ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ.
Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის იყო და იმ დროისთვის, დედამიწაზე არსებულ, ადამიანის მიერ აგებულ ყველაზე მაღალ ნაგებობათა სიაში, მეორე ადგილას უნდა ყოფილიყო ხეოფსის პირამიდის შემდგომ.
თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა და მისი შუქი 100 კილომეტრზე აღწევდა, ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკება. მოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ალექსანდრიის შუქურა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.