მზის სისტემა

მზის სისტემა შედგება მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან.

მზის სისტემა ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „მზის სისტემა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. მზის სისტემა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ, მოლეკულური ღრუბლის კოლაფსის შედეგად მოხდა. სისტემის მასის უმეტესობას (99,86 %) მზე შეიცავს. ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტა — მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი (მათ ასევე მოიხსენიებენ, როგორც კლდოვანი პლანეტები), ძირითადად, ქვისა და მეტალისგან შედგება, ხოლო ორი უდიდესი პლანეტა — იუპიტერი და სატურნი, ძირითადად, წყალბადითა და ჰელიუმითაა გაჯერებული. ორ უშორეს პლანეტაზე — ურანსა და ნეპტუნზე მეთანის, წყალბადისა და ამიაკის ყინულების დიდი მარაგია, რის გამოც მათ ზოგჯერ „ყინულის გიგანტებად“ მოიხსენიებენ.

მზის სისტემა
მზის სისტემის კომპიუტერული მოდელი. ინფოპლაკატზე ყველა პლანეტის მასა, დაშორება და სხვა მახასიათებლებია აღბეჭდილი
მზის სისტემა

მზის სისტემაში ასევე არის რეგიონები, სადაც შედარებით პატარა ობიექტები ბინადრობს. ასტეროიდული სარტყელი, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს, კლდოვანი პლანეტების მსგავსია, რადგან მათ შედგენილობაში ძირითადად ქვა და მეტალი შედის, თუმცა ზომით ძალიან პატარებია, პლანეტებად რომ ჩაითვალოს. ნეპტუნის ორბიტის გაღმა კოიპერის სარტყელი — მიმოფანტული დისკო მდებარეობს. მასში ე. წ. ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტები ბინადრობს, რომლებიც წყლის, მეთანისა და ამიაკის ყინულებითაა გაჯერებული. ამ არეალში 5 ცალკეული ობიექტი გამოიყოფა: ცერერა, პლუტონი ჰომეა, მაკემაკე და ერისი. ისინი საკმარისად დიდებია იმისთვის, რომ თავიანთი გრავიტაციით მრგვალი (მთლად მრგვალი არა, მომრგვალო) ფორმა მიიღონ. სწორედ ამიტომ, მათ ჯუჯა პლანეტებად მოიხსენიებენ.

მზიური ქარი — მზიდან წამოსული პლაზმა, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში ქმნის დიდ ბუშტს, სახელად ჰელიოსფერო. ურტის ნისლეული, რომელიც მიჩნეულია, რომ გრძელპერიოდიანი კომეტების წყაროა, შესაძლებელია 1000-ჯერ შორს მდებარეობდეს, ვიდრე ჰელიოსფერო. ჰელიოპაუზა არის ის წერტილი, როდესაც მზიური ქარის წნევა ტოლია ვარსკვლავთშორისი ქარის (ანუ საპირისპირო) წნევისა. მზის სისტემა მოთავსებულია ირმის ნახტომის ერთ-ერთ მკლავში. ჩვენი მზის სისტემა ცენტრალური შავი ხვრელიდან 26 000 სინათლის წლითაა დაშორებული.

აღმოჩენა და კვლევა

მზის სისტემა 
კოპერნიკისეული სისტემის ილუსტრაცია, რომელიც ანდრეას ცელარიუსს ეკუთვნის. Harmonia Macrocosmica (1660)-დან.

ათასეულობით წლის განმავლობაში, ადამიანები მზის სისტემის არსებობას ვერ ამჩნევდნენ (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლის პიროვნებას). ხალხს მიაჩნდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრში მოთავსებული სტაციონალური (უძრავი) ობიექტი იყო, რომელიც მთლიანად განსხვავდებოდა იმ ობიექტებისაგან, რომლებიც ღამის ცაზე მოძრაობდა. თუმცა, ბერძენ ფილოსოფოსს არისტარქეს მოსაზრება ჰქონდა ჰელიოცენტრულ გადაადგილებაზე, ხოლო ნიკოლას კოპერნიკი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მათემატიკურად იწინასწარმეტყველა ჰელიოცენტრული სისტემა. მისმა XVII საუკუნის მემკვიდრეებმა — გალილეო გალილეიმ, იოჰანეს კეპლერმა და ისააკ ნიუტონმა ფიზიკის საკითხი განავითარეს, რომელმაც საერთო თანხმობა მისცა იმ აზრს, რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და ეს პლანეტები იმავე ფიზიკური ძალით იმართება, რითაც დედამიწა. გარდა ამისა, ტელესკოპის გამოგონებამ მეცნიერებს საშუალება მისცა უფრო შორეული პლანეტები და მთვარეები აღმოეჩინათ. შედარებით გვიან, ტელესკოპების გაუმჯობესებამ და უპილოტო ზონდების გაშვებამ საშუალება მოგვცა სხვა პლანეტებზე გამოგვეკვლია ისეთი გეოლოგიური ფენომენები, როგორებიცაა მთები და კრატერები, სეზონური მეტეოროლოგიური ფენომენები — ღრუბლები, მტვრის შტორმები და სხვა.

სტრუქტურა და შედგენილობა

მზის სისტემა 
პლანეტების ორბიტების შედარება (მარცხნივ, ზემოდან საათის ისრის მიმართულებით)

მზის სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილი მზეა — მთავარი მიმდევრობის G2 ტიპის ვარსკვლავი, რომელიც მზის სისტემის მასის 99,86 %-ია. იგი გრავიტაციულად დომინირებს მთელ სისტემაში. მზის ოთხი უდიდესი პლანეტა — გაზური გიგანტები, დანარჩენი მასის 99 %-ია, მარტო იუპიტერი და სატურნი კი 90 %-ზე მეტი.

მზის გარშემო მოძრავი დიდ ობიექტთა უმეტესობა დედამიწის ორბიტის სიბრტყესთან ახლოს (სახელად ეკლიპტიკა) მოძრაობს. პლანეტები ძალიან ახლოსაა ეკლიპტიკასთან, ხოლო კომეტებს და კოიპერის სარტყლის ობიექტებს ხშირად შედარებით დიდი დახრილობა აქვს ეკლიპტიკის მიმართ. ყველა პლანეტა და სხვა ობიექტთა უმეტესობა იმავე მიმართულებით ბრუნავს, საითაც მზე. არსებობს გამონაკლისები, მაგალითად ჰალეის კომეტა.

ანიმაციებზე ნაჩვენებია მზის სისტემა, სადაც დედამიწის ეკლიპტიკა მზის გარშემო ბრუნავს. მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი ორივე პანელშია ნაჩვენები; მარჯვენა პანელი ასევე გვიჩვენებს იუპიტერის სრულ ბრუნს სატურნთან და ურანთან ერთად, რომლებიც სრულ ბრუნზე ნაკლებს აკეთებს.

მზის სისტემის საერთო სტრუქტურას მზე შეადგენს — ოთხი შედარებით პატარა შიდა პლანეტით, რომლებიც გარშემორტყმულია ასტეროიდული სარტყლით, და ოთხი გაზის გიგანტი, რომელთაც გარს კოიპერის სარტყლის გაყინული ობიექტები აკრავს. ზოგჯერ ასტრონომები ამ სტრუქტურას ორ რეგიონად ყოფენ: შიდა მზის სისტემა მოიცავს 4 კლდოვან პლანეტას და ასტეროიდულ სარტყელს. გარე მზის სისტემა კი ასტეროიდების გაღმა ვრცელდება, 4 გაზური გიგანტის ჩათვლით.

მზის სისტემაში პლანეტეთა უმეტესობა მეორად სისტემებს ფლობს, რომელიც მათ გარშემო მოძრავი პლანეტარული ობიექტებია — ბუნებრივი თანამგზავრები ან მთვარეები (ორი მათგანი პლანეტა მერკურიზე დიდია), ან გაზური გიგანტების შემთხვევაში - პლანეტარული რგოლები. ეს უკანასკნელი პაწაწინა ნაწილაკების თხელი ჯგუფია, რომლებიც შეთანხმებულად მოძრაობს პლანეტის გარშემო. უდიდეს მთვარეთა უმეტესობა სინქრონულ ბრუნვაშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთვარე მუდამ ერთი მხარითაა მიბრუნებული თავის დედაპლანეტასთან (სპინ-ორბიტალური რეზონანსი 1:1... ამის გამო ვხედავთ ჩვენ მთვარის მხოლოდ „ახლო მხარეს“).

კეპლერის პლანეტარული მოძრაობის კანონები ობიქტების მოძრაობას აღწერს მზის გარშემო. ამ კანონების თანახმად, თითოეული ობიექტი ელიფსურად მოძრაობს მზის გარშემო, ერთი ცენტრის გარშემო. ობიექტები, რომლებიც მზესთან უფრო ახლოს მდებარეობს (მათ შედარებით მცირე დიდი ნახევარღერძები აქვს) უფრო სწრაფად მოძრაობს, რადგან მზის გრავიტაცია მათზე უფრო დიდ გავლენას ახდენს (რადგან ახლოსაა). ელიფსურ ორბიტაზე სხეულის დაშორება მზიდან წლის განმავლობაში იცვლება. სხეულის უახლოეს წერტილს მზემდე ეწოდება პერიჰელიუმი, ხოლო უშორესს აფელიუმი. პლანეტების ორბიტები თითქმის წრიულია, მაგრამ ბევრი კომეტა, ასტეროიდი და კოიპერის სარტყლის ობიექტი ძალზე ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობს. მზის სისტემაში სხეულების პოზიციების წინასწარმეტყველება შესაძლებელია რიცხობრივი მოდელების გამოყენებით.

