Xviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა

მე-9 საუკუნედან 1704 წლამდე შოტლანდია და დიდი ბრიტანეთი დამოუკიდებელი ქვეყნები.

პოლიტიკური მდგომარეობა

შოტლანდია, ირლანდია და ინგლისი

Xviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა 
ინგლისი ევროპის რუკაზე

თუმცა აღსანიშნავია მათი გაერთიანება, 1603 წელს ჯაიმს VI-ის(შოტლანდიის მხრიდან) სწორი პოლიტიკური ნაბიჯები თავის მონათესავე ელიზაბეთ I-თან (ბრიტანეთის მხრიდან) დაკავშირებით, რომლის შემდეგაც ბრიტანეთის კუნძული ერთი მონარქის მმართველობაში იყო და ეს მმართველი ჯეიმზ VI იყო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრიტანეთის მმართველის ხელში იყო ირლანდიის კუნძულის მართვის უფლებაც.

მიუხედავად ამისა, სამივე სამეფოში ჰყავდათ საკუთარი პარლამენტი და ჰქონდათ საკუთარი კანონები.

ყოველივე ეს შეიცვალა, როდესაც ბრიტანეთმა 1707 წლის გაერთიანების აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც უნდა ყოფილიყო ერთ მმართველი და ერთი საერთო პარლამეენტი. ირლანდია ამ ყველაფრისაგან განცალკევდა და საკუთარი პარლამენტი დაიტოვა, მაგრამ ეს მხოლოდ 1800 წლამდე გაგრძელდა.

საკანონმდებლო ძალა ბოლოს გადავიდა როგორც გაერთიანებული  ბრიტანეთის სამეფოს კუთვნილებაში, რომელმაც სათითაოდ ჩაანაცვლა შოტლანდიისა და ინგლისის პარლამენტები. რეალობაში ეს იყო იგივე ინგლისის პარლამენტი ვესტმინსტერში, რომელსაც დაემატნენ შოტლანდიის წარმომადგენლები. პარლამენტი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: საზოგადოებრივი წარმომადგენლობითი პალატა, ლორდთა პალატა და მეფე. თუმცაღა აღსანიშნავია რაოდენობრივი განსხვავება ინგლისისა და შოტლანდიის წარმომადგენლობებისა პარლამენტში. ინგლისელი დიდებულების უფლება რომ მსხდარიყვნენ ლორდთა პალატაში ზელუზლებელი დარჩა და ამას დაემატა შოტლანდიელი ლორდები, რომელთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებს, 16 წარმომადგენელს შეადგენდა. ხოლო რაც შეეხება მესამე წოდების, საზოგადოების პალატას, აქ შოტლანდიელთა წამრომადგენლობის რაოდენობა 45-მდე იყო შემცირებული. ასე გამოიყურებოდა იმდროინდელი ბრიტანეთის გაერთიანების პოლიტიკური მოდელი.

მეფეები და საერთაშორისო ურთიერთობები

მე-18 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთს მართავდა ჰანოვერელთა დინასტიის წარმომადგენელი გეორგ I (1714-1727). მან ჩამოაყალიბა ვიგების პარტია 1714 წელს. ეს პარტია იყო ხელისუფლება მაშინდელი ბრიტანეთისა, რომელსაც თავდაპირველად დიდი წარმატებით არ უმოღვაწია, მხოლოდ გეორგ III-ის დროს მოახერხა წარმატების მიღწევა როგორც მმართველმა ხელისუფლებამ.

1719 წ.-ში. 1717 წ. ინგლისმა მონაწილეობა მიიღო ე. წ. ოთხთა კავშირში, რომელიც მიმართული იყო ესპანეთის მინისტრის ალბერონის პოლიტიკის წინააღმდეგ. მან გამოუცხადა ომი ესპანეთს და გაანადგურა მისი ფლოტი. 1720 წ. ქვეყნის შიგნით გაჩაღდა ფინანსური კრიზისი.

Xviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა 
ინგლისის მეფე გეორგ I

გეორგ II-ის დროს (1727-1760) პარტიების მდგომარეობაში არ მომხდარა არანაირი ცვლილება. ვიგები უწინდებურად რჩებოდნენ მმართველობის საჭესთან და ავლენდნენ დიდ მშვიდობისმოყვარეობას. მაგრამ 1739 წ. ინგლისელების სავაჭრო ინტერესებზე ესპანეთის მხრიდან თავდასხმების შედეგად, ვალპოლი იძულებული იყო უკანასკნელისთვის ომი გამოეცხადებინა, რომელსაც, თუმცა კი აწარმებდნენ საკმაოდ დუნედ და მცირე წარმატებით. ავსტრიის მემკვიდრეობისთვის ომში ინგლისმა, როგორც პრაგმატული სანქციის ერთ-ერთმა თავმდებთაგანმა, დაიჭირა მარია-ტერეზიას მხარე. თავდაპირველად, სანამ მინისტრად რჩებოდა ვალპოლი, ინგლისის დახმარება იფარგლებოდა მხოლოდ სუბსიდიებით; მაგრამ როდესაც მმართველობა გადავიდა საფრანგეთის მოძულე ლორდ კარტერეტის ხელში, უკანასკნელს გამოუცხადეს ფორმალური ომი. ინგლისური ჯარები გადასხდნენ ნიდერლანდებში, სადაც მათ შეუერთდა ჰესენელებისა და ჰანოვერელებისგან შემდგარი 16-ათასიანი არმია. გეორგ II-მ პირადად მიიღო ჯარებზე უფროსობა და 1743 წ. 27 ივნისს დაამარცხა მარშალი ნოალი მაინის დიოტინგენთან. თუმცა კი 1745 წ. ივლისში ახალგაზრდა ავანტიურისტი გადავიდა შოტლანდიის ნიადაგზე (იაკობიტები იყვნენ ოპოზიციონრები, ვიგების მოწინააღმდეგეები) და აღმართა იქ იაკობიტების აჯანყების დროშა, რომელმაც მით უფრო მრისხანე სახე მიიღო, რადგანაც მთელი ჯარები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. კუმბერლენდის ჰერცოგმა იჩქარა ძლიერი რაზმით დაბრუნებულიყო ნიდერლანდებიდან და 1746 წ. 27 აპრილს კულოდენთან გამარჯვებით დასასრული დაუდო ამბოხებას.  ინგლისმა მიაღწია მხოლოდ ზოგიერთ სავაჭრო სარგებელსა და გეორგ II-ის აღიარებას საფრანგეთის მხრიდან. მმართველობის სათავეში ჯერ კიდევ რჩებოდნენ ვიგები, თავიდან პელჰემის, ხოლო შემდეგ კი მისი ძმის, ჰერცოგ ნიუკესტლის ხელმძღვანელობით. 1755 წ. ინგლისსა და საფრანგეთს შორის გაჩაღდა ომი ამერიკაში საზღვრების თაობაზე დავის გამო. თავიდან ინგლისელებს ბედი არ სწყალობდათ, მაგრამ 1756 წ. მინისტრად უილიამ პიტის დადგომის შემდეგ, რომელიც მეფის საპირისპიროდ, რომლისთვისაც ყველაზე უფრო ძვირფასი იყო ჰანოვერის ინტერესები, მიჰყვებოდა წმინდად ეროვნულ პოლიტიკას, საქმეებმა მიიღეს ახალი სახე. ინგლისელები დაეუფლნენ ამერიკაში კვებეკსა და მონრეალს, ინდოეთში _ კალკუტას, სურატსა და ფონდიშერს. მიუხედავად ამდენი ტერიტორიის დაპყრობისა, ამ პერიოდში ბრიტანეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, შეიქმნა სოციალური პრობლემები, ქაოსი, ამ პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ომები იყო.

გეორგ I-ის და გეორგ II-ს მმართველობები დაახლოებით ერთმანეთს ჰგავდა, რამეთუ მათი პოლიტიკური ხედვა ძალაუფლების მოხვეჭა და კოლონიების ხელში ჩაგდება-განმტკიცება იყო.

გეორგ II-ის შემდეგ გამეფდა გეორგ-III (1760-1820). მისი მეფობის პერიოდში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ მოხდა ბრიტანეთში. გარდაუვალი ომი გაგრძელდა ესპანეთთან. ამ პერიოდში ბრიტანეთი პოლიტიკურ გარიგებებს აწარმოებს საფრანგეთთან და სამშვიდობო ხელშეკრულებით იგი ახერხებს საფრანგეთისგან შეიძინოს კანადა, კაპ ბრეტონი, სენ ვინცენტის კუნძულები, დომინიკო და ტაბაგო. რაც შეეხება ესპანეთს, ინგლისმა მისგან მიიღ ფლორიდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო უფლებები. თუმცა, ამ მცირე გამდიდრებებმა ქვეყანა მაინც ვერ გამოიყვანა კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა ომის დროიდან. სახელმწიფო ვალი გაიზარდა 106 მლნ.-მდე, ხალხში გაბატონებული იყო საერთო უკმაყოფილება პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელმაც ინგლისს მოუტანა იმაზე ნაკლები სარგებელი ვიდრე ნავარაუდევი იყო. ამიტომ ამ პერიოდში გვაქვს ცვლილებები ბრიტანეთის სამმართველო ორგანოებში. ამჯერად ბრიტანეთი იღებს ახალ პოლიტიკურ კურსს და შემოსავლების წყაროდ  ჩრდილო-ამერიკულ კოლონიებს ხედავს. ბრიტანთმა გაზარდა საბაჯო გადასახადი და 1765 წლის მარტში შემოიღო საშტემპელო გადასახადი (ბეგარა). კოლონიებმა აღშფოთებით უარყვეს მიღებული თვითნებური გადაწყვეტილება ბრიტანეთის მხრიდან და აჯანყდნენ ინგლისის წინააღმდეგ. 1776 წელს ბრიტანეთი აცხადებს 13 შეერთებული შტატის დამოუკიდებლობას. ამ ფაქტით ისარგებლეს საფრანგეთმა და ესპანეთმა და მხარში ამოუდგნენ აჯანყებულ კოლონიებს ბრიტანეთის წინააღმდეგ. 1778 წელს კოლონიებმა კავშრი შეკრეს საფრანგეთთან და 1779 წელს კი ესპანეთთან.  1782 წ. 30 ნოემბერს ხელი მოეწერა ცალკეულ სამშვიდობო ხელშეკრულებას კოლონიებთან, რომლების მხარეზეც აღიარებულ იქნა სრული დამოუკიდებლობა, ხოლო 1783 წ. სექტემბერში დაიდო საერთო სამშვიდობო ხელშეკრულება ვერსალში. ინგლისს უკან უნდა დაებრუნებინა საფრანგეთისთვის ტაბაგო, სენ-პიერი და მიკელონი, ხოლო ესპანეთისთვის - ფლორიდა და მინორკა. ამ ქაოსით ისარგებლა ირლანდიამაც, აჯანყდა და მოითხოვა რწმენის აღმსარებლობა და ვაჭრობის თავისუფლება. 1782 წ. ბრიტანეთის პარლამენტი იძულებული იყო გაეუქმებინა 1720 წ. კანონები, რომლებიც ირლანდიის პარლამენტს უმორჩილებდა ბრიტანეთის პარლმენტის დადგენილებებს. ამასთან ერთად შეზღუდულ იქნა მეფისნაცვლის ძალაუფლება, რამაც ირლანდიას მისცა უფრო მეტი პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

ბრიტანეთს გაუმართლა ოსტ-ინდოეთის დაკნინებით იმ პერიოდში (ნიდერლანდების კოლონია, რომლისგანაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე ინდონეზია ჩამოყალიბდა). რის შედეგადაც ოსტ-ინდოეთს მოუწია გადაეხადა მძიმე სამხედრო კონტრიბუცია, რაც ბრიტანეთს დაეხმარა ენახა გარკვეული ანაზღაურება ჩრდილოეთ ამერიკაში განცდილი დანაკარგებისთვის.

თავად პარლამენტში ვიგების ოპოზიციამ, რომელსაც მეთაურობდნენ ისეთი ბრწყინვალე ტალანტები, როგორებიც იყვნენ ედმუნდ ბორკი და ფოქსი, ჩაიფიქრა მთელი რიგი ლიბერალური პოლიტიკური რეფორმებისა. მის კეთილ განზრახვებს მოულოდნელად დასასრული დაუდო საფრანგეთის რევოლუციამ, რომელმაც აიძულა მდიდარი კლასები დაევიწყებინათ თავიანთი უწინდელი უთანხმოებები და უფრო მჭიდროდ დაჯგუფებულიყვნენ მთავრობის გარშემო. ამით რა თქმა უნდა ისარგებლა ინგლისმა, ჯერ საფრანგეთის დესპანი განდევა ქვეყნიდან, შემდეგ კი ომიც გამოუცხადა 1793 წელს. ბრიტანეთმა თითქმის სრულებით განდევნა ფრანგები ოსტ- და -ვესტ-ინდოეთიდან, ხელთ იგდო კეთილი იმედის კონცხი და ა.შ.

Xviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა 
წითელი-ინგლისი, შოტლანდია, უელსი მწვანე-ირლანდია

მე-18 საუკუნის დასასრულს ბრიტანეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა ურჩი ირლადია დაემორჩილებინა და საბოლოოდ მიეჯაჭვა იგი თავითან. ხანმოკლე ომის შემდეგ 1799 წელს ინგლისმა ირლანდიას თავისთან შერწყმის პირობა წაუყენა, ირლანდიის მხრიდან ეს პირობა უარყოფილ იქნა თუმცა 1800 წელს ირლანდია დანებდა. ახალი კანონის მიხედვით 28 ირლანდიელი ლორდი 4 ეპისკოპოსთან ერთად, უნდა მჯდარიყო ზედა პალატაში, ხოლო 100 ირლანდიელი დეპუტატი - ქვედა პალატაში. ამასთანავე ორივე სახელმწიფო გათანაბრებულ იქნა უფლებებში და ურთიერთობები მათ შორის გამოცხადებულ იქნა თავისუფლად. მაგრამ სინამდვილეში ირლანდიის მოსახლეობის შვიდი მერვედი, როგორც კათოლიკები, უწინდებურად რჩებოდნენ ყველანაირი პოლიტიკური უფლებების გარეშე (მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ეს უფლებები).

არც 1800-იანი წლებია ბრიტანეთის მშვიდობიანი. საფრანგეთის მოძლიერების გამო ინგლისი საფრთხეს გრძნობდა ევროპული ნავსადგურის დაკარგვისა. ამიტომ 1803 წელს კვლავ ომი გამოუცხადა საფრანგეთს. თუმცა, მაინც ვერ მოახერხა პოზიციების გამაგრება, საფრანგეთს მხარი რუსეთმაც დაუჭირა და შესაბამისად ინგლისმა ყველა ევროპულ ნავსადგურზე, პორტუგალიის და შვედეთის გარდა, კონტროლი დაკარგა.

1810 წ. ბოლოსთვის ინგლისელების ხელში რჩებოდა მხოლოდ კადიქსი და ლისაბონი. სამაგიეროდ მსოფლიო ზღვაზე ინგლისი უწინდებურად ინარჩუნებდა თავის უპირატესობას, მაშინ როდესაც ფრანგებმა ამ დროის მანძილზე დაკარგეს მთელი თავიანთი კოლონიები.

ინგლისი ძალას არ იშურებდა, მიმართავდა ყველანაირ პოლიტიკურ ხრიკს წაეხალისებინა ევროპელი დერჟავები ერთიანი ბრზოლისთვის ნაპოლეონის წინააღმდეგ. ნაპოლეონი საბოლოოდ დაეცა და პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებამ (1814წ. 30 მაისი) ბრწყინვალედ დააგვირგვინა ბრიტანეთის ძალისხმევა. შედეგად ბრიტანეთი დაეპატრონა საფრანგეთსგან დათმობილ შემდეგ ტერიტორიებს: მალტა, ილ-დე-ფრანსი, ტაბაგო, სან-ლიუსი და სეიშელის კუნძულები; დემერარი (გვიანაში), ჩინებული ბამბის პლანტაციებით, კეთილი იმდის კონცხი და მთელი ცეილონი, იონიის კუნძულები. ასევე მოხერხდა უთანხმოების მოგვარება ჩრდილოეთ ამერიკის შშეერთებულ შტატებთანაც. 

ეკონომიკა

მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანეთის საზოგადოების მთავარი მახასიათებელია მისი მოწყობა სტატუსობრივი იერარქიით.მდიდრებსა და ღარიბებს შორის ძალიან დიდი და ღრმა უფსკრული იყო . უმაღლესი რანგის წამომადგენლები იყვნენ წარჩინებულები ,რომელთაც წლიურად £8,000 ჰქონდათ შემოსავალი,მაშინ როცა ფერმერთა და თავისუფალ მესაკუთრეთა წლიური ხელფასები £40-დან £150-მდე მერყეობდა წელიწადში .იყვნენ უფრო მდიდარი წარჩინებულებიც,თუმცა ისინი უმცირესობას წარმოადგენდნენ.

როგორც აღმოჩნდა,მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანელ საზოგადობაში სტატუსს ქონება განსაზღვრავდა.მოხდა მრავალი მოვლენა,რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა საზოგადოების მდგომარეობა.შეგვიძლია დავასკვნათ,მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანეთში ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

შრომის დაყოფა

მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანელი საზოგადოება განსაკუთრებით იყო დაინტერესებული პიროვნების სტატუსითა და კლასით.ქალაქები სავსე იყო ვაჭრებისა და ხელოსნების დიდი რაოდენობით,რომლებიც იყოფოდნენ ზუსტად დიფერენცირებულ ფენებად.ეს ფენები დაფუძნებული იყო ხალხის სამუშაოს ტიპსა და ჯამაგირზე.ყველაზე ბოლო საფეხურზე იმყოფებოდნენ არაკვალიფიციური მშრომელები,მტვირთავები და ქუჩის გამყიდველები.მათზე დაწინაურებულნი იყვნენ კვალიფიციური მუშები და ხელოსნები.მდიდარი და პრივილიგირებული ხელოსნები და დამქირავებლები საკუთარ სახლებში მუშაობდნენ და სტატუსით მედუქნეებს უთანაბრდებოდნენ.

ინდუსტრიული ხელოვნება

ლონდონი იყო ცენტრი ნიჭიერი ხელოვანებისათვის,რომლებიც ჩართულნი იყვნენ ვაჭრობაში და ასევე აწარმოებდნენ სხვადასხვა ხელსაწყოებს,ავეჯს ქვეყანაში და საზღვარგარეთ ვაჭრობისთვის,სხვადასხვა ფუფუნების საგნებსა და მომსახურებებს...ჩამოთვლილთაგან თითოეული პრესტიჟული და კარგად ანაზღაურებადი საქმიანობა იყო.ამ საქმეთა სპეციალისტები იყვნენ მომუშავეთა კლასის მაღალი წოდების წარმომადგენლები.მომუშავე მამაკაცებს ჰქონდათ უფლება,პრაქტიკა გაევლოთ თავიანთ პროფესიებში ,,ლონდონის კორპორაციაში“.გამოიყოფოდა ორი ძირითადი კლასი : თავისუფალი მოქალაქეები და გილდიების წევრები.უკანასკნელთ ჰქონდათ მაგისტრატებისა და ქალაქის პარლამენტის წევრების არჩევის უფლება.ისინი იყვნენ ადამიანები,რომლებიც მართავდნენ ლონდონს. თავისუფალ მოქალაქეებს მხოლოდ შეეძლოთ ევაჭრათ,მაგრამ არ ჰქონდათ პოლიტიკური პრეროგატივები.

