მემარჯვენეობა — ტერმინი თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებასა და დისკურსში.
იგი აერთიანებს პოლიტიკურ იდეოლოგიებსა და თეორიებს, რომლებიც გარკვეულ იერარქიებს და მათზე დაფუძნებულ წყობილებებს მიიჩნევენ გარდაუვლად, ბუნებრივად, ნორმალურად ან სასურველად, როგორც წესი ბუნებითი წესრიგის, ეკონომიკის ან ტრადიციის საფუძველზე.
მემარჯვენეობა, როგორც პოლიტიკური პლატფორმის აღმნიშვნელი ტერმინი, წარმოიშვა საფრანგეთის რევოლუციის დროს. დამფუძნებელი კრების პირველ ყრილობაზე (1789 წ.) დეპუტატებმა ადგილები გადაინაწილეს თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად. მეფისგან მარცხნივ ადგილები დაიკავეს იაკობინელებმა, რომლებიც ყველაზე რევოლუციურად განწყობილი პარტიული დაჯგუფების წევრები იყვნენ. ისინი მხარს უჭერდნენ რადიკალურ გარდაქმნებს და რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. ცენტრალური ადგილები დაიკავეს ჟირონდისტებმა, რესპუბლიკის ზომიერმა მომხრეებმა. მეფისგან მარჯვნივ განლაგდნენ ფეიანები, რომლებიც არსებული წყობის (მონარქიის) შენარჩუნების მომხრეები იყვნენ. ადგილთა ასეთი განლაგება შენარჩუნდა მომდევნო თავყრილობებზეც.
ტერმინმა „მემარჯვენემ“ მალევე დაიმკვიდრა რეაქციულის ან კონსერვატიულის გაგება, ხოლო „მემარცხენემ“ — რევოლუციის ან რადიკალური გარდაქმნების მომხრე მიმართულების მნიშვნელობა. თუმცა, თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში მემარცხენედ და მემარჯვენედ დაყოფა სულ უფრო რთული ხდება და აღარ გამოხატავს უბრალო არჩევანს რევოლუციასა და რეაქციას შორის. ბევრი პოლიტიკური მეცნიერის აზრით, ასეთი დაყოფა სირთულეებს წარმოშობს, რადგან პოლიტიკური იდეების უაღრესად კომპლექსური სისტემების გამარტივებისა და განზოგადებისკენაა მიმართული.
ტრადიციულად მემარჯვენე იდეოლოგიებს მიაკუთვნებენ: კლასიკურ ლიბერალიზმს, ლიბერტარიანიზმს, ანარქო-კაპიტალიზმს, კონსერვატიზმს, ნაციონალიზმსა და მონარქიზმს. რადიკალურ მემარჯვენე (ულტრამემარჯვენე) იდეოლოგიებს მიეკუთვნება ფაშიზმი, ნაციონალ-სოციალიზმი, ფალანგიზმი და სხვა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მემარჯვენეობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.