ჯონ მეინარდ კეინზი (ინგლ.
5 ივნისი, 1883 — გ. 21 აპრილი, 1946) — ბრიტანელი ეკონომისტი, რომლის იდეებმა (კეინზიანიზმი) უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაზე, ასევე მრავალი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე. ის ქადაგებდა ინტერვენციულ სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეეძლო. მას თანამედროვე თეორიული მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მამად მიიჩნევენ.
დაიბადა კემბრიჯში. მისი მოძღვრება და იდეები საფუძვლად დაედო არა მარტო ინგლისის, არამედ მრავალი სხვა სახელმწიფოების ეკონომიკურ პოლიტიკას. კეინზის მოღვაწეობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდის მანძილზე კეინზს ეკავა ინგლისის ბანკის დირექტორის თანამდებობა, მონაწილეობდა ვერსალის საზავო კონფერენციის მუშაობაში, ანტანტის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოში და ა. შ. კეინზის აქტიური მონაწილეობის შედეგად ჩამოყალიბდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (იგივე მსოფლიო ბანკი)
1906 წლიდან იგი მოღვაწეობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც ა. მარშალის შეხედულებები იყო გაბატონებული. მიუხედავად იმისა, რომ კეინზი საკუთარ თავს მარშალის მიმდევრად თვლიდა, „კემბრიჯის სკოლის“ კრიზისის შემდეგ მან უკვე დაიწყო მარშალის იდეების გაკრიტიკება. 1936 წელს გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაშრომი „დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“. 1944 წელს აშშ-ში, ბრეტონ-ვუდსში ჩატარებულ კონფერენციაზე იგი დიდი ბრიტანეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
საზოგადოების ნორმალური განვითარებისათვის კეინზი მიზანშეწონილად თვლიდა სახელმწიფოს აქტიურად ჩარევას, ანუ ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას. იგი მიიჩნევდა, რომ სრული დასაქმების მიღწევა, ასევე უმუშევრობისა და კრიზისების ლიკვიდაცია ამ გზით იყო შესაძლებელი.
კეინზი მრავალი ნაშრომის ავტორია, მათგან აღსანიშნავია: „ინდოეთის ვალუტა და ფინანსები“, „ვერსალის საზავო ხელშეკრულების ეკონომიკური შედეგები“, „ტრაქტატი ფულის რეფორმის შესახებ“ და სხვა. საერთოდ, კეინზის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა ფულის თეორიის საკითხებს, იგი იცავდა ფულის ნომინალისტურ თეორიას.
აღსანიშნავია მისი ნაშრომი სახელწოდებით: „ტრაქტატი ფულის რეფორმის შესახებ“, სადაც მან წამოაყენა რეგულირებადი ვალუტის შექმნის იდეა და შეიმუშავა პროგრამაც. იგი მოითხოვდა ინგლისში არსებული ფულის მიმოქცევის იმ სისტემის შეცვლას, რომელიც ემყარებოდა ოქროს სტანდარტის პრინციპებს. კეინსს შესაძლებლად მიაჩნდა ის, რომ კაპიტალისტურ მეურნეობაში ქაღალდის ფულს შეეძლო ფულის ფუნქციების შესრულება ოქროს მნიშვნელობის გარეშე. ამ ნაშრომში კეინსი მოითხოვდა ოქროზე გადაუხურდავებელი ქაღალდის ფულის შემოღებას. „ტრაქტატში“ იგი ერთდროულად ფულის რაოდენობრივ და ნომინალისტურ თეორიებს იცავდა და სწორედ მათი გაერთიანების საუძველზე შექმნა რეგულირებადი ვალუტის თეორია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჯონ მეინარდ კეინზი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.