მინანქარი — მტკიცე მინისმაგვარი საფარი, რომლითაც ფარავენ ნაკეთობის ზედაპირს.
თითქმის ყველა მინანქრის ძირითადი კომპონენტებია: სილიციუმის დიოქსიდი , ბორმჟავა ანჰიდრიდი , ალუმინის ოქსიდი , ტიტანის დიოქსიდი , ტუტე და ტუტემიწა ლითონების, ტყვიის, თუთიის ოქსიდი, ზოგიერთი ფთორიდი და სხვა. მინანქარის არის საგრუნტო და მფარავი. საგრუნტო მინანქარს, რომელშიც შედის შესაჭიდებელი მასალები, იყენებენ ლითონსა და საფარს შორის შუალედური ფენის დასადებად, მფარავ მინანქარს კი უშუალოდ ადებენ მფარავ ზედაპირს.
მინანქარი იცავს ლითონს კოროზიისაგან და ანიჭებს ლამაზ გარეგნულ იერს. მინანქრით ზოგჯერ ფარავენ თუჯსა და ფოლადს, ზოგჯერ სპილენძს, ალუმინისა და სხვადასხვა შენადნობებისაგან დამზადებულ ნაკეთობებს. მომინანქრებულ ლითონს იყენებენ კვების, ქიმიურ, ფარმაცევტულ, ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, მშენებლობაში. მხურვალმტკიცე და მაღალკოროზიამდეგ მინანქრის საფარს იყენებენ რეაქტიულ ძრავებში, განსაკუთრებით აგრესიულ გარემოში მომუშავე აპარატებისათვის, სპეციალურ შენადნობების თერმული დამუშავებისა და ცხლად დეფორმაციის დროს.
ოქროს, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობათა მინანქრით შემკობა (ხატები, სხვადახსხვა დადანიშნულების რელიგიური ნივთები, ჭურჭელი, საიუველირო ნაკეთობანი და სხვა). მინანქრის ტექნიკა უძველესი დარგია, მინანქრის ტექნიკური პროცესი მრავალფეროვანია. დამზადების და მიხედვით განასხვავებენ ამოღრმავებულ, ტიხრულ, კვეთილ და ფერწერულ მინანქრად.
XIX-XX საუკუნეებში მთელ მსოფლიოში ამზადებდნენ სხვადასხვა ტექნიკით მომინანქრებულ ნაკეთობებს. მინანქრის წარმოების ცენტრები იყო პარიზი, ბრიუსელი, ვენა, მოსკოვი, პეტერბურგი. XIX საუკუნის უდიდესი ოსტატია კოლოდიუს პოპლენი.
მინანქარი ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ცნობილია ტიხრული მინანქრის სახით. ტვიფრული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთივე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის კარედზე შემონახული მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისაგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ეგრეთ წოდებული ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შალვა ამირანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია. უძელესი VIII საუკუნითაა დათარიღებული. ესაა კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში), ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მინანქრით შესრულებული ენკოლპიონი. IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართული ტიხრული მინანქარი, XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდედის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ტიხრული მინანქარია. ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებში აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმინდა გიორგის ორი ხატი (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
This article uses material from the Wikipedia ქართული article მინანქარი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.