კათოლიციზმი

კათოლიციზმი (ბერძ.

კათოლიციზმი ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კათოლიციზმი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კათოლიციზმი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

καθολικός), ოფიციალური სახელია რომის კათოლიკე ეკლესია (ლათ. Ecclesia Catholica Romana), ან უბრალოდ კათოლიკე ეკლესია (ლათ. Ecclesia Catholica) ― ქრისტიანობის ყველაზე დიდი კონფესია და, ასევე, მსოფლიოს უდიდესი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც, 2019 წლის მონაცემებით 1,345 მილიარდი მონათლული კათოლიკე მიმდევარი ჰყავს. როგორც მსოფლიოში უდიდესმა და უძველესმა, ასევე მუდმივად მოქმედმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა დასავლური ცივილიზაციის ისტორიასა და განვითარებაში. კათოლიციზმი აერთიანებს 24 კონკრეტულ ეკლესიასა და მთელს მსოფლიოში არსებულ 3500 ეპარქიას. პაპი, რომელიც არის რომის ეპისკოპოსი, არის ასევე მთელი ეკლესიის მეთაური. რომის საეპისკოპოსო, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა საყდარი, არის ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანო. წმინდა საყდარი შედგება ორი ნაწილისაგან: რომის კურიისგან, რომელსაც ოფისები ვატიკანში აქვს, და რომის ანკლავისგან, რომლის მეთაურიც თავად პაპია.

კათოლიციზმი
კათოლიკე ეკლესია
Ecclesia Catholica
კათოლიციზმი
წმინდა პეტრეს ბაზილიკა, მსოფლიოს უდიდესი კათოლიკური ეკლესია
შემოკლებით კათოლიციზმი
წმინდა წერილი ბიბლია
თეოლოგია კათოლიკური თეოლოგია
პოლიტიკა სამოციქულო
მმართველობა წმინდა საყდარი
სტრუქტურა არქისაეპისკოპოსო: 640
საეპისკოპოსო: 2851
სამრევლო: 221 700
მეთაურის წოდება რომის პაპი
მეთაურის სახელი ფრანცისკე
არეალი მსოფლიო
ენა ლათინური (ოფიციალური) და ადგილობრივი ენები
ლიტურგია დასავლური და აღმოსავლური
დედაქალაქი რომი, იტალია (დე იურე)
ვატიკანი (დე ფაქტო)
დამფუძნებელი იესო ქრისტე (რელიგიის)
პეტრე მოციქული (საკუთრივ რომის ეკლესიის)
დაფუძნების თარიღი წმინდა მიწა
დაფუძნების ადგილი I საუკუნე
ეკლესიები ლათინური ეკლესია და 23 აღმოსავლეთის ეკლესია
საავადმყოფოები 5500
სკოლები 139 000
ვებ-საიტი www.vatican.va
მრევლი: 1,345 მილიარდი (2019)
ეპისკოპოსები: 5364
მღვდლები: 414 336
დიაკვნები: 48 238
ქრისტიანობა
კათოლიციზმი
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

კათოლიციზმის მთავარი რელიგიური იდეოლოგია გამომდინარეობს ნიკეის საეკლესიო კრების მრწამსიდან. ამ მოძღვრების მიხედვით, არსებობს ერთადერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც თავად იესო ქრისტემ დააარსა. ამავე მოძღვრებით, კათოლიკე ეპისკოპოსები არიან ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეები, ხოლო რომის პაპი თავად წმინდა პეტრეს მემკვიდრე და, მაშასადამე, მთელი ეკლესიის მეთაურია, რამეთუ მას მიანიჭა ქრისტემ პირველობა. კათოლიკეთა მტკიცებით, სწორედ ისინი იყენებენ თავდაპირველ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელსაც ქადაგებდნენ მოციქულები. კათოლიკე ეკლესია უშეცდომოდ ინარჩუნებს სწავლებას წმინდა წერილებისა და წმინდა ტრადიციების მეშვეობით, როგორც ავთენტურადაა განმარტებული ეკლესიის მაგისტერიუმში. ლათინური ეკლესია, ოცდასამი აღმოსავლური ეკლესია და ინსტიტუტები, როგორებიცაა: მენდიკანტური ორდენები, დახურული სამონასტრო ორდენები და სხვა წმინდა ორდენები, ასახავენ ეკლესიაში არსებულ მრავალფეროვან თეოლოგიურ და სულიერ აქცენტებს.

შვიდი საიდუმლოდან კათოლიციზმში მთავარ ადგილს ევქარისტია, ანუ ზიარება იკავებს, რომელიც ლიტურგიულად აღევლინება წირვისას. ამ დროს შეწირული პური და ღვინო წარმოადგენს ქრისტეს ხორცისა და სისხლის განსახიერებას. კათოლიციზმში ასევე დიდი ადგილი უკავია წმინდა მარიამს, რომელიც აღიქმება მარადიულ ქალწულად, ღვთისმშობლად, ზეცის დედოფლად და ეკლესიის დედად. კათოლიკური სოციალური სწავლება ასევე ხაზს უსვამს ავადმყოფთა, ღარიბთა და ტანჯულთა მხარდაჭერას მოწყალების ფიზიკური და სულიერი საშუალებების მეშვეობით. კათოლიკური ეკლესია ათასობით სკოლასა და საავადმყოფოს ფლობს მთელი მსოფლიოს გარშემო, რის გამოც იგი არის განათლებისა და ჯანდაცვის უმსხვილესი არასამთავრობო მიმწოდებელი მსოფლიოში. მის დაქვემდებარებაშია ასევე არაერთი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია.

კათოლიციზმმა უდიდესი გავლენა იქონია დასავლურ ფილოსოფიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და მეცნიერებაზე. კათოლიკე მისიონერები დღემდე მთელ მსოფლიოში მოღვაწეობენ ადამიანთა მოქცევისა და დიასპორის გაზრდის მიზნით. XX საუკუნეში ევროპაში განხორციელებული სეკულარიზმის პოლიტიკისა და კომუნისტური რეჟიმის მიერ ქრისტიანობის დევნის გამო, დღეისათვის კათოლიკეთა უმეტესობა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ცხოვრობს. კათოლიკური ეკლესია თანაზიარებაში იყო აღმოსავლეთის ბერძნული წესის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან 1054 წლის დიდ სქიზმამდე, რომელიც უმეტესად პაპის ავტორიტეტისა და სულიწმინდის გამომავლობის საკითხში ორი კონფესიის უთანხმოებამ გამოიწვია. 431 წლის ეფესოს საეკლესიო კრებამდე დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები ფაქტობრივად იდენტური იყო, 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ კი ქრისტოლოგიაში არსებული განსხვავებების გამო მოხდა მათი თავდაპირველი გახლეჩა. XVI საუკუნის ევროპაში განხორციელებულმა რეფორმაციამ გამოიწვია კათოლიკე ეკლესიისაგან მისი დიდი ნაწილის გამოყოფა და ცალკე, პროტესტანტულ კონფესიად გადაქცევა. XX საუკუნიდან კათოლიკური ეკლესია ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი სექსუალობის შესახებ დოგმატური სწავლებების, ქალების მღვდლებად ხელდასმის წინააღმდეგ არსებული დოქტრინისა და სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო.

სახელი

კათოლიციზმი 
წმინდა ეგნატე ანტიოქიელი, რომელმაც 110 წელს პირველად გამოიყენა ტერმინი „კათოლიკე ეკლესია“ (საყოველთაო ეკლესიის მნიშვნელობით) თავის „სმირნელთა მიმართ ეპისტოლეში“. იგი სიკვდილით დასაჯეს რომში, მისი წმინდა ნაწილები დაკრძალულია იქვე, ბაზილიკა სან-კლემენტე-ალ-ლატერანოში

პირველად ტერმინი კათოლიკე (ბერძ. καθολικός, იგი პირდაპირ ნიშნავს „საყოველთაო“-ს) II საუკუნის დასაწყისში იქნა გამოყენებული. საკუთრივ ტერმინის „კათოლიკე ეკლესია“ (ბერძ. καθολικὴ ἐκκλησία) პირველი გამოყენება წმინდა ეგნატე ანტიოქიელის სახელს მიეწერება, რომელიც ერთიან ქრისტიანულ ეკლესიას ასე უწოდებდა 110 წელს დაწერილ ეპისტოლეში სმირნელთა მიმართ. წმინდა კირილე იერუსალიმელის კატეხეზურ სწავლებაში (დაახლ. 350 წ.) სახელი „კათოლიკე ეკლესია“ გამოიყენებოდა ქრისტიანობის განსხვავებული მიმდევრობებისაგან განსამიჯნად, რომლებიც საკუთარ თავს ასევე „ეკლესიას“ უწოდებდნენ. ცნება „კათოლიკე“ კიდევ უფრო ხაზგასმული იყო ერთიანი რომის უკანასკნელი იმპერატორის, თეოდოსიუს I-ის 380 წელს გამოცემულ ედიქტში, რომელიც აარსებდა რომის იმპერიის სახელმწიფო ეკლესიას.

1054 წელს მომხდარი დიდი საეკლესიო სქიზმისა და საქრისტიანოს დასავლურ და აღმოსავლურ ნაწილებად გახლეჩის შემდეგ, აღმოსავლეთის ეკლესიამ დაირქვა მართლმადიდებელი (თუმცა სრულ სახელში იგი მაინც იწოდება „მართლმადიდებელ კათოლიკე ეკლესიად“), ხოლო დასავლეთის ეკლესიამ თავს კათოლიკე უწოდა. წმინდა საყდარი თანაზიარებაში იყო დასავლეთის ყველა ეკლესიასთან და მათაც კათოლიკეები ეწოდებოდათ XVI საუკუნის რეფორმაციამდე, სანამ მათი ნაწილი გამოეყო რომის ეკლესიას, გაუქმდა მათ შორის არსებული თანაზიარება და ეწოდათ პროტესტანტები.

მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპის ეპარქიის აღსაწერად დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ და ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში (VI-X საუკუნეები) გამოიყენებოდა ტერმინი „რომაული ეკლესია“, მთელი დასავლური ეკლესიის აღსანიშნავად მაშინაც გამოიყენებოდა ტერმინი „რომის კათოლიკე ეკლესია“. „რომაული კათოლიკობა“ ასევე იხსენიება ხოლმე წმინდა საყდრის მიერ მომზადებულ დოკუმენტებში.

1990 წლიდან სახელი „კათოლიკე ეკლესია“ კათოლიკურ კატეხეზებში გამოიყენება მთელი ეკლესიის აღსანიშნად, ხოლო 1983 წლიდან კანონიკური სამართლის კოდექსშიც დამკვიდრდა. სახელი „კათოლიკე ეკლესია“ ასევე გამოიყენეს ვატიკანის პირველი კრების (1869-1870), ვატიკანის მეორე კრების (1962-1965), ტრიენტის კრებისა (1545-1563) და მრავალ სხვა დოკუმენტში.

ისტორია

ზოგადი მიმოხილვა

კათოლიციზმი 
პიეტრო პერუჯინოს მიერ შესრულებული ფრესკა სიქსტეს კაპელაზე, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ გადასცემს ქრისტე სამოთხის გასაღებს წმინდა პეტრეს.

ქრისტიანული რელიგია ეფუძნება იესო ქრისტეს სწავლებებს, რომელიც ცხოვრობდა და ქადაგებდა ჩვ. წ. I საუკუნეში, რომის იმპერიის იუდეის პროვინციაში. კათოლიკური მოძღვრებით, თანამედროვე რომის კათოლიკე ეკლესია არის თავად ქრისტეს მიერ დაარსებული ადრეული ქრისტიანული საზოგადოების მემკვიდრე. მიუხედავად რელიგიური კონფლიქტებისა და სასტიკი დევნისა, ქრისტიანობამ გავრცელება რომის იმპერიაში მალევე დაიწყო. იმპერატორმა კონსტანტინემ 313 წელს ქრისტიანობის დევნა შეწყვიტა, 380 წელს კი იმპერიის სახელმწიფო რელიგიაც ხდება. V-VI საუკუნეებში დასავლეთ რომის იმპერია მთლიანად გერმანულმა ტომებმა დაიპყრეს, რომლებმაც თავიდან არიული ქრისტიანობა მიიღეს, თუმცა საბოლოოდ კათოლიკეები გახდნენ და მოექცნენ რომის პაპის პრიმატში.

VII-VIII საუკუნეებში დაწყებულმა ისლამურმა დაპყრობებმა და ისლამის გაფართოვებამ გამოიწვია საქრისტიანოს საგრძნობლად შევიწროვება. მუსლიმთა ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონებას მოჰყვა ნელ-ნელა დასავლელი და აღმოსავლელი ქრისტიანების ჩამოშორება და რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ბზარების გაჩენა. საეკლესიო ხელისუფლებასთან დაკავშირებული კონფლიქტები, განსაკუთრებით რომის პაპის ავტორიტეტთან დაკავშირებული, ნელ-ნელა გამწვავდა და კულმინაციას XI საუკუნეში მიაღწია, როდესაც 1054 წელს მოხდა დიდი სქიზმა და ერთიანი საქრისტიანო გაიყო კათოლიკეებად და მართლმადიდებლებად. კათოლიკეებმა რომის პაპი მსოფლიო ეკლესიის მეთაურად სცნეს, მართლმადიდებლებმა კი — არა, თუმცა ეს გახლეჩის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. ეკლესიის შიდა განხეთქილება ჯერ კიდევ 431 წლის ეფესოს კრებასა და 451 წლის ქალკედონის კრებიდან დაიწყო. მიუხედავად სქიზმისა, არაერთი აღმოსავლური ეკლესია რომთან თანაზიარებაში დარჩა, რასაც XV საუკუნეში მოჰყვა აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიების გაჩენა.

კათოლიციზმი 
საიდუმლო სერობა, შესრულებულია ლეონარდო და ვინჩის მიერ. გამოსახულია იესო ქრისტე და მისი თორმეტივე მოციქული.

ადრეული ეკლესიები ევროპაში ბერძნული და რომაული ცივილიზაციების შემნარჩუნებლები გახდნენ. მალევე რომის კათოლიკე ეკლესია დომინანტი ძალა გახდა მთელ დასავლურ ევროპაში, რომელსაც თავად მონარქებიც ექვემდებარებოდნენ. რენესანსის დროსაც კი, მრავალი პოლიტიკური მოღვაწე განაგრძობდა ეკლესიის დაფინანსებას. უკვე XVI საუკუნიდან კი დაიწყო ეკლესიის, განსაკუთრებით კი რელიგიური ავტორიტეტის სერიოზული რყევა, რაც ლუთერის ქადაგებებისა და ევროპაში პროტესტანტული რეფორმაციის შედეგი იყო, რომლის დროსაც თითქმის მთელი ჩრდილოეთი ევროპა მოსწყდა რომის კათოლიკე ეკლესიას. ამას მოჰყვა XVII საუკუნეში დაწყებული განმანათლებლობა და ინტელექტუალურ-სამეცნიერო მიღწევები, რომლებიც თანდათან ამცირებდა ეკლესიის გავლენებს. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, ესპანელი, პორტუგალიელი და ფრანგი მოგზაურები, მკვლევრები და მისიონერები კათოლიციზმს მთელს ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ავრცელებდნენ.

1870 წელს მოწვეულმა ვატიკანის მეორე კრებამ მიიღო პაპის უცდომელობის დოგმატი, რასაც იტალიის სამეფოს მიერ ქალაქ რომის ანექსია და პაპის სამფლობელოების დაპყრობა მოჰყვა. XX საუკუნის ანტი-კლერიკული მთავრობები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ესპანეთში, პორტუგალიასა და მექსიკაში, სასტიკად დევნიდნენ კათოლიციზმს და სიკვდილით სჯიდნენ როგორც კათოლიკე სასულიერო, ისე საერო პირებს. მეორე მსოფლიო ომისას რომის კათოლიკე ეკლესიამ დაგმო ნაცისტური იდეოლოგია და ასობით ათასი ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტს. თუმცა, პრესის მხრიდან მისი ეს ძალისხმევა კრიტიკულად შეფასდა, როგორც არაადეკვატური. ომის შემდეგ რელიგიის თავისუფლება სასტიკად შეიზღუდა საბჭოთა კავშირის მიერ გაკომუნისტებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომელთაგან რამდენიმეც უმეტესად კათოლიკური აღმსარებლობისა იყო.

1960-იან წლებში მოიწვიეს ვატიკანის მეორე კრება, ლიტურგიული და რელიგიური პრაქტიკების რეფორმებისათვის, რომელსაც მომხრეები „ფანჯრის გაღებას“ უწოდებდნენ, თუმცა ტრადიციული კათოლიკეების მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. როგორც შინაგანი, ისე გარეგანი კრიტიკის ფონზე, ეკლესიამ მხარი დაუჭირა, ან კიდევ ერთხელ ღიად მხარი დაუჭირა საკამათო დოქტრინალურ პოზიციებს სექსუალობასა და გენდერთან დაკავშირებით, მათ შორის სასულიერო პირად ხელდასმის შეზღუდვას ქალებისათვის და აბორტის აკრძალვა, ასევე კონტრაცეფციის, ქორწინების გარეშე სექსუალური აქტივობისა და განქორწინების შესახებ. კათოლიკური ეკლესია ასევე ეწინააღმდეგება ანულაციის გარეშე ხელმეორე ქორწინებას, ისევე, როგორც ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინებას.

მოციქულთა ეპოქა და პაპობა

კათოლიციზმი 
იესო დავალებებსა და სამოთხის გასაღებს გადასცემს წმინდა პეტრეს

ახალი აღთქმის სახარებებში აღწერილია იესო ქრისტეს საქმიანობები და სწავლება, თორმეტი მოციქულის კურთხევა და მათი დიდი დავალება ― გააგრძელონ და მსოფლიოში გაავრცელონ მისი სწავლება. „საქმე წმიდათა მოციქულთა“ მოგვითხრობს მოციქულების საქმეებზე, ქრისტიანული ეკლესიის დაარსებასა და რომის იმპერიაში მისი გავრცელების შესახებ. კათოლიკური ეკლესიის სწავლებით, ქადაგება სულთმოფენობიდან დაიწყეს, რომელიც ხდება ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდაათი დღის შემდეგ. ორმოცდამეათე დღეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მოციქულებს შესძინა სხვადასხვა ენაზე ქრისტიანობის ქადაგებისა და სასწაულების მოხდენის უნარი. კათოლიკური სწავლებით, რომის ეპისკოპოსის თაოსნობით არსებული ეპისკოპოსთა კოლეგია მოციქულთა მემკვიდრეა.

მათეს სახარებაში არსებულ ერთ მომენტში, ქრისტე პეტრე მოციქულს უწოდებს „კლდეს“, რომელზეც დაშენდება ქრისტიანული ეკლესია. კათოლიკე ეკლესია რომის ეპისკოპოსს სწორედ პეტრეს მემკვიდრედ თვლის, რამეთუ მკვლევართა უმეტესობა ადასტურებს, რომ პეტრე რომის პირველი ეპისკოპოსი იყო. თუმცა ასევე არსებობს მოსაზრება, რომ პაპის ინსტიტუტი არაა დაფუძნებული წმინდა პეტრეს ტახტზე და ამტკიცებენ, რომ პეტრე საერთოდაც არ ყოფილა რომში და, შესაბამისად, არც მისი პირველი ეპისკოპოსი ყოფილა. ამის გამო, ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, არის თუ არა რეალური კავშირი პაპის ინსტიტუტსა და წმინდა პეტრეს შორის, თუმცა, ძირითადი სკოლები და სწავლებები ემხრობიან და ამოწმებენ იმ ფაქტს, რომ იგი რომის პირველი ეპისკოპოსი იყო და ავტომატურად ყველა რომის პაპი მისი მემკვიდრეა, რაც პაპს კათოლიკეებისათვის მსოფლიო ეკლესიის უპირობო მეთაურად აქცევს.

ანტიკური პერიოდი და ადრეული შუა საუკუნეები

კათოლიციზმი 
პაპი სილვესტერ I ნათლავს იმპერატორ კონსტანტინეს

რომის იმპერიაში არსებული პირობები ხელს უწყობდა მთელ იმპერიაში ახალი იდეოლოგიების გავრცელებას. იმპერიის გზები და სანაოსნო პორტები მოგზაურობას აადვილებდა, ხოლო იმპერიის მკვიდრებისათვის მგზავრობა უფასო იყო. იმპერიული ხელისუფლება ხელს უწყობდა ბერძნული ფესვების მქონე საერთო კულტურის გავრცელებას.

რომის იმპერიის სხვა წარმართული რელიგიებისაგან განსხვავებით, ქრისტიანობა თავის მიმდევრებს ყველა სხვა ღმერთის დაგმობას სთხოვდა, იუდაიზმიდან მიღებული პრაქტიკით. ქრისტიანობის მიღება წარმართულ დღესასწაულებზე და წარმართ ადამიანზე ქორწინების შესაძლებლობაზე უარის თქმასაც ნიშნავდა, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთობ ხელისშემშლელი ფაქტორები იყო. ამას ერთვოდა მთავრობის წარმომადგენელთა შიში, რომ ქრისტიანები მათ ღმერთებს ანრისხებდნენ, ამით კი დაკარგავდნენ იმპერიის მშვიდობასა და კეთილდღეობას. ამ მიზეზების გამო იმპერიაში დაიწყო ქრისტიანების უსასტიკესი დევნა, რომელიც IV საუკუნემდე გაგრძელდა.

კათოლიციზმი 
წმინდა პეტრეს ძველი ბაზილიკა, აგებული 318 წელს, იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანებით

313 წელს მომხდარი სასწაულის გამო, იმპერატორმა კონსტანტინე I-მა გამოსცა მილანის ედიქტი, რომლითაც ქრისტიანობა კანონიერ აღმსარებლობად სცნო და შეწყვიტა მისი მიმდევრების დევნა. 330 წელს მან იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლში (თანამედროვე სტამბოლი, თურქეთი) გადაიტანა. უკვე 380 წელს თესალონიკის ედიქტმა ნიკეის ქრისტიანობა იმპერიის ოფიციალური რელიგია გახადა. აღსანიშნავია, რომ იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილებში ქრისტიანობა ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე შენარჩუნდა. შემდეგ პერიოდში უკვე დაიწყო ე.წ. საეკლესიო კრებების პერიოდი, რა დროსაც შედგა შვიდი მთავარი მსოფლიო საეკლესიო კრება: ნიკეის (325), კონსტანტინოპოლის (381), ეფესოს (431), ქალკედონის (451), კონსტანტინოპოლის (553), კონსტანტინოპოლის (680-681), ნიკეისა (787) და კონსტანტინოპოლის (879-880). ამ შვიდი საეკლესიო კრების პერიოდში გაჩნდა ხუთი ძირითადი საყდარი: რომის, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის. 451 წლის ქალკედონის საეკლესიო კრებამ, სადავო მოქმედების კანონით, კონსტანტინოპოლის საყდარი აიყვანა თანამდებობაზე, რომელიც იყო „რომის ეპისკოპოსთან შედარებით მეორე უმაღლესი და ძალაუფლების მქონე“. 350-500 წლებში რომის ეპისკოპოსები/პაპები სტაბილურად ზრდიდნენ თავიანთ ავტორიტეტს. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ, რომელმაც თავის იმპერიაში წარმატებით დაამკვიდრა კეისაროპაპიზმი, მოიპოვა იმდენი ძალაუფლება, რომ „ჰქონდა უფლება და მოვალეობა თავისი კანონებით დაერეგულირებინა თაყვანიცემისა და დისციპლინების უმცირესი დეტალებიც კი და ასევე ეკარნახა თეოლოგიური მოსაზრებები, რომლებიც გატარდებოდა ეკლესიაში“. ამან, ცხადია კონსტანტინოპოლის პატრიარქის როლისა და ძალაუფლების შემცირება გამოიწვია, განსხვავებით რომის პაპისაგან. ამას მოჰყვა ის, რომ რომის პაპის გავლენა გავრცელდა აღმოსავლეთის ეკლესიებზეც, რის შემდეგაც ბერძენი სასულიერო პირები მთავარ საკითხებს რომის პაპთან ათანხმებდნენ. ამრიგად, 537 წელს დაიწყო და 752 წელს დასრულდა ე.წ. ბიზანტიის პაპობა, რომლის დროსაც რომის პაპები აკონტროლებდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიას. ამ დროს იმპერატორი კონსტანტინოპოლის ნაცვლად რავენაში გზავნიდა წარმომადგენლობებს კურთხევისათვის, ხოლო კონსტანტინოპოლის პატრიარქს უმეტესად იმპერატორი, ან ბერძენი სასულიერო პირები ირჩევნდნენ, რომელთაც შემდეგში რომის პაპი ამტკიცებდა.

კათოლიციზმი 
მეფე ხლოდვიგის ნათლობა

მომდევნო საუკუნეებში რომის იმპერიაში შეჭრილმა გერმანულმა ტომებმა ქრისტიანობა მიიღეს, მაგრამ არიული ფორმით, რომელიც მალევე რომის კათოლიკე ეკლესიამ ერესად გამოაცხადა. გერმანელ მმართველებსა და მათ კათოლიკე ქვეშევრდომებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებების აღმოსაფხვრელად, ისინი იძულებულნი გახდნენ საბოლოოდ კათოლიკეები გამხდარიყვნენ და ეღიარებინათ პაპის ავტორიტეტი. 497 წელს ფრანკთა მეფე ხლოდვიგ I გაქრისტიანდა, მასთან ერთად კი მთელი ერიც, რის შემდეგაც მეფე პაპის მთავარი მოკავშირე ხდება. იგივე მოხდა ვესტგოთებთან 589 წელს და ლომბარდებთან VII საუკუნეში.

ამ ყველაფერთან ერთად, ქრისტიანობა დასავლეთში კლასიკური ცივილიზაციისა და მწიგნობრობის მთავარ შემნარჩუნებელ ძალად იქცა, ბარბაროსების ბატონობის პირობებში. დასავლური წესის ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ბენედიქტე ნურსიელმა, თავისი მმართველობის მეშვეობით, უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპულ კულტურაზე ადრეული კათოლიკური სამონასტრო სულიერი მემკვიდრეობის დამკვიდრება-გავრცელებით. ბენედიქტური ტრადიცია დღემდეა მოღწეული, უძველესი კულტურის შენარჩუნება-გადაცემის გზით. ამ პერიოდის სამონასტრო სწავლების ცენტრი ირლანდია გახდა. ადრეულმა ირლანდიელმა მისიონერებმა, როგორებიც იყვნენ: კოლუმბა და კოლუმბანუსი, ქრისტიანული სამონასტრო ცხოვრების წესი მთელ ევროპაში გაავრცელეს.

შუა საუკუნეები და ადრეული რენესანსი

ლათინური წესის ღვთისმსახურების გაჩენა და დიდი სქიზმა

რომის კათოლიკე ეკლესია იყო დომინანტი და დიდი გავლენის მქონე მთელ დასავლურ ცივილიზაციაზე, რაც დაიწყო ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში და გასტანა თანამედროვე ეპოქის გარიჟრაჟამდე. იგი იყო რომაული, გოთიკური, რენესანსული, მანერისტული და ბაროკოს სტილის ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მფარველი. რენესანსის დროის მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: რაფაელი, მიქელანჯელო, და ვინჩი, ბოტიჩელი, ფრა ანჯელიკო, ტინტორენტო, ტიციანი, ბერნინი და კარავაჯო, ეკლესიის მიერ დაფინანსებულ არაერთ პროექტზე მუშაობდნენ. სწორედ ამიტომ, სტენფორდის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა პოლ ლეგუტკომ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია არის „ღირებულებების, იდეების, მეცნიერების, კანონებისა და ინსტიტუტების განვითარების ცენტრი, რომელმაც შექმნა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დასავლურ ცივილიზაციას“.

კათოლიციზმი 
მუსლიმთა შეტევები ქრისტიანულ სამყაროზე

VII საუკუნეში დაწყებულმა მასობრივმა ისლამურმა დაპყრობებმა და შემოსევებმა ქრისტიანული სამყარო ერთობ შეავიწროვა. მუსლიმებმა დაიკავეს ქრისტიანული ლევანტი, ჩრდილოეთ აფრიკა და იბერიის ნახევარკუნძული, რასაც მოჰყვა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ბრძოლის დაწყება ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ამასთან, მუსლიმთა ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა ხუთი მთავარი საყდრიდან სამი: იერუსალიმის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის. აქედან გამომდინარე, დარჩენილ ორ საყდარს შორის დაიწყო ბრძოლა პირველობისათვის. მუსლიმთა წინსვლა დასავლეთში კარლოს მარტელმა შეაჩერა პუატიეს ბრძოლაში გამარჯვებით, ხოლო აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლის წარუმატებელმა ალყამ. VIII საუკუნიდან ბიზანტიამ დაკარგა იტალიური სამფლობელოები, რომლებიც ავტომატურად რომის წმინდა საყდარს მიუერთდა. 754 წელს პაპ სტეფანე II-ის მოთხოვნით ფრანკთა მეფე პიპინ მოკლემ დაიპყრო მისი მოწინააღმდეგე ლომბარდიის სამეფო, რომლის მიწების დიდი ნაწილი მან რომის პაპს აჩუქა, რასაც მოჰყვა ცენტრალურ იტალიაში რომის პაპის ოლქის გაჩენა. ამან დასავლეთში რომის პაპის ავტორიტეტის განუზომელი ზრდა გამოიწვია. 860-იანი წლებიდან რომის პაპსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის წარმოიშვა განხეთქილება, რადგან პატრიარქმა ფოტიოს I-მა გააკრიტიკა და დაგმო რომის პაპი ნიკოლოზ I, რომელმაც დასავლური წესის ლიტურგიაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. განხეთქილება საბოლოოდ შერიგებით დაგვირგვინდა, თუმცა არსებული განსხვავებები შემდეგ საუკუნეებში უფრო გაღრმავდა და საქრისტიანომ სქიზმის თავიდან აცილება ვეღარ მოახერხა.

კათოლიციზმი 
საქრისტიანო 1054 წელს, სქიზმის შემდეგ: სტაფილოსფრად კათოლიკეები, ლურჯად კი მართლმადიდებლები

შემდეგ საეკლესიო კრებაზე, 879 წელს პატრიარქმა ფოტიოს I-მა ისარგებლა იმით, რომ პაპ იოანე VIII-ის ლეგატებმა არ იცოდნენ ბერძნული და თავი მსოფლიო პატრიარქად გამოაცხადა. ამის გამო პაპმა იოანემ დასაჯა ლეგატები, ხოლო ფოტიოსს ანათემა გამოუცხადა. სწორედ აქედან ჩაეყარა დიდ განხეთქილებას მთავარი საფუძველი.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის დავა XI საუკუნეში კვლავ განახლდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ამ პერიოდში ბიზანტიის შემადგენლობაში მყოფ სამხრეთიტალიურ ეპარქიებში ნორმანებმა დაიწყეს გაბატონება, რომის პაპმა ლეო IX-მ მათ წინააღმდეგ დახმარება აღუთქვა ბერძნებს, ოღონდ სანაცვლოდ, ამ ტერიტორიის ეკლესიები ბერძნულიდან ლათინურ წესზე უნდა გადასულიყვნენ, რაც გულისმობდა რამდენიმე ძირეული ცვლილების შეტანას. ამ პერიოდში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მთავარი განსხვავება ის იყო, რომ ლათინურ წესში ზიარებისას აუფუებელ სეფისკვერს იყენებდნენ, წირვა მხოლოდ ლათინურად აღევლინებოდა და მრსწამსში ცვლილება იყო შეტანილი ფილიოკვეს (ბერძნული მრწამსით სულიწმინდა მხოლოდ მამა ღმერთისგან გამოდის, ხოლო ლათინური ცვლილებით მამისაგანაც და ძისგანაც) დამატების სახით. პაპის ამ წინადადებას რეგიონების მმართველები დათანხმდნენ, მაგრამ ბერძნული სამღვდელოება წინ აღუდგა. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც 1053 წელს პატრიარქმა მიქაელ I-მა ბერძნულ წესზე გადაიყვანა, ან საერთოდ დახურა კონსტანტინოპოლში მდებარე ლათინური ეკლესიები.

აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად რომის პაპმა ლეო IX-მ კონსტანტინოპოლში გააგზავნა კარდინალი ჰუმბერტ სილვა-კანდიდელი. მან კონსტანტინოპოლში თავისივე დაწერილი წერილი ჩაიტანა, რომელშიც „პაპი“ აცხადებდა, რომ მისი იურისდიქცია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზეც ვრცელდებოდა, იგი ასევე უარყოფდა პატრიარქის მსოფლიო ეკლესიის მეთაურობას, ეჭვქვეშ აყენებდა მის მადლმოდილებას და მოითხოვდა ბერძნულ წესში არსებულ ცდომილებათა აღმოფხვრას, რომელთაც არ აღიარებდა რომის ეკლესია.

ერთ-ერთი კამათის შემდეგ, 1054 წლის 16 ივლისს ჰუმბერტმა აია სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადო ბულა, რომლითაც რომის კათოლიკე ეკლესიისაგან განკვეთილად აცხადებდა პატრიარქ მიქაელსა და სხვა მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. ბულაში ბერძნული წესის ეკლესია „მწვალებლობის ბუდედ“ იყო მოხსენიებული და მას მრსწამსის შეცვლაში ადანაშაულებდნენ. ამას მოჰყვა 20 ივლისს ბერძენი სასულიერო პირების კრება, რომელმაც ანათემას გადასცა რომის პაპი და დაწვა ჰუმბერტის ბულა. აქედან მოყოლებული ერთიანი საქრისტიანო გაიყო ორ მთავარ მიმდინარეობად: ლათინური წესის მომხრეებად და ბერძნული წესის მომხრეებად. ბერძნული წესის მიმდევრებმა თავს მათლმადიდებლები უწოდეს, ხოლო ლათინურისებმა ― კათოლიკეები.

ჯვაროსნული ეპოქა

კათოლიციზმი 
ურბან II-ის გამოსვლა კლერმონში

სქიზმის შემდეგ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანებს შორის კავშირი და კონტაქტი ფაქტობრივად გაწყდა. დასავლეთის ეკლესიაში კი ცვლილებები გრძელდებოდა. სქიზმიდან მალევე, ჰილდებრანდ სოვანელის ძალისხმევამ, გამოიწვია კარდინალთა კოლეგიის შექმნა, რომელიც ირჩევდა ახალ პაპს. 1061 წელს კოლეგიამ პირველად აირჩია ამგვარი წესით პაპი ალექსანდრე II. 1073 წელს პაპი ალექსანდრე გარდაიცვალა, მის ნაცვლად კი კოლეგიამ ახალ პაპად თავად ჰილდებრანდი აირჩია, გრიგოლ VII-ის სახელით. მის სახელსვე მიეწერება კარდინალთა კოლეგიის ძირითადი საარჩევნო სისტემის შემუშავება, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. მანვე წამოიწყო ე.წ. გრიგორიანული რეფორმები, რომელიც საერო ხელისუფლების სასულიეროსთან დაქვემდებარებას ემსახურებოდა, რამაც შემდეგში რომის პაპსა და საღვთო რომის იმპერატორებს შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია, უმეტესად, ეს იყო ბრძოლა ინვესტიტურისათვის. ამას მოჰყვა კომპრომისული ვორმსის კონკორდატის მიღება, რომლის მიხედვითაც საღვთო რომის იმპერატორებს ჰქონდათ ეპისკოპოსების დანიშვნის ძალაუფლება, ეპისკოპოსები კი ემორჩილებოდნენ როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლებას.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა გადადგა პირველი ნაბიჯი და თურქ-სელჩუკებისაგან ერთობ შევიწროვებულმა, რომის პაპსა და კათოლიკურ სამყაროს დახმარება სთხოვა. პაპ ურბან II-ს ერთობ აწუხებდა აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ კი ქრისტიანული სახელწმიფოების თურქების მხრიდან შევიწროვება და წმინდა მიწის მუსლიმთა ხელში ყოფნა. ამასთან, პაპები იმედოვნებდნენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისევ მოახერხებდნენ ბერძნებთან გაერთიანებას, რის გამოც ურბან II დათანხმდა იმპერატორის თხოვნას და 1095 წელს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში გამოვიდა სიტყვით, სადაც სრულიად კათოლიკური სამყაროს ლიდერებს მოუწოდა დარაზმულიყვნენ წმინდა მიწისა და აღმოსავლეთის ქრისტიანების გამოსახსნელად.

კათოლიციზმი 
ჯვაროსნული სახელმწიფოები 1135 წელს

ურბან II-ის მოწოდებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელ დასავლეთ ევროპაში, რასაც 1096 წელს შედეგად მოჰყვა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა, რომლის დროსაც კათოლიკეებმა მუსლიმთა ხელიდან გამოიხსნეს და ბიზანტიას დაუბრუნეს არაერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, მათ შორის ქალაქი ნიკეა. 1099 წელს მათ დაიკავეს თავად იერუსალიმი და მთლიანად ლევანტის რეგიონი, სადაც დაარსდა ოთხი ქრისტიანული სახელმწიფო: იერუსალიმის სამეფო, ტრიპოლის საგრაფო, ანტიოქიის სამთავრო და ედესის საგრაფო, სათავეში კათოლიკე მონარქებით. ცხადია, გარდა მუსლიმთა ხელიდან გამოხსნისა, ჯვაროსნულ ლაშქრობას სხვა მიზანიც ჰქონდა, კერძოდ კი აღმოსავლეთში პაპის ძალაუფლებისა და კათოლიციზმის გავრცელება.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ლევანტში მშვიდობა სუფევდა, ადგილობრივ სახელმწიფოებში კი ფრანგულ-ლათინური წარმოშობის კათოლიკე დიდებულები იყვნენ გაბატონებულები. მშვიდობა 1144 წელს დაირღვა, როდესაც მუსლიმებმა ედესის საგრაფო და ქალაქი ალეპო დაიპყრეს. ამას მოჰყვა მუსლიმთა თარეშის დაყება ტრიპოლსა და ანტიოქიაშიც, რის აღსაკვეთადაც რომის პაპმა ევგენი III-მ ევროპელ მონარქებს კვლავ მოუწოდა ევროპელ მონარქებს ახალი ლაშქრობისაკენ. პაპის ამ მოწოდებას მხოლოდ საფრანგეთის მეფე ლუი VII და გერმანიის მეფე კონრად III გამოეხმაურნენ და 1147 წელს დაიწყეს მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა. მათ წარუმატებლად სცადეს დამასკოს, აკრისა და ასკალონის აღება, მაგრამ განცდილმა მარცხებმა ორივე მონარქს დაუკარგა გამარჯვების რწმენა, რის გამოც 1149 წელს უკან გაბრუნდნენ. ამას მოჰყვა მუსლიმთა კიდევ უფრო გათამამება.

1170-იან წლებში ერთობ გაძლიერდა აიუბიდების დინასტიის ეგვიპტის სასულთნო, რომელმაც დაიპყრო სირია და მესოპოტამია, 1187 წელს კი, მიუხედავად გი დე ლუზინიანის დიდი წინააღმდეგობისა, სულთანმა სალადინმა დაიპყრო იერუსალიმი. როდესაც ეს ამბავი პაპ ურბან III-ს მოახსენეს, იგი ნერვიულობისაგან გარდაიცვალა. მის მაგივრად ახალმა პაპმა, გრიგოლ VIII-მ მოუწოდა კათოლიკე მონარქებს წმინდა მიწის გამოხსნისაკენ. 1188 წელს მოწოდებას საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I გამოეხმაურა და დიდი ჯარით დაიძრა წმინდა მიწისკენ, მაგრამ გზაში მდინარე სალეფზე გადასვლისას დაიხრჩო, უმეთაურო გერმანელები კი უკან გაბრუნდნენ. 1189 წელს მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას ინგლისის მეფე რიჩარდ I და საფრანგეთის მეფე ფილიპ II შეუერთდნენ. ამას დაერთო ის, რომ ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II რეალურად მუსლიმებს უჭერდა მხარს, რის გამოც ინგლისელებმა მას 1191 წელს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძული კვიპროსი წაართვეს და იქ კვიპროსის სამეფო შექმნეს, ასევე კათოლიკე მეფით სათავეში. ამასობაში ნადავლთან და იერუსალიმის მეფის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრანგებსა და ინგლისელებს შორის უთანხმოება წარმოიშვა, რის გამოც ფილიპ II თავისი ჯარიანად უკან გაბრუნდა. ამის მიუხედავად, რიჩარდ I-მა დაიპყრო ქალაქი ასკალონი და იაფა, 1192 წელს კი სასტიკად დაამარცხა სულთანი სალადინი. იმავე წელს რიჩარდსა და სალადინს შორის გაფორმდა ზავი, რითაც მას რჩებოდა ტერიტორიების უმეტესობა და იერუსალიმი, რითაც სამეფო არსებობას განაგრძობდა.

კათოლიციზმი 
კათოლიკე ჯვაროსნების მიერ მართლმადიდებლობისა და ბიზანტიის ცენტრის: კონსტანტინოპოლის აღება, 1204 წელი.

1202 წელს პაპის მოწოდებით გაძლიერებული ეგვიპტის წინააღმდეგ კიდევ ერთი ჯვაროსნული ლაშქრობა უნდა მოწყობილიყო, მაგრამ ვენეციელთა მზაკვრობის დამსახურებით, რომელთაც ეგვიპტესთან სავაჭრო კავშირის გაფუჭება არ სურდათ, ლაშქრობის გეზი შეიცვალა და მათი სამიზნე ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი და მართლმადიდებლობის ცენტრი — კონსტანტინოპოლი გახდა. 1204 წელს ჯვაროსნებმა წარმატებით მოახერხეს მისი აღება, რის შემდეგაც მათ კონსტანტინოპოლი გაძარცვეს და გადაწვეს. ამის შემდეგ კათოლიკე ჯვაროსნებმა ბიზანტიის იმპერია ოთხ ნაწილად გაყვეს: ეპირის დესპოტატი, ნიკეის იმპერია, ლათინთა იმპერია და აქაიის სამთავრო, რომელთაც სათავეში ისევ კათოლიკე მონარქები ჩაუყენეს.

კათოლიციზმი 
ბიზანტიის ტერიტორიაზე შექმნილი ლათინური სახელმწიფოები

მართალია მოახერხეს მართლმადიდებლობის ცენტრში გაბატონება, თუმცა ვერ შეძლეს მათთან კვლავ გაერთიანება, ხოლო წმინდა მიწა კვლავ საფრთხეში იყო. ამის გამო 1215 წელს პაპმა ინოკენტი III-მ კვლავ გააკეთა ლაშქრობისაკენ მოწოდება, რომელიც 1217 წელს დაიწყო უნგრეთის მეფე ანდრაშ II-ის ხელმძღვანელობით. მისი გეგმა პირდაპირ ეგვიპტეზე თავდასხმა და მისი დაპყრობა იყო. 1218 წელს ანდრაში უკან გაბრუნდა და მეთაურობა ჰოლანდიის გრაფმა იკისრა, რომელსაც ახალმა სულთანმა იერუსალიმის დაბრუნება და ბრძოლის შეწყვეტა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. იმავე წელს ჯვაროსნებმა აიღეს ქალაქი დუმიატი, მაგრამ მანსურიასთან დამარცხდნენ, ამიტომაც 1221 წელს სულთან ალ-კამილთან ზავი დადეს და უკან გაბრუნდნენ.

ამ წარუმატებლობის გამო 1227 წელს პაპმა გრიგოლ IX-მ ისევ გააკეთა მოწოდება წმინდა მიწის გამოხსნისაკენ, რომელსაც საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ II გამოეხმაურა. ფრიდრიხი თავად იერუსალიმის დედოფალ იზაბელა II-ზე იყო დაქორწინებული, ამიტომაც სამეფოს გამოხსნა მის პირად ინტერესებშიც იყო. 1228 წელს ფრიდრიხმა დაიპყრო იაფა, 1229 წელს კი სულთანთან ხელშეკრულება გააფორმა და დაიბრუნა იერუსალიმში. იგი ცოტა ხნით შევიდა წმინდა ქალაქში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა, რასაც კათოლიკე ჯვაროსნების წმინდა ქალაქზე კონტროლის აღდგენა მოჰყვა, თუმცა 1244 წელს მათ ის კვლავ დაკარგეს. ამის გამო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1248 წელს მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო, თუმცა დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, ამიტომაც 1254 წელს ზავი გააფორმა სულთანთან, რომლითაც ომამდელი სტატუს-კვო შენარჩუნდა. ლუი ამით არ დანებებულა, ამიტომაც 1270 წელს მერვე ლაშქრობა წამოიწყო ტუნისის ასაღებად, თუმცა ლუის ტუნისში დაავადება შეეყარა და იქვე გარდაიცვალა, რასაც ზავი მოჰყვა. 1271 წელს ლუის ძმამ, მეფე შარლ I-მა და ინგლისის პრინცმა ედუარდმა უკანასკნელი ლაშქრობა წამოიწყეს, რომელიც აბსოლუტური მარცხით დაგვირგვინდა და უკან გაბრუნდნენ. ამას აღმოსავლეთში მუსლიმების გათამამება და თანდათან ჯვაროსნული სახელმწიფოების დაკავება მოჰყვა. მათ ჯერ იერუსალიმის სამეფო დაიპყრეს, შემდეგ ანტიოქიის საგრაფო, საბოლოოდ კი ტრიპოლის საგრაფოც. 1291 წელს დაეცა ჯვაროსანთა უკანასკნელი სიმაგრე, ქალაქი აკო, რითაც ჯვაროსნული ეპოქა საბოლოოდ დასრულდა და ლევანტში კვლავ მუსლიმები გაბატონდნენ.

ავინიონის პაპობა და დასავლური სქიზმა

კათოლიციზმი 
პაპების რეზიდენცია ავინიონში

XIV საუკუნის დადგომასთან ერთად კათოლიკურ სამყაროში დიდი არეულობა დაიწყო, რაც გამოწვეული იყო ფრანგი მონარქების გავლენის ზრდით ეკლესიაზე. 1305 წელს საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ის გავლენით კარდინალებმა რომის პაპად წარმოშობით ფრანგი კლემენტ V აირჩიეს. სულ მალე, 1309 წელს პაპმა კლემენტმა რეზიდენცია რომიდან საფრანგეთის ქალაქ ავინიონში გადაიტანა და იქვე გადასახლდა. ამის გამო მას „ფრანგების პაპი“ უწოდეს, ხოლო იმ პერიოდს, როდესაც პაპები ავინიონში ისხდნენ, ეწოდება „პაპების ავინიონის ტყვეობა“, რომელიც თითქმის მთელ საუკუნეს გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში საფრანგეთის მეფეების გავლენით პაპის თანამდებობაზე მხოლოდ ფრანგები აირჩეოდნენ. ამრიგად, კათოლიკურ სამყაროს 1309 წლიდა 1377 წლამდე სულ შვიდი ავინიონელი ფრანგი პაპი მართავდა: კლემენტ V (1305-1314), იოანე XXII (1316-1334), ბენედიქტე XII (1334-1342), კლემენტ VI (1342-1352), ინოკენტი VI (1352-1362), ურბან V (1362-1370) და გრიგოლ XI (1370-1378).

კათოლიციზმი 
პაპ გრიგოლ XI-ის რომში დაბრუნება, 1377 წელი, რითაც დასრულდა ავინიონის ტყვეობა

ავინიონის ტყვეობისას პაპები მთლიანად ფრანგი მონარქების მითითებებით მოქმედებდნენ, რაც სხვა ევროპელ მმართველებს დიდად აღიზიანებდა, განსაკუთრებით ფრანგული პოლიტიკის მოწინააღმდეგე ინგლისელებსა და გერმანელებს. უკვე ფილიპ IV-ისა და მისი ძეების უმემკვიდრეოდ დაღუპვამ, რასაც საფრანგეთში ვალუების გამეფება და ინგლისთან დაწყებული ასწლიანი ომი მოჰყვა, ავინიონის პაპობა ძლიერად შეირყა. ავინიონის პაპებმა დაკარგეს მთავარი მფარველი, ანუ საფრანგეთის მონარქი, რომელიც მთლიანად ომზე იყო გადართული. ამასთან, რომის პაპობის მომხრე ინგლისელთა საფრანგეთში წარმატებული ექსპანსია ერთობ აშფოთებდა ავინიონელებს, რის გამოც 1377 წელს პაპმა გრიგოლ XI-მ დატოვა ავინიონი და საზეიმოდ დაბრუნდა რომში, რითაც დასრულდა ტყვეობა და აღდგა რომის პაპობა.

კათოლიციზმი 
დასავლური სქიზმის რუკა: ვარდისფრად ავინიონის პაპის მომხრეები (საფრანგეთი, შოტლანდია, ესპანეთი და ნეაპოლი), ლურჯად რომის პაპის მომხრეები (ინგლისი, იტალია, ფლანდრია, უნგრეთი, დანია, შვედეთი და პოლონეთი), ყვითლად მხარეთმონაცვლეები (საღვთო რომი და პორტუგალია).

1378 წელს, რომში დაბრუნებიდან მალევე, პაპი გრიგოლი აღესრულა. ახალი პაპის არჩევასთან დაკავშირებულ იდეოლოგიურ განსხვავებებს კი მოჰყვა დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც ასევე ცნობილია დასავლური სქიზმის სახელითაც. 1378 წელს თითქმის მთელი იტალიის, ინგლისის, ირლანდიის, ფლანდრიის, უნგრეთის, პოლონეთის, გერმანიისა და სკანდინავიის სასულიერო პირებმა რომის პაპად ურბან VI აირჩიეს, ხოლო ნეაპოლის, შოტლანდიის, საფრანგეთისა და ესპანეთის სამღვდელოებამ ავინიონში პაპად დასვა კლემენტ VII. ამას მოჰყვა პაპის ორი კურიის გაჩენა, რის შემდეგაც ორივე პაპმა შეაჩვენა ერთმანეთი. დასავლური სქიზმა საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა და XV საუკუნეშიც გაგრძელდა.

1409 წელს მოიწვიეს პიზის საეკლესიო კრება, რომელმაც თანამდებობიდან გადააყენა როგორც ავინიონის პაპი ბენედიქტე XIII (ანტიპაპი), ისე რომის პაპი გრიგოლ XII, მის ნაცვლად კი თანამდებობაზე ანტიპაპი ალექსანდრე V დასვა. ამ მოვლენამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და გაართულა, რადგან გადაყენებულმა პაპებმა არ სცნეს საეკლესიო კრების გადაწყვეტილება და მომხრეებთან ერთად გააპროტესტეს იგი, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ კათოლიკურ სამყაროში გაჩნდა უკვე სამი პაპი. ცხადია, ეკლესიაში მიმდინარე დავამ ხელი შეუწყო მთელ ევროპაში სხვადასხვა ერეტიკული სწავლებების გავრცელებას, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა არისტოკრატიაშიც, რადგან ახალი სწავლებები უმეტესად ფეოდალური წყობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამიტომ, ამით უკმაყოფილო ევროპელმა დიდებულებმა კვლავ ერთიანი ეკლესიის ჩამოყალიბება მოითხოვეს. სწორედ ამის გამო, 1414 წელს მოიწვიეს კონსტანცის საეკლესიო კრება, რომელიც 1418 წლამდე გაიწელა, თუმცა შედეგი გამოიღო. კრების დადგენილებამ თანამდებობიდან გადააყენა სამივე პაპი: იოანე XXIII, გრიგოლ XII და ბენედიქტე XIII, მათ ნაცვლად კი რომის პაპად აირჩია მარტინ V, რითაც საბოლოოდ დასრულდა დასავლური სქიზმა.

რეკონკისტას დასასრული და ინკვიზიციის გაჩენა

კათოლიციზმი 
ინკვიზიციის მიერ ჟანა დ’არკის კოცონზე დაწვა

ჯვაროსნული ლაშქრობებისა და დასავლური სქიზმის პარალელურად, არაბების მიერ დაპყრობილ იბერიის ნახევარკუნძულზე ესპანელები და პორტუგალიელები აქტიურად აწარმოებდნენ მუსლიმთაგან განმათავისუფლებელ ომებს, რაც ისტორიაში რეკონკისტას სახელითაა ცნობილი. იმავდროულად, გახშირებული ერეტიკული სწავლებების წინააღმდეგ საბრძოლველად, 1215 წელს შემდგარი ლატერანის საეკლესიო კრების დადგენილებით, შეიქმნა კათოლიკე ეკლესიის სასამართლო ტრიბუნალი — ინკვიზიცია, რომელსაც კათოლიკე სასულიერო პირები მართავდნენ. ბრალდებულს ეძლეოდა თავის მართლების საშუალება, თუმცა მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ მოწმეები და თავად კათოლიკე ეკლესია, რის გამოც, ფრანცისკელი ბერის, ბერნარდ დელისიეს სიტყვებით, ინკვიზიციისაგან თავის დაღწევა და მასზე თავის გამართლება ისეთი რთული საქმე იყო, რომ ერეტიკოსობაში დადანაშაულების შემთხვევაში, თავად წმინდა პეტრე და წმინდა პავლეც ვერანაირად გაიმართლებდნენ თავებს. ინკვიზიცია მთელ კათოლიკურ ევროპაში მოქმედებდა, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობით ესპანეთსა და პორტუგალიაში გამოიყენებოდა. მას შემდეგ, რაც ინკვიზიცია ბრალდებულს დამნაშავედ სცნობდა, ხდებოდა შესაბამისი სასჯელით დასჯა, რაც უმეტესად კოცონზე დაწვა იყო. ეს იმიტომ, რომ მიიჩნევდნენ, რომ თუ ერეტიკოსი და ჯადოქარი ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე დაიწვებოდა ცეცხლზე და იგემებდა ჯოჯოხეთურ ტანჯვას, იგი ცოდვებისაგან განიწმინდებოდა. სწორედ ამის გამო, საუკუნეთა განმავლობაში უამრავი ადამიანი დაწვეს კოცონზე მთელ ევროპაში მწვალებლობისა და ჯადოქრობის ბრალდებით, მათ შორის: ჟანა დ’არკი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო და ა.შ.

რაც შეეხება რეკონკისტას, იგი ერთობ ხანგრძლივი და რთული პროცესი აღმოჩნდა. ის ჯერ კიდევ 722 წელს დაიწყო ასტურიის სამეფოს დამაარსებელმა მეფე პელაიომ და გასტანა XV საუკუნის ბოლომდე. რეკონკისტას დასრულებას ის ფაქტორიც უშლიდა ხელს, რომ ესპანური სამეფოები დაქსაქსულები იყვნენ და არ იბრძოდნენ ერთობლივად, რასაც პერიოდულად თავად მათ შორის ატეხილი ომებიც ემატებოდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, ისინი პერიოდულად აახლებდნენ ომს მუსლიმთა წინააღმდეგ და მიიწევდნენ სამხრეთისაკენ. 1035 წელს დამოუკიდებლები გახდნენ კასტილიისა და არაგონის სამეფოები, 1037 წელს კი კასტილია ლეონის სამეფოსთან გაერთიანდა და გახდა მთავარი ესპანური სამეფო. 1031 წელს დაიშალა კორდოვის საამირო, რამაც ესპანელებს ბიძგი მისცა.

კათოლიციზმი 
უკანასკნელი მუსლიმი ამირა გრანადის გასაღებს გადასცემს მეფე ფერდინანდსა და დედოფალ ისაბელს, 1492 წელი

1085 წელს კასტილიელებმა გამოიხსნეს ქალაქი ტოლედო, რომელიც მათ დედაქალაქად იქცა. რამდენიმე წელში არაგონელებმა დაიპყრეს ვალენსიაც. რეკონკისტას წარმატებმა ჩრდილოეთ აფრიკიდან გადმოსულმა ალმორავიდებმა შეაჩერეს და ვალენსია დაიბრუნეს. 1118 წელს არაგონელებმა მათ სარაგოსა წაართვეს. აღსანიშნავია, რომ რეკონკისტა ასევე იყო კათოლიციზმისა და ისლამის დაპირისპირების განსახიერებაც, რამეთუ ესპანელების წინსვლასთან ერთად მუსლიმურ ქალაქებში შედიოდა კათოლიკური აღმსარებლობა, მოსახლეობა ნებით თუ ძალით ინათლებოდა და მეჩეთები ეკლესიებად კეთდებოდა. 1139 წელს შეიქმნა პორტუგალიის სამეფოც, რომელიც ასევე აქტიურად ჩაება რეკონკისტაში, დაიპყრო ლისაბონი და მუსლიმები თანდათან მთლიანად გააძევა. სწორედ პორტუგალია გახდა პირველი სამეფო, რომელმაც რეკონკისტა დაასრულა ალგარვის დაპყრობით.

XIII საუკუნიდან კასტილიელები და არაგონელები ისევ გააქტიურდნენ. 1236 წელს კასტილიელებმა აიღეს კორდობა და გააქრისტიანეს მისი მოსახლეობა, იგივე გააკეთეს არაგონელებმა 1248 წელს სევილიაში, 1229-1238 წლებში კი ბალეარის კუნძულებსა და ვალენსიაში. ამის შემდეგ მუსლიმების უკანასკნელ სიმაგრედ გრანადის საამიროღა იქცა. უკვე 1492 წელს, კასტილიის დედოფალმა ისაბელ I-მა და მისმა მეუღლემ, მეფე ფერდინანდ II არაგონელმა ერთობლივი ძალებით დაიწყეს გრანადის ალყა, რომელიც იმავე წელს დაეცა, რითაც დასრულდა რეკონკისტა. მათი ბრძანებით მთელი საამიროს ებრაული და მუსლიმური მოსახლეობა კათოლიციზმზე მოექცა, ან ყოველგვარი ქონების გარეშე მაროკოსა და ოსმალეთში გაიქცა. ამის გამო რომის პაპმა მათ „კათოლიკე რწმენის დამცველთა“ წოდება მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მათ დროს ესპანეთში და, შემდეგში ამის გავლენით, პორტუგალიაშიც, ძალიან გაძლიერდა ინკვიზიცია. ინკვიზიტორებს ესპანეთში გარდა ერესის აღმოფხვრისა, დაევალათ, რომ მკაცრად ედევნებინათ მორისკებისთვის (მონათლული მავრები) და მარანებისათვის (მონათლული ებრაელები), რათა თავიანთ ძველ წესებზე არ ელოცათ. ამან გამოიწვია ადგილობრივი მუსლიმებისა და ებრაელების მთლიანად კათოლიკურ წიაღში მოქცევა და ესპანელებთან ასიმილირება.

აღმოჩენების ეპოქა

კათოლიციზმი 
ესპანეთის კოლონიური იმპერია და მისი ინტერესის სფეროები თავისი ძლიერების პიკზე

ესპანეთის გამაერთიანებელი და რეკონკისტას დამასრულებელი მეფე-დედოფლის, ისაბელ კასტილიელისა და ფერდინანდ არაგონელის სახელს უკავშირდება ასევე აღმოჩენების ეპოქის დაწყება. მათ დააფინანსეს ქრისტეფორე კოლუმბის მოგზაურობა, რომელმაც შემთხვევით აღმოაჩინა ამერიკის კონტინენტი და იგი ესპანეთის საკუთრებად გამოაცხადა. ესპანელებმა ახალი სამყაროს დაპყრობასა და კოლონიზაციას მალევე მიჰყვეს ხელი. იქიდან უამრავი სიმდიდრე და ახალი პროდუქტები გამოჰქონდათ. რომის პაპმა ალექსანდრე VI-მ მათ კურთხევაც მისცათ, ახალი სამყაროს ათვისებისა და იქ კათოლიციზმის გავრცელებისათვის. სულ მალე ამერიკის კოლონიზაციაში პორტუგალიაც ჩაება, რამაც ესპანეთი და პორტუგალია მსოფლიოს უდიდეს, უმდიდრეს და ერთობ ძლიერ იმპერიებად აქცია. სულ მალე მათ ხელში აღმოჩნდა თითქმის მთელი ამერიკა და აფრიკის სანაპიროები, სადაც ისინი თავიანთი ენისა და კულტურის გარდა, ავრცელებდნენ კათოლიციზმსაც, რამაც დღეისათვის კათოლიკობის უდიდესი კერები შექმნა, ევროპაზე დიდებიც კი (ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა, კოლუმბია და სხვა). გარდა ამერიკისა და აფრიკისა, ესპანელები და პორტუგალიელები ეწეოდნენ აზიის კოლონიზაციასაც, რითაც აიხსნება ის, რომ დღეისათვის ფილიპინები აზიის უდიდესი ქრისტიანული და კათოლიკური ქვეყანაა, ასევე ტიმორი, მათსავე სახელს მიეწერება კათოლიკური კერების გაჩენა ინდოეთში. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი იეზუიტი მისიონერები აქტიურად მოღვაწეობდნენ ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში, რასაც ამ ქვეყნებში კათოლიკური სამრევლოების გაჩენა მოჰყვა. მოგვიანებით კოლონიზაციაში ასევე აქტიურად ჩაება ასევე კათოლიკური აღმსარებლობის მქონე საფრანგეთი, რომელმაც არაკათოლიკეებს აუკრძალა კვებეკსა და სხვა ფრანგულ კოლონიებში დასახლება. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამის გავლენით დღემდე კანადის მოსახლეობის უმრავლესობა აღმსარებლობით კათოლიკეა და ასევე კათოლიციზმის ერთგული დარჩა წარსულში ფრანგების კოლონია, თუმცა ამჟამად აშშ-ს შტატი ლუიზიანა. კათოლიციზმი დღემდე მთავარი რელიგიური კონფესიაა აშშ-ში შემავალ, თუმცა წარსულში ესპანეთის კოლონიად მყოფ შტატებში, როგორებიცაა: კალიფორნია, ტეხასი, ნიუ-მექსიკო, არიზონა და ა.შ.

პროტესტანტული რეფორმაცია და კონტრ-რეფორმაცია

ადრეული პროტესტანტები და ჰუსიტური ომები

პირველი პრე-რეფორმაციული პროტესტანტული დაჯგუფებები კათოლიკურ სამყაროში ჯერ კიდევ 1170-იან წლებში გაჩნდა. იგი საფრანგეთის ქალაქ ლიონში წარმოიშვა გაღატაკებულ გლეხთა შორის და მალევე გავრცელდა სხვა რეგიონებშიც. მათ თავს ვალდენსები უწოდეს და ძლიერად გამოხატული ანტიკათოლიკური განწყობით გამოირჩეოდნენ, უმეტესად მტრულად უყურებდნენ მდიდარ ფეოდალებსა და კიდევ უფრო გამდიდრებულ კათოლიკე სასულიერო პირებს. შესაბამისად, მათი მოძღვრება ქონებრივ უთანასწორობასა და ოქროსმოყვარეობას უპირისპირდებოდა. 1215 წელს რომის კათოლიკე ეკლესიამ ეს მიმდინარეობა ერესად გამოაცხადა და დაიწყო მათი სასტიკი დევნა, თუმცა პატარა სექტებად გადარჩენა მაინც მოახერხეს, პროტესტანტული რეფორმაციის დროს კი კალვინისტებთან გაერთიანდნენ და ასიმილირდნენ. ასეთივე ხასიათს ატარებდა XIV საუკუნის ჰოლანდიელ გლეხებში გაჩენილი რეფორმაციული მიმდინარეობა, რომელსაც ლოლარდები ეწოდებოდათ. იგი მალევე ინგლისში გავრცელდა და მსგავსად ვალდენსებისა, რეფორმაციისას ანგლიკანებთან და კალვინისტებთან გაერთიანდნენ.

კათოლიციზმი 
იან ჰუსის კოცონზე დაწვა

შემდეგში უკვე XV საუკუნის ინგლისელი და ჩეხი რეფორმატორების იდეებისაგან შთაგონებულმა ჩეხმა მქადაგებელმა იან ჰუსმა, თავი მოუყარა მათ თეორიებს და ისტორიაში პირველად შექმნა მწყობრი რეფორმატორული მოძღვრება, რომლის მიმდევრებსაც შემდეგში მისსავე პატივსაცემად ჰუსიტები ეწოდათ. იგი ღიად დაუპირისპირდა კათოლიკურ იდეოლოგიასა და მის მომხრე გაბატონებულ არისტოკრატიას. მისი მოწოდებით ეკლესია უნდა დაბრუნებოდა პირველად სახეს, ხოლო საზოგადოებრივი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო წმინდა წერილის მიხედვით, ფეოდალებს კი სტატუსი მხოლოდ მაშინ უნდა შენარჩუნებოდნენ, თუკი ისინი სრულად დაიცავდნენ ქრისტიანულ მოღძვრებას. ვინაიდან მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა მთელ ჩეხეთში, ამან პაპის ყურადღებაც მიიპყრო და 1410 წელს მან შეაჩვენა იან ჰუსი. 1412 წელს ჰუსი ღიად დაუპირისპირდა ინდულგენციებით ვაჭრობას, რის გამოც პრაღიდან გააძევეს. სწორედ გადასახლებისას დაასრულა მან თავისი ტრაქტატი და ჩეხურ ენაზე თარგმნა ბიბლია, რაც აკრძალული იყო, რამეთუ მაშინდელი დოგმატით ღვთის სიტყვა მხოლოდ ლათინურად, ბერძნულად, ან ებრაულად უნდა წაკითხულიყო. 1414 წელს ამის გამო იგი კონსტანცის საეკლესიო კრებაზე გამოიძახეს, სადაც დააპატიმრეს და 1415 წელს ინკვიზიციამ იგი კოცონზე დაწვა, როგორც ერეტიკოსი.

ჰუსის შეჩვენებამ და დაწვამ ვერ შეაჩერა მთელ ჩეხეთში მოდებული ჰუსიტური მოძრაობა, რასაც 1420 წელს შედეგად მოჰყვა ჰუსიტური ომების დაწყება. ჰუსიტებს იან ჟიჟკა მეთაურობდა, ხოლო კათოლიკეებს საღვთო რომის იმპერატორი სიგიზმუნდ I, რომლის მხარესაც იბრძოდნენ გერმანელი, პოლონელი, უნგრელი, სილეზიელი და იტალიელი კათოლიკეები. რომის პაპმა იმპერატორის ჩეხეთში ლაშქრობა ანტი-ჰუსიტურ ჯვაროსნულ ლაშქრობად გამოაცხადა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის მიუხედავად, იმავე წლის მაისში ჰუსიტებმა ჟიჟკას მეთაურობით პრაღა დაიკავეს. მიუხედავად რამდენიმეთვიანი ალყისა, სიგიზმუნდ I ვიტკოვის მთაზე გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდა, რის გამოც იძულებული გახდა პრაღისათვის ალყა მოეხსნა, რის შემდეგაც ჰუსიტებმა ხელში ჩაიგდეს მთელი მორავიაც.

1421 წლიდან თავად ჰუსიტების ორ პარტიას შორის წარმოიშვა უთანხმოება და გაიყვნენ, რითაც იმპერატორმა სიგიზმუნდმა ისარგებლა და პაპის მოწოდებით მათ წინააღმდეგ მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო. მომარაგების პრობლემებისა და არაერთი დიდი მარცხის შემდეგ, მიუხედავად ჟიჟკას ჯარების უკან დახევისა, ჯვაროსნები უკან გაბრუნდნენ. 1423 წელს ჰუსიტები თავად მორავიასა და უნგრეთს შეესივნენ. ისინი მდინარე დუნაიმდე მივიდნენ, თუმცა გზად იმპერატორის დიდი ლაშქარი გადაეღობათ, ამიტომაც ჟიჟკა უბრძოლველად გაბრუნდა ჩეხეთში. უნგრეთში მომხდარმა წარუმატებლობამ ჰუსიტთა ორი ფრთა კვლავ დაუპირისპირა ერთმანეთს, რასაც მათ შორის სამოქალაქო ომის დაწყება მოჰყვა. 1424 წელს იან ჟიჟკა გარდაიცვალა და იგი პროკოპ დიდმა ჩაანაცვლა, თუმცა ჩეხეთს შავი ჭირი მოედო, რამაც დიდად შეასუსტა ჰუსიტების პოზიციები. ამის გამო, 1425 წელს კათოლიკეებმა მესამე ანტი-ჰუსიტური ლაშქრობა წამოიწყეს, თუმცა ამჯერადაც წარუმატებლად დასრულდა.

კათოლიციზმი 
ლიპანის ბრძოლა

1426 წელს ბრანდენბურგის კურფიურსტმა, რომელმაც თავი კათოლიციზმის დამცველად მიიჩნია, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო ჰუსიტების წინააღმდეგ, თუმცა მანაც ვერ მიაღწია წარმატებას. ამით გათამამებულმა ჰუსიტებმა არაერთხელ დაარბიეს ავსტრია, საქსონია და სილეზია, რის შემდეგაც ვენასაც კი შემოარტყეს ალყა, თუმცა უშედეგოდ. 1431 წელს ასევე კრახით დასრულდა მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა ჰუსიტების წინააღმდეგ.

მიუხედავად ხუთი ჯვაროსნული ლაშქრობის მოგერიებისა, ჰუსიტთა მთავარი ფრთის, ტაბორიტების პოზიცია ძალიან არამყარი იყო. მათი მეორე ფრთა, უტრავკისტები შემდეგ კათოლიკეებს შეეკრნენ, რამაც ისინი ერთობ რთულ სიტუაციაში ჩააყენა. 1434 წელს ლიპანის ბრძოლაში კათოლიკეებმა და უტრავკისტებმა ერთობლივად სასტიკად დაამარცხეს ტაბორიტები, რის შემდეგაც მათ დაკარგეს ჰუსიტების ლიდერობა და საბოლოოდ განადგურდნენ. ამას მოჰყვა 1436 წელს კათოლიკე იმპერატორ სიგიზმუნდ I-ის ჩეხეთის მეფედ დასმა, რამაც საბოლოოდ დაასრულა ჰუსიტური ომები.

ლუთერის გამოჩენა და მოღვაწეობა

კათოლიციზმი 
მარტინ ლუთერი ეკლესიის კარზე აკრავს 95 თეზისს, რითაც დაიწყო რეფორმაცია

XV საუკუნის ჩეხეთში განვითარებულმა ჰუსიტურმა მოძრაობამ ბიძგი მისცა სხვა ევროპულ ანტიკათოლიკურ მოძრაობებსაც. ამ დროისათვის რომის კათოლიკე ეკლესიას უკვე ბევრი აკრიტიკებდა იქ არსებული გარყვნილების, კორუფციისა და, უმეტესად კი, ინდულგენციებით ვაჭრობის გამო. ინდულგენცია, რაც კათოლიკური გაგებით ცოდვების სრულ მიტევებას გულისხმობს, რომის ეკლესიამ ფურცლების სახით სავაჭრო საგნად აქცია. კათოლიკე სასულიერო პირები ამტკიცებდნენ, რომ თუ ინდულგენციის ფურცელს შეიძენდი, ცოდვები სრულად მოგეტევებოდა და დაიმკვიდრებდი ცათა სასუფეველს. ცხადია, ცოდვის სიმძიმიდან გამომდინარე ინდულგენციებს სხვადასხვა ფასი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ამით კათოლიკე ეკლესიამ ერთობ დიდი სიმდიდრე დააგროვა, თუმცა ბევრი მტერი და მოწინააღმდეგეც გაიჩინა. კათოლიკური სამყაროს განსაკუთრებული უკმაყოფილება პაპ ალექსანდრე VI-ის დროს დაიწყო, რომელიც ცნობილი იყო თავისი ავხორცი ცხოვრებით. მას თავისი საყვარლის, ვანოცა დეი კატანეისგან არაერთი უკანონო შვილი ჰყავდა, რომელთაც ევროპელ მონარქებზე აქორწინებდა, ასევე ცნობილია მისი მეორე საყვარელიც, ჯულია ფარნეზე, რომლისგანაც აღზევდნენ ფარნეზეები და გაბატონდნენ პარმაში. დადიოდა ჭორები, რომ პაპის უკანონო შვილებს ერთმანეთთან ინცესტური კავშირებიც ჰქონდათ, თავად პაპმა კი რამდენჯერმე მოაწყო ორგია, რაც კათოლიკური სამყაროს აღშფოთებას იწვევდა.

კათოლიციზმი 
პაპი ლეო X, ვის დროსაც დაიწყო პროტესტანტული რეფორმაცია

სწორედ ამ პერიოდში, XVI საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა მარტინ ლუთერი. 1517 წელს საქსონიაში, თანამედროვე გერმანიაში, ეკლესიის კარზე ავგუსტინელმა ბერმა მარტინ ლუთერმა მიაჭედა თავისი ჩამოწერილი ოთხმოცდათხუთმეტი თეზისი, რომელშიც ჩამოწერილი იყო კათოლიკე ეკლესიის ყველა ნაკლოვანება და მათ აღმოფხვრას ისახავდა მიზნად. მისი თეზისები აპროტესტებდნენ კათოლიკე ეკლესიის დოქტრინის ძირითად პუნქტებს, მათ შორის ინდულგენციებით ვაჭრობას, რის გამოც 1521 წლის ლაიფციგის დებატების დადგენილებით პაპმა ლეო X-მ იგი ეკლესიიდან განკვეთა. ამის მიუხედავად, ლუთერმა აქტიური მუშაობა განაგრძო და მალე საკმაოდ მრავალმრიცხოვანი მრევლიც გამოუჩნდა მთელ გერმანიაში, რომლებმაც თავს ლუთერანები უწოდეს. მისი იდეებით შთაგონებულმა სხვა რეფორმატორებმა, როგორებიც იყვნენ ულრიხ ცვინგლი შვეიცარიაში და ჟან კალვინი საფრანგეთში, დაიწყეს ლუთერის მსგავსად რეფორმატორული მოძრაობები და შექმნეს თავიანთი პროტესტანტული ეკლესიები, რომლებიც დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს. კალვინი მალევე იქნა საფრანგეთიდან განდევნილი, თუმცა მისმა იდეებმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ნიდერლანდებსა და შოტლანდიაში, სადაც კალვინიზმი უცებ გავრცელდა, ცვინგლიანობა კი შვეიცარიის არაერთ პროვინციაში გაბატონდა, თუმცა ვერ შეძლო კათოლიციზმის ბოლომდე განდევნა. რაც შეეხება ლუთერს, იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრამდე ცხოვრობდა და ქადაგებდა, მისი მოღვაწეობისას ლუთერანობა გასცდა გერმანიის საზღვრებს და მოედო მთელ სკანდინავიასა და ბალტიისპირეთს.

რეფორმაცია გერმანიაში

კათოლიციზმი 
იმპერატორი კარლ V მიუჰლბერგის ბრძოლაში, შმალკადენის ომი, 1548 წელი.

ჯერ კიდევ 1521 წელს, რომის პაპმა ლეო X-მ საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ს სთხოვა ლუთერის შეჩერება, რის გამოც იმპერატორმა იგი ვორმსში გერმანელ მთავართა კრებაზე დაიბარა და მოსთხოვა თავისი მოძღვრების დაგმობა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო იან ჰუსის მსგავსად, კათოლიკურ ინკვიზიციას ლუთერი კოცონზე უნდა დაეწვა, თუმცა იგი საქსონიის კურფიურსტმა იხსნა და თავისთან შეიფარა. მართალია კურფიურსტი ფრიდრიხ III ბოლომდე კათოლიკედ დარჩა, თუმცა იგი იზიარებდა ლუთერის იდეებს.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 1525 წელს პრუსიის საჰერცოგო ოფიციალურად გახდა პირველი ლუთერანული სახელმწიფო გერმანიაში. პრუსიის ჰერცოგმა ალბერტმა სახელმწიფოს რელიგიად ევანგელისტური ლუთერანობა გამოაცხადა, რამაც იმპერატორი კარლის აღშფოთება გამოიწვია. კარლი შიშობდა, რომ ალბერტს სხვა გერმანელი მთავრებიც მიბაძავდნენ, რაც მის იმპერიასა და მმართველობას კარგს არაფერს უქადდა, რამეთუ კათოლიკურ ევროპაში პროტესტანტულ წყობაზე გადასვლა გერმანიას პოლიტიკურ იზოლაციამდე მიიყვანდა. კარლის შიში მალევე ახდა და 1526 წელს ჰესენის ლანდგრაფმა, 1527 წელს საქსონიის კურფიურსტმა, 1530 წელს პფალცის კურფიურსტმა, ხოლო 1534 წელს ვიურტემბერგის ჰერცოგმა, ღიად მიიღეს ლუთერანობა და თავიანთი დომენიანად განუდგნენ რომის კათოლიკე ეკლესიას.

იმპერატორმა კარლმა არ სცნო მათი ქმედებები და ასევე დაგმო აუგსბურგის აღსარება, რასაც თიურინგიაში მოჰყვა პროტესტანტ მთავართა მიერ შმალკალდენის კავშირის შექმნა, რასაც 1546 წელს შედეგად მოჰყვა ამ კავშირის წევრებსა და კარლ V-ს შორის შმალკალდენის ომის დაწყება. იმპერატორმა 1548 წელს სასტიკად დაამარცხა ლუთერანი მთავრები და პასაუს ხელშეკრულებით დაშალა მათი კავშირი, თუმცა ამას რეფორმაციის შეჩერება არ მოჰყოლია. საბოლოოდ კარლ V იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და 1555 წელს პროტესტანტებთან გააფორმა აუგსბურგის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საღვთო რომის იმპერიაში გამოცხადდა რელიგიური თავისუფლება, რითაც შეწყდა ლუთერანების დევნა. ოღონდ, რელიგიურ თავისუფლებას თავისი პირობები ჰქონდა: ყველა ადამიანი თავისი მთავრის აღმსარებლობის უნდა ყოფილიყო, ანუ ლუთერანი ვერ იცხოვრებდა კათოლიკურ სამთავროში და ვერც კათოლიკე ლუთერანულში, რასაც შემდეგ წლებში გერმანულ სამთავროებს შორის მოსახლეობის დიდი გადასახლებები მოჰყვა.

რეფორმაცია ინგლისსა და შოტლანდიაში

კათოლიციზმი 
დედოფალი კატალინა არაგონელი ევედრება თავის მეუღლეს, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ს, რათა გადააფიქრებინოს განქორწინება და რომის ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა

ინგლისში რეფორმაცია შედარებით უფრო გვიან, 1530-იან წლებში დაიწყო, რასაც, გერმანიისაგან განსხვავებით, არ ჰქონია რელიგიური საფუძვლები. ყველაფერი ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის უკმაყოფილებით დაიწყო, რომელსაც მეუღლე, დედოფალი კატალინა არაგონელი ვაჟს ვერ უჩენდა. მათ მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავდათ, რასაც ჰენრი იმას აბრალებდა, რომ ღმერთი გაუწყრა და არ აძლევდა მამრობითი სქესის მემკვიდრეს, რადგანაც დედოფალი კატალინა ჰენრიმდე მის ძმაზე, უელსის პრინც არტურზე იყო დაქორწინებული. ამ მიზეზების გამო ჰენრიმ კატალინასთან არსებული ქორწინების ანულაცია და თავის საყვარელ ანა ბოლეინზე ქორწინება განიზრახა, რომელიც დაჟინებით ჰპირდებოდა მას ვაჟის გაჩენას. ამის გამო ჰენრი VIII-მ რომის პაპ კლემენტ VII-ს ოფიციალურად მოსთხოვა ქორწინების ანულირება, მიზეზად კი კატალინასა და არტურის ქორწინების ვალიდურობას უსახელებდა, თუმცა თავად დედოფალი ამბობდა, რომ მისი და პრინცის ქორწინება არ ყოფილა კონსუმირებული და ჰენრის კანონიერი ცოლი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ პაპი კლემენტე საღვთო რომის იმპერატორისა და ესპანეთის მეფის, კარლ V-ის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იყო, რომელიც დედოფალ კატალინას დისწულად ერგებოდა და პაპს კატეგორიულად უკრძალავდა დეიდამისის ქორწინების გაუქმებას. ამის გამო კლემენტ VII-მ მეფეს ქორწინების ანულირებაზე უარი უთხრა, რამაც განარისხა ჰენრი VIII და ანა ბოლეინის წაქეზებით, 1533 წელს საკუთარი, ინგლისის ანგლიკანური ეკლესია ჩამოაყალიბა, რომლის მეთაურიც თვითონვე იყო და გამოეყო რომის კათოლიკე ეკლესიას.

კათოლიციზმი 
კალვინისტი მქადაგებელი ჯონ ნოქსი, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგებოდა კათოლიკე დედოფალ მერი სტიუარტსა და მის მმართველობას, ცდილობს დედოფლის გადაბირებას

ამგვარ პირობებში ჰენრი გაეყარა კატალინას და ცოლად ანა ბოლეინი შეირთო, თუმცა ვაჟი მასთანაც არ შეეძინა. ამის შემდეგ ჰენრი კიდევ ოთხჯერ დაქორწინდა და ხელმძღვანელობდა ინგლისის რეფორმაციას, რასაც დიდი წინააღმდეგობა და მსხვერპლი მოჰყვა. დიდებულთა ნაწილი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად დაემორჩილა მას და ანგლიკანი გახდა, თუმცა ბევრმა უარი თქვა, ამიტომაც მეფემ ისინი სიკვდილით დასაჯა, მათ შორის იყო ჰენრის ახლო მეგობარი თომას მორიც, რომელიც რომის კათოლიკე ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. აღსანიშნავია, რომ ჰენრის ქმედებებს ეწინააღმდეგებოდა მისი ოჯახიც, მაგალითად, მისი დები: მერი და მარგარეტ ტიუდორები, ბოლომდე კათოლიკე ეკლესიის ერთგულები დარჩნენ, ისევე, როგორც თავად ჰენრის უფროსი ქალიშვილი. ამის მიუხედავად, მან მთელი ინგლისი და უელსი ანგლიკანურ წყობაზე გადაიყვანა, თუმცა იგივე ვერ მოახერხა ირლანდიაში, რომელიც ასევე კათოლიკე ეკლესიის ერთგული დარჩა.

იგი ასევე აქტიურად აფინანსებდა შოტლანდიელ კალვინისტებსა და მათ მეთაურ ჯონ ნოქსს, რომლებმაც ისარგებლეს მეფის ნაადრევი დაღუპვითა და დედოფალ მერი სტიუარტის არასრულწლოვანებით და შოტლანდია მთლიანად კალვინიზმზე მოაქციეს. მოგვიანებით, მერი ერთობ არაპოპულარული იყო შოტლანდიაში კათოლიკობისა და პაპის ერთგულების გამო. მერი ცდილობდა ქვეყანაში რელიგიური შემწყნარებლობა შემოეღო, რათა კათოლიკეებსა და კალვინისტებს მშვიდობიანად ეცხოვრათ, ამის გამო შვილი პროტესტანტულ აღმსარებლობაზეც მოაქცია, მაგრამ იგი საბოლოოდ მაინც დაამხეს და გააძევეს, რითაც შოტლანდიაში კათოლიკეთა მმართველობა დასრულდა.

კათოლიციზმი 
ჯეიმზ II და დედოფალი მარია მოდენელი შვილებთან ერთად, ბრიტანეთის ისტორიაში უკანასკნელი ღიად კათოლიკე მონარქები

ჰენრის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, პირველმა ანგლიკანმა მეფემ დაიკავა, რომელიც მალევე უნაყოფოდ დაიღუპა და ტახტი ჰენრისა და კატალინას კათოლიკე ასულმა, მერი I-მა დაიკავა. იგი მალევე ესპანეთის მეფეზე დაქორწინდა და დაიწყო ინგლისში კათოლიციზმის კვლავ გავრცელება. იმის გამო, რომ ამ გზაზე იგი ძალადობასაც არ ერიდებოდა, ინგლისელებმა სისხლიანი მერი შეარქვეს. მალევე მერიც დაიღუპა და ტახტი ჰენრის კიდევ ერთმა ანგლიკანმა შვილმა, დედოფალმა ელისაბედ I-მა დაიკავა. მან მოახერხა რელიგიური შემწყნარებლობის შემოღება, რითაც ინგლისში რეფორმაციის ეპოქა დასრულდა.

ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ჰენრი VIII-ის დის, მარგარეტის შვილთაშვილმა, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-მა დაიკავა. ჯეიმზიცა და მისი ცოლიც ანგლიკანები იყვნენ, რამაც კათოლიკე ინგლისელებში პროტესტი გამოიწვია და შეთქმულების მოწყობის გზით სცადეს მათი დახოცვა, თუმცა ამაოდ. ჯეიმზის შემდეგ ტახტზე მისი ძე ავიდა, რომელიც ერთობ სწყალობდა კათოლიკეებს, მეტიც, მან საფრანგეთის კათოლიკე პრინცესაზე იქორწინა, რის გამოც მას ფარულ კათოლიკეობაში სდებდნენ ბრალს. ამის შემდეგ სტიუარტთა დინასტიის ყველა დედოფალი აღმსარებლობით კათოლიკე იყო, რაც ქვეყნის რომის ეკლესიასთან აშკარა დაახლოვებას იწვევდა. მას შემდეგ, რაც ჯეიმზ II-მ ოფიციალურად მიიღო კათოლიკობა, ცოლად კათოლიკე პრინცესა შეირთო და ტახტის მემკვიდრეც კათოლიკედ მონათლა, ინგლისელები ამბოხდნენ და სახელოვანი რევოლუციის გზით დაამხეს ისინი. სწორედ ასე დასრულდა ბრიტანეთის ისტორიაში უკანასკნელი კათოლიკე მონარქების მმართველობა, რომლებიც საფრანგეთში გაიქცნენ. მოგვიანებით კათოლიკეებმა იაკობინური ომები წამოიწყეს, თუმცა ამ ქვეყანაში ბოლომდე რომის კათოლიკე ეკლესიის აღდგენა ვეღარ მოხდა.

კათოლიციზმი 
რეფორმაციის მსვლელობა ევროპაში: მწვანედ კათოლიკეები, ლურჯად კი პროტესტანტები

რეფორმაცია სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში

სკანდინავიაში რეფორმაციამ მალევე შეაღწია გერმანიიდან. კალმარის უნიაში გაერთიანებით უკმაყოფილო სკანდინავიური ერები გამუდმებით ეძებდნენ მიზეზებს კავშირის დასაშლელად, რეფორმაცია კი ამ მიზეზად იქცა. მას შემდეგ, რაც მეფე კრისტიან II-მ სტოკჰოლმში დამოუკიდებლობის მომხრე პროტესტანტი დიდებულების ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, შვედური რეფორმაცია გააქტიურდა. 1523 წელს შვედეთმა ფინეთის საჰერცოგოსთან ერთად დამოუკიდებლობა გამოაცხადა კალმარის უნიისაგან და მეფედ ლუთერანი გუსტავ I ვაზა აირჩიეს, რომელმაც ისტორიაში ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა ლუთერანობა სახელმწიფო რელიგიად და გამოეყო რომის კათოლიკე ეკლესიას.

სულ მალე იგივე პროცესები დაიწყო დანიასა და ნორვეგიაშიც, სადაც კათოლიკე მეფე კრისტიან II ტახტიდან მისმა ლუთერანმა ბიძამ, ფრედერიკ I-მა ჩამოაგდო და ოლდენბურგებისათვის ტახტის შესანარჩუნებლად ორივე სამეფოში ლუთერანობა გამოაცხადა ეროვნულ რელიგიად, თავისი კათოლიკე ძმისწული და მისი ცოლ-შვილი კი დანიიდან გააძევა. მათ სცადეს ტახტის დაბრუნება, თუმცა ამაოდ, რადგან პროტესტანტი დანიელები და ნორვეგიელები არ ემხრობოდნენ კათოლიკე მონარქის ტახტზე ასვლის იდეას. აღსანიშნავია, რომ ლუთერანობა ყველაზე ბოლოს ისლანდიაში გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ ისლანდიელებიც გამოეყვნენ რომის ეკლესიას. უკვე XVII საუკუნიდან, როდესაც შვედებმა და დანიელებმა ლივონია დაიპყრეს და იგი კათოლიკურ პოლონეთს წაართვეს, ლუთერანობა გავრცელდა და დამკვიდრდა ესტონეთსა და ლატვიაშიც. მიუხედავად შემდეგში რუსების მცდელობისა იქ მართლმადიდებლობა შეეტანათ, ეს ორი ქვეყანა ბოლომდე ლუთერანობის ერთგული დარჩა.

რეფორმაცია ნიდერლანდებში

კათოლიციზმი 
კათოლიკე ესპანელების მიერ კალვინისტი ნიდერლანდელების სიმაგრის, უტრეხტის აღება 1575 წელს, რა დროსაც ქალაქი გადაწვეს და გაჟლიტეს მისი მოსახლეობა

ნიდერლანდებში რეფორმაცია მხოლოდ 1560-იან წლებში დაიწყო და იგი რელიგიურთან ერთად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხასიათსაც ატარებდა. თითქმის მთელი XVI საუკუნე ნიდერლანდები ესპანეთის დაქვემდებარებაში იყო. ისაბელ კასტილიელიდან მოყოლებული, ესპანეთსა და მის სამფლობელოებში კათოლიკური ინკვიზიცია მთელი სიმკაცრით მოქმედებდა, რაც თავისუფალი ბუნების მქონე ნიდერლანდელებში უკმაყოფილებას იწვევდა. ამიტომაც იქ, განსაკუთრებით კი ჰოლანდიაში, ფეხი სწრაფად მოიკიდა კალვინიზმმა და შემდეგში მთელ ჩრდილოურ პროვინციებშიც გავრცელდა. კალვინიზმი მალევე მიიღეს ნიდერლანდელმა წარჩინებულებმა, რომელთა მეთაურადაც ორანის პრინცი ვილემ I იქცა. 1568 წლიდან ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ვილემსა და მის მოკავშირეებს ოფიციალურად გამოუცხადა ომი, რითაც დაიწყო ნიდერლანდური რევოლუცია, რომელიც ასევე ოთხმოცწლიანი ომის სახელითაა ცნობილი.

ომი გარდა კალვინისტებსა და კათოლიკეებს შორის დაპირისპირებისა, ასევე იყო ნიდერლანდელთა განმათავისუფლებელი ბრძოლაც ესპანეთისაგან. მის პერიოდში ესპანელები სასტიკად იპყრობდნენ კალვინისტთა ქალაქებს, წვავდნენ, ძარცვავდნენ და მოსახლეობას ჟლეტდნენ. ამის გამო ანტვერპენის, უტრეხტისა და კათოლიკურ ნაწილებთან ახლოს მდებარე სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა თითქმის მთლიანად გაიხიზნა ჩრდილოეთით.

ნიდერლანდებში რეფორმაციამ ვილემისა და ფილიპეს შთამომავლობის კიდევ ორ თაობაში განაგრძო არსებობა და საბოლოოდ 1648 წელს დასრულდა, როდესაც ფილიპე IV-მ ოფიციალურად სცნო ნიდერლანდების გამოყოფა, თუმცა სამხრეთი ნიდერლანდები ესპანეთისა და რომის კათოლიკე ეკლესიის ერთგული დარჩა, საბოლოოდ კი ბელგიის სახით ჩამოყალიბდა.

საფრანგეთის რელიგიური ომები

კათოლიციზმი 
კალვინისტთა სოფელ მერინდოლის ხოცვა-ჟლეტა, 1545 წელი.

საფრანგეთში პროტესტანტობამ 1530-იანი წლებიდან შეაღწია, როდესაც ლუთერის ქადაგებებით შთაგონებელ მქადაგებელ ჟან კალვინს მიმდევრები გამოუჩნდნენ. კალვინისტებს ფრანგებმა ჰუგენოტები უწოდეს და მეფე ფრანსუა I-ის ბრძანებით თავიდანვე დაიწყო მათი უსასტიკესი დევნა. იმის გამო, რომ ჰუგენოტები აქტიურად ცდილობდნენ კათოლიკეთა მოქცევას, 1540 წელს მეფემ ინკვიზიცია შემოიღო და გააძლიერა კალვინისტთა დევნა. 1545 წელს მეფის ბრძანებით მიწასთან გაასწორეს ჰუგენოტთა სოფელი მერინდოლი, რასაც მერინდოლის ხოცვა-ჟლეტა ეწოდა. იგივე პოლიტიკას ატარებდა მისი ძე, მეფე ანრი II, რის გამოც კალვინიზმი საფრანგეთში ფეხს დიდად ვერ იკიდებდა და თავად კალვინიც იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა.

სიტუაცია 1559 წლიდან შეიცვალა, როდესაც ტახტს სუსტი მეფე ფრანსუა II იკავებს. მისი ცოლის, დედოფალ მერი სტიუარტის ბიძებმა, ჰერცოგმა დე გიზმა და მისმა ძმებმა ხელში აიღეს მთელი ძალაუფლება და კიდევ უფრო გაამკაცრეს პოლიტიკა ჰუგენოტების მიმართ. მას შემდეგ, რაც ფრანსუა დაიღუპა და მის მცირეწლოვან ძმას, შარლ IX-ს რეგენტად დედა-დედოფალი ეკატერინე მედიჩი დაენიშნა, მდგომარეობამ უფრო დაიწყო დამძიმება. ეკატერინეს რელიგიური შემწყნარებლობის გამოცხადება სურდა, რაც ასეც ქნა, თუმცა 1562 წელს გიზებმა თვითნებურად ამოხოცეს ვასში მყოფი მლოცველი კალვინისტები, რასაც საპასუხო რეაქცია და საფრანგეთის რელიგიური ომები მოჰყვა შედეგად. კალვინისტებს ლიდერად მალევე ნავარის მეფე ანტუან დე ბურბონი მოევლინა, თუმცა 1562 წელს გამართულ ბრძოლაში გარდაიცვალა ფრანსუა დე გიზიცა და ანტუან დე ბურბონიც, ამიტომ ისინი მათმა ძეებმა, ანრი დე გიზმა და ანრი ნავარელმა ჩაანაცვლეს.

კათოლიციზმი 
კათოლიკეები ათვალიერებენ ბართლომეს ღამეს დახოცილ ჰუგენოტთა გვამებს

1565 წელს ეკატერინესთან მისი ასული, ესპანეთის დედოფალი ელიზაბეტი ჩავიდა და გადასცა მეფე ფილიპე II-ის დანაბარები, გაემკაცრებინა ჰუგენოტებთან პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეს დაკარგავდა. სწორედ ამის გავლენით, 1572 წლის აგვისტოში ომის დასასრულებლად ეკატერინემ ანრი ნავარელს თავისი ასული მარგარიტა ვალუა მიათხოვა, ისარგებლა მათ ქორწილში შეკრებილი ჰუგენოტების სიმრავლით და 24 აგვისტოს ღამით მუსრი გაავლო მათ. ამ ღამეს კათოლიკეებმა ათობით ათასი ჰუგენოტი ამოხოცეს და შემდეგ დღეებშიც აგრძელებდნენ, ეს მოვლენა წმინდა ბართლომეს ღამის სახელითაა ცნობილი. კათოლიკეთა მოქმედებებმა აიძულა ანრი ნავარელი დროებით კათოლიკე გამხდარიყო, თუმცა ნავარაში დაბრუნების შემდეგ ისევ ჰუგენოტი გახდა.

1580-იან წლებში კრიზისი გამწვავდა. ანრი დე გიზმა ტახტზე განაცხადა პრეტენზია, რის გამოც მეფე ანრი III იძულებული გახდა მოეკლა იგი, რამაც კათოლიკეთა განრისხება გამოიწვია. ამის გამო მათ შური იძიეს და 1589 წელს მოკლეს მეფე ანრი III, მისი ანდერძით კი ტახტი ანრი ნავარელს დარჩა, რამაც ვითარება უარესად დაძაბა, რამეთუ პარიზელები ჰუგენოტ მეფეს არ უშვებდნენ დედაქალაქში. ამით ისარგებლა ესპანეთის მეფემ და პარიზის დაკავებას ცდილობდა. 1598 წელს, ტახტის დასაკავებლად ანრი IV ნავარელმა მიიღო კათოლიკობა, რა დროსაც განაცხადა „პარიზი ღირს მესად!“ და გააძევა ფილიპე. იმავე წელს მან ნანტის ედიქტი გამოსცა, რითაც საფრანგეთში რელიგიური თავისუფლება გამოცხადდა და დასრულდა ომი, თუმცა შემდეგში ანრის შთამომავლებმა მთლიანად ამოხოცეს და გადაასახლეს ჰუგენოტები. ამრიგად, საფრანგეთში რეფორმაცია კათოლიკეთა გამარჯვებით დასრულდა.

ოცდაათწლიანი ომი და რეფორმაციის დასასრული

მთელ ევროპაში რეფორმაციის კულმინაციად ოცდაათწლიანი ომი იქცა. მიუხედავად დროებითი ზავებისა, ევროპულ სახელმწიფოებში გრძელდებოდა ლოკალური კონფლიქტები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, რამაც ერთიანად იფეთქა 1618 წელს ოცდაათწლიანი ომის დაწყებით, როდესაც ჩეხმა პროტესტანტებმა სასახლის ფანჯრიდან გადაყარეს იმპერატორის კათოლიკე ელჩები. ომი მხოლოდ 1648 წელს დასრულდა და გაანადგურა უამრავი გერმანული ქალაქი თუ სოფელი, რამეთუ საბრძოლო პოლიგონს საღვთო რომის იმპერია წარმოადგენდა. 1648 წელს გაფორმებული ვესტფალიის ზავით საბოლოოდ გადაწყდა მანამდე არსებული რელიგიური კონფლიქტები და გამოცხადდა რელიგიური თავისუფლება, ასევე გაივლო ახალი სახელმწიფო საზღვრები, რამაც ბოლო მოუღო რეფორმაციასა და რელიგიურ ომებს.

განმანათლებლობა და თანამედროვე პერიოდი

რელიგიური კონფლიქტებისა და ომების დასრულებას XVII საუკუნის ევროპაში განმანათლებლობის ეპოქის დადგომა მოჰყვა, რამაც, ხალხის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ძლიერად შეარყია ეკლესიის გავლენები. XVIII საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნეები და ენციკლოპედისტები, განსაკუთრებით კი ვოლტერი, კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ როგორც ზოგადად რელიგიას, ისე კონკრეტულად რომის კათოლიკე ეკლესიას. კრიტიკა ძირითადად გამოწვეული იყო 1683 წელს ლუი XIV-ის მიერ ნანტის ედიქტის გაუქმებითა და ფრანგი კალვინისტების იძულებით გაკათოლიკებით. ასევე მწვავე რეაქცია მოჰყვა გალილეო გალილეის ინკვიზიციის მიერ კოცონზე დაწვას, რომელიც ცნობილი მოაზროვნე იყო. კათოლიკე ეკლესიის ძალაუფლება განსაკუთრებულად შეარყია 1789 წელს დაწყებულმა საფრანგეთის რევოლუციამ. რევოლუციურმა ძალებმა საფრანგეთში საეკლესიო მიწები სახელწმიფოს გადასცა, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა: ეკლესია-მონასტრების ძარცვა და განადგურება, სამარხებისა და უძველესი რელიკვიური სიწმინდეების ხელყოფა, დიდი ტერორის დროს კი ბერ-მონაზონთა წამებასაც არ ერიდებოდნენ. უკვე 1798 წელს ნაპოლეონ ბონაპარტის გენერალი, ლუი ალექსანდრე ბერტიე შეიჭრა იტალიაში და დააპატიმრა თავად რომის პაპი პიუს VI, რომელიც ტყვეობაში გარდაიცვალა. 1801 წლის კონკორდატის მეშვეობით ნაპოლეონმა აღადგინა კათოლიკე ეკლესია საფრანგეთში. 1815 წელს ნაპოლეონის საბოლოო დაცემას, კათოლიკე ეკლესიის კვლავ გაძლიერება და აღორძინება მოჰყვა.

კათოლიციზმი 
ვატიკანის პირველი კრება

1854 წელს რომის პაპმა პიუს IX-მ, კათოლიკე ეპისკოპოსთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, შემოიღო ღვთისმშობელ მარიამის უბიწოდ ჩასახვის ახალი დოგმატი, რომელზე მსჯელობაც 1851-1853 წლებში მიმდინარეობდა. 1870 წელს ვატიკანის პირველმა კრებამ დაამტკიცა პაპის უცდომელობის დოქტრინა, რომელიც შემდეგში ასევე დოგმის სახით დადგინდა. არსებულ ცვლილებებს დიდი უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რამაც გამოიწვია სეპარატისტული მოძრაობის ― ძველი კათოლიკე ეკლესიის შექმნა.

1860-იან წლებში მიმდინარე რისორჯიმენტომ, ანუ იტალიის გაერთიანებამ, დიდად დააზარალა პაპი. თავდაპირველად იტალიის სამეფომ პაპის ოლქს ადრეატიკის ზღვაზე გასასვლელი ჩამოაჭრა, თუმცა რომი და მისი მიდამოები ისევ პაპს დარჩა. უკვე 1870 წელს იტალიის სამეფომ მთელი ოლქი დაიკავა, მათ შორის რომიც. ამის საპასუხოდ პაპმა პიუს IX-მ ეკლესიიდან განკვეთა იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე II, არ სცნო მისი სამეფოს მიწის გადასახადები და უარყო მის მიერ მიცემული გარანტიები, იტალიასთან შეერთების შემდეგ პრივილეგიების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. იტალიის ხელისუფლების დაქვემდებარებაში შესვლისაგან თავის ასარიდებლად პაპმა თავი „ვატიკანის პატიმრად“ გამოაცხადა. ეს დაპირისპირება საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა და მხოლოდ 1929 წელს დასრულდა ლატერანის ხელშეკრულებით, როდესაც რომის პაპმა აღიარა იტალიის სამეფოს სუვერენულობა და ასევე სცნო მისი სუვერენიტეტი პაპის ოლქის ყოფილ მიწებზე, რის სანაცვლოდაც იტალიის მთავრობამ აღიარა პაპის სუვერენი ვატიკანზე, რასაც მოჰყვა ვატიკანის დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყნად გადაქცევა.

რომის კათოლიკე ეკლესია ასევე აშკარად ემხრობოდა ევროპული იმპერიების მიერ მთელი აფრიკის კოლონიზაციას და იქ თავიანთ მისიონერებს აქტიურად აგზავნიდნენ. მართალია, მეტ-ნაკლებად აფრიკაში კათოლიციზმი გავრცელდა და დღესაც კი არაერთ აფრიკულ სახელმწიფოში იგი დომინანტური კონფესიაა, თუმცა ისტორიკოსთა ცნობით, კათოლიკე მისიონერები არ ცდილობდნენ ადრილობრივი აფრიკელების დაცვას და მათ ევროპელთა თანასწორებად არ მიიჩნევდნენ, განსხვავებით პროტესტანტი მქადაგებლებისაგან, რომლებიც ებრძოდნენ კოლონიურ უსამართლობას. სწორედ ამიტომ, აფრიკაში პროტესტანტობა კათოლიციზმის მსგავსად ასევე ფართოდ გავრცელდა.

XX საუკუნე

ბრძოლა ნაცისტებისა და კომუნისტების წინააღმდეგ

კათოლიციზმი 
მექსიკელი იეზუიტის, მიგელ აგუსტინ პროს სიკვდილით დასჯა, 1927 წელი

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას რომის პაპმა ევროპელ ლიდერებს მშვიდობისაკენ მოუწოდა, თუმცა ამაოდ. 1917 წლის 1 აგვისტოს ასევე წარუმატებლად დასრულდა პაპ ბენედიქტე XV-ის ინიციატივა სახელად „Dès le début“.

XX საუკუნეში არაერთი ანტიკლერიკული მთავრობა გამოჩნდა. 1926 წელს შემოღებულმა კალიეს სამართალმა, რომელიც ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად, მექსიკაში კრისტეროს ომი გამოიწვია, რომლის დროსაც 3,000-ზე მეტი მღვდელი გადაასახლეს ან მოკლეს, შეურაცხყვეს ეკლესიები, დასცინოდნენ მორწმუნეებს, აუპატიურებდნენ მონაზვნებს და ხვრეტდნენ ბერებს. ასეთივე რთული სიტუაცია იყო აღმოსავლეთ ევროპაშიც. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში სათავეში კომუნისტები მოვიდნენ, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ყველა რელიგიურ ინსტიტუტს, მათ შორის რომის კათოლიკე ეკლესიასაც. 1922 წელს რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ საბჭოთა კავშირში დაიწყო კათოლიკეების სასტიკი დევნა, რომელიც 1930-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. კომუნისტები სიკვდილით სჯიდნენ და ასახლებდნენ სასულიერო პირებს, საერო პირებს კი ეკლესიებში მისვლას უკრძალავდნენ. კომუნისტურმა ხელისუფლებამ მოახდინა ძვირფასი ეკლესიური ნივთების კონფისკაცია, რის შემდეგაც ეკლესიები დახურეს. კათოლიკე ეკლესიას დიდი ზიანი მიადგა 1936-1939 წლების ესპანეთშიც, იქ მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, სადაც ფრანსისკო ფრანკო ეკლესიაზე განხორციელებულ ძალადობას რესპუბლიკური იდეებით ამართლებდა. XX საუკუნის პირველ ნახევარში ამ სამ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს პაპმა პიუს XI-მ „საშინელი სამკუთხედი“ უწოდა.

კათოლიციზმი 
პაპი პიუს XII, რომელიც მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მოღვაწეობდა

1933 წლიდან კათოლიკეთა დევნა იწყება ნაცისტურ გერმანიაშიც. მას შემდეგ, რაც ჰიტლერმა აშკარად დაარღვია რაიხსკონკორდატი და ხელი მიჰყო კათოლიკეთა დევნას, 1937 წელს პაპმა პიუს XI-მ საჯაროდ დაგმო ნაცისტების მიერ ეკლესიის შევიწროვება და ასევე მათი იდეოლოგიაც ნეოპაგანიზმისა და რასობრივი უპირატესობის შესახებ. რომის კათოლიკე ეკლესიამ ასევე დაგმო 1939 წელს ჰიტლერის თავდასხმა პოლონეთზე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია. ნაცისტებმა თავიანთ ოკუპირებულ ქვეყნებში ათასობით კათოლიკე მღვდელი, ბერ-მონაზონი და მორწმუნე დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც ისინი აწამეს და მოკლეს, მათ შორის იყვნენ კათოლიკე ეკლესიის წმინდანები: მაქსიმილიან კოლბე და ედით შტაინი. ამის საპირისპიროდ, კათოლიკე სასულიერო პირები წამყვან როლს ასრულებდნენ ფაშისტური სლოვაკეთის სახელმწიფოს მართვაში, რომელიც, ამის მიუხედავად ემხრობოდა ნაცისტებსა და მათ ანტისემიტურ იდეოლოგიას, მეტიც, ისინი სლოვაკეთში ჰოლოკოსტის განხორციელებას უწყობდნენ ხელს. სლოვაკეთის პრეზიდენტი იოზეფ ტისო, რომელიც ასევე კათოლიკე მღვდელი იყო, ღიად უჭერდა მხარს მის სახელმწიფოში მცხოვრები ებრაელების სრულ განადგურებას.

კათოლიკეები პასიურად, მაგრამ მაინც მონაწილეობდნენ ნაციზმის დასამარცხებლად ბრძოლაში. განსაკუთრებით ცნობილია კათოლიკეთა წინააღმდეგობის ჯგუფის მეთაური ჰაინრიხ მაიერი, რომელიც აქტიურად იბრძოდა და ანადგურებდა ნაცისტების იარაღების საწარმოებს. მან ადრევე აცნობა აშშ-ს მთავრობას ევროპაში მიმდინარე ებრაელთა შევიწროვების შესახებ და ახორციელებდა სტრატეგიას „ყოველი ბომბი, რომელიც ეცემა შეიარაღების ქახნებს, ამცირებს ომს და ზოგავს მშვიდობიან მოსახლეობას“.

დაახლოებით 1943 წელს, ადოლფ ჰიტლერმა შეიმუშავა რომის პაპის გატაცებისა და გერმანიაში დატყვევების გეგმა. მან გენერალ ვოლფს გადასცა კიდეც ბრძანება შესაბამისი მოქმედებებისათვის, თუმცა გეგმა ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ პაპი პიუს XII აქტიურად ებრძოდა ნაციზმს და ჰოლოკოსტს ათასობით ებრაელი გადაარჩინა, კათოლიკე ეკლესიას მაინც დიდად აკრიტიკებდნენ საუკუნეების განმავლობაში ჩანერგილი ანტი-სემიტური სწავლებებისათვის. ბევრი პირდაპირ პაპსაც ადანაშაულებდა, რომ საკმარისი არ გააკეთა.

კათოლიციზმი 
საკონცენტრაციო ბანაკში დატყვევებული კათოლიკე პოლონელები აღნიშნავენ ნაციზმის დამარცხებას

ნაცისტების მიერ ოკუპირებულ იუგოსლავიაში, რომლის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი კათოლიციზმის მიმდევარი იყო, ხალხი მხარს უჭერდა ჰიტლერის მიერ დაყენებულ კათოლიკე ფაშისტი ხორვატების, უსტაშების რეჟიმს, რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოიშვა და ძლიერად ანტი-კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი იყო. მათმა მმართველობამ იუგოსლავიელი კათოლიკეები შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა და მათი დევნა არ დაწყებულა, თუმცა დაიწყო მართლმადიდებელი სერბების, მუსლიმების, ებრაელებისა და სხვა არახორვატი მოსახლეობის დევნა. იმის გამო, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით რომის ეკლესია არაფერს აკეთებდა, ისტორიკოსი იოზო ტომასევიჩი წერდა: „როგორც ჩანს, კათოლიკე ეკლესია სრულად უჭერდა მხარს (უსტაშების) რეჟიმს და მათ პოლიტიკას“.

ომის დასრულების შემდეგ დაემხო ფაშიზმი და ნაციზმი, თუმცა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში დამყარდა კომუნისტური მმართველობა, რასაც იქ კათოლიკეთა დევნის დაწყება მოჰყვა, მსგავსად საბჭოთა კავშირისა. ამ ფაქტმა პაპის შეშფოთებაც გამოიწვია, რამეთუ კომუნისტურ მხარეს აღმოჩნდა არაერთი სრულად კათოლიკური ქვეყანა, მათ შორის: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ხორვატია. კომუნისტები მკაცრად ზღუდავდნენ რელიგიურ თავისუფლებას, მაგრამ ეს დიდად არაფერს ცვლიდა. ამან გამოიწვია ის, რომ რომის კათოლიკე ეკლესია დაუპირისპირდა კომუნიზმს, რაც შემდეგში დიდ ძალად იქცა 90-იან წლებში მისი დამხობისას, განსაკუთრებით პოლონეთში.

1949 წელს ჩინეთის სამოქალაქო ომში კომუნისტების გამარჯვებას შედეგად ქვეყნიდან კათოლიკე მისიონერთა გაძევება მოჰყვა. მის ნაცვლად მთავრობამ პატრიოტული ეკლესია ჩამოაყალიბა და მისი ეპისკოპოსები დანიშნა. უკვე 1960-იანი წლების კულტურული რევოლუციისას, ჩინელმა კომუნისტებმა ყველა რელიგიური დაწესებულება დახურეს. როდესაც ჩინეთში ეკლესიები კვლავ გაიხსნა, ისინი ისევ პატრიოტული ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამ პირობებში არაერთი კათოლიკე მღვდელი დააპატიმრეს, რომისადმი ერთგულების გამო.

ვატიკანის მეორე კრება

კათოლიციზმი 
ვატიკანის მეორე კრება

1962-1965 წლებში მოიწვიეს ვატიკანის მეორე კრება, რომელმაც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა კათოლიკურ პრაქტიკაში ტრიენტის საეკლესიო კრების შემდეგ, რომელიც მანამდე ოთხი საუკუნით ადრე ჩატარდა. რომის პაპ იოანე XXIII-ის ინიციატივით, ამ კრებამ კათოლიკური პრაქტიკების მოდერნიზება მოახდინა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ნება დართოთ წირვა ადგილობრივ ენებზე აღევლინათ და წაახალისა მრევლის „სრულიად შეგნებული და აქტიური მონაწილეობა ლიტურგიულ მსვლელობებში“. რეფორმათა დამცველმა კათოლიკეებმა ამ მოვლენას „ფანჯრის გახსნა“ უწოდეს. პაპმა ასევე მოწოდება გააკეთა, რომ ურთიერთობა გაუმჯობესებულიყო არაქრისტიანულ რელიგიებთან, განსაკუთრებით კი იუდაიზმთან.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს ხალხი დადებითად შეხვდა, ტრადიციონალისტ კათოლიკეთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. არქიეპისკოპოსმა მარსელ ლეფებვრმა მკაცრად გააკრიტიკა კრება და განაცხადა, რომ პაპის ლიტურგიულმა რეფორმებმა „გაანადგურა წმინდა წირვა და საიდუმლოებები“.

ამ კრებაზე ასევე განხილულ იქნა კათოლიკური სწავლების რამდენიმე მიმართულება, რომელიც იმხანად ერთობ დიდი განხილვის ობიექტად იყო ქცეული. ერთ-ერთი ასეთი იყო ჰორმონალური კონტრაცეფციის (რომელიც აბებით ხდება) აკრძალვა. კათოლიკე ეკლესია გმობდა ყველა კონტრაცეფციულ საშუალებას, რაც მათი ამორალური სახითაც აიხსნებოდა, თუმცა ახალი გზის შემოღებამ პაპი იოანე აიძულა შეექმნა კომიტეტი, რომელიც ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად მორალურ-თეოლოგიურ რჩევებს მისცემდა. პაპმა პავლე VI-მ მოგვიანებით გააფართოვა კომიტეტის მოქმედების სფერო. კომიტეტმა მას შესთავაზა, რომ დაშვებულად გამოეცხადებინა კონტრაცეფციის რამდენიმე საშუალება, თუმცა მან უარყო მათი არგუმენტები და გამოაცხადა, რომ მხარს უჭერდა ეკლესიის მუდმივ სწავლებას კონტრაცეფციის წინააღმდეგ. ამრიგად, მან დაგმო ჰორმონალური მეთოდიც. პაპის ამ პოზიციამ მრავალი კათოლიკეს მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია.

იოანე პავლე II

კათოლიციზმი 
პაპი იოანე პავლე II ხვდება აშშ-ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანსა და მის მეუღლეს, ნენსის, 1982 წელი. რომის პაპი კომუნიზმის დაცემასა და ცივი ომის დასრულებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.

1978 წელს იოანე პავლე II, წარმოშობით პოლონელი, კრაკოვის ყოფილი მთავარეპისკოპოსი, გახდა პირველი არაიტალიელი რომის პაპი ბოლო 455 წლის განმავლობაში. მისი 26-წლიანი პონთიფიკატი კათოლიკე ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო. საბჭოთა კავშირის მეთაური მიხეილ გორბაჩოვი ევროპაში კომუნიზმის დამხობის დაჩქარებას სწორედ პაპ იოანე პავლე II-ის სახელს მიაწერდა.

იოანე პავლე II ცდილობდა და დიდი წვლილიც მიუძღვის კომუნისტურ სახელმწიფოებში კათოლიციზმის რესტავრაციაში. მისი ეს მცდელობა ყველაზე კარგად მისსავე მშობლიურ პოლონეთზე აისახა ყველაზე უკეთ. მანვე დააწესა მსოფლიო ახალგაზრდობის დღე, როდესაც მთელ მსოფლიოში მცხოვრებ კათოლიკე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ რომის პაპს შეხვდნენ. როგორც წესი, შეხვედრა 2-3 წელში ერთხელ იმართება ხოლმე. ამასთან, მან ყველა პაპზე მეტ ― 129 ქვეყანაში იმოგზაურა. აღსანიშნავია, რომ 1999 წლის ნოემბერში იგი საქართველოსაც ეწვია და შეხვდა პატრიარქ ილია II-ს. პაპი იოანე პავლე ასევე ხაზს უსვამდა შრომის ღირსებას და იცავდა მშრომელთა უფლებებს, ჰქონოდათ სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო სამუშაო გარემო. იგი ასევე აქტიურად გამოდიოდა რამდენიმე საეკლესიო სწავლების, მათ შორის აბორტის ამორალურობის, ევთანაზიისა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

XX საუკუნის დამლევიდან კათოლიკე ეკლესია კვლავ გახდა კრიტიკის ობიექტი სექსუალობის შესახებ არსებული დოქტრინების, ქალების მღვდლად დასმის წინააღმდეგობისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო.

XXI საუკუნე

კათოლიციზმი 
პაპი ბენედიქტე XVI

2005 წელს იოანე პავლე II გარდაიცვალა და კარდინალებმა ახალ პაპად გერმანელი ბენედიქტე XVI აირჩიეს. იგი ცნობილი გახდა თავისი კონსერვატორული მიდგომებით. პაპი ბენედიქტე სეკულარიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა და ცდილობდა ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვას. ასევე აქტიურად ატარებდა ტრიდენტინულ წირვას, რომელსაც მან „განსაკუთრებული ფორმა“ უწოდა. 2012 წელს, ვატიკანის მეორე კრების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეპისკოპოსთა ასამბლეამ განიხილა განვითარებულ სამყაროში განმდგარ კათოლიკეთა ხელახალი ევანგელიზაცია.

უკვე 2013 წელს ბენედიქტე XVI მოწინავე ასაკთან დაკავშირებული სისუსტისა და სირთულეების მიზეზით პაპის ტახტიდან გადადგა, რისი პრეცედენტიც ბოლო 600 წლის განმავლობაში არ ყოფილა. მისმა გადადგომამ კათოლიკეებში გარკვეული უთანხმოება გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ღვთის წინაშე პაპი კვლავ ის იყო და რომ ბოლომდე არ გადამდგარა.

კათოლიციზმი 
პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე

2013 წელს, ბენედიქტეს გადადგომის შემდეგ, კარდინალებმა პაპი ფრანცისკე აირჩიეს, რომლის პონთიფიკატიც დღემდე გრძელდება. იგი გახდა პირველი ლათინოამერიკელი რომის პაპი და აგრეთვე არის პირველი არაევროპელი პაპი სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ, რომელიც მერვე საუკუნეში მოღვაწეობდა. პაპი ფრანცისკე გამოირჩევა ღარიბებსა და გარემოზე ზრუნვით, თავმდაბლობაზე ხაზგასმითა და სხვა რელიგიათა პატივისცემით.

ასევე აღსანიშნავია მისი ძალისხმევა, რომელსაც იგი ეწევა მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ბოლო საუკუნეების განმავლობაში წარმოშობილი გაუცხოების წინააღმდეგ. იგი შეხვდა რამდენიმე პატრიარქს, მათ შორის 2016 წელს შეხვდა საქართველოს პატრიარქ ილია II-ს. ასევე, პირველად 1054 წლის დიდი სქიზმის შემდეგ, კონსტანტინოპოლის პატრიარქი რომის პაპის კურთხევას დაესწრო. 2016 წელსვე იგი ჰავანაში, კუბაზე შეხვდა რუსეთის პატრიარქ კირილეს და ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებდა ორ ქრისტიანულ კონფესიას შორის ერთობის აღდგენას.

2014 წელს ეპისკოპოსთა სინოდის მესამე რიგგარეშე გენერალურმა კრებამ მიმართა ეკლესიას ქორწინებებთან და კათოლიკეთა „არარეგალურ“ ურთიერთობებთან (მაგალითად მათ შესახებ, ვინც ეკლესიურად განქორწინებული არაა, თუმცა იმყოფება მეორე ქორწინებაში მაშინ, როცა ჯერ კიდევ პირველ ქორწინებაშია ღვთის წინაშე) დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ გადაწყვეტილებას ბევრი მიესალმა, დიდწილად მაინც კრიტიკის სამიზნედ იქცა.

2017 წელს ეგვიპტეში ვიზიტისას პაპმა ფრანცისკემ აღადგინა ნათლობის ორმხრივი აღიარება კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

2021 წელს პაპმა ფრანცისკემ გამოსცა სამოციქულო წერილი Traditionis Custodes, რომლითაც გააუქმა ზოგიერთი ნებართვა, რომელიც მისმა წინამორბედმა გასცა რომაული წესის საგანგებო ფორმასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა რომის პაპის უპირატესობას, ჩვეულებრივ ფორმას.

ორგანიზაცია

ეკლესიის იერარქია

კათოლიციზმი 
პაპის ემბლემა, რომელზეც გამოსახულია სამოთხის გასაღებები პაპის გვირგვინქვეშ, რაც პაპის, როგორც პეტრეს მემკვიდრეობას გამოხატავს, რადგანაც მათეს სახარების მიხედვით ქრისტემ სწორედ პეტრე მოციქულს გადასცა ისინი და უთხრა: „ მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.“ (მათე, 16:19).

კათოლიკე ეკლესია მიჰყვება საეპისკოპოსო პოლიტიკას, რომელსაც უძღვებიან წმინდა ორდენთა საიდუმლომიღბული ეპისკოპოსები და აქვთ ეკლესიის მართვის ოფიციალური იურისდიქცია. იერარქიულად არსებობს სასულიერო პირთა სამი დონე: 1. ეპისკოპატი, შედგება ეპისკოპოსებისაგან, რომელთა იურისდიქცია ვრცელდება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე და მას ეწოდება ეპარქია, 2. პრესბიტარიატი, რომელიც შედგება ეპისკოპოსთაგან ხელდასმული მღვდლებისაგან, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ ეპარქიებსა და წმინდა ორდენებში და 3. დიაკონატი, რომელიც შედგება მღვდლებისა და ეპისკოპოსთა დამხმარე დიაკვნებისაგან. საბოლოოდ ყველა ამ იერარქიული დონის სასულიერო პირს ხელმძღვანელობს რომის ეპისკოპოსი, ანუ პაპი, რომლის იურისდიქციულ ერთეულსაც ეწოდება წმინდა საყდარი. ეპარქიული სტრუქტურის გარდა, ასევე არსებობს სხვა რელიგიური ინსტიტუტებიც, რომლებიც მათ პარალელურად ფუნქციონირებენ ავტონომიურად, მაგრამ მაინც ექვემდებარებიან პაპის პრიმატს. გარდა ამისა, საკუთრივ ღვთისმსახურებისას საერო პირები მღვდელთან ერთად ასრულებენ არაერთ ლიტურგიულ რიტუალს.

წმინდა საყდარი, პაპობა, რომის კურია და კარდინალთა კოლეგია

სრულიად კათოლიკე ეკლესიას ხელმძღვანელობს რომის ეპისკოპოსი, რომელიც სახელია პაპის სახელით (ლათ. Papa, ნიშნავს „მამა“-ს). ამჟამინდელი რომის პაპი ფრანცისკე 2013 წლის 13 მარტს აირჩია პაპის კონკლავმა.

კათოლიკეთა რწმენითა და მათეს სახარების მიხედვით, პაპობა ქრისტემ დააარსა, როდესაც რომის პირველ ეპისკოპოსს, ანუ პეტრე მოციქულს გადასცა სასუფევლის გასაღებები და უთხრა:

კათოლიციზმი 
„და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. (მათე, 16:18)

მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. (მათე, 16:19)“

იმ ეპარქიას, რომელზეც ვრცელდება რომის პაპის იურისდიქცია, ეწოდება „წმინდა საყდარი“ (ლათ. Sancta Sedes), ან „სამოციქულო საყდარი“ (რადგანაც იგი პეტრე მოციქულის საყდრად მიიჩნევა). პაპს უშუალოდ ემსახურება რომის კურია, ცენტრალური სამმართველო ორგანო, რომელიც განაგებს კათოლიკე ეკლესიის ყოველდღიურ საქმიანობას.

რომის პაპი ასევე არის ვატიკანის სუვერენული მმართველი, რომელიც მდებარეობს ქალაქ რომში. ამის გამო პაპი იღებს სახელმწიფოთა ელჩებსა და მეთაურებს და თავადაც გზავნის მათთან დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ოღონდ როგორც წმინდა საყდრის მეთაური და არა როგორც სახელმწიფოს მმართველი. წმინდა საყდარი ასევე ანიჭებს და აარსებს ორდენებსა და მედლებს, რომელთა დიდი ნაწილიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შეიქმნა.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა პეტრეს ბაზილიკა ვატიკანში მდებარეობს, წმინდა პეტრეს საფლავთან ერთად, თავად რომის ეპარქიის პაპის ტაძარი არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის არქიბაზილიკა, რომელიც ქალაქ რომში მდებარეობს, თუმცა, როგორც წმინდა საყდრის ნაწილი, სარგებლობს ექსტრატერიტორიული პრივილეგიებით.

კათოლიკე ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საპატიო წოდებაა კარდინალობა, რომელსაც თავად პაპი ანიჭებს გარკვეულ სასულიერო პირებს, როგორიცაა მაგალითად რომის კურიის ხელმძღვანელი, გამორჩეული ღვთისმეტყველი და მთავარ ქალაქებში მომსახურე ეპისკოპოსები. მმართველობასთან და ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებული რჩევებისათვის რომის პაპი სწორედ კარდინალთა კოლეგიას მიმართავს ხოლმე.

პაპის გარდაცვალების ან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, კარდინალთა კოლეგიის 80 წლამდე წევრები იკრიბებიან და თითოეული ხმის მეშვეობით კოლეგიის ერთ წევრს ახალ პაპად ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ კონკლავს პაპად ნებისმიერი კათოლიკე მამაკაცის არჩევა შეეძლო, 1389 წლიდან მოყოლებული მხოლოდ კარდინალებს ირჩევენ.

კანონიკური სამართალი

კათოლიციზმი 
რომის კათოლიკე ეკლესიის კანონიკური სამართლის სიმბოლო

კანონიკური სამართალი (ლათ. Jus Canonicum) არის კანონებისა და სამართლებრივი პრინციპების სისტემა, რომელიც მიღებულია და აღესრულება კათოლიკე ეკლესიის იერარქიული ხელისუფლების მიერ მისი გარე ორგანიზაციებისა და შიდა სისტემის დასარეგულირებლად, ასევე კათოლიკეთა შორის არსებული წესრიგის დასაცავად. ლათინური ეკლესიის კანონიკური სამართალი იყო პირველი თანამედროვე დასავლური სამართლებრივი სისტემა და არის ასევე უძველესი, დღემდე მოქმედი დასავლური სამართლებრივი სისტემა. რაც შეეხება აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიების კანონიკურ სამართალს, იგი თავისი ტრადიციულობით გამოირჩევა და მართავს 23 კონკრეტულ ეკლესიას.

პოზიტიურ საეკლესიო კანონებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეფუძნება უცვლელ ღვთიურ კანონს ან ბუნებით კანონს, უფლებამოსილებას იღებს ეკლესიის უდიდესი კანონმდებელი — რომის პაპი — რომელიც ფლობს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა მთლიან ძალაუფლებას. შედარებით უფრო ფორმალური კანონების აღსრულება კი ჩვეულებრივ და დელეგირებულ კანონმდებელსაც შეუძლია. აღსანიშნავია, რომ კანონიკურ სამართალს აქვს ჩვეულებრივი სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი: იურისტები, სასამართლოები, მოსამართლეები და სრულიად ჩამოყალიბებული სამართლებრივი კოდექსი როგორც ლათინური, ისე აღმოსავლეთის ეკლესიებისათვის.

სამოქალაქო სამართლისაგან განსხვავებით, კანონიკური სამართალი ეხება მხოლოდ კათოლიკე ეკლესიის ცხოვრების წესსა და ორგანიზებას. გარკვეულ ასპექტებში, როგორიცაა მაგალითად ბავშვებზე მეურვეობა, კანონიკური სამართალი გზას უთმობს სამოქალაქოს, ანალოგიურად, სამოქალაქო სამართალი ისეთ სფეროში, როგორიცაა ქორწინება, ძალის ნაწილს ანიჭებს კანონიკურ სამართალს. ამჟამად ლათინურ ეკლესიაში მოქმედებს 1983 წლის კანონიკური სამართლის კოდექსი. აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიების კანონიკურ სამართალში კი ბოლო ცვლილება 1990 წელს შევიდა.

ლათინური და აღმოსავლური ეკლესიები

ქრისტიანობის ისტორიის პირველი ათასი წლის განმავლობაში დასავლეთისა და აღმოსავლეთის საქრისტიანოებს შორის დიდი განსხვავებები გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ 1054 წლის დიდი სქიზმის შემდეგ აღმოსავლური წესის ეკლესიები აღარ არიან რომის კათოლიკე ეკლესიასთან თანაზიარებაში, აღმოსავლეთში მაინც გაჩნდა სამრევლოები, რომლებიც თავიანთი წესების ერთგულები დარჩნენ, თუმცა აღიარეს პაპის უპირატესობა და შევიდნენ კათოლიკე ეკლესიის წიაღში, რის გამოც მათ აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიები ეწოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიციზმში ყველაზე დიდი და ძლიერი მაინც რომის ლათინური წესის ეკლესიაა, რომელსაც მთელს მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი მიმდევარი ჰყავს, არსებობს აღმოსავლური წესის 23 კათოლიკე ეკლესიაც. აღმოსავლეთის კათოლიკეები თვითმმართველობით სარგებლობენ და ჯამში 17,3 მილიონი მიმდევარი ჰყავთ.

ლათინურ ეკლესიას მთლიანად პაპი და მის მიერ დადგენილი ეპისკოპოსები მართავენ. რომის პაპს პატრიარქატული როლი აკისრია და ითვლება ლათინური ეკლესიის თავდაპირველ და უწმინდეს ლიდერად. რაც შეეხება აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიებს, მათ თავიანთი მეთაურები ჰყავთ, ოღონდ, განსხვავებით სხვა აღმოსავლეთის ქრისტიანებისაგან, ისინი მეთაურად პაპს აღიარებენ და ამის გამო შედიან მის პრიმატში. აღმოსავლეთის კათოლიკეები იყვნენ ის ქრისტიანები, რომელთაც დიდი სქიზმის დროს არ დაიჭირეს არცერთი რადიკალური მხარე და დარჩნენ თანაზიარებაში როგორც კათოლიკეებთან, ისე მართლმადიდებლებთან. ამრიგად, აღმოსავლელი კათოლიკეები ღვთისმსახურების წესებით იგივე მართლმადიდებლები არიან, თუმცა პაპის პრიმატში შესვლის გამო კათოლიკეებად იწოდებიან. ცხადია, თავად მათ შორისაც არსებობს განსხვავებები, ამიტომაც ჯამში სულ 23 ასეთი აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესია არსებობს.

ზოგიერთ აღმოსავლურ კათოლიკე ეკლესიას საეკლესიო სინოდის მიერ არჩეული პატრიარქი მართავს, ზოგიერთს კი არქიეპისკოპოსი, ან სულაც მიტროპოლიტი. თითოეულ ამ ეკლესიას აქვს თავისი შინაგანი ორგანიზების, ლიტურგიული რიტუალებისა და სადღესასწაულო კალენდრების მართვის უფლებამოსილება, მხოლოდ ისინი პაპის ავტორიტეტს ექვემდებარებიან. რომის კურიას აქვს სპეციალური განყოფილება აღმოსავლეთის ეკლესიების კონგრეგაციის სახით, მათთან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად. როგორც წესი, რომის პაპი არ ნიშნავს და არც თანამდებობიდან ხსნის აღმოსავლეთის კათოლიკე სასულიერო პირებს, თუმცა, თუ საჭიროდ ჩათვლის, მას აქვს ამის უფლებამოსილებაც და მმართველობის შიდა სტრუქტურებში ჩარევის უფლებაც.

მიმდევრები

კათოლიკეთა პროცენტული რაოდენობა კონტინენტების მიხედვით 2019 წელს
ამერიკა
  
48.1%
ევროპა
  
21.2%
აფრიკა
  
18.7%
აზია
  
11.0%
ოკეანეთი
  
0.8%

კათოლიციზმი ქრისტიანული კონფესიებიდან უდიდესია, ხოლო რელიგიური მიმდინარეობებიდან სუნიტური ისლამის შემდეგ რიგით მეორე. ეკლესიის წევრობა განისაზღვრება კათოლიკედ მონათლულ პირთა რაოდენობით, რომელიც მსოფლიოში 1,345 მილიარდს აღწევდა 2019 წლის მონაცემებით, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 18%-ს შეადგენდა. მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტი კათოლიკე მოსახლეობა ბრაზილიას ჰყავს, კათოლიკეთა რაოდენობით კი მას მოჰყვებიან მექსიკა, ფილიპინები, ამერიკის შეერთებული შტატები და იტალია. კათოლიკეები ქრისტიანთა მთელი რაოდენობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ კათოლიკე მოსახლეობის 100% მხოლოდ ვატიკანს ჰყავს, მას კი აღმოსავლეთი ტიმორი მოჰყვება 97%-ით.

საუკუნეებთან ერთად მსოფლიოში კათოლიკეთა გეოგრაფიული დანაწილებაც შეიცვალა. დღეისათვის კათოლიკეთა რიცხვი კონტინენტების მიხედვით ასეთია: ამერიკა 48.1%-ით, ევროპა 21.2%-ით, აფრიკა 18.7%-ით, აზია 11%-ით და ოკეანეთი 0.8%-ით.

კათოლიკე ეკლესია მრევლის გარდა აერთიანებს ეპისკოპოსებს, მათ მიერ ხელდასმულ მღვდლებს, ბერ-მონაზვნებს, საეკლესიო მსახურებს, მისიონერებსა და კატეხისტებს. 2019 წლის მონაცემებით კათოლიკე ეკლესიას ჰყავდა 467,938 სასულიერო პირი, მათ შორის 5,364 ეპისკოპოსი, 414,336 მღვდელი და 48,238 დიაკვანი. ასევე აღსანიშნავია არახელდასმული ღვთისმსახურებიც, რომელთა რაოდენობაც ასე ნაწილდება: 3,157,568 კატეხისტი, 367,679 მისიონერი და 39,951 ეკლესიის მსახური.

კათოლიკეები, რომლებიც ქორწინების ან მარტოხელა ცხოვრების ნაცვლად, უბიწოებასა და საეკლესიო ცხოვრების ერთგულებას ამჯობინებენ, დღეისათვის შეადგენენ 54,559 მამაკაცსა და 705,529 ქალს. ისინი არ არიან ხელდასმულები, თუმცა განიხილებიან სასულიერო პირებად.

კათოლიკეთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით

კათოლიციზმი ქვეყნების მიხედვით
ქვეყანა მთელიმო

სახლეობა

კათოლიკეთა პროცენტული

რაოდენობა

კათოლიკეთა მთელი რაოდენობა
კათოლიციზმი  ავსტრალია 23,400,000 22.6% 5,292,000
კათოლიციზმი  ავსტრია 8,940,000 54.9% 4,907,354
კათოლიციზმი  ავღანეთი 29,928,987 0.0003% 200
კათოლიციზმი  აზერბაიჯანი 8,581,400 0.03% 2,574
კათოლიციზმი  ალბანეთი 3,020,000 10% 302,000
კათოლიციზმი  ალჟირი 32,531,853 0.14% 45,000
კათოლიციზმი  ანდორა 70,000 88.2% 61,740
კათოლიციზმი  ანგოლა 31,100,000 41.1%-50%-55%-56.4%-60% 12,500,000-20,000,000
კათოლიციზმი  ანტიგუა და ბარბუდა 84,522 8.2% 6,930
კათოლიციზმი  არგენტინა 42,000,000 62.9%-63.3%-66%-71% 26,000,000 - 29,820,000
კათოლიციზმი  სომხეთი 2,982,904 1% 29,829
კათოლიციზმი  ბაჰამის კუნძულები 330,000 12% 39,600
კათოლიციზმი  ბაჰრეინი 800,000 8.9% 71,200
კათოლიციზმი  ბანგლადეში 158,000,000 0.07% 110,000
კათოლიციზმი  ბარბადოსი 250,012 4.2% 10,000
კათოლიციზმი  ბელარუსი 9,500,000 7.1% 674,500
კათოლიციზმი  ბელგია 11,200,000 57.1%-58% 6,500,000
კათოლიციზმი  ბელიზი 334,000 40% 133,600
კათოლიციზმი  ბენინი 7,460,025 26.6% 1,984,366
კათოლიციზმი  ბჰუტანი 2,232,291 0.06% 1,339
კათოლიციზმი  ბოლივია 10,500,000 70%-73%-77% 7,980,000
კათოლიციზმი  ბოსნია და ჰერცეგოვინა 3,531,159 15.19% 536,333
კათოლიციზმი  ბოტსვანა 1,640,115 4.9% 80,365
კათოლიციზმი  ბრაზილია 210,600,000 54%-58.1%-61%-64.6%-65.0% 123,000,000 - 134,000,000 - 140,000,000
კათოლიციზმი  ბრუნეი 372,361 5% 18,618
კათოლიციზმი  ბულგარეთი 7,450,349 0.5% 37,251
კათოლიციზმი  ბურკინა-ფასო 13,925,313 17% 2,367,303
კათოლიციზმი  ბურუნდი 12,000,000 62.1% 7,440,000
კათოლიციზმი  კაბო-ვერდე 512,096 77.3% 395,850
კათოლიციზმი  კამბოჯა 13,607,069 <0.1% <10,000
კათოლიციზმი  კამერუნი 25,640,965 38.4% 9,846,000
კათოლიციზმი  კანადა 35,770,000 38.7% 13,843,000
კათოლიციზმი  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 3,799,897 29% 949,974
კათოლიციზმი  ჩადი 12,000,000 20%-22.8% 2,520,000
კათოლიციზმი  ჩილე 18,000,000 45%-55%-64%-66.6% 8,100,000 - 12,000,000
კათოლიციზმი  ჩინეთი 1,400,000,000 0.43%-0.7% 6,000,000-12,000,000
კათოლიციზმი  კოლუმბია 48,000,000 70.9%-73%-75%-79% 34,000,000-37,900,000
კათოლიციზმი  კომორის კუნძულების კავშირი 800,000 0.2% 1,600
კათოლიციზმი  კონგოს რესპუბლიკა 5,062,021 33.1%-52.9% 1,675,529-2,409,661
კათოლიციზმი  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 100,000,000 36.8%-45%-47.3%-55.8% 36,800,000 - 55,800,000
კათოლიციზმი  კოსტა-რიკა 5,100,000 47%-57%-62%-71.8% 2,350,000 - 3,500,000
კათოლიციზმი  ხორვატია 4,284,889 86.3% 3,698,000
კათოლიციზმი  კუბა 11,163,934 51.7%-60% 6,000,000
კათოლიციზმი  კვიპროსი 1,100,000 2.9% 11,000
კათოლიციზმი  ჩეხეთი 10,500,000 10.2%-21%-27.1% 1,071,000 - 2,856,000
კათოლიციზმი  კოტ-დ’ივუარი 23,800,000 21.4% 5,093,000
კათოლიციზმი  დანია 5,630,000 0.7% 46,000
კათოლიციზმი  ჯიბუტი 476,703 0.2% 953
კათოლიციზმი  დომინიკა 71,540 58.1% 41,564
კათოლიციზმი  დომინიკელთა რესპუბლიკა 10,400,000 48%-57% 4,992,000 - 5,928,000
კათოლიციზმი  აღმოსავლეთი ტიმორი 1,054,000 97.57%-98.3% 1,021,000
კათოლიციზმი  ეკვადორი 15,223,680 77.0%-79%-80.4% 11,265,523
კათოლიციზმი  ეკვატორული გვინეა 1,620,000 80.7% 1,410,000
კათოლიციზმი  ეგვიპტე 77,505,756 0.1% 187,320
კათოლიციზმი  ელ-სალვადორი 7,000,000 39%-47%-50% 2,730,000 - 3,500,000
კათოლიციზმი  ერიტრეა 4,561,599 3.3% 150,532
კათოლიციზმი  ესტონეთი 1,332,893 0.3% 3,998
კათოლიციზმი  ეთიოპია 73,053,286 0.7% 584,426
კათოლიციზმი  მიკრონეზია 104,468 52.6%-55% 60,000
კათოლიციზმი  ფიჯი 893,354 9.1% 80,401
კათოლიციზმი  ფინეთი 5,451,270 0.2% 12,434
კათოლიციზმი  საფრანგეთი 66,600,000 47%-48%-51%-57%-60%–66% 31,300,000–44,000,000
კათოლიციზმი  გაბონი 1,389,201 50% 694,600
კათოლიციზმი  გამბია 1,593,256 2.1% 33,458
კათოლიციზმი  საქართველო 4,677,401 0.8% 84,193
კათოლიციზმი  გერმანია 83,100,000 26.7% 22,193,000
კათოლიციზმი  განა 21,029,853 12.9% 2,712,851
კათოლიციზმი  საბერძნეთი 11,170,957 0.4% 44,683
კათოლიციზმი  გრენადა 89,502 44.6% 39,917
კათოლიციზმი  გვატემალა 15,773,000 43%-45%-50% 7,000,000
კათოლიციზმი  გვინეა 9,467,866 2.6% 246,164
კათოლიციზმი  გვინეა-ბისაუ 1,416,027 8.9% 126,026
კათოლიციზმი  გაიანა 765,283 8.1% 91,833
კათოლიციზმი  ჰაიტი 10,000,000 54.7%-56.7%-56.8% 5,470,000
კათოლიციზმი  ჰონდურასი 8,800,000 37%-46% 3,256,000-4,048,000
კათოლიციზმი  უნგრეთი 9,877,000 37.2%–53.0%-56%-62%. 3,674,244
კათოლიციზმი  ისლანდია 355,277 3.9% 13,799
კათოლიციზმი  ინდოეთი 1,280,000,000 0.9%–1.5% 11,520,000–19,900,000
კათოლიციზმი  ინდონეზია 270,000,000 3.1% 8,400,000
კათოლიციზმი  ირანი 85,202,000 0.02% 13,603
კათოლიციზმი  ერაყი 38,000,000 0.35% 133,000
კათოლიციზმი  ირლანდია 4,762,000 78.3% 3,729,000
კათოლიციზმი  ისრაელი 7,746,000 1.2% 92,952
კათოლიციზმი  იტალია 60,800,000 74%-75%-76.5%-78.9%-81.7% 42,000,000 - 50,000,000
კათოლიციზმი  იამაიკა 2,889,000 2% 57,780
კათოლიციზმი  იაპონია 127,417,244 0.3%- 0.5% 382,251
კათოლიციზმი  იორდანია 5,759,732 0.4% 23,038
კათოლიციზმი  ყაზახეთი 15,185,844 0.6% 91,115
კათოლიციზმი  კენია 47,560,000 20.6%-22.1% 9,816,000
კათოლიციზმი  კირიბატი 98,000 55.8%-57.3% 54,684
კათოლიციზმი  ჩრდილოეთი კორეა 22,912,177 0.01% 2,291
კათოლიციზმი  სამხრეთი კორეა 53,121,668 11.1% 5,914,669
კათოლიციზმი  კოსოვო 1,920,079 3.4% 65,000
კათოლიციზმი  ქუვეითი 2,335,648 6.1% 142,474
კათოლიციზმი  ყირგიზეთი 5,146,281 0.1% 5,146
კათოლიციზმი  ლაოსი 6,217,141 0.6% 37,302
კათოლიციზმი  ლატვია 2,290,237 19.1% 437,435
კათოლიციზმი  ლიბანი 4,800,000 28.8% 1,382,400
კათოლიციზმი  ლესოთო 2,067,000 45.7%-49.4% 946,000-1,052,237
კათოლიციზმი  ლიბერია 3,482,211 5.4% 188,039
კათოლიციზმი  ლიბია 5,765,563 0.7% 40,358
კათოლიციზმი  ლიხტენშტაინი 33,863 75.9%-81.7% 25,803
კათოლიციზმი  ლიეტუვა 2,944,459 77.2%-83% 2,311,722
კათოლიციზმი  ლუქსემბურგი 538,000 63.8%-65.9% 369,600
კათოლიციზმი  მადაგასკარი 18,040,341 29.5%-38.1% 5,318,293-7,890,000
კათოლიციზმი  მალავი 12,158,924 28.4% 3,449,487
კათოლიციზმი  ამერიკის შეერთებული შტატები 330,000,000 22%-20%-22%-23%-25% 66,000,000-72,600,000-81,000,000
კათოლიციზმი  მალაიზია 23,953,136 3.3% 1,290,453
კათოლიციზმი  მალდივის რესპუბლიკა 349,106 0.02% 80
კათოლიციზმი  მალი 12,291,529 1.5% 189,289
კათოლიციზმი  მალტა 428,000 84.4%-93% 361,372
კათოლიციზმი  მარშალის კუნძულები 62,000 8.4% 5,208
კათოლიციზმი  მავრიტანია 3,086,859 0.1% 3,086
კათოლიციზმი  მავრიკი 1,230,602 23.6% 289,314
კათოლიციზმი  მექსიკა 126,500,000 80%-81%-82.7%-84.9% 100,000,000
კათოლიციზმი  მოლდოვა 4,455,421 0.5% 20,494
კათოლიციზმი  მონაკო 36,371 82.3% 29,933
კათოლიციზმი  მონღოლეთი 2,791,272 0.04% 1,116
კათოლიციზმი  მონტენეგრო 625,266 3.4% 21,299
კათოლიციზმი  მაროკო 32,725,847 0.07% 22,908
კათოლიციზმი  მოზამბიკი 19,406,703 27.2%-28.4%-30.5% 4,618,795
კათოლიციზმი  მიანმარი 42,909,464 1.1% 450,549
კათოლიციზმი  ნამიბია 2,030,692 22.8% 344,202
კათოლიციზმი  ნაურუ 10,084 32.96% 3,324
კათოლიციზმი  ნეპალი 27,676,547 0.03% 8,302
კათოლიციზმი  ნიდერლანდები 17,450,000 21.7% 3,785,000
კათოლიციზმი  ახალი ზელანდია 4,700,000 10.0% 470,000
კათოლიციზმი  ნიკარაგუა 6,000,000 40%-50%-55% 2,400,000-3,000,000
კათოლიციზმი  ნიგერი 11,665,937 0.1% 11,665
კათოლიციზმი  ნიგერია 190,000,000 12.6% 23,940,000
კათოლიციზმი  ჩრდილოეთ მაკედონია 2,038,514 1% 20,452
კათოლიციზმი  ნორვეგია 5,060,000 2.4%-3.02% 120,900
კათოლიციზმი  ომანი 3,000,000 4.1% 110,000
კათოლიციზმი  პაკისტანი 207,000,000 0.8% 1,656,000
კათოლიციზმი  პალაუ 19,949 41.6% 8,299
კათოლიციზმი  პალესტინა 3,761,904 2% 80,000
კათოლიციზმი  პანამა 3,500,000 55%-63%-70% 1,925,000 - 2,400,000
კათოლიციზმი  პაპუა ახალი გვინეა 7,000,000 26% 1,890,000
კათოლიციზმი  პარაგვაი 6,800,000 88.3%-89% 6,000,000
კათოლიციზმი  პერუ 32,800,000 74%-76% 24,600,000
კათოლიციზმი  ფილიპინები 105,000,000 80.6%-81.4%-82.9%-86% 85,470,000
კათოლიციზმი  პოლონეთი 38,496,000 85.8%-87.5%-92.9% 33,000,000
კათოლიციზმი  პორტუგალია 10,500,000 81.0%–85%-88.0% 8,600,000–9,240,000
კათოლიციზმი  კატარი 863,051 5.8% 50,000
კათოლიციზმი  რუმინეთი 22,329,977 4.7% 1,787,408
კათოლიციზმი  რუსეთი 143,420,309 0.5% 717,101
კათოლიციზმი  რუანდა 11,000,000 43.7%-49.5% 4,807,000
კათოლიციზმი  სენტ-კიტსი და ნევისი 51,000 6.7% 3,400
კათოლიციზმი  სენტ-ლუსია 165,600 61.3% 101,500
კათოლიციზმი  სენტ-ვინსენტი და გრენადინები 106,000 7.5% 7,950
კათოლიციზმი  სამოა 179,000 19.6% 35,084
კათოლიციზმი  სან-მარინო 32,500 90.5%-97%> 29,412
კათოლიციზმი  სან-ტომე და პრინსიპი 163,000 73.5% 119,805
კათოლიციზმი  საუდის არაბეთი 26,417,599 2.5%-3.8%-7% 660,439-1,300,000
კათოლიციზმი  სენეგალი 11,126,832 3.5% 389,439
კათოლიციზმი  სერბეთი 7,120,600 6.1% 433,167
კათოლიციზმი  სეიშელის კუნძულები 93,000 76.2% 70,866
კათოლიციზმი  სიერა-ლეონე 6,017,643 2.9% 174,511
კათოლიციზმი  სინგაპური 4,425,720 4.8%-6.7%-7.1% 165,964
კათოლიციზმი  სლოვაკეთი 5,397,036 62% 3,347,277
კათოლიციზმი  სლოვენია 2,095,861 72.1% 1,509,986
კათოლიციზმი  სოლომონის კუნძულები 523,000 19% 100,000
კათოლიციზმი  სომალი 8,591,629 0.001% 100
კათოლიციზმი  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 44,344,136 7.1% 2,851,327
კათოლიციზმი  სამხრეთი სუდანი 10,000,000 39.7% 3,950,000
კათოლიციზმი  ესპანეთი 46,700,000 66.0%-67%-68%-68.9%-70% 32,364,000
კათოლიციზმი  შრი-ლანკა 20,264,000 6.1% 1,237,000
კათოლიციზმი  სუდანი 31,000,000 1% 300,000
კათოლიციზმი  სურინამი 551,000 21.6% 119,000
კათოლიციზმი  სვაზილენდი 1,100,000 4.9% 62,803
კათოლიციზმი  შვედეთი 10,000,000 1.8% 180,000
კათოლიციზმი  შვეიცარია 8,600,000 35.1% 3,000,000
კათოლიციზმი  სირია 18,448,752 2.1% 368,975
კათოლიციზმი  ტაივანი 22,894,384 1.3% 297,626
კათოლიციზმი  ტაჯიკეთი 7,163,506 0.01% <1,000
კათოლიციზმი  ტანზანია 57,000,000 25.6 -31.4% 14,000,000-18,000,000
კათოლიციზმი  ტაილანდი 69,000,000 0.3%-0.58% 388,468
კათოლიციზმი  ტოგო 5,681,519 26.4% 1,499,921
კათოლიციზმი  ტონგა 102,000 15.6% 15,912
კათოლიციზმი  ტრინიდადი და ტობაგო 1,330,000 21.6% 286,000
კათოლიციზმი  თურქეთი 77,700,000 0.05% 35,000
კათოლიციზმი  ტუნისი 11,000,000 0.2% 22,000
კათოლიციზმი  თურქმენეთი 4,750,000 0.01% 500
კათოლიციზმი  ტუვალუ 10,000 1% 100
კათოლიციზმი  უგანდა 42,000,000 39.3% 16,500,000
კათოლიციზმი  უკრაინა 43,000,000 5.6% -10% 2,408,000-4,300,000
კათოლიციზმი  არაბთა გაერთიანებული საამიროები 2,563,212 5% 128,160
კათოლიციზმი  გაერთიანებული სამეფო 63,100,000 9% 5,700,000
კათოლიციზმი  ურუგვაი 3,500,000 38%-41%-42%-47.1% 1,330,000
კათოლიციზმი  უზბეკეთი 26,851,195 0.01% 2,685
კათოლიციზმი  ვატიკანი 842 100% 842
კათოლიციზმი  ვანუატუ 243,304 13.1% 36,500
კათოლიციზმი  ვენესუელა 32,000,000 67%-71%-73% 21,440,000 -23,360,000
კათოლიციზმი  ვიეტნამი 90,000,000 6.9%-7.4% 6,200,000
კათოლიციზმი  დასავლეთი საჰარა 273,008 0.06% 163
კათოლიციზმი  იემენი 20,727,063 0.02% 4,145
კათოლიციზმი  ზამბია 14,300,000 21% 3,003,000
კათოლიციზმი  ზიმბაბვე 12,746,990 7.71% 982,792
სულ 7,093,798,000 17.68% 1,253,926,000

კათოლიციზმი საქართველოში

საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად დამკვიდრდა არაერთი ბერძნული თუ რომაული წესის რიტუალები და საეკლესიო ღვთისმსახურება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მქადაგებელი და ქართველთა გამაქრისტიანებელი წმინდა ნინო, ქართველ კათოლიკეთა მფარველად მიიჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად 1054 წლის დიდი საეკლესიო სქიზმისა, რომლის დროსაც ქართული ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხარეს დადგა, რომის პაპთან და კათოლიკურ სამყაროსთან კავშირი არ გაწყვეტილა და, შესაბამისად, ქართველთა შედარებით მცირე ნაწილი განაგრძობდა ლათინური წესის ლიტურგიის აღვლენას. პაპის ავტორიტეტის ცნობასთან დაკავშირებითაც სადავოა, შუა საუკუნის ქართველთა დამოკიდებულება, რაც განპირობებულია თავად რუსუდან დედოფლის წერილითაც, სადაც იგი აშკარად სცნობდა პაპის ავტორიტეტს და სწერდა:

კათოლიციზმი 
„უწმინდესო პაპო, მამაო და ყველა ქრისტიანის მეუფევ, ნეტარი პეტრეს ტახტის მპყრობელო, საქართველოს თავმდაბალი დედოფალი რუსუდანი, ერთგული მსახური და ასული შენი ფერხთა წინაშე შენთა თავსა ვხრი...“
კათოლიციზმი 
საქართველოში მოქმედი კათოლიკე ეკლესიის გერბი, ცენტრში გამოსახულია წმინდა ნინოს ჯვარი

ამასთან ერთად, ქართველთა კათოლიციზმთან ადრეულ კავშირზევე მოწმობს ქართველ მეფეთა კავშირი რომის პაპთან და ჯვაროსნებთან, როდესაც დიდგორის ბრძოლაში არაერთი ფრანგი კათოლიკე იბრძოდა ქართველთა მხარეს, ხოლო მოგვიანებით, პაპი მეფე ლაშა-გიორგის „ქრისტიანობის ბურჯს“ უწოდებდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქართველებსა და კათოლიციზმს შორის კავშირი არ გაწყვეტილა, ბერძნებისა და რუსებისგან განსხვავებით. უკვე რუსუდან დედოფლის მმართველობაშივე საქართველოში ჩამოსვლას და ქადაგებას იწყებენ კათოლიკე მისიონერები, რამაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის კათოლიციზმის გავრცელებას. ჯერ კიდევ XIII საუკუნეში, საქართველოში მოღვაწეობას იწყებენ ფრანცისკელთა და დომინიკელთა ორდენის წარმომადგენლები, რომელთაც ააგეს თბილისის კათოლიკური ეკლესია. აღნიშნულ კათედრას XVI საუკუნემდე მართავდა 14 კათოლიკე ეპისკოპოსი, რის პარალელურადაც კათოლიციზმი ვრცელდებოდა ქართლში, მესხეთში, აჭარაში, კახეთში, იმერეთსა და გურიაში. განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა მეფე გიორგი V ბრწყინვალემ, რომელსაც კავშირი ჰქონდა რომის პაპთან და საფრანგეთის მეფესთან ერთად ჰქონდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის სურვილიც. საქართველოში კათოლიკეთა მომრავლებასთან ერთად, თბილისის გარდა შეიქმნა ცხუმისა და სებასტოპოლის საეპისკოპოსოებიც, უკვე 1328 წელს კი რომის პაპმა იოანე XXII-მ სმირნის საეპისკოპოსო კათედრა თბილისში გადიტანა.

კათოლიციზმი 
სულხან-საბა ორბელიანი, ერთ-ერთი ცნობილი ქართველი კათოლიკე

1444 წელს ქართველთა ელჩობა ასევე ესწრებოდა პაპის მიერ ორგანიზებულ ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრებას, რომელიც მიზნად ისახავდა კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა გაერთიანებას თურქების წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული უნია ვერ შედგა. ამის მიუხედავად ქართველებში კათოლიციზმი მაინც ვრცელდებოდა, რაზეც მოწმობს მკვლევარ ზაზა ჭიჭინაძის ნაშრომი, რომელიც წერს, რომ კათოლიციზმი უფრო მეტად ერუდირებულ და წარჩინებულ ქართველებში ვრცელდებოდა. მიუხედავად XVI საუკუნეში განცდილი შევიწროვებისა, კათოლიციზმმა ხელახლა იწყო გავრცელება XVII საუკუნიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მადლობელმა მეფე თეიმურაზ I-მა კათოლიკეებს, რომელთაც მას დედამისის, დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილები ჩამოუტანეს, გორში დიდი მიწები აჩუქა, რის შემდეგაც გორშიც დაიწყო კათოლიკური ეკლესია-მონასტრების შენება. ამასთანავე, საქართველოში კათოლიკე მისიონერები მოღვაწეობას აგრძელებდნენ, რომელთაგან გამორჩეულია ქრისტეფორე კასტელი და არქანჯელო ლამბერტი, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები და პორტრეტები შემოინახეს საქართველოს ისტორიიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია კათოლიკეებთან დაახლოვებული მეფე ვახტანგ VI-ისა და მისი აღმზრდელის, ცნობილი ქართველი კათოლიკეს, სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობა, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართული მწიგნობრობისა და მეცნიერების აღორძინებას.აღსანიშნავია მათივე თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ I-ც, რომელიც თავადაც აღიარებდა რომის პაპის უპირატესობას და ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკეებთან. შემდეგ ეპოქაში კათოლიკეთა სერიოზული დევნა დაიწყო, რომელიც, შედარებით მიწყნარდა XIX საუკუნეში, რუსული მმართველობისას, რომლის პირობებშიც არაერთი ახალი კათოლიკური ეკლესია აშენდა ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თბილისში. ამ დროს მოღვაწეობდნენ ასევე ისეთი ცნობილი ქართველი კათოლიკეები, როგორებიც არიან: ივანე გვარამაძე, მიხეილ თამარაშვილი, პეტრე ხარისჭირაშვილი, მიხეილ თარხნიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე ოცხელი და ა.შ.

გასაბჭოების შემდეგ კათოლიკეთა დევნა-შევირწოვება კვლავ განახლდა, თუმცა თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია მაინც ფუნქციონირებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ ბათუმის, გორისა და ქუთაისის კათოლიკური ტაძრები მართლმადიდებლებს გადასცა, რაც დღემდე სადავო რჩება, თუმცა მათ ნაცვლად ახალი ტაძრები იქნა აგებული. დღეის მდგომარეობით საქართველოში კათოლიკე მრევლი არის ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, თბილისში, რუსთავში, სოხუმში, ახალციხესა და გორში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასევე არაერთი სოფელი კახეთში, მესხეთში, იმერეთსა და ქართლში დღემდე კათოლიკური აღმსარებლობისაა, რის გათვალისწინებითაც საქართველოში 80,000-მდე კათოლიკე ცხოვრობს, რომელთა შორისაც არიან როგორც ლათინური, ისე სომხური და ქალდეური წესის კათოლიკეები. გარდა ამისა, 1997 წელს რომის პაპმა ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრატორად და ეპისკოპოსად ჯუზეპე პაზოტო დანიშნა, რომლის რეზიდენციაც თბილისშია. აგრეთვე, საქართველოს ეწვია რომის ორი პაპი: იოანე პავლე II და ფრანცისკე. ამასთან ერთად, მისი ინიციატივით 2001 წელს დაარსდა კათოლიკეთა უნივერსიტეტი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის სახელს ატარებს, ასევე თბილისში გაიხსნა კათოლიკური საავადმყოფო „კაცთა მაცხოვარი“ და გამოიცემა კათოლიკეთა ორი ჟურნალი: „საბა“ და „დიალოგი“. ასევე შექმნილია ქართველ კათოლიკეთა საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი“.

დოქტრინა

კათოლიკური ბიბლია და თეოლოგია

კათოლიციზმი 
ბიბლიის გამოსახულება კათოლიკური ეკლესიის ვიტრაჟზე

კათოლიკური დოქტრინა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და ასახავს ძველი ქრისტიანების უშუალო სწავლებებს, ერეტიკული და მართლმადიდებლური სწავლებების ოფიციალურ განმარებებს, მსოფლიო კრებათა დადგენილებებს და სხვა თეოლოგიურ საკითხებს. ეკლესია მიიჩნევს, რომ იგი სულიწმინდის მადლითა და ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს. ამის გამო რომის კათოლიკე ეკლესიას აქვს არაერთი დოქტრინა, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება ხოლმე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება.

კათოლიკური სწავლებით, გამოცხადებებს აქვს ერთი საერთო წყარო: ღმერთი, და მას უნდა ვემსახუროთ ორი გზით: წმინდა წერილისა და წმინდა ტრადიციების დაცვით. წმინდა წერილი შედგება კათოლიკური ბიბლიის 73 წიგნისაგან, რომელიც თავის მხრივ შედგება ძველი აღთქმის 46 და ახალი აღთქმის 27 წერილისაგან. რაც შეეხება წმინდა ტრადიციებს, მიიჩნევა, რომ ეს არის იმ რიტუალებისა და ჩვეულებების ერთობლიობა, რომლებიც კათოლიკე ეკლესიამ უცვლელად შემოინახა მოციქულთა დროიდან. წმინდა წერილი და წმინდა ტრადიცია ერთად ქმნის ე.წ. Depositum fidei-ს (ლათინურიდან პირდაპირი თარგმანია „რწმენის დეპოზიტი“). მთელი კათოლიკური დოქტრინები შეჯამებულია კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოში, რომელიც წმინდა საყდრის მიერ თარგმნილი და გამოქვეყნებულია თითქმის ყველა ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

ღმერთის ბუნება — სამება

კათოლიციზმი 
1210-იან წლებში შექმნილი ლათინური მანუსკრიპტი, რომელიც ასახავს ღმერთის სამსახოვან ბუნებას

კათოლიკე ეკლესია მიიჩნევს, რომ არსებობს ერთი მარადიული ღმერთი, რომელიც არსებობს სამი ჰიპოსტატის, ანუ „პიროვნების“ პერიკორეზის სახით („ურთიერთ ბინადარი“): მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა, რომელთა საერთო სახელწოდებასაც წარმოადგენს წმინდა სამება.

კათოლიციზმი 
XVII საუკუნეში ჰენდრიკ ვან ბალენის მიერ შესრულებული „წმინდა სამება“

კათოლიკეებს სწამთ, რომ იესო ქრისტე არის სამების „მეორე პიროვნება“, ანუ ძე ღმერთი. იგი არის მხოლოდშობილი ძე მამა ღმერთისა და არაა მისი ქმნილება, რასაც მკაცრადაც უსვამენ ხაზს რწმენის აღიარებისას და ამბობენ: „...ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა“. ინკარნაციის სახელით ცნობილი მოვლენით, სულიწმინდის ძალით, ღმეთი გაერთიანდა ადამიანურ ბუნებასთან და ჩაისახა ქალწული მარიამის საშვილოსნოში. მაშასადამე, ქრისტე აღქმულია, როგორც სრულიად ღვთაებრივი მოვლენა ადამიანის სხეულში. ისწავლება, რომ ქრისტეს მისია დედამიწაზე მოიცავდა ადამიანებისათვის თავისი სწავლებების დატოვებასა და ღმერთზე მანამდე არსებული წარმოდგენების სწორად შეცვლას, მისი სწავლებები კი ბიბლიაშია წარმოდგენილი მისივე ოთხი მოციქულის სახარებების სახით. ითვლება, რომ იესომ დაუშვა თავისი ჯვარცმა და ამით მან საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად კაცობრიობისა და ღმერთის შერიგებისათვის. ეს შერიგება ცნობილია, როგორც პასქალური საიდუმლო. ამის გამო ქრისტე ქვეყნიერების ცოდვათა ამღებადაც ითვლება. ბერძნული ტერმინი „ქრისტე“ და ებრაული „მესია“, ორივე ნიშნავს „ცხებულს“, რაც გულისხმობს ქრისტიანულ რწმენას იმის თაობაზე, რომ იესოს სიკვდილი და შემდეგ აღდგომა არის ძველი აღთქმის მესიანური წინასწარმეტყველების ასრულება.

კათოლიციზმი დოგმატურად ასწავლის, რომ სულიწმინდა „მამისაგან და ძისაგან გამოვალს“ არა როგორც ორი სხვადასხვა, არამედ ერთი ღვთაებისაგან. მიიჩნევა, რომ მამა ღმერთი არის სულიწმინდის პირველი წარმოშობა, მაგრამ ვინაიდან იგი ასევე არის ძის მამა და ძესთან ერთად ერთადერთი პრინციპი, სულიწმინდა მისგანაც გამოდის. ეს რწმენა გამოხატულია ფილიოკვეს (ლათ. Filioque) პუნქტში, რომელიც 381 წლის ნიკეის საეკლესიო კრების დადგენილების საფუძველზე დაემატა ლათინურ მრწამსში, თუმცა მას არ აღიარებს აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესია.

კათოლიციზმი 
ეკლესიის ალეგორიული ნახატი. ეკლესია წარმოდგენილია ცენტრში, დიადემიანი ქალის სახით, რომელიც ჯაჭვებით (რომლებიც წმინდა საიდუმლოებების სიმბოლოა) აკავშირებს ერთმანეთთან ღმერთს, სასულიერო პირებსა უბრალო ადამიანებს

ეკლესიის ბუნება

კათოლიკური სწავლებით, რომის კათოლიკე ეკლესია არის „ერთი ჭეშმარიტი ეკლესია“, „კაცობრიობის ხსნის საყოველთაო საიდუმლო“ და „ერთი ჭეშმარიტი რელიგია“. კატეხეზების მიხედვით, როგორც ნიკეის სარწმუნოებაშია აღწერილი, კათოლიკე ეკლესია აღწერილია, როგორც „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. ისინი ერთობლივად ცნობილია, როგორც ეკლესიის ოთხი ნიშანი. სწავლების მიხედვით, კათოლიკური და ზოგადად ეკლესიის დამაარსებელი თავად იესო ქრისტეა. ახალ აღთქმაში აღწერილი რამდენიმე მოვლენა მიიჩნევა კათოლიკე ეკლესიის დამაარსებლად. მათ შორისაა ქრისტეს აღდგომა და ამაღლება, რის შემდეგაც ორმოცდაათ დღეში მოხდა სულთმოფენობის სასწაული, რის შედეგადაც მის მოციქულებს სხვადასხვა ენაზე საუბრის ნიჭი მიეცა და დაევალათ ქრისტეს ქადაგებების მთელ მსოფლიოში გავრცელება. სწორედ სულთმოფენობა მიიჩნევა კათოლიკე ეკლესიის დაარსების მოვლენად. კათოლიკური სწავლებით, ვინაიდან ქრისტემ წმინდა პეტრე დანიშნა მსოფლიო ეკლესიათა მეთაურად ხოლო რომის პაპი პეტრეს მემკვიდრეა, ყველა კათოლიკე ეპისკოპოსი და მღვდელიც მის მემკვიდრედ მოიაზრება, რადგანაც ისინი პირველი საუკუნიდან მოყოლებული ერთმანეთის მიერ არიან ხელდასმულნი.

კათოლიკური რწმენით, ეკლესია არის „იესოს უწყვეტი მემკვიდრეობა დედამიწაზე“ და მხოლოდ მას და მის წიაღში მყოფთ აქვთ გადარჩენის საშუალება. ქრისტეს ვნების (ტანჯვის) მეშვეობით, როდესაც იგი ჯვარს ეცვა და მოკვდა, გამოსყიდული იქნა კაცობრიობის მანამდელი ცოდვები და ადამიანები ღმერთს შეურიგდნენ, შესაბამისად, მხოლოდ მისი მორწმუნეები იქნებიან მიღებულნი ცათა სასუფეველში. ამრიგად, ღმერთთან შერიგების შემდეგ, იესოს სიტყვებისა და ქადაგებების მიხედვით ცხოვრების შემთხვევაში ინდივიდს შეუძლია სამოთხეში მოხვედრა. სწორედ ეკლესია და სასულიერო პირები მიიჩნევიან იმ მთავარ რგოლად, რომელიც ადამიანებს ეხმარება ამ გზის ქრისტიანულად გავლაში, წმინდა საიდუმლოებების შესრულებასა და გარდაცვალების შემდეგ მარადიული სასუფევლის დამკვიდრებაში. ეკლესია ასევე წირვა-ლოცვასა და ზიარებას განიხილავს, როგორც ქრისტეს მსხვერპლშეწირვით მიღწეულ მადლს, რითაც ამტკიცებს ადამიანთა ურთიერთობას ღმერთთან და ეხმარება მათ ცოდვების დაძლევაში.

საშინელი სამსჯავრო

კათოლიციზმი 
სტეფან ლოხნერის მიერ შესრულებული „საშინელი სამსჯავრო“, 1435 წელი.

კათოლიკური სწავლებით სიკვდილის შემდეგ ადამიანის მარადიული სული გამოეყოფა მის გარდაცვლილ სხეულს და წარსდგება საშინელ სამსჯავროზე ღმერთის წინაშე, სადაც მიიღებს კონკრეტულ და სამართლიან განაჩენს მისი ცოდვებისა და განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. თუმცა, საბოლოო და ყველაზე დიდი სამსჯავრო იქნება მეორედ მოსვლის შემდეგ, როდესაც ქრისტე დაჯდება მთელი კაცობრიობის საყოველთაო სამსჯავროზე. ეს იქნება საბოლოო განაჩენი და საშინელი სამსჯავრო, რითაც, კათოლიკური მოძღვრებით, დასრულდება კაცობრიობის ისტორია და დაიწყება ახალი და უკეთესი ცისა და მიწის ერთიანი ცხოვრება, რომელსაც თავად ღმერთი მართავს სამართლიანად.

სიკვდილის შემდეგ გამოტანილი განაჩენით, კათოლიკური რწმენით სული შეიძლება მოხვდეს შემდეგი სამი განზომილებიდან ერთ-ერთში:

  1. სამოთხე, ნათელი და ულამაზესი ადგილი, სადაც ხვდებიან კეთილი და მორწმუნე ადამიანები, ენიჭებათ მარადიული სიცოცხლე და ღვთის მადლი. აქ სული გადადის ღმერთის ღვთაებრივ ბუნებასთან დაუსრულებელ კავშირში, რომელშიც სული უსასრულო ნეტარებით უჭვრეტს უფალს;
  2. განსაწმენდელი, დროებითი განზომილება იმ სულთა ცოდვებისაგან განწმენდისათვის, რომელნიც განზრახულნი არიან სამოთხეში მოსახვედრად, თუმცა ბოლომდე არ არიან მოწყვეტილნი ცოდვას, შესაბამისად, სამოთხეში დაუყოვნებლივ შესვლა არ შეუძლიათ. განსაწმენდელში სული იტანჯება, იწმინდება და სრულყოფილდება. კათოლიკური რწმენით, განსაწმენდელში მყოფ სულებს სამოთხეში შესვლაში და ტანჯვის უფრო მალე დასრულებაში შეიძლება დაეხმაროს ცოცხალი ახლობლების ლოცვა და წმინდანთა შუამავლობა;
  3. კათოლიციზმი 
    „ქრისტე ჯოჯოხეთში“, შესრულებულია 1575 წელს უცნობი ავტორის მიერ
    ჯოჯოხეთი, ყველაზე ბნელი, მცხუნვარე და შემზარავი ადგილი, ეშმაკისა და დემონების სამყოფელი, სადაც გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდებიან იმ ადამიანთა სულები, რომლებიც აგრძელებდნენ ცხოვრებას მომაკვდინებელ ცოდვაში და ცოდვებს არ ინანიებდნენ. ჯოჯოხეთში მოხვედრა ღმერთთან სამუდამო განშორებას ნიშნავს. ეკლესიური სწავლებით, არავინაა ბოლომდე ჯოჯოხეთისათვის განწირული, თუ იგი ღიად არ გმობს ღმერთს, ან ცოდვებს არ ნანობს. მიუხედავად ამისა, ღვთის მიმტევებლური ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია აბსოლუტური დარწმუნებით ითქვას, თუ ვინ მოხვდება ჯოჯოხეთში. კათოლიციზმი გვასწავლის, რომ ღვთის წყალობით ადამიანს შეუძლია ცოდვები ნებისმიერ დროს მოინანიოს სიკვდილამდე, იპოვოს რწმენა და ამით მოიპოვოს ხსნა. კათოლიკური სწავლებისა და დოგმატის მიხედვით, მოუნათლავი ჩვილები და არაქრისტიანები, რომელთაც არ აქვთ მომაკვდინებელი ცოდვა, ხვდებიან ჯოჯოხეთის ყველაზე ზედა შრეში, რომელშიც გაურკვევლობაში არიან. ისინი არ იტანჯებიან, თუმცა ვერც სამოთხეში შედიან. სწორედ ამიტომ, სიკვდილის შემდეგ ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთის ზედა შრეში და გამოიხსნა მანამდე დაბადებული კეთილი ადამიანები;

მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური სწავლებით მხოლოდ ქრისტიანებს აქვთ ხსნის საშუალება, ის ასევე აღიარებს, რომ სულიწმინდას შეუძლია გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, რათა დააახლოვოს კათოლიციზმთან მისგან განცალკევებული ქრისტიანები და ასე მიიყვანოს ადამიანი ხსნამდე. სწავლების მიხედვით, ვინც გადარჩება, გადარჩება კათოლიკე ეკლესიის მეშვეობით, მაგრამ ადამიანის გადარჩენა ასევე შესაძლებელია ნათლობით, ევქარისტიითა და ნათლობამდელი მოწამეობით, რომელიც ცნობილია, როგორც სისხლით ნათლობა.

წმინდანები და ერთგულები

კათოლიციზმში, და ზოგადად, ქრისტიანობაში, წმინდანი არის ადამიანი, რომელიც აღიარებულია, როგორც განსაკუთრებული სიწმინდის ან ღმერთთან განსაკუთრებული სიახლოვის მქონე, ხოლო კანონიზაცია არის აქტი, რომლითაც ქრისტიანული ეკლესია აცხადებს, რომ გარდაცვლილი ადამიანი წმინდანია. ამის შემდეგ პიროვნება შედის აღიარებულ წმინდანთა „კანონში“, ანუ სიაში. პირველი ასეთი ადამიანები, რომლებიც წმინდანებად შეირაცხნენ, იყვნენ თავად ქრისტეს მოწაფეები. ვინაიდან თითქმის ყველა მათგანი მტანჯველი სიკვდილით აღესრულა, მათ აღსასრულთან დაკავშირებული გადმოცემები და ლეგენდები, ასევე მათთან დაკავშირებული სასწაულები, ქრისტესადმი მათი რწმენის დადასტურებად იქნა აღქმული. მეოთხე საუკუნეში გამოჩნდნენ „აღმსარებლები“, წმინდანები, რომელთაც ქრისტესადმი თავიანთი რწმენა და სიყვარული დაამტკიცეს არა მტანჯველი სიკვდილით, არამედ სიტყვითა და ცხოვრებით.

კათოლიკე ეკლესიაში, როგორც ლათინურ, ისე აღმოსავლეთის ეკლესიებში, კანონიზაცია მინდობილია წმინდა საყდრისათვის, მისი აქტი კი ხდება მხოლოდ ხანგრძლივი პროცესის დასასრულს, რომლის განმავლობაშიც უნდა წარდგინდეს უამრავი სანდო მტკიცებულება, რომ მოცემული პიროვნება ცხოვრობდა და გარდაიცვალა სამაგალითო წმინდა გზით, რათა ეკლესიამ იგი კანონიზაციის ღირსად სცნოს. ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარება პირდაპირ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი სიკვდილის შემდეგ პირდაპირ სამოთხეში მოხვდა, რომ ის საჯაროდ შეიძლება მოიხსენიონ და ასევე ოფიციალურად მოიხსენიონ საეკლესიო ლიტურგიისას, მათ შორის წმინდანთა ლიტანიაში. კანონიზაცია ნიშნავს წმინდანის საყოველთაოდ, მთელი კათოლიკე ეკლესიისათვის თაყვანისცემისა და ლიტურგიაში გამოყენების უფლებას, მხოლოდ ადგილობრივ სამრევლოში თაყვანისცემისთვის კი საჭიროა კურთხევის მიღება.

ღვთისმსახურება არის „ღვთისმოსავობის გარეგნული პრაქტიკა“, რომელიც არ არის კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური ნაწილი, მაგრამ არის კათოლიკეებში პოპულარული სულიერი პრაქტიკა. ეს მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკას წმინდანთა თაყვანისცემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აღმატებულია ღვთისმშობლის როლი. ერთგულთა სხვა პრაქტიკები მოიცავს წმინდა გამოსახულებების თაყვანისცემას, მომლოცველობას, კურთხეულ ზიარებას, ჯვრის პატივისცემას, ასევე იესოს, მისი სახისა და წმინდა გულის, ან წმინდანთა გამოსახულების მქონე სკულპტურების თაყვანისცემას.

დღეისათვის კათოლიკე ეკლესიას ასობით წმინდანი ჰყავს, თითქმის ყველა ეროვნებისა, ყველა ეპოქიდან, რომლებიც უწყვეტად იხსენიებიან ლოცვებსა და ლიტურგიებში, თუმცა ასევე არსებობენ უფრო აღმატებული და განსაკუთრებული დატვირთვის, ან სულაც მეტად ცნობილი და პოპულარული წმინდანებიც.

ქალწული მარიამი

კათოლიციზმი 
მარიამ ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ხატი შესრულებულია 1430 წელს, ფრა ანჯელიკოს მიერ.

კათოლიციზმში არსებობს მარიოლოგიის სახელით ცნობილი განხრა, რომელიც მთლიანად მარიამ ღთისმშობლის შესახებ არსებულ სწავლებებსა და მოძღვრებებს ეხება, ისევე, როგორც მორწმუნეთა მხრიდან მის მიმართ თაყვანისცემის წესებს. მარიამს სრულიად ქრისტიანულ სამყაროში უკავია დიდი ადგილი და მას ღვთისმშობელს (ბერძ. Θεοτόκος, პირდაპირი თარგმანია „ღვთის მატარებელი“) უწოდებენ. აგრეთვე, კათოლიკურ მრწამსში დოგმატურად ითვლება წმინდა მარიამი მარადქალწულად. შემდეგ საუკუნეებში მასთან დაკავშირებული სწავლებები უფრო გაღრმავდა და დაემატა მისი უბიწოდ ჩასახვის დოგმაც. აღსანიშნავია, რომ მარიოლოგიური დოგმატების დამატების შემდეგ პაპმა ეპისკოპოსებს კონსულტაციაც გაუწია, რათა მსოფლიოში სწორად ექადაგათ კათოლიკური მრწამსი. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის კათოლიკეები მარიამის ხორციელად ამაღლებას აღიარებენ, აღმოსავლეთის კათოლიკეები დღემდე აღნიშნავენ მისი მიძინების დღეს. ლათინური წესის კათოლიკეები, რომლებიც მარიამის ხორციელად ამაღლებას აღიარებენ თავიანთ მრწამსს წმინდა იოანე დამასკელის წერილს აყრდნობენ, რომელიც წერდა:

კათოლიციზმი 
„წმინდა იუვენალმა, იერუსალიმის ეპისკოპოსმა, ქალკედონის კრებაზე (451 წ.) იმპერატორ მარკიანესა და დედოფალ პულხერიას, რომელთაც წმინდა მარიამის ცხედრის დაპატრონება სურდათ, აცნობა, რომ მარიამი მოციქულთა გარემოცვაში გარდაიცვალა, მაგრამ როდესაც წმინდა თომას თხოვნით მისი საფლავი გახსნეს, ცარიელი დახვდათ, რითაც მოციქულებმა დაასკვნეს, რომ ღვთისმშობლის ცხედარი ზეცად ამაღლდა“

ქალწულ მარიამისადმი თაყვანისცემა და ერთგულება კათოლიკური ღვთისმოსაობის ნაწილად მიიჩნევა, მაგრამ, ცხადია, განსხვავდება ღმერთის თაყვანისცემისაგან. პრაქტიკაში შედის არა მხოლოდ მისდამი მიძღვნილი სავარდის და სავედრებელი ლოცვები, არამედ ასევე მარიანული ხელოვნება, მუსიკა და არქიტექტურა. საეკლესიო წლის განმავლობაში აღინიშნება რამდენიმე მარიანული დღესასწაული და ღვთისმშობელს პატივს მრავალი აღმატებული წოდებით მიაგებენ, მაგალითად ხშირად უწოდებენ ზეცის დედოფალს. რომის პაპმა პავლე VI-მ მას ეკლესიის დედაც უწოდა, რადგან ქრისტეს შობით იგი თითოეულ ქრისტიანს სულიერ დედად მოევლინა. იესოს ცხოვრებაში არსებული მარიამის უდიდესი როლის გამო, არაერთი ლოცვა და საღვთისმსახურო რიტუალი ეძღვნება მას, რაც ჩვეულებრივი კათოლიკური პრაქტიკაა. განსაკუთრებით პოპულარულია იგი ისეთ პროვინციებში, სადაც ადგილობრივ ქრისტიანებს მარიამ ღვთისმშობელი თავად გამოეცხადა. ასეთ ადგილებს წარმოადგენს ლურდი საფრანგეთში, ფატიმა პორტუგალიაში და გვადალუპე მექსიკაში. აღსანიშნავია, რომ ხშირად მას მოიხსენიებენ სწორედ ამ სახელების საშუალებითაც, როგორიცაა „გვადალუპეს ღვთისმშობელი“ (ეს განსაკუთრებით პოპულარულია ლათინურ ამერიკაში), ასევე „ფატიმას ღვთისმშობელი“ და ა.შ. დღეისათვის იმ ადგილებში, სადაც გამოცხადება მოხდა, ქალწულ მარიამის დიდი ტაძრები და სამკურნალო ცენტრებია გაშენებული, რომელთაც ყოველწლიურად მილიონობით ქრისტიანი სტუმრობს.

ოთხი დოგმატი

საუკუნეების განმავლობაში კათოლიციზმმა გამოიმუშავა ოთხი მთავარი დოგმატი, რომლებზეცაა დაფუძნებული კათოლიკური სწავლება. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ეს დოგმატები იქცა შემდეგში მართლმადიდებლებთან წარმოშობილი უთანხმოების მთავარ მიზეზად. ამრიგად, რომის კათოლიკე ეკლესიას აქვს ოთხი მთავარი დოგმატი: 1. ფილიოკვე, 2. პაპის უცდომელობა და კიდევ ორი მარიოლოგიური დოგმატი, რომელიც ეხება ღვთისმშობელ მარიამის უბიწოდ ჩასახვასა და ამაღლებას.

ფილიოკვე

კათოლიციზმი 
ფილიოკვე

ტერმინი ფილიოკვე წარმომდგარია ლათინური Filioque-სგან და ითარგმნება, როგორც „და ძისაგან“. იგი 431 წლის ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით დაემატა რწმენის სიმბოლოს მერვე მუხლში, რის შემდეგაც დადგინდა, რომ სულიწმინდა გამოდის „მამისაგან და ძისაგან“, არა მხოლოდ მამისაგან, როგორც ეს მანამდე იყო აღიარებული და როგორც დღესაცაა მართლმადიდებლობაში. აღსანიშნავია, რომ ფილიოკვე პირველად ტერტუნილესთან გვხვდება II-III საუკუნეებში, მის შემდეგ კი მას ვხვდებით არაერთ წმინდა მამასთანაც, როგორც ლათინურენოვნებთან, ისე ბერძნულენოვნებთან, მაგალითად: ნეტარი ავგუსტინე, წმ. ათანასე ალექსანდრიელი, მაქსიმე აღმსარებელი, კირილე ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი და ა.შ. 589 წლის ტოლედოს საეკლესიო კრებით ფილიოკვე დამკვიდრდა ესპანეთისა და საფრანგეთის საეკლესიო ლიტურგიებში, 1000 წელს კი იგი თავად რომის პაპმაც აღიარა და ჩართო თავის ლიტურგიაში, რის შემდეგაც დამკვიდრდა იგი სრულიად დასავლეთის ეკლესიებში.

კათოლიკეები ფილიოკვეს წარმოშობას ბიბლიას, კერძოდ კი იოანეს სახარებას უკავშირებენ, რომელშიც ქრისტე სულიწმინდის მოვლინებას გვპირდება და ამბობს „ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ“. ფილიოკვეს მომხრეთა განმარტებით, სამების ურთიერთობაში ერთი პირი მეორისაგან ვერაფერს მიიღებს, თუ მისგან არაა გამოსული. ქრისტე რომ წუთისოფელს მოევლინა, მამის ნაცვლად მოევლინა. მან რომ ჩვენ სული მოგვცეს, თვითონ უნდა გაიღოს. მათი თქმით, წმ. სულს ახალ აღთქმაში ამის გამო ეწოდება „ქრისტეს სული“ და „ძის სული“. ამ და ზოგი სხვა გამონათქვამის საფუძველზე მოგვიანებით, ყველაზე მკვეთრად თომა აქვინელის მიერ, ჩამოყალიბდა დოგმატი სულიწმიდის ჰიპოსტასურად (არსობრივავად) არა მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც გამომავალობისა.

პაპის უცდომელობა

1870 წელს ვატიკანის საეკლესიო კრებამ შემოიღო პაპის უცდომელობის დოგმატი. იგი ხშირად ერევათ პაპის უცოდველობაში, თუმცა პაპის უცდომელობა ნიშნავს, რომ რომის პაპი, როგორც წმინდა პეტრეს მემკვიდრე და ქრისტეს ეკლესიის საჭეთმპყრობელი შეუძლებელია ცდებოდეს, ანუ უცდომელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ეკლესიის სახელით დოგმატებსა და მორალის საკითხებზე ქადაგებს სამქადაგებლო კათედრიდან. კათოლიკური ეკლესიის თეორეტიკოსები ამ დოგმატის საფუძვლად როგორც საღვთო წერილს და საღვთო გადმოცემას, ისე წარსულის გამოცდილებას და მემკვიდრეობას ასახელებენ, რადგან პაპი მოციქულთა თავის, პეტრეს მოსაყდრეა, ითვლება, რომ სწორედ მასზე გადავიდა ის უფლებამოსილება, რითაც მაცხოვარმა პეტრე ― „სარწმუნოების კლდე“ ― აღჭურვა. ლაპარაკია „შეკვრისა და გახსნის“ უფლებაზე, რაც მსოფლიო ეკლესიის მართვა-გამგებლობის სადავეთა ერთი პირის, კერძოდ ― პეტრეს მემკვიდრეთა ხელში მოქცევის აუცილებლობის დამოწმებადაა აღქმული. რაც შეეხება ისტორიულ ასპექტებს, ყურადღება იმ ფაქტების გარშემო მახვილდება, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებების კურთხევა და განჩინებათა დამტკიცება პაპის პრეროგატივა იყო.

კათოლიციზმი 
მარადქალწულ ღვთისმშობელ მარიამის ამაღლება და კორონაცია, შესრულებულია 1645 წელს დიეგო ველასკესის მიერ, ინახება პრადოს მუზეუმში, ესპანეთში.

უცდომელობის დოგმატი არის იმ რწმენისა და თეორიის გაფართოება და მაღალ რეგისტრში წარმოჩენა, რომელსაც დასავლეთის ეკლესიაში ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. ესაა პაპის პირველობის ანუ პრიმატის, მისი უფროსობის, დანარჩენ პატრიარქებზე თანამდებობრივად აღმატებულობის, ყველა ქრისტიანის, ყველა ეკლესიის გამაერთიანებლის რწმენა. ამ რწმენის გამო რომის პაპი, ძველი რომაული ტრადიციით, პონტიფექსად (ხიდის მშენებლად) იწოდებოდა და იწოდება.

ორი მარიოლოგიური დოგმატი

კათოლიციზმში ასევე არსებობს ორი მარიოლოგიური დოგმატი, რომლებიც ეხება ყოვლადქალწული ღვთისმშობელი მარიამის უბიწოდ ჩასახვასა და მის ამაღლებას.

კათოლიკე ეკლესია აღიარებს არა მხოლოდ თავად ქალწულ მარიამში სულიწმინდის ძალით ქრისტეს უბიწოდ ჩასახვას, არამედ თავად მარიამის უბიწოდ ჩასახვასაც იოაკიმისა და ანასაგან. მანამდე არსებული ეს რწმენა რომის პაპმა პიუს IX-მ 1854 წელს დოგმატად გამოაცხადა და ჩამოაყალიბა, 8 დეკემბერი კი მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულად გამოაცხადა. კათოლიკური რწმენით იესომ პირველცოდვა უბიწოდ ჩასახვის გზით აღხოცა. ამაზე დაყრდნობით, მარიოლოგიური დოგმატი ამბობს, რომ იესოს ასეთი უბიწოებისათვის ასევე საჭირო იყო მისი სრულიად უბიწო სხეულში ჩასახვა, რის გამოც ღვთისმშობელი მარიამის ყოვლითურთ უბიწო უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა ჯერ მიდგომა, შემდეგ კი დოგმატი, რომ მარიამს პირველცოდვა არ მიჰკარებია და იგი საშოში ჩასახვის წამიდანვე უფალმა წმინდა ჰყო.

1950 წელს პაპმა პიუს XII-მ შემოიღო მეორე მარიოლოგიური დოგმატი მარიამ ღვთისმშობლის ხორციელად ზეცად ამაღლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამის რწმენა მართლმადიდებლობაშიც არსებობს, თუმცა არა დოგმატის სახით. ამ დოგმატის მიხედვით, ღვთისმშობელს, როგორც პირველქმნილი ცოდვის საერთო კანონიდან გამონაკლისს, ჩასახვისთანავე მიეცა ზებუნებრივი ნიჭები, რომლებიც ცოდვით დაცემამდე ჰქონდათ პირველმშობლებს: სიმართლე და უკვდავება. ასე რომ, ღვთისმშობელი არ უნდა დაქვემდებარებოდა სხეულით სიკვდილის კანონს. და, თუ იგი მაინც აღსრულდა, რომაელ ღვთისმეტყველთა მსჯელობით, მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავისი ძის მსგავსად, სიკვდილი კეთილნებობით მიიღო. მაგრამ სიკვდილმა მასზე ვერ იბატონა და იგი ხორციელად ამაღლდა ზეცად.

საეკლესიო საიდუმლონი

კათოლიციზმი 
„შვიდი საიდუმლო“, შესრულებულია როგირ ვან დერ ვეიდენის მიერ, 1448 წელს.

კათოლიკური სწავლებით ეკლესიას სულ შვიდი საიდუმლო აქვს, რომლებიც თავად ქრისტემ დააწესა. საიდუმლოთა რაოდენობა და ბუნება საბოლოოდ საეკლესიო კრებებით განისაზღვრა, რომელთაგან უმთავრესი ტრიენტის კრება იყო. ამრიგად, კათოლიკე ეკლესიას აქვს სულ შვიდი საიდუმლო: ნათლობა, კონფირმაცია, ევქარისტია, სინანული, სნეულთა ცხება (იგი მიეკუთვნება „უკანასკნელი წეს-ჩვეულებების“ რიგს), მღვდლობა და წმინდა ქორწინება. საიდუმლოებები გამოხატულია თვალსაჩინო რიტუალებით, რომელთაც კათოლიკეები თავად აღასრულებენ და აღიქვამენ, როგორც ღმერთთან დამაკავშირებელ ქმედებებს, რომელთა მეშვეობითაც ღვთის მადლი გადადის მათზე. კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო საიდუმლოებებს სამ ჯგუფად ჰყოფს: ინიციაციურ, განმკურნებელ და აღსასრულებელ საიდუმლოებებად. ეს ჯგუფები თავის მხრივ ადამიანის ბუნებრივი და სულიერი ცხოვრების ეტაპებს ასახავენ, რომლებიც უნდა გაიაროს ადამიანმა თუ აპირებს კათოლიკური მრწამსით ცხოვრებას.

საიდუმლოთა ლიტურგიები ეკლესიის მისიაში ერთიანია, შემდეგი კატეხეზის მიხედვით:

კათოლიციზმი 
„ახალი აღთქმის ლიტურგიაში, ყოველი ლიტურგიული მოქმედება, განსაკუთრებით კი ევქარისტიისა და სხვა საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულება, არის ქრისტესა და ეკლესიის შეხვედრა. სალიტურგიო კრებული თავის ერთიანობას იღებს „სულის წმინდის ზიარებისგან“, რომელიც აერთიანებს ღვთის შვილებს ქრისტეს ერთადერთ სხეულში. ეს ჭარბობს ყველა კაცობრივ სიახლოვეს: რასობრივს, კულტურულსა და სოციალურს.“

საეკლესიო დოქტრინის თანახმად, საეკლესიო საიდუმლოებები მოითხოვს სათანადო ფორმას, მატერიას და განსაზღვრას, რათა მართებულად აღესრულოს. გარდა ამისა, კანონიკური სამართალი, როგორც ლათინური, ისე აღმოსავლეთის ეკლესიათათვის, არეგულირებს თუ ვის შეუძლია აღასრულოს გარკვეული საიდუმლოებები და ასევე მკაცრად განსაზღვრავს იმას, თუ ვინ შეიძლება ეზიაროს ამ საიდუმლოებებს. მათ, ვინც იმყოფებიან მომაკვდინებელ ცოდვაში, ეკრძალებათ ზიარების მიღება მანამ, სანამ ამ ცოდვისაგან არ გათავისუფლდებიან. ზიარება ასევე ეკრძალებათ სხვა რელიგიებისა თუ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც არ იმყოფებიან თანაზიარებაში კათოლიკე ეკლესიასთან. ამასთან, კათოლიკეებს ზიარების მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე მაინც მოეთხოვებათ საკვების მიღებისაგან თავის შეკავება.

კათოლიკეებს, თუნდაც სიკვდილთან ძალიან ახლოს მყოფებს, არ შეუძლიათ ზიარება, ახსარება და სხვა წმინდა საიდუმლოებების შესრულება არაკათოლიკე ღვთისმსახურთან, მაგალითად პროტესტანტ მღვდლთან. ანალოგიურად, კათოლიკე ღვთისმსახურებს ეკრძალებათ საიდუმლოებების აღსრულება მათთვის, ვინც კათოლიკე არაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთის კათოლიკეები, რომლებიც თანაზიარებაში მართლმადიდებლებთანაც არიან, გამოუვალი და რთული სიტუაციებისას საიდუმლოებებს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვისაც ასრულებენ ხოლმე.

ინიციაციური საიდუმლოებები

ნათლობა

კათოლიციზმი 
იესო ქრისტეს ნათლობა მდინარე იორდანეში, შესრულებულია 1895 წელს ხოსე ფერარ დე ალმეიდა უმცროსის მიერ.

კათოლიკე ეკლესიის გადმოსახედიდან, ნათლობა სამი ინიციაციური საიდუმლოდან უპირველესია. როგორც პირველსაწყისი, იგი ადამიანის ყველა მანამდელ ცოდვას შლის და აქცევს ქრისტიანად. როგორც ღვთის ერთგვარი უსასყიდლო ძღვენი, ადამიანს ნათლობა მონათვლამდელი ცოდვებისაგან ათავისუფლებს და ეს ეხება ახალშობილ ბავშვებსაც კი, რომელთაც, მართალია არ აქვთ ჩადენილი ცოდვები, მაგრამ მაინც არ არიან თავისუფალნი პირველქმნილი ცოდვისაგან. თუ ახალშობილს სიკვდილის საფრთხე ემუქრება და ფიზიკურად შეუძლებელია მღვდლის პოვნა, ეკლესია ნებას რთავს ექიმს, მედდას თუ ოჯახის წევრს, რომ ბავშვი მაშინვე მონათლოს. ნათლის მიღება ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეუძლია და კათოლიციზმი არ აღიარებს მეორე ნათლობას, მათთვისაც კი, ვინც კათოლიციზმზე სხვა ქრისტიანული დომინაციებიდან გადადიან ხოლმე, რადგან „ვიღებ ერთსა ნათელს“ ერთგვარი დოგმასავითაა დამკვიდრებული. აღსანიშნავია, რომ აქედან გამომდინარე, კათოლიკე ეკლესია აღიარებს როგორც მართლმადიდებლურ, ისე პროტესტანტულ ნათლობას. კათოლიკე ეკლესია ასევე აღიარებს იმ ნათლობას, რომელიც ჩატარებულია იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც არ არიან კათოლიკეები, ან სულაც ქრისტიანები, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი აპირირებენ თავადაც გაქრისტიანდნენ და რიტუალს ყოველივე წესის დაცვით ატარებენ, რადგან ეკლესია ამბობს: „აკეთონ ის, რასაც აკეთებს ეკლესია, როცა ნათლავს“.

კონფირმაცია

ნათლობისას სულიწმინდისაგან ადამიანზე გადასული მადლის ბოლომდე მისაღებად კათოლიკე ეკლესია კონფირმაციას, ანუ რწმენის აღიარებას საჭიროდ მიიჩნევს. კათოლიკეებში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ მონათლულ ადამიანს კონფირმაცია ევალება, თუმცა თუ მონათლული პირი ჩვილია ან მცირეწლოვანია, მაშინ უკვე განსხვავებული მიდგომებია. აღმოსავლეთის კათოლიკეებში კონფირმაცია მონათვლის შემდეგ ევალებათ პატარებსაც, თუმცა ლათინური წესის კათოლიკეებში მცირეწლოვნებს ეს არ მოეთხოვებათ. უმეტესად ეს ასაკი 6-10 წლამდე მერყეობს, რასაც თავად ადგილობრივი მღვდელი ან ეპისკოპოსი განსაზღვრავს, ბავშვის მზაობის მიხედვით. შესაბამისად, კონფირმაციამდე კათოლიკეები არ აზიარებენ, მხოლოდ ნათლობის შემდგომი რწმენის აღიარების შემდეგ იღებს კათოლიკე ქრისტიანი ზიარებას და ამით აძლიერებს მასზე გადასულ მადლს. აღმოსავლეთის კათოლიკეები ამას მირონცხებას უწოდებენ, რადგან რიტუალი სრულდება სწორედ მონათლული ადამიანისათვის მირონის, ანუ წმინდა წყლის ცხებით. კათოლიციზმში კონფირმაცია ნიშნავს, რომ ადამიანი გონივრულად აცნობიერებს საიდუმლოთა მადლსა და ქრისტიანობის არსს, რომ იგი სინანულის საიდუმლოთი განწმენდილია და მზადაა იცხოვროს, როგორც ქრისტიანმა.

ევქარისტია

კათოლიციზმი 
ევქარისტიული რიტუალი კათოლიკური წირვისას

კათოლიკეებისათვის ევქარისტია ის საიდუმლოა, რომელიც ასრულებს ინიციაციას. იგი იწოდება, როგორც „ქრისტიანული ცხოვრების წყარო და მწვერვალი“. ცერემონია, რომლის დროსაც კათოლიკე პირველად იღებს ევქარისტიას, ეწოდება პირველი ზიარება და მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

ევქარისტიული დღესასწაული, რომელსაც ასევე უწოდებენ წირვასა და საღვთო ლიტურგიას, მოიცავს ლოცვებსა და წმინდა წერილის კითხვას, ასევე პურისა და ღვინის შესაწირავს, რომლებიც განთავსებულია საკურთხეველზე და მღვდელი აკურთხებს, რათა იქცეს ქრისტეს ხორცად და სისხლად. მღვდელი ამ დროს ერთგვარად იმეორებს იესოს მიერ საიდუმლო სერობაზე წარმოთქმულ სიტყვებს, როდესაც, ჯვარცმის წინა ღამეს მან მოციქულები აზიარა თავის სისხლსა და ხორცს. ზიარება ერთგვარი გაგრძელება, გახსენება და წარმოჩენაა იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისა. კათოლიკური ხედვით, ზიარების მეშვეობით ღვთიური მადლი გადადის მორწმუნე ქრისტიანებზე, ათავისუფლებს მათ ცოდვებისაგან და ეხმარება მორალურ ცოდვებთან ბრძოლაში, თუმცა მოკვდავებს მაინც მიეტევებათ ცოდვები სინანულის საიდუმლოს მეშვეობითაც.

განმკურნებელი საიდუმლოებები

კათოლიკური მოძღვრება განმკურნებელ საიდუმლოებებში აერთიანებს სინანულის საიდუმლოსა და სნეულთა ცხებას.

სინანული

კათოლიციზმი 
ბერძნული რიტის კათოლიკე მორწმუნე აღსარებას აბარებს მღვდელს, ლვოვი, უკრაინა.

სინანულის საიდუმლო (ასევე ეწოდება შერიგება, მიტევება, აღსარება და მოქცევა), გამოხატავს ქცევას იმ ქრისტიანისა, რომელიც ნათლობის შემდეგ ქრისტეს ცოდვით განშორდა. ამ საიდუმლოს აღსასრულებლად საჭიროა თავად ადამიანის სურვილი და სინანულის განცდა ჩადენილის გამო, შემდეგ მოძღვართან აღსარების ჩაბარება და მონანიება, ამის შემდეგ კი ზიარება, რაც მორწმუნეს ცოდვისაგან განწმენდს. კათოლიკური ხედვით, მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვები ქრისტიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოინანიოს, ხოლო ყოველი ზიარების წინ ასევე სასურველია მღვდელთან მისვლა და აღსარების თქმა. თავის მხრივ, მღვდლებს უმძიმესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან არ აქვთ უფლება გათქვან აღსარებისას მოსმენილი ცოდვები, რაც თავის მხრივ ადამიანს ეხმარება თავი დაცულად იგრძნოს და მღვდელს ყველაფერი უამბოს.

სნეულთა ცხება

კათოლიციზმი 
სნეულის ცხება, შესრულებულია როგირ ვან დერ ვეიდენის მიერ

მიუხედავად იმისა, რომ მირონს კათოლიკეები მხოლოდ სამი საიდუმლოს აღსასრულებლად იყენებენ, სასულიერო პირები სხვა წმინდა ზეთებს იყენებენ იმ კათოლიკეს დასალოცად, რომელსაც სნეულების ან სიბერის გამო სიკვდილი ემუქრება. ითვლება, რომ ამ საიდუმლოს აღსრულება, რომელიც ცნობილია, როგორც სნეულთა ცხება, ადამიანს აძლევს ნუგეშს, სიმშვიდესა და მხნეობას, ხოლო თუ მას ახსარების თქმა ფიზიკურად აღარ შეუძლია, ცოდვების მიტევებასაც კი.

აღნიშნული საიდუმლო მიეკუთვნება ზიარების საიდუმლოს, რომელსაც სამი სახე აქვს: სინანულისა და აღსარების შემდგომი ზიარება, ევქარისტიული ზიარება და სნეულთა ცხება, ანუ სიკვდილის წინა ზიარება. აღსანიშნავია, რომ სნეულთა ცხება შეუძლიათ მხოლოდ კეთოლიკე მღვდლებსა და ეპისკოპოსებს.

აღსასრულებელი საიდუმლოებები

კათოლიკური კატეხიზმოს მიხედვით, არსებობს კიდევ ორი საეკლესიო საიდუმლოება: მღვდლობა და ქორწინება, რომელიც მიმართულია კათოლიკეთა ცხონებისაკენ. როგორც კატეხიზმო განმარტავს, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, რადგან ხელს უწყობენ როგორც საეკლესიო მისიის, ისე წმინდა ოჯახთა შექმნის გზით „საღვთო ერის აშენებას“.

კათოლიციზმი 
ეპისკოპოს ჯუზეპე პაზატოს მიერ ქართველი დიაკვნის მღვდლად ხელდასმის ცერემონია, ღვთისმშობლის სავარდის სახელობის ტაძარი, ახალციხე, საქართველო, 2021 წელი.
მღვდლობა

მღვდლობა კათოლიციზმში ერთ-ერთი უდიდესი და რთულად შესასრულებელი საიდუმლოა და სანამ მღვდელი გახდება, მორწმუნემ დიდი გზა უნდა გაიაროს. გარდა ნათლობის, კონფირმაციისა და ევქარისტიისა, რაც მას კათოლიკედ აქცევს, მღვდელს მიღებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი თეოლოგიური განათლება და დიაკვნად მსახურების გამოცდილება, რის შემდეგაც მას ჩაუტარდება მღვდლად ხელდასმის რიტუალი სხვა, უკვე მოქმედი მღვდლებისა და ეპისკოპოსებისაგან. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი და პროტესტანტი ეკლესიებისაგან განსხვავებით, კათოლიკე ეკლესია მღვდლებს ქორწინებისა და შვილების ყოლის უფლებას არ აძლევს. როგორც კათოლიკური კატეხიზმო განმარტავს:

კათოლიციზმი 
„მღვდელობა საეკლესიო საიდუმლოებაა, რომლის წყალობითაც ქრისტეს მიერ მის მოწაფეთათვის მინდობილი მისია გრძელდება ეკლესიაში ჟამთასვლის დასრულებამდე: ეს, მაშასადამე, სამოციქულო მსახურების საკრამენტია. იგი შეიცავს სამ ხარისხს: ეპისკოპოსი, პრესვიტერი და დიაკონი (კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 1535:337).“

ქორწინება

კათოლიციზმი 
ქართველი კათოლიკე წყვილის ჯვრისწერა თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ეკლესიაში

კათოლიკური სწავლებით, ქორწინება არის სოციალური და სულიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, რომლებიც მოვალენი არიან ერთმანეთს უერთგულონ, დაეხმარონ, იმოქმედონ ერთმანეთის სასიკეთოდ და გამრავლებისათვის შვილები გააჩინონ. სექსუალური მორალის შესახებ კათოლიკური სწავლების თანახმად, სწორედ ქორწინებაა ერთადერთი მდგომარეობა, როდესაც სექსუალური აქტი ცოდვა არაა. კათოლიკური ქორწინება, ან ქორწინება, რომელიც ჩატარებულია ნებისმიერი ქრისტიანული კონფესიის პირობებში, მიიჩნევა საიდუმლოდ. საკრამენტული ქორწინება არ შეიძლება გაიხლიჩოს, შესაბამისად, კათოლიციზმი არ სცნობს განქორწინებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სიკვდილი ერევა საქმეში. ამას გარდა, ეკლესია ანულაციის ნებასაც იძლევა გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად მაშინ, თუ ქორწინება კონსუმირებული არაა. ამასთან, ეკლესია ადგენს კონკრეტულ წესებსა და ნორმებს, რომლებიც ცნობილია, როგორც კანონიკური ფორმა, რომელიც კათოლიკეებმა უნდა დაიცვან.

როგორც უკვე აღინიშნა, კათოლიკე ეკლესია არ სცნობს განქორწინებას, როგორც მოქმედი ქორწინების დასრულებას, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ განქორწინების ფორმებს მაინც უშვებს, როდესაც ეს ერთ-ერთი მეუღლისა და მათი შვილების კეთილდღეობასა და სიცოცხლის უზრუნველყოფას ეხება. ამასთან ერთად, კომპეტენტური საეკლესიო ტრიბუნალის მიერ ცალკეული შემთხვევების განხილვისას შეიძლება მოხდეს ქორწინების ბათილად ცნობა. ეკლესიის მხრიდან განქორწინების შემდეგ ხელმეორედ ქორწინება იკრძალება, თუ პირველი ქორწინება ბათილად არაა ცნობილი.

კათოლიკური ლიტურგია

კათოლიციზმი 
კათოლიკური რელიგიური ნივთები: ბიბლია, ჯვარცმა და სავარდი

კათოლიკე ეკლესია 24 ავტონომიურ ეკლესიას აერთიანებს, რომელთა შორისაც მრავალი ლიტურგიული და ტრადიციული განსხვავება არსებობს, რაც ასახავს მათ განსხვავებულობასა და მრავალფეროვნებას ისტორიული და კულტურული მხრივ, თუმცა რწმენა ერთია. აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიების კანონთა კოდექსის მიხედვით: „რიტუალი არის ცალკეული ხალხის ლიტურგიკული, საღვთისმეტყველო, სულიერი და დისციპლინური მემკვიდრეობა, რომელიც გამოიხატება რწმენაში საკუთარი ცხოვრების წესით ყოველ ავტონომიურ ეკლესიაში“.

ევქარისტიული საიდუმლოს ლიტურგია, რომელიც გარკვეულწილად განსხვავდება დასავლურ და აღმოსავლურ წესში, მაინც მთავარ კათოლიკურ ლიტურგიად რჩება, რადგან იგი აღქმულია, როგორც ქრისტეს შესაწირავი. მისი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ფორმაა რომაული წესი, რომელიც დაამკვიდრა 1969 წელს პაპმა პავლე VI-მ და 2002 წელს გადახედა იოანე პავლე II-მ. აღსანიშნავია, რომ რომაული წესის ზიარება ჯერ კიდევ 1962 წლიდან იყო გავრცელებული ეკლესიაში. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიებს საკუთარი რიტუალები აქვთ.

დასავლური წესი

კათოლიციზმი 
ევქარისტიული საიდუმლოს აღსრულების რიტუალი დასავლური წესის ტრიდენტული წირვისას

დასავლური, ანუ რომაული წესის ლათინური ლიტურგია არის კათოლიციზმში ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული და აღსრულებადი წესი. მიუხედავად იმისა, რომ იგი რომში წარმოიშვა და თავიდან მხოლოდ ევროპაში იყო გავრცელებული, იგი დღეისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება. წირვის ამჟამინდელი ჩვეულებრივი ფორმა 1969 წელს იქნა დამკვიდრებული და ამის შემდეგ წირვა აღესრულება არა მხოლოდ ლათინურ, არამედ ადგილობრივ ენებზეც. ლათინური წესის ლიტურგიული ზესი შემდეგი ქრონოლოგიით აღევლინება: შესავალი რიტუალები (შემოსვლის პროცესია, საკურთხევლის მისალმება, პენიტენციალური აქტი, საგალობელი „უფალო შეგვიწყალენ“ (ბერძ. Kyrie Eleison), „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა“ (ლათ. Gloria in excelsis Deo) და შეჯამება), სიტყვისმიერი ლიტურგია (საკითხავები წმინდა წერილიდან, საპასუხო ფსალმუნი, რწმენის აღიარება და ერთგულთა ლოცვა), ევქარისტული ლიტურგია (ღვინისა და პურის მომზადება, ლოცვა შესაწირავზე, ევქარისტიული ლოცვა, ზიარების რიტუალი: მამაო ჩვენო, მშვიდობის მისალმება, ფრაქცია და ზიარების მიღება) და შემაჯამებელი სიტყვა (ლათ. Ite, missa est!).

2007 წელს პაპმა ბენედიქტე XVI-მ დაადასტურა 1962 წელს შემოსული რომაული წირვის წესის, როგორც „არაჩვეულებრივი ფორმის“ (ლათ. Forma extraordinaria) არსებობის კანონიერება. ამის შემდეგ დასავლურ წესში დამკვიდრდა ორი ტიპის: ძველი და ახალი ლიტურგია, ორივე ფორმის გამოყენება პაპმა დაამტკიცა, როგორც ჩვეულებრივი (ლათ. Forma ordinaria) და არაჩვეულებრივი (ლათ. Forma extraordinaria) ფორმები.

1962 წელს შემოსული წირვის წესი ვატიკანის მეორე კრების ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა და იყო პირველი ცვლილება 1570 წელს პაპ პიუს V-ის მიერ ტრიესტის კრებაზე შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რის გამოც მას ტრიდენტული მესა ეწოდა. პაპ პიუს V-ის მიერ შეტანილი ცვლილებები მოგვიანებით გადაიხედა 1604 წელს პაპ კლემენტ VIII-ის, 1634 წელს ურბან VIII-ის, 1911 წელს პიუს X-ის, 1955 წელს პიუს XII-ის და 1962 წელს პაპ იოანე XXIII-ის მიერ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ტიპის რომაული წირვის წესი არ შეცვლილა 1962 წლამდე, რომელიც ოფიციალურად გამოაქვეყნა 1969 წელს პაპმა პავლე VI-მ. მისი დადგენილებით, მისი გამოყენება დაშვებულ იქნა საჯარო წირვებზეც, პაპმა ბენედიქტემ კი გაკეთა დაშვება, რომ აღვლენილიყო ადგილობრივ ენებზეც. ეს ნებართვები დიდწილად პაპმა ფრანცისკემ 2021 წელს გააუქმა თავისი დადგენილებით motu proprio Traditiones custodes, რომელშიც პაპ პავლე VI-ისა და იოანე პავლე II-ის მსგავსად, უპირატესობას ჩვეულებრივ წირვას ანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ მილანის არქიეპარქიაში, სადაც დაახლოებით ხუთი მილიონი კათოლიკეა, ევროპაში ყველაზე დიდი მესა აღევლინება ხოლმე ამბროსიული რიტუალის მიხედვით. სხვა ლათინური წესის რიტუალებიდან აღსანიშნავია მოზარაბული. როგორც წესი, აღნიშნულ რიტუალებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და ჯერ კიდევ 1570 წლის კრებამდე იქნენ წარმოშობილნი.

აღმოსავლური წესი

კათოლიციზმი 
აღმოსავლეთ სირიული წესის კათოლიკური ჯვრისწერა ინდოეთში, რომელიც ერთ-ერთია აღმოსავლეთის 23 კათოლიკე ეკლესიიდან.

აღმოსავლეთის 23 კათოლიკე ეკლესია იზიარებს საერთო სამკვიდრო და ლიტურგიულ რიტუალებს აღმოსავლეთის სხვა ქრისტიანებსა და მართლმადიდებლებთან, რომლებიც აღარ არიან წმინდა საყდართან თანაზიარებაში. მათ შორის არიან ეკლესიები, რომლებიც მიმოფენილია მთელს ევრაზიასა და აფრიკაში, მათ შორის რუსეთში, საქართველოში, სომხეთში, ბალკანეთში, ჩინეთში, ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ლიბანში, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც სწორედ აღმოსავლური კათოლიციზმის მიმდევარია. აღმოსავლეთის კათოლიკეები არიან ის ქრისტიანები, რომელთაც აქვთ მართლმადიდებელთა და აღმოსავლეთის ქრისტიანთა მსგავსი ლიტურგიული წესები, მაგრამ სქიზმის დროს არ გამოსულან თანაზიარებიდან რომის კათოლიკე ეკლესიისაგან და მართლმადიდებლებთან თანაზიარების გაწვეტის ფასად, შეინარჩუნეს წმინდა საყდართან თანაზიარება და დარჩნენ კათოლიკეებად.

აღმოსავლეთის კათოლიკეთა მიერ გამოყენებული რიტუალები მოიცავს როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის რიტუალებს, ისე ბერძნულ-ბიზანტიურ რიტუალს, ასევე ანტიოქიურ, სლავურ, სირიულ, მარონიტულ, ქალდეურ და ალექსანდრიულ რიტუალებს. ამის გამო რომის კათოლიკე ეკლესიამ აღმოსავლეთის კათოლიკეებს მიანიჭა ავტონომია, რათა თავიანთი ლიტურგიული ფორმები და თაყვანისცემის დეტალები თავადვე დაედგინათ. წარსულში აღმოსავლეთის კათოლიკეთა მიერ გამოყენებული ზოგიერთი რიტუალი მაინც ლათინური წესით იყო განპირობებული. თუმცა, ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, ისინი დაუბრუნდნენ ძველებურ წესს. აქედან გამომდინარე, თითოეულ აღმოსავლეთის კათოლიკურ ეკლესიას აქვს საკუთარი საეკლესიო ლიტურგიული კალენდარი, თუმცა მაინც ექვემდებარებიან რომის საყდარს.

კათოლიკური დღესასწაულები

კათოლიციზმი 
საშობაოდ მორთული წმინდა ჯეიმზის კათოლიკური ეკლესია კოლუმბუსში, ოჰაიო, აშშ.

მსგავსად სხვა ქრისტიანული კონფესიებისა, კათოლიციზმშიც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შობისა და აღდგომის დღესასწაულებს. კათოლიკეები ქრისტეს შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, რისთვისაც მზადება და მარხვა იწყება 4 კვირით ადრე, ამ პერიოდს კი ეწოდება ადვენტი. ამის შემდეგ, 1 იანვარს აღინიშნება ღვთისმშობლობა, ხოლო 2 იანვარს მირქმა, რასაც მოსდევს 6 იანვარს ასევე საშობაო დღესასწაული — ეპიფანია. ამის შემდეგ, ეპიფანიიდან პირველ კვირა დღეს აღინიშნება ნათლისღების დღესასწაული, რის შემდეგაც დგება რიგითი ჟამი, ხოლო მარტის დასაწყისში იწყება მზადება და დიდი მარხვა აღდგომისათვის. როგორც წესი, კათოლიკური აღდგომა აითვლება ბუნიობიდან, ანუ 21 მარტის შემდეგ პირველი სრული მთვარის შესრულებიდან ერთი კვირის შემდეგ, რის გამოც, უმეტესად კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომა, სხვა დღესასწაულთა მსგავსად, ერთმანეთს სცდება. აღდგომიდან ორმოც დღეში აღინიშნება ამაღლება, ამ მოვლენიდან ათ დღეში კი სულთმოფენობა. უკვე 29 ივნისს აღინიშნება პეტრე-პავლობა, რასაც მოსდევს 6 აგვისტოს ფერისცვალება, 15 აგვისტოს კი ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების დღე. 8 სექტემბერს აღინიშნება ღვთისმშობლის შობის დღე, 14 სექტემბერს კი ჯვართამაღლება. ამის შემდეგ, 1 ნოემბერს არის ყველა წმინდანის დღესასწაული, 8 ნოემბერს კი მარიამის უმანკოდ ჩასახვის დღე. ასევე აღინიშნება ხოლმე სხვადასხვა წმინდანის მოხსენიების დღეებიც, რომელთაც კულტურათა მიხედვით განსხვავებული წმინდანის ხსენებას აღნიშნავენ, მაგალითად ირლანდიაში წმინდა პატრიკისას, საქართველოში კი წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოსას.

კათოლიკეთა კულტურული მემკვიდრეობა

კათოლიციზმი 
ცნობილი ფრაგმენტი „ადამის შექმნა“ მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელიდან

კათოლიციზმს უდიდესი გავლენა ჰქონდა ხელოვნებაზე, განსაკუთრებით კი მხატვრობასა და არქტიტექტურაზე. საუკუნეთა განმავლობაში რომის კათოლიკე ეკლესიის წიაღში და მისი ხელშეწყობით აღმოცენდა რენესანსული ხელოვნება, რასაც მოჰყვა ბაროკოს, როკოკოსა თუ მოდერნიზმის განვითარება. თავად რომის პაპებიც აქტიურად თანამშრობლობდნენ თავიანთ თანამედროვე ხელოვან ადამიანებთან, მათ შორის მიქელანჯელოსთან, ლეონარდო და ვინჩისთან, ტიციანთან, რაფაელთან, რუბენსთან და სხვა გამოჩენილ მხატვრებთან, რომლებიც მათი დაკვეთით მუშაობდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაკვეთის შედეგს წარმოაგენს ვატიკანში არსებული მიქელანჯელოს ცნობილი სიქსტეს კაპელა.

ამასთან ერთად, კათოლიკური ეკლესიები, რომლებიც თითქმის ყველა ეპოქაში შენდებოდა, გამოხატავენ არქიტექტურულ სტილთა ცვალებადობასაც. აღსანიშნავია, რომ არაერთი კათოლიკური ეკლესია იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, მათ შორისაა წმინდა პეტრეს ბაზილიკა, საგრადა-ფამილია, კელნის კათედრალი, ნოტრ-დამი და სხვა მრავალი. აღსანიშნავია გოთიკური არქიტექტურული სტილიც, რომლის დამკვიდრებაშიც კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი ითამაშა.

სოციალური და კულტურული გამოწვევები

კათოლიციზმის სოციალური სწავლება

კათოლიკური სოციალური სწავლება, რომელიც ეყრდნობა იესოს ღატაკთა მიმართ გამოვლენილი ზრუნვის ფენომენს, დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანური მოწყალების ფიზიკურ-მატერიალურ გამოვლინებებს, კერძოდ, ავადმყოფებისა და ღარიბების მხარდაჭერასა და მათზე ზრუნვას. კათოლიკე ეკლესიის კანონიკური სამართალი ამბობს, რომ ქრისტიანი მორწმუნეები გარკვეულწილად ვალდებულნი არიან, რომ ხელი შეუწყონ სოციალური სამართლიანობის აღდგენას და, უფლის მცნებათა გათვალისწინებით, ღარიბებს დაეხმარონ. აღნიშნულ წესს საფუძველი 1891 წელს ჩაუყარა პაპმა ლეო XIII-მ.

რაც შეეხება კათოლიკურ სწავლებას სექსუალობასთან დაკავშირებით, იგი უბიწოების პრაქტიკის შენარჩუნებას მოითხოვს, რაც ნიშნავს, რომ სექსუალური კავშირი მხოლოდ ჯვარდაწერილ ცოლსა და ქმარს შორის უნდა შედგეს, აღნიშნული წესი ადამიანის სულიერი და ფიზიკური მთლიანობის შენარჩუნებას ემსახურება. საეკლესიო სწავლებები სექსუალობის შესახებ მზარდი კრიტიკისა და დაპირისპირების საგნად იქცა, განსაკუთრებით ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო დასავლურ სამყაროში შეცვლილი დამოკიდებულებების გამო, რაც გამოიწვია სექსუალური რევოლუციის სახელით ცნობილმა მოვლენამ.

ეკლესია ასევე ჩართულია ბუნების დაცვის საქმეში. 2015 წელს გამოცემული დოკუმენტით პაპმა ფრანცისკემ დაგმო კონსუმერიზმი და განაცხადა, რომ წუხდა უპასუხისმგებლო განვითარებით გამოწვეული სავალალო შედეგებისა და გლობალური დათბობის გამო. რომის პაპმა შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ პლანეტის გლობალური დათბობა უფრო დიდი პრობლემის სიმპტომია, რაც, პაპის განცხადებით, თავის მხრივ გამოწვეულია განვითარებული სამყაროს გულგრილი მიდგომით პლანეტაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რადგან ადამიანები უფრო მეტად მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებისაკენ ისწრაფვიან.

სოციალური სერვისები

კათოლიციზმი 
დედა მარიანა კოუპი და ფრანცისკელთა ორდენის სხვა მონაზვნები კეთროვან პაციენტებთან ერთად, კააკოს კათოლიკური ჰოსპიტალი, ჰავაი, 1886 წელი.

კათოლიკე ეკლესია არის განათლებისა და სამედიცინო მომსახურეობის უდიდესი არასამთავრობო მიმწოდებელი მსოფლიოში. 2010 წელს კათოლიკე ეკლესიის პაპის საბჭომ ჯანდაცვის მუშაკთა პასტორალური დახმარებით განაცხადა, რომ ეკლესია მართავდა მსოფლიოში არსებულ ჯანდაცვის დაწესებულებათა 26%-ს, მათ შორის საავადმყოფოებს, კლინიკებს, ბავშვთა სახლებს, აფთიაქებსა და კეთროვანთა ცენტრებს.

რომის კათოლიკე ეკლესია ასევე ყოველთვის აქტიურად იყო ჩაბმული საგანმანათლებლო სფეროში, რაზეც მეტყველებს მისი წვლილი პირველი ევროპული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. ის მართავს და აფინანსებს ათასობით დაწყებით და საშუალო სკოლას, კოლეჯსა და უნივერსიტეტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, კათოლიკე ეკლესია მართავს მსოფლიოში უდიდეს არასამთავრობო სასკოლო სისტემას. აღსანიშნავია, რომ 2001 წელს ლათინ კათოლიკეთა ინიციატივით საქართველოშიც იქნა დაფუძნებული მათი უნივერსიტეტი, რომელიც გამოჩენილი ქართველი კათოლიკეს, სულხან-საბა ორბელიანის სახელს ატარებს და ეწოდება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს.

კათოლიკე ეკლესიის ქალთა რელიგიურმა ინსტიტუტებმა განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშეს ჯანდაცვისა და განათლების სერვისების მსოფლიო მასშტაბით მიწოდებაზე. აღნიშნულ საქმეს უმეტესად კათოლიკე მონაზვნები ახორციელებენ ისეთი ორდენებიდან, როგორებიცაა: გულმოწყალების დები, ღარიბთა პატარა დები, ქველმოქმედი მისიონერები, წმინდა საიდუმლოს დები, წმინდა ვინსენტისა და წმინდა პავლეს ქველმოქმედების ქალიშვილები და ა.შ. ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილია კათოლიკე მონაზონი, დედა ტერეზა კალკუტელი, არაერთი საქველმოქმედო მისიის ფუძემდებელი, რომელსაც 1979 წელს ნობელის პრემიაც მიენიჭა მშვიდობის დარგში ინდოეთში გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისა და ღარიბთა დახმარებისათვის. 1996 წელს იგივე ნომინაციაში გაიმარჯვა კათოლიკე ეპისკოპოსმა კარლოს ფილიპე ხიმენეს ბელომ „აღმოსავლეთ ტიმორში კონფლიქტის სამართლიან და მშვიდობიან გადაწყვეტაზე მუშაობისათვის“.

სექსუალური მორალი და კონტრაცეფცია

კათოლიციზმი 
ჰანს მემლინგის მიერ 1479-1480 წლებში შექმნილი „უბიწოების ალეგორია“

კათოლიკე ეკლესია თავის ყველა წევრს მოუწოდებს უბიწოების შენარჩუნებისაკენ, მათი ცხოვრებისეული მდგომარეობის მიხედვით. ეკლესიურად, უბიწოება მოიცავს ზომიერებას, თავშეკავებას, თავდადებულობას, პიროვნულ ზრდასა და ღვთის მადლში ყოფნას. ის მორწმუნეთა მხრიდან მოითხოვს ვნების, მასტურბაციის, სიძვის, პორნოგრაფიის, პროსტიტუციისა და გაუპატიურების უარყოფას, დაგმობასა და მათგან თავის შეკავებას. მათთვის, ვინც ქორწინებაში არ იმყოფება, უბიწოება ნიშნავს ყველანაირი სექსუალური აქტივობისაგან თავის შეკავებას და თავშეკავებულ ცხოვრებას. ხოლო მათ, ვინც ქორწინებაში არიან, მოეთხოვებათ ცოლქმრული სიწმინდის შენარჩუნება.

ეკლესიური სწავლებით სექსუალური აქტივობა ნებადართულია მხოლოდ დაქორწინებული წყვილისათვის, იქნება ეს ქრისტიანთა საიდუმლოებრივი ქორწინება თუ სამართლებრივი ქორწინება, სადაც ერთი ან ორივე მეუღლე მოუნათლავია, ან უბრალოთ არ აქვთ ჯვარი დაწერილი. რომანტიკულ ურთიერთობებშიც კი, მათ შორის თუ წყვილი უკვე საქორწინო ნიშნობაში იმყოფება, პარტნიორებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ, რათა გამოიმუშავონ ურთიერთპატივისცემა და ერთგულება. ქორწინებაში უბიწოდ ყოფნა, თავის მხრივ მოითხოვს ცოლქმრული ერთგულებისა და ქორწინების ნაყოფიერების დაცვას. ქრისტიანულ ქორწინებაში მყოფ წყვილს ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეს ნდობა და პატიოსნება, ასევე სულიერი და ფიზიკური სიახლოვე. ამასთან, სექსუალური აქტივობა ყოვეთვის უნდა ემსახურებოდეს სიცოცხლის შექმნასაც და წყვილს სიყვარულში აერთიანებდეს.

კათოლიციზმში კონტრაცეფცია და ზოგიერთი სხვა სახის სექსუალური პრაქტიკა არაა დაშვებული, თუმდა ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდები და მშობიარობებს შორის ინტერვალის ბუნებრივად ზრდა ნებადართულია. რომის პაპმა ფრანცისკემ 2015 წელს განაცხადა, რომ ის წუხს, რომ ეკლესია „შეპყრობილია“ ისეთი საკითხებით, როგორებიცაა: აბორტი, ერთი სქესის მქონე წყვილთა ქორწინება და კონტრაცეფცია, და გააკრიტიკა კათოლიკე ეკლესია სიყვარულზე წინ დოგმატების დაყენების გამო. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიციზმი გმობს აბორტსა და ხელოვნურ კონტრაცეფციულ საშუალებებს, 1998 წლის ანგარიშით აშშ-ში კათოლიკე ქალების 96%-ს გამოყენებული ჰქონდა კონტრაცეფციული საშუალებები ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, და კათოლიკეთა 72%-ს სჯეროდა, რომ ამის მიუხედავადაც შეიძლება იყოს ქალი ე.წ. კარგი კათოლიკე. აღსანიშნავია, რომ პრეზერვატივს, როგორც ახალი ინფექციების გადადებისაგან და ორსულობისაგან თავდასაცავ საშუალებას, ეკლესია მაინც კრძალავს. ამრიგად, ნებადართულია მხოლოდ ორსულობისაგან დამცავი ბუნებრივი მეთოდები, თუმცა არა კონტრაცეფციული საშუალებები და აბორტი.

განქორწინება და ანულირების დეკლარირება

კათოლიციზმის კანონიკური სამართალი არ ითვალისწინებს განქორწინებას ორ მონათლულ ქრისტიანს შორის, რადგან მოქმედი, კონსუმირებული საკრამენტული ქორწინება ითვლება უვადო კავშირად. თუმცა, ამის მიუხედავად, ქორწინება მაინც შეიძლება იცნოს ბათილად, თუ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქორწინება გარკვეული დაბრკოლებების გამო თავიდანვე არ შესულა ძალაში. ქორწინების ბათილად ცნობა, ანუ, როგორც მას უწოდებენ, ანულირება, არის საეკლესიო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომელიც ქორწინებას უმოქმედოდ აცხადებს და ამბობს, რომ იგი უნდა გაბათილდეს, რადგან არც არასდროს არსებულა რეალურად. გარდა ამისა, მოუნათლავ პირებს შორის არსებული ქორწინება ასევე შეიძლება გაუქმდეს პაპის ნებართვით, ისეთ სიტუაციაში, როგორიცაა, მაგალითად კათოლიკეზე ან კათოლიკური წესით ქორწინების სურვილი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამოქალაქო განქორწინების მიუხედავად განქორწინებულ პირს ხელახალი ქორწინება აყენებს „საჯარო და მუდმივი მრუშობის“ მდგომარეობაში, რადგან მისი მეორე ქორწინება არ იქნება ვალიდური, სანამ პირველი მეუღლე ცოცხალია და მეორეზე ჯვარს არ დაიწერს. ამ ცოდვის თავიდან ასარიდებლად მორწმუნე კათოლიკეები უარს ამბობენ მეორე ქორწინებაზე სამოქალაქო განქორწინების შემდეგ.

2006 წელს მსოფლიო მასშტაბით საეკლესიო ტრიბუნალმა 49,000-ზე მეტი ქორწინება სცნო ბათილად. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქორწინებათა დაახლოებით 55-70% ანულირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ანულირების მოთხოვნები პროცენტულად სწრაფად იზრდება. მაგალითად, აშშ-ში 2006 წელს 27,000 ქორწინების ანულირება მოხდა, მაშინ, როდესაც 1968 წელს ეს რაოდენობა იგივე ქვეყანაში მხოლოდ 338-ს უტოლდებოდა. განქორწინებაზე მოთხოვნები ასევე იზრდება ევროპის არაერთ კათოლიკურ ქვეყანაშიც. ამის გამო არაერთმა კათოლიკურმა ქვეყანამ შემოიღო განქორწინების საეკლესიო პროცედურები: იტალიამ 1970 წელს, პორტუგალიამ 1975 წელს, ბრაზილიამ 1977 წელს, ესპანეთმა 1981 წელს, ირლანდიამ 1996 წელს, ჩილემ 2004 წელს, ხოლო მალტამ 2011 წელს. აღნიშნული პროცედურა დღემდე არ შემოუღია ვატიკანსა და ფილიპინებს, თუმცა ფილიპინების მთავრობამ განქორწინება დაუშვა, ოღონდ მხოლოდ მუსლიმი წყვილებისათვის.

ჰომოსექსუალობა

კათოლიკური სწავლებით „ჰომოსექსუალური აქტები“ ეწინააღმდეგება „ბუნებით კანონებს“, როგორც „გარყვნილების აქტები“, თუმცა, იგი არ მოუწოდებს მორწმუნეებს თავად ჰომოსექსუალთა დევნისაკენ, არამედ მათთან ღირსეულად და პატივით მოპყრობისაკენ. კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოს მიხედვით:

კათოლიციზმი 
„მამაკაცთა და ქალთა დიდი რიცხვი ამჟღავნებს ღრმად გამჯდარ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებას. ეს ობიექტურად უწესრიგო მიმართება მათი უმრავლესობისთვის განსაცდელს წარმოადგენს. ამის გამო მათ პატივისცემით, თანაგრძნობითა და ფაქიზად უნდა მოვეპყრათ. მათ მიმართ აღკვეთილ უნდა იქნას ყოველგვარი უსამართლო დევნა და ჩაგვრა. ეს პიროვნებები მოწოდებულნი არიან განახორციელონ ღვთის მოწოდება მათს ცხოვრებაში და, თუ ქრისტიანები არიან, შეუერთონ უფლის ჯვარზე შეწირულ მსხვერპლს ის სიძნელეები, რომლებიც, შესაძლოა, ცხოვრებაში შეხვდნენ მათი მდგომარეობის მიზეზით (კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, პპ. 2358).

ჰომოსექსუალური პიროვნებები მოწოდებულნი არიან სრული თავშეკავებისაკენ, საკუთარი თავის პატრონობის სიქველის ძალით, რომელიც შინაგან თავისუფლებას აყალიბებს, ზოგჯერ უანგარო მეგობრობის დახმარებით, ლოცვითა და საკრამენტული მადლის წყალობით თანდათანობითა და განუხრელად მათ შეუძლიათ და ვალდებულნი არიან მიაღწიონ ქრისტიანულ სრულქმნილებას (კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, პპ. 2359).“

კატეხიზმოს ეს ნაწილი თავისებურად ციტირებდა პაპი ფრანცისკეს მიერ 2013 წლის ინტერვიუში ნათქვამ ფრაზას, სადაც მან, როდესაც ცალკეული პიროვნებების შესახებ ჰკითხეს, უპასუხა:

კათოლიციზმი 
„მე ვფიქრობ, რომ როდესაც ხვდები მსგავს ადამიანს (პიროვნება, რომლის შესახებაც მას ჰკითხეს), უნდა შეგეძლოს განსხვავება გეისა და ლობის შორის, რადგან ლობები საერთოდ არ არიან კარგები. თუ ადამიანი გეია და ეძებს უფალს და აქვს კეთილი ნება, აბა, ვინ ვარ მე, რომ განვიკითხო ის?“

პაპის ამ ინტერვიუდან ნათელი გახდა, ვატიკანის პოზიციის ცვლილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებთ, მაგრამ არა ეკლესიის სწავლებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ კათოლიკე ეკლესია კვლავ ეწინააღმდეგება ერთი სქესის მქონე წყვილთა ქორწინებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე არაერთ კათოლიკურ ქვეყანაშია მიღებული. ამის გამო, არაერთი კონსერვატორი კათოლიკე არ დაეთანხმა პაპს და ეკლესიის პოზიციის ნაწილობრივი ცვლილება გააკრიტიკეს.

გენდერული თანასწორობა და ქალების ხელდასმა

კათოლიციზმი 
რომის პაპ პასხალის I-ის დედა, თეოდორა, რომელიც, ზოგიერთი მკვლევრის მიხედვით, კათოლიკე ეკლესიაში ეპისკოპოსის თანამდებობას იკავებდა

კათოლიკე ქალები და მამაკაცები თანაბრად ეწევიან რელიგიურ საქმიანობას, დაწყებული მომლოცველობითა და სწავლების უფლებით, ისე ჯანდაცვის უზრუნველყოფითა და მისიონერობით. მიუხედავად იმისა, რომ წინა საუკუნეებში ეკლესია დიდად ზღუდავდა ქალებს და უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებდა, კათოლიკე ქალებმა მაინც დიდი როლი ითამაშეს ეკლესიის ცხოვრებაში. განსაკუთრებით მონაზვნები და რელიგიურ ორდენთა დები, რომლებიც აქტიურად იყვნენ და არიან ჩაბმულნი მსოფლიო ჯანდაცვისა და განათლების სერვისების ქსელების გავრცელებასა და მართვაში.

ბოლო ათწლეულებში დასავლურ სამყაროში გაზრდილმა ქალთა უფლებებმა ასევე წამოჭრა ქალების მღვდლად ხელდასმის საკითხიც. პროტესტანტულმა ეკლესიამ ეს შეთავაზება მიიღო, მაგრამ შედარებით უფრო კონსერვატიული სახის კათოლიკე ეკლესიაში ეს ცოტა გაპრობლემდა. რომის პაპმა იოანე პავლე II-მ დაადასტურა, რომ რომის კათოლიკე ეკლესია „არ თვლის თავს უფლებამოსილად დაუშვას ქალების მღვლად ხელდასმა“. ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, ოპოზიციურმა ჯგუფებმა, როგორიცაა „კათოლიკე ქალი მღვდელმსახურები“ აღასრულებდნენ გარკვეულ ცერემონიებს, რაც, კანონიკური სამართლის მიხედვით, უკანონოა და არასწორი. რწმენის დოქტრინალურმა კრებამ ამ საკითხს გამოქვეყნებული განცხადებით უპასუხა და განმარტა, რომ ნებისმიერი კათოლიკე ეპისკოპოსი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა ქალების ხელდასმაში, ისევე, როგორც თავად ის ქალები, ავტომატურად განიკვეთებოდნენ ეკლესიისაგან, კანონიკური სამართლის 1378-ე მუხლისა და სხვა საეკლესიო კანონების მიხედვით.

სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის ფაქტები

90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომის კათოლიკე ეკლესია სკანდალშია გახვეული, რადგან ცნობილი გახდა სასულიერო პირებისა და ეკლესიის სხვა წევრების მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო დებატებისა და სამართალწარმოების პროცესების აღძვრის საბაბი, და მედიაში ფართოდ გაშუქებადი მოვლენა გახდა. ძალადობასთან დაკავშირებული საჩივრების გამო კათოლიკე ეკლესია მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან, ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი ეპისკოპოსი მფარველობდა მოძალადე სასულიერო პირებს და სხვა ეპარქიებში უშვებდნენ, სადაც ისინი აღნიშნულ მოქმედებას აგრძელებდნენ.

სკანდალის საპასუხოდ, ეკლესიაში ჩამოყალიბდა ფორმალური პროცედურები, რათა ხელი შეეწყოს ძალადობის თავიდან არიდებას, წაახალისოს ნებისმიერი სახის შეურაცხყოფისას მსხვერპლთა მხრიდან მიმართვიანობა და ასეთი შეტყობინებების დროული განხილვა, თუმცა, ამ პროცედურათა ეფექტურობასთან დაკავშირებით მოგვიანებით კვლავ კამათობდნენ. ამის გამო, 2014 წელს პაპმა ფრანცისკემ დააარსა არასრულწლოვანთა დამცველი პაპის კომისია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Asci, Donald P. (2002) The Conjugal Act as Personal Act. A Study of the Catholic Concept of the Conjugal Act in the Light of Christian anthropology, San Francisco: Ignatius Press. ISBN 0-89870-844-3.
  • Ayer, Joseph Cullen (1941). A Source Book for Ancient Church History. Mundus Publishing. ISBN 978-1-84830-134-4. 
  • Canon 42. 1983 Code of Canon Law. Vatican. ციტირების თარიღი: 9 March 2008
  • Catechism of the Catholic Church. Libreria Editrice Vaticana (1994). ციტირების თარიღი: 1 May 2011
  • Barry, Rev. Msgr. John F (2001). One Faith, One Lord: A Study of Basic Catholic Belief. Gerard F. Baumbach, Ed.D. ISBN 0-8215-2207-8.
  • Bauer, Susan Wise (2010). The History of Medieval World: From the Conversion of Constantine to the First Crusade. Norton. ISBN 978-0-393-05975-5.
  • Baumgartner, Frederic J. (2003). Behind Locked Doors: A History of the Papal Elections. Palgrave Macmillan. ISBN 0-312-29463-8.
  • Bethell, Leslie (1984). The Cambridge History of Latin America. Cambridge University Press. ISBN 0-521-23225-2.
  • Bokenkotter, Thomas (2004). A Concise History of the Catholic Church. Doubleday. ISBN 0-385-50584-1. 
  • Bunson, Matthew (2008). Our Sunday Visitor's Catholic Almanac. Our Sunday Visitor Publishing. ISBN 1-59276-441-X.
  • Bruni, Frank; Burkett, Elinor (2002). A Gospel of Shame: Children, Sexual Abuse and the Catholic Church. Harper Perennial. p. 336. ISBN 978-0-06-052232-2.
  • Chadwick, Owen (1995). A History of Christianity. Barnes & Noble. ISBN 0-7607-7332-7.
  • Clarke, Graeme (2005), "Third-Century Christianity", in Bowman, Alan K., Peter Garnsey and Averil Cameron. The Cambridge Ancient History 2nd ed., volume 12: The Crisis of Empire, A.D. 193–337, Cambridge University Press, pp. 589–671, ISBN 978-0-521-30199-2.
  • Collinge, William J. Historical dictionary of Catholicism (1997) online free
  • Collins, Michael; Price, Mathew A. (1999). The Story of Christianity. Dorling Kindersley. ISBN 0-7513-0467-0.
  • Coriden, James A; Green, Thomas J; Heintschel, Donald E. (1985). The Code of Canon Law: A Text and Commentary, Study Edition. Paulist Press. ISBN 978-0-8091-2837-2.
  • Davidson, Ivor (2005). The Birth of the Church. Monarch. ISBN 1-85424-658-5.
  • Derrick, Christopher (1967). Trimming the Ark: Catholic Attitudes and the Cult of Change. New York: P.J. Kennedy & Sons. ISBN 978-0-09-096850-3.
  • Duffy, Eamon (1997). Saints and Sinners, a History of the Popes. Yale University Press. ISBN 0-300-07332-1.
  • Dussel, Enrique (1981). A History of the Church in Latin America. Wm. B. Eerdmans. ISBN 0-8028-2131-6.
  • Fahlbusch, Erwin (2007). The Encyclopedia of Christianity. Wm. B. Eerdmans. ISBN 0-8028-2415-3.
  • Froehle, Bryan; Mary Gautier (2003). Global Catholicism, Portrait of a World Church. Orbis books; Center for Applied Research in the Apostolate, Georgetown University. ISBN 1-57075-375-X.
  • Gale Group. (2002) New Catholic Encyclopedia, 15 vol, with annual supplements; highly detailed coverage
  • Hastings, Adrian (2004). The Church in Africa 1450–1950. Oxford University Press. ISBN 0-19-826399-6.
  • Herring, George (2006). An Introduction to the History of Christianity. Continuum International. ISBN 0-8264-6737-7.
  • Koschorke, Klaus; Ludwig, Frieder; Delgado, Mariano (2007). A History of Christianity in Asia, Africa, and Latin America, 1450–1990. Wm B Eerdmans Publishing Co. ISBN 978-0-8028-2889-7.
  • Kreeft, Peter (2001). Catholic Christianity. Ignatius Press. ISBN 0-89870-798-6.
  • Latourette, by Kenneth Scott. Christianity in a Revolutionary Age: A History of Christianity in the 19th and 20th centuries (5 vol. 1969); detailed coverage of Catholicism in every major country
  • Ulrich L. Lehner, (2016) The Catholic Enlightenment. The Forgotten History of a Global Movement ISBN 978-0-19-023291-7
  • Leith, John (1963). Creeds of the Churches. Aldine Publishing Co. ISBN 0-664-24057-7.
  • MacCulloch, Diarmaid (2010). Christianity: The First Three Thousand Years. Viking. ISBN 978-0-670-02126-0. originally published 2009 by Allen Lane, as A History of Christianity
  • MacCulloch, Diarmaid (2003). The Reformation. Viking. ISBN 0-670-03296-4.
  • MacMullen, Ramsay (1984), Christianising the Roman Empire: (A.D. 100–400). New Haven, CT: Yale University Press, ISBN 978-0-585-38120-6
  • Marthaler, Berard (1994). Introducing the Catechism of the Catholic Church, Traditional Themes and Contemporary Issues. Paulist Press. ISBN 0-8091-3495-0.
  • McBrien, Richard and Harold Attridge, eds. (1995) The HarperCollins Encyclopedia of Catholicism. HarperCollins. ISBN 978-0-06-065338-5.
  • McManners, John, ed. The Oxford Illustrated History of Christianity. (Oxford University Press 1990). ISBN 0-19-822928-3.
  • Norman, Edward (2007). The Roman Catholic Church, An Illustrated History. University of California Press. ISBN 978-0-520-25251-6.
  • O'Collins, Gerald; Farrugia, Maria (2003). Catholicism: The Story of Catholic Christianity Oxford University Press. ISBN 978-0-19-925995-3.
  • Perreau-Saussine, Emile (2012). Catholicism and Democracy: An Essay in the History of Political Thought. ISBN 978-0-691-15394-0.
  • Phayer, Michael (2000). The Catholic Church and the Holocaust, 1930–1965. Indiana University Press. ISBN 0-253-33725-9.
  • Pollard, John Francis (2005). Money and the Rise of the Modern Papacy, 1850–1950. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81204-7.
  • Rhodes, Anthony (1973). The Vatican in the Age of the Dictators (1922–1945). Holt, Rinehart and Winston. ISBN 0-03-007736-2.
  • Riley-Smith, Jonathan]] (1997). The First Crusaders. Cambridge University Press. ISBN 978-0-511-00308-0.
  • Schreck, Alan (1999). The Essential Catholic Catechism.Servant Publications. ISBN 1-56955-128-6.
  • Schwaller, John Frederick. (2011) The history of the Catholic Church in Latin America: from conquest to revolution and beyond (NYU Press)
  • Smith, Janet, ed. (1993) Why "Humanae Vitae" Was Right, San Francisco: Ignatius Press.
  • Smith, Janet (1991) "Humanae Vitae", a Generation Later, Washington, DC: Catholic University of America Press,
  • Stewart, Cynthia (2008) The Catholic Church: A Brief Popular History 337 pages
  • Tausch, Arno, Global Catholicism in the Age of Mass Migration and the Rise of Populism: Comparative Analyses, Based on Recent World Values Survey and European Social Survey Data (24 November 2016). Available at https://mpra.ub.uni-muenchen.de/75243/1/MPRA_paper_75243.pdf Research Papers in Economics, University of Connecticut
  • Tausch, Arno, The Effects of 'Nostra Aetate:' Comparative Analyses of Catholic Antisemitism More Than Five Decades after the Second Vatican Council (8 January 2018).
  • Tausch, Arno, Are Practicing Catholics More Tolerant of Other Religions than the Rest of the World? Comparative Analyses Based on World Values Survey Data (21 November 2017).
  • Vatican, Central Statistics Office (2007). Annuario Pontificio (Pontifical Yearbook). Libreria Editrice Vaticana. ISBN 978-88-209-7908-9.
  • Vidmar, John (2005). The Catholic Church Through the Ages. Paulist Press. ISBN 0-8091-4234-1.
  • Wilken, Robert (2004). "Christianity". in Hitchcock, Susan Tyler; Esposito, John. Geography of Religion. National Geographic Society. ISBN 0-7922-7317-6.
  • Woods Jr, Thomas (2005). How the Catholic Church Built Western Civilisation. Regnery Publishing, Inc.. ISBN 0-89526-038-7. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

კათოლიციზმი სახელიკათოლიციზმი ისტორიაკათოლიციზმი ორგანიზაციაკათოლიციზმი დოქტრინაკათოლიციზმი ოთხი დოგმატიკათოლიციზმი საეკლესიო საიდუმლონიკათოლიციზმი კათოლიკური ლიტურგიაკათოლიციზმი კათოლიკური დღესასწაულებიკათოლიციზმი კათოლიკეთა კულტურული მემკვიდრეობაკათოლიციზმი სოციალური და კულტურული გამოწვევებიკათოლიციზმი იხილეთ აგრეთვეკათოლიციზმი ლიტერატურაკათოლიციზმი რესურსები ინტერნეტშიკათოლიციზმი სქოლიოკათოლიციზმიბერძნული ენავატიკანილათინური ენარომირომის კურიარომის პაპიქრისტიანობაწმინდა საყდარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაციონალიზმიფილტვებითავისუფლების დიდი ქარტიათბილისის მეტროპოლიტენიანგკორ-ვატიქაქუცა ჩოლოყაშვილიგიორგი II (საქართველოს მეფე)ნაკიანი წელიწადიფარნავაზ Iტაიგასაქართველოს სახელმწიფო გერბიალკოჰოლიზმიიგიჩრდილოეთი ამერიკაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაამაზონიზმნიზედამექსიკაქუნთრუშალარიიმერეთის მხარეჰიპოთეზავარდიმიგრაციანორვეგიააბას I (ირანი)უქმე დღეები საქართველოშიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითდავით IV აღმაშენებელირუსუდანიწრეწირიტემპერამენტის ტიპებიშოტლანდიავატიკანინერვული სისტემამიხეილ ჯავახიშვილიბაიკალიებრაელებიჰექტარიახალქალაქიგველებისამხრეთი კორეაჩაჟაშიპის დღეალექსანდრე მაკედონელირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესაქართველოს ფრინველთა სიაბორჯღალაკაცხის სვეტირომეო და ჯულიეტაკურო (ასტროლოგია)რიცხვითი სახელიბუნებრივი რესურსებიბულგარეთიკაცია-ადამიანი?!მურად IVბაში-აჩუკიაფხაზეთის ტურიზმიელექტრული მუხტიქართველებითავისუფლება (ფილოსოფია)თრომბოციტებინიდერლანდებიექვსი ერის ჩემპიონატინაცვალსახელიხელოვნური ინტელექტისაჰარაქართული დამწერლობასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისსაქართველო XIII საუკუნეშისაქართველოს მდინარეების სიავაზიგველის-მჭამელირუსული დამწერლობადემეტრე II თავდადებულიკონსტანტინოპოლიჯვაროსნული ლაშქრობები🡆 More