მიტროპოლიტი სვიმეონი ერისკაცობაში სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე (დ.
1875, ბუგეული, რაჭის მაზრა, რუსეთის იმპერია, — გ. 13 ნოემბერი, 1935, თბილისი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.
დაიბადა 1875 წელს რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში, სასულიერო პირის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. სიმონმა 1893 წელს მიიღო გადაწყვეტილება სასწავლებლად გადასულიყო სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ 1898 წელს იგი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც აკურთხეს მღვდლად. 1900 წელს იგი დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ. 1923 წლის ნოემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ სვიმეონი აკურთხა ეპისკოპოსად. ეპისკოპოსმა სვიმეონმა 1924 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოსადმი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სახელით გაგზავნილ მიმართვაში დაპატიმრებას გადარჩენილ სხვა მღვდელმთავრებთან ერთად (ეპისკოპოსი ქრისტეფორე, დავითი, ნესტორი) საბჭოთა ხელისუფლებას აღუთქვა ლოიალობა და თანამშრომლობა. 1926 წელს საკათალიკოსო საბჭომ უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით მიიღო გადაწყვეტილება ქუთათელი ეპისკოპოსის დავითის მაწყვერელად გადაყვანისა და ქუთათელად ეპისკოპოს სვიმეონის დანიშვნის შესახებ, თუმცა მეუფე დავითი არ დაეთანხმა საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებას. 1927 წელს ეპისკოპოსი სვიმეონი დაინიშნა ურბნისის ეპარქიის მმართველად. 1930 წელს ქუთაისის ეპარქია ჩააბარეს ეპისკოპოს სვიმეონს, რომელიც ამავდროულად აყვანილ იქნა მიტროპოლიტის პატივში.
1935 წლის 13 ნოემბერს მძიმე ოპერაციის დროს გარდაიცვალა მიტროპოლიტი სვიმეონი, რომელიც დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ. მიტროპოლიტი სვიმეონი რელიგიურ საკითხებზე ბეჭდავდა წერილებს „მწყემსში“ , „შინაურ საქმეებში“ , „ივერიაში“ და „ცნობის ფურცელში“.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სვიმეონი (ჭელიძე), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.