მთვარის მოტაცება — კონსტანტინე გამსახურდიას რომანი, ტრილოგია.
მასში ასახულია 1930-იანი წლების დასაწყისის საბჭოთა საქართველოს ცხოვრება. რომანი 1933–1934 წლებში იწერებოდა და პარალელურად იბეჭდებოდა ჟურნალ „მნათობის“ ფურცლებზე. ნაწარმოებმა როგორც მკითხველის, ისე ხელისუფლების დიდი აღიარება მოიპოვა.
„მთვარის მოტაცება“ | |
---|---|
| |
ავტორი | კონსტანტინე გამსახურდია |
გარეკანის მხატვარი | ელენე ახვლედიანი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | ექსპრესიონიზმი, სოციალური რომანი, მოდერნიზმი |
გამომცემელი | ფედერაცია |
გამოცემის თარიღი | 1936 |
„მთვარის მოტაცების“ რეალისტურ თხრობას ავსებს და ავრცობს, აზრობრივ სიმტკიცესა და დრამატიზმს სძენს მითოსური პლანი, პერსონაჟთა არქეტიპები, სიმბოლური ჰიპოსტასები, ანიმისტურ და ტრადიციულ წარმოდგენათა ვარიაციები და მსხვრევა, მათი ასოციაციური კავშირები. მითოსურ მოდელებს ეძლევა არა ნიცშეანური, არამედ ფსიქოანალიზური ახსნა. რომანის დროის ლოკალია 1931 წლის აპრილიდან 1932 წლის აპრილამდე. სათაურის ერთ-ერთი ახსნაა: ენგურმა (ერთ-ერთი გაგებით, რევოლუციამ) მთვარე - წმინდა გიორგი - ჩანთქა, ე.ი. ემხვარმა დაკარგა წარმართულ-ქრისტიანული წარმოდგენებით აღსავსე დამოუკიდებელი საქართველო - სიცოცხლის მთავარი მიზანი.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მან „მთვარის მოტაცებაზე“ მუშაობა 1926 წელს დაიწყო, როდესაც რომანის ერთი თავი, „წურბელების პატრონი“, დაწერა, ხოლო მუშაობა 1933 წელს გააგრძელა. მას წერისათვის მძლავრი ბიძგი 1931 წლიდან აფხაზეთში მოგზაურობამ მისცა, სადაც აგროვებდა „ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ინვენტარს რომანისთვის“. აფხაზეთიდან დაბრუნებულმა მწერალმა სალიტერატურო გაზეთში დაბეჭდა „მთვარის მოტაცების“ პირველი თავი „ერგეაშვა“. ამის შემდეგ რომანის ბეჭდვა ჟურნალ მნათობში გაგრძელდა და 1935 წელს დასრულდა. „მთვარის მოტაცების“ თავები დაწერისთანავე ქვეყნდებოდა, ამასთანავე, წერის დაწყებისას ავტორმა არ იცოდა, თუ რა მოუვიდოდათ მის გმირებს რომანის ფინალში. ამის შესახებ ის მეორე კარის დასაწყისში, „ლირიულ ინტერმეცცოში“, საუბრობს. ხოლო 1934 წელს „მთვარის მოტაცების“ წერა მწერალმა ან საბოლოოდ დაასრულა, ან უკვე იცის, რომ რომანის ფინალში თარაშ ემხვარი დაიღუპება.
1933 წელს, კონსტანტინე გამსახურდიამ „მთვარის მოტაცების“ წერა დაიწყო, უკვე თარგმნილი ჰქონდა დანტეს „ჯოჯოხეთი“ და ამთავრებდა „გოეთეს ცხოვრების რომანს“. მწერალი ამ რომანზე 1926 წლიდან ფიქრობდა, მაგრამ არ იცოდა, როგორი სახე მიეცა. ჯერ ეს კონსტანტინე სავარსამიძის ცხოვრების გაგრძელება იყო, შემდეგ იგი „უშანგ ურდოელმა“ შეცვალა. ბოლოს „ევროპა გალიაში“ დაარქვა. ესეც არ მოეწონა და თავი მიანება. ხანგრძლივ მზადებას, გადავადებას, ყოყმანს წერტილი მწერლის მეუღლის, რებეკა ვაშაძის გარდაცვალებამ დაუსვა. ფანტაზიაში ცოცხალ ლანდებად ამოძრავდნენ გარდასული დღეები, მოხდა ძალთა კონცენტრირება და აღწერა პირველი თავი - „ერგეაშვა“. რომანი 2 წლის მანძილზე ქვეყნდებოდა „მნათობის“ ფურცლებზე. საერთოდ, არც ერთი რომანის დასრულებული ტექსტი მწერალს რედაქციისთვის არ წარუდგენია. ასე რომ, მართლა არ იცოდა, მისი ნამუშევრის გმირები ცხოვრებას როგორ დაასრულებდნენ, როცა პირველ კარს წერდა. ქართული პროზის ეს უდიდესი ძეგლი მწერალს ოთხჯერ დაუწერია. პარალელურად, ბეჭდავდა ესსეებს, ნარკვევებს, დადიოდა მივლინებებში, გამოდიოდა მწერალთა კავშირში გამართულ დისკუსიებზე, კითხულობდა თავისი წიგნების კორექტურას.
რომანი სამ წიგნად 1936 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ“ დაბეჭდა (ტირაჟის ნაწილს გამოსვლის თარიღად 1935 წელი აწერია).
მამა-შვილი კაც და არზაყან ზვამბაიები მიემგზავრებიან, სტუმრად, ზუგდიდში, ტარიელ შარვაშიძის ოჯახში. აქ მათ სხვა მრავალ სტუმართან ერთად დახვდებათ თარაშ ემხვარი, არზაყანის ძიძიშვილი. ნაწარმოებში ხშირად გვხვდება „რეტროსპექციული უკანდახევა“, სადაც აღწერილია თარაშისა და არზაყანის ბავშვობა, შარვაშიძეებისა და ემხვარების დაპირისპირების ისტორია, თარაშის მამის, ჯამსუღის, გადახვეწა საზღვარგარეთ თავის ვაჟთან ერთად და მისი სიკვდილი, ტარიელ შარვაშიძის ზუგდიდში გადმოსახლების ამბავი... ტარიელთან სტუმრობის შემდეგ არზაყანი ზუგდიდში რჩება, ის თამარს ეტრფის, ისევე, როგორც თარაში. ერთ-ერთი სეირნობის დროს არზაყანი თამარს კოცნას დაუწყებს, ქალი კი წინააღმდეგობას გაუწევს და გაიქცევა, მაგრამ დედისეულ ჯვარს დაკარგავს, რომელსაც არზაყანი შეინახავს. ძიძიშვილები მონაწილეობას იღებენ დოღში, რომელშიც ორივე ერთად გადაკვეთს ფინიშს. ამის შემდეგ მოქმედება ვითარდება ილორში, გვანჯ აფაქიძის ქალიშვილის ქორწილში. ნაწარმოების პირველი კარის ბოლოს ლუკაია ლაბახუა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ზარებს რეკავს, რომელსაც შემდეგ ბოლშევიკები ჩამოაგდებენ.
თამარი არლანის ქორწილის ღამეს ავად ხდება, ვარაუდობენ, რომ ჯვრის დაკარგვის გამო. არზაყანი, როგორც გადაცმული ცრუმარჩიელი, ეახლება ავადმყოფ თამარს, სადაც აპირებს ლუკაიას გადასცეს დაკარგული ჯვარი, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ თარაშს დაინახავს, გადაიფიქრებს. ქალს კი ეუბნება, რომ ღმერთი განაწყენებული ჰყავს, ამიტომაც თმა უნდა შეიჭრას და ღმერთს შესწიროს. შარვაშიძეების სახლიდან გამოსული არზაყანი აგრძელებს თამარის თვალთვალს და ხედავს, რომ მას თარაში კოცნის. ქალი კი ეუბნება, რომ მისი კოცნა შეწყვიტოს, რადგან თარაშს სხვა უყვარს, კერძოდ კი, კაროლინა. ამის შემდეგ ნაწარმოებში ჩართულია თარაშის დღიური, რომელიც დაწერილია მისი პარიზში და რომში ყოფნისას. მას თამარი კითხულობს.
თამარი და არზაყანი თბილისში აპირებენ წასვლას სასწავლებლად.
ბოლშევიკ არზაყან ზვამბაიას კოლექტივის შემოღების გამო სოფლელები დაემდურნენ. განსაკუთრებით კი შვიდი ძმა ტარბა. ერთი მათგანი გამოსავალს არზაყანის სიკვდილში ხედავს. ერთ საღამოს არზაყანს თავს დაესხმიან, მაგრამ არზაყანი მოიგერიებს მათ. არზაყანს მეორეჯერაც შეემთხვა ხიფათი: გვანჯ აფაქიძემ არაბია დააფრთხო ხიდზე, ცხენმა კი არზაყანი მოიყოლა. არზაყანი სახლში მიიყვანეს.
თარაში, თამარი, კაროლინა და თათია თბილისში მიდიან მატარებლით. თარაში და თამარი ერთად ატარებენ ღამეს კუპეში, რაც ამ უკანასკნელისთვის შემდგომში საბედისწერო გამოდგება.
კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგე გაავებული კაც ზვამბაია საკუთარ საქონელს ყელს გამოჭრის.
თამარი, თარაშის სურვილის საწინააღმდეგოდ, თმას იჭრის. თარაში ოქუმში ბრუნდება. ერთ-ერთ დღესასწაულზე, ის მამა-შვილ ზვამბაიასთან ერთად კვლავ დაუპირისპირდება ტარბებს. მათ ერთ–ერთი მათგანი შემოაკვდებათ, რის შემდეგაც ოქუმიდან გადაიკარგებიან.
სვანეთისკენ მიმავალ კაცს, არზაყანსა და თარაშს მწერალი კონსტანტინე გამსახურდია დაემგზავრება. ისინი ერთად სვანეთში ესტუმრებიან ღრმად მოხუც ქორა მახვშს. მისი შვილიშვილი საურ არზაყანის ძმადნაფიცი ხდება. ერთ-ერთი ნადირობისას, თარაშის სულსწრაფობით გაბრაზებული კონსტანტინე თოფს ესვრის თარაშს, რის შემდეგაც თბილისში ბრუნდება.
ცივილიზაციისადმი გულაცრუებული თარაში სვანეთში დასახლებას და ცოლის შერთვას აპირებს. მას შერჩეული ჰყავს ლამარია, სვანი ქალი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მას არზაყანთან მონებივრეს დაინახავს, გადაიფიქრებს. არზაყანი ქორა მახვშის მეზირს კლავს, ძუძუმტეები დევის ქვაბში გაიქცევიან. არზაყანი საკუთარ მამას არ ინდობს, შემდეგ კი მის ძვლებთან ერთად ოქუმში ბრუნდება. მოგვიანებით არზაყანს დააწინაურებენ.
ეკლესიაში ყოფნისას თამარს გული წაუვა, როგორც აღმოჩნდა, ის ფეხმძიმედაა. რომ მას საშვილოსნოს გარეთა ორსულობა აქვს. მომაკვდავი თამარი თარაშის ნახვას ნატრულობს, ლუკაია თარაშს შეატყობინებს ამის შესახებ. თამარი საკუთარ ნაყოფთან ერთად კვდება. ტარიელ შარვაშიძე თარაშს ასმერვე ფსალმუნით სწყევლის, ისევე, როგორც თავის დროზე კათალიკოსი მის შორეულ წინაპარს. თარაში ზუგდიდს არაბიათი მიემგზავრება, თან მიაქვს არზაყანის მიერ დაბრუნებული თამარის ჯვარი, მაგრამ ცხენთან ერთად ენგური მოიტაცებს.
რომანის პერსონაჟების პროტოტიპების შესახებ კონსტანტინე გამსახურდია იშვიათად საუბრობდა. იგი ერთგან აღნიშნავს: „საერთოდ, როდესაც მხატვრული ნაწარმოები გამოვა, ავტორს უწინარეს ყოვლისა მართებს დუმილი, მართებს იმიტომ, რომ მხატვრულ ნაწარმოებს არც განმარტება უნდა სჭირდებოდეს და არც დამატება“. იგი მხოლოდ პირად წერილში ამჟღავნებს „მთვარის მოტაცების“ ერთ-ერთი გმირის – თარაშ ემხვარის პროტოტიპის ვინაობას, თუმცა, ადრესატს თხოვს, მის სიკვდილამდე არ გაამჟღავნოს საიდუმლო. ამ წერილიდან, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ თარაშ ემხვარის პროტოტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არის არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი, რომელიც რომანის წერის პერიოდში ჩეხოსლოვაკიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა. წერილის ადრესატი ემხვარის ვაჟია, რომელსაც კონსტანტინე პატიებას თხოვს, რომ მამამისი ენგურის ზვირთებთან ბრძოლაში დაამარცხა, „ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალუძდა, გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მისი იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა“. მეორე ვერსიით კი, თარაშ ემხვარის პროტოტიპი იყო ბოდღო ემხვარი, მთვარის მოტაცების რუსულად მთარგმნელი. სოსო სიგუა ფიქრობს, რომ კაც ზვამბაიას პროტოტიპია მწერლის მამა სიმონ გამსახურდია, თამარ შერვაშიძის რებეკა ვაშაძე, კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მეუღლე, ხოლო ელლენ რონსერის ადელჰაიდე ლენცი. ამ უკანასკნელთან რომანის შესახებ კონსტანტინე თავის მოგონებებში ლანდებთან ლაციცი აღწერს.
გამსახურდიას სამივე თანამედროვე რომანის („დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“, „ვაზის ყვავილობა“) მთავარი პერსონაჟები – კონსტანტინე სავარსამიძე, თარაშ ემხვარი, ვახტანგ კორინთელი – იმეორებენ ავტორის ბიოგრაფიულ დეტალებს, ფსიქიკასა და ცნობიერებას, გარეგნობასა და ტემპერამენტს.
„მთვარის მოტაცების“ ბოლოს ცეკას მდივანი ჩადის აფხაზეთში და იქაურ ამბებს არკვევს. მისი პროტოტიპი ლავრენტი ბერიაა. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს ბერიასადმი გაგზავნილ ბარათში მწერალი შეახსენებს მას, რომ თავის ნაწარმოებში „შენიშნა მისი ვარსკვლავის გამოჩენა“.
გვანჯ აფაქიძის პროტოტიპია გვანჯი ჩიქოვანი , „არაერთხელ ნაპატიმრალი, გარეგნობით, ჭკუა-გონებით გამორჩეული პიროვნება“. ერთხელ ის და კონსტანტინე გამსახურდია სუფრაზე გვერდი-გვერდ აღმოჩენილან, სადაც მწერალმა განაცხადა: „ეს ჩემი გვანჯი აფაქიაა და კიდევ მეტს ვიტყვი: „მთვარის მოტაცება“ ამ დიდებულმა კაცმა დამაწერინა“. აღსანიშნავია ისიც, რომ გვანჯი ჩიქოვანი იყო მწერლის კონსულტანტი ნაწარმოებში ცხენების აღწერისას.
„მთვარის მოტაცების“ მეორე კარში ეპიზოდურად გამოჩნდება „შეითან კაპიტანი“, ყოფილი გენერალი, პირველი მსოფლიო ომის გმირი. ეჭვგარეშეა, რომ ეს პერსონაჟი ტარას ვაშაკიძეა, რომელმაც სარიყამიშის ბრძოლის დროს 128 მებრძოლით 2106 თურქი ჯარისკაცი დაატყვევა.
რომანი გამოსვლისთანავე მკითხველის ყურადღების ცენტრში მოექცა. 1936 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რომანის საჯარო განხილვა მწერალთა კავშირში, რომელიც საღამოს რვა საათზე იწყებოდა და გვიან ღამით მთავრდებოდა. დარბაზი ყველა მსურველს ვერ იტევდა, ამიტომ გარეთ დარჩენილები მაჩაბლის ქუჩაზე იდგნენ და იქ იგებდნენ, რა ხდებოდა დარბაზში.
კონსტანტინეს ასევე გულთბილი შეხვედრა მოუწყო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრემ.
რომანი საბჭოთა ხელისუფლებასაც მოეწონა, რადგანაც ასახავდა „კოლექტივიზაციის პერიოდს, ძველსა და ახლის ჭიდილს, ძველი სამყაროს კვდომას და ბოლშევიკურ–ჩეკისტური ძალების გამარჯვებას“. მანამდე შერისხული მწერალი 1934 წელს საქართველოს კომპარტიის IX ყრილობის დელეგატად აირჩიეს.
1936 წელს კონსტატინე მიიღო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ. ბერიას „მთვარის მოტაცებას“ მეუღლე, ნინა გეგეჭკორი უკითხავდა. მას გულგრილს არ დატოვებდა იმ კუთხის ტრადიციებისა და რწმენა–წარმოდგენების აღწერა, სადაც ბავშვობა გაატარა. ამიტომაც მწერლმა ხელისუფლისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, 1937 წელს, დიდი რეპრესიების პერიოდში, ბერიასაც მოუხდა გამსახურდიას საჯაროდ გაკრიტიკება (ალბათ, მასაც უწევდა თავის დაცვა სტალინის წინაშე) – მწერლის „ფაშისტურ ტენდენციებში“ დადანაშაულება და „მთვარის მოტაცების“ „შემოქმედებით მარცხად“ გამოცხადება.
ზვიად გამსახურდიას ცნობით, რომანს სტალინიც გაეცნო. მისი ბრძანებით, მწერალი გამუდმებით უნდა ელანძღათ და ეკრიტიკებინათ, ხოლო სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ბელადის განსაკუთრებული კრიტიკის საგანი მწერლის არქაული ენა გამხდარა, რადგანაც ის გაუგებარი იყო კოლმეურნეებისათვის.
„მთვარის მოტაცებაში“ მართლაც იყო იმდროინდელი მკითხველისთვის გაუგებარი არაერთი სიტყვა, რომლებიც მან დიალექტებიდან და უცხო ენებიდან შემოიტანა. ამის გამო რომანს ერთვის 300–ზე მეტი სიტყვის განმარტება, რომელიც მისმა მეუღლემ, მირანდა ფალავანდიშვილმა შეადგინა. მწერალს საგანგებოდ რომანსითვის შეუსწავლია გინეკოლოგიური ტერმინოლოგია, შეუთვისებია ცხენის ანატომია.
არქაიზმში ბრალს გამსახურდიას სხვებიც დებდნენ. მათ საპასუხოდ მწერალი აცხადებდა, რომ შვიდას სამოცგვერდიანი ეპოპეის აღსაწერად მას არ ეყოფოდა ის „ხუთიოდე ათასი ძირეული სიტყვა, რომელსაც აბრუნებდა მეცხრამეტე საუკუნის ქართული პოეზია“. მისივე თქმით, რომანში ახლადგამოყენებული სიტყვები შემდეგ სხვა ბელეტრისტებსაც გამოუყენებიათ.
კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებს ასევე უსაყვედურეს პორნოგრაფიულობა. ამ ბრალდების გასაბათილებლად მან მსოფლიოს უდიდესი მწერლების ავტორიტეტები მოიშველია, რომელთაც თავიანთ ნაწარმოებეში ასევე აქვთ აღწერილი ინტიმური სცენები და განაცხადა, რომ „ნამდვილი მწერლობა არასადროს ყოფილა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის მოწაფეთათვის დაწერილი ქრესტომათია“.
კრიტიკოსებში უკმაყოფილებას იწვევდა ბოლშევიკი არზაყან ზვამბაიას მიერ მამის მკვლელობის ასახვა. კონსტანტინე გამსახურდიას ოპონენტთა წინაშე თავის მართლება უწევდა: მწერალი რომანის განხილვისას ამბობდა, რომ არზაყანის ტიპი მის თვალში ფორმირდებოდა „კულაკური ბრძოლის გამძაფრებულ პერიოდში“, ასევე მიიჩნევდა, რომ „არც ერთი ოსტატი, რომელიც დახატავს რომელიმე ხასიათს, ლამაზს არ აიღებს იმიტომ, რომ მახინჯი ყოველთვის უკეთ გამოდის, უფრო კარგად“.
კონსტანტინეს აცხადებდა, რომ მას არზაყანის ხასიათის აღწერისას გადაჭარბება მოუვიდა, რომელსაც რომანის შემდეგ გამოცემაში გამოასწორებდა. მართლაც, ცეკას მითითებით, მწერალი იძულებული გახდა მამის მკვლელობის ეპიზოდი ნაწარმოებიდან ამოეღო. ნაწარმოების ახალ ვარიანტში კაც ზვამბაიას მოსისხლე ტარბები კლავენ. ასევე რომანში შეიტანეს ბერიას სახელი – თარაშ ემხვარი ბერიასთან აპირებს მისვლას, რათა უთხრას, რომ არის მხოლოდ სტალინის გზა. რომანის 1990 წლის გამოცემაში მამის მკვლელობის სცენა აღდგენილია, თარაშის ეპიზოდი კი ამოღებული.
რევაზ მიშველაძის თქმით, „მთვარის მოტაცება“ პირველი ლიტერატურული ქმნილება არის, რომელშიც საუკუნის ოცდაათიანი წლების დიდი სიმართლე არაჩვეულებრივი ეპიკური სიცხადით და პოეტური შთაგონებით გამოიხატა.
მაგრამ 70-იანი წლებიდან დამოკიდებულება „მთვარის მოტაცებისადმი“ შეიცვალა. დაიწერა ესსეები და გამოკვლევები, დაიდგა სპექტაკლი, გადაიღეს ორსერიიანი ფილმი, შეიქმნა ოპერა. მაშინ, როცა „დიდოსტატის მარჯვენა“ საზღვარგარეთ გამოიცემოდა, მწერალი მთარგმნელებს „მთვარის მოტაცებას“ სთავაზობდა. ოცნებას ასრულება არ ეწერა: რომანი უცხოურად არ თარგმნილა. საქმის გამოსწორება უკვე გვიანია - წიგნი თავისი ეპოქის შვილია და ყოველ დროში როდი ექნება შესაფერისი რეზონანსი. დღევანდელი მკითხველი სხვა ინტერესებით ცხოვრობს, სხვა იყო 30-იანი წლები, რომლის სული მწერალმა ქართულ მასალაში მოაქცია, ქართული განწყობილებითა და სევდით შემოსა. ახლა ამ რომანს არა მხოლოდ ენობრივი და ნაციონალური, არამედ - დროის ბარიერის დაძლევაც უხდება. ეს შეუძლებელია იმ რუსული თარგმანით, რომელიც ორიგინალს დიდად შორდება და მის მშვენიერებას ოდნავაც ვერ გვაგრძნობინებს.
„მთვარის მოტაცების“ (რუს. Похищение Луны) პირველი და მეორე კარი თარგმნეს თ. გველესიანმა, ხოლო მესამე ბოდღო ემხვარმა. თავად მწერალს თარგმანი „არცთუ ურიგოდ“ მიაჩნდა. მწერალს ნაწარმოების მოსკოვში დაბეჭდვის საშუალებას არ აძლევდნენ. საქართველოში კი არაერთხელ, მათ შორის 1986 წელს გამომცემლობა მერანმა 200000-იანი ტირაჟით გამოსცა . რომანი, ასევე, ითარგმნებოდა უკრაინულ (უკრ. Викрадення Місяця) და აფხაზურ ენებზე.
1973 წელს ეკრანზე გამოვიდა თამაზ მელიავას ორსერიიანი ფილმი მთვარის მოტაცება, სცენარის ავტორები კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად იყვნენ გიორგი ხუხაშვილი და თავად რეჟისორი. დიდოსტატის მარჯვენას შემდეგ ეს კონსტანტინეს მეორე ნაწარმოების ეკრანიზაცია იყო. ფილმს წარმატება არ მოჰყოლია. „განსაკუთრებით უფერული გამოდგა თამარისა და თარაშის სახეები, ფინალი – თარაშის დაღუპვა ენგურის ზვირთებში“.
ფილმისგან განსხვავებით, დიდი წარმატება ხვდა წილად ოთარ თაქთაქიშვილის ოპერას - „მთვარის მოტაცება“. ოპერის ლიბრეტო განსხვავდება რომანის ტექსტისაგან. ის დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1978 წ.) და მოსკოვის დიდ თეატრში (1977 წ.). 1982 წელს თბილისში გასტროლებით მყოფმა „დიდმა თეატრმა“ „მთვარის მოტაცება“ წარმოადგინა. იმავე წელს ოთარ თაქთაქიშვილს მიენიჭა ლენინური პრემია ამავე ოპერისა და სავიოლინო კონცერტისთვის.
2015 წელს რუსთაველის თეატრში გაიმართა ოთარ თაქთაქიშვილის 90 წლის საიუბილეო საღამო, სათაურით „მთვარის მოტაცება“, სადაც შესრულდა ამავე სახელწოდების ოპერა. კონცერტზე წაიკითხეს ამონარიდები რომანიდან. მისი ორგანიზატორი იყო აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი. რეპორტაჟში მონაწილეობენ: მაყვალა ქასრაშვილი, ელდარ გეწაძე, ანზორ ერქომაიშვილი, თემურ გუგუშვილი, გიზო ჟორდანია, ირინა შერაზადიშვილი, ალუდა თოდუა, ირინე ალექსიძე, ლევან მაკარიძე, თამარ წულუკიძე, ანსამბლი „რუსთავი“, თბილისის საოპერო თეატრის გუნდი და ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მთვარის მოტაცება, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.