იუკიო მიშიმა (იაპ.
三島 由紀夫) (დ. 14 იანვარი, 1925 — გ. 25 ნოემბერი, 1970), ნამდვილი სახელი კიმიტაკე ჰირაოკა (平岡 公威) — იაპონელი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, მსახიობი და მოდელი. მისი ავანგარდული შემოქმედება აღწერს თანამედროვეობისა და ტრადიციების აღრევის პროცესს.
მისიმა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იაპონელ ავტორად ითვლება. 1968 წელს იგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა პრემია მის თანამემამულე მწერალსა და მეგობარს, იასუნარი კავაბატას, გადაეცა. ავტორის გამორჩეულ ნაშრომებს შორისაა რომანები — „ნიღბის აღსარება“ და „ოქროს ტაძარი“ — და ავტობიოგრაფიული ესე „მზე და ფოლადი“. მისიმას შემოქმედება „მდიდრული ლექსიკით და დეკადანტური მეტაფორებით, ტრადიციული იაპონური და თანამედროვე დასავლური ლიტერატურული სტილის შერწყმით და მშვენიერების, ეროტიციზმისა და სიკვდილის ერთიანობის ობსესიური მტკიცებით“ გამოირჩევა.
მისიმა შინტოისტი და ნაციონალისტი იყო. პოლიტიკურმა მოღვაწეობის გამო იგი დღევანდელ იაპონიაშიც საკამათო ფიგურად რჩება. 30-იანი წლების შუა ხანებიდან მწერალი მზარდად ამჟღავნებდა მემარჯვენე იდეოლოგიისადმი სწრაფვას. იგი ამაყობდა იაპონიის ტრადიციული კულტურით და უპირისპირდებოდა დასავლურ მატერიალიზმს, ასევე იაპონიის ომისშემდგომ დემოკრატიას, გლობალიზმსა და კომუნიზმს, რადგან მისი აზრით, ეს იდეები, საფრთხეს უქმნიდა იაპონელთა ეროვნულ იდენტობასა და მათ კულტურულ მემკვიდრეობას.
1968 წელს მისიმამ დააარსა კერძო საპატრულო საზოგადოება ტატენოკაი, რომელიც ტრადიციული იაპონური ღირებულებების დაცვასა და იმპერატორის თაყვანისცემას ემსახურებოდა. 1970 წელს იგი ოთხ თანამებრძოლთან ერთად ცენტრალური ტოკიოს სამხედრო ბაზაზე შეიჭრა, მათ მძევლად აიყვანეს გენერალი და იაპონიის თავდაცვის ძალებს 1947 წლის კონსტიტუციის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს, რომელსაც მისიმამ „მარცხის კონსტიტუცია“ უწოდა. მწერალმა სიტყვით გამოსვლა ფრაზით „გაუმარჯოს იმპერატორს!“ დაასრულა, რის შემდეგაც სეპუკუს რიტუალით თავი მოიკლა.
მისიმა ექვსი წლის ასაკში ელიტურ სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც მეიძის ეპოქაში ძველი ფეოდალური თავადაზნაურობის შთამომავლობის აღზრდის მიზნით დაარსდა. იგი ეცნობოდა იაპონელი კლასიკოსების, აგრეთვე ჟან კოქტოს, ოსკარ უაილდის, რაინერ მარია რილკეს, თომას მანის, ფრიდრიხ ნიცშეს, შარლ ბოდლერისა და სხვა ევროპელი ავტორების შემოქმედებას. ამასთანავე სწავლობდა გერმანულ ენას. 12 წლის ასაკში მან პირველი მოთხრობების წერა დიწყო და სკოლის ლიტერატურული საზოგადოების სარედაქციო საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდა. მისიმა მოხიბლული იყო პოეტების, ჰარუო სატასა და მიტიძო ტაჩიჰარას, შემოქმედებით, რამაც იგი კლასიკური იაპონური ტანკებით დააინტერესა. იგი სკოლის ლიტერატურული ჟურნალისთვის თავდაპირველად ჰაიკუებსა და ტანკებს წერდა, მოგვიანებით კი პროზაში დაიწყო მოღვაწეობა.
16 წლის ასაკში მისიმამ დაწერა მოთხრობა „აყვავებული ტყე“, რომლის პროტაგონისტი აღწერს განცდას იმისა, რომ მისი წინაპრები მასში ცხოვრებას განაგრძობენ. მოთხრობა პრესტიჟულ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა. 1944 წელს იგი წიგნის სახით ქაღალდის დეფიციტის გამო შეზღუდული ტირაჟით გამოიცა. აღსანიშნავია, რომ მისიმამ მოთხრობა სამახსოვროდ გამოაქვეყნა, რადგანაც იგი ვარაუდობდა, რომ ომში დაიღუპებოდა.
მამის უარყოფითი რეაქციისგან დაცვის მიზნით რედაქციის წევრებმა ფსევდონიმი იუკიო მისიმა მოიფიქრეს. „მისიმა“ მომდინარეობს სადგურის სახელწოდებიდან, რომელსაც მათ სარედაქციო შეხვედრაზე მიმავლებმა ჩაუარეს, „იუკი“ კი იაპონურად თოვლს ნიშნავს და უკავშირდება იმ თოვლს, რომელიც მათ მატარებლიდან ფუძიამაზე დაინახეს.
1942 წელს მისიმამ დაწერა ესე სათაურით „ღმერთების გზა“, რომელშიც შინტოიზმისადმი თავის ერთგულებას გამოხატავს. 1946 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „სიგარეტი“, რომელშიც იგი სკოლაში განცდილი ჰომოსექსუალური სიყვარულის შესახებ წერს.
1944 წელს მისიმამ საშუალო სკოლა დაასრულა და გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიებას ესწრებოდა იმპერატორი ჰიროჰიტო, რომლისგანაც მისიმამ მოგვიანებით საჩუქრად ვერცხლის საათი მიიღო.
1946 წელს მისიმამ დაიწყო პირველი რომანის წერა, რომელიც თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ორი ახალგაზრდა არისტოკრატის შესახებ მოგვითხრობს. წიგნი სათაურით „ქურდები“ 1948 წელს გამოქვეყნდა, რამაც მისიმას ომისშემდგომი იაპონელი მწერლების მეორე თაობის რიგებში დაუმკვიდრა ადგილი.
1949 წელს მისიმამ გამოაქვეყნა ნახევრადავტობიოგრაფიული რომანი „ნიღბის აღსარება“, რომელიც ჰომოსექსუალობისადმი მიდრეკილი ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს. წიგნმა გამოსვლისთანავე წარმატება მოიპოვა და 24 წლის ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა.
მისიმა თავისი ნაწარმოებების სიუჟეტში ხშირად თანამედროვე მოვლენებს იყენებდა. 1956 წელს მან გამოაქვეყნა რომანი „ოქროს ტაძარი“, რომელიც კიოტოში მომხდარ რეალურ ამბავს ეფუძნება. წიგნი ფსიქიკურად შეშლილი ბერის მიერ ბუდისტური ტაძრის დაწვის შესახებ მოგვითხრობს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article იუკიო მისიმა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.