საკაჟია — კარსტული მღვიმე საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგნის მიდამოებში.
მდებარეობს მდინარე წყალწითელას ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არ არის სტალაქტიტური ნაღვენთები, მშრალია. წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს. მღვიმის ჯამური სიგრძე 35 მ, სიღრმე 20 მ, სიგანე 6 მ, სიმაღლე 4 მ. აღმოაჩინეს 1914 წელს (რუდოლფ შმიდტი, ლეონ კოზლოვსკი).
საკაჟია | |
---|---|
კოორდინატები: 42°16′47″ ჩ. გ. 42°45′26″ ა. გ. / 42.279944° ჩ. გ. 42.757333° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 150 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 70 მ |
სიგრძე | 35 მ |
სიღრმე | 20 მ |
აღმოჩენის წელი | 1914 |
საკაჟია ამიერკავკასიაში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. მღვიმეს რუდოლფ ვირხოვის სახელი ეწოდა. 1936 წელს გათხრები განახლდა (ხელმძღვანელი მ. ნიორაძე), აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, აღადგინეს ძეგლის ძველი სახელწოდება — „საკაჟია“. 1973 წელს გათხრების დროს (ხელმძრვანელი გიორგი ნიორაძე) ზედაპალეოლითური ფენის ქვეშ 1,5 მ. სიღრმეზე გამოვლინდა მუსტიეური ფენები. აღმოჩნდა ქვის ლევალუაზური ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და მათზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის წვეტანები, სახოკები, დანები და სხვა ნივთები. ამ ფენებში ნაპოვნია მღვიმური დათვის, მარტორქის, ლოსის, კეთილშობილი ირმის, ბიზონის, კავკასიური ჯიხვის, ტახისა და სხვა ცხოველთა ძვლები. აქვე აღმოჩნდა ნეანდერტალელი ადამიანის ზედა ყბის ფრაგმენტი და კბილები. აღნიშნული მასალა შუა და გვიანდელი მუსტიეს ხანით თარიღდება.
ზედაპალეოლითური ხანის მასალიდან აღსანიშნავია კაჟისა და ობსიდიანის ლამელებზე და ანატკეცებზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, გრავეტისა და შატელპერონის ტიპის მსგავსი დანები და სხვა ნივთები, აგრეთვე ძვლისა და რქის ნაკეთობანი: მრგვალგანივკვეთიანი ძვლის შუბისპირები, სადგისები, ირმის რქისგან დამზადებული მიწის საჩიჩქნი თოხისმაგვარი იარაღი. აქვეა ნაპოვნი კრომანიონელი ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები. ამავე ფენებში აღმოჩენილია დომბის, კეთილშობილი ირმის, ქურციკის, ჯიხვის, ტახის, ცხენის, მღვიმური დათვის, მურა დათვის, მღვიმის ლომის, ფოცხვერისა და სხვა ცხოველთა ძვლები. ზედაპალეოლითური მასალა ორინიაკულია და განეკუთვნება საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურის შუა (განვითარებულ) საფეხურს.
1914 წლიდან კოლექცია დაცულია სანქტ-პეტერბურგში, მიკლუხო-მაკლაის სახელობის ანთროპოლოგიისა და ათნოგრაფიულ მუზეუმებში, 1936 წლიდან მასალა — სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ბუნების ძეგლია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საკაჟია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.