სერ გრეგორი პოლ უინტერი (დ.
14 აპრილი, 1951) ბრიტანელი ბიოქიმიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი. ცნობილია თავისი შრომებით მონოკლონური ანტისხეულების თერაპიული გამოყენების შესახებ. მეცნიერის კარიერა თითქმის მთლიანად მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიასა და ცილის ინჟინერიის ცენტრს დაეფუძნა (კემბირჯი, ინგლისი).
მეცნიერის სახელთანაა დაკავშირებული ჰუმანიზებული ანტისხეულების (1986), შემდეგ კი ფაგების დისფლეის მთლიანად ჰუმანიზებული, ანტისხეულების თერაპიული გამოყენების ტექნიკების განვითარება. თავდაპირველად ანტისხეულებს თაგვებიდან იღებდნენ, თუმცა ადამიანებისთვის თერაპიული გამოყენება რთული იყო, რადგანაც ადამიანთა იმუნური სისტემას თაგვების საწინააღმდეგო რეაქცია აქვს. 2018 წელს ამ მიღწევებისთვის გრეგორი უინტერი ჯორჯ სმიტთან და ფრენსის არნოლდთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.
2012 წლის 2 ოქტომბრიდან არის ტრინიტის კოლეჯის (კემბრიჯი) ხელმძღვანელი. 2006-2011 წლებში იყო მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, 2007-2008 წლებში სამედიცინო კვლევების საბჭოს დირექტორი,ხოლო 1994-2006 წლებში ცილებისა და ნუკლეინის მჟავების ქიმიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1990 წლიდან 2010 წლამდე უინტერი სამედიცინო კვლევების საბჭოს ცილის ინჟინერიის ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო.
გრეგორი უინტერი ნიუკასლ-აპონ-ტაინის გრამატიკის სამეფო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა განაგრძო კემბრიჯის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებააზე და 1973 წელს ტრინიტის კოლეჯი დაამთავრა. 1977 წელს უინტერს ფილოსოფიის დოქტორის წოდება სამედიცინო კვლევების საბჭოს მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიამ მიანიჭა ბაქტერია Bacillus stearothermophilus-ის ტრიფტოფანილ-tRNA სინთეტაზის ამინომჟავების წყობის კვლევებისთვის. უინტერის სამეცნიერო ხელმძღვანელი ბრაიან ჰართლი იყო. შემდეგში უინტერი ლონდონის საიმპერიო კოლეჯსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტში სწავლობდა.
1989 წელს უინტერმა „კემბრიჯის ანტისხეულთა ტექნოლოგიის ჯგუფი“ დააარსა. შემდეგ მუშაობდა Covagen-ის (დღეისთვის შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის, Ciag-ის ნაწილია) სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოში. არის Biosceptre International Limited-ის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი.2000 წელს უინტერმა დომინანტი ანტისხეულების კვლევების დასაწყებად Domantis დააარსა. 2006 წელს კომპანია ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, GlaxoSmithKline 230 მილიონ ევროდ შეიძინა.
1990 წელს უინტერი სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს. 2011 წელს „ცილის ინჟინერიისა და მონოკლონური ანტისხეულების თერაპიული გამოყენების პიონერობისა და მისი, როგორც გამომგონებლისა და ანტრეპრენიორის წვლილის“ გამო სამეფო საზოგადოებამ სამეფო მედლით დააჯილდოვა. 1994 წელს მეცნიერს შეელეს ჯილდო გადაეცა.
1995 წელს უინტერმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათ შორის მეფე ფეისალის საერთაშორისო პრიზი მედიცინაში (მოლეკულური იმუნოლოგია). 1999 წელს კიბოს კვლევის ინსტიტუტმა უილიამ კოლის ჯილდო გადასცა. არის მეცნიერებისა და ინჟინერიის კამპანიის მრჩეველთა საბჭოს წევრი. 2004 წელს რაინდი ბაკალავრის წოდება მიენიჭა. 2012 წლიდან არის ტრინიტის კოლეჯის ხელმძღვანელი.
2018 წლის 3 ოქტომბერს უინტერი ჯორჯ სმიტთან და ფრენსის არნოლდთან ერთად ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გრეგორი უინტერი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.