გუმათჰესების კასკადი — ჰიდროელექტროსადგურები (გუმათჰესი I და გუმათჰესი II) დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, ქუთაისიდან 7 კმ დაშორებით (გუმათჰესის მარცხენა დასახლება), მიეკუთვნება რიონის ჰესების კასკადს.
ერთდროულად იყენებს როგორც მდინარე რიონს 12 კმ-იანი მონაკვეთს (სოფ. ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე), ისე მასში გადაგდებულ მდ. ცხენისწყლის ნაწილს.
გუმათჰესების ორსადგურიანი კასკადის პროექტი შედგენილი იყო 1953 წელს. გუმათჰეს I-ის პირველი აგრეგატი საექსპლუატაციოდ გაუშვეს 1958 წლის ოქტომბერში, ბოლო აგრეგატი — იმავე წლის დეკემბერში. ძირითადი ჰიდროტექნიკური ნაგებობებია ბეტონის გრავიტაციული ტიპის კაშხალი, ჰესის სადაწნეო შენობა და გუმათჰეს II-ის სადერივაციო არხში გარდამავალი უბანი. ბეტონის გრავიტაციული კაშხალი (სიმაღლე — 52,5 მ, სიგრძე 209,5 მ) წყალს სწევს 30 მ სიმაღლეზე და ქმნის 39 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს (აქედან სასარგებლო მოცულობაა 13 მლნ. მ³), რომელიც საკმარისია ორივე ელექტროსადგურის დღეღამური რეგულირებისათვის. გუმათჰეს I-ში დაყენებულია 4 ჰიდროაგრეგატი. თითოეული 11000 კვტ სიმძლავრისაა. ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრეა 44000 კვტ, მაქსიმალური დაწნევა — 26 მ, მინიმალური — 23 მ, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი — 0,61, საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება — 256 მლნ. კვტ·სთ, 1 მეგვტ-ზე წყლის ხვედრითი ხარჯი — 4,864 მ³/წმ.
გუმათჰეს I-ში ნამუშევარი წყალი 1836 მ სიგრძის დერივაციული არხით მიდის გუმათჰეს II-ის ტურბინებში. გუმათჰეს II-ის პირველი აგრეგატი გაუშვეს 1956 აპრილში, ბოლო — იმავე წლის ივნისში. ელექტროსადგური მუშაობს გუმათჰეს I-ის ნამუშევარი წყლით. ძირითადი ჰიდროტექ. ნაგებობებია დერივაციული არხი, სადაწნეო საკანი (არხის ბოლოს), ჰესის შენობა და ნამუშევარი წყლის გადასაგდები არხი, რ-იც რიონჰესის კაშხლის ზედა ბიეფში ჩაედინება. გუმათჰეს II-ში დადგმულია 22800 კვტ საერთო სიმძლავრის 3 ჰიდროაგრეგატი. მაქს. დაწნევა — 13,4 მ, მინ. — 11,2 მ, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი — 0,62, საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება — 138 მლნ. კვტ·სთ, 1 მეგვტზე წყლის ხვედრითი ხარჯი — 9,4 მ³/წმ. გუმათჰეს II ავტომატიზებული და ტელემექანიზებულია და გუმათჰეს I-თან სინქრონულად მუშაობს.
ჰესებმა გამოიმუშავეს (მლნ. კვტ·სთ): 1956 წ. — 46,6; 1960 წ. — 314,0; 1965 წ. — 343,8; 1970 წ. — 423,3; 1975 წ. — 334,4; 1980 წ. — 330,0; 1985 წ. — 330,6; 1990 წ. — 211,7; 1995 წ. — 179,0; 2000 წ. — 176,6; 2005 წ. — 203,0; 2010 წ. — 329,7 ელექტროენერგია. 1996 წლის 22 ნოემბერს გუმათის ჰიდროელექტროსადგურების ბაზაზე ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „გუმათჰესების კასკადი“, სადგური ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გუმათჰესების კასკადი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.