ქარვა — ორგანულ ნაერთთა კლასის მინერალი.
წარმოადგენს მეტწილად პალეოგენური პერიოდის წიწვოვან მცენარეთა განამარხებულ ფისს. ამორფულია. გვხვდება ნაღვენთი, წვეთისებრი და ლინზისებრი წარმონაქმნების, აგრეთვე მათი ნატეხების სახით. ზომა ჩვეულებრივ 2–30 მმ, მაქსიმალური მასა 10 კგ. ყვითელია ან მოწითალო ფერის, იშვიათად — უფერული გამჭვირვალე და თეთრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2–2,5; სიმკვრივე 1050–1120 კგ/მ³.
ქარვა | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | C10H16O+(H2S) |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ღია ყვითელი ფერიდან მოყავისფრომდე; წითელი, თითქმის უფერული, რძისფერი-თეთრი, მომწვანო |
სიმაგრე მოოსის სკალით | 2–2,5 |
სიმკვრივე | 1050–1120 კგ/მ³ |
ლღვობის ტემპერატურა | 350–380°C |
ქარვა წარმოიქმნება ფისის სპეციფიკური ფოსილიზაციის შედეგად. გაცხელებისას დნება, ადვილად იწვის. აქვს კარგი დიალექტრიკული თვისებები. ადვილად მუშავდება. უხსოვარი დროიდან იყენებენ სანახელავო ქვად. ვინაიდან რბილი სახით ყალიბდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქარვის ნატეხში სხვადასხვა მწერებს პოულობენ.
ქარვის ყველაზე დიდ მომწოდებლად რუსეთი (კალინინგრადი) ითვლება. მეორე ყველაზე დიდი მომწოდებელი ბალტიისპირეთია. ქარვის მოპოვება ასევე შესაძლებელია იტალიაში, ჩინეთში, იაპონიაში, მექსიკაში, კანადაში და აშშ-ში. ასევე დომინიკელთა რესპუბლიკა განთქმულია ძალიან უცნაური და იშვიათი ცისფერი ქარვის ნაირსახეობით.
დაწნეხილ ქარვას — ამბროიდს იყენებენ იზოლატორებისა და იაფფასიანი სამკაულების დასამზადებლად. დაბალი ხარისხის ქარვის მშრალად გამოხდით იღებენ ქარვის კოლოფონს, რომელსაც იყენებენ ლაქ-საღებავებისა და სხვა წარმოებაში.
ამ ქვას სპარსულად ჰქვია „ქაჰრუბა“ და ნიშნავს „ჩალის მტაცებელს“, რაც ხახუნით ჩალის ფიორების მიზიდვის თვისებას გამოხატავს. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ქარვა ესე არს ნივთი ყვითელი, რომელი გამოიღების ლიტოვის ზღვიდამი, ვიდრე წყალთა შინა, ლბილ არს და რა გამოიღების განიფიტების“. ძველი წარმოდგენით, ქარვა — ესაა ღვთაებრივი წარმოშობის იდუმალი, ყვითელი ფისი. საქართველოში ქარვა უცხოეთიდან შემოჰქონდათ და საინტერესოა, რომ იგი გვხვდება ბრინჯაოს ხანის მასალებში, რაც სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის დადასტურების საბუთადაა მიჩნეული.
რადგან მისი სამშობლო ბალტიისპირეთია, შესაძლებელია, ხმელთაშუა ზღვის გავლით იყო შემოსული საქართველოში. ქარვა საკმაოდ გავრცელებულია ანტიკურ პერიოდშიც და იგი გვხვდება მცხეთის, ურეკის და ვანის სამარხებში. XVIII საუკუნის თბილისში კრიალოსნების საკეთებელ ქარხანაში ქარვის მძივებიც უმზადებიათ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ქარვა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.