არქონტი (ბერძ.
ათენში არქონტი უმაღლესი თანამდებობის ცხრა პირს ეწოდებოდა, რომელთაც ყოველწლიურად კენჭისყრის გზით ირჩევდნენ: არქონტი-ეპონიმოსი, არქონტი-ბასილევსი, არქონტი-პოლემარქოსი და ექვსი არქონტი-თესმოთეტესი. პირველის სახელით აღნიშნავდნენ წელიწადს, იგი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო; ბასილევსი კულტს განაგებდა; პოლემარქოსი მხედართმთავარი იყო; თესმოთეტესები კი მართლმსაჯულებას განაგებდნენ. არქონტთა კოლეგიის გამგებლობაში შედიოდა სასამართლო საქმეთა აღძვრის შესახებ განცხადებების გადახედვა და მათი სასამართლოსთვის გადაცემა, ობოლთა ქონების მეურვეობა, წმინდა სავარგულების კონტროლი, მსხვერპლშეწირვა, რელიგიური პროცესიების, შეჯიბრებების ხელმძღვანელობა და სხვ. თანამდებობაზე ყოფნის ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი არეოპაგის შემადგენლობაში გადადიოდნენ, რომლის წევრებიც სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდნენ.
ათენის არქონტთა კოლეგია ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო ორგანოა, იგი ძვ. წ. VIII საუკუნეში შეიქმნა. ყალიბდებოდა თანდათანობით, მეფისათვის მასთან ადრე განუყრელად დაკავშირებული უფლებამოსილებების ჩამორთმევასთან ერთად. არისტოტელეს თანახმად, უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ადრეული იყო პირველი სამი არქონტის თანამდებობა; პირველ ხანებში არქონტებად ირჩევდნენ წარჩინებულ და მდიდარ ევპატრიდებს, რომელთა კანდიდატურას აყენებდა არეოპაგი. თავდაპირველად თანამდებობა ეკავათ სიცოცხლის ბოლომდე, ძვ. წ. 753 წლიდან ვადა ათი წლით განუსაზღვრავთ, ხოლო ძვ. წ. VII საუკუნის I ნახევრიდან — ერთი წლით. თესმოთეტესების არჩევა მრავალი წლის შემდეგ დაიწყეს, როდესაც თანამდებობის პირებს უკვე ერთი წლით ირჩევდნენ. სოლონის რეფორმების შედეგად, არქონტებად ირჩევდნენ უმაღლესი ცენზის მქონე მოქალაქეებს. კლისთენეს რეფორმების შემდეგ (ძვ. წ. VI საუკუნე) არქონტთა თანამდებობამ თანდათან დაკარგა პოლიტიკური მნიშვნელობა. ათენის დემოკრატიული განვითარების ხანაში არქონტის თანამდებობაზე სხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებსაც ირჩევდნენ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article არქონტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.