იაშთხვა — პალეოლითური ხანის ღია ტიპის ნამოსახლარი-სახელოსნო ქ.
სოხუმის ჩრდილოეთით 2 კმ-ზე, ოსტროუმოვის ხეობასა და იაშთხვისა და ბირცხის მთებს შორის, ზღვის დონიდან 80-140 მ. არქეოლოგიული კვლევა-ძიება ჩატარდა 1935-1938 წლებში (სერგეი ზამიატნინი). ძეგლზე, რომლის ფართობი რამდენიმე ჰა, ზამიატნინმა გამოჰყო 14 პუნქტი, სადაც თავმოყრილია ქვის მასალა. ნივთების დიდი ნაწილი ნაპოვნია მიწის ზედაპირზე, ნაწილი — გათხრების შედეგად. მასალად გამოყენებულია დანიური იარუსის კაჟი. იაშთხვის კოლექციაში აშელის, მუსტიეს და ზედა პალეოლითის ხანის რამდენიმე ათასი ქვის ნივთია. ანატკეცებისთვის დამახასიათებელია მასიურობა, დარტყმის დიდი მოედანი, რელიეფური ბურცობი და სქელი პატინა. ხელცულები და საჩეხი იარაღი მასიურია და პრიმიტიულადაა დამუშავებული. გვხვდება კლექტონური ანატკეცები. ლევალუაზური ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. შედარებით მცირეა შუა პალეოლითური (მუსტიეს) და ზედა პალეოლითური მასალა. მუსტიეს ხანისაა ქვის სახოკები, წვეტანები, ნაწილობრივ ორმხრივ დამუშავებული იარაღი და სხვა. ზედა პალეოლითურია სხვადასხვა სახის საჭრისები და საფხეკები.
1958 წელს იაშთხვზე აღმოჩნდა (ნიკოლოზ ბერძენიშვილი) ახალი პუნქტები, სადაც ნაპოვნია მრავალრიცხოვანი ქვის ნაწარმი (მ. შ. აშელის ადრინდელი პერიოდის ხელცულები). 1961-1965 წლებში გამოვლინდა ქვედა და შუა პალეოლითური ხანის მასალის თავმოყრის პუნქტები (ი. კორობკოვი).
This article uses material from the Wikipedia ქართული article იაშთხვის სადგომი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.