ინდუსტრიული რევოლუცია

მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში სასოფლო ინდუსტრიის კონცენტრაცია შეინიშნებოდა.ამ პერიოდს პროტო-ინდუსტრიალიზაცია ეწოდა.

ძირითადი განსხვავება მოდერნულ და პრეინდუსტრიულ საზოგადოებებს შორის განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო  საქმიანობის მნიშვნელობის ცვლით.

თვით ინდუსტრიალიზაცია მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში (ბრიტანეთი) დაიწყო და გაგრძელდა მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე.მისი მთავარი მახასიათებელი მეორეული სექტორის (წარმოება,წიაღისეულის მოპოვება და მშენებლობა)  დაწინაურება იყო.რომ არა დიდი ბრიტანეთი ,ევროპა და ამერიკა ინდუსტრიალიზაციას მაინც შეძლებდნენ,მაგრამ რაღაც გარკვეული ცვლილებებითა და განსხვავებული გეზით.ამით კარგად ვხედავთ ინდუსტრიალიზაციის პროცესში დიდი ბრიტანეთის როლის მასშტაბურობას.

ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ტექნოლოგიები.ამით  ადამიანებს საშუალება მიეცათ,უფრო სწრაფად და მარტივად შეესრულებინათ სამუშაო.

დიდმა ბრიტანეთმა შეძლო ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება,რომლებმაც შემდეგ გზა გაკვალა ინდუსტრიული რევოლუციისკენ.რევოლუცია დაიწყო საფეიქრო ინდუსტრიით- ქიმიური მეცნიერების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ხელოვნური და სინთეტიკური ქსოვილების დამზადება.შემდეგი იყო რკინის დამუშავების უფრო დახვეწილი მეთოდები და ქვანახშირის გაზრდილი მოხმარება.ქვანახშირმა შედარებით ჩაანაცვლა ხის მოხმარება ენერგიის გამომუშავებისათვის.აქამდე თუ იძულებულნი იყვნენ,დიდი ინდუსტრიები ენერგიის გამომუშავების შეზღუდული რესურსების გამო ტყეებისა და მდინარეების მახლობლად დაეარსებინათ,ახლა ქვანახშირზე მომუშავე მექანიზმების გამოყენების შედეგად შესაძლებელი გახდა საწარმოთა დაარსება საქალაქო ცენტრებში.ეს საწარმოები,რა თქმა უნდა,უფრო დიდი პროდუქტიულობით გამოირჩეოდნენ და ამზადებდნენ საქონელს ,როგორც ქვეყნის საზღვრებში გასაყიდად,ისე საექსპორტოდ.

ასევე მიუხედავად რკინის გამოწრთობის ძველი ტექნიკებისა,კოქსისა და ქვანახშირის გამოყენების შედეგად გამოდნობის პროცესმა რკინა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და გააორმაგა მისი გამოყენება.

ბრიტანეთის ვაჭრობას უფრო ფართო შესაძლებლობები გაუჩნდა სხვადასხვა კანალებისა და გაუმჯობესებული გზებისა თუ რკინიგზების გაცნობის საშუალებით.უფრო დიდი რაოდენობით სიმდიდრემ დაიწყო ქვეყანაში შესვლა.

ასეთი ცვლილებების საშუალებით მომუშავეთა პროდუქტიულობა უფრო გაიზარდა,წარმოება კი უფრო გაიაფდა და მეტად ხელსაყრელი გახდა ქვეყნისთვის.სწორედ ამიტომ ინდუსტრიულ რევოლუციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანული ეკონომიკისათვის.

საბოლოო ჯამში , 1750-დან 1850 წლამდე შეინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი მომუშავე კლასის ცხოვრების დონეში.მომუშავეთა ძირითადმა ნაწილმა შეძლო თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება,მაგრამ ამავდროულად გაუმჯობესდა მათი მდგომარეობაც,ვის შემოსავლის წყაროსაც ქირა და დამატებითი სარგებელი წარმოადგენდა.ანუ უთანასწორობა სიმდიდრესა და შემოსავლის განაწილებაში ,რომელიც უკვე არსებობდა,უფრო გაიზარდა.ეს საკითხი კი მრავალ კითხვას უჩენს ექსპერტებს.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა

ბრიტანეთის სოფლის მეურნეობა მეთექვსმეტე საუკუნის შემდეგ მუდმივად იცვლებოდა. გვიანი 1600-იანებიდან ზოგ მემამულეს უკვე ჰქონდა შემოზღუდული მიწა, რგავდა და თესავდა გაუმჯობესებულ კულტურებს და სწავლობდა მიწის დამუშავების ახალ ხერხებს.

მიუხედავად იმისა,რომ 1714-1815 წლები იყო ინდუსტრიული რევოლუციის ხანა და ამ და სხვა პროცესებმა ვაჭრობა და წარმოება უფრო მიმზიდველ საქმიანობებად აქციეს, მიწათმოქმედება მაინც ერთ-ერთ წამყვან საქმიანობად რჩებოდა: მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ ისევ აგრძელებდა ცხოვრებას სამეურნეო საქმიანობით, ან გარკვეულწილად მაინც დაკავშირებული იყო მიწის დამუშავებასთან. ქვეყნის ნაციონალური შემოსავლის ნახევარს სწორედ მემამულეთა და მიწის მეპატრონეთა შემოსავალი წარმოადგენდა. სასოფლო-სამეუნეო საქმიანობაში ჩართული იყო ინგლისელი მოსახლეობის ნახევარზე მეტი. დაახლოებით 25 მილიონი აკრი მიწა იყო დამუშავებული, აქედან ნახევარზე ტრადიციული მეთოდები იყო გამოყენებული. ეს ტრადიციული მეთოდები დაინერგა შუა საუკუნეების სოფლის მეურნეობაში და შემდეგ ძალიან შეიცვალა მეთვრამეტე საუკუნეში.

მეთვრამეტე საუკუნის ინგლისში დომინირებდნენ მამულების მფლობელნი,რომლებმაც მიწის ნაკვეთები მიაქირავეს მოიჯარე  ფერმერებს. ეს ფერმერები ლეგალურად თავისუფალნი იყვნენ. ისინი თავიანთ ოჯახთან და დაქირავებულ მომუშავეებთან ერთად ამუშავებდნენ მიწას. მომუშავენი იყვნენ ქალებიც და მამაკაცებიც. ფეოდალური ხანის ფუნქცია-მოვალეობანი წარსულს ჩაბარდა,მაგრამ გარკვეული ელემენტები ისევ შემორჩა შუა საუკუნეებიდან.

ძველი სისტემა,საბოლოო ჯამში,არაეფექტური იყო:მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი რჩებოდა და მომუშავენი და ფერმერებიც იძულებულნი იყვნენ მიწებს შორის გრძელი გზა გაევლოთ.მაგალითად,იყო შემთხვევა,როცა ერთი ფერმერი ფლობდა ოცდაოთხ მიწას სხვადასხვა მინდორში.ასეთ დროს რთული ხდებოდა ახალი კულტურებისა და ტექნიკის გამოცდა,მიწების განოყიერება…რთულდებოდა დიდი რაოდენობის პირუტყვის გადარჩენა ზამთრის სუსხში ან ნათესების საქონლისაგან დაცვა.მოსავალი კი მეტად მცირე იყო.

სასოფლო-სამეურნეო წარმოება გაიზარდა მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში.ამის მიზეზად მიიჩნევენ საფერმო უფრო თანამედროვე სექტორების მიღწევებსა და 1730-40-იანების იდეალურ მოსავალს.ინგლისში გაჩნდა ჭარბი ხორბალი ექსპორტისთვის.საჭმლის ფასი მეტად დაბალი იყო და ამ ფაქტმა ათასობით ბრიტანელი მომხმარებელი მოგებული დატოვა,რადგან უკვე შეეძლოთ საჭმლისთვის განკუთვნილი ფულის ნაწილი სხვა მომსახურებასა თუ ნივთებზე დაეხარჯათ.ამ ყველაფრის გამო,მრავალი ადამიანისთვის ინგლისის მიწები მდიდარი,ნაყოფიერი და მიმზდიველი ჩანდა.

ასეთი სასფოლო-სამეურნეო მდგომარეობის ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო მიწის ფლობა.როგორც ზემოთ ვახსენე,ბრიტანეთის კლასობრივი სტრუქტურა არისტოკრატებს შორის ქონებაზე,განსაკუთრებით - მიწის ფლობაზე იყო დამყარებული.ტრადიციულად,სოციალურად მიღებული ერთადერთი მისაღები შემოსავალი მისი მიწის იჯარის გადასახადი იყო.

ქონება და საკუთრება ასევე იყო მთავარი გზა პარლამენტში წარდგენისთვის.საკუთრების მქონენი საკუთარ თავებს მიიჩნევდნენ მასებზე ბატონობის ბუნებრივი უგლების მქონეებად.სწორედ მიწაღმფლობელები გვევლინებიან მმართველ კლასებად, ინგლისის ბედის მაკონტროლებლებად და ქვეყნის და ხალხის ინტერესის განმკარგველებად.

კომერციული საქმიანობა

თვით ბრიტანეთის იმპერია აღმოცენდა მარკანტილიზმის ერაში.ეს იყო ეკონომიკური თეორია,რომელიც მომხრე იყო ექსპორტისა,მაგრამ ეწინააღმდეგებოდა იმპორტს.ეს თეორია თავისუფალ ვაჭრობას ზღუდავდა.

ბრიტანელების დაპყრობების შემდეგ ინდოეთის,კანადისა და დასავლეთ ინდოეთის ტერიტორიები ბრიტანელებისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოკავშირეები გახდნენ: ლონდონელმა ვაჭრებმა დაიწყეს დიდი მოცულობის სიმდიდრის მიღება ამ ქვეყნებთან ვაჭრობის შედეგად.ასევე დიდი რაოდენობით სრული განაკვეთით მომუშავე მოვაჭრეებმა და სპეციალიზებულმა ხელოსნებმა დაიწყეს ქალაქებში ცხოვრება.

1729-1748 წლების ესპანეთის ომმა დროებით დააყოფნა სავაჭრო საქმიანობის პროგრესი.ომის შედეგი იყო ის,რომ ესპანეთს შეეძლო ვაჭრობა ეწარმოვებინა ევროპაში ესპანურ პორტებთან მხოლოდ. ეს დიდი ბრიტანეთისთვის მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდა:ესპანეთმა ძირითადად ინგლისისგან დაიწყო პროდუქტის ყიდვა თავის კოლონიებში ექსპორტისთვის.

1756-1763 წლები მნიშვნელოვანია საფრანგეთთან ომით.ეს ომი შვიდი წელი გაგრძელდა.ბრიტანეთის ძალა უდიდესი იყო,როგორც ხმელეთზე,ასევე ზღვაში.დიდი მიღწევა იყო ფრანგების გაძევება კანადიდან.საბოლოო ჯამში ბრიტანეთის ვაჭრობა და სიმდიდრე ზრდას განაგრძობდა.

1728 წლისთვის ბრიტანეთი ლონდონის პორტში ფლობდა 1417 ხომალდს.ვაჭრობის ძირითადი წყარო სწორედ ზღვა იყო.

ბრიტანეთის ომი თავის კოლონიებთან ძალიან საზიანო აღმოჩნდა ქვეყნისთვის.1778 წლისთვის მოვაჭრეებმა 733 გემი დაკარგეს.ზარალის რაოდენობა £2,600,000-ს შეადგენდა.აფრიკასთან ვაჭრობა თითქმის განადგურდა.შედეგად შაქრისა და სხვა კოლონიური პროდუქტის ფასი გაორმაგდა.იმპორტიც და ექსპორტიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

1778-1779 წლებში მდგომარეობა ისევ გაუარესდა:საფრანგეთი შეუერთდა ამერიკას და დააწესა ემბარგო ყველა ინგლისურ სავაჭრო გემზე მის პორტებში.

1791 წლისთვის დიდი ბრიტანეთის სავაჭრო მდგომარეობა ასეთი იყო:

თურქეთში ექსპორტით გადიოდა:რკინა,ტყვია,მატყლი,კალა.თურქეთიდან ბრიტანეთში იმპორტით შედიოდა:ბამბა,ხილი,სამედიცინო საშუალებები და სხვა.

ბრიტანეთიდან იტალიაში გადიოდა:შალი,ტყავი,ბეწვეული,თევზი...იტალიიდან კი იმპორტირდებოდა : ღვინო,საპონი,ზეთი,ციტრუსები,ჩირი და სხვა.

ესპანეთში იგზავნებოდა: შალი,ტყავი,მარცვლეულობა,რკინა...იმპორტით შედიოდა: ღვინო,ზეთი,ჩირი, ციტრუსი,საღებავები,ოქროსა და ვერცხლის მონეტები და სხვა.

პორტუგალიაში თითქმის იგივე პროდუქტს გზავნიდნენ,როგორსაც ესპანეთში.იღებდნენ:ღვინოებს,ზეთებს,მარილს,შესაღებ მასალებს და ოქროს მონეტებს.

საფრანგეთში ექსპორტირდებოდა თამბაქო და ხანდახან დიდი რაოდენობის მარცვლეულიც.

დიდი ბრიტანეთი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ასევე :გერმანიასთნა,ნორვეგიასთან,შვედეთთან,რუსეთთან,ჰოლანდიასთან,ამერიკასთან,აღმოსავლეთ აზიასთან...სავაჭრო საქმიანობის წარმოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ზღვას.

სოციალური ურთიერთობები

ბრიტანული კულტურის განხილვისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ სოციალურ ურთიერთობებზე, კერძოდ, როგორც კლასებსა და მათ ურთიერთობებზე ისევე ქალის როლზე საზოგადოებასა და ოჯახში. თუ დღევანდელ სტანდარტებს გავითვალისწინებთ მე-18 საუკუნეში ბრიტანეთი სულაც არ იყო დიდი ერი. მათი მოსახლეობა სულ რაღაც 6 მილიონს შეადგენდა და ძალიან ნელა იზრდებოდა 1740_იან წლებამდე. ამ პერიოდში აქტუალური იყო ბრიტანეთში სოციალური სტატუსის მინიჭება, ისტორიის შესწავლისას გამოიკვეთა 3 ძირითადი სტატუსი, რომელიც მათი შემოსავლებით განისაზღვრებოდა, ყველაზე ზედა კლასს შეადგენდენ იმდროინდელი აზნაურთა ოჯახები, რომელთა მფლობელობაში მიწის ძალიან დიდი ნაწილი იყო  და ძირითად შემოსავალს იღებდნენ თავისუფალი მუშებისგან. გარდა ამისა, სასულიერო პირებს, სამხედრო და სამოქალაქო ოფიცრებს ირჩევდნენ აზნაურებისგან. შემდეგ წოდებას წარმოადგენდნენ ვაჭრები და ის ადამიანიები, რომელნიც შემოსავალს შრომით იღებდნენ. შეიძლებოდა მეორე ფენის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ უფრო მდიდრები ვიდრე აზნაურები, თუმცა საზოგადოებაში მაინც ღარიბულ კლასად ითვლებოდა და მათი სტატუსი შედარებით დაბალი იყო. ამ კატეგორიაში შედარებით მაღალ ადგილს იკავებდნენ ადვოკატები და სასულიერო პირთა ნაწილი და შედარებით დაბალს ფერმერები და ვაჭრები. საზოგადოებაში ყველაზე დაბალი სტატუსი ჰქონდათ მესამე ფენას ეს იყო მშრომელი კლასი დაწყებული ხელოსნებიდან და დამთავრებული მაწანწალებით, მესამე ფენის წარმომადგენლები იყვნენ ბრიტანეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, რომელთაც საარსებო მინიმუმი არ გააჩნდათ.

ინგლისში ყველაზე მაღალი სტატუსი ჰქონდათ ლორდებს, უმაღლესი კლასის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 180-ს. გარდა ამისა, უმაღლეს კლასს განეკუთვნებოდნენ ბარონები და რაინდები, რომელთაც ყველაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდათ და მათი ტიტული თაობიდან თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა. აზნაურებს ევალებოდათ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, რისთვისაც ზამთარში იმართებოდა კრება, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო თუ რაში უნდა დახარჯულიყო სახელმწიფო ქონება მიმდინარე წელს. აზნაურთა ვაჟები როგორც წესი უმაღლეს განათლებას კემბრიჯსა და ოქსფორდში ღებულობდნენ, რის შემდეგაც უმცროსი ვაჟები ძირითადად სასულიერო პირები ხდებოდნენ ან სამხედრო და საჯარო მოხელეები. ქალიშვილებს კი შესაფერის საქმროს ურჩევდნენ აზნაურთა კლასიდან.

საშუალო კლასს შეადგენდნენ საჯარო მოხელეები, დაახლოებით 15000, ქვედა რანგის სამხედრო ოფიცრები (10000), ვაჭრები (12000), ადვოკატები (11000) და ქვედა სასულიერო პირები (10000) და გარდა ამისა, რამდენიმე ათასი ფერმერი. ამ ფენაში ალბათ ყველაზე დიდი პრესტიჟით სწორედ სასულიერო პირები სარგებლობდნენ მართალია ვაჭრების გარკვეული ნაწილის შემოსავალი სასულიერო პირებისას ბევრად აღემატებოდა, თუმცა საზოგადოებაში ვაჭრები არც თუ ისე დიდ მოწონებას იმსახურებდნენ. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ადვოკატებისა და ექიმების როლი განუსაზღვრელია და მათთვის სტატუსის მინიჭება და სხვა პროფესიებთან ერთად განხილვა არასწორი საქციელია, თუმცა  ბრიტანეთში ამ პროფესიის ადამიანებს არ აფასებდნენ, მეტიც ადვოკატების პროფესიას ხშირად დასცინოდნენ და მათ მატყუარებს უწოდებდნენ ექიმებს კი გმობდნენ და თვლიდნენ რომ მათი პროფესია ფუჭი და არაფრისმომტანი იყო. მხოლოდ 1750 იანი წლების შემდეგ, როცა ჩამოყალიბდა აკადემიები და სხვადასხვა ტიპის სასწავლებლები და განათლების დონე ამაღლდა ბრიტანეთში დაიწყეს ამ პროფესიების დაფასება და უკვე ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიებად აღიქმებოდა.

ყველაზე დაბალ კლასში შედიოდნენ ხელოსნები, რომლებიც ამზადებდნენ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, ავეჯს, რკინას თუ გემებს. გარდა ამისა, ამ კლასის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ სამშენებლო სამუშაოებში და თევზაობითაც ირჩენდნენ თავს. ამ კლასში შედიოდნენ უმუშევარი, ღატაკი და უსახლკარო ადამიანებიც, რომელთა შემოსავალი მდიდარი ადამიანების გულუხვობაზე იყო დამოკიდებული, მე-18 საუკუნეში ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ამ კლასიდან, რადგან ბრიტანეთში კრიზისული პერიოდი იყო, რაც ცუდი მოსავლით იყო განპირობებული და ფასების ძალიან დიდი ზრდა მოჰყვა, რის შედეგადაც ამ კლასის წარმომადგენელთა ყველაზე დაბალი ფენის თითქმის ნახევარი გარდაიცვალა.

ქორწინება, ოჯახური ურთიერთობები და ქალის როლს საზოგადოებაში

ბრიტანეთში დაქორწინება დაშვებული იყო მამაკაცებისთვის 14 წლიდან, ქალებისთვის კი 12 წლის ასაკიდან, საქორწინო რიტუალი იმართებოდა ეკლესიაში სასულიერო პირისა და მოწმეების თანხლებით. დაქორწინების შემდეგ ქმრებს სრული ძალაუფლება გააჩნდათ ცოლებზე, ცოლის მოვალეობა იყო მეუღლის ხელშეწყობა, რათა ოჯახური შემოსავლები გაზრდილიყო. მაშინ, როცა ქმრები მთელი დღის განმავლობაში სამუშაოზე იყვნენ, ქალს უფლება ჰქონდა დაკავებულიყო მხოლოდ ოჯახური საქმით ან ემუშავა გამყიდველად.

ქალის როლი იმ დროინდელ ბრიტანულ საზოგადოებაში არც ისე მნიშვნელოვანი იყო, ქალთა უმეტესობა იმ პერიოდში მძიმე გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლად შეიძლება მივიჩნიოთ, რაც არა მხოლოდ ოჯახური სიტუაციებიდან, არამედ საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარეობდა, ბრიტანელი არისტოკრატების აზრით, ქალისა და კაცის თანასწორობა ყოვლად დაუშვებელი იყო, რადგან კაცი იყო ქალის ბუნებრივი მფარველი და ყველანაირი უფლება გააჩნდა ქალზე, გარდა ამისა, ქალებს არ ჰქონდათ უფლება დაკავებულიყვნენ სასურველი საქმით, თუ თვალს გადავავლებთ მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი ადამიანების, მათ შორის ქალების სახელები ძალიან მწირია და აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა წარმატებული ლიტერატურის სფეროში გახდა, ფერწერაში მხოლოდ და მხოლოდ ქალის ერთი სახელია შემორჩენილი, სამეცნიერო სფეროში არცერთი, ასევე მუსიკაში, ქანდაკებასა და არქიტექტურაში არც ერთი ქალბატონი არ მოღვაწეობდა. თუმცა, სამსახიობო სფეროში მრავლად გვხვდებიან ქალბატონები, რაც ადასტურებდა იმას, რომ თეატრში ქალი და მამაკაცი თანასწორი იყო.

რაც შეეხება ქალის როლს სხვა ტიპის სამსახურებში, მაგალითად, როგორიცაა სამხედრო სფერო, ქალი ძალიან დაჩაგრული იყო. უმაღლესი თანამდებობა, რაც ქალს შეეძლო დაეკავებინა იყო მკერავი. ქალთა უმეტესობა სახლის საქმით იყო დაკავებული, რადგან მეუღლეები ხშირად შრომის საშუალებას არ აძლევდნენ, გარდა ამისა, ქალები მუშაობდნენ მაღაზიებში და ძირითადად ხელთათმანებსა და შარფებს ყიდდნენ, მუშაობდნენ ყავის სახლში თანხის ასაღებად, ამზადებდნენ ხელოვნურ  ყვავილებს და ა.შ. შედარებით მდიდარ ოჯახებში ჰყავდათ შინამოსამსახურეები, რომელთა უმრავლესობა ასევე ქალი იყო და მათ საკმაოდ მძიმე სამუშაო ჰქონდათ, რადგან ევალებოდათ მწნილების, ჯემების, მურაბების, ღვინის, სუნამოების და დაკონსერვებული ხილის დამზადება, გარდა ამისა, ზრუნავდნენ ქალბატონების ჩაცმულობაზე, ამზადებდნენ ტანსაცმელს მათთვის, ხშირად ითავსებდნენ მრეცხავის როლსაც, რაც ძალიან რთული იყო და ხშირად ბორკილდადებულებს უწევდათ ამ საქმის შესრულება. ერთი სიტყვით საშუალო კლასის ქალი იყო დიასახლისი,  დედა ან მედდა, რადგან ითვლებოდა, რომ ქალის მუშაობა ოჯახისთვის სამარცხვინო იყო. ქალი მიჩნეული იყო არასრულყოფილ არსებად, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეეძლო.

მაღალი ფენის წარმომადგენელთა ქალიშვილებს ჰქონდათ განათლების მიღების უფლება, თუმცა მათი განათლება მოიცავდა მხოლოდ შემდეგ საგნებს: მუსიკა, წერა, ფრანგული, ცეკვა, სახვითი ხელოვნება და საოჯახო საქმეების შესწავლა.

ქალბატონების სამუშაო სფერო მე-18 საუკუნეში დამოკიდებული იყო მათ წოდებაზე, მდიდარ ოჯახთა წარმომადგენლების ძირითადი გასართობი კარტი იყო და ერთადერთი საზრუნავი კაბები და გარეგნობაზე ზრუნვა, ოდნავ უფრო დაბალი ფენის წარმომადგენელთათვის მთავარ სამუშაოს წარმოადგენდა ქსოვა და აბრეშუმისა და ბამბის ტანსაცმლის შექმნა, ქაღალდებისგან სხვადასხვა ნივთის, უმეტესად ბარათების დამზადება, რაც არა სამუშაო არამედ უფრო გასართობი და დროის გასაყვანი საშუალება იყო. 

მე-18 საუკუნის ბრიტანეთის საზოგადოების შეხედულებებით კაცი მხოლოდ მაშინ იყო ბედნიერი, როდესაც ქალისგან შორს იყო, ქალი კი მაშინ, როდესაც კარტის თამაშით იყო დაკავებული. იმ პერიოდში ქალებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თუ რა იყო გენდერულ თანასწორობა, მამაკაცებისთვის კი დაცინვის საგანი იყო. კაცები შედარებით სრულყოფილად ცხოვრობდნენ, საშუალო ფენის ქალებისთვის კი მთავარი გასართობი კარტის თამაში იყო. ქალბატონებს ქმრებთან შეხება მხოლოდ საღამოს საათებში ჰქონდათ ისიც ვახშმის დროს, მათი  ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი იყო. მამაკაცებს კი ოჯახის გარდა გააჩნდათ სამუშაო, მეგობრები და ხშირად საყვარლები, გარდა ამისა, ძირითადი გასართობი მეგობრებთან ერთად სასმელის მიღება იყო. ბრიტანეთში ძალიან იშვიათი იყო განათლებული ქალბატონი. ქალების უმეტესმა ნაწილმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა და მათი განათლების დონე ძალიან დაბალი იყო.  შეძლებული ოჯახის წარმომადგენლებს არანაირი საზრუნავი არ გააჩნდათ, გარესამყაროსთან შეხება არ ჰქონდათ და არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე-18 საუკუნის ქალის ცხოვრება უაზრო, მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო, სადაც მათი ყველა ნაბიჯი გათვლილი იყო და მათ სურვილებს არა თუ  არ ითვალისწინებდნენ, არამედ არაფრად აგდებდნენ.

რელიგია

ანგლიკანური ეკლესიისთვის 18 საუკუნე დაცემის, დასუსტების პერიოდად ითვლება. სასულიერო პირები არ გამოირჩეოდნენ ღვთისმოსაობით და თავისი მოვალეობის სრულყოფილად შესრულებით. არსებობდა „კასტები“ სასულიერო ფენაში, რაც გულისხმობდა, რომ უბრალო მღვდელს არ შეეძლო გამხდარიყო ეპისკოპოსი მხოლოდ საკუთარი პიროვნული თვისებებით და ცოდნით. მაღალ წოდებებზე ასარჩევად საჭირო იყო კარგი წარმომავლობა და გავლენიანი კავშირები, რისი დახმარებითაც ხდებოდნენ კონკრეტული პიროვნებები ეპისკოპოსები (ან სხვა მაღალი სასულიერო წოდების წარმომადგენლები) რომელთა წლიური შემოსავალი 100-დან 700 გირვანქამდე ადიოდა. უბრალო მღვდლის შემოსავალი ძირითად შემთხვევებში ნაკლები იყო 50 გირვანქაზე. შემოსავლის გასაზრდელად სასულიერო პირები მისდევდნენ სხვადასხვა საქმიანობებს, ყიდდნენ შინაურ ფრინველებს და ცხოველებს, ვაჭრობდნენ სასმლით და სხვა. ეკლესიის როლის დასუსტებაზე 18 საუკუნეში წერს შარლ ლუი დე მონტესკიე, რომელიც 1729-1730 წლებში ესტუმრა ინგლისს, თუმცა ის არ იყო ერთადერთი ვინც ამ ფაქტს უსვამდა ხაზს. ლედი მერი ვორთლი მონტაგუ-ს მიერ სალისბურის ეპისკოპოსთან მიწერილ წერილში ჩანს მისი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიანა გავრცელებული ათეიზმი, ის ასევე აღნიშნავდა, რომ ათეისტობა უფრო მეტად იყო  გავრცელებული მაღალი კლასის საზოგადოებაში ვიდრე საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლებში. ჯონ გეი, ბრიტანელი მწერალი თავის  თხზულებაში აჩვენებს იმ შიშს და აღშფოთებას, რაც სუფევს ყველა ბრიტანელის გულში და რაც გამოწვეულია რელიგიის როლის შემცირებით. დღეს მიიჩნევა, რომ შიში-ხალხი გულგრილი გახდა რელიგიის მიმართ, გაბუქებული იყო, რასაც რამდენიმე ფაქტის ხაზგასმით აჩვენებენ, პირველი არის ის,  რომ ძალიან ბევრი წერდა ამ ფაქტის შესახებ და განიცდიდა მას, ამასთან ერთად ყურადღებას ამახვილებენ კიდეც რამდენიმე ფაქტორზე რაც მიანიშნებს, რომ რეალურად არ იყო ასეთი მწვავე სიტუაცია, როგორც წერდნენ.

1)     მიიჩნევა რომ 18 საუკუნეში მოხდა სოციალური ცვლილება, ბრიტანელები მიეჩვივნენ კომფორტს და მათთვის შემაშინებელი აღმოჩნდა წინა საუკუნეში გავრცელებული ფანატიკოსობა. მათთვის უფრო მისაღები გახდა ნაკლებად მომთხოვნი, ნაკლები დოგმების მქონე რელიგია.

2)     ბესანტ ვოლტერის ნაშრომში არის ინფორმაცია ღვთისმსახურების შესახებ, რომელიც იმ პერიოდში ტარდებოდა. „ლონდონის 44 ეკლესიაში ტარდებოდა  ღვთისმსახურება ყოველდღიურად, ძირითად შემთხვევებში დილით და საღამოთი. ეკლესიების ნაწილში ტარდებოდა ქადაგება კვირაში ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ.  დღეში სამჯერ ტარდებოდა ღვთისმსახურება წმინდა ანდრიუ ჰოლბორნის ეკლესიაში. დამატებითი ღვთისმსახურება ტარდებოდა ოთხშაბათს და პარასკევს წმინდა სეპულქრეს ეკლესიაში. ოთხჯერ დღეში ტარდებოდა წმინდა ჯეიმზ ვესტმინსტერის, და წმინდა პოლის ეკლესიებში.  ამასთან კვირას 5-ჯერ ტარდებოდა ღვთისმსახურება  ჯეიმზ ვესტმინსტერის ეკლესიაში, სხვა ეკლესიებში 3 ჯერ“.  ეს ყველაფერი მიანიშნებდა, რომ ეკლესიას მაინც დიდი როლი ეკავა, წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთსმსახურება არ  ჩატარდებოდა ასეთი სიხშირით.

3)     ხშირად, როდესაც წერდნენ რელიგიის მიმართ გულგრილობაზე და მისი როლის შემცირებაზე საზოგადოებაში, ყურადღების მიღმა რჩებოდათ სექტანტები, რომლებიც მოსახლეობის მეხუთედს წარმოადგენდნენ და მსგავსი პრობლემები არ აწუხებდათ.

4)     18 საუკუნეში გამოიცა „ათენის ორაკლი“ და „ბრიტანეთის ორაკლი“. აქ იყო დაბეჭდილი მოქალაქეების მიერ დასმული შეკითხვები და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მათზე გაცემული პასუხები. დაბეჭდილ კითხვებს შორის საკმაოდ დიდი ნაწილი იყო რელიგიასთან დაკავშირებული. რამდენიმე იყო შემდეგი კითხვებიც : „ რამდენ ხანს იყვნენ ადამი და ევა უმანკოები?“  „როგორ შეიქმნა სინათლე უფრო ადრე ვიდრე მზე?“ „რატომ არის მოსე გამოსახული რქებით თავზე?“ „სხეულის რომელ ნაწილშია სული?“ „რატომ აქვთ ანგელოზებს ფრთები ?“ და ა.შ ასეთი ტიპის კითხვები მოწმობდნენ ხალხის რელიგიით დაინტერესებას.

საეკლესიო დისციპლინა

ეკლესიის გავლენის არსებობაზე მეტყველებს ეკლესიის დისციპლინის მნიშვნელობის მაჩვენებელი მაგალითები. ისინი აჩვენებენ, რომ საეკლესიო დისციპლინა არსებობდა და იყო აქტიური.

ეკლესია იყენებდა  ეკლესიიდან მოკვეთას გარკვეული პერიოდით, როგორც სასჯელის ფორმას. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სასჯელი უარყოფილ იქნა რეფორმაციის დროს, ის მაინც ნარჩუნდებოდა ინგლისში მე-19 საუკუნემდე. ეკლესიიდან მოკვეთა ამ პერიოდში მხოლოდ ღვთისმსახურებაზე დასწრების შეზღუდვას არ გულისხმობდა, მას შეიძლება  იურიდიული შეზღუდვებიც მოჰყოლოდა თან, რისი მაგალითიც არსებობს. ერთ-ერთ ადვოკატს რომელსაც მიუსაჯეს 10 თვით ეკლისიიდან მოკვეთა, ასევე ჩამოერთვა ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლოსთვის საჩივრით მიმართვის უფლება, ამასთან არ შეეძლო გამხდარიყო ნაფიცი მსაჯული და არ შეიძლებოდა მისი მოწმედ გამოძახება.

გარდა ეკლესიიდან მოკვეთისა არსებობდა განსხვავებული სასჯელები, განსხვავებული დარღვევისთვის, რომელსაც ძირითადად სასამართლო უსჯიდა პიროვნებას.

ერთ-ერთი მაგალითი არის საქორწინო რეგულაციასთან დაკავშირებული საქმე. 1790 წელს წყვილი გაასამართლეს ინცესტის ბრალდებით.  სასჯელი იყო შემდეგი :  კვირას ღვთისმსახურების განმავლობაში წყვილი, თეთრებში ჩაცმული უნდა მდგარიყო ეკლესიის შესასვლელში და პატიება ეთხოვა ყოველი შემსვლელ-გამომსვლელისთვის. შემდეგ ისინი შეიყვანეს ეკლესიაში სადაც  გაჩერდნენ თვალშისაცემ  ადგილას მანამ სანამ სასულიერო პირი კითხულობდა სახარებას, შემდეგ კი მათ ითხოვეს პატიება მრევლის წინაშე და სთხოვეს რომ მათთან ერთად შეესრულებინათ კონკრეტული ლოცვა.

სასჯელი შეიძლებოდა ყოფილიყო ფულადიც.  ერთ-ერთი შემთხვევის დროს ვინმე მიდლტონმა უჩივლა წმინდა ლეონარდის ეკლესიის ვიკარს (საეკლესიო-ადმინისტრაციული ოლქის მღვდელი ანგლიკანურ ეკლესიაში), იმის გამო რომ ის არ ცხოვრობდა თავისი სამრევლოს ტერიტორიაზე. ის 19 წლის განმავლობაში იყო ვიკარი ლონდონში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცხოვრობდა სამხრეთ მოლტონში და ლონდონში მხოლოდ აღდგომებზე ჩადიოდა, რის გამოც მას 100 გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრეს.

გავრცელებული რწმენა-წარმოდგენები

მეთვრამეტე საუკუნის ინგლისი გამოირჩეოდა ცრურწმენების რაოდენობით, რომელთა გარკვეული ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. გავრცელებული იყო ცრურწმენა სულების არსებობის შესახებ, სწამდათ გამაფრთხილებელი სიზმრების, წარმატების და წარუმატებლობის მომასწავლებელი ნიშნების არსებობის. მოსახლეობის დიდ ნაწილს სწამდა ასტროლოგიის, მკითხაობის და ფარული ძალების არსებობის. სწამდათ მაგიის არსებობის და მეთვრამეტე საუკუნის შუა ნახევრამდე არსებობდა შავი მაგიის გამოყენებისთვის სიკვდილით დასჯის ტრადიცია.

სულების არსებობის რწმენა საკმაოდ ცნობილი ფაქტი იყო მეთვრამეტე საუკუნის ინგლისში და ასე გრძელდება დღესაც. ცნობილია, რომ ხალხს სწამდა სულების არსებობის, ერთ-ერთი მაგალითია სტოქვილის სული -მას მიიჩნევენ 1772 წელს  სტოქვილ გრინში ერთ-ერთი ქალბატონის გვარად გოლდინგის სახლში განვითარებული მოვლენების მიზეზად, როდესაც ნივთები გამუდმებით ცვიოდა დაბლა და ვერ იგებდნენ რა იყო ამის მიზეზი. როგორც ცნობილია გოლდინგის გარდაცვალების შემდეგ მისი სახლი და მფრინავი ავეჯი საკმაოდ ძვირად გაიყიდა . ამასთან ერთად გავრცელებული იყო/არის რწმენა რომ მიცვალებულთა სულები ბრუნდებიან დედამიწაზე და შედიან ურთიერთობაში ხალხთან.

მეთვრამეტე საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო ასტროლოგია, ის წარმოადგენდა პროფესიას, რომელსაც სწავლობდნენ. მოგვიანებით ეს ტარიდიცია გაუქმდა, თუმცა დღეს ისევ ცოცხლდება. ამ პერიოდში გამოდიოდა წიგნები, ბროშურები სხვადასხვა ცნობარები, სადაც იყო შეტყობინებები ვარსკვლავებისგან, თანდართული ინსტრუქციებით თუ როგორ უნდა წარმართო ბიზნესი და სოფლის მეურნეობა მათი სურვილების მიხედვით.

მკითხაობა კარტებით და ხელის გულით საკმაოდ გავრცელებული იყო. ხალხს სჯეროდა, რომ მათ შეეძლოთ მოსახდენი მოვლენების წინასწარ განსაზღვრა, ამის გამო ხშირად მიმართავდნენ მკითხავებს ან ბრძენ ქალს, რომ გაეგოთ რა რიცხვი ამოვიდოდა ლატარეაში, ან ვინ გაიმარჯვებდა შეჯიბრში და ამის მიხედვით ყიდულობდნენ ბილეთებს და ა.შ ხშირად ეს არ ამართლებდა, თუმცა ამ მეთოდს იყენებდნენ დანაშაულთან საბრძოლველადაც. იმის მაგივრად, რომ დანაშაულის ფაქტი პოლიციისთვის ეცნობებინათ, ისინი რჩევას ეკითხებოდნენ ბრძენ ქალს.

ხალხი განსაკუთრებით ენდობოდა ექიმბაშებს და კონკრეტული პირების მიერ დამზადებულ წამლებსაც დაუფიქრებლად იყენებდნენ. ექიმბაშებს ჰქონდათ აბები, სითხეები მალამოები ფხვნილები, რომლითაც კურნავდნენ ყველაფერს დაწყებული ენა ბლუობიდან დამთავრებული ტუბერკულოზით. ხალხი ძალიან ენდობოდა ექიმბაშებს და ენდობოდა იმ პიროვნებებსაც, რომლებიც წამლებს ამზადებდნენ ექიმბაშებისთვის, რაც არ უნდა უვიცი ყოფილიყო ის ამ საქმეში.

საკმაოდ გავრცელებული იყო ცრურწმენა წარმატების მომტან და წარუმატებელ დღეებზე. მიიჩნევდნენ რომ, ყოველი მნიშვნელოვანი საქმის დასაწყებად აუცილებელი იყო სპეციალური დღის შერჩევა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე არ გაამართლებდა. არსებობდა დღეები, რომლებიც წარმატებული იყო კონკრეტული ბიზნესის დასაწყებად და დანარჩენი საქმისთვის წარუმატებლობას მოიტანდა. ამასთან გავრცელებული იყო ამინდის გამოსაცნობად მკითხაობა, რომლის შედეგებსაც ყიდდნენ, მაგალითად გუსტავუს პარკერი მკითხაობდა და ამინდის პროგნოზს აქვეყნებდა ყოველთვიურად. გარდა ამინდის პროგნოზისა იყიდებოდა თილისმები, რომელსაც „სიგელს“ უწოდებდნენ და რომელსაც ხალხი იყენებდა  ხანძრის, ძალადობის, ქურდობის და რაღაცის დაკარგვისგან თავის დასაცავად. 

ხელოვნება

მეთვრამეტე საუკუნის ბრიტანული ხელოვნება გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, ამ პერიოდში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა თეატრები და ოპერები, იქმნებოდა ისეთი ნაწარმოებები, რომლებსაც დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ლიტერატურაში, მუსიკაში დომინირებდნენ კომპოზიტორები, რომლებმაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს თავი ხელოვნების ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში. დიდი ბრიტანეთის კულტურულ ცენტს წარმოადგენდა ლონდონი, რომელიც ამ დროს სიტყვებისა და ნახატების ქალაქად იქცა. მეთვრამეტე საუკუნის, ისევე როგორც თანამედროვე, ხელოვნებაში აისახებოდა იმდროინდელი თანამედროვე ცხოვრების დეტალები, მუდმივად ჩანდა კავშირი ხელოვნებასა და თანამედროვე საზოგადოებას შორის. ლონდონის გაფართოებასა და მის ხელოვნების ცენტრად გადაქცევასთან ერთად, დაიწყო ქალაქში მიმდინარე მოვლენების აღწერა და გადმოცემა, შესაბამისად მეთვრამეტე საუკუნის ლონდონის წიგნების მაღაზიების, ოპერის, თეატრების, მუსიკალური დარბაზებისა თუ მსახიობების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ლიტერატურული წყაროებიდან გვაქვს, რომლებიც ძალიან იშვიათადაა უარყოფითი შინაარსის მატარებელი.

თეატრი

ინგლისელებს ძალიან უყვართ თეატრი, მეთვრამეტე საუკუნეში ბევრი მაღალი წოდების ინგლისელი პატრონობდა და ხელს უწყობდა თეატრის არსებობასა და მის განვითარებას. ამ პერიოდის ინგლისში ლონდონში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი თეატრი იყო, მათ შორის: სამეფო თეატრი, სამეფო ცირკი და ესთლის ამფითეატრი. ამასთან სტრანდის ლიცეუმში იყო სხვადასხვა მუსიკალური გასართობები და ახალი ცირკი.  როგორც მეცნიერი ალერდის ნიკოლი აღნიშნავს: „მეთვრამეტე საუკუნე არა ავტორების არამედ მსახიობების საუკუნე იყო. განსაკუთრებით კი გამოირჩეოდნენ ქალი მსახიობები, მიუხედავად ამისა მათი სახელები ხშირ შემთხვევაში შემორჩენილი არაა. რენესანსის პერიოდში ჩასახულ მამაკაც მსახიობთა პოპულარობას, მონარქიის აღდგენის შემდეგ გვერდით ამოუდგა და შეიძლება ითქვას, რომ კიდეც გაასწრო ქალ მსახიობთა წარმატებამ, რაც იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენდა. წარმატებული მსახიობი ქალები თავიანთი კარიერის საშუალებით ცხოვრობდნენ, რამეთუ მამაკაცების მსგავსად იღებდნენ გასამრჯელოს.

ამ პერიოდის თეატრში მიღებული იყო, რომ მაყურებელს გადაეხადა ბილეთის ფასზე მეტი რათა პირდაპირ სცენაზე დამჯდარიყო. ამით ისინი რწმუნდებოდნენ, რომ ყველა სცენაზე მყოფი ხედავდა მათ განსაკუთრებულ ჩაცმულობას და ასევე ესმოდა მისი კომენტარები. განსაკუთრებით პოპულარული იყო ახალგაზრდა მამაკაცებში, რომლებიც მსახიობ ქალებთან ახლოს მისვლას ახერხებდნენ.

ოპერა და მასკარადები

მეთვრამეტე საუკუნე ევროპაში ოპერის გაფართოების ხანაა, ოპერის სახლები შენდებოდა ევროპის ყველა დიდ და მნიშვნელოვან ქალაქში. ინგლისის ოპერისათვის თავშესაფარი სამეფო თეატრი გახდა. ოპერები უმეტესად იწერებოდა ინდივიდუალურად ყველაზე ცნობილი და წარმატებული მომღერლებისთვის. კომპოზიტორები ცდილობდნენ ოპერა მომღერლის ხმისთვის მოერგოთ, და მთლიანი ოპერის დაწერას დაახლოებით ორ-სამ კვირას უნდებოდნენ. მომღერლები სრულიად თავისუფლები იყვნენ და შეეძლოთ ოპერის რაღაც ნაწილები სურვილისამებრ შეეცვალათ, მეტიც ზოგიერთი პასაჯი მთლიანად მომღერალზე იყო მინდობილი და წარმოდგენებს შორის იცვლებოდა კიდეც.

მეთვრამეტე საუკუნის ინგლისი კარგი მსახიობების რაოდენობას ნამდვილად არ უჩიოდა, შესაბამისად თუ იყვნენ კარგი მსახიობები იქნებოდნენ კარგი მომღერლებიც, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მომღერლების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლები იყო, გამომდინარე იქიდან რომ თუ თეატრები მრავლად იყო, და არამარტო დედაქალაქში ოპერა მხოლოდ ერთი იყო, შესაბამისად მომღერლების დიდ რაოდენობას არ მოითხოვდა. მიუხედავად ამისა რამდენიმე პრიმადონას სახელი შემორჩა ისტორიას. მათ შორის აღსანიშნავია ელიზაბეტ მარა, რომელიც 1750 წელს კასელში დაიბადა. მარა თავიდან ვიოლინოზე უკრავდა, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა რომ კარგი ხმა ჰქონდა და გადაწყვიტა ხელოვნების ეს დარგი აერჩია.

მასკარადები ინგლისში პირველად ჰენრი მერვემ შემოიღო„, მაგრამ ყველაზე მეტად მოდაში ისინი სწორედ მეთვრამეტე საუკუნეში შემოვიდა, მაგრამ მათი პოპულარობა არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის წარმატებულები იყვნენ.  1788 წლის 6 თებერვლის ჟურნალ The Morning Post_ის გამოცემა ოპერის სახლში ჩატარებული მასკარადის შესახებ წერდა: „ვახშამი და ღვინო შეუთავსებელი იყო ყველასთვის კარგად ცნობილი კონდუქტორის მომჭირნეობის პრინციპებთან, მომარაგება კი არ იყო საკმარისი, ხალხის რაოდენობისა და მათ მადას თუ გავითვალისწინებთ. მუსიკა კი არც თუ ისე კარგი ხარისხის იყო.“

ლიტერატურა

„თუ ქვეყნის კულტურული განვითარების ისტორიაში სიტკბო და სინათლე შეიმჩნევა, ეს მნიშვნელოვანწილად დილეტანტური და ინდივიდუალური შრომის შედეგი უფროა ვიდრე ინსტუტიციონალური ან პროფესიონალური. ინდივიდუალური კულტურა შეიძლებოდა ყოფილიყო, დემოკრატიული კი არ ყოფილა“[1]  მეთვრამეტე საუკუნის ინგლისში ხელოვნება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ფუფუნება იყო, შეიძლება ითქვას, რომ მასზე მონოპოლიას ახორციელებდა საზოგადოების მაღალი ფენის გარკვეული ნაწილი, რამეთუ ყველაზე ნიჭიერი მწერლები, მხატვრები თუ ოსტატები მხოლოდ მათი დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახერხებდნენ ასპარეზზე გამოსვლას, შესაბამისად მათი გავლენის ქვეშაც ექცეოდნენ. ამ გავლენიდან თავის დაღწევას მხოლოდ რამდენიმე აჯანყებული თუ ახერხებდა, რომლებიც ან საკმარისად მდიდრები უნდა ყოფილიყვნენ, რომ საკუთარი თავი თავად უზრუნველეყოთ ან წინააღმდეგობაში დაღუპულიყვნენ. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ითქვას, რომ მეთვრამეტე საუკუნის ხელოვნებას მთლიანად ამ პერიოდის სოციალური სტრუქტურა განსაზღვრავდა, ნიჭიერ პოეტებს თავიანთ ნაწარმოებებში შეეძლოთ გაქცეოდნენ ამ ჩარჩოებს, ბუნების სილამაზის, ადამიანის მორალისა და სატირისა ან ლირიკის გამოყენებით საკუთარ ტექსტებში, და სწორედ ეს აქცევს მეთვრამეტე საუკუნეს ასე განსაკუთრებულად, რომ რამდენადაც არ უნდა ყოფილიყო იმდროინდელი ხელოვნება ჩაფლული, ის მაინც ახერხებდა ახალი ფორმებისა და იდეების ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას.

რომანის როგორც ლიტერატურული ჟანრის დასაწყისი, დიდი ხნის წინანდელია, მაგრამ ამ პერიოდში მან თითქოს დასრულებული სახე მიიღო, მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის რომანები დროის სასიამოვნოდ გაყვანის საშუალებას წარმოადგენდა. 1719 წელს დანიელ დეფომ შექმნა რობინზონ კრუზო, რომელმაც მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. სინამდვილესთან მიახლოებულობის გამო რობინზონ კრუზო პოპულარობას ინარჩუნებს მის შემდეგ დაწერილ ნოველებთან კონკურენციაშიც. ასევე საკმაოდ პოპულარული იყო სამუელ რიჩარდსონის ნოველები, გრძნობები და რომანტიკა გაერთიანებული იმდროინდელ საზოგადოებასთან, ისეთ ნაწარმოებებში როგორიცაა კლარისა და სერ ჩარლს გრანდისონი ძალიან მოკლე დროში იძენდა პოპულარობას მეთვრამეტე საუკუნის ინგლისში. ამ პერიოდში ასევე მოღვაწეობს ჰენრი ფილდინგი, რომლის შემოქმედებაც აღსანიშნავია არა მარტო გრძნობებით, ხალისითა და ენერგიით არამედ პერსონაჟების აღწერითა და შინაარსის მხატვრული ერთიანობით.

მუსიკა

Xviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა 
გეორგ ჰენდელი

მეთვრამეტე საუკუნე ინგლისის აყვავების ხანაა, შესაბამისად ბევრი გამდიდრებული ვაჭარი, ოსტატი და ე.წ პროფესიონალი (ახალი საშუალო კლასი) პოულობდა დროს რომ ლონდონის ოპერებსა და მუსიკალურ კლუბებში ბოლოდროინდელი მუსიკისთვის მოესმინა. აქედან გამომდინარე ინგლისი გახდა ევროპის მუსიკალური ცენტრი სადაც წარმატებული მუსიკოსები კონტინენტიდანაც ჩადიოდნენ დიდებისა და ქონების საძიებლად. რა თქმა უნდა მათ შორის იყო წარმოშობით გერმანელი გეორგ ფრედერიკ ჰენდელიც. რომელიც 1710 წელს ჰენდელი ინგლისში ჩამოვიდა და მას შემდეგ მას პატრონობას უწევდნენ მეფეები გეორგ I და II, მდიდარი პატრონის ყოლა იმ პერიოდში უმნიშვნელოვანესი იყო, ნებისმიერი ხელოვანისათვის, აღსანიშნავია, რომ ჰენდელმა ცოტა ხნით დაკარგა კიდეც მეფის მხარდაჭერა, მაგრამ მალევე აღიდგინა თავისი უნიკალური ნამუშევრების შეთავაზებით. მისი შემოქმედება უმეტესწილად სამეფო კარისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები სახელად მესია 1741 წელს ირლანდიაში შესრულდა და ინგლისში მის კარგად დაფასებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ჰენდელი 1759 წელს გარდაიცვალა, ხალხის უზარმაზარი მასა, რომელიც მის გასვენებას დაესწრო ხაზს უსვამს მის, როგორც ეპოქის კომპოზიტორის მნიშვნელობას.

ჰენდელის მუსიკა დომინირებდა ოპერაში, მაგრამ სხვა კომპოზიტორები წერდნენ მუსიკას თეატრებისა და ეკლესიებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი საკმაოდ ცნობილი იყო თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრი მათგანი დაახლოებით 250 წლის განმავლობაში იქნა დავიწყებული, ამის მთავარ მიზეზად კი შეგვიძლია ზოგადად მუსიკის მოდიდან გასვლა მივიჩნიოთ.

მხატვრობა

1700 წლისთვის ბრიტანეთის ხელოვნება საკმაოდ ჩამორჩენილი იყო, ერთი საუკუნის შემდეგ კი ისეთივე ინოვაციური როგორც დანარჩენი ევროპის. მხატვრების ორი თაობა გახდა ძალიან ცნობილი, მათ შორის ჰოგარტი, რეინოლდსი, გაინსბოროუ და რიჩარდ ვილსონი.

Xviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა 
ლუდის ქუჩა და ჯინის ბილიკი-ჰოგარტი

მხატვრობაში, როგორც ამ ეპოქისთვისაა დამახასიათებელი დომინირებდა პორტრეტები. ეს ჟანრი შეიძლება ითქვას, რომ ინგლისში სამეფო კარის პორტრეტების მხატვარმა სერ გოდფრი ნელერმა ტრადიციად აქცია, ის ჯეიმზ II_დან მოყოლებული სიკვდილამდე, 1723 წლამდე ემსახურებოდა ინგლისის სამეფო კარს. პორტრეტების მხატვრები, შებოჭილნი იყვნენ, მათ არ შეეძლოთ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ისე დაეხატათ როგორც თავად ხედავდნენ მათ. მაგრამ იყო ერთი გამონაკლისი ჰოგარტი, რომელიც დიდებული ლორდებისა და მომხიბვლელი ქალბატონების მაგივრად ლონდონის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ცოცხალ, სასტიკ და რეალისტურ სცენებს ასახავდა.

ხელოვნების სამეფო აკადემიის დაარსებამ 1769 წელს ნათლად გვაჩვენა, რომ მხატვრები იწყებდნენ თავის დაფუძნებას როგორც პროფესიონალები. არისტოკრატიაში მიღებული იყო ხელოვნების დაფასება, ბევრი მაღალი ფენის წარმომადგენელი სტუმრობდა იტალიას კლასიკური, უმეტესად რენესანსული ნახატების მოსანახულებლად. ბრიტანელი მხატვრები განიცდიდნენ უცხოელი მხატვრების გავლენას, მაგრამ მაინც შეძლეს საკუთარი სტილი ჩამოეყალიბებინათ. ხშირად ეწყობოდა ნახატების გამოფენა-გაყიდვები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეთვარიელებინა და ეყიდა, თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ცენტრს ლონდონი წარმოადგენდა ნამუშევრები იქმნებოდა დიდი ბრიტანეთის გარეუბნებშიც, მათ შორის დუბლინსა და ედინბურგში.

აქვე საინტერესოა, რომ ამ პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო კარიკატურები იმდროინდელი სოციალური და პოლიტიკური სიტუაციებისა და მნიშვნელოვანი ფიგურების შესახებ. კარიკატურებში ძალიან ხშირად იყენებდნენ იმდროინდელი ცნობილი რომანის ჯონათან სვიფტის გულივერის მოგზაურობის პერსონაჟებს, განსაკუთრებით კი ლილიპუტებს.

სქოლიო

Tags:

Xviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა პოლიტიკური მდგომარეობაXviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა ეკონომიკაXviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა სოციალური ურთიერთობებიXviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა რელიგიაXviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა ხელოვნებაXviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა სქოლიოXviii საუკუნე ბრიტანეთის კულტურა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტიციან ტაბიძედედაენამარკ ტვენიგონიოს ციხეღეროვანი უჯრედიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)აბას I (ირანი)პომპეუსის ლაშქრობა საქართველოშინიკოლოზ ბარათაშვილიკრწანისის ბრძოლაასომთავრულიპანკრეასიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაწყალიგიორგი II (საქართველოს მეფე)გელათის მონასტერიტურიზმიქალწული (ასტროლოგია)საქართველოს დამოუკიდებლობის აქტირომის დაარსებარუსეთ-საქართველოს ომი (1921)პოპ-მუსიკაენგურის ჰიდროელექტროსადგურიქრისტიანობარატი ამაღლობელიმიგრაციაგია ყანჩელიგიორგი სააკაძემერაბ კოსტავარომის იმპერიაეგრისის სამეფოალეკო ელისაშვილიქუნთრუშანილოსიფოთიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასაქართველოს დაცული ტერიტორიებიიასამანიგალაკტიონ ტაბიძეაღდგომაალპებიტემპერატურატოლერანტობასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიევროპის დროშაკავკასიაქართული ენაიოთამ ზედგენიძენატრიუმიასურელი მამებიგაზაფხულიმარსიარჩვიმგელიმირიან IIIთევდორე კველთელიკავკასიური ნაგაზიუკრაინაალექსანდრე დუგინიპარიზიეგრისის დიდი ომიაკა მორჩილაძესლოვენიალუვრივალტორნანაღვლის ბუშტიშარკა ბლუსიონის ტაძარიავტორიტარიზმიერლინგ ჰოლანილეგიტიმაციარაბათის ციხეწიგნი სიბრძნე სიცრუისასაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიდიდი პანდაანტანტა🡆 More