ჰენრი კავენდიში (ინგლ.
10 ოქტომბერი, 1731, ნიცა — გ. 24 თებერვალი, 1810, ლონდონი) — ინგლისელი ლორდი, ქიმიკოსი და ფიზიკოსი.
ჰენრი კავენდიში | |
---|---|
ინგლ. Henry Cavendish | |
დაბ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 1731[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | ნიცა[10] |
გარდ. თარიღი | 24 თებერვალი, 1810[1] [2] [3] [6] [7] [8] [9] [11] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | ლონდონი[10] |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის სამეფო |
საქმიანობა | ქიმიკოსი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი |
მუშაობის ადგილი | გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | პიტერჰაუზი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და Newcome's School |
მეუღლე | |
მამა | Lord Charles Cavendish[12] |
დედა | Ann Grey[5] [12] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი და კოპლის მედალი[13] |
1731 წლის 10 ოქტომბერს ქალაქ ნიცაში, ლორდის ოჯახში, დაიბადა ვაჟი - ჰენრი, რომელსაც შემდეგში წილად ხვდა ფიზიკისა და ქიმიის ისტორიაში შესანიშნავი ფურცლები ჩაეკერებინა. ჰენრის მამა მეტეოროლიგიით იყო გატაცებული და კარგ ექსპერიმენტატორად ითვლებოდა. მამის გავლენით პატარა ჰენრის ადრეულ წლებში შეუყვარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი. ეს ინტერესი დროთა განმავლობაში მეცნიერული კვლევის მიმართ ლტოლვაში გადაიზარდა და კავენდიშის მთელი არსება მოიცვა. ქავენდიშს მემკვიდრეობით აურაცხელი ქონება დარჩა, ამასთან, ლორდის წოდების გამო მას საზოგადოებაში ერთობ მაღალი ადგილი ეკავა, მაგრამ მიუხედავად მისა, იგი ყოველთვის თავმდაბალი და მორიდებული იყო. მთელი თავისი ქონების უდიდეს ნაწილს სამეცნიერო მუშაობაზე და ახალგაზრდა მეცნიერთა დასახმარებლად ხარჯავდა. იგი თავის მამულში მუშაობდა და იმდენად იყო გატაცებული მეცნიერული კვლევებით, რომ, დროის მოგების მიზნით შინაურებს ერთხელ და სამუდამოდ შემოკლებული ნიშნებით ელაპარაკებოდა. იმის გამო, რომ ქალთა მოძულე იყო, ოჯახს არ მოჰკიდებია.
მეცნიერული მოღვაწეობა კავენდიშმა ქიმიაში დაიწყო. მისი პირველი გამოკვლევა აირებს შეეხო. 1766 წელს მან შეისწავლა მარილმჟავასა და სუსტ გოგირდმჟავას მოქმედება თუთიასა და რკინაზე. შენიშნა, რომ ამ დროს რაღაც აირი გამოიყო. უფრო გვიან, ამ აირს წყალბადი ეწოდა, კავენდიში კი ამას „საწვავ ჰაერს" უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ წყალბადის თვისებები და სახელწოდებაც კი მეცნიერთათვის ჯერ უცნობი იყო, მან პირველმა განსაზღვრა მისი კუთრი სითბოტევადობა; ამ გამოკვლევამ დიდი სამსახური გაუწია აერნაოსნობას; 1783 წელს ჟ. შარლმა კავენდიშის მეთოდით მიიღო წყალბადი; რომლითაც გაავსო აეროსტატი და პირველი აფრენა მოაწყო. 1766 წელსვე მიიღო კავენდიშმა სუფთა ნახშირორჟანგა აირი და განსაზღვრა მისი კუთრი წონა. 1779-1783 წლებში კავენდიში სწავლობდა სხვადასხვა აირის შერევის საკითხებს, მათ ნარევში ელექტრონულ ნაპერწკალს ატარებდა და, ამგვარად, 1781-1782 წლებში აღმოაჩინა წყლის რთული ქიმიური შედგენილობა. მანამდე წყალი მარტივ ნივთიერებად იყო აღიარებული. სამი წლის შემდეგ, 1785 წელს, ლავუაზიემ და მენემ წყლის რაოდენობრივი ქიმიური ანალიზი დააზუსტეს. მეორე მხრივ, კავენდიშმა დააზუსტა ლავუაზიეს მიერ ადრე მიღებული შედეგები და განსაზღვრა ატმოსფეროს ჰაერში ჟანგბადის პროცენტული შედგენილობა.
ქავენდიშმა 1771-1773 წლებში პირველმა აღმოაჩინა ელექტროსტატისტიკის ძირითადი კანონი-უძრავი მუხტების ურთიერთქმედების შესახებ. სამწუხაროდ, კავენდიში თავის შრომებს ელექტროობის შესახებ არ ბეჭდავდა. 100 წელზე მეტ ხანს ელაგა ეს შრომები კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და მეცნიერებისათვის უცნობი დარჩა. მხოლოდ 1878 წელს შეისწავლა ისინი მაქსველმა და გამოაქვეყნა. მაგრამ ანალოგიური რაოდენობრივი გამოთვლები კავენდიშისგან დამოუკიდებლად უკვე შესრულებული ჰქონდა ფრანგ ფიზიკოსსა და ინჟინერს შარლ კულონს, ამ კანონს კულონის კანონი ეწოდა.
კავენდიში არჩეული იყო ინგლისის სამეფო საზოგადოებისა და პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. იგი გარდაიცვალა 1810 წლის 10 თებერვალს ლონდოში.
კემბრიჯის უნივერსიტეტში ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის კვლევითი ლაბორატორიების კომპლექსს დღემდე კავენდიშის სახელი შემორჩა. ამ ლაბორატორიებში იწვრთნებოდნენ მსოფლიოში გამოჩენილი ფიზიკოსები: რეზერფორდი, ბორი და სხვა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰენრი კავენდიში, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.