისლი წარმოიქმნება, ჩანჩქერი იფარება.
ბოჰოლის უდიდესი დაბლობის ტყე, რომელიც კუნძულის სამხრეთ ნაწილში, ბილარის მახლობლად მდებარეობს, რაჯაჰ-სიკატუნის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში შედის.
ნოემბრიდან აპრილამდე პროვინციაში ჩრდილო-აღმოსავლეთი მუსონები ქრის. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს პერიოდი წელიწადის ყველაზე რბილი პერიოდია. საშუალო დღიური ტემპერატურა 28 °C-ია (82 °F), ხოლო ღამით 25 °C (77 °F). ზაფხულის სეზონი მაისიდან ივლისამდე გრძელდება და მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობაა დამახასიათებელი. აგვისტოდან ოქტომბრამდე პროვინციაში სამხრეთ-დასავლეთი მუსონები ჭარბობს. ეს სეზონი ცვალებადია და უნალექო კვირებს წვიმიანი დღეები ცვლის.ბოჰოლში წელიწადის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაწვიმდეს, თუმცა ძლიერი წვიმები ძირითადად ნოემბრიდან იანვრამდე გრძელდება.
ბოჰოლის პროვინცია მთავარ კუნძულსა და 75 პატარა კუნძულს მოიცავს. პროვინცია 47 მუნიციპალიტეტს, 1 შემადგენელ ქალაქს და 1 109 ბარანგაის მოიცავს.
კუნძულის ეკონომიკაში წამყვან როლს ტურიზმი ასრულებს. ტურისტთა რაოდენობის ზრიდს კვალდაკვალ ტაგბილარანის აეროპორტი ბოჰოლი-პანგლაოს საერთაშორისო აეროპორტმა ჩაანაცვლა, რომლის ინაუგურაციაც 2018 წლის 27 ნოემბერს გაიმართა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბოჰოლის პროვინცია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.