პოემა ბახტრიონი

„ბახტრიონი — ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას პოემა, რომელიც 1892 წელს დაწერა.

პოემაში აღწერილია 1659 წლის ბახტრიონის აჯანყება, რომელშიც კახეთს მთიელი მოსახლეობა ყიზილბაშებისგან ბახტრიონის გათავისუფლებაში დაეხმარა.

ბახტრიონი
ჟანრი პოემა
ავტორი ვაჟა-ფშაველა
მშობლიური ენა ქართული ენა
დაწერილია 1892
დაწერის ადგილი რუსეთის იმპერია

მოკლე შინაარსი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ვაჟა-ფშაველა პოემაში ერთ ისტორიულ ეპიზოდს, ბახტრიონის ციხის აღებას, მოგვითხრობს და ამ ეპიზოდშიც მხოლოდ ერთ მომენტს ეხება, სახელდობრ თუშ-ფშავ-ხევსურების მიერ ირანელთა მიერ ბახტრიონის ციხეში ჩაყენებულ, ყიზილბაშთა მეციხოვნე ჯარის გაჟლეტას.

ბახტრიონი იწყება მისასალმებელი ჰიმნით ქედებისადმი. პოემის სიუჟეტი ერთგვარი კონტრასტების გზით ვითარდება. გავერანებულ ფშავში თითქოს მამაკაცი აღარ დარჩენილა; სალოცავში, ხატის წინაშე ხევისბერის მაგივრად ხანში შესული დიაცი – სანათა, დგას, რათა კულტის წესები შეასრულოს: ხატს სანთელი აუნთოს, საკმეველი უკმიოს, სამსხვერპლო ცხოველი დაუკლას. მაგრამ ეს დედაკაცი, რომელმაც მტერთან ბრძოლაში ქმარი და შვიდი ვაჟიშვილი დაკარგა და ორი კვირა მათი საფლავების გათხრას მოანდომა, მაინც მტრის ჯავრის ამოყრაზე ოცნებობს; მისი ლოცვა ფშავ-ხევსურთა პატრონის – ლაშარის ჯვარისადმი, შურისძიების გრძნობითაა ნაკარნახევი. სწორედ აქ ხვდება სანათას კვირია, თუშებისგან ფშავ-ხევსურეთს მაცნედ გაგზავნილი, რათა კახეთის აოხრების ამბავი შეატყობინოს და ბრძოლაში საშველად მოიხმოს. ამ სურათს ფშავ-ხევსურთა თავმოყრის მონუმენტალური სურათი მოსდევს. აღმოჩნდება, რომ ქვეყანა არც ისე გაუკაცრიელებული ყოფილა; მაცნეს დაბარებისთანავე კლდეებიდან და ხეობებიდან მეომრები გამოდიან. ლაშქრის წარმომადგენელი ქადაგი ლაშარის ჯვარს ბრძოლაში მონაწილეობის შესახებ თანხმობას სთხოვს. ლაშარის ჯვარი არა თუ თანხმობას აცხადებს ფშაველ-ხევსურთა გალაშქრებაზე, არამედ მხედრების წარმოსახვით, თვითონაც ლურჯ ჯავშანს ჩაიცვამს, თავზე ჩაჩქანს დაიხურავს და ლურჯ ცხენზე შეჯდება, რათა თავისი ყმების ჯარს წინ გაუძღვეს. ასეთი მეთაურის წინამძღოლობით მიმავალი ლაშქარი თავს უძლეველად სთვლის: ის ბახტრიონის ციხეს იღებს, ირანელებისა და თათრების რაზმებს ჟლეტს და უკან თავიანთ მხარეში დასამარხად მიაქვთ და-ძმად შეფიცული და გმირულად დაღუპული ლელას და კვირიას გვამები, რომელთაც ლაშქარს შიგნიდან გაუღეს ციხის კარი. თუმცა ისინი დაუმარხავად, გარეული მხეცების და ფრინველების ანაბარა ტოვებენ ომიდან სულმოკლედ ლტოლვილ წიწოლას, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო. სულ სხვაგვარია ფშაველთა გმირი სარდლის ლუხუმის დასასრული. ის მძიმედ დაიჭრა და ტყეში დარჩა უპატრონოდ, მაგრამ მისი კვნესის ხმა შეესმა გველს, სიბრალული იგრძნო და ლოკვა დაუწყო, რათა მისი ჭრილობები გაემრთელებინა. ერთი თვის განმავლობაში ის საზრდოს უზიდავდა სნეულ ლუხუმს და მთის წყაროს წყალს ასმევდა.

ბახტრიონი ჟანრობრივი თვალსაზრისით

ბახტრიონი ისეთი ლექსითი ქმნილებაა, რომელიც მოგვითხრობს სიუჟეტის მქონე ამბავს, განვითარების განსხვავებული საფეხურებით. პოემა ისტორიულად ცნობილ ვითარებას ასახავს: 1659 წელს კახელთა აჯანყებას ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით ბახტრიონი თითქოსდა ისტორიული პოემა უნდა იყოს, მაგრამ ის სავსებით ასეთად ვერ ჩაითვლება, რადგან პოეტი ისტორიას იმდროინდელი ეპოქის აღდგენა-დახასიათების მიზნით არ მიმართავს. ამიტომაც არ ვხვდებით ამ პოემაში ისტორიულად ცნობილ ბევრ ფაქტს. აქ არც ზაალ ერისთავის, არც ბიძინა ჩოლოყაშვილის, არც შალვა და ელიზბარ ერისთავების როლია აღნიშნული. ბრძოლისთვის კახელების მზადებაც არაა ნაჩვენები და თვით ბრძოლის პროცესიც არაა აღწერილი. მაშასადამე, ვაჟას ისტორიული ფაქტები იმდენად არ იზიდავს, რამდენადაც საკუთარი პოეტური განსახიერება თანამედროვეობისათვის უაღრესად აქტუალური პატრიოტული იდეისა.

ცნობილია, რომ ამ პოემის შეთხზვისას პოეტის ფანტაზიას ფრაგმენტულად შემორჩენილმა ხალხურმა გადმოცემებმაც უბიძგა. ამაზე საფუძვლიანად თვითონ ვაჟა მოგვითხრობს იპოლიტე ვართაგავას საპასუხოდ დაწერილ სტატიაში. ამ გადმოცემებში აღნიშნულია ბახტრიონის ბრძოლის სახალხო მნიშვნელობა და მისი მონაწილეების გამბედაობა, თავგანწირვა და გმირობა. მაგრამ ბახტრიონი ხალხური გადმოცემებით შემონახული ცნობების თავმოყრას და მათ გადამუშავებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგი მხოლოდ საგმირო პოემების ტიპის იქნებოდა. ეს ნაწარმოები საგმირო პოემებისთვის დამახასიათებელ ტენდენციასაც შეიცავს და აერთიანებს ისტორიული პოემებისთვის დამახასიათებელ ნიშნებთან, ამიტომ მას საგმირო-ისტორიული პოემის სახელწოდება უფრო შეეფერება.

თემა და მთავარი იდეა

ბახტრიონის მთავარ თემას შეადგენს საქართველოს მთიანეთის მცხოვრებთა ბრძოლა სპარსელებთან.

ამ პოემის იდეა თვალნათლივ პატრიოტულია: ის შეიცავს მტრებისგან სამშობლოს გათავისუფლების მოწოდებას. ეს იდეა ამ პოემაში განსაკუთრებით ქმედითია, რადგან იგი გამდიდრებულია კონკრეტული შინაარსით. პოეტი ხშირად უხვევს ძირითადი ამბიდან, იგი ეხება ისეთ მოვლენებსა თუ საკითხებს, რომელთაც თითქოს პირდაპირი კავშირი არ აქვთ ძირითად ამბავთან. ამიტომ ეს პოემა პოლითემატურია. პატრიოტული ბრძოლის იდეა შევსებულია ბუნების სურათებით, ეთნოგრაფიული რეალიებით და ტრადიციების დახასიათება-ჩვენებით.

ფაბულა, სიუჟეტი და კომპოზიცია

ვაჟა-ფშაველამ თვითონ უპასუხა კითხვას, თუ რა მასალა ჰქონდა ხელთ ამ პოემის წერისას. თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ხალხური თქმულება დაწვრილებით მასალას არ იძლევა. მისთვის ცნობილი გადმოცემის თანახმად, ფშავლებმა, ხევსურებმა და თუშებმა დიდად ისახელეს თავი ბახტრიონის ციხის აღებისას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ერთმანეთსაც კი ლაშქრავდნენ, გაერთიანდნენ და მიეშველნენ ბარს. ამ ბრძოლის ზოგიერთი მონაწილის — ფშაველი გოგოლაურის და თუში ზეზვა გაფრინდაულის — გმირობაზე ხალხმა ლექსებიც შეთხზა. ზეპირგადაცემას შემოუნახავს კიდევ ცნობა იმის შესახებ, რომ ბახტრიონის ციხის აღების საქმეში დიდი დამსახურების გამო ფშაველებისთვის უჩუქებიათ პანკისი და ალვანი. ვაჟას მოჰყავს ოთხი ფრაგმენტი ბახტრიონის თემაზე ხალხური შემოქმედებიდან, შემდეგ კი აცხადებს, რომ ეს ლექსები მან უკვე იცოდა, როცა ხელში ჩაუვარდა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, სადაც ბერი იოანე ხელაშვილი ბახტრიონის შესახებ ესაუბრება ორ ფშაველ გლეხს და აუწერს თათრების წინააღმდეგ ფშაველთა მამაცობას ბრძოლაში.

ვაჟამდე მოუღწევია ზეპირ ცნობებს ლუხუმის, ხოშარეულის, სუმელჯის ბრძოლათა შესახებაც, მაგრამ ეს ყველაფერი ბახტრიონის აღებასთან არ ყოფილა დაკავშირებული. პოეტი პირდაპირ აცხადებს, რომ „კვირია და ლელა არიან საკუთარი ფანტაზიის ნაყოფნი. იმათი ხსენება არც ხალხურ ლექსში და არც ზეპირგადმოცემაში არსად არ მოიპოვება: დედაკაცს რომ რაიმე როლი ეთამაშნოს ბახტრიონის აღებაში, ამაზე არც ლექსები, არც ზეპირგადმოცემა არავითარ ცნობას არ იძლევა“.

ეს მასალა გამხდარა ვაჟას პოემის წყაროდ. ამ ნიადაგზე აღმოცენდა ბახტრიონის შემდეგი სქემა ანუ ფაბულა: თუშეთში მოჯამაგირედ ნამყოფი ფშაველი მოდის წინადადებით, რომ გაერთიანდნენ ფშავლები, ხევსურები და თუშები, რათა გაათავისუფლონ ბახტრიონი ყიზილბაშებისგან. ყოველი მხრიდან იკრიბებიან მებრძოლნი, რადგან პირდაპირი შეტევით ამ ციხის აღება სათუოა, ორი ახალგაზრდა — ქალი და ვაჟი — გადაწყვეტს იხმარონ ხერხი, მოტყუებით შევიდნენ ციხეში, შიგნიდან გაუღონ კარი თავისიანებს, თვითონ დაიღუპონ, მაგრამ თანამონაწილეების გამარჯვება უზრუნველყონ.

ასეთ ფაბულაზეა აგებული ბახტრიონის სიუჟეტი. თვით ვაჟას მიერ მოწესრიგებული ფაბულა თანდათან გამდიდრებული და შევსებულია ამბებით, ვაჟკაც პატრიოტთა სახეებით, პოეტური გადახვევებით, ზღაპრულ-ლეგენდარული ელემენტებით, მედიტაციებით და სიმბოლიკით. ყველაფერი ეს ქმნის ამ პოემის კომპოზიციას, კომპოზიცია კი პოეტის მიზანდასახულობის მოწოდების ფორმაა, მისი სურვილების, სწრაფვის და თვალსაზრისის გადმოშლის და აგების რაგვარობა.

პერსონაჟები

პოემაში სულ 10 პერსონაჟი მოქმედებს — წარმოსახული ბატონის (ლაშარელას) ჩათვლით. ესენია:

  • სანათა — ვაჟა ფშაველა გვაცნობს მოხუც ქალად, რომელსაც მამაკაცის მოვალეობა უკისრია და მის მაგივრობას სწევს. შვიდი ვაჟი გაზარდა და შვიდივე, ქმართან ერთად, ერთ დღეს დაეღუპა მტერთან ბრძოლაში. მას იმდენი შინაგანი ძალა მოეპოვება, რომ თუ მტრის გაჟლეტას გაიგებდა აღარ იგლოვებდა თავის მიცვალებულებს.
  • კვირია — მისი გარეგნობა ასეთია: ეს არის „კაცი ფშაურის ერითა“, „დატანჯული ფერით“, „გაბუდებულის წვერით“, „ჩამოგლეჯილ-ჩამოწეწილი, ერთი ყარიბი, უშნო რამ“. ბუნებით კი, მგრძნობიარე და თანაგრძნობის უნარით დაჯილდოებული, ვაჟკაცური გულითა და შეგნებით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თვალს გაუსწორებს სიკვდილს და საერთო მიზნისათვის თავგანწირვის ინიციატივას აიღებს.
  • ზეზვა გაფრინდაული — მომცრო ტანისაა, უკვე ჭაღარა გახშირებული, მკლავმაგარი და „სწრაფი, ვით ელვა-ქარია“.
  • ლუხუმი — მოხუცი ბერია, მაგრამ ყოჩაღად გამოიყურება — „დროშას მიუძღვის ლომივით“. ხმატკბილი მოუბარი და გმირთა მჭევრმეტყველურად მაქებარი, ფხიზელი ჭკუის, ცხოვრებაში გამობრძმედილი, მრავლის მნახველი, გულდინჯი და უშიშარი ვაჟკაცი.
  • ლელა — ბრძოლის ერთადერთი ქალი მონაწილე. კვირიასთან ერთად, ლაშქრისთვის ბახტრიონის ციხის კარის გაღებას ეწირება.
  • სუმელჯი — ლაშქრის წევრი.
  • ხოშარეული — ლაშქრის წევრი.
  • წიწოლა — ომიდან გაქცეული მხდალი მებრძოლი, რომელმაც სირცხვილს ვეღარ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო
  • ლაშარელა — წარმოსახვითი ბატონი (ლაშარის ჯვარი)
  • ქადაგი — პოემაში გვევლინება ლაშქრისა და ლაშარის ჯვრის შუამავლად.

ბახტრიონში, გარდა ცალკეული პერსონაჟებისა მოქმედებს ხალხი, ადამიანთა, მებრძოლთა ჯგუფი. მთელი პოემის მანძილზე ამ ხალხის პატრიოტული შინაარსის ერთსულოვნებაა ხაზგასმული.

ბუნებისადმი მიმართება

ბუნებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბახტრიონში. ხშირად პოეტი ბუნებას ხატავს, როგორც პერსონაჟთა სულიერი მდგომარეობისა თუ ამბავთა შემდგომი განვითარების დამხმარე, ანდა ხელისშემშლელ ფაქტორს. ასეთ შემთხვევაში, ბუნება არ არის ნეიტრალური ნაწარმოებში მიმდინარე ამბებისადმი, იგი ვითარების აქტიური მონაწილეა, როგორც მისი განმსაზღვრელი თუ განმმარტებელი.

პოემის პირველი თავი მთლიანად, განსაკუთრებით კი, პირველი 16 სტრიქონი, პოემის ამბავთან ისეთ შორეულ კავშირში მყოფი ნაწილია, რომ დამოუკიდებელი ღირებულების მქონე ბუნების სურთად აღიქმება. ასეთივე თავისებურებით ხასიათდება პოემის IV თავის პირველი ხუთი სტრიქონი, X თავის პირველი ექვსი სტრიქონი, თითქმის მთელი XII თავი და XVII თავის პირველი ათი სტრიქონი. მათ განცალკევებით აღქმასა და განცდას არაფერი აბრკოლებს, მათში ისეთი არაფერია, რაც შემდგომ ამბის გაგრძელებას აუცილებელ მოთხოვნილებად აქცევს. ამ პოემის ეს ადგილები მიუთითებს ვაჟას იმ თავისებურებაზე, რომ მისთვის ბუნება სხვა თემისადმი დაქვემდებარებული კი არა, მხატვრული ასახვის თვითღირებული სფეროა.

პოემის ხალხურობა

ბახტრიონის ლექსიკა თავიდან ბოლომდე ხალხურია და ხალხურ მეტყველებით ფორმებს მისდევს. თუმცა, საგულისხმოა, რომ ამ ნაწარმოებში მხოლოდ უაღრესად დახვეწილი ეპითეტები და შედარებები გვხვდება. ამასთანავე, პოემაში ისეთი ხატოვანებაა დამკვიდრებული, რომელიც ვაჟა-ფშაველას ინდივიდუალურობისა და თავისებურების ნაყოფია.

ლიტერატურული თხზულების ხალხურობის ნიშან-თვისებებში ძირითადი ისაა, რომ ყოველ, ნამდვილი ხალხურობის ნიშნით აღბეჭდილ ქმნილებაში ისეთ სახეებს ვხვდებით, რომელნიც თავიანთი თვისებებით ახლოს დგანან სხვადასხვა დროის და სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის ადამიანებთან. ნაწარმოების ხალხურობის შემთხვევაში ეს ადამიანები ადვილად ახერხებენ სათავისოდ მიიჩნიონ იქ გამოყვანილი პერსონაჟები. ამგვარია, ბახტრიონის ხალხურობის ნიადაგი.

სტილი

დიალექტიზმის ფუნქცია

ბახტრიონში დიალექტს გარკვეული სტილისტიკური ფუნქცია აკისრია, ფუნქცია ყოველდღიურობის, ყოფითი დეტალების ამაღლებულად წარმოსახვისა. ამ დიალექტის ფონზე და მისი საშუალებით კიდევ უფრო კონკრეტდება მეტყველების სუბიექტიცა და მისი შეხების ობიექტიც, რაც იმის პირობაა, რომ ხელოვნებაში უჩვეულო ხატოვნება დამკვიდრდეს; პირველ რიგში, დიალექტიზმის წყალობით შეუნარჩუნა ვაჟამ განუმეორებელი კოლორიტი მთას და მის მკვიდრთ. ვაჟას შემოქმედებას დიალექტმაც შესძინა ვაჟკაცური, მთის მცხოვრებთათვის შესაფერისი იერი.

სტროფიკა

სტროფიკის თვალსაზრისით ბახტრიონი, ისე როგორც ვაჟას პოეზია საერთოდ, განსაკუთრებული ორიგინალობით ხასიათდება. ქართული ლექსის სტროფი ჩვეულებრივად მყარი და უცვლელია: ძირითადად გავრცელებულია ოთხტაეპიანობა (კატრენი). განსხვავებული შემადგენლობის სტროფები ლექსის დამოუკიდებელ სახეობებს ქმნის: მაგალითად მრჩობლედისათვის აუცილებელია ორტაეპიანობა, იამბიკოსა და მუხამბაზისათვის – ხუთტაეპიანობა, შეწყობილისათვის – ექვსტაეპიანობა და ა. შ.

ბახტრიონის სტროფის მთავარი განმსაზღვრელი არის პოეტური ფრაზის აზრობრივ-ემოციური ჩარჩო. ერთი კონკრეტული ვითარება ჩვეულებრივად ერთი სტროფის მანძილზეა გაშლილი. იშვიათად იგი ორ ან რამდენიმე სტროფს მოიცავს. მაგრამ ერთსა და იმავე სტროფში ორი სხვადასხვა სურათის, ორი სხვადასხვა ამბის გადმოცემის არც ერთი შემთხვევაა. აზრობრივ-ემოციური ჩარჩო ჩვეულებრივ ერთი რითმით არის შეკრული; რითმა იწყებს და ამთავრებს სტროფს; ახალი რითმა ახალ სტროფზე გადასვლის მაუწყებელია.

ბახტრიონის სტროფები სხვადასხვა შედგენილობისაა. ჭარბობს ოთხტაეპიანები; ამასთან, ხშირია გრძელი, მრავალტაეპიანი სტროფები, რომლებიც ექვს, რვა, ათ და ზოგჯერ კიდევ მეტ ტაეპს აერთიანებს (ოღონდ გამორიცხულია სტროფების კენტტაეპიანობა).

მეტაფორა

ბახტრიონში გამოყენებული მეტაფორები რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

  1. პოემაში გვხვდება ისეთი გამოთქმებიც, რომლებიც თუმცა მეტაფორებს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვეულებრივ მეტყველებაში ხშირად გამოყენების გამო ვეღარ ასრულებენ ესთეტიკურ ფუნქციას. ამავე მიზეზით გაძნელდება მათი მეტაფორულობის აღქმა, თუკი ჩამოვაშორებთ ვაჟასეულ სიტყვიერ გარემოს, პოეტურ კონტექსტს. მაგალითად, „მიწა ტკბილია მშობლური“, „არ ისმის მოზარეთ ზარი, გულს ლახვარდამასობელი“.
  2. უშუალო და უმარტივესი სახით არის მოწოდებული პოემაში რამდენიმე მეტაფორა.
  3. როდესაც, მიუხედავად არსებითი სხვადასხვაგვარობისა, მეტაფორიზაციის შემთხვევაში ერთი ობიექტი რომელიღაც ნიშან-თვისებით იწვევს მეორე ობიექტის ასოციაციას.
  4. პოემა შეიცავს საკმაