ლესოთო

ლესოთო (ინგლ.

Lesotho, ოფიციალური დასახელება — ლესოთოს სამეფო (სესოთო — Muso oa Lesotho, ინგლ. Kingdom of Lesotho)) – სახელმწიფო-ანკლავი სამხრეთ აფრიკაში. მთლიანად გარს აკრავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოს ფართობია 30 355 კმ². 2006 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ქვეყანაში ცხოვრობს 1 876 633 ადამიანი. ლესოთო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი ზღვის დონიდან 1400 მეტრს ქვემოთ არ მდებარეობს. 1966 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ბასუტოლენდის სახელით იყო დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი. ქვეყნის დედაქალაქია – მასერუ.

ლესოთოს სამეფო
სესოთო — Muso oa Lesotho
ინგლ. Kingdom of Lesotho
ლესოთო
ლესოთო ლესოთოს
დევიზი: Khotso, Pula, Nala
ჰიმნი: Lesotho Fatse La Bontata Rona
ლესოთო
ლესოთოს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მასერუ
29°18′ ს. გ. 27°28′ ა. გ. / 29.300° ს. გ. 27.467° ა. გ. / -29.300; 27.467
ოფიციალური ენა სესოთო, ინგლისური
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ლეტსიე III
 -  პრ.-მინისტრი მოსისილი პაკალიტა
ფართობი
 -  სულ 30 355 კმ2 (140-ე)
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 1 795 000 (146-ე)
 -  2006 აღწერა 1 876 633 
 -  სიმჭიდროვე 61,82 კაცი/კმ2 (138-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $4.996 მილიარდი (150-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $2113 (139-ე)
აგი (2007) 0.549 (საშუალო) (138-ე)
ვალუტა ლესოთური ლოტი (LSL)
დროის სარტყელი UTC+02:00
ქვეყნის კოდი LSO
Internet TLD .ls
სატელეფონო კოდი 266

გეოგრაფია

გეოგრაფიული მდგომარეობა

ლესოთო 
ლესოთოს რუკა
ლესოთო 
ქვეყნის ხედი თანამგზავრიდან
ლესოთო 
ლესოთო
ლესოთო 
ლესოთოს ტოპოგრაფიული რუკა.

ლესოთო მდებარეობს სამხრეთ აფრიკაში სამხრეთის განედის 28 და 31°-სა და აღმოსავლეთის გრძედის 27 და 30°-ს შორის. მისი ტერიტორია მთლიანად შემოფარგლულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიით (შედეგად ლესოთო ვატიკანთან და სან-მარინოსთან ერთად სამიდან ერთ-ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიითაა გარშემორტყმული). აღმოსავლეთიდან ლესოთო ესაზღვრება კვაზულუ-ნატალის პროვინციას, სამხრეთიდან — აღმოსავლეთ კაპის პროვინციას, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან — ფრი-სტეიტის პროვინციას. სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 909 კმ-ს.

ქვეყნის სიგრძე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით შეადგენს 248 კმ-ს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთამდე 181 კმ-ს. ქვეყნის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 30 355 კმ²-ს, რომლიდანაც მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი უკავია წყლის ზედაპირს. ქვეყანას არა აქვს ზღვაზე გასასვლელი, უახლესი პორტი მდებარეობს დურბანში, (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

რელიეფი

ლესოთოს ყველაზე უფრო დაბალი წერტილი მდებარეობს ორანჟის და მაკჰალენგის მდინარეების შეერთების რაიონში (1400 მეტრი), ყველაზე მაღალი წერტილია თაბანა-ნტლენიანას მთა (3482 მეტრი). მაღალი სიმაღლის გამო ქვეყანას ხშირად ეძახიან «სამეფოს ზეცაში». ქვეყანა სიმაღლის მიხედვით შეიძლება დაიყოს სამ ზონად: პლატოები სიმაღლით დაახლოებით 1500 მეტრი ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ვიწრო ზოლის სახით (ტერიტორიის მიხედვით შეადგენს 5200 კმ²-ს ანუ ქვეყნის ტერიტორიის 17 %), მთისპირეთი სიმაღლით 2000—2300 მეტრი (ქვეყნის ტერიტორიის 15 %) და მაღალმთიანეთი ქვეყნის აღმოსავლეთში. დრაკონის მთები ქმნის ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს.

გეოლოგია

ჩრდილოეთ ლესოთოს სტრატიგრაფიულ-ლითოლოგიურ ჭრილში ზემოდან ქვემოთ წარმოდგენილია: თითქმის ჰორიზონტალურად ჩაფენილი თიხოვანი ფიქალი, არგილითი (ზემო ბოფორტის და მოლტენოს ფენებში), წითელი ფერის დანალექები (რედ-ბედზის ფენებში) და ქვიშაქვა კეივის ფენებში, რომელიც გაშიშვლებულია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მის დაბლობ რაიონებში და აღმოსავლეთის მთებში გადაფარულია ბაზალტური ლავების ტოლეიტური პლასტებით (დრაკენსბერგის ფენებში) 1600 მეტრ სიმაღლეზე. ლავების დანალექი ჯიშები და ქვედა ჰორიზონტები დაჩეხილია მრავალრიცხოვანი გამოყვანილი დაიკებით და დიაბაზური შემადგენლობის ძალებით, ასევე აგლომერატული ნეკების სერიებით, რომელიც ასევე დაფიქსირებულია ლავების ზედა ჰორიზონტებში. ამ ტრიასულ-იურული პერიოდის ბაქნის სარჩულის ჯიშების ჭრილი შეესაბამება კარუს ფორმაციის (პერმულ-იურული) ზედა ნაწილს, რომლის დანალექი ფენები მკვეთრი კუთხით და სტრატიგრაფიულად შეუსაბამობაშია დოკემბრიული პერიოდის კრისტალურ ფუნდამენტებთან. ყველგან ცარცული სისტემის ასაკის კიმბერლიტები, რომლებიც ყველაზე უფრო ახალგაზრდა მაგმური წარმონაქმნებია, იჭრებიან კარუს ფორმაციის ჯიშებში. ვაკე ადგილებში მდებარეობს თიხა, ალევრიტი და მეოთხეული სისტემის პერიოდის ასაკის კენჭები.

სასარგებლო წიაღისეული

ლესოთოს ორი ალმასის შემცველი მილი — ლეთსენგ-ლა-ტერაე და კაო — შედის მსოფლიოს უდიდეს ათეულში, პირველ მათგანში აღმოჩენილი იქნა უმაღლესი ხარისხის ბევრი საიველირო ალმასი. სულ ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 17 კიმბერლიტური მილი, 21 დაიკის მაგვარი სხეული და 200-ზე მეტი კიმბერლიტური შემადგენლობის დაიკი. კიმბერლიტური დაიკების უმრავლესობა — სიდიდით 1 მეტრამდე, ხოლო დაიკის მაგვარი სხეულების — 8 მეტრიდან 35 მეტრამდე; მცირე კიმბერლიტური მილების დიამეტრი, სატელიტურების (მეორეხარისხოვნების) ჩათვლით, შეადგენს 70-200 მეტრს, ხოლო დიდების — 200—500 მეტრს.

ლეთსენგ-ლა-ტერაეს კიმბერლიტური მილი შედგება მთავარი და მეორეხარისხოვანი მილისაგან და მდებარეობს ზღვის დონიდან 3100 მეტრ სიმაღლეზე. მთავარი მილი აღმოაჩინეს 1957 წელს ადგილის გეოლოგიური გამოკვლევების დროს, რომელიც წარმოადგენს ელიფსურ სხეულს ფართობით 15,9 ჰა (ზომები 540×3,5 მეტრი).

კლიმატი

ქვეყნის კლიმატი განპირობებულია მისი მაღალი მდებარეობით, ამიტომ ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები მასზე უმნიშვნელო გავლენას ახდენენ და ლესოთო იმყოფება მაღალი წნევის სუბტროპიკული ზონის გავლენის ქვეშ, რის გამოც ცირკულაციაში ჭარბობენ ანტიციკლონებიы. ლესოთოს კლიმატი შედარებით ცივია — მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში, იანვარ-თებერვალში მასერუში და ხეობებში ტემპერატურა აღწევს 30 °C-ს, ზამთარში იცის სუსხი და ტემპერატურა მერყეობს − 7 °C-დან დაბლობ რაიონებში − 18 °C-მდე მთებში. მაისსა და სექტემბერს შორის მთიანი რაიონები იფარება თოვლით. სუსხიანი პერიოდის დასაწყისი და ბოლო საშუალოდ მერყეობს: 16 თებერვლიდან 19 ნოემბრამდე — მაღალმთიანეთში, 18 მაისიდან 6 სექტემბრამდე — უფრო დაბლობ ადგილებში. სუსხიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 111 დღე-ღამეს დაბლობებში და 276 დღე-ღამეს მაღალმთიანეთში.

ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საკმაოდ მერყეობს ადგილის სიმაღლეზე დამოკიდებულების გათვალისწინებით და შეადგენს 500 მმ-დან 1200 მმ-მდე. ნალექების ძირითადი რაოდენობა მოდის წელიწადის თბილ პერიოდში, ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, მაქსიმალური — დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, როდესაც ნალექების ყოველთვიური რაოდენობა შეადგენს 100 მმ-ს. ნალექების ყველაზე უფრო მცირე რაოდენობა შეიმჩნევა ზამთარში, ივნისში და შეადგენს 15 მმ-ზე უფრო ნაკლებს. თვის საშუალო აორთქლება შეადგენს 60 — 70 მმ-ს ივნის-ივლისში და 175—225 მმ-ს დეკემბერ-იანვარში, წლის საშუალო აორთქლება შეადგენს 1400 მმ-დან მთიან ადგილებში 1600 მმ-მდე ვაკე ადგილებში. მთლიანად აორთქლება აჭარბებს ნალექების რაოდენობას.

ქარის საშუალო თვიური სიჩქარე შეადგენს 1,4 მ/წმ-ს ოქტომბერში და 8 მ/წმ-ს აგვისტოში, ქარის მიმართულება ძირითადად იცვლება 200°-დან 300°-მდე. ზაფხულის ელჭექის დროს ქარის სიჩქარემ შეიძლება მიაღწიოს 20 მ/წმ-ს. მზიანი დღეების საშუალო წლიური ხანგრძლივობა შეადგენს 3211 საათს ვაკე ადგილებში.

ფლორა და ფაუნა

ლესოთო 
სეჰლაბატებეს ეროვნული პარკი

ლესოთოში იშვიათად გვხვდება ხეები, უფრო მეტად გავრცელებულია ბალახოვანი მცენარეულობა. მაღალმთიანეთში იშვიათი მცენარეულობა იცვლება სუბალპური სარტყლის მდელოებით. ლესოთოს ენდემური და ეროვნული ყვავილია მრავალფოთლებიანი ალოე (ლათ. Aloe Polyphylla, სესოთო — Kharetsana).

ქვეყნის მცირე ფართობი, ზედაპირის დიდი სიმაღლე და ბინადრობის არეალის შეზღუდული დიაპაზონი განსაზღვრავს ფაუნის სიღარიბეს. დრაკონის მთებში მცირე რაოდენობით აღმოჩენილია ფრინველების — მელოტი იბისის და აფრიკული ბატკანძერის გაქრობის პირას მისული სახეობები, ასევე გვხვდება კლდის კაკაჩა, შავი არწივი, მიწის კოდალა და სხვები. ქვეყანაში დაფიქსირებულია ძუძუმწოვრების 33 სახეობა, მათ შორის — ბაბუინი, ანტილოპა კანა, სურიკატი, მანგუსტი, ენდემური ყინულის ვირთხა. ასევე ქვეყანაში დაფიქსირებულია ქვეწარმავლების 41 სახეობა, ამფიბიების 6 სახეობა და თევზების 2 სახეობა (მათ შორის ენდემური მალოტის ციმორი).

ბიონაირფეროვნების დასაცავად 1969 წელს მალოტის მთის აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა სეჰლაბატებეს ეროვნული პარკი.

ისტორია

ადრეულ პერიოდში ლესოთოს მოსახლეობა შედგებოდა შემგროველებისგან და მონადირეებისგან, რომლებიც ლაპარაკობდნენ კოისანურ ენებზე. ლესოთოს ადრინდელი ისტორია სუსტადაა შესწავლილი. მისი ავტოქთონური მოსახლეობა იყო ბუშმენები, რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთიდან მოსულმა ბანტუს ხალხის წარმომადგენელმა — ბასუტომ განდევნა კალაჰარის უდაბნოსკენ.

1820—1830-იან წლებში ლესოთოს ტერიტორიაზე გამყარდა ბელად მოშვეშ I-ის ხელისუფლება, ვის მფარველობის ქვეშაც შედიოდა ბასუტოს ის ხალხი, ვინც გაურბოდა ზულუსების მზარდ სიძლიერეს ჩაკას ხელმძღვანელობით ეგრეთ წოდებული მფეკანეს მიმდინარეობის დროს.

1830-იანი წლების ბოლოს დაიწყო ბასუტოს ხალხსა და ბურებს შორის შეჯახებები. 1842 წელს მოშვეშ I-მა მიმართა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას თხოვნით დაცვის შესახებ. შედეგად 1843 წლის ოქტომბერში კაპის კოლონიის გუბერნატორმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მოშვეშ I აღიარებული იყო ინგლისელების «მეგობრად და მოკავშირედ».

1848 წელს ლესოთო გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი ბასუტოლენდის (სესოთო basotho (იკითხება დაახლოებით ასე [basʉtʰʉ]) — «სოთოს ხალხი») სახელით. 1852 წელს მოშვეშ I-ის ჯარმა მოულოდნელად გარეკა ინგლისელთა სამხედრო პოსტები და 1848 წლის პროტექტორატის შესახებ არსებული შეთანხმება ინგლისელებმა გაუქმებულად გამოაცხადეს.

1865 წელს ბურებებმა დაიწყეს ომი ბასუტოს ხალხის წინააღმდეგ და დაიპყრეს მათი თითქმის მთლიანი მიწები. კაპის კოლონიის ხელისუფლება დათანხმდა გაეწია სამხედრო დახმარება ლესოთოსთვის და 1868 წელს ბასუტოლენდი ისევ გახდა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი.

1871 წლის 11 აგვისტოდან 1884 წლის 18 მარტის ჩათვლით ლესოთო შეუერთეს დიდი ბრიტანეთის კაპის პროვინციას. 1884 წლის 18 მარტს ბასუტოლენდმა ისევ მიიღო პროტექტორატის სტატუსი.

ბასუტოს ტომების შეუპოვარი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის არ შეწყვეტილა. ინგლისის ხელისუფლებმა დააწესეს „ირიბი მმართველობის“ სისტემა (ტომთა ბელადების საბჭოების მეშვეობით. რომლებიც ინგლისის კომისარს ექვემდებარებოდა) და ბასუტოლენდი აქციეს იაფი მუშახელის დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიური სამფლობელოების მრეწველობისათვის სამხრეთ აფრიკაში.

1907 წელს შეიქმნა ბასუტოს პირველი ორგანიზაცია — ბასუტოლენდის პროგრესული ასოციაცია (იგი აერთიანდებდა მასწავლებლებს, კლერკებს, წვრილ ვაჭრებს), რომელმაც მოითხოვა სოციალური რეფორმების გატარება და „აფრიკელებისათვის გასაქანის მიცემა განათლების, ვაჭრობისა და მეწარმეობის სფეროში“. მეორე მსოფლიო ომის წლებში ათასობით ბასუტო იბრძოდა ინგლისის კოლონიური არმიის რიგებში ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ომის შემდეგ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი აღმავლობა. 1952 წელს ღარიბთა ლიგის ახალგაზრდობის ჯგუფმა მასწავლებელ ნ. მოკეჰლეს ხელმძღვანელობით შექმნა ბასუტოლენდის აფრიკული კონგრესის პარტია, რომელიც მოითხოვდა დაუყოვნებლივ მიეცათ ბასუტოლენდისთვის შინაგანი თვითმმართველობა, შემდეგ კი სრული დამოუკიდებლობა. განმათავისუფლებელი ბრძოლის გააქტიურებამ ინგლისის ხელისუფალნი აიძულა დაეწყოთ რეფორმების გატარება. 1960 წელს შეიქმნა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, ბასუტოლენდმა შინაგანი დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1965 წელს პარლამენტის პირველ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა პარტიამ. მისი ლიდერი ლ. ჯონათანი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა. 1966 წლის 4 ოქტომბერს ბასუტოლენდმა დამოუკიდებლობა მიიღო და 1966 წლის კონსტიტუციის თანახმად ლესოთოს სამეფო ეწოდა.

1970 წლის იანვარში მმართველმა ბასუტოს ეროვნულმა პარტიამ (BNP) წააგო არჩევნები. პრემიერ-მინისტრმა ლეაბუა ჯონათანმა უარი თქვა გადაეცა ხელისუფლება გამარჯვებულ ბასუტოს კონგრესის პარტიისათვის (BCP), მიისაკუთრა «ტონო-კჰოლოს» სტატუსი (სესოთოს ენაზე ეს სიტყვა დაახლოებით ნიშნავს პრემიერ-მინისტრს) და დააპატიმრა BCP-ს ხელმძღვანელები.

BCP-მ იმავე წუთიდან დაიწყო წინააღმდეგობის მომზადება. ჩამოყალიბდა ლესოთოს განთავისუფლების არმია (LLA), რომელიც მზადებას გადიოდა ლიბიაში, მათ დახმარებას ასევე უწევდნენ ტანზანია და მაოისტური ორგანიზაციები.

1978 წელს დაიწყო პარტიზანული ომი. 1980 წელს BCP-ს ლიდერი ნცუ მოკჰეჰლე გადავიდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპართეიდის რეჟიმის მხარეს. 1980 წელს ხელისუფლებამ ჩაატარა მასობრივი რეპრესიები BCP-ს მხარდამჭერების წინააღმდეგ.

BNP-ს პარტია ქვეყანას მართავდა 1986 წლის იანვრამდე, სანამ არ გადააყენეს სამხედრო გადატრიალების დროს. სამხედრო მინისტრმა მეფე მოშვეშ II-ს, რომელიც აქამდე ასრულებდა მხოლოდ ცერემონიალურ როლს, გადასცა განსაკუთრებული უფლებამოსილებები. 1987 წელს არმიასთან კონფლიქტის შემდეგ მეფე ქვეყნიდან გაიქცა და ახალ მეფედ გამოცხადდა მისი ვაჟი ლეტსი III.

შემდეგი სამხედრო გადატრიალება მოხდა 1991 წელს, როდესაც სამხედრო ხუნტის მეთაური ჯასტინ მეცინგ ლეკჰანია იქნა გადაყენებული და ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი ელიას პისვანა რამაემა, რომელიც ხელისუფლებაში იმყოფებოდა 1993 წლის დემოკრატიულ არჩევნებამდე, რომელზეც გაიმარჯვა BCP-მ. ყოფილი მეფე მოშვეშ II-მ შეძლო დევნილობიდან ქვეყანაში დაბრუნებულიყო ჩვეულებრივი მოქალაქის სახით. მეფე ლეტსი III ცდილობდა დაერწმუნებინა ხელისუფლება დაენიშნა მისი მამა მოშვეშ II სახელმწიფოს მეთაურად, მაგრამ ხელისუფლებამ უარყო ეს წინადადება.

1994 წლის აგვისტოში მეფე ლეტსი III-მ სამხედროების მხარდაჭერით მოახდინა გადატრიალება და ხელისუფლებიდან გადააყენა BCP-ს მთავრობა. ახალმა მთავრობამ ვერ მიიღო მთლიანი საერთაშორისო აღიარება. სამხრეთ აფრიკის განვითარების თანასაზოგადოების (SADC) წევრმა სახელმწიფოებმა გამართეს მოლაპარაკებები და მიაღწიეს BCP-ს მთავრობის დაბრუნებას იმ პირობით, რომ მეფე-მამა იქნებოდა ქვეყნის ხელმძღვანელი. 1996 წელს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ BCP-ს პარტია ხელახლა მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო ქვეყანაში 1995 წელს დაბრუნებული მეფე 1996 წელს დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში და ტახტი დაუბრუნდა მის ვაჟს — ლეტსი III-ს. 1997 წელს BCP-ს პარტია დაიქსაქსა.

1997 წელს პრემიერ-მინისტრმა ნცუ მოკჰეჰლემ შექმნა ახალი პარტია — «კონგრესი დემოკრატიისათვის ლესოთოში» (LCD), მას მხარი დაუჭირა პარლამენტმა და მან ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა. LCD-მ გაიმარჯვა 1998 წლის არჩევნებში, პარტიას სათავეში ჩაუდგა მოსისილი პაკალიტა. თუმცა არჩევნები მიმდინარეობდა საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ და გამოცხადდა ლეგიტიმურად, ოპოზიციამ მათი შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.

1998 წლის აგვისტოში ოპოზიცია გამოვიდა მასობრივი პროტესტებით და დემონსტრაციებით, მოხდა შეჯახებები, რომლებიც დაწვრილებით ბოლომდე არ არის გასაგები და რომელთა გაშუქება იწვევს ბევრ კამათს, თვით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც კი. სექტემბერში SADC-ის საერთაშორისო ძალებმა მიიღეს დედაქალაქის შტურმის გადაწყვეტილება. ბოტსვანის ჯარი ლესოთოს მოსახლეობამ მიიღო კეთილგანწყობით, მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯარების იქ ყოფნამ გამოიწვია უკმაყოფილება და დაიწყო შეიარაღებული შეტაკებები. კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯარებმა მეფის სასახლის თავზე აღმართეს საკუთარი ქვეყნის დროშა. 1999 წელს SADC-ის საერთაშორისო ძალებმა დატოვეს ქვეყანა, დედაქალაქი მასერუ სავსე იყო ნანგრევებით; ნგრევას ვერ გადაურჩა სხვა ქალაქებიც. ბრძოლებში დაიღუპა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ლესოთოს არც თუ ისე ცოტა ჯარისკაცი.

2002 წლის მაისში ქვეყანაში ჩატარდა ახალი არჩევნები გაუმჯობესებული სისტემით, რომელიც ითვალისწინებდა არჩევნების პროპორციულ სისტემას ასამბლეაში ოპოზიციის მონაწილეობით. LCD-ს პარტიამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, დააგროვა ხმების 54 %, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე მიიღეს ადგილები ასამბლეაში. ეს ლესოთოში პირველი არჩევნები იყო, რომელიც ჩატარდა პრაქტიკულად ინციდენტების გარეშე.

დღეისათვის ხელისუფლება ცდილობს დაასტაბილიროს მდგომარეობა და ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურა, რის გამოც იგი ეყრდნობა უცხოურ გამოცდილებას. პრემიერ-მინისტრმა მოსისილი პაკალიტამ მიიღო შიდსთან ბრძოლის პროგრამა, რომლისგანაც იტანჯება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

პოლიტიკური წყობა

სახელმწიფო წყობა

ლესოთოს 1993 წლის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიაა, კონსტიტუციური მონარქი და სახელმწიფოს მეთაურია მეფე. იმ შემთხვევაში, თუ მეფემ ვერ მიაღწია სრულფასოვან ასაკს, იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ ან ავადმყოფობის მიზეზით არ შეუძლია ქვეყნის მართვა, მაშინ ქვეყანას მართავს რეგენტი. მეფე ძირითადად ასრულებს ცერემონიალურ ფუნქციებს, ის «ეროვნული ერთიანობის ცოცხალი სიმბოლოა» და მას არ გააჩნია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ფუნქციები. ტრადიციის მიხედვით ბელადების კოლეგია განსაზღვრავს ტახტის მემკვიდრეს, რეგენტს აუცილებლობის შემთხვევაში, მას ასევე შეუძლია გადააყენოს მონარქი.

აღმასრულებელი ხელისუფლება

ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად მეფე პრემიერ-მინისტრად ნიშნავს ეროვნული ასამბლეის წევრს (პარლამენტის ქვედა პალატა), რომელიც იმ პოლიტიკური პარტიის ან კოალიციის ლიდერია, რომელსაც აქვს უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში.

საკანონმდებლო ხელისუფლება

ლესოთოს ორპალატიანი პარლამენტი შედგება ზედა — სენატი და ქვედა — ეროვნული ასამბლეა პალატებისაგან სენატი შედგება 33 წევრისაგან, რომელთაგან 22 — ტომების უზენაესი ბელადები ან მათ მიერ დანიშნული პირებია, ხოლო 11 — სახელმწიფო საბჭოს წარდგენით მეფის მიერაა დანიშნული. ეროვნული ასამბლეა შედგება 5-წლიანი ვადით არჩეული 120 დეპუტატისაგან, აქედან 80 ირჩევა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში და 40 პროპორციული სისტემით.

პოლიტიკური პარტიები

2012 წლის 26 მაისის არჩევნების მიხედვით ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატების რაოდენობა გადანაწილდა შემდეგნაირად:

  • დემოკრატიული კონგრესი (DC) — 48 დეპუტატი;
  • საერთო ბასოტოური კონვენცია (АВС) — 30 დეპუტატი;
  • ლესოთოს კონგრესი დემოკრატიისათვის (LCD) — 26 დეპუტატი;
  • ბასუტოს ეროვნული პარტია (BNP) — 5 დეპუტატი.

8 პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში მიიღო დარჩენილი 11 ადგილი, ხოლო 6-მა ადგილი ეროვნულ ასამბლეაში საერთოდ ვერ მოიპოვა.

საგარეო პოლიტიკა

ლესოთო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია 1966 წლის 17 ოქტომბრიდან, ქვეყანა მონაწილეობს აფრიკისათვის ეკონომიკურ კომისიაში და ყველა არარეგიონალურ სპეციალიზებულ სააგენტოებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გარდა. ლესოთო ასევე ერთა თანამეგობრობის, აფრიკის განვითარების ბანკის, G-77-ის, აფრიკის კავშირის წევრია. ლესოთო 1995 წლის 31 მაისიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ ლესოთოს ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთაშორისო საზღვაო სამართლის გაეროს კონვენციას.

შეიარაღებული ძალები

ლესოთოს შეიარაღებული ძალები — ქვეყნის სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. შედგება სახმელეთო ჯარისაგან, საჰაერო კონტინგენტის ჩათვლით.

ლესოთოს შეიარაღებული ძალები დაკომპლექტებულია კონტრაქტულ საფუძველზე; კონტრაქტის დადება შეუძლიათ 18-დან 24 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის პირებს; ჯარში გაწვევა არ არსებობს; ქალებს არმიაში შეუძლიათ იმსახურონ მხოლოდ ოფიცრების თანამდებობაზე.

ლესოთოს კონსტიტუციაში დეკლარირებულია სამეფოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და უსაფრთხოების დამოუკიდებელი უზრუნველყოფა, მაგრამ პრაქტიკაში საგარეო უსაფრთხოების გარანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა.

1998 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში დაიწყო მასობრივი არეულობები. არმიამ ვერ შეძლო საპროტესტო აქციების შეჩერება, ამიტომ ლესოთოს მთავრობამ დახმარებისათვის მიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.

2005 წლიდან ტარდება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაცია, იგეგმება ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება 1500 ადამიანამდე.

ადმინისტრაციული დაყოფა

ლესოთო 
ლესოთოს ადმინისტრაციული რუკა

ლესოთო ადმინისტრაციულად დაყოფილია 10 ოლქად, რომლებიც ასევე იყოფიან 80 საარჩევნო ოლქად და 129 ადგილობრივ საბჭოდ. ყველა ოლქს აქვს საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი, ანუ კემპთაუნი (camptown). ლესოთოს ოლქები:

№ რუკაზე ოლქი ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2006 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ბერეა ტეიატეიანენგი 2222 250 006 112,51
2 ბუტა-ბუტეს ოლქი ბუტა-ბუტე 1767 110 320 62,43
3 ლერიბე ლჰოტსე 2828 293 369 103,74
4 მაფეტენგის ოლქი მაფეტენგი 2119 192 621 90,90
5 მასერუს ოლქი მასერუ 4279 431 998 100,96
6 მოჰალეს ჰუკის ოლქი მოჰალეს ჰუკი 3530 176 928 50,12
7 მოკჰოტლონგის ოლქი მოკჰოტლონგი 4075 97 713 23,98
8 ქაჩას ნეკის ოლქი ქაჩას ნეკი 2349 69 749 29,69
9 ქუთინგის ოლქი ქუთინგი 2916 124 048 42,54
10 თაბა-ცეკის ოლქი თაბა-ცეკა 4270 129 881 30,42
სულ: 30 355 1 876 633 61,82

მოსახლეობა

დემოგრაფია

  • მოსახლეობის რაოდენობა — 1,9 მილიონი (2010 წლის ივლისის შეფასება).
  • წლიური ზრდა — 0,28 % (მაღალი სიკვდილიანობა — ბავშვთა ასაკში და შიდსისგან, ქვეყნიდან ემიგრაცია).
  • შობადობა — 27,2 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 3 დაბადებული ქალზე)
  • სიკვდილიანობა — 15,7 ადამიანი 1000 მოსახლეზე
  • ემიგრაცია — 8,7 ადამიანი 1000 ადამიანიდან
  • შიდსით დაავადებული — 23,2 % (3-ე ადგილი მსოფლიოში)
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 51 წელი
  • ქალაქის მოსახლეობა — 24 %
  • ეთნიკური შემადგენლობა: ბასუტო — 99,7 %, ევროპელები და აზიელები — 0,3 %.
  • ენები — სესოთო და ინგლისური (ოფიციალური).
  • განათლება — 74 % მამაკაცები, 94 % ქალები (2003 წლის შეფასება).
  • რელიგია: ქრისტიანები — 80 %, ადგილობრივი კულტები — 20 %.

2006 წლის აღწერის თანახმად ლესოთოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 1 876 633 ადამიანს. მოსახლეობის 23,74 % ცხოვრობს ქალაქებში და 76,26 % სოფლებში. ქვეყნის დედაქალაქ მასერუზე მოდის მთელი ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. მამაკაცების რაოდენობა შეადგენდა 911 848 ადამიანს, ქალების კი 960 873 ადამიანს, ანუ დაახლოებით თითოეულ 95 მამაკაცზე მოდის 100 ქალი.

ქვეყანაში მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს დაახლოებით 61,8 ადამიანს ერთ კმ²-ზე. უფრო დაბალი სიმჭიდროვე აღინიშნება ლესოთოს მთიანეთში, ვიდრე დასავლეთის დაბლობებში. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა — 59,8 % 15-დან 64 წლამდე ადამიანებს შეადგენს, ლესოთოში ცხოვრობს ახალგაზრდების მნიშვნელოვანი რაოდენობა — დაახლოებით 35,3 %.

2010 წელს მიღებული მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივების კონვენციის გადახედვის თანახმად 2010 წელს ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობამ შეადგინა 2 171 000 ადამიანი, განსხვავებით 1950 წელს არსებული 734 000 ადამიანისა. 2010 წელს 15 წლამდე ასაკის ბავშვების წილი შეადგენდა 37,4 %-ს, 15-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენდნენ 58,3 %-ს, ხოლო 65 წელზე უფროსების წილი კი იყო 4,3 %.

ეთნიკური ჯგუფები

ლესოთოს, როგორც ერთიანი ხალხის, ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, რაც მოიცავდა ბრიტანული კოლონიალური ბატონობის პერიოდსაც, ქვეყნის ეთნიკური შემადგენლობა საკმაოდ ერთგვაროვანია. ლესოთოს ეთნიკური შემადგენლობა თითქმის მთლიანად შედგება ბანტუს ხალხის წარმომადგენელ — ბასუტოსაგან, მათი წილი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 99,7 %-ია. კვენა (ბაკოენა) ბასუტოს ხალხის ყველაზე დიდი ქვეჯგუფია; ბასუტოს სხვა ქვეჯგუფებს მიეკუთვნებიან ნატალ (ჩრდილოეთი) ნგუნი, ბატლუნგი, ბაფუთი, ბაფოკენგი, ბატაუნგი, ბატს'ოენენგი და კაპე (სამხრეთი) ნგუნი. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ზულუ, ინგლისელები, ათასამდე ადამიანი, ასევე რამდენიმე ასეული აზიელი. მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს ლესოთოს აღმოსავლეთ ნაწილში. მთავარი ქალაქებია მასერუ, ლჰოტსე, მაფეტენგი.

ენები

სესოთო და ინგლისური ქვეყნის ოფიციალური ენებია. ასევე საუბრობენ აფრიკაანსის, ზულუს, კოსას და ფრანგულ ენებზეც.

რელიგია

ქრისტიანობა დომინირებული რელიგიაა ლესოთოში. ლესოთოს ქრისტიანულ საბჭოში შედის ქვეყნის ყველა ძირითადი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელი. 2006 წლის შეფასებით მოსახლეობის დაახლოებით 90 % ქრისტიანია. პროტესტანტები ლესოთოში შეადგენენ მოსახლეობის 45 %-ს (ევანგელისტები მოსახლეობის 26 %-ია, ხოლო დანარჩენ 19 %-ს შეადგენენ ანგლიკანები და სხვა ქრისტიანული დაჯგუფებები.), კათოლიკები შეადგენენ მოსახლეობის 45 %-ს, მუსლიმები, ინდუსები, ბუდისტები, ბაჰაისტები და მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციული რელიგიის წარმომადგენლები შეადგენენ დანარჩენი მოსახლეობის 10 %-ს.

მაშინ როდესაც ქრისტიანები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მუსლიმები ძირითადად ცხოვრობენ ჩრდილო-აღმოსავლეთში. ისლამის მიმდევრების უმრავლესობა (პირველ რიგში სუნიტები) არა აზიური წარმოშობისანი არიან, მაშინ როდესაც ქრისტიანების უმრავლესობა ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობის — ბასუტოს წარმომადგენლები არიან. ბევრი ქრისტიანი ქრისტიანობასთან ერთად მისდევს ადგილობრივ ტრადიციულ კულტურულ წარმოდგენებს და რიტუალებს. კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებში მსახურობის პროცესებს შეერწყა ადგილობრივი კულტურის ზოგიერთი ასპექტები, მაგალითად, ჰიმნების მღერა ღვთისმსახურების დროს გადაიქცა ტრადიციულ ჩვევად, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე, ასევე ინგლისურ ენაზე. ადგილობრივი რელიგიური ჩვეულებები ასევე გავლენას ახდენს სონგომაზე, სახალხო მედიცინის ერთ-ერთ ფორმაზე.

ქვეყანაში ფუნქციონირებენ მისიონერები. კონსტიტუცია ითვალისწინებს რწმენის თავისუფლებას და ხელისუფლება, როგორც წესი, პატივს სცემს ამ უფლებებს პრაქტიკაშიც. 2007 წელს ქვეყანაში რელიგიურ საფუძველზე არ აღნიშნულა სოციალური დანაშაულის ან დისკრიმინაციის არანაირი შემთხვევა.

ეკონომიკა

ლესოთო გეოგრაფიულად შემოსაზღვრულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიით და ეკონომიკურად ასევე ინტეგრირებულია მასთან. ლესოთოს ეკონომიკა დაფუძნებულია სოფლის მეურნეობაზე, მეცხოველეობაზე, მრეწველობაზე და სამთომომპოვებელ მრეწველობაზე, ასევე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია უცხოეთიდან ფულად გადმორიცხვებზე და აფრიკის სამხრეთი ნაწილის საბაჟო კავშირიდან (ინგლ. Southern African Customs Union (SACU)) შემოსავლებზე. ოჯახების უმრავლესობა მუშაობს ფერმებში. დასაქმების ფორმალური სექტორი შედგება ძირითადად ქალებისაგან, რომლებიც მუშაობენ ტანსაცმლის წარმოების სფეროში, მამაკაცები ძირითადად მეშახტეებად მუშაობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 3-დან 9 თვემდე ვადით და დაკავებულები არიან ლესოთოს სამთავრობო სტრუქტურებში (GOL). დასავლეთის ვაკე ადგილები ქვეყნის ძირითად სასოფლო-სამეურნეო ზონას წარმოადგენენ. მოსახლეობის თითქმის 50 % შემოსავლებს იღებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების არაფორმალური დამუშავებით ან მეცხოველეობით. ქვეყნის შემოსავლების დაახლოებით ორი მესამედი მოდის აგრარული სექტორიდან. მოსახლეობის პროცენტი, რომელიც მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მუპ) მიხედვით ცხოვრობს US$1,25-ზე ქვემოთ დღე-ღამეში, 1995 წლიდან 2003 წლამდე პერიოდში შემცირდა 48 %-დან 44 %-მდე. გაეროს განვითარების პროგრამის კლასიფიკაციის თანახმად "ადამიანის პოტენციალის განვითარების დაბალი დონის" ქვეყნებს შორის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქვეყანაში შეადგენს 48,2 წელს (ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით 187-დან 160-ე ადგილი). მოზრდილი მოსახლეობის განათლების დონე შეადგენს 82 %-ს. 5 წლამდე ასაკის ბავშვების 20 % წონის ნაკლებობას განიცდის.

ლესოთომ ისარგებლა აფრიკის ზრდის უზრუნველყოფისა და შესაძლებლობების გაფართოების კანონით (AGOA) და გახდა ტანსაცმლის მსხვილი ექსპორტიორი აშშ-ში აფრიკის საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებს შორის. ლესოთოში იყიდება შემდეგი ამერიკული ბრენდები: Foot Locker, Gap, Gloria Vanderbilt, JCPenney, Levi Strauss, Saks, Sears, Timberland და Walmart. 2004 წლის შუა პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა 50 000 ადამიანს, რაც ძირითადად შეადგენდა ახალდასაქმებულებს, ასევე საწარმოო სფეროში დასაქმებული ადამიანები სჭარბობდნენ სახელმწიფო სექტორში მომუშავეებს. 2008 წელს ექსპორტირებული იყო 487 მილიონი დოლარის საქონელი, ძირითადად აშშ-ში. 2011 წლის შუა პერიოდში 2004 წელთან შედარებით სამკერვალო წარმოებაში ინტენსიური საერთაშორისო კონკურენციის გამო დასაქმების სფერო შემცირდა დაახლოებით 45 000 ადამიანამდე. 2011 წელს ეს იყო ყველაზე დიდი ფორმალური დამსაქმებელი სექტორი ლესოთოში. 2007 წელს ტექსტილის წარმოებაში მომუშავეთა საშუალო ხელფასი შეადგენდა $103 თვეში, ხოლო ამ სფეროში ოფიციალური მინიმალური ხელფასი შეადგენდა $93 თვეში. 2008 წელს საშუალო ხვედრითი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა $83 თვეში. სექტორის ინიციატივით დაიწყო შიდსთან ბრძოლის მასშტაბური პროგრამა (ALAFA). ეს დარგობრივი პროგრამა უზრუნველყოფს მომუშავეთა პროფილაქტიკას და მკურნალობას.

ლესოთოს წყალი და ალმასი ქვეყნის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებია. წყალი გამოიყენება 21 წლის განმავლობაში, ლესოთოს მთიანეთის მრავალმილიარდიანი პროექტის გამოისობით (LHWP). პროექტის განხორციელება დაიწყო 1986 წელს. ამ პროექტის დანიშნულებაა წყლის დაგროვება, შენახვა და გადაცემა ორანჟის მდინარიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და იოჰანესბურგის სისტემაში, სადაც იმყოფება ამ ქვეყნის მოსახლეობა, ბევრი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტი. პროექტის პირველი ეტაპის დამთავრებამ ლესოთოს 2010 წელს მისცა ელექტროენერგიის წარმოების თითქმის მთლიანი უზრუნველყოფა და დაახლოებით 70 მილიონი დოლარი ელექტროენერგიის და წყლის გაყიდვისგან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. პროექტს აფინანსებს მსოფლიო ბანკი, აფრიკის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა ბევრი მრავალი ორმხრივი დონორი.

ალმასების წარმოების ცენტრებია ლეტსენგი, მოტაე, ლიქჰობონგი და კაო მინი, რომელთა ალმასების მთლიანი წარმოების ჯამი 2014 წელს შეფასებულია 240 000 კარატად, რაც მთლიანად 300 მილიონ დოლარს შეადგენს. შეფასების თანახმად, ლეტსენგის შახტაში საშუალოს იწარმოება $2172 ერთ კარატზე ალმასი, რითაც ის მსოფლიოში უმდიდრესი შახტაა კარატზე საშუალო ფასის მიხედვით. სექტორმა ჯერ კიდევ 2008 წელს მსოფლიო რეცესიის გამო განიცადა გარკვეული დაქვეითება, მაგრამ აღდგენა დაიწყო 2010 და 2011 წლებში. 2010/2011 წლების სეზონში ალმასების ექსპორტმა მიაღწია 230 მილიონ დოლარს. 1957 წელს სამხრეთაფრიკელი ავანტიურისტი, პოლკოვნიკი ჯეკ სკოტი, ახალგაზრდა ადამიანის, სახელად კიტ უაიტლოკის თანხლებით, ეწეოდა ალმასზე სამძებრო სამუშაოებს. მათ იპოვეს თავიანთი ალმასის საბადო ზღვის დონიდან 3100 მეტრ სიმაღლეზე, ლესოთოს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მალუტის მთის მწვერვალზე, დაახლოებით 70 კმ-ში მოკჰოტლონგედან ლეტსენგისკენ. 1967 წელს, 601 კარატიანი (120,2 გრამი) ალმასი (Lesotho Brown) აღმოაჩინეს მოსოთო ვუმენის მთებში. 2006 წლის აგვისტოში, 603 კარატიანი (120,6 გრამი) თეთრი ალმასი (Lesotho Promise) აღმოაჩინეს ლეტსენგ-ლა-ტერაეს შახტებში. კიდევ 478 კარატიანი (95,6 გრამი) ალმასი იმავე ადგილას აღმოაჩინეს 2008 წელს.

ლესოთო წინ წავიდა უმეტესწილად არსებული ორიენტირებული ეკონომიკიდან საშუალოზე დაბალი დონის შემოსავლების ბუნებრივი რესურსების და წარმოებული საქონლის ექსპორტიორ ქვეყნად გადასვლისკენ. დარგებმა, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას უშვებენ, მოიტანა უფრო მაღალი და უფრო უსაფრთხო შემოსავალი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის.

გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა ლესოთოს ეკონომიკას: ტექსტილის საექსპორტო პროდუქციის დაცემა და ამ სექტორში სამუშაო ადგილების დაკარგვა, რომელიც მნიშვნელოვანწილად აიხსნება აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნით, რომელზეც ძირითადად დამოკიდებულია ლესოთოს საექსპორტო მაჩვენებლები; ალმასების მოპოვების და შესაბამისად მათი ექსპორტის შემცირება, მათ შორის ბრილიანტებზე ფასების ვარდნა; აფრიკის სამხრეთი ნაწილის საბაჟო კავშირში (SACU) შემოსავლების დაცემა სამხრეთი აფრიკის ქვეყნებში ეკონომიკის კრიზისის გამო; სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ფულადი გადმორიცხვების, მომპოვებელი სექტორის და მასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილების შემცირება ამ ქვეყნის ეკონომიკური ვარდნის გამო. 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა შენელდა 0,9 %-მდე.

ქვეყნის ფულადი ერთეულია — ლესოთური ლოტი, მაგრამ ურთიერთგაცვლით ასევე გამოიყენება სამხრეთაფრიკული რანდი. ლესოთომ, ესვატინმა, ნამიბიამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ რეგიონში ასევე შექმნეს ერთიანი ვალუტა და სავალუტო კონტროლი, რომელიც ცნობილია საერთო სავალუტო ზონის (ინგლ. Common Monetary Area (CMA)) სახელით. ლოტი იმყოფება ერთ დონეზე სამხრეთაფრიკულ რანდთან. ასი სენტე (ინგლ. sente) უდრის ერთ ლოტის.

ლესოთო აფრიკის სამხრეთი ნაწილის საბაჟო კავშირის (SACU) წევრია, რომელშიც ამ კავშირის წევრ სახელმწიფოებზე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა, ნამიბია, ესვატინი და ლესოთო) ტარიფები გაუქმდა ვაჭრობაზე. ლესოთო ეკონომიკურ დახმარებას იღებს სხვადასხვა ქვეყნებისაგან და ორგანიზაციებისგან, რომელთა შორისაა: აშშ, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, მსოფლიო ბანკი და ევროპის კავშირი.

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 86 %, რომელსაც მოაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის 18,2 %. მოჰყავთ სიმინდი — 150 ათასი ტონა, კარტოფილი — 90 ათასი ტონა, სორგო — 46 ათასი ტონა და ხორბალი — 51 ათასი ტონა, ასევე საზამთრო, პარკოსნები, ბარდა და ბოსტნეული კულტურები — 18 ათასი ტონა.

მრეწველობა

მრეწველობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 14 %, რომელსაც მოაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის 40,8 %. ქვეყანაში მუშაობს ტექსტილის საწარმოები (მთლიანი შიდა პროდუქტის 20 %), სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნები, ტელევიზორის ამწყობი ქარხანა. მიმდინარეობს ალმასების მოპოვება.

ტრანსპორტი

ავტოგზები

ლესოთოს დამოუკიდებლობამდე 1966 წელს, ქვეყანაში ერთადერთი შეზღუდული გამტარუნარიანობის ასფალტირებული ავტოგზა იყო დედაქალაქ მასერუში, მეჯამეტალანას აეროპორტსა და სამეფო სასახლეს შორის. 1970-იანი წლების დასაწყისში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდა. 1999 წელს ქვეყანაში ავტოგზების სიგრძე შეადგენდა 5940 კმ-ს, რომელთაგან 1087 კმ ასფალტირებული იყო. ყველაზე უფრო მეტი ყურადღება ეთმობა რაიონული ცენტრების ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზებს, თუმცა ავტოგზები ლესოთოს ცენტრშიც ასევე გაუმჯობესდა, როგორც ქვეყნის მთიანეთში წყლის ენერგორესურსებად გამოყენების პროექტის სამშენებლო მოთხოვნილების ნაწილი.

რკინიგზები

ლესოთო 
მასერუს სარკინიგზო განშტოების რუკა.

ლესოთოში ერთადერთი სარკინიგზო ხაზია მასერუს განშტოება, რომელიც დედაქალაქ მასერუს აერთებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარკინიგზო ქსელის ბლუმფონტეინი–ბეთლემის ხაზთან. მისი მთლიანი სიგრძე ლესოთოს ტერიტორიაზე 1,6 კმ-ია (ლიანდაგის სიგანე — 1067 მმ), რომელიც გაიხსნა 1905 წლის 18 დეკემბერს. მიდის სახელმწიფო საზღვართან მდებარე მდინარე კალედონზე გადებული ხიდიდან ჩრდილოეთის სამრეწველო რაიონის გავლით ქვეყნის ერთადერთ რკინიგზის ვაგზალ მასერუმდე.

2008 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ახალი სარკინიგზო ხაზების მშენებლობის შესახებ, რომლის მიზანი იყო ლესოთოს დაკავშირება დურბანთან და პორტ-ელიზაბეთთან.

საჰაერო ტრანსპორტი

ლესოთოში სულ არსებობს 28 აეროპორტი, რომელთაგან 3 ასაფრენ-დასაჯდომი ზოლით არის აღჭურვილი. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია — მოშვეშ I-ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი პატარა ქალაქ მაზენოდში, რომელიც მდებარეობს მასერუს სამხრეთ-აღმოსავლეთის სიახლოვეს. მისი მთავარი ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე მეტია 1523 მეტრზე და შეადგენს 3200 მეტრს.

სხვა აეროპორტებიდან, ერთ-ერთის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე 914 და 1523 მეტრს შორისაა მოქცეული, ხოლო მეორე ასფალტირებული ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე 914 მეტრზე ნაკლებია. ოთხი აეროპორტის გრუნტიანი საფარის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე 914 მეტრიდან 1523 მეტრამდეა, ხოლო დანარჩენებს აქვთ 914 მეტრზე ნაკლები გრუნტიანი საფარის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლის სიგრძე.

წყლის ტრანსპორტი

ლესოთოს არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი და უცხოეთთან მისი საზღვაო კავშირები მთლიანად დამოკიდებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე. ქვეყნის უახლოესი პორტი და ტვირთების გადასატვირთი ადგილია დურბანი. უკანასკნელ პერიოდში დურბანის პორტის გადატვირთვის გამო კომპანიები უფრო ხშირად იყენებენ პორტ-ელიზაბეთის პორტს, რომელიც მდებარეობს 2 საათის სავალზე სამხრეთით.

შიდა წყლის ტრანსპორტი წარმოდგენილია მხოლოდ პატარა ბორნების სახით მდინარეებზე გადასასვლელად, ხოლო ლესოთოს ხელისუფლება ნავებს ხმარობს დიდ მანძილზე გადასვლისას.

ტურიზმი

ტურიზმი ლესოთოში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებადი დარგია. ტურიზმი ქვეყანაში იმყოფება დედაქალაქ მასერუში მდებარე ტურიზმის, გარემოს და კულტურის სამინისტროს კონტროლ ქვეშ. სხვადასხვა ღონისძიებები ღია ცის ქვეშ ტურისტებისათვის დასვენების ყველაზე უფრო პოპულარული სახეობაა ლესოთოში. მთიანი ადგილები იზიდავს ტურისტებს ფეხით გასეირნებისთვის, ცხენებით გასეირნებისთვის და თოვლზე თხილამურებით სრიალისთვის, ასევე ტრასებზე ოთხბორბლიანი ძრავის ჯიპებით მოგზაურობისთვის. ქვეყნის ერთადერთი აფრისკის სამთო-სათხილამურო კურორტი მოქმედებს ზამთრის თვეების განმავლობაში.

ქვეყანაში ჩასვლის ყველაზე უფრო მოხმარებადი ადგილებია მოშვეშ I-ის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი და მიწისზედა სასაზღვრო პუნქტები მასერუში და მაპუცვეში.

სოციალური სფერო

განათლება

ლესოთო 
ლესოთოს ეროვნული უნივერსიტეტი

უკანასკნელი შეფასებების თანახმად, ლესოთოში 15 წელზე უფრო მეტი ასაკის მოსახლეობის 85 %-ს მიღებული აქვს განათლება. შესაბამისად, ქვეყანას აქვს განათლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი დონე აფრიკაში, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ლესოთო განათლებაში დებს საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 12 %-ზე მეტ ინვესტიციებს. აფრიკის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, ლესოთოში განათლების დონე ქალებს შორის უფრო მაღალია (94,5 %), ვიდრე მამაკაცებს შორის.

გამოკვლევების თანახმად, რომელიც 2000 წელს სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში ჩაატარა განათლების ხარისხის მონიტორინგის კონსორციუმმა, ლესოთოში VI კლასის მოსწავლეების (საშუალო ასაკი 14 წელი) 37 % იმყოფება წაკითხულის გააზრების ან უფრო მაღალ დონეზე. განათლების ასეთ დონეზე მყოფ მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს ტექსტის სხვადასხვა ნაწილები წყაროებზე დაყრდნობით და გადმოსცეს ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ განათლება არ არის სავალდებულო, ლესოთოს ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს უფასო სკოლამდელი განათლების პროგრამას.

მიუხედავად საკუთარი განათლებისა, ლესოთოს მოსახლეობა იბრძვის ცხოვრებისათვის საჭირო მომსახურების მოსაპოვებლად, როგორებიცაა ჯანდაცვა, მოგზაურობა და საგანმანათლებლო რესურსები, ხოლო, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 3,4 % სარგებლობს ინტერნეტით. ლესოთოს ტელეკომის მომსახურებამ ქვეყანაში გაზარდა ელექტრონული ფოსტით სარგებლობა საწყის დონეზე, იაფი მობილური ტელეფონების მოხმარება და შესაბამისად შემეცნებითი ინფორმაციის მიღების გაუმჯობესება. აშშ-ის ლესოთოში "მშვიდობის კორპუსთან" თანამშრომლობით მიმდინარეობს სამუშაოები სასკოლო და სოფლის ბიბლიოთეკების შექმნის შესახებ.

განათლება დღეისათვის სავალდებულოა მხოლოდ 6-დან 13 წლამდე ასაკში. საშუალო განათლება სავალდებულოა და 2005 წლის მდგომარეობით 13-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეების რაოდენობა შეადგენს 24,0 %-ს. მაგრამ საშუალო განათლების სისტემაში არსებობს გენდერული უთანასწორობა, სკოლებში გოგონები უფრო მეტნი დადიან, ვიდრე ბიჭები. ეს სხვაობა უფრო ნათლად სჩანს უფრო მდიდარ რაიონებში, სადაც საშუალო სკოლებში ბიჭების რაოდენობა 15,6 %-ით ნაკლებია, ვიდრე გოგონების.

ლესოთოში უფასო დაწყებითი განათლება შემოღებული იქნა 2000 წელს. ამ პერიოდამდე, ბიჭების დიდ რაოდენობას საერთოდ არ ჰქონდა მიღებული არანაირი დაწყებითი განათლება და სწავლის მაგივრად დროს ხარჯავდნენ შინაური საქონლის მოვლა-შენახვაზე. შედეგად, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის განათლების დონე ქალებისთვის უფრო მაღალია (95 %), ვიდრე მამაკაცებისთვის (83 %). უფასო დაწყებითი განათლების შემოღების დროს, ლესოთოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ფასები თანდათანობით გაეუქმებინა, რაც გამოიხატა 2000 წელს ყველაზე პატარა ბავშვებისთვის სწავლის საფასურის გაუქმებით. 2010 წელს ბავშვების დაწყებითი განათლების მიღების გავრცელება გაიზარდა 82 %-მდე. შემდეგ მიღებული იქნა კანონი განათლების შესახებ, რომლის მიზანი იყო ის, რომ სკოლამდელი განათლება ყოფილიყო არა მარტო უფასო, არამედ გამხდარიყო სავალდებულო.

ლესოთოში მოქმედებს ორი უნივერსიტეტი. მისი მთავარი უნივერსიტეტია დასახლება რომაში მდებარე ლესოთოს ეროვნული უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობს დაახლოებით 2000 დარეგისტრირებული სტუდენტი. 2008 წლიდან დედაქალაქ მასერუში მდებარეობს ლიმკოკვინგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი.

ჯანდაცვა

ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს დაახლოებით 8,3 %-ს. 100 000 ადამიანზე მოდის 5 ექიმი.

შიდსი

ლესოთოს საკმაოდ შეეხო შიდსის ვირუსით დაავადება. 2009 წლის მონაცემებით, ამ დაავადების გავრცელება შეადგენს დაახლოებით 23,6 %-ს, რაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ქალაქებში 40 წელზე უფრო უმცროსი ქალების დაახლოებით 50 % ინფიცირებულია ამ ვირუსით. ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამის განცხადებით, 2006 წელს ლესოთოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისათვის და ქალებისათვის შეადგენდა 42 წელს.

ეს ქვეყანა შიდსის ვირუსით დაავადებას განიხილავს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მთავარ საკითხად და ხელისუფლება ეპიდემიას ებრძვის საკუთარი ეროვნული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში. შიდსთან ბრძოლა მოიცავს მთელ რიგ საკვანძო ღონისძიებებს, მათ შორის დედიდან ბავშვზე ვირუსის გადატანის პროფილაქტიკას და ანტირეტროვირუსულ თერაპიას. დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადატანა გაიზარდა 5 %-დან 2005 წელს 31 %-მდე 2007 წელს. ანტირეტროვირუსული თერაპიის დანერგვამ მოიტანა კარგი პროგრესი, 2008 წელს 38 586 ადამიანმა გაიარა მკურნალობა.

კამპანიამ "იცოდე შენი სტატუსი" შედეგად მოიტანა იმ ადამიანების რაოდენობის ზრდა, რომლებიც გადიოდნენ ტესტირებას შიდსის ვირუსზე და 2007 წლის ბოლოსთვის შეადგინა 229 092 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 12 %, რაც სამჯერ აღემატება 2005 წელს ტესტირებაზე გასულების რაოდენობას. პროგრამას აფინანსებს კლინტონის ფონდი და იგი დაიწყო 2006 წლის ივნისში. ბილ კლინტონი და Microsoft-ის თავმჯდომარე ბილ გეიტსი ლესოთოს ეწვივნენ 2006 წლის ივლისში, რომ შეეფასებინათ მისი ბრძოლა შიდსთან წინააღმდეგ. შედეგად, წლიურ მონაცემებზე დაყრდნობით, შიდსის ვირუსით დაავადებული მოზრდილი ადამიანების რაოდენობა შემცირდა 2005 წლის 2,9 %-დან 2007 წლის 2,3 %-მდე, ხოლო ახლად ინფიცირებულების ყოველწლიური რაოდენობა შემცირდა 26 000-დან 21 560 ადამიანამდე. ეს შიდსის ეპიდემიის ვარდნის პირველი ნიშნებია.

ლესოთოს ტანსაცმლების მწარმოებელი ალიანსის შიდსთან ბრძოლის მასშტაბური პროგრამა (ALAFA) — დარგობრივი პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს პროფილაქტიკას და მკურნალობას, აუცილებლობის შემთხვევაში მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპიის ჩათვლით. ლესოთოში ამ სამკერვალო სფეროში დაკავებულია 46 000 ადამიანი, უპირატესად ქალები. ეს პროგრამა ამუშავდა 2006 წლის მაისში. პროგრამა ეხმარება ორ მთავარ ფაქტორთან ბრძოლაში, რომელიც ხელს უწყობს შიდსის ეპიდემიის გავრცელებას: სიღარიბე და გენდერული უთანასწორობა. ALAFA-ს დარგში გამოკითხვები აჩვენებს, რომ თანამშრომელთა 43 %-ს აქვს შიდსის ვირუსი.

მასმედია

ლესოთოში მასმედიის საშუალებებს წარმოადგენენ: რადიო, ტელევიზია, დაბეჭდილი და ონლაინ პრესა, სტაციონარული და მობილური ტელეფონები და ინტერნეტი.

რადიო

  • რადიოსადგურები: 2 სახელმწიფო რადიოსადგური; ხელისუფლება აკონტროლებს კერძო სამაუწყებლო მასმედიის უმრავლესობას; ასევე შესაძლებელია ზოგიერთი საერთაშორისო მაუწყებლის გადმოცემების მიღებაც (2008 წელი).
    • Radio Lesotho 1050AM.
    • Ultimate 950AM.
    • Radio Lesotho 93.3FM, მხოლოდ მასერუში.
    • People's Choice (PCFM) 95.6FM, მხოლოდ მასერუში.
    • Radio France International (RFI) 95.4FM, მხოლოდ მასერუში.
    • Thaha-Khube 97.1FM, მხოლოდ მასერუში.
    • Harvest 98.8FM, მხოლოდ მასერუში.
    • Moafrica 99.3FM, მხოლოდ მასერუში.
    • Ultimate 99.8FM, მხოლოდ მასერუში.
    • Kereke Evangel, 102FM.
    • Catholic radio 103.3FM.
    • Jeso KE Karabo 105.2FM, მხოლოდ მასერუში.
    • Joy 106.9FM, მხოლოდ მასერუში.
    • Soul Radio Internet based Radio.

ტელევიზია

სატელევიზიო სადგურები: 1 სახელმწიფო ტელესადგური; ხელისუფლება აკონტროლებს კერძო სამაუწყებლო მასმედიის უმრავლესობას; შესაძლებელია თანამგზავრული სატელევიზიო მაუწყებლობის მიღება; ასევე შესაძლებელია ზოგიერთი საერთაშორისო მაუწყებლის გადმოცემების მიღებაც (2008 წელი).

  • ლესოთოს ტელეკომპანიებია:
    • Lesotho Television (LTV 151 on DStv).
    • Trinity Broadcasting Network (TBN).

პრესა

ლესოთოს მთავარი გაზეთებია:

ტელეფონები

  • ქვეყნის სატელეფონო კოდია +266
  • საერთაშორისო გამოძახების პრეფიქსი: 00
  • ძირითადი ხაზები: მოხმარებაშია 43 100 ხაზი, 168-ე მსოფლიოში (2012 წელი).
  • ფიჭური კავშირგაბმულობა: 1,3 მილიონი ხაზი, 153-ე მსოფლიოში (2012 წელი).
  • სატელეფონო სისტემა: რუდიმენტარული სისტემა, რომელიც შედგება სტაციონალური ტელეფონების მოკრძალებული რაოდენობისგან, მცირე მიკროტალღური რადიოსარელეო სისტემა და მცირე რადიოსატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემა; 2001 წელს პრივატიზირებულ ლესოთოს ტელეკომუნიკაციებს დაევალა დამატებით განეხორციელებინა 50 000 სტაციონარული ჩართვა ხუთი წლის განმავლობაში, რაც არ განხორციელებულა; მობილურ-ფიჭური კავშირგაბმულობა დომინირებს ბაზარზე და ფართოვდება. 2011 წელს იგი ყოველ 100 ადამიანზე შეადგენს დაახლოებით 65-ს; სოფლებში მათი რაოდენობა უმნიშვნელოა (2011 წელი).
  • მიწისზედა თანამგზავრული სადგურები: 1 ინტელსატი (ატლანტის ოკეანე) (2011 წელი).

სატელეკომუნიკაციო ოპერატორები

1996 წელს Vodacom-მა ლესოთოს ხელისუფლებასთან თავისი მოღვაწეობა დაიწყო ლესოთოს სატელეკომუნიკაციო კორპორაციაში თავისი წილის მეშვეობით, აქციონერის სახით. როდესაც ლესოთოს ხელისუფლებამ 1999 წელს დაიწყო მისი პრივატიზება, მან წარადგინა პრეტენზიები თავის წილზე. 2000 წლის ივლისში ადგილობრივი საქმიანი ადამიანების და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფი Sekha-Metsi Consortium გამოცხადდა გამარჯვებულად. მას დღეისათვის უკავია ლესოთოს Vodacom-ის დარჩენილი წილის 12 %. 2008 წელს ლესოთოს Vodacom-მმა წარმოადგინა თავისი ახალი პარტნიორი — კომპანია Vodafone.

Telecom Lesotho არის Econet Wireless-ის ჯგუფის ნაწილი და მოქმედებს ცალკე იურიდიული პირის სახით, ადგილობრივი საბჭოების მთლიანი კონტროლის და მმართველობის ქვეშ. ეს მობილური კავშირგაბმულობის ForgetMeNot Africa's eTXT service-ის მოხმარების პირველი აფრიკული ოპერატორია მათი კლიენტების ბაზის ელექტრონული ფოსტის მიღებისა და გაგზავნის სისტემაში ჩასართავად, ნებისმიერი უბრალო მობილური მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის ანუ SMS-ის განხორციელების შესაძლებლობით.

ინტერნეტი

  • ინტერნეტის პირველადი დომენი: .ls
  • ინტერნეტ-მომხმარებელი: 88 602 მოსარგებლე, 170-ე მსოფლიოში; მოსახლეობის 4,6 %, 189-ე მსოფლიოში (2012 წელი).
  • მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით მოსარგებლე აბონენტების რაოდენობა: 2529 აბონენტი, 169-ე მსოფლიოში; მოსახლეობის მხოლოდ 0,1 %, 163-ე მსოფლიოში (2012 წელი).
  • ფართეზოლიანი უგამტარო კავშირი: უცნობია (2012 წელი).
  • ინტერნეტ-ჰოსტები: 11 030 მფლობელი, 131-ე მსოფლიოში (2012 წელი).
  • ინტერნეტ ოქმი — IPv4: 40 448 მისამართი, მთელი მსოფლიოს 0,05 %-ზე ნაკლები, 21,0 მისამართი 1000 ადამიანზე (2012 წელი).
  • ინტერნეტ-პროვაიდერები: 2 ISPs (2013 წელი).

ინტერნეტ-ცენზურა და მეთვალყურეობა

ინტერნეტში დაშვებაზე არ არსებობს არავითარი სამთავრობო შეზღუდვა ან დადასტურებული გარემოებები იმაზე, რომ ხელისუფლება აკონტროლებს ელექტრონულ ფოსტას ან ინტერნეტს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ინტერნეტით ფართედ ვერ სარგებლობენ სოფლის რეგიონებში, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის არქონისა და მისი სარგებლობის მაღალი ფასის გამო.

კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს სიტყვის თავისუფლებას, თუ ის ხელს არ უშლის "თავდაცვას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ მორალს ან საზოგადოებრივ სიჯანსაღეს". ხელისუფლება მთლიანობაში პატივს სცემს ამ უფლებებს. დამოუკიდებელი პრესა, ეფექტური სასამართლო ხელისუფლება და მოქმედი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა მთლიანობაში ხელს უწყობს მასმედიის თავისუფლების წინსვლას, მაგრამ, ჟურნალისტების შევიწროვება და თვითცენზურა შენარჩუნებულია. კანონი კრძალავს სიძულვილის ან ზიზღის გამოხატვას ნებისმიერი ადამიანისადმი, მიუხედავად მისი რასისა, ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა ან ფერისა.

კულტურა

ლესოთო 
ბასუტოს ხალხის ტრადიციულ ზეწარში გახვეული ბავშვი.

ლესოთოს ტერიტორიაზე შემონახულია კლდეზე შესრულებული მოხატულობა, როგორც ჩანს, ბუშმენებისა. სოფლებს აქვთ სწორი გეგმა. ქვიშით ან ალიზით ნაშენი ქოხები განლაგებულია წრიულად (შუაში დგას საკრებულო სახლი), გადახურულია თივის ორ ან ოთხფერდა სახურავით. საოჯახო ნივთებს ამკობენ კვეთილი გეომეტრიული ორნამენტით. ამზადებენ ხის სტატუეტებს, კერამიკულ ნაწარმს.

ლესოთოში საცხოვრებლის ტრადიციულ სტილს ჰქვია mokhoro. ბევრი ძველი სახლი, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში, მიეკუთვნება ამ ტიპს. კედლები ასეთ სახლებში, როგორც წესი, აშენებულია ერთმანეთში შეცემენტირებული დიდი ქვებისაგან. დღეისათვის ასევე გამოიყენება ალიზის აგურები და განსაკუთრებით ბეტონის ბლოკები, ასევე დღემდე გავრცელებულია თივით გადახურული სახურავი, თუმცა ხშირად მას ცვლიან ტოლის ფურცლებით.

ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები მოიცავენ ფლეიტის სახეობას lekolulo, რომელზეც ძირითადად ბიჭები უკრავენ, setolo-tolo, რომელზეც პირით უკრავენ მამაკაცები და ქალების დასაკრავი სიმებიანი thomo.

ლესოთოს ჰიმნი "Lesotho Fatše La Bo-ntata Rona", სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ლესოთო, ჩვენი წინაპრების მიწა".

ტრადიციული სამოსი ადგილობრივებს ტანზე აქვთ შემოხვეული, სქელი ზეწრის სახით, რომელიც ძირითადად მატყლისგან შედგება. ზეწრებს ქვეყანაში ყველგან იყენებენ წლის ნებისმიერი სეზონის განმავლობაში, რომელსაც ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად იცვავენ.

მორიჯას ხელოვნებისა და კულტურის ფესტივალი ბასუტოს ხალხის ხელოვნების და მუსიკის მკაფიო გამოხატულებაა. ის ყოველწლიურად ტარდება ძველ ქალაქ მორიჯაში, სადაც 1833 წელს პირველად მივიდნენ მისიონერები.

ლესოთოს სამზარეულო მოიცავს აფრიკულ ტრადიციებს და ბრიტანულ გავლენას.

სპორტი

ლესოთო 
საფეხბურთო მატჩი ლესოთოში

ლესოთო მონაწილეობს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშებიდან, ძირითადად მძლეოსნობის შეჯიბრებებში (ქვეყანამ მონაწილეობა არ მიიღო მხოლოდ მონრეალის 1976 წლის თამაშებზე). ლესოთოს არასოდეს არ მიუღია მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. თავისი მონაწილეობის პერიოდში ლესოთოს სპორტსმენებს არ მოუპოვებიათ არც ერთი სახის ოლიმპიური მედალი.

ლესოთოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შეიქმნა 1971 წელს, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა 1972 წელს.

1974 წლიდან დაწყებული ლესოთომ მონაწილეობა მიიღო 10 თანამეგობრობის თამაშებში და მხოლოდ 1982 წლის თამაშები გამოტოვა. სულ ამ ათ თამაშებში ქვეყანამ აიღო 3 მედალი. ამ თამაშებში პირველი მედალი ქვეყნის სპორტსმენებმა მოიპოვეს მამაკაცების მარათონში, 1998 წელს გაიმარჯვა თაბისო მოქჰალიმ და მოიპოვა ოქროს მედალი. 2002 წელს კრივში (54 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეზეკიელ ლეტუკამ, ხოლო 2006 წელს ასევე კრივში (64 კგ) ვერცხლის მედალი დაიმსახურა მოზეს კორომ.

ლესოთოს ფეხბურთის ასოციაცია დაარსდა 1932 წელს, ფიფას წევრია 1964 წლიდან. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ლესოთოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ვერასოდეს ვერ გადალახა ვერც მსოფლიო ჩემპიონატის და ვერც აფრიკის ერთა თასის კვალიფიკაცია.

დღესასწაულები

ლესოთოში სადღესასწაულო დღეებია:

თარიღი დასახელება
1 იანვარი ახალი წელი
11 მარტი მოშვეშ I-ის დღე
29 მარტი დიდი პარასკევი
1 აპრილი აღდგომის ორშაბათი
1 მაისი მშრომელთა სოლიდარობის დღე
9 მაისი ამაღლება
25 მაისი აფრიკის დღე
17 ივლისი მეფე ლეტსი III-ის დაბადების დღე
4 ოქტომბერი დამოუკიდებლობის დღე
25 დეკემბერი ქრისტეს შობა
26 დეკემბერი საჩუქრების დღე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

ლესოთო 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

ლესოთო გეოგრაფიალესოთო ისტორიალესოთო პოლიტიკური წყობალესოთო პოლიტიკური პარტიებილესოთო საგარეო პოლიტიკალესოთო შეიარაღებული ძალებილესოთო ადმინისტრაციული დაყოფალესოთო მოსახლეობალესოთო ეკონომიკალესოთო სოციალური სფეროლესოთო მასმედიალესოთო კულტურალესოთო სპორტილესოთო დღესასწაულებილესოთო ლიტერატურალესოთო რესურსები ინტერნეტშილესოთო სქოლიოლესოთოანკლავიაფრიკადიდი ბრიტანეთიზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებიინგლისური ენამასერუპროტექტორატისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასამხრეთი აფრიკასახელმწიფო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წმინდა ნინოლიბერალიზმიკუებინოე ჟორდანიასაქართველო XIII საუკუნეშიაფხაზეთიასტრიდ ლინდგრენისაქართველოს სატელეფონო კოდებირუსეთ-საქართველოს ომი (1921)დავით VII ულუკოლოსეუმისაქართველოს სამეფობაგრატიონებიბზობათევზებისაქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდააჭარადედამიწის დღეადამიანის ჩონჩხიძაღლიმიწისძვრასახელმწიფოგია ჯაფარიძერომაული მითოლოგიაილია IIრიონიარაპენეტრაციული სექსიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემააფრიკის ქვეყნების სიაშინაური ძაღლინიკოლოზ ბარათაშვილიბერძნული კოლონიზაციასოფლის მეურნეობათბილისის ტელეანძათურქეთის ისტორიაშავი ზღვის თევზების სიაგერმანიადემარშიკვარცითამარ მეფედედა ენაქართული ღვინოლადო ასათიანიმიქელანჯელო ბუონაროტირაჭატოლერანტობაიბერიაშამქორის ბრძოლა (1195)ბორჯომისვეტიცხოველიმდინარერკინასამკურნალო მცენარეებისუდანიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიმხედრულირთველიფუტკრებილუქსემბურგიიოსებ სტალინისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაკანონი (ნორმატიული აქტი)სამანიშვილის დედინაცვალიზმნასათბურის ეფექტიაბო თბილელის წამებაატომიამირანი (მითოლოგია)ნეპტუნითავისუფლების მოედანი (თბილისი)ბრაზილიაემპათიაძირითადი საშუალების ცვეთაკრასუსიევროკავშირი🡆 More