განძიელი — შუა საუკუნეების ქართველ დიდებულთა გვარი.
მისი წარმომადგენლები ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით 1727 წელს თრიალეთიდან ქსანში შემოვიდნენ და მოღვაწეობდნენ, როგორც ქსნის საერისთოს გვერდის ძირის აზნაურები. განძიელები ამ წოდებითაა მოხსენიებული გეორგიევსკის ტრაქტატში, რომელიც 1783 წელს გაფორმდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ განძიელები სულ მცირე 1783 წლამდე აღმოსავლეთ საქართველოს გვერდის ძირის აზნაურნი იყვნენ. შემდგომად ამისა, განძიელების გვარი (ან გვარის ერთი გარკვეული ნაწილი) გადავიდა იმერეთში, სადაც ეს გვარი „იმერეთ შესცვალეს ენის თვისებისა გამო გეგელიათ.“ განძიელების გვარის ასეთი გეოგრაფიული გადაადგილება ხსნის იმას თუ რატომ არიან დღესდღეობით იმერელი და მეგრელი გეგელიები.
ვახუშტი იუწყება, რომ განძიელები თავდაპირველად იყვნენ განძიძეები, სომხების მთავარნი განძაში დადგენილი ბერძნების მიერ 1038 წელს. როდესაც „დამდაბლდა სომეხთა სამეფო და იქმნა აღრეულობა, [ესენი] მოვიდნენ და დასახლდენ ადგილსა თრიალეთისასა, განძად წოდებულსა.“ შემდგომად ამისა, ვახუშტი წერს, რომ თრიალეთიდან განძიძეები „შთამოვიდნენ ვახტანგ მეფის დროს 1727 წელს“ და იწოდნენ განძიელებად, მათი უკანასკნელი ადგილსამყოფის აღსანიშნავად. იმის გათვალისწინებით, რომ გეორგიევსკის ტრაქტატში განძიელები ქსნის საერისთავოს გვერდის ძირის აზნაურებად არიან მოხსენიებული სავარაუდოა, რომ ვახუშტი თრიალეთიდან შემოსვლაში განძიელების ქსანში დაფუძნებას გულისხმობდა. ვახუშტი ასევე წერს, რომ განძიელებმა უმაღლესი დიდებულის ტიტული რაც მათ სომხეთში ჰქონდათ დაკარგეს და „შეიქმნენ აზნაურნი“ რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს სომხეთის სამეფოში არსებულ „აღრეულობას“, რომლის შედეგადაც განძიელებმა მთავრის ტიტული ვერ შეინარჩუნეს.
ვახუშტის ჩანაწერების მიხედვით, „ესენი ცნობილნი იყვნენ დროსა მეფის ვახტანგისა, და თეიმურაზისასა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინაცა.“
უცნობია, თუ ზუსტად რა ეტაპზე გადავიდნენ განძიელები იმერეთში და შემდგომში ოდიშის სამთავროში, სადაც ისინი საბოლოოდ დადიანებთან დაახლოებული პირები გახდნენ. იონა მეუნარგია წერს, რომ თავად ლევან დადიანს მარტვილში მოკრძალებული ოდის მაგიერ სასახლის აშენება არჩილ ბატონიშვილმა და გიორგი გეგელიამ ურჩიეს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article განძიელი-გეგელია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.