ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ.
1770 — გ. 1844, თეირანი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ძე.
აღიზარდა კათოლიკე პატრების მეთვალყურეობით. 17-18 წლისა უკვე მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ხელმძღვანელობდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დანგრეული თბილისის აღდგენას. საუფლისწულო ქვემო ქართლში ჰქონდა. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ებრძოდა გიორგი XII-ს. როდესაც ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთდა, ალექსანდრე ბატონიშვილმა დაიწყო ბრძოლა სამეფოს აღსადგენად. 1802-1803 წლებში დახმარება სთხოვა ამიერკავკასიის (ერევნის, ნახიჭევნის, განჯის) სახანოებს; შემდეგ კი ირანში წავიდა. რუსეთ-ირანის 1804-1813 წლების ომის დროს თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს წერილებს უგზავნიდა რუსეთის მოხელეებს და ჰპირდებოდა, თუ ქართლ-კახეთის სამეფოს აღადგენდნენ, ბრძოლას შეწყვეტდა.
1812 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოში ჩამოვიდა და კახეთის აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. აჯანყების დამარცხების შემდეგ დაღესტანში გაიქცა და 1818 წლამდე დაჰყო იქ.
1819 წლიდან კვლავ ირანში გაემგზავრა. 1820 წლის მაისში ალექსანდრე ბატონიშვილი დაქორწინდა ერევნის მელიქის სააკ (ისაკ) აღამალიანის 14 წლის ასულ მარიამზე. ჯვრისწერა გაიმართა ეჩმიაძინის ტაძარში. სპარსეთის შაჰის მემკვიდრემ და აზერბაიჯანის ჯანიშინმა აბას-მირზამ ალექსანდრეს რამდენიმე სოფელი აჩუქა სალმატის მაზრაში, საიდანაც მან საცხოვრებლად აირჩია სოფელი ხოსროვი, სადაც სომხები და ასურელები ცხოვრბდნენ. იქვე შეეძინა ვაჟი ირაკლი. მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის 1826-1828 წლების ომში. ომში რუსეთის გამარჯვების შემდეგ ოჯახთან ერთად თურქეთის ტერიტორიას შეაფარა თავი, მოგვიანებით კი ცოლ-შვილი მაინც ერევანში, სიმამრის ოჯახში გაგზავნა. 1832 წელს შეთქმულების მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ მისი მოწვევა საქართველოს მეფედ. სიცოცლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა. გარდაიცვალა თეირანში. დაკრძალულია იქვე, სომხური ეკლესიის ეზოში.
1820 წლის მაისში ალექსანდრე ბატონიშვილი დაქორწინდა ერევნის მელიქის სააკ (ისაკ) აღამალიანის 14 წლის ასულ მარიამზე, მასთან შეეძინა ვაჟი ირაკლი.1827 წელს ერევნის რუსეთის მიერ აღების შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილის ცოლ-შვილი და სიმამრი დარჩა ერევანში. რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ როზენის მეშვეობით ცდილობდა, დაეყოლიებინა მარიამი შვილის პეტერბურგში გაგზავნაზე. მიუხედავად დედის წინააღმდეგობისა, 1834 წელს ირაკლი ბატონიშვილი გვარდიის ოფიცრის, თავად თუმანოვის თანხლებით გაგზავნეს პეტერბურგში, სადაც შეიყვანეს პაჟთა კორპუსში და დაუნიშნეს პენსია. სამხედრო სამსახურში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება, თბილისში დაბრუნების ნებართვა მიიღო მიხეილ ვორონცოვისგან 1844 წელს. 1864-66 წლებში ურთიერთობა ჰქონდა ბერტა ფონ ზუტნერთან. ცოლად შეირთო თამარ ჭავჭავაძე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი. გარდაიცვალა 1882 წლის 27 აპრილს.
ალექსანდრეს ასული ელისაბედი გარდაიცვალა თეირანში 1836 წელს, დაკრძალულია სომხურ ეკლესიაში, ტრაპეზის გასწვრივ სამხრეთის უკანა კედელში არის ჩასმული თეთრი მარმარილო რუსული წარწერით:
-
This article uses material from the Wikipedia ქართული article ალექსანდრე ბატონიშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.