იოსებ ლაღიაშვილი (დ.
2 იანვარი, 1866 – გ. ?) – თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, მისი სახელი გახმაურდა მას შემდეგ, რაც მოკლა ამავე სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი.
იოსებ ლაღიაშვილი დაიბადა სამეგრელოში. მამა გორელი, კერძოდ კი ხურვალეთელი მღვდელი, დედა მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის მღვდლის ქალიშვილი იყო. დედ–მამა იოსებს ადრე დაეღუპა, მისი აღზრდა კი ბებიამ და ბიძებმა ითავეს. დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში . ის სემინარიის პანსიონში ცხოვრობდა და სტიპენდიას იღებდა. ამის შემდეგ იოსებ ლაღიაშვილი სემინარიიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც სასწავლებლის ზედამხედველმა ხელნაწერი ჟურნალი „ყვავილი“ აღმოუჩინა, მას ამასთანავე სტიპენდია მოეხსნა. ლაღიაშვილმა თხოვნით მიმართა რექტორს და ეგზარქოსსაც, მაგრამ ამაოდ. 1886 წლის 24 მაისს, მას შემდეგ, რაც მორიგ თხოვნაზე სემინარიაში აღდგენის შესახებ უარით უპასუხეს, მან ხანჯლით სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი მოკლა. ამ შემთვევამ საქართველოში სათავე დაუდო მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს. თავადაც დაჭრილი და გულწასული 20 წლის ლაღიაშვილი დაიჭირეს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ის კავშირში იყო ეროვნულ ჯგუფთან, რომელსაც უნდა დაეცვა „სარწმუნოება და სამშობლო“. ამას უნდა გამოეწვია მხურვალე მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ლაღიაშვილის სასამართლო პროცესი აქტიურად განიხილებოდა ქართულ პრესაში. მისი დაცვა გავლენიანმა თავადმა კონსტანტინე მუხრანბატონმა ითავა. მან ლაღიაშვილს განთქმული ადვოკატი ტურკევიჩი დაუქირავა. სემინარიის ყოფილი სტუდენტი გაასამართლეს, მას დახვრეტის განაჩენი არასრულწლოვნობის გამო ვერ მიუსაჯეს (მაშინ სრულწლოვნად 21 წლის პირი ითვლებოდა). ის 20 წლით სახალინზე კატორღაში გაუშვეს. მას თავის ნაწარმოებში ანტონ ჩეხოვი ლაგიევად მოიხსენიებს. მისი შემდეგდროინდელი ცხოვრების შესახებ რამდენიმე ცნობა არსებობს, თუმცა, შესაძლოა, ისინი სიმართლეს არ შეესაბამებოდნენ. ერთ–ერთი ცნობის მიხედვით, ის კატორღიდან გაიქცა და იაპონიაში ჩააღწია, 1889 წელს კი ამერიკაში იყო. 1908 თუ 1913 წელს ის ამერიკაში ქართველ ზღვაოსან დავით ჭავჭავაძეს უნახავს. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ცნობით კი, 1943 წელს ის თეირანში ყოფილა კონფერენციის დროს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article იოსებ ლაღიაშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.