საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია — საქართველოს სახელმწიფოს ახლადარჩეული მეთაურის უფლებამოსილებაში შესვლის სადღესასწაულო ცერემონია.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია საქართველოში პირველად 1991 წლის 14 აპრილს ჩატარდა, როდესაც საქართველოს პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს.
საქართველოში ინაუგურაციის ცერემონიალი პირველად 1991 წელს შედგა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს. ინაუგურაციის პირველი ცერემონიალი თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში შედგა.
2001 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, №386-ე ბრძანებულებით საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესი დაამტკიცა. ბრძანებულებაში ოფიციალურად გაიწერა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. ინაუგურაციის დღეს საქართველოს პრეზიდენტი თაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გვირგვინით ამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავს. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და თანმხლები პირები შემოივლიან პანთეონს.
საქართველოს პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ტრიბუნის წინ განლაგებულია სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ქუჩის მოპირდაპირე მხარეს – თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი. პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელში ჩამწკრივებულია საპატიო ყარაულის კორიდორი. რუსთაველის პროსპექტზე დგანან საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები; სსაქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დასაწყისში ცხადდება: „საქართველოს პრეზიდენტი“. საპატიო ყარაულის ჯარისკაცები აღებენ პარლამენტის ჭიშკარს. საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი იკავებენ ადგილებს ტრიბუნასთან განლაგებულ სავარძლებში. საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრები და სხვა თანმხლები პირები იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს ტრიბუნის გვერდით, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იკავებს ადგილს ტრიბუნასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წარმოთქვამს სიტყვას და იწვევს საქართველოს პრეზიდენტს ფიცის დასადებად. საქართველოს პრეზიდენტი მარჯვენა ხელს ადებს კონსტიტუციას და წარმოთქვამს ფიცს. ფიცის დამთავრებისთანავე სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და 7 საზეიმო საარტილერიო ზალპი. აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა. საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს საქართველოს მოსახლეობას. სამარშო მუსიკის თანხლებით იწყება სამხედრო აღლუმი ჯარის ნაწილების მონაწილეობით. საქართველოს პრეზიდენტი ესალმება დამსწრე საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების აღსანიშნავად საღამოს გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით.
1991 წლის მაისში, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ კონსტიტუციაზე ხელის დადებით შემდეგი ფიცი წარმოთქვა:
პრეზიდენტის ფიცის დასრულების შემდეგ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, შემდეგ ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფიცის დადების შემდეგ გამსახურდია პარლამენტის გარეთ გავიდა და შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა.
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ინაუგურაცია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას შედგა. 1995 წლის 5 ნოემბერს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგად საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე გახდა. საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიალი, საკუთარი ინიციატივით, მთაწმინდის პანთეონიდან, ილია ჭავჭავაძის საფლავის მონახულებით დაიწყო. შემდეგ საქართველოს პარლამენტის წინ ფიცი დადო. ინაუგურაციის მეორე ნაწილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საზეიმო საღმრთო ლიტურღია აღავლინა და შემდეგ მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას.
საქართველოს პრეზიდენტის მესამე ინაუგურაცია 2000 წელს გაიმართა, როდესაც საქართველოს საპრეზიდენტო არცევნებში ედუარდ შევარდნაძემ გაიმარჯვა. მეორე ვადით არჩეული საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ინაუგურაცის ილია ჭავჭავაძის საფლავის მონახულებით დაწყება ტრადიციად დამკვიდრდა. იგი ჯერ მთაწმინდის პანთეონს ეწვია. პანთეონიდან შევარდნაძემ საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლა. აქ მას ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და სხვა მიწვეული სტუმრები დახვდნენ. ცერემონიალს უკვე ტრადიციისამებრ ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
შევარდნაძემ შემდეგი ფიცი წარმოსთქვა:
პრეზიდენტის სიტყვის დასრულების შემდეგ ჯარი ვაშას სკანდირებდა, ქაშუეთის ეკლესიაში კი ზარები რეკდა. პრეზიდენტის შემდეგ სიტყვა პატრიარქმა წარმოსთქვა. პატრიარქის შემდეგ შევარდნაძე საპრეზიდენტო სიტყვა წარმოსთქვა. ფიცის დადების ცერემონიას საკრალური და ისტორიული მნიშვნელობის უწოდა.
საქართველოს ისტორიაში რიგით მე-7 საპრეზიდენტო ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს გაიმართა. ინაუგურაციის წინა დღეს, 15 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანსა და მთაწმინდის პანთეონში მივიდა. პანთეონსა და გმირთა მოედანზე ვიზიტი წინა პრეზიდენტების ინაუგურაციისას საპროტოკოლო ღონისძიებათა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ეს პროტოკოლი შეიცვალა საინაუგურაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, არჩეული პრეზიდენტის პანთეონსა და გმირთა მემორიალთან მისვლა არჩეული პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილებით მოხდა. სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას, შემდეგ მოილოცა ილია ჭავჭავაძის საფლავი მთაწმინდის პანთეონში და აგრეთვე მოინახულა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას და ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას საფლავები.
16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე II-ის სასახლის ეზოში საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი ცერემონიაზე საქართველოს დროშის ფერებში წარსდგა. მას საქართველოს სახელმწიფო დროში ფერებში: თეთრი და წითელი ფერების სამეული ეცვა. მის ჩაცმულობაზე საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ იზრუნა. სასახლემდე არჩეული პრეზიდენტი ავტომანქანით მიიყვანეს, წითელ ხალიჩასთან ის შვილებმა - თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა მიაცილეს.
ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ხელის დადებით ფიცი დადო:
ღონისძიებას სულ 1800 სტუმარი დაესწრო. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ყველა სტუმარი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთა გარდა, ფეხზე იდგა. ინაუგურაციაზე დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, სრულიად საქართველოს საკოთიკოს-პატრიარქი ილია II, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვა დელეგაციების წარმომადგენლები.
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში პირველი საპროგრამო სიტყვაც წაიკითხა:
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის საქართველოს ისტორიაში რიგით მე-7 ინაუგურაცია 50 წუთამდე გაგრძელდა და საზეიმო მიღება თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.