ძვალი — ძვლოვანი ქსოვილისაგან აგებული საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ორგანო, გარედან დაფარულია ძვლისაზრდელათი, ხოლო შიგნითა ღრუებში შეიცავს ძვლის ტვინს.
მიეკუთვნება შემაერთებელ ქსოვილს. წარმოქმნილია როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ნივთიერებისაგან.
შემაერთებელი ქსოვილით, ხრტილით ან ძვლოვანი ქსოვილით შეერთებული (წყვეტილად ან უწყვეტად) ძვლების ერთობლიობას ეწოდება ჩონჩხი. მოზრდილი ადამიანის ჩონჩხის ძვლების საერთო რაოდენობა 200-ზე მეტია, უმეტეს შემთხვევაში ისინი წყვილი ძვლებია. ძვლები წარმოადგენენ რბილი ქსოვილების საყრდენ და კუნთების მამოძრავებელ მექანიზმს. ისინი აგრეთვე ასრულებენ დამცველობით ფუნქციებს, რაც გამოიხატება არხების და ღრუების ჩამოყალიბებით, სადაც მოთავსებულნი არიან ორგანოები. ძვლების ბიოლოგიური ფუნქცია დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლაში და სისხლის წარმოქმნის პროცესებში მათ მონაწილეობასთან.
ძვლები ფორმის მიხედვით ექვსი სახისაა: მოკლე ლულისებრი (მაჯის), გრძელი ლულისებრი (ბარძაყის, წვივის, მხრის, იდაყვის), ბრტყელი (თავის ქალა, მენჯის ძვალი), შერეული (ხერხემლის მალები), ღრუბლოვანი და ჰაეროვანი ძვლები. ძვლების ზრდას სიგრძეში განაპირობებს ძვლის თავში და ბოლოში არსებული ხრტილოვანი უჯრედების დაყოფა, ხოლო სისქეში ძვალი იზრდება ძვლის საზრდელას უჯრედების დაყოფის ხარჯზე. ძვალს საზრდელა გარედან აკრავს. ძვლების ზრდას არეგულირებს ტვინში არსებული ჯირკვალი ჰიპოფიზი, რომელიც გამოიმუშავებს ზრდის ჰორმონს. თუ ეს ჰორმონი ბავშვობის ასაკში გამოიყო ნაკლები რაოდენობით, ადამიანი აღარ იზრდება და ხდება ჯუჯა, ხოლო თუ ეს ჰორმონი დიდი რაოდენობით გამოიყო, ადამიანი ვითარდება გიგანტი. ამ პროცესს გიგანტიზმი ეწოდება.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ძვალი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.