სინოლოგია („ჩინეთმცოდნეობა“; გამარტივებულად 汉学; ტრადიციულად 漢學; ფინინზე: ხან სიუე) — მრავალდარგოვანი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ჩინურ ენას და ლიტერატურას, ჩინეთის ისტორიას, ეკონომიკას, პოლიტიკას, ფოლკლორს და საერთოდ ჩინელებთან და მათ ქვეყანასთან და კულტურასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
სინოლოგია სამეცნიერო დარგად XIX საუკუნეში ჩაისახა; სინოლოგიის პირველი ევროპული კათედრა 1814 წელს სწორედ პარიზში ჩამოყალიბდა. 1887 წელს ბერლინში გიხსნა აღმოსავლური ენების სემინარი, რასაც 1909 წელს პირველი ჰამბურგის აღმოსავლური ენების კათედრის გახსნა მოჰყვა.
საქართველოში სინოლოგია, როგორც დარგი, პირველად 1991 წელს დაარსებული თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ბაზაზე ჩნდება, სხვა აღმოსავლურ ენებთან ერთად. 2004 წელს შედგა თანამშრომლობა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორ, სიენ-ძიათუნგისა და ლანჭოუს უნივერსიტეტებთან, სადაც ცოდნის გაღრმავების მიზნით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდათ ამავე ინსტიტუტის წარჩინებულ ჩინური ენის შესაბამისი დონის მცოდნე სტუდენტებს. 2007 წელს თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა. 2018 წლიდან კი ის კვლევითი ცენტრის სახით აგრძელებს საქმიანობას.
კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელი — საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთა ქსელი, დაარსებული სახელმწიფოს კანცელარიის მიერ ჩინური ენის საზღვარგარეთ გავრცელების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვარგარეთ არსებული უცხოურ ცენტრებთან ერთად. კონფუცის ინსტიტუტების მისია არის ჩინეთისა და ჩინური კულტურის გაგება-განვითარების ზრდის ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. საქართველოში კონფუცის ინსტიტუტი პირველად 2010 წელს, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი იყო საქართველოში ჩინური ენის შემსწავლელი პირველი კურსი, ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის. კონფუცის ინსტიტუტთან ერთად, გაიხსნა HSK/YCT ჩინური ენის საერთაშორისო საგამოცდო ცენტრიც. ამავე წელს საქართველოში საფუძველი ეყრება "ჩინური ენის ხიდის" ყოველწლიურ საერთაშრისო სტუდენტურ კონკურსს. თავისუფალი უნივერსიტეტის, კონფუცის ინსტიტუტის პარტნიორი უნივერსიტეტი ამჟამად ჭენგჭოუს უნივერსიტეტია. კონფუცის ინსტიტუტს ჰყავს მაღალკვალიფიციური ქართველი და ჩინელი პედაგოგები. კონფუცის ინსტიტუტს ჰყავს დირექტორები ქართული მხრიდან - პროფ. მარინე ჯიბლაძე, ჩინური მხრიდან - პროფ. სუ კუოინგი. დღეის მდგომარეობით კონფუცის ინსტიტუტი საქართველოს არაერთი უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.
2023 წლის 16 თებერვალს, ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და მიენიჭა ძირითადი საბაკალავრო საგანმანათლებლო სტატუსი ორი სპეციალობით – სინოლოგია და იაპონისტიკა. კურსის ხელმძღვანელია პროფ. ნანა გელაშვილი. პროგრამა მოიცავს როგორც ჩინური ენის 7 დონეს, აგრეთე ფონეტიკას, ჩინურ კულტურასა და ლიტერატურას, მითოლოგიას, რელიგიებსა და ჩინეთის ისტორიას.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სინოლოგია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.