მესხეთის ქედი, აჭარა-იმერეთის ქედი, ახალციხის ქედი (ძვ.
ღადო, ლომსია ანუ ფერსათი) — მცირე კავკასიონის შემადგენელი ქედი საქართველოს უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის მხარეებში. წყალგამყოფია, ერთი მხრივ, მდინარეების კინტრიშის, ნატანების, სუფსისა და რიონის მარცხენა შენაკადებისა, მეორე მხრივ აჭარისწყლის, ქვაბლიანისა და მტკვრის მარცხენა შენაკადთა აუზებისა. ოდიშ-გურიის დაბლობს გამოყოფს აჭარისა და ახალციხის მთიანი ქვაბულებისაგან. გადაჭიმულია შავი ზღვის აჭარის სანაპიროდან ბორჯომის ხეობამდე. სიგრძე 140 კმ, უდიდესი განი 45 კმ, უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო (2850 მ). 2500 მ-ზე მაღალია აგრეთვე მწვერვალები ხინო, თაგინაური, საყორნია, ზოტიმერია, დიდმაღალი, სანისლია, ნაგება. მესხეთის ქედზე არის ზეკარის უღელტეხილი (2180 მ), რომელზეც გადადის საავტომობილო გზა.
მესხეთის ქედი | |
---|---|
მესხეთის ქედი აბასთუმანთან ახლოს | |
კოორდინატები: 41°49′57″ ჩ. გ. 42°39′40″ ა. გ. / 41.832722° ჩ. გ. 42.661278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა სამცხე-ჯავახეთის მხარე იმერეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | მეფისწყარო |
სიმაღლე | 2850 მ |
სიგრძე | 140 კმ |
სიგანე | 45 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
ქედი აგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით. ქედის დასავლეთ ნაწილს ჩრდილოეთიდან ეკვრის უფრო ახალგაზრდა ქანებით აგებული გურიის ქედი, ხოლო შუა ნაწილს სამხრეთიდან — ნეოგენური ლავებით აგებული ფერსათის პლატო. თხემურ ზონაში შემორჩენილია პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია მდინარეების ხანისწყლის, სულორის, სუფსის, ნატანების, კინტრიშის, ჩაქვისწყლისა და სხვა მდინარეების ღრმა ხეობებით. ქედის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობით (მთა მტირალაზე 4500 მმ). ხეობები მდიდარია მესამეული პერიოდის რელიქტური სუბტროპიკული მცენარეულობით. მესხეთის ქედი 2000-2200 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით, 1000-1200 მ-მდე შერეული ფოთლიანი ტყეებია (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), ხოლო უფრო ზევით — წიწვიანები (ნაძვი, სოჭი, ზოგან ფიჭვი). თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები და დეკიანები. ძნელად მისადგომ ადგილებში დიდი რაოდენობით ბინადრობს დათვი, შველი, ირემი, არჩვი.
მესხეთის ქედზე არის ბალნეოლოგიური (საირმე, ნაბეღლავი, ზეკარი და სხვა) და კლიმატური (აბასთუმანი, ბახმარო, შუაგორა, გომისმთა და სხვა) კურორტები.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მესხეთის ქედი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.