მელოურის მღვიმე, სამგლიას მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, სოფელ ქვილიშორთან, ადგილ მელოურის ტერიტორიაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
შესასვლელი იხსნება შერეულ მეჩხერ ტყეში მდებარე კარსტული ძაბრის ფსკერზე, ზღვის დონიდან 424 მ სიმაღლეზე. ზედაპირზე ძირითადად გავრცელებულია თხელი და საშუალოშრეებრივი კარბონატული ქვიშაქვები. შრეებრიობის დაქანების აზიმუტი 260°–270°/15; კარგადაა გამოხატული დიაგენეტური ნაპრალები 100°–105°/15, 15°–20°/80°–85°; ეს ნაპრალები როგორც წესი, ერთი შრის ფარგლებს სცილდება და რამდენიმე შრეს მოიცავს.
მელოურის მღვიმე | |
---|---|
კოორდინატები: 42°23′14″ ჩ. გ. 42°37′40″ ა. გ. / 42.3873500° ჩ. გ. 42.627833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 424 მ |
სიგრძე | 3000 მ |
მისასვლელი | კარსტული ძაბრის ფსკერი |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ჰავა | დინამიკური |
მღვიმის შესასვლელს გააჩნია მართი სამკუთხედის ფორმა, რომელსაც სიგანე 5 მ, სიმაღლე 2 მ აქვს. იხსნება ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე. ძაბრის სიღრმე 8–10 მ-ია, ფსკერის ფართობი 3 მ². მღვიმის შესასვლელი ნაწილი ძლიერაა დანაპრალებული, რამაც წინა ნაწილის ნგრევა გამოიწვია, ნაპრალების ხშირ ქსელში გამოიკვეთება 140°–320° და 100°–280°-ის მიმართულების ნაპრალები. ქანების შრეების წოლის ელემენტებია: ვარდნის აზიმუტი 250–12–15, მიმართება 160°–240°.
დღეისათვის გავლილი და აგეგმილია 3 კმ სიგრძის მღვიმური დერეფნები და დარბაზები. გავლილია დამატებით 2 კმ-იანი დერეფანი, მაგრამ არაა აგეგმილი. მელოურის მღვიმეში აღსანიშნავია ვერტიკალური ნაპრალი 40°–184°, რომელიც კალციტის ქერქით და ნაღვენთებით არის ამოვსებული. ეს ნაპრალი, მის შუა ნაწილში იკვეთება 270°–290° ვერტიკალური ნაპრალით, რომელთა გადაკვეთის ადგილებში გაჩენილია ვრცელი დარბაზები.
გეგმაში მღვიმე გვაგონებს ზედაპირული მდინარის სისტემას: გააჩნია მსხვილი ძირითადი ნაწილი და შედარებით ვიწრო შენაკადები (დერეფნები). მღვიმეში კარგად იკვეთება მორფოლოგიურად მკვეთრად განსხვავებული ორი მონაკვეთი ფართო დარბაზებისა და ნაპრალური გასასვლელების სახით. ფართო ნაწილი მშრალ-გალერეულ სტადიაშია, მაგრამ ჭერის ნგრევას ადგილი უნდა ჰქონოდა მდინარეულ-დერეფნულ სტადიაში: „მცირე სიღრმეზე განვითარებული მღვიმის თაღის ნგრევა, როგორც წესი ხდება წყლიან-გალერეულ სტადიაში“. ამასვე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სტალაგმიტები, რომელთაგანაც ზოგიერთის ზომა 2 მ-მდე აღწევს, დაზრდილია ჭერიდან მორღვეულ ლოდებზე. მღვიმეში არსებული ფართო და მაღალჭერიანი დარბაზები მდიდარია დიდი ზომის სტალაქტიტ-სტალაგმიტებით, კალციტის ქერქით, ნაღვენთი კედლებითა და მოფარდაგებებით. ქვედა სართულებზეა ჰელიქტიტები. ნაღვენთების ფერი ღია-მოყავისფროა. გვხვდება ტალახის სტალაგმიტებიც. მღვიმეში ჰაერის მკვეთრი მოძრაობა მის ვიწრო ნაპრალებსა და ქვედა სართულზე აღინიშნება.
დარბაზების ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წარმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი, რომელიც კანიონში გადაადგილებისას გზადაგზა ჩქერებსა და ჩანჩქერებს, ხოლო ბოლო მონაკვეთში სიფონურ ტბას აჩენს. მღვიმური ამომავსებლებიდან ძირითადი ადგილი უკავია გრავიტაციულ გროვებს. ბუნების ძეგლია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მელოურის მღვიმე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.