კრისტიან VII (დან.
29 იანვარი, 1749 — გ. 13 მარტი, 1808) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ვაჟი. დანიისა და ნორვეგიის მეფე 1766-1808 წლებში.
კრისტიან VII | |
---|---|
დანიისა და ნორვეგიის მეფე | |
კორონაცია: | 1 მაისი, 1767, კოპენჰაგენი |
მმართ. დასაწყისი: | 14 იანვარი, 1766 |
მმართ. დასასრული: | 13 მარტი, 1808 |
წინამორბედი: | ფრედერიკ V |
მემკვიდრე: | ფრედერიკ VI |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 29 იანვარი, 1749 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 13 მარტი, 1808, (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | რენდსბურგი, დანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: | კაროლინა მატილდა ბრიტანელი (ქ. 1766 - განქ. 1772) |
შვილები: | ფრედერიკ VI, დანიისა და ნორვეგიის მეფე ლუიზა ავგუსტა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | ფრედერიკ V, დანიისა და ნორვეგიის მეფე |
დედა: | ლუიზა ბრიტანელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
მისი მმართველობა დანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო. იგი ფსიქიკურად არასტაბილური იყო და ხშირად დგამდა სცენებს. 1772 წელს გამოაშკარავდა მისი ცოლის, დედოფალ კაროლინა მატილდას რომანი მის ექიმთან, რითიც ისარგებლა კრისტიანის დედინაცვალმა, იულიანა მარია ბრაუნშვაიგელმა და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, რომლის შედეგადაც დანიის მართვა თავად და მისმა ვაჟმა აიღეს ხელში, როგორც რეგენტებმა. დედოფალი კაროლინა მატილდა მალევე გააძევეს და გადაასახლეს დანიიდან. ამის შემდეგ, 1784 წლამდე ქვეყანას იულიანა მარია მართავდა, რის შემდეგაც იგი კრისტიანის ვაჟმა, ფრედერიკმა ჩამოაგდო და რეგენტი თავად გახდა. ამის შემდეგ, კრისტიანის გარდაცვალებამდე სწორედ ფრედერიკი მართავდა ქვეყანას, რომელიც საბოლოოდ მეფე ფრედერიკ VI გახდა.
კრისტიანი დაიბადა 1749 წლის 29 იანვარს კრისტიანსბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი მეუღლის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ II-ის ასულ ლუიზა ბრიტანელის ვაჟი. მშობლებს მის გარდა ვაჟი არ ჰყავდათ, ამიტომაც იგი დაბადებიდანვე კრონპრინცი, ანუ ტახტის მემკვიდრე იყო. დაბადებიდან სულ ოთხ საათში იგი ლუთერანად მონათლეს, რა დროსაც მას ბაბუის, განსვენებული მეფე კრისტიან VI-ის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. მისი ნათლიები იყვნენ დედა-დედოფალი სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი (მისი ბებია), საქსენ-ჰაიდელბურგჰაუზენის ჰერცოგინია ლუიზა დანიელი (მისი მამიდა) და პრინცესა შარლოტა ამალია დანიელი (მისი პაპიდა).
კრისტიანის დედა, დედოფალი ლუიზა ბრიტანელი მისი დაბადებიდან ორ წელიწადში, 1751 წელს ნაადრევად გარდაიცვალა, რის გამოც მალევე, 1752 წელს ფრედერიკ V მეორედ დაქორწინდა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელზე.
როგორც მისი დროის სამეფო კარის ბიოგრაფები აღნიშნავენ, კრისტიანი მეტად წმინდა სულისა და დიდი ნიჭის პატრონი ბიჭი იყო, თუმცა მისი ფსიქიკა მისმა მასწავლებელმა, რევენტლოვის გრაფმა კრისტიან ფრედერიკ რევენტლოვმა შეარყია, რომელიც გამუდმებით ამცირებდა მას. ამას დაერთო საყვარელი დედის გარდაცვალებაც, რის გამოც, მიუხედავად მისი თანდაყოლილი გონიერებისა, კრისტიანს ჯერ კიდევ ბავშვობაში შეერყა ფსიქიკა და შიზოფრენია განუვითარდა, რასაც თანდათან სხვა ფსიქიკური დაავადებებიც დაერთო.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1766 წლის 14 იანვარს, 42 წლის ფრედერიკ V გარდაიცვალა, რის გამოც 17 წლის კრისტიან VII დანიისა და ნორვეგიის მეფე გახდა. თავისი ფსიქიკური დაავადებების გამო, დანიის მართვა დიდებული მინისტრებისაგან დაკომპექტებულმა სამეფო საბჭომ დაიწყო, სადაც მას მხოლოდ საბუთებზე ხელის მოწერა ევალებოდა. ამის გამო, მთელი სიცოცხლე იგი ნომინალური მეფე იყო. 1770-იანი წლებიდან კრისტიანზე გავლენა მისმა ექიმმა, იოჰან ფრიდრიხ სტრუენზემ მოახდინა და ქვეყნის მართვაც სტრუენზემ დაიწყო. 1772 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, სტრუენზე მოიშორეს და მმართველი კრისტიანის დედინაცვალი გახდა, რომელიც შემდგომში ასევე გადატრიალების გზით მოიშორეს თავიდან.
ჯერ კიდევ ფრედერიკ V-ის სიცოცხლეში, იგეგმებოდა კრისტიანის დაქორწინება მის ღვიძლ ბიძაშვილზე, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ III-ის უმცროს დაზე, პრინცესა კაროლინა მატილდა ბრიტანელზე. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელებმა არც კი იცოდნენ კრისტიანის ფსიქიკური დაავადებისა და მეძავებისადმი სიყვარულის შესახებ, ხოლო როცა კაროლინასგან ეს შეიტყვეს დიდად გაოცდნენ. 1766 წლის 8 ნოემბერს, კრისტიანსბორგის სასახლეში შედგა კაროლინა მატილდა ბრიტანელისა და კრისტიან VII-ის დინასტიური ქორწინება. კაროლინა მალევე მიხვდა, რომ კრისტიანი დაავადებული იყო, ამიტომაც თავიდანვე უარი განაცხადა მასთან სარეცელის გაყოფაზე და ყველანაირი სახის ურთიერთობაზე. ამასობაში კრისტიანი ხშირად, სრულიად ღიად დადიოდა დაბალი დონის ბორდელებში და სასახლეში მეძავებთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში გამოჩენასაც არ თაკილობდა. 1767 წლიდან, კრისტიანმა კურტიზან სტევლეტ-კატრინასთან სერიოზული რომანი გააბა. სწორედ მასთან ურთიერთობისას დამძიმდა მეფის მდგომარეობა, რომელსაც უკვე პარანოია და ჰალუცინაციები დაეწყო.
ამის გამო, კატრინა სამეფო კარიდან მალე გააძევეს და დედოფალი აიძულეს მეფეს დაახლოვებოდა. ამას მათი ქორწინების კონსუმირება, ხოლო 1768 წელს კრონპრინც ფრედერიკის დაბადება მოჰყვა. ვაჟის გაჩენასთან ერთად კაროლინა მატილდა უფრო ჩამოსცილდა თავის ქმარს, რომელსაც აღარც კი ესაუბრებოდა. ამის გამო კრისტიანი კვლავ მეძავებს დაუბრუნდა.
1768 წელს, ვაჟის გაჩენიდან მალევე, კრისტიან VII-მ ევროპაში მოგზაურობა გადაწყვიტა და მმართველობა მთლიანად სამეფო საბჭოს გადააბარა. მასთან ერთად მოგზაურობაზე დედოფალმა კატეგორიული უარი განაცხადა, ამიტომაც კრისტიანი მარტო გაუდგა გზას. 1768 წლის 5 აპრილს, გერმანიაში ჩასვლისთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. ამის გამო, სამეფო ოჯახმა მას ექიმი, გამოცდილი, არისტოკრატიული წარმოშობის იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე დაუქორავა, რომელმაც მალე გააუმჯობესა მისი მდგომარეობა. კრისტიანი ახალ ექიმს მალე ძალიან დაუახლოვდა და თავისთან ერთად წაიყვანა მოგზაურობაში. ისინი ესტუმრნენ ჰანოვერს, პარიზს, ლონდონს, და 1768 წლის ბოლოსთვის უკვე დანიის ქალაქ ალტონაში იყვნენ. სამეფო ოჯახი მალე მიხვდა, რომ სტრუენზეს დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე, ამიტომაც მისი გარიყვა დაიწყეს. 1769 წლის 12 იანვარს, კრისტიანმა სტრუენზე თავის პირველ მრჩევლად დანიშნა. ამავე პერიოდში, მეფემ სტრუენზეს თავისი „უხასიათო დედოფლის“ მკურნალობა დაავალა, რადგან მიიჩნევდა, რომ მისი უხასიათობის მიზეზი ავადმყოფობა იყო. სწორედ აქედან დაიწყო სტუენზესა და მარტოსული კაროლინა მატილდას საიდუმლო რომანი. დედოფლისა და სამეფო ექიმის რომანი წლების მანძილზე გრძელდებოდა. ამავდროულად, სტრუენზეს გავლენით კრისტიანმა სამეფო საბჭო დაშალა და მთელი ძალაუფლება სტრუენზეს მისცა, რომელმაც დედოფალთან ერთად უამრავი დემოკრატიული რეფორმა გაატარა ქვეყანაში.
1772 წელს, კაროლინა მატილდასა და სტრუენზეს რომანის შესახებ კრისტიანის დედინაცვალმა, დედოფალმა იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელმა შეიტყო. მან ეს ამბავი სასწრაფოდ კრისტიანს აცნობა, რომელიც მალევე გაეყარა კაროლინა მატილდას და იგი ცელიეში გადაასახლა, სადაც 1775 წელს, 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილით დასაჯეს იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეც, თუმცა საქმე ის იყო, რომ ეჭვ ქვეშ დადგა 1771 წელს დაბადებული პრინცესა ლუიზა ავგუსტას მამის ვინაობის საკითხი, ვინაიდან იგი დედოფლის რომანის დროს იყო გაჩენილი. მთელი ამ არეულობით კარგად ისარგებლა იულიანა მარიამ, რომელმაც მოკავშირე გრაფების დახმარებით 1772 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი გახდა, როგორც რეგენტი. აღსანიშნავია, რომ იგი რეგენტობას თავის ვაჟთან, პრინც ფრედერიკთან ერთად ინაწილებდა. მათი რეგენტობის დროს, კრისტიანის ძალაუფლება მინიმუმამდე დავიდა და მას მხოლოდ სახელადღა შერჩა „მეფე“.
1772 წლის გადატრიალების შემდეგ, 1784 წლამდე დანიას კრისტიანის დედინაცვალი, იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი, მისი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი და მათი მთავარი მოკავშირე, გრაფი ჰეგ-გულდბერგი მართავდნენ. 1784 წელს, კრისტიანის ვაჟმა, კრონპრინცმა კრისტიანმა თავის დასთან ერთად მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და ისინი ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოაცილა. ამ პერიოდიდან ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი კრონპრინცი გახდა. მისი რეგენტობა ცნობილია ლიბერალური და სასოფლო-სამეურნეო რეფორმებით. ასევე ამ პერიოდში დაიწყო ნაპოლეონის ომები.
კრისტიან VII 1808 წლის 13 მარტს გარდაიცვალა, 59 წლის ასაკში. როგორც მემატიანეები გადმოგვცემენ, როცა მას ნაპოლეონის მიერ ესპანეთის დაპყრობისა და სამეფო ოჯახის გადასახლების შესახებ აცნობეს, იფიქრა რომ მასაც იგივე ელოდა და შიშისაგან ინსულტი განუვითარდა, რამაც შეიწირა მისი სიცოცხლე. იგი დაკრძალეს როსკილეს სამეფო კათედრალში, რის შემდეგაც მეფე მისი ვაჟი ფრედერიკ VI გახდა.
კრისტიან VII-ის, კაროლინა მატილდასა და სტრუენზეს სასიყვარულო სამკუთხედმა და სკანდალმა ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნებაში:
კრისტიან VII-ის ოფიციალური, სრული წოდება ასე ჟღერდა: „ღვთის ხელით დასმული მეფე, დანიისა და ნორვეგიისა, ვენედებისა და გოთებისა, ჰერცოგი შლეზვიგისა, ჰოლშტაინისა, სტორმარნისა და დიტმარშენისა, გრაფი ოლდენბურგისა და დელმენჰორსტისა.“
This article uses material from the Wikipedia ქართული article კრისტიან VII, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.