დავთარი (ბერძ.
IX საუკუნიდან იწყება ქაღალდის ხმარება და ამ დროიდან მოყოლებული დავთარი აღნიშნავს ადმინისტრაციულ რეესტრსა და საგადასახადო წიგნს.
უცხოელ დამპყრობლების მიერ საქართველოს აღწერის არაერთი მაგალითია ცნობილი. აღწერები ჩაატარეს არაბებმა VII საუკუნის 40-50-იან წლებში, მონღოლებმა — 1254 წელს, ყიზილბაშობის დროს — 1742 წელს. მათ შესახებ ცნობილია წერილობითი წყაროებიდან, მაგრამ დოკუმენტური სახით არ მოგვეპოვება.
ჩვენამდე მოაღწია როგორც სამხრეთ საქართველოსათვის, ისე ქართლის სამეფოსათვის შედგენილმა ოსმალურმა დავთრებმა. არსებობს 1573/4 წლის „გურჯისტანის კანუნნამე“, რომელიც გამოსცა ო. ბარქანმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივში დაცული 1573/4 წლის შედგენილი გურჯისტანის ლივის აღწერის დიდი დავთრის საფუძველზე. 1595 წელს ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო აღწერეს და „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ შეადგინეს. შემდგომში სულთნის ხელისუფლებას სამცხე-საათაბაგო აღარ აუწერია, მაგრამ ფეოდალთა ლენების (მიწების) რეგისტრაციის მიზნით შეადგინეს „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი“. ქართლის აღწერის მცდელობები ოსმალეთის მიერ სამეფოს დაპყრობის პერიოდებს ემთხვევა (1578–1606 და 1723–32). 1578 წელს, თბილისის აღების შემდეგ, ოსმალებმა ქართლში საბეგლარბეგო დააარსეს, სანჯაყებად დაჰყვეს და შეუდგნენ დავთრის შედგენას, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყებების და ირანთან ომის გამო ვერ შეძლეს ქვეყნის აღწერა. 1723 წელს ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს თბილისი, ქართლის სხვა ციხე-ქალაქები და 1728 წელს შეადგინეს „თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი“.
ქართული დავთრები, ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო ბერძენიშვილის აზრით, XII საუკუნეში და უფრო ადრეც უნდა არსებულიყო. XVII-XVIII საუკუნეებში ქართული წყაროებიდან ირკვევა, რომ ამ დროს ქართლის სამეფოში სამხედრო და ფისკალური მიზნით პერიოდულად ტარდებოდა მოსახლეობის აღწერა. ამან ასახვა პოვა ვახტანგ VI-ის დასტურლამალში. სამეფო ხელისუფლების კანცელარიასთან არსებობდა დავთარხანა, რომელიც ამ საქმეებს განაგებდა. ქართლის სადროშოების აღწერის შედეგად ადგენდნენ ოთხ დავთარს. ქართლის სამეფოში აღწერა ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მომთაბარე მოსახლეობისა — 3 წელიწადში ერთხელ. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მეწინავე სადროშოს (ქვემო ქართლი) 1721 წლის აღწერის დავთარმა. ცალკე ტარდებოდა ქალაქის (თბილისი, გორი, თელავი) მოსახლეობის აღწერა. XVII საუკუნეში ხალხის აღწერის დავთრები კახეთის სამეფოშიც ყოფილა შემოღებული. ჯერჯერობით დასავლეთ საქართველოს ხალხის აღწერის დავთრები არ აღმოჩენილა. სადროშოების დავთრების გარდა, საქართველოში ცნობილია სათავადოების (მაგ., საამილახვროს, მორიგი ჯარის, საეკლესიო (მაგ., აფხაზეთის საკათალიკოზოს, რუისის სამწყსოს) და სხვა დავთრებიც.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დავთარი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.