ზურაბ ნოღაიდელი (დ.
22 ოქტომბერი, 1964, ქობულეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე.
ზურაბ ნოღაიდელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 ოქტომბერი, 1964 (59 წლის) |
დაბადების ადგილი | ქობულეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
განათლება | მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები | |
1988 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1988-1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. 1989-1990 წლებში ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სტაჟიორი. 1989-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, მეცნიერ-თანამშრომლად, ლაბორატორიის ხელმძღვანელად.1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მწვანეთა პარტია “, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1996-1997 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. 1999 წლის ნოემბრიდან — 2000 წლის მაისამდე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე. 2000, მაისი - 2001, 1 ნოემბერი — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2002-2003 წლებში სააქციო საზოგადოების „სახალხო ბანკი“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2003, აპრილი - ნოემბერი — სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი და ქავთარაძე“ პარტნიორი. 2003, ნოემბერი - 2005, თებერვალი —- საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2005 წელს ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნოღაიდელი დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტზე ნოღაიდელმა 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა.
ამის შემდეგ ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და დაიწყო პარტიის - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - ჩამოყალიბება. ნოღაიდელის პარტიის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. ის განსაკუთრებით აქტიურობდა აჭარასა და გურიაში. 2010 წლის 23 დეკემბერს პარტიის რიგგარეშე ყრილობამ ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა ფინანსური პრობლემის გამო, თუმცა დავალიანების გასტუმრებამდე გამგეობის რიგით წევრად დატოვა. მოგვიანებით ზურაბ ნოღაიდელმა განცხადება გააკეთა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით.
წინამორბედი: ზურაბ ჟვანია | საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 – 2007 | შემდეგი: ლადო გურგენიძე |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ზურაბ ნოღაიდელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.