ჩვენი მზე, რომელშიც მზის სისტემის თითქმის მთელი მატერიაა თავმოყრილი, დაახლოებით 98 % წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. იუპიტერს და სატურნს, რომლებიც მზის სისტემის დანარჩენ მატერიას თითქმის სრულად შეიცავს, ატმოსფეროში ამავე ელემენტების 99 % მაგარი აქვს. მზის სისტემაში შემადგენლობის გრადიენტი არსებობს, რომელსაც მზის სითბო და წნევა წარმოქმნის. ის ობიექტები, რომლებიც მზესთან შედარებით ახლოსაა, უფრო მეტად ექცევა მზის სითბოსა და წნევის ქვეშ, რის გამოც ისინი უფრო მაღალი დნობის ტემპერატურიანი ელემენტებითაა გაჯერებული, ხოლო უფრო შორი ობიექტები მზიდან, ძირითადად, შედარებით მსუბუქი ელემენტებისგან შედგება.

შიდა მზის სისტემაში არსებული ობიექტები, ძირითადად, ქვისგან შედგება (ქვა კრებითი სახელია დნობის მაღალ ტემპერატურიანი ელემენტებისთვის, როგორებიცაა სილიკატები, რკინა ან ნიკელი, რომლებიც მყარად რჩება პროტოპლანეტარულ ნისლეულის თითქმის ყველა მდგომარეობაში). იუპიტერი და სატურნი, ძირითადად, გაზებისგან შედგება. გაზი ასტრონომიული ტერმინებით ისეთ მატერიას მოიცავს, რომელსაც დნობის ძალიან დაბალი ტემპერატურა აქვს, ხოლო ორთქლის მაღალი წნევა. ასეთებია მოლეკულარული წყალბადი, ჰელიუმი და ნეონი, რომლებიც ყოველთვის გაზურ მდგომარეობაში იყო ნისლეულში. ყინულებს, როგორებიცაა წყალი, მეთანი, ამიაკი, წყალბადის სულფიდი და ნახშირორჟანგი, დნობის ტემპერატურა რამდენიმე ასეული გრადუსი აქვს კელვინით, ხოლო მათი მდგომარეობა დამოკიდებულია გარემომცველ წნევასა და ტემპერატურაზე. ეს ყინულები შესაძლოა ნებისმიერ მდგომარეობაში აღმოვაჩინოთ მზის სისტემის განსხვავებულ ადგილებზე, ხოლო ნისლეულში ისინი მყარ ან გაზურ მდგომარეობაში იყო. ყინულოვანი მატერია გიგანტი პლანეტების თანამგზავრებზე გვხვდება, ასევე ყინულის მარაგი დიდია ურანსა და ნეპტუნზე, რის გამოც მათ „ყინულოვან გიგანტებს“ უწოდებენ.

ვოიაჯერ 1-ით დანახული მზის სისტემა დედამიწიდან 6 მილიარდზე მეტი კილომეტრის დაშორებიდან.
მზის სისტემა 
ვენერა, დედამიწა („მკრთალი ლურჯი წერტილი“), იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი (13 სექტემბერი, 1996).

მანძილები და მასშტაბები

მზის სისტემა 
მზის სისტემის პლანეტების შედარება: იუპიტერი და სატურნი (ზედა მწკრივი), ურანი და ნეპტუნი (მათ ქვემოთ), დედამიწა და ვენერა, მარსი და მერკური.

მზიდან დედამიწამდე მანძილი 1 ასტრონომიული ერთეულია (150 000 000 კილომეტრი). შედარებისთვის, მზის რადიუსი სულ რაღაც 0,0047 ასტრონომიული ერთეულია (700 000 კმ.). აქედან გამომდინარე, მზე დედამიწის ორბიტის რადიუსის მქონე სფეროს მოცულობის 0,00001 %-ს იკავებს, ხოლო დედამიწის მოცულობა მზის მოცულობის მემილიონედ ნაწილს იკავებს. ყველაზე დიდი პლანეტა იუპიტერი მზიდან 5,2 ასტრონომიული ერთეულითაა (780 000 000 კმ.) დაშორებული და მისი რადიუსი 71 000 კილომეტრია (0,00047 ასტრონომიული ერთეული), ხოლო ყველაზე შორეული პლანეტა ნეპტუნი მზიდან 30 ასტრონომიული ერთეულითაა (4,5x109 კმ.) დაშორებული.

რამდენიმე გამონაკლისით, რაც უფრო შორსაა პლანეტა (ან სარტყელი) მზიდან, მით უფრო დიდია მანძილი მის ორბიტასა და მის შემდეგ მდებარე ობიექტის ორბიტას შორის. მაგალითად, ვენერა დაახლოებით 0,33 ასტრონომიული ერთეულით უფრო შორსაა მზიდან, ვიდრე მერკური, ხოლო სატურნი — 4,3 ასტრონომიული ერთეულითაა იუპიტერიდან, ნეპტუნი კი 10 ასტრონომიული ერთეულით ურანიდან. იყო მცდელობები, რომ ამ ორბიტალურ მანძილებს შორის კავშირი განესაზღვრათ (მაგალითად, ტიტიუს-ბოდეს კანონი), მაგრამ არც ერთი ასეთი თეორია არ იქნა მიღებული.

მზის სისტემის ზოგიერთი მაკეტი ცდილობს, გადაიყვანოს მზის სისტემის მასშტაბები ყველასათვის გასარკვევ ერთეულებზე. ზოგი მცირეა მასშტაბით, ხოლო ზოგი მთელ ქალაქში ან რეგიონშია გადაჭიმული. უდიდესი ასეთი მოდელი, შვედური მზის სისტემა, იყენებს 110 მეტრიან „ერიქსონის სფეროს“ მზის ატრიბუტად სტოკჰოლმში. მომდევნო იუპიტერია, რომელიც 7,5 მეტრის სფეროა არლანდას საერთაშორისო აეროპორტში, 40 კილომეტრის მოშორებით, ხოლო უშორესი ობიექტი სედნა 10 სანტიმეტრის სფეროა ლულეაში, 912 კილომეტრის მოშორებით.

თუ მზისა და ნეპტუნის დაშორებას 100 მეტრამდე შევამცირებთ, მაშინ მზის დიამეტრი 3 სანტიმეტრის იქნება, ხოლო გაზური გიგანტები - 3 მილიმეტრზე პატარები. დედამიწის დიამეტრი და სხვა კლდოვანი პლანეტები ამ მასშტაბზე რწყილის ზომის (0,3 მმ.) იქნება.

მზის სისტემა 
მზის სისტემის ობიექტები დაშორების მიხედვით.

წარმოქმნა და ევოლუცია

მზის სისტემა 4,568 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა დიდ მოლეკულურ ღრუბელში არსებულ რეგიონის გრავიტაციული კოლაფსით. ეს თავდაპირველი ღრუბელი შესაძლოა რამდენიმე სინათლის წლის მანძილზე იყო გადაჭიმული და რამდენიმე ვარსკვლავიც წარმოქმნა. რადგანაც ეს ტიპური მოლეკულური ღრუბელია, ის შედგებოდა უმეტესად წყალბადისგან, რაღაც რაოდენობით ჰელიუმისაგან და მცირე რაოდენობით მძიმე ელემენტებისგან, რომელთა თერმობირთვული სინთეზი წინა თაობის ვარსკვლავების მიერ მოხდა. როცა მოხდა კოლაფსი რეგიონისა, რომელიც მზის სისტემა გახდა (ცნობილია, როგორც მზის სისტემამდელი ნისლეული), კუთხური მომენტის შენარჩუნებამ მისი უფრო სწრაფად ბრუნვა გამოიწვია. ცენტრი, სადაც მასის უმეტესობა იყო მოგროვებული, უფრო მეტად და მეტად გავარვარებული გახდა, ვიდრე გარშემორტყმული დისკო. როცა შეკუმშვადი ნისლეული სწრაფად ბრუნავდა, მან დაიწყო გაბრტყელება პროტოპლანეტარულ დისკოდ (რომლის დიამეტრი დაახლოებით 200 ასტრონომიული ერთეული იყო) და ცხელ, მკვრივ პროტოვარსკვლავად ცენტრში. პლანეტები ამ დისკოს აკრეციით წარმოიქმნა, რომელშიც მტვერმა და გაზმა გრავიტაციულად მიიზიდეს ერთმანეთი და გაერთიანდნენ უფრო დიდი სხეულების ჩამოსაყალიბებლად. ადრეულ მზის სისტემაში შესაძლებელია ასობით პროტოპლანეტა არსებობდა, მაგრამ ისინი შეერწყნენ ერთმანეთს ან შეეჯახნენ ერთმანეთს, შედეგად კი დარჩა პლანეტები, ჯუჯა პლანეტები და ნარჩენი „უმცროსი“ სხეულები.

რადგანაც მეტალებსა და სილიკატებს დუღილის მაღალი ტემპერატურა აქვს, ცხელ შიდა მზის სისტემაში მხოლოდ მათ შეეძლოთ მყარ მდგომარეობაში ყოფნა. ამან კი საბოლოოდ წარმოქმნა კლდოვანი პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი. იმის გამო, რომ მეტალები მზის ნისლეულის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენდა, კლდოვანმა პლანეტებმა ძალიან დიდი ზომა ვერ მიიღო. გიგანტი პლანეტები (იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი) ჩამოყალიბდა უფრო შორს, ყინულოვანი ხაზის გაღმა. ეს უკანასკნელი არის წერტილი მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის, სადაც მატერია საკმარისად ცივია იმისათვის, რომ აქროლადი ყინულოვანი მატერია მყარ მდგომარეობაში დარჩეს. ეს ყინულები, რომელთაც ეს გიგანტი პლანეტები ჩამოაყალიბა, უფრო უხვად იყო, ვიდრე მეტალები და სილიკატები, რომლებმაც შიდა კლდოვანი პლანეტები წარმოქმნა, ამან კი ხელი შეუწყო მათ, მიეღოთ ისეთი მასები, რომ შეძლებოდათ წყალბადისა და ჰელიუმის (უმსუბუქესი და ყველაზე გავრცელებული ელემენტები) უზარმაზარი ატმოსფეროები „დაეტყვევებინათ“. ნარჩენი ნამსხვრევები, რომლებიც არასდროს გახდა პლანეტა, შექუჩდა ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა: ასტეროიდთა სარტყელი, კოიპერის სარტყელი და ურტის ნისლეული. ნიცის მოდელი ხსნის ამ რეგიონიების შექმნასა და იმას, თუ როგორაა შესაძლებელი, წარმოქმნილიყო გარე პლანეტები განსხვავებულ პოზიციებზე და როგორ გადასახლდნენ ისინი თავიანთ ამჟამინდელ ორბიტაზე სხვადასხვა გრავიტაციული ურთიერთქმედებებით.

50 მილიონ წელიწადში პროტოვარსკვლავის ცენტრში წყალბადის წნევა და სიმკვრივე საკმარისი იყო თერმობირთვული სინთეზის დასაწყებად. ტემპერატურა, რეაქციის ტემპი, წნევა და სიმკვრივე გაიზარდა მანამდე, სანამ არ დამყარდა ჰიდროსტატიკური წონასწორობა: თერმული წნევა უდრის გრავიტაციის ძალას. ამ წერტილში მზე მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი გახდა. მზიდან წამოსულმა მზიურმა ქარმა ჩამოაყალიბა ჰელიოსფერო და მოაშორა დარჩენილი გაზი და მტვერი პროტოპლანეტარული დისკოსგან ვარსკვლავთშორის სივრცეში, ამით კი პლანეტარული ფორმირების პროცესი შეწყდა.

ჩვენთვის ნაცნობი მზის სისტემა ასეთი მანამდე დარჩება, სანამ მზის ბირთვში არსებული წყალბადის მთლიანი მარაგი არ გადაიქცევა ჰელიუმად, რომელიც დღევანდელიდან 5,4 მილიარდ წელიწადში მოხდება. ამით მზის მთავარ მიმდევრობაში სიცოცხლე დამთავრდება. ამ დროს მზის ბირთვი კოლაფსირდება და ენერგიის გამოცემა უფრო დიდი იქნება, ვიდრე ახლაა. მზის გარე ფენები გაფართოვდება ამჟამინდელ დიამეტრზე 260-ჯერ მეტად და მზე წითელი გიგანტი გახდება. იმის გამო, რომ მისი ზედაპირის ფართობი გაიზარდა, ზედაპირის ტემპერატურა შესამჩნევად დაბალი იქნება (2600 K ყველაზე ცივი), ვიდრე მთავარ მიმდევრობაზე ყოფნის პერიოდში იყო. მეცნიერთა ვარაუდით, გაფართოებადი მზე მერკურისა და ვენერას შთანთქავს, ხოლო დედამიწას სიცოცხლისთვის შეუფერებელ ადგილს გახდის. მისი სასიცოცხლო ზონა კი მარსის ორბიტაზე გადაინაცვლებს. საბოლოოდ, ბირთვის ტემპერატურა საკმარისი იქნება ჰელიუმის სინთეზისთვის. მზე ჰელიუმს დაწვავს წყალბადის წვის ხანგრძლივობის მცირე ნაწილით. მზის მასა არ არის საკმარისი უფრო მძიმე ელემენტების სინთეზის დასაწყებად და თერმობირთვული რეაქციები ბირთვში შემცირება. მისი გარე შრეები კოსმოსში გაიფანტება და დარჩება თეთრი ჯუჯა — უჩვეულოდ მკვრივი ობიექტი, რომლის მასა მზის თავდაპირველი მასის ნახევარია, მაგრამ ზომით დედამიწის ტოლი. გაფანტული გარე ფენები წარმოქმნის ე.წ. პლანეტარულ ნისლეულს, ანუ დაბრუნდება ის მატერია, რისგანაც მზე ვარსკვლავთშორის სივრცეში წარმოიქმნა, ოღონდ ახლა ის გამდიდრებულია მძიმე ელემენტებით, როგორიცაა ნახშირბადი.

მზე

მზის სისტემა 
ინფოპლაკატი, რომელშიც მზეზე ძალიან ბევრი რამ წერია
მზის სისტემა 
კიდევ მზის შესახებ, რაც წინა ინფოპლაკატში ვერ ჩაეტია, აქ არის მოთავსებული

მზე მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავია. მისი უზარმაზარი მასა (დედამიწაზე 332 900-ჯერ მძიმე) ბირთვში წარმოქმნის ისეთ უზარმაზარ ტემპერატურასა და სიმკვრივეს, რომ ხელს უწყობს თერმობირთვული სინთეზის გაღვივებას, სინთეზისა, რომელიც უზარმაზარი ენერგიის წყაროა. მზე თავის ენერგიას, ძირითადად, ელექტრომაგნიტური სპექტრის 400-700 ნანომეტრი ტალღის სიგრძეში ასხივებს. ეს ელექტრომაგნიტური სპექტრის ის დიაპაზონია, რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს — ხილული სინათლე.

მზე G2 ტიპის ყვითელ ჯუჯა ვარსკვლავად არის კლასიფიცირებული, მაგრამ ეს სახელი (ჯუჯა) ძალზეც დამაბნეველია, რადგან ჩვენს გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების უმრავლესობასთან შედარებით ჩვენი დედავარსკვლავი გაცილებით დიდი და კაშკაშაა. ვარსკვლავები ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამის მიხედვითაა კლასიფიცირებული. ეს დიაგრამა ვარსკვლავებს სიკაშკაშითა და ზედაპირის ტემპერატურით ყოფს. ზოგადად, ვარსკვლავი რაც უფრო ცხელია, მით უფრო კაშკაშაა. თუმცა, მზეზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავები ძალიან იშვიათია, ხოლო უფრო მკრთალი და გრილი ვარსკვლავები, რომელთაც წითელი ჯუჯები ეწოდება, უფრო გავრცელებულია სამყაროში და გალაქტიკის ვარსკვლავების 85 %-ს შეადგენს.

მტკიცებულების მიხედვით, მზის პოციზია მთავარ მიმდევრობაზე მას ე. წ. „სიცოცხლის აყვავებად“ ვარსკვლავად აქცევს. მის ბირთვში ჯერ წყალბადის საწვავი არ ამოწურულა, რითაც თერმობირთვული რეაქციები ხდება და მზე ანათებს. მზე უფრო კაშკაშა ხდება. მის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ის დღევანდელი სიკაშკაშის მხოლო 70 %-ს აღწევდა.

მზე I დასახლების (ან მეტალით მდიდარი) ვარსკვლავია. ის სამყაროს ევოლუციის შედარებით დაგვიანებულ ეტაპზე გაჩნდა. ამგვარად, იგი შედარებით ბევრ ჰელიუმზე და წყალბადზე მძიმე ელემენტს შეიცავს, (ასტრონომიაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს „მეტალებს“ უწოდებენ), ვიდრე უფრო ხნიერი, II დასახლების (მცირე მეტალიანი) ვარსკვლავები. წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემენტები (ანუ „მეტალები“) უძველესი და აფეთქებადი (ზეახალი) ვარსკვლავების ბირთვში წარმოიქმნა, ამიტომ ვარსკვლავების პირველი თაობა ვალდებული იყო დაღუპულიყო, სანამ სამყარო ასეთი ატომებით გამდიდრდებოდა. უძველესი ვარსკვლავები ძალიან მცირე მეტალებს შეიცავს, ხოლო ვარსკვლავები, რომლებიც უფრო მოგვიანებით დაიბადა— მეტს. მეცნიერებს სჯერათ, რომ სწორედ მეტალების ასეთმა დონემ ითამაშა გადამწყვეტი როლი მზის პლანეტარული სისტემის ფორმირებისთვის, რადგან პლანეტები „მეტალების“ შეხორცებისგან ფორმირდება.

პლანეტათაშორისი სივრცე

მზის სისტემა 
ჰელიოსფერული ნაკადის ფენა
მზის სისტემა 
მზიური ანთებები
მზის სისტემა 
მზის ტორნადოები

მზე სინათლესთან ერთად დამუხტული ნაწილაკების განუწყვეტელ ნაკადს (პლაზმა) ასხივებს. მას მზიური ქარი ეწოდება. ეს ნაწილაკების ნაკადი მზიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რის შედეგადაც ქმნის გათხელებულ ატმოსფეროს (ჰელიოსფეროს), რომელიც მზის სისტემიდან დაახლოებით 100 ა.ე.-მდე აღწევს. ამას პლანეტათაშორისი სივრცე ეწოდება. აქტივობები მზის ზედაპირზე, როგორიცაა მზიური ამოფრქვევები და კორონალური მასის გამოტყორცნა, ჰელიოსფეროს „აწუხებს“, რის შედეგადაც კოსმოსური ამინდი წარმოიქმნება, ეს უკანასკნელი კი გეომაგნიტურ შტორმებს იწვევს. ჰელიოსფეროში უდიდესი სტრუქტურა არის ე. წ. ჰელიოსფერული ნაკადის ფენა. ის სპირალური ფორმისაა, რომელიც წარმოიქმნა მზის მბრუნავი მაგნიტური ველის აქტივობებით, რომელიც პლანეტათაშორის სივრცეზე მოქმედებდა.

დედამიწის მაგნიტური ველი ატმოსფეროს მზიური ქარებისგან იცავს, რომელსაც ძალუძს მისი წართმევა. ვენერას და მარსს მაგნიტური ველი არ აქვს, რის შედეგადაც მზიური ქარები მათ ატმოსფეროს თანდათანობით კოსმოსში ფანტავს. კორონალური მასის გამოტყროცნებსა და მსგავს მოვლენებს მაგნიტური ველი და მატერიის უზარმაზარი რაოდენობა მოაქვს. ამ მაგნიტური ველისა და მატერიის ურთიერთქმედება დედამიწის მაგნიტურ ველთან იწვევს დამუხტული ნაწილაკების შეჭრას დედამიწის ზედა ატმოსფეროში, სადაც მისი ურთიერთქმედებები წარმოქმნის ნათებებს მაგნიტურ პოლუსებთან ახლოს (ჩრდილოეთის და სამხრეთის ციალს).

კოსმოსური სხივები მზის სისტემის გარეთ წარმოიქმნება. ჰელიოსფერო მზის სისტემას მათგან ნაწილობრივ იცავს. პლანეტარული მაგნიტური ველებიც (რომელ პლანეტებსაც აქვს) მცირედ იცავს. კოსმოსური სხივების სიმკვრივე ვარსკვლავთშორის სივრცეში და მზის მაგნიტური ველის სიგრძე ძალიან დიდ დროში იცვლება, აქედან გამომდინარე კოსმოსური რადიაციაციაც ცვალებადია მზის სისტემაში.

პლანეტათაშორისი სივრცე, სულ ცოტა, ორი კოსმოსური მტვრის დისკოს მსგავსი რეგიონის სახლია. პირველი არის ზოდიქური მტვრის ღრუბელი, რომელიც შიდა მზის სისტემაში მდებარეობს და იწვევს ზოდიქურ ნათებას. ის შესაძლებელია წარმოიქმნა ასტეროიდული სარტყლის შეჯახებების შედეგად, რომელიც პლანეტებთან ურთიერთქმედებითაა გამოწვეული. მეორე რეგიონი 10-დან 40 ა.ე.-მდე ვრცელდება და ისიც ალბათ მსგავსი შეჯახებების შედეგად წარმოიქმნა, ოღონდ ასტეროიდული სარტყლის მაგივრად კოიპერის სარტყელი იყო.

შიდა მზის სისტემა

შიდა მზის სისტემა არის იმ რეგიონის სახელი, სადაც კლდოვანი პლანეტები და ასტეროიდები ბინადრობს. ეს ობიექტები მზესთან შედარებით ახლოსაა, ამიტომ ისინი ძირითადად სილიკატებითა და მეტალებითაა გაჯერებული. ამ მთლიანი რეგიონის რადიუსი უფრო ნაკლებია, ვიდრე მანძილი იუპიტერსა და სატურნს შორის.

შიდა პლანეტები

მზის სისტემა 
შიდა პლანეტები. მარცხნიდან მარჯვნივ: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი (ნამდვილ ფერებში). ზომების მასშტაბი ემთხვევა, ერთმანეთთან დაშორების - არა.

ოთხ შიდა ან კლდოვან პლანეტას მკვრივი და ქვიანი შედგენილობა აქვს. ზოგს ან ძალიან ცოტა მთვარე ჰყავს, ან საერთოდ უთანამგზავროდაა. ისინი ძირითადად ცეცხლგამძლე მინერალებისგან შედგება, როგორიცაა სილიკატები, რომლებიც ქერქისა და მანტიის ფორმირებას უწყობს ხელს. ასევე შიდა პლანეტების შედგენილობაში შედის ისეთი მეტალები, როგორებიცაა რკინა და ნიკელი. ეს უკანასკნელნი კი პლანეტის ბირთვის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი. 4 კლდოვანი პლანეტიდან 3-ს (ვენერას, დედამიწას და მარსს) აქვს იმდენად მყარი ატმოსფეროები, რომ მათ ამინდის წარმოქმნა შეუძლია. ყველა კლდოვან პლანეტას აქვს დარტყმითი კრატერები და ტექტონიკური ზედაპირის ნიშნები, როგორებიცაა ნაპრალიანი ხეობები და ვულკანები.

მერკური

    მერკური (მზიდან დაშორებულია 0,4 ასტრონომიული ერთეულით) მზესთან მდებარე უახლოესი და მზის სისტემაში ყველაზე პატარა პლანეტაა (0,055 დედამიწის მასა). მერკურის ბუნებრივი თანამგზავრები არ ჰყავს. მას ძალიან უმნიშვნელო ატმოსფერო აქვს, რომელიც იმ ატომებისგან შედგება, რომელიც მზიური ქარებიდან მოხვდა მის ზედაპირზე.. მერკურის შედარებით დიდი რკინის ბირთვი და თხელი მანტია ჯერჯერობით ადეკვატურად არ არის ახსნილი.

ვენერა

    ვენერა (მზიდან დაშორებულია 0,7 ასტრონომიული ერთეულით) თითქმის დედამიწის ზომისაა (0,815 დედამიწის მასა) და ჩვენი პლანეტის მსგავსად სქელი სილიკატური მანტია აქვს რკინის ბირთვის გარშემო. ვენერას საკმაოდ მყარი და მკვრივი ატმოსფერო აქვს. პლანეტის წიაღში გეოლოგიური აქტივობები შეინიშნება. თუმცა, ის დედამიწაზე ბევრად მშრალია და მისი ატმოსფეროს სიმკვრივე ჩვენი პლანეტის სიმკვრივეს 9-ჯერ აღემატება. ვენერას ბუნებრივი თანამგზავრები არ ჰყავს. ის მზის სისტემაში ყველაზე ცხელი პლანეტაა (მიუხედავად იმისა, რომ მეორეა მზიდან დაშორების მიხედვით), რომლის ზედაპირის ტემპერატურა 400 °C აღწევს. ატმოსფეროს ასეთი გადახურება შესაძლებელია სათბურის ეფექტმა გამოიწვია. ვენერაზე გეოლოგიური აქტივობების საბოლოო მტკიცებულება დაფიქსირდა, მაგრამ მას მაგნიტური ველი არ აქვს, რომელიც თავს აარიდებინებდა პლანეტას მისი მყარი ატმოსფეროს დაკარგვისგან. ეს კი გვაფიქრებინებს იმას, რომ მის ატმოსფეროს ვულკანური აქტივობები ამარაგებს რეგულარულად.

დედამიწა

    დედამიწა (მზიდან დაშორებულია 1 ასტრონომიული ერთეულით) შიდა პლანეტებს შორის ყველაზე დიდი და მკვრივია. ჩვენი პლანეტა ცნობილი ერთადერთი ადგილია მზის სისტემაში (და არა მარტო), სადაც სიცოცხლე არსებობს. მისი თხევადი ჰიდროსფერო კლდოვან პლანეტებს შორის უნიკალურია. დედამიწას ასევე ერთადერთი ცნობილი ადგილია, სადაც ტექტონიკური ფილები შეინიშნება. დედამიწის ატმოსფერო რადიკალურად განსხვავდება სხვა პლანეტების ატმოსფეროებისგან. ჩვენს პლანეტას ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი — მთვარე ჰყავს. ის კლდოვანი პლანეტების მთვარეებს შორის უდიდესია.

მარსი

    მარსი (მზიდან დაშორებულია 1,5 ასტრონომიული ერთეულით) დედამიწაზე და ვენერაზე პატარაა (0,107 დედამიწის მასა). მისი ატმოსფერო ძირითადად გაჯერებულია ნახშირორჟანგისგან, ხოლო ზედაპირზე წნევა დაახლოებით 6,1 მილიბარია (დედამიწის 0,6%). მისი ზედაპირი დაფარულია უკიდეგანო ვულკანებით, როგორიცაა ოლიმპოს მთა და ნაპრალიანი ხეობებით, მაგალითად მარინერის ხეობა. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ გეოლოგიური აქტივობები სულ რაღაც 2 მილიონი წლის წინ აქტიურად ხდებოდა. მარსს წითელ პლანეტადაც მოიხსნიებენ. მისი წითელი ფერი კი რკინის ოქსიდებითაა (ჟანგი) გამოწვეული, რომელიც მის ნიადაგზე უხვადაა. მარსს ორი პაწაწინა ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს (ფობოსი და დეიმოსი), რომლებიც, მეცნიერთა აზრით, მარსის მიერ ჩაჭერილი ასტეროიდებია.

ასტეროიდთა სარტყელი

მზის სისტემა 
ასტეროიდული სარტყლისა და ტროიანელი ასტეროიდების სურათი
მზის სისტემა 
დამატებითი ინფორმაცია ასტეროიდულ სარტყელზე

ასტეროიდები მზის სისტემის პატარა სხეულებია, რომლებიც, ძირითადად, ცეცხლგამძლე ქვისა და ლითონური მინერალებისგან შედგება. მათ შედგენილობაში მცირე რაოდენობის ყინულიც შედის.

ასტეროიდული სარტყლის ორბიტა მარსსა და იუპიტერს შორისაა, რომელიც მზიდან 2,3-დან 3,3 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული. მეცნიერთა ვარაუდით, ასტეროიდული სარტყელი იმ ნარჩენებისგან შედგება, რომლებმაც მზის სისტემის ფორმირებისას ერთმანეთთან შეზრდა ვერ მოახერხეს იუპიტერის გრავიტაციული გავლენის გამო.

ასტეროიდების ზომა ასეული კილომეტრიდან მიკროსკოპულ ზომებამდე იცვლება. ყველა ასტროიდი, გარდა უდიდესი ცერერასი, კლასიფიცირებულია, როგორც მზის სისტემის პატარა სხეულები. თუმცა, ზოგი ასტეროიდი, როგორებიცაა ვესტა და ჰიგეა, შესაძლებელია ჯუჯა პლანეტად იქნას კლასიფიცირებული, თუ მათ მიაღწიეს ჰიდროსტატიკურ წონასწორობას.

ასტეროიდული სარტყელი ათი ათასობით, შესაძლებელია მილიონობითაც, ობიექტს შეიცავს, რომლებიც ერთ კილომეტრამდეა დიამეტრში. მიუხედავად ამისა, ამ სარტყლის მთლიანი მასა საეჭვოა, რომ დედამიწის მასის 1/1000-ზე მეტი იყოს. ასტეროიდული სარტყელი გაიშვიათებული რეგიონია, რადგან კოსმოსური ზონდი ჩვეულებრივად მიფრინავს, ისე, რომ არაფერს დაეჯახოს. ასტეროიდები, რომელთა დიამეტრი 10-დან 10−4მმ-მდეა, მეტეორიდები ეწოდება.

ცერერა

ცერერა (მზიდან დაშორებულია 2,77 ასტრონომიული ერთეულით) უდიდესი ასტეროიდი, პროტოპლანეტა და ჯუჯა პლანეტაა. მისი დიამეტრი დაახლოებით 1000 კმ-ზე ოდნავ ნაკლებია, ხოლო მისი გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ ის საკუთარ თავს სფერულ ობიექტად აქცევს. XIX საუკუნეში, როდესაც ცერერა აღმოაჩინეს, ითვლებოდა, რომ ის პლანეტა იყო, მაგრამ 1850-იანებში მას პლანეტის წოდება ჩამოართვეს და ასტეროიდად აღიარეს, რადგან კვლევებმა სხვა ასტეროიდებიც გამოავლინა. მისი კლასიფიცირება ჯუჯა პლანეტად 2006 წელს მოხდა.

ასტეროიდთა შეჯგუფებები

ასტეროიდები ასტეროიდულ სარტყელში დაყოფილია ასტეროიდულ ჯგუფებად და ოჯახებად. ეს დაყოფა მათ ორბიტალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. ასტეროიდული მთვარეები ის ასტეროიდებია, რომლებიც შედარებით დიდი ასტეროიდების ორბიტაზე მოძრაობს. მათ პლანეტარული მთვარეების მსგავსი დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს. ეს მთვარეები ზოგჯერ თავიანთი პარტნიორების ზომისაა. ასტეროიდული სარტყელი ასევე შეიცავს მთავარი სარტყლის კომეტებს, რომლებიც შესაძლებელია დედამიწაზე წყლის არსებობის წყაროა.

ტროელი ასტეროიდები განლაგებულია იუპიტერის L4 ან L5 წერტილებში. ტერმინი „ტროელი“ ასევე გამოიყენება სხვა პლანეტარულ სისტემაში არსებული პატარა სხეულებისათვის ან ლაგრაჟნის სატელიტური წერტილისთვის. ილდა ასტეროიდების რეზონანსი იუპიტერთან არის 2:3. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც იუპიტერი ორჯერ შემოუვლის მზეს გარშემო, ეს ასტეროიდები 3-ჯერ შემოუვლის.

შიდა მზის სისტემა ასევე დაბინძურებულია თაღლითი ასტეროიდებით, რომელთა უმეტესობა შიდა პლანეტების ორბიტებს კვეთს..

გარე მზის სისტემა

მზის სისტემა 
გარე პლანეტები. ზემოდან ქვემოთ: ნეპტუნი, ურანი, სატურნი, იუპიტერი (მასშტაბები არ ემთხვევა)

მზის სისტემის გარე რეგიონი გაზის გიგანტი პლანეტების და მათი უზარმაზარი მთვარეების სახლია. მრავალი მოკლე პერიოდიანი კომეტა, კენტავრების ჩათვლით, ამ რეგიონში მოძრაობს. რადგანაც ისინი მზიდან უფრო დიდი მანძილითაა დაშორებული, მყარი ობიექტები გარე მზის სისტემაში შეიცავს უფრო აქროლადი ნივთიერებების მეტ რაოდენობას, როგორებიცაა ამიაკი, მეთანი და წყალი, ვიდრე კლდოვანი პლანეტები შიდა მზის სისტემაში, რადგან ცივი ტემპერატურა ამ ნივთიერებებს მყარ მდგომარეობაში ტოვებს.

გარე პლანეტები

ოთხი შიდა პლანეტა, ან გაზური გიგანტები (ზოგჯერ იუპიტერის მსგავს პლანეტებად მოიხსნიებენ) ერთად მზის სისტემის ობიექტების მასის 99 % ავსებს. იუპიტერი და სატურნი დედამიწაზე რამდენიმე ათეულჯერ მასია და წყალბადისა და ჰელიუმის ზედმეტად დიდი მარაგი აქვს. ურანი და ნეპტუნი ნაკლებად მასიურია (<20 დედამიწის მასა). ისინი უმეტესად ყინულებისგან შედგება. მათ ყინულის გიგანტებსაც უწოდებენ. ოთხივე გაზურ გიგანტს რგოლები აკრავს გარშემო, თუმცა მხოლოდ სატურნის რგოლებია დედამიწიდან ადვილად შესამჩნევი (შეიარაღებული თვალით, რა თქმა უნდა). ტერმინი „გარე პლანეტა“ არ უნდა აგვერიოს „უფროს პლანეტაში“, რომელიც დედამიწის ორბიტის გარეთ მყოფ პლანეტას აღნიშნავს, აქედან გამომდინარე, უფროსი პლანეტები მარსი და ეს 4 გაზური გიგანტია.

იუპიტერი

სატურნი

მზის სისტემა 
სატურნის ბუნებრივი თანამგზავრები
    სატურნი (მზიდან დაშორებულია 9,5 ასტრონომიული ერთეულით) ცნობილია თავისი ამოუცნობი და ულამაზესი რგოლური სისტემით. მას იუპიტერის მსგავსი რამდენიმე თვისება აქვს, როგორიცაა ატმოსფერული შედგენილობა და მაგნიტოსფერო. თუმცა, სატურნს იუპიტერის მოცულობის მხოლოდ 60 % აქვს და მისი მასის მხოლოდ 1/3-ია, ხოლო დედამიწას 95-ჯერ აჭარბებს. ეს ყველაფერი კი სატურნს ყველაზე ნაკლები სიმკვრივის პლანეტად აქცევს (მისი სიმკვრივე წყლისაზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სატურნს წყლიან ჭურჭელში მოვათავსებთ, ის ტივტივს დაიწყებს). მისი რგოლური სისტემა შედგება ყინულისა და ქვის ნატეხებისგან. სატურნს 62 ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს (იუპიტერის მსგავსად, მეტი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ). ორ მათგანზე — ტიტანსა და ენცელადზე გეოლოგიური აქტივობები შეინიშნება. ისინი უმეტესად ყინულებისგან შედგება. ტიტანი სიდიდით მეორე მთვარეა მზის სისტემაში, რომელიც პლანეტა მერკურიზე დიდია. ის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია მზის სისტემაში, რომელსაც ატმოსფერო აქვს.

ურანი

    ურანი (მზიდან დაშორებულია 19,6 ასტრონომიული ერთეულით) დედამიწაზე 14-ჯერ მასიურია და უმსუბუქესია გარე პლანეტებს შორის. ის უნიკალურია პლანეტებს შორის, რადგან მზეს „მხარზე წამოწოლილი“ უვლის გარშემო. მისი ღერძული დახრა ეკლიპტიკის მიმართ 90 გრადუსამდეა. მისი ბირთვი გაცილებით ცივია, ვიდრე სხვა გაზური გიგანტებისა. ურანი ძალიან მცირე რაოდენობის სითბოს ასხივებს კოსმოსში. მას 27 თანამგზავრი ჰყავს, რომელთაგან უდიდესებია ტიტენია, ობერონი, ამბრილი, არიელი და მირანდა.

ნეპტუნი

    ნეპტუნი (მზიდან დაშორებულია 30 ასტრონომიული ერთეულით) ურანზე ოდნავ პატარაა, მაგრამ მასზე მასიურია (17 დედამიწის მასა), ანუ უფრო მეტი სიმკვრივე აქვს. ის უფრო მეტ წიაღისეულ სითბოს ასხივებს, მაგრამ სატურნისა და იუპიტერის ოდენობისას ვერა. ნეპტუნს 13 ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს. მათგან უდიდესი ტრიტონი გეოლოგიურად აქტიურია, რომლის ზედაპირზეც თხევადი აზოტის გეიზერები შეინიშნება. ტრიტონი ერთადერთი დიდი მთვარეა, რომელიც უკუღმა ბრუნავს ორბიტაზე. ნეპტუნს თავის ორბიტაზე უმცროსი პლანეტები დაჰყვება, რომელთაც ნეპტუნის ტროელები ეწოდება. მათი რეზონანსი 1:1-ია ნეპტუნის მიმართ.

კომეტები

მზის სისტემა 
კომეტა ჰეილ-ბოპი

კომეტები მზის სისტემის პატარა სხეულებია. მათი ტიპური ზომა რამდენიმე კილომეტრია, რომლებიც უმეტესად გაჯერებულია აქროლადი ყინულებით. მათ მეტად ექსცენტრიული ორბიტა აქვს — ძირითდად, მათი პერიჰელიუმი შიდა პლანეტის ორბიტებს კვეთს ხოლმე, ხოლო აფელიუმი პლუტონის ორბიტის გაღმა შეიძლება იყოს. როდესაც კომეტა შიდა მზის სისტემაში იჭრება, მზესთან მიახლოება იწვევს მისი ზედაპირის სუბლიმაციასა და იონიზაციას, რის შედეგადაც ის გარსს წარმოქმნის: გაზისა და მტვრის გრძელი კუდი, რომელიც ხშირად შეუიარაღებელი თვალითაცაა შესამჩნევი.

მოკლე პერიოდიანი კომეტების ორბიტა 200 წელიწადზე ნაკლები გრძელდება, ხოლო გრძელ პერიოდიანების ათასობით წელიწადი. მიჩნულია, რომ მოკლე პერიოდიანი კომეტების წარმომავლობა კოიპერის სარტყელია, ხოლო გრძელ პერიოდიანები, როგორიცაა ჰეილ-ბოპი, ურტის ნისლეულში. კომეტების უამრავი დაჯგუფება, როგორიცაა კროიც სუნგრაცერი, წარმოიქმნება ერთი კომეტის განადგურებისგან. ზოგი კომეტა, რომელსაც ჰიპერბოლური ორბიტა აქვს, შესაძლოა გარე მზის სისტემაში წარმოიქმნას, თუმცა მათი ორბიტის განსაზღვრა ძალიან რთულია. კომეტების უმეტესობას, რომელთაც თავიანთი აქროლადი მატერია თითქმის ამოწურეს მზის სითბოს დახმარებით, ხშირად ასტეროიდებადაც აკლასიფიცირებენ.

კენტავრები

კენტავრი არის კომეტის მსგავსი ყინულოვანი ობიექტი, რომლის დიდი ნახევარღერძი იუპიტერისაზე (5,5 ა.ე.) დიდია და ნეპტუნისაზე (30 ა.ე.) ნაკლებია. უდიდესი კენტავრის დიამეტრი, სახელად 10199 ჩარიკლო, დაახლოებით 250 კილომეტრია. მეცნიერებმა პირველად აღმოჩენილი კენტავრი 2060 ქირონი კომეტების ჯგუფს მიაკითვნეს, რადგანაც მან მზესთან მიახლოებისას კუდი წარმოქმნა, როგორც ამას ჩვეულბრივი კომეტა აკეთებს.

ტრანს-ნეპტუნისეული რეგიონი

ნეპტუნის გაღმა არსებულ რეგიონს ტრანს-ნეპტუნისეული რეგიონი ეწოდება, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებადაა გამოკვლეული. კვლევებიდან ჩანს, რომ ის შეიცავს პატარა ობიექტების გადამეტებულ რაოდენობას (უდიდესი ობიექტის დიამეტრი დედამიწის დიამეტრის 1/5-ია, ხოლო მასით ჩვენს მთვარეზე გაცილებით მცირე), რომლებიც, ძირითადად, ქვისა და ყინულისაგან შედგება.

კოიპერის სარტყელი

მზის სისტემა 
კოიპერის სარტყლის აღმოჩენილი ყველა ობიექტის ნახაზი, რომლებიც 4 გარე პლანეტასთან ერთადაა ნაჩვენები
მზის სისტემა 
ერისის, პლუტონის, მაკემაკესი, ჰაუმეს, სედნას, 2007 OR10-ის, ქუაორის, ორკუსის და დედამიწის შედარება.

კოიპერის სარტყელი არის ტრანს-ნეპტუნისეული რეგიონის პირველი ფორმირება, რომელიც ნარჩენების უზარმაზარ რგოლს წარმოადგენს. ის ასტეროიდული სარტყლის მსგავსია, თუმცა, ძირითადად, გაჯერებულია ყინულით. იგი მზიდან დაშორებულია 30-50 ასტრონომიული ერთეულით. ეს სარტყელი სულ ცოტა 3 ჯუჯა პლანეტას შეიცავს. მასში ძირითადად მზის სისტემის პატარა სხეულები ბინადრობს. კოიპერის სარტყლის უდიდესი ობიექტები, როგორებიცაა ქუაორი, ვარუნა და ორკუსი, შესაძლებელია ჯუჯა პლანეტებად იქნას რეკლასიფიცირებული. მეცნიერების შეფასებით, ამ რეგიონში 100 000-მდე ობიექტია, რომელთა დიამეტრი 50 კმ-ს აჭარბებს, მაგრამ მთლიანი სარტყლის მასა დედამიწის მასის 1/11 ან 1/10-ია. კოიპერის სარტყლის ობიექტებს მრავალი თანამგზავრი ჰყავს და უმეტესობას ისეთი ორბიტა აქვს, რომ ისინი ეკლიპტიკის გარეთაც გადის.

კოიპერის სარტყელი შეიძლება დაიყოს „კლასიკურ“ სარტყლად და რეზონანსებად. რეზონანსები ის ორბიტებია, რომლებიც ნეპტუნის ორბიტასთანაა დაკავშირებული (მაგ: 2:3 - ყოველი ნეპტუნის 3-ჯერ შემოვლა ორბიტის გარშემო, ობიექტის 2-ჯერ შემოვლას უდრიდეს). პირველი რეზონანსი, თავის მხრივ, ნეპტუნის ორბიტის შიგნით იწყება. კლასიკური სარტყელი მოიცავს ობიექტებს, რომლებსაც ნეპტუნთან არანაირი რეზონანსი არ აქვს და ვრცელდება 39,4-დან 47,7 ა.ე-მდე. კლასიკური კოიპერის სარტყლის წევრები კლასიფიცირებულია, როგორც „კუბივანოები“ (cubewanos - Classical Kuiper belt object) მას შემდეგ, რაც მათი ტიპის ობიექტი (15760) 1992 QB1 აღმოაჩინეს. ეს ობიექტები ჯერ კიდევ თითქმის თავდაპირველ, დაბალი ექსცენტრიულობის ორბიტაზეა.

პლუტონი და ქარონი

მზის სისტემა 
პლუტონის მთვარეები

პლუტონი (მზიდან საშუალო დაშორება - 39 ასტრონომიული ერთეული) პლუტონი და კოიპერის სარტყელში უდიდესი ობიექტია. 1930 წელს, როდესაც პლუტონი აღმოაჩინეს, თავდაპირველად მზის სისტემის მეცხრე პლანეტად ითვლებოდა, თუმცა 2006 წელს ეს შეიცვალა, როდესაც პლანეტად კლასიფიცირების კრიტერიუმები შეიცვალა. პლუტონს შედარებით ექსცენტრიული ორბიტა აქვს, რომელიც 17 გრადუსითაა დახრილი ეკლიპტიკის მიმართ. მისი დაშორება მზიდან პერიჰელიუმში (ნეპტუნის ორბიტის შიგნით) 29,7 ა. ე-ს აღწევს, ხოლო აფელიუმში - 49,5 ა. ე-ს.

ქარონი პლუტონის უდიდესი მთვარეა. მეცნიერები მას ხშირად აღწერენ, როგორც პლუტონის ორმაგი სისტემის ნაწილი, რადგან ეს ორი სხეული გრავიტაციის ცენტრის მიმართ ბრუნავს თავიანთი ზედაპირების ზემოთ (ე.ი. ისე ჩანს, თითქოს ერთმანეთს უვლიან გარშემო). ქარონის გაღმა 4 შედარებით პატარა მთვარე — P5, ნიქსი, P4 და ჰიდრა ბინადრობს.

პლუტონის რეზონანსი ნეპტუნის მიმართ 3:2-ია, რაც იმას ნიშნავს, როდესაც ნეპტუნი 3-ჯერ შემოუვლის გარშემო მზეს, პლუტონი 2-ჯერ გააკეთებს ამას. კოიპერის სარტყლის ობიექტები, რომლებსაც ზუსტად ასეთი რეზონანსი აქვს, პლუტინოები ეწოდება.

მაკემაკე და ჰაუმეა

მაკემაკე (მზიდან საშუალოდ დაშორებულია 45,79 ასტრონომიული ერთეულით) მართალია პლუტონზე პატარაა, მაგრამ ყველაზე დიდი ობიექტია კლასიკურ კოიპერის სარტყელში (ნეპტუნთან რეზონანსი არაა დამტკიცებული). მაკემაკე პლუტონის შემდეგ კოიპერის სარტყელში ყველაზე კაშკაშა ობიექტია. მისი სახელის შერჩევა და ჯუჯა პლანეტად აღიარება 2008 წელს მოხდა. მისი ორბიტა პლუტონისაზე დახრილია 29°-ით.

ჰაუმეას (მზიდან საშუალოდ დაშორებულია 43.13 ასტრონომიული ერთეულით) მაკემაკეს მსგავსი ორბიტა აქვს (თუ არ ჩავთვლით ნეპტუნთან რეზონანსს, რომელიც არის 7:12). მას დაახლოებით მაკემაკეს ზომა აქვს და ორი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს. ჩქარი (3,9 საათიანი) ბრუნვა შებრტყელებულ და წაგრძელებულ ფორმას აძლევს. მას სახელი და სტატუსი, მაკემაკეს მსგავსად, 2008 წელს შეურჩიეს.

მიმოფანტული დისკო

მიმოფანტული დისკო კოიპერის სარტყელს ნაწილობრივ ფარავს, მაგრამ ბევრად უფრო შორს, საზღვრებს იქითაც ვრცელდება. მიჩნეულია, რომ ეს რეგიონი მოკლეპერიოდიანი კომეტების წყაროა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მიმოფანტული დისკოს ობიექტები ნეპტუნის ადრეული მიგრაციის გრავიტაციის გავლენის ხარჯზე მერყევ ორბიტებზე გადაეწყო. მიმოფანტული დისკოს ობიექტების (მდო-ები) უმეტესობას პერიჰელიუმი კოიპერის სარტყლის შიგნითაც აქვს, ხოლო აფელიუმი მზიდან 150 ასტრონომიულ ერთეულამდე შეიძლება ჰქონდეს. მდო-ების ორბიტა ეკლიპტიკის მიმართ ძალიან დახრილია, ხშირად კი მის მიმართ თითქმის პერპენდიკულარულებია. ზოგი ასტრონომი მიიჩნევს, რომ მიმოფანტული დისკო მხოლოდ კოიპერის სარტყლის სხვა რეგიონია და მასში არსებულ ობიექტებს მოიხსენიებენ, როგორც „მიმოფანტული კოიპერის სარტყლის ობიექტები“. ზოგ ასტრონომს კი მიაჩნია, რომ „კენტავრები“ „შიდა მიმოფანტული კოიპერის სარტყლის ობიექტებია“..

ერისი

ერისი (მზიდან საშუალოდ დაშორებულია 68 ასტრონომიული ერთეულით) მიმოფანტული დისკოს უდიდესი ობიექტია, რომელმაც მეცნიერებს შორის კამათი გამოიწვია, თუ რატომ არ არის იგი პლანეტად აღიარებული, რადგანაც ის პლუტონზე 25 %-ით მასიურია, ხოლო დიამეტრი თითქმის თანაბარი აქვთ. ის ყველა ცნობილ ჯუჯა პლანეტაზე მასიურია. ერისს ბუნებრივი თანამგზავრი, სახელად დისნომია ჰყავს. პლუტონის მსგავსად, ერისის ორბიტაც მეტად ექსცენტრიულია, რომლის პერიჰელიუმი 38,2 ა.ე (უხეშად რომ ვთქვათ, პლუტონის დაშორება მზიდან), ხოლო აფელიუმი 97,6 ა.ე-ს უტოლდება. ის მკვეთრადაა დახრილი ეკლიპტიკის მიმართ.

უშორესი რეგიონები

ის წერტილი, სადაც მზის სისტემა მთავრდება და ვარსკვლავთშორისი სივრცე იწყება, ზუსტად არ არის განსაზღვრული, რადგან მის გარე საზღვრებს ორი ცალკეული ძალა აძლევს ფორმას: მზიური ქარი და მზის გრავიტაცია. მზიური ქარის გავლენის გარე ზღვარი, დაახლოებით, 4-ჯერ აჭარბებს პლუტონსა და მზეს შორის არსებულ მანძილს. ეს ჰელიოპაუზა მიჩნეულია ვარსკვლავთშორისი სივრცის დასაწყისად. თუმცა, მზის „ბორცვისებრი სფერო“ — თავისი გრავიტაციის დომინირების ეფექტიანი ადგილი — მიჩნეულია, რომ ათასობით უფრო შორს ვრცელდება.

ჰელიოპაუზა

მზის სისტემა 
ჰელიოგარსის და ჰელიოპაუზის ენერგეტიკულად ნეიტრალური ატომების რუკა, რომელიც IBEX-მა შეადგინა

ჰელიოპაუზა ორ ცალკეულ რეგიონადაა დაყოფილი. მზიური ქარი დაახლოებით 400 კმ/წმ სიჩქარით გადაადგილდება, სანამ ის ვარსკვლავთშორის ქარს არ შეეჯახება — პლაზმის დინება ვარსკვლავთშორის სივრცეში. შეჯახება ხდება „დასრულებით დარტყმაში,“ რომელიც 80-100 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული მზეს ვარსკვლავთშორისი ქარის მიმართულებით, ხოლო 200 ა. ე.-თი მზის ქარის საწინააღმდეგოდ. აქ ქარი მკვეთრად ნელდება, კონდენსირებს და უფრო ტურბულენტური ხდება, რის შედეგადაც უზარმაზარი ოვალური სტრუქტურა, სახელად ჰელიოგარსი ფორმირდება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ სტრუქტურის გარეგნობა და ქცევა ძალიან წააგავს კომეტის კუდს, რადგან ის იჭიმება 40 ასტრონომიულ ერთეულზე ქარის მიმართულებით, ხოლო ბევრად უფრო მეტჯერ ქარის საწინააღმდეგოდ. მაგრამ „კასინიდან“ და IBEX-იდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ეს სტრუქტურა ბუშტულის ფორმას იღებს ვარსკვლავთშორისი მაგნიტური ველის ძალდატანების გამო. „ვოიაჯერ 1“-მა და „ვოიაჯერ 2“-მა უკვე ჩაუარეს „დასრულებით დარტყმას“ და შევიდნენ ჰელიოგარსში — 94 და 84 ასტრონომიული ერთეულით მზიდან, შესაბამისად. მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ ვოიაჯერ 1-მა ჰელიოპაუზა 2012 წლის აგვოსტოში გადაკვეთა. ჰელიოსფეროს გარე საზღვარი — ჰელიოპაუზა ის წერტილია, სადაც მზიური ქარი საბოლოოდ სრულდება და ვარსკვლავთშორისი სივრცე იწყება.

ჰელიოსფეროს გარე კიდეების ფიგურაზე და ფორმირებაზე შესაძლბელია დინამიკური გაზის ურთიერთქმედება ვარსკვლავთშორის სივრცეზე მოქმედებდეს, ისევე, როგორც მაგნიტური ველი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია სამხრეთისკენ. მაგალითად, ის პირდაპირაა წარმოქმნილი სამხრეთ ნახევარსფეროსთან, რომელიც 9 ასტრონომიული ერთეულით შორს ფართოვდება, ვიდრე სამხრეთ ნახევარსფერო. ჰელიოპაუზის გაღმა (დაახლოებით 230 ა. ე.) რკალისებრი დარტყმითი ტალღა მდებარეობს — პლაზმური „თანამგზავრი,“ რომელსაც მზე წარმოქმნის „ირმის ნახტომში“ მოძრაობის გამო.

ჯერჯერობით არც ერთ კოსმოსურ ზონდს არ გადაუკვეთავს ჰელიოპაუზა, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დანამდვილებით ვიცოდეთ ვარსკვლავთშორისი სივრცის მდგომარეობა. მოსალოდნელია, რომ ნასას კოსმოსური ზონდი „ვოიაჯერი“ ჰელიოპაუზას მომავალ ათ წელიწადში გადაკვეთს და ძვირფას მონაცემებს გადმოგზავნის დედამიწაზე, რომელიც რადიაციული დონეს და მზიურ ქარებს შეეხება. ჰელიოსფერო კოსმოსური სხივებისგან ძალიან მწირად არის დაცული. ნასაში ჩამოყალიბებული მეცნიერთა ჯგუფი გეგმავს ახალი მისიის განვითარებას (Vision Mission), რომელიც ეხება ზონდის გაგზავნას ჰელიოსფეროში.

ორტის ღრუბელი

მზის სისტემა 
მხატვრის წარმოსახვა, რომელიც ასახავს ორტის ღრუბელსა და კოიპერის სარტყელს

ჰიპოთეტური ორტის ღრუბელი არის სფერული ღრუბელი, რომელიც ტრილიონამდე ყინულოვან ობიექტს შეიცავს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს რეგიონი ყველა გრძელპერიოდიანი კომეტის წყაროა და მზის სისტემას 50 000 ასტრონომიული ერთეულის (დაახლოებით 1 სინათლის წელიწადი) გარშემო აკრავს, შესაძლოა უფრო შორსაც — 100 000 ა. ე. (1,87 სინათლის წელიწადი). მიჩნეულია ისიც, რომ ეს რეგიონი გაჯერებულია იმ კომეტებით, რომლებიც შიდა მზის სისტემიდან გამოძევდა გარე პლანეტებთან გრავიტაციული ურთიერთქმედებებით. ურტის ნისლეულის ობიექტები ძალიან ნელა მოძრაობს.

განცალკევებული ობიექტები

90377 სედნა (მზიდან საშუალოდ დაშორებულია 525,86 ასტრონომიული ერთეულით) დიდი, მოწითალო ობიექტია, რომელსაც მეტად ელიფსური ორბიტა აქვს. პერიჰელიუმში სედნა მზიდან 76 ა. ე.-თია დაშორებული, ხოლო აფელიუმში — 928 ა. ე. მისი ორბიტალური პერიოდი 12 050 წელიწადი გრძელდება! მაიკ ბრაუნი, რომელმაც ეს ობიექტი 2003 წელს აღმოაჩნია, ამტკიცებს, რომ სედნა შეუძლებელია მიმოფანტული დისკოს ან კოიპერის სარტყლის ნაწილი იყოს, რადგან მისი პერიჰელიუმი ზედმეტად შორსაა, რომ ობიექტი ნეპტუნის მიგრაციის გავლენის ქვეშ მოხვედრილიყო. ბრაუნი და სხვა ასტრონომები მიიჩნევენ, რომ სედნა პირველი ობიექტია მთლიანად ახალ დასახლებაში, რომელშიც შესაძლებელია შედიოდეს კიდევ ერთი ობიექტი, სახელად 2000CR105. ამ უკანასკნელის აფელიუმი 45 ა. ე. არის, ხოლო პერიჰელიუმი — 415 ა. ე. ის მზის გარშემო ერთ სრულ ბრუნს 3420 წელს ანდომებს. ბრაუნმა ამ დასახლებას „შიდა ურტის ნისლეული“ უწოდა, რადგან ის შესაძლებელია იმავე პროცესებით ფორმირდა, თუმცა ის ბევრად ახლოსაა მზესთან. სედნა შესაძლებელია ჯუჯა პლანეტა იყოს, თუმცა მისი ზუსტი ფორმის დადგენაზე მეცნიერები ახლაც მუშაობენ. მეორე აშკარად განცალკევებული ობიექტი, რომლის პერიჰელიუმი უფრო შორსაა ვიდრე სედნასი (81 ა.ე.) არის 2012 წელს აღმოჩენილი 2012 VP113. მისი აფელიუმი მხოლოდ ნახევარია სედნასი - დაახლოებით 400-500 ა.ე.

საზღვრები

მზის სისტემაზე ბევრი რამ კვლავ უცნობია. გამოთვლილია, რომ მზის გრავიტაციულ ველს გარშემო მყოფ ვარსკვლავებზე 2 სინათლის წლის (125 000 ა. ე.) რადიუსამდე აქვს გავლენა. შედარებისთვის ურტის ნისლეულის რადიუსი 50 000 ა. ე.-ზე მეტი არ არის. აღმოჩენების მიუხედავად, როგორიცაა სედნა, კოიპერის სარტყელსა და ურტის ნისლეულს შორის რეგიონის რუკა ჯერ კიდევ არ არის შედგენილი, რეგიონისა, რომელიც ათობით ათასი ასტრონომიულ ერთეულზე ფართოვდება. ასევე მიმდინარეობს კვლევები მერკურისა და მზეს შორის არსებულ რეგიონზე. მზის სისტემის უცნობ ადგილებში (რომლებიც რუკაზე არ არიან აღნიშნულები) შესაძლებელია ბევრი ობიექტი აღმოაჩინონ.

გალაქტიკური შიგთავსი

მზის სისტემა 
მზის სისტემის მდებარეობა ჩვენს გალაქტიკაში
მზის სისტემა 
მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში, ოღონდ უფრო დეტალური და სრულყოფილი ფოტოთი, ვიდრე ზემოთ მდებარე.

მზის სისტემა მდებარეობს სპირალურ გალაქტიკა „ირმის ნახტომში“, რომლის დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელიწადია. ის საშუალოდ 200 მილიარდ ვარსკვლავს შეიცავს. მზე „ირმის ნახტომის“ ერთ-ერთ გარე მკლავში მდებარეობს, რომელსაც „ორიონი-გედის მკლავი“ ან „ადგილობრივი დეზი“ ეწოდება. ჩვენი დედავარსკვლავი გალაქტიკის ცენტრიდან 25 000-28 000 სინათლის წლის დაშორებით ბრუნავს. მისი სიჩქარე გალაქტიკაში 220 კმ/წმ-ია, რის შედეგადაც ერთი სრული ბრუნის გაკეთებას 225-250 მილიონ წელს ანდომებს. ამ წელს კი ასტრონომები „მზის სისტემის გალაქტიკურ წელს“ უწოდებენ. მზიური წვერო — მზის ბილიკის მიმართულება ვარსკვლავთშორის სივრცეში — არის ჰერკულესის თანავარსკვლავედთან ახლოს და კაშკაშა ვარსკვლავ „ვეგას“ ამჟამინდელი ადგილმდებარეობის მიმართულებით. ეკლიპტიკის სიბრტყე გალაქტიკის სიბრტყესთან 60°-ით არის დახრილი.

მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მისი ორბიტა თითქმის წრიულია და მზის გარშემო ორბიტების სიჩქარე დაახლოებით სპირალური მკლავების სიჩქარის ტოლია. აქედან გამომდინარე, მზე მკლავებში ძალიან იშვიათად გადის. რადგანაც სპირალურ მკლავებში ბევრად უფრო მეტი ზეახალი, გრავიტაციული არასტაბილურობები და რადიაციაა, რომლებსაც შეუძლია დააზიანოს მზის სისტემა, ამ ყველაფრისგან დაცვა დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის სტაბილურობის დიდ პერიოდს უზრუნველყოფს. მზის სისტემა ასევე მდებარეობს გალაქტიკის ცენტრის ვარსკვლავებით გადაჭედილ არემარეში. ცენტრთან ახლოს, მეზობელი ვარსკვლავებისგან გამოწვეული გრავიტაციულ მიზიდულობას შეუძლია „შეაწუხოს“ სხეულები ურტის ნისლეულში და უამრავი კომეტა შიდა მზის სისტემაში გამოგზავნოს, რომლებიც შესაძლებელია დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის სავალალო აღმოჩნდეს. გალაქტიკის ცენტრიდან წამოსულმა ინტენსიურმა რადიაციამ ასევე შესაძლებელია სიცოცხლის კომპლექსის განვითარებას შეუშალოს ხელი. ზოგიერთი მეცნიერის ჰიპოთეზის მიხედვით, მზის სისტემის ამჟამინდელ ადგილმდებარეობაზეც კი მოხდა ზოგიერთი ზეახლის ანთება, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა სიცოცხლეზე უკანასკნელი 35 000 წლის მანძილზე.

სამეზობლო

მზის სისტემის მუდმივი გალაქტიკური სამეზობლო ცნობილია, როგორც „ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბელი“ ან „ადგილობრივი ბუმბული“ — შედარებით მკვრივი ღრუბლის სივრცე, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, მეჩხერი რეგიონი, რომელიც მეზობელ G-ღრუბელთან ახლოს მდებარეობს. ის ქვიშის საათის მსგავსი ღრმულია ვარსკვლავთშორის სივრცეში, რომელიც 300 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. ამ ბუშტში ძალიან მაღალი ტემპერატურის პლაზმაა, რომელიც ახლახან მომხდარი ზეახლებისგანაა გამოწვეული.

მზის გარშემო, 10 სინათლის წლის მანძილზე (95 ტრილიონი კილომეტრი) შედარებით ცოტა ვარსკვლავია. მზის უახლოესი მეზობელი არის სამმაგი სისტემა „ალფა კენტავრი,“ რომელიც ჩვენს მნათობს 4,4 სინათლის წლითაა დაშორებული. „ალფა კენტავრი A“ და „ალფა კენტავრი B“ ძალიან ახლოს მდებარეობს ერთმანეთთან. ისინი მზის მსგავსი ვარსკვლავებია. წითელი ჯუჯა „ალფა კენტავრი C“ (ასევე ცნობილია, როგორც „პროქსიმა კენტავრი“) წყვილ ვარსკვლავებს 0,2 სინათლის წლის დაშორებით უვლის გარშემო. მზის შემდეგი უახლოესი ვარსკვალვებია: წითელი ჯუჯა „ბარნარდის ვარსკვლავი“ (5,9 სინათლის წელი), „ვულფ 359“ (7,8 სინათლის წელი) და „ლალანდ 21185“ (8,3 სინათლის წელი). უდიდესი ვარსკვლავი 10 სინათლის წლის რადიუსზე არის „სირიუსი“ — მთავარი მიმდევრობის კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც მზეს, დაახლოებით, 2-ჯერ აჭარბებს მასით. მის ორბიტაზე თეთრი ჯუჯა „სირიუს B“ მოძრაობს. ეს სისტემა 8,6 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. დანარჩენი სისტემებია (10 სინათლის წლის რადიუსზე): ორმაგი სისტემა „ლუიტენ 726-8“ (8,7 სინათლის წელი, წითელი ჯუჯა) და ეული წითელი ჯუჯა „როზ 154“ (9,7 სინათლის წელი). მზის სისტემის უახლოესი მზის მსგავსი ეული ვარსკვლავი არის „ვეშაპის ტაუ,“ რომელიც 11,9 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი მასა დაახლოებით მზის მასის 80 %-ს მოიცავს, ხოლო სიკაშკაშე 60%-ს უტოლდება. მზესთან მდებარე უახლოესი ეგზოპლანეტა ბრუნავს ვარსკვლავ „ეფსილიონ ერიდანის“ გარშემო — ვარსკვლავისა, რომელიც მზეზე ოდნავ მკრთალი და უფრო წითელია. ის 10,5 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი ერთი დადასტურებული პლანეტა არის „ეფსილიონ ერიდანი b,“ რომლის მასა იუპიტერისას 1,5-ჯერ აჭარბებს. მისი ორბიტალური პერიოდი კი 6,9 დღეა. უახლოესი „თავისუფლად მოტივტივე პლანეტა“ მზესთან არის WISE 0855-0714, - ობიექტი, რომელიც 10 იუპიტერის მასისაა და 7 სინათლის წლის მოშორებითაა.

დიაგრამა, რომელშიც ნაჩვენებია ჩვენი — დედამიწელების ადგილმდებარეობა ხილულ სამყაროში.. (მაღალი გარჩევადობის სურათისთვის დააკლიკეთ აქ.)

ვიზუალური კონსპექტი

მზის სისტემის სხეულების სურათები, რომლებიც მოცულობით კლების მიხედვითაა დალაგებულნი. ჩვენი მზე, დაახლოებით, 10 000-ჯერ დიდია და 41 ტრილიონჯერ მეტი მოცულობა აქვს, ვიდრე ყველაზე პატარა (ამ ცხრილში) ობიექტ პრომეთეს.

მზის სისტემა
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზე
(ვარსკვლავი)
იუპიტერი
(პლანეტა)
სატურნი
(პლანეტა)
ურანი
(პლანეტა)
ნეპტუნი
(პლანეტა)
დედამიწა
(პლანეტა)
ვენერა
(პლანეტა)
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მარსი
(პლანეტა)
განიმედე
(იუპიტერის თანამგზავრი)
ტიტანი
(სატურნის თანამგზავრი)
მერკური
(პლანეტა)
კალისტო
(იუპიტერის თანამგზავრი)
იო
(იუპიტერის თანამგზავრი)
მთვარე
(დედამიწის თანამგზავრი)
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
ევროპა
(იუპიტერის თანამგზავრი)
ტრიტონი
(ნეპტუნის თანამგზავრი)
ტიტანია
(ურანის თანამგზავრი)
რეა
(სატურნის თანამგზავრი)
ობერონი
(ურანის თანამგზავრი)
იაფეტი
(სატურნის თანამგზავრი)
უმბრიელი
(ურანის თანამგზავრი)
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
არიელი
(ურანის თანამგზავრი)
დიონა
(სატურნის თანამგზავრი)
ტეფია
(სატურნის თანამგზავრი)
ვესტა
(ასტეროიდი)
ენცელადი
(სატურნის თანამგზავრი)
მირანდა
(ურანის თანამგზავრი)
პროტეო
(ნეპტუნის თანამგზავრი)
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მზის სისტემა 
მიმასი
(სატურნის თანამგზავრი)
ჰიპერიონი
(სატურნის თანამგზავრი)
ფება
(სატურნის თანამგზავრი)
იანუსი
(სატურნის თანამგზავრი)
ამალთეა
(იუპიტერის თანამგზავრი)
ეპიმეტეო
(სატურნის თანამგზავრი)
პრომეთე
(სატურნის თანამგზავრი)

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მზის სისტემა აღმოჩენა და კვლევამზის სისტემა სტრუქტურა და შედგენილობამზის სისტემა წარმოქმნა და ევოლუციამზის სისტემა მზემზის სისტემა პლანეტათაშორისი სივრცემზის სისტემა შიდა მზის სისტემა გარე მზის სისტემა ტრანს-ნეპტუნისეული რეგიონიმზის სისტემა უშორესი რეგიონებიმზის სისტემა გალაქტიკური შიგთავსიმზის სისტემა ვიზუალური კონსპექტიმზის სისტემა იხილეთ აგრეთვემზის სისტემა რესურსები ინტერნეტშიმზის სისტემა სქოლიომზის სისტემაამიაკიგრავიტაციადედამიწავენერაიუპიტერიკლდოვანი პლანეტებიმარსიმასამეთანიმერკურიმეტალიმზემოლეკულური ღრუბელინეპტუნიპლანეტასატურნიურანიქვაყინულის გიგანტებიციური სხეულიწყალბადიჰელიუმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბელგიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაარსებითი სახელიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოტელეფონების ნომრები საქართველოშისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკარომბიკალიებინიუ-იორკიიმპრესიონიზმისანქტ-პეტერბურგიმე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიანტანტაალავერდიაგენტითეატრიეკოსისტემაბუნებასამცხე-ჯავახეთის მხარელეკებილომი (ასტროლოგია)ანბანიმასტურბაციაადამიანის უფლებებიბაში-აჩუკი (ფილმი)დუბაივულკანისაჰარანარიყალასაქართველო IX-X საუკუნეებშიერლინგ ჰოლანიფოტოსინთეზისაფრანგეთის რევოლუციადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაკევინ დე ბრეინეილია თოფურიაიგავ-არაკიივანე მაჩაბელიგია ყანჩელიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსეფსისისაქართველოს სახელმწიფო დროშანერვული სისტემასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკომუნიზმიაზერბაიჯანისაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018წმინდა გიორგიასპინძის ბრძოლაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიავსტრია14 აპრილიავტორიტარიზმიფეხბურთის წესებიიოსებ სტალინიშხარაალკოჰოლური სასმელიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)პლანეტამაჰმადიბარდა სკლიაროსისამეგრელოიასამანიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითკონსტანტინოპოლივერცხლიდემოკრატიაექვთიმე თაყაიშვილიმირიან IIIშენგენის ზონამიწისძვრაკოლხეთის სამეფოგელათის მონასტერიბუნებრივი რესურსებისტიგმამცხეთის ჯვრის მონასტერირესპუბლიკანიკო ბაგრატიონი🡆 More