საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი — საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, მიღებულ იქნა 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი | |
---|---|
მიზანი | |
დეტალები | |
გამოქვეყნების თარიღი | 9 აპრილი, 1991 |
რატიფიკაცია | 9 აპრილი, 1991 |
ხელისმომწერნი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭო კომუნისტური რეჟიმის დასუსტების, ეროვნული მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის პირობებში იძულებული გახდა 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს მიეღო დადგენილებები, რომლითაც, ფაქტობრივად, უკანონოდ აცხადებდა საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში. 9 მარტს უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე მიღებულ იქნა დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“, რომლითაც აღიარებულ იქნა, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენდა ინტერვენციასა და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო, პოლიტიკური თვალსაზრისით — ანექსიას. ხაზი გაესვა, რომ უზენაესი საბჭო გმობს ამ ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებასა და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული უფლებების აღდგენას. უზენაესმა საბჭომ უკანონოდ და ბათილად გამოაცხადა 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხური სამოკავშირეო ხელშეკრულება საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის.
1990 წლის 20 ივნისს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გაუქმებულად გამოაცხადა საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შედეგად შექმნილი ხელისუფლების ორგანოები — რევოლუციური კომიტეტები და საბჭოები, რადგან ისინი არ გამოხატავდნენ ქართველი ხალხის ჭეშმარიტ, თავისუფალ ნება-სურვილს. უკანონოდ და ბათილად გამოაცხადა ყველა აქტი, რომლებიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ ინსტიტუტებს.
საქართველოს სსრ-ის უზენაესმა საბჭომ აღიარა მრავალპარტიული არჩევნები და მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დაკანონებული იქნებოდა არა როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფორმალური გამგრძელებელი, არამედ როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 28 ოქტომბერს. მასში კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3-მა პროცენტმა, რომელთაგან 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი შინაარსობრივად შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს. პირველ ნაწილში მოთხრობილია საქართველოს ახლო წარსულის შესახებ:
„ | საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით. | “ |
მეორე შინაარსობრივი ნაწილი კი ეხება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით მიერ აღიარებულ დებულებებს:
„ | საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად. | “ |
This article uses material from the Wikipedia ქართული article საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.