რკინადეფიციტური ანემია — ორგანიზმში რკინის დეფიციტი, რაც სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციის დაქვეითებას განაპირობებს.
რკინადეფიციტური ანემია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა (ანემიათა დაახლოებით 90% რკინადეფიციტური ხასიათისაა).
რკინადეფიციტური ანემია უპირატესად ზამთარსა და გაზაფხულზე ვიტარდება, როდესაც საკვები ღარიბია ვიტამინებიტა და მიკროელემენტებით.
რკინა შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში. ერითროციტები ქსოვილებსა და უჯრედებს ჰემოგლობინის საშუალებით ჟანგბადით ამარაგებენ, რკინის ნაკლებობა კი ჰემოგლობინის დეფიციტს განაპირობებს, რის შედეგადაც უჯრედების ჟანგბადით მომარაგება ფერხდება.
რკინა ასევე მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, სისხლძარღვთა კედლების, კუნთებისა და სხვა ორგანოების შენებაში. ამიტომ მისი ნაკლებობა სხვადასხვა უარყოფით შედეგს იწვევს.
ორგანიზმი რკინას არ გამოიმუშავებს, ის ორგანიზმში მხოლოდ გარემოდან საკვების საშუალებით ხვდება. ზოგიერთი საკვები პროდუქტი (მაგალითად, ხორცი) ორვალენტიან, ორგანიზმისთვის იოლად ასათვისებელ რკინას შეიცავს, ხოლო სხვა სახეობის საკვები (მაგალითად, ხილი და ბოსტნეული) სამვალენტიანი რკინითაა გაჯერებული. სამვალენტიანი რკინა ადამიანის ორგანიზმში დამატებით ცვლილებებს განიცდის- ორვალენტიანად გარდაიქმნება- და ორგანიზმი მას მხოლოდ ამის შემდეგ შეითვისებს.
ქალებს მამაკაცებზე ორჯერ მეტი რკინა ესაჭიროებათ. ქალის ორგანიზმი მენსტრუალური სისხლდენისა და ორსულობის გამო რკინას გაცილებით მეტი ინტენსივობით კარგავს. შედეგად, რკინადეფიციტური ანემია უმეტესად მდედრობით სქესს უვითარდება.
ანემიის შემთხვევაში ხშირია მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებში. სისხლწარმოქმნაზე დიდ გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონები. მამაკაცური ჰორმონი (ანდროგენი) აძლიერებს ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვას, ხოლო ქალის ჰორმონი (ესტროგენი), პირიქით, აფერხებს მას. გარდა ამისა, ორგანიზმს ზრდის პერიოდში დიდი რაოდენობით რკინა ესაჭიროება, ამიტომ ე.წ. გარდატეხის ასაკში გოგონებში ხშირად ვითარდება ანემია.
რკინადეფიციტური ანემიის დროს აღინიშნება: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, თავბრუდახვევა, იშვიათად- გულის წასვლა, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება.
ანემიური ადამიანი ფერმკრთალია. დაავადებისთვის დამახასიათებელია კანის სიმშრალე, კანზე (უპირატესად, ტუჩის კუთხეში) ნახეთქების გაჩენა, ფრჩხილების მტვრევადობა, მომატებული თმის ცვენა, კუნთებსა და მთელ სხეულში სისუსტის შეგრძნება. ხშირად- გემოს შეგრძნების გაუკუღმართება: მოსწონთ ბენზინის, საპნის, ნავთის სუნი, ცარცის ან მიწის ჭამის სურვილი უჩნდებათ.
რკინადეფიციტური ანემიის თანამდევი მოვლენებია: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, შეშუპების განვითარება.
ხშირად ანემია სრულიდ შეუმჩნევლად, ყოველგვარი გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ანემიის არსებობა მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზით ირკვევა.
ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა 120-160 გ/ლ-ია. მაჩვენებელი 120 გ/ლ-ზე, ანუ 72 ერთეულზე, დაბალია, ეს უკვე ანემიაა.
დაავადების მსუბუქი ფორმის არსებობისას ჰემოგლობინის რაოდენობა 90-110 გ/ლ-ია, საშუალო სიმძიმის შემთხვევაში- 80-89 გ/ლ, ხოლო მაჩვენებლის დაცემა 80გ/ლ-ზე ქვემოთ მძიმე ანემიაზე მიუთითებს. ანემიის ზუსტი დახასიათებისათვის უნდა განისაზღვროსს: ერიტროციტების რაოდენობა, ფორმა, ზომა და ა.შ.
რკინის პრეპარატების მიღებისას რკინის შემცველობა ორგანიზმში, როგორც წესი, მკურნალობის მესამე კვირას მატულობს, ნორმას კი მეცხრე-მეათე კვირაზე აღწევს. ადამიანი თავს უკეთ გრძნობს, თუმცაღა მკურნალობის შეწყვეტა დაუშვებელია. კურსი (დაახლოებით 3 თვე) ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. რკინადეფიციტური ანემია ადეკვატური და დროული თერააპიის შედეგად იოლად იკურნება.
This article uses material from the Wikipedia ქართული article რკინადეფიციტური ანემია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.