აზერბაიჯანის საფოსტო მარკები და საფოსტო ისტორია აღწერს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საფოსტო მარკების ისტორიასა და საფოსტო სისტემას, რომელშიც ასახულია 1806 წელს რუსეთის იმპერიაში მისი შეყვანიდან, მცირე ხნით დამოუკიდებლობის პერიოდის (1918-1920), 1920 წლიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისა და 1991 წლის შემდეგ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პოლიტიკური ისტორია.
თანამედროვე საფოსტო მომსახურება აზერბაიჯანში XIX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, როდესაც აზერბაიჯანი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. პირველი საფოსტო ოფისი ელიზავეტპოლში (ამჟამინდელი განჯა) 1918 წელს გაიხსნა. 1826 წელს ბაქოში წერილების გადაგზავნის სერვისი ჩამოყალიბდა, რის შემდეგაც 1828 წელს ნახიჩევანშიც გაიხსნა ოფისი. საფოსტო ოფისები გაიხსნა ყუბაში, შუშაში, შემახაში, ლენქორანში, შაქში და სალიანში. რუსეთის იმპერიის საფოსტო ნიშნები და საფოსტო მარკები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იბეჭდებოდა 1858 წლიდან. ადრეული საფოსტო ნიშნები სხვადასხვა მოყვანილობის წერტილებისგან შედგებოდა. მალევე გამოიცა ქალაქების დასახელებიანი საფოსტო ნიშნები.
აზერბაიჯანის პირველი საფოსტო მარკები 1919 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოიცა. ამ პერიოდის მარკებში ორი ტიპი აშკარად გამოირჩევა: 1919 წელს გამოშვებული თეთრ ფურცელზე დაბეჭდილი მარკები თეთრი ფხრიწით და 1920 წელს გამოშვებული ყვითელ ქაღალდზე დაბეჭდილი მარკები ყვითელი ფხრიწით ან მის გარეშე.
1920 წლის 27 აპრილს საბჭოთა არმიამ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი, ბაქო დაიკავა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში პირველი საფოსტო მარკები 1921 წელს გამოუშვეს და 15 მარკის ნაკრებისგან შედგებოდა, რომლებზეც ადგილობრივი და პოლიტიკური ხედები იყო გამოსახული, მათ შორის ნავთობჭაბურღილები და მეჩეთები. ასს რესპუბლიკაში პერიოდულად იბეჭდებოდა მარკები, რომლებიც სსრ კავშირის სხვადასხვა ნაწილს ეძღვნებოდა. მთელი საბჭოთა პერიოდის მანძილზე ცენტრალური მთავრობის თანხმობით 60-მდე მარკა გამოუშვეს, რომლებზეც აზერბაიჯანული ნაციონალისტური და ეთნიკური თემები იყო აღბეჭდილი, მათ შორის: მოწინავე ფიგურები, შენობები, ფლორა, ფაუნა და აზერბაიჯანთან დაკავშირებული სხვა თემები.
1922 წლის 12 მარტს აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ამერიკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანეს. აზერბაიჯანული საფოსტო მარკები თავდაპირველად აზერბაიჯანული ვალუტის შესაბამისად იბეჭდებოდა, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიური რუბლის შესაბამისად. გადაჭარბებული რაოდენობით დაბეჭდილი საბჭოთა მარკები 1923 წელს გამოვიდა. იმავე წლის 1 ოქტომბრიდან აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საფოსტო მარკები მთლიანად შეცვალა ამიერკავკასის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მარკებმა, რომლებიც 1936 წლამდე, ასსფრ-ის დაშლამდე გამოიყენებოდა. 1936 წლიდან 1991 წლამდე აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ქვეყნის მასშტაბით საბჭოური მარკები იყო მიმოქცევაში.
1991 წლის 18 აგვისტოს აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ეწოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველი საფოსტო მარკები 1992 წლის 26 მარტს დაიბეჭდა და ქვეყნის დამოუკიდებლობას მიეძღვნა. აზერაიჯანის ნაციონალური საფოსტო სერვისი აზერბაიჯანის ფოსტა 1992 წელს დაარსდა, რომლის რესტრუქტურიზებაც 1999 წელს მოხდა და ეროვნული საფოსტო ოპერატორი 2004 წელს გახდა. ეროვნული საფოსტო მარკების კომპანია Azermarka 1992 წელსვე დაფუძნდა. იგი აზერბაიჯანული სფოსტო მარკების გამოშვებასა და გაყიდვაზეა პასუხისმგებელი. 1993 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანი მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი გახდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article აზერბაიჯანის საფოსტო მარკებისა და ფოსტის ისტორია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.