ძალადობა — ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან.
სინონიმებია: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხყოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია.
არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა. პირდაპირი ძალადობა ნიშნავს ფიზიკურ ძალადობას, ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნულ გამოყენებას მიმართულს საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს. არაპირდაპირი ძალადობა კი ნიშნავს სიღატაკეს, ექსპლუატაციას, სოციალურ უსამართლობას, დემოკრატიის უქონლობას და ა.შ.
ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი. ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ძალადობის ყველაზე ფართოდ გამოხატული ფორმაა ძალადობა ოჯახში. ოჯახში ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა), სექსუალური ძალადობა, მუქარა, ემოციური ძალადობა (სისტემატური ყვირილი, გინება), საზოგადოებისგან იზოლაცია, რაიმე ქმედების მუქარით აკრძალვა, დაშინება და ა.შ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, შშმ პირი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლების — შვილებზე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ძალადობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.