ჰიდროგეოლოგია (ბერძნ.
hydor – წყალი და გეოლოგია) — მეცნიერება მიწისქვეშა წყლების შესახებ, რომელიც იკვლევს მათ შედგენილობას და თვისებებს, წარმოშობას, გავრცელებისა და მოძრაობის კანონზომიერებებს, ურთიერთქმედებას ქანებთან. ჰიდროგეოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰიდროლოგიასთან, გეოლოგიასთან (განსაკუთრებით საინჟინრო გეოლოგიასთან), მეტეოროლოგიასთან, გეოქიმიასთან, გეოფიზიკასა და დედამიწის შემსწავლელ სხვა მეცნიერებებთან. თანამედროვე ჰიდროგეოლოგია ფართოდ იყენებს მათემატიკურ, ფიზიკურ და ქიმიურ მონაცემებს და მათი კვლევის მეთოდებს.
კვლევის ამოცანებისა და მეთოდების მრავალფეროვნებამ განაპირობა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიის დანაწევრება მრავალ დარგად.
განარჩევენ აგრეთვე ჰიდროგეოლოგიის კომპლექსურ დარგს - საინჟინრო ჰიდროგეოლოგიას, რომელიც განხილული დარგების მეთოდების გამოყენებით მიწისქვეშა წყლებს ადამიანის პრაქტიკული საქმიანობის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით იკვლევს.
პრაქტიკული ცოდნა მიწისქვეშა წყლების შესახებ უძველეს დროში ჩაისახა. იგი განსაკუთრებით განვითარდა ქალაქებისა და სარწყავი მიწათმოქმედების გაჩენასთან დაკავშირებით. ძველთაგანვე იყო ცნობილი აგრეთვე მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები. სამეცნიერო წარმოდგენები ბუნებრივი წყლების თვისებების, წარმოშობის, დაგროვების პირობებისა და დედამიწაზე წყლის ბრუნვის შესახებ ჩაისახა ძვ. წ. I ათასწლეულში (თალესი, არისტოტელე, ლუკრეციუსი, ვიტრუვიუსი და სხვ.).
შუა საუკუნეებში მიწისქვეშა წყლების შესწავლას ხელს უწყობდა მათ პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშოების გაფართოება. მიწისქვეშა წყლებს და მათ როლს ბუნებრივ პროცესებში მიეძღვნა გეორგ აგრიკოლას, ანტონიო ვალისნერის, ედმ მარიოტის, ბერნარ პალისის, ნიკოლაუს სტენოს, მიხეილ ლომონოსოვისა და სხვ. ნაშრომები.
დამოუკიდებელ სამეცნიერო დარგად ჰიდროგეოლოგია XIX საუკუნის II ნახევარში ჩამოყალიბდა. მის დაფუძნებაში და განვითარებაში (XIX ს. II ნახ. - XX ს. დასაწყ.) დიდი როლი შეასრულეს ფრანგმა მეცნიერებმა ა. დარსიმ, ლ. დე ლონემ, ჟ. დიუპიუმ, ა. შეზიმ; გერმანელმა მეცნიერებმა კ. კაილჰაკმა, ჰ. ჰეფერმა; ავსტრიელმა მეცნიერებმა ე. ზიუსმა, ფ. ფორხჰაიმერმა; ამერიკელმა მეცნიერებმა ჩ. სლიხტერმა, ა. ჰეიზენმა, ჩ. ჰეისმა; რუსმა მეცნიერებმა ვ. დოკუჩაევმა, ი. მუშკეტოვმა, ს. ნიკიტინმა, პ. ოტოცკიმ და სხვ.
საზღვარგარეთ კვლევა ჰიდროგეოლოგიის დარგში მიმდინარეობს უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევის დაწესებულებებში, სახელმწიფო გეოლოგიის სამსახურში და დიდ ფირმებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია წყალმომარაგებასთან, ჰიდროტექნიკურ მშენებლობასთან და ირიგაციასთან. აღსანიშნავია ამერიკელი მეცნიერების ა. ლეინის, მ. მასკეტის, ო. მეინცერის, კ. ტერცაგის, რ. დე უისტის, ფრანგი მეცნიერების ფ. დიენერტის, ე.მარტელისა და სხვ. შრომები.
საქართველოში არსებული მიწისქვეშა (თერმული) წყლების შესახებ უძველესი წერილობითი ცნობები გვაქვს "ქართლის ცხოვრებაში" (ცნობა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსების შესახებ) და უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებში. პირველი მეცნიერული ხასიათის ცნობები მინერალური წყლების შესახებ ეკუთვნის ი. ა. გიულდენდშტედს და ვახუშტი ბატონიშვილს.
XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს ტერიტორიის სისტემური გეოლოგიური კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით გარკვეული ყურადღება მიწისქვეშა წყლების კვლევასაც ექცეოდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰიდროგეოლოგია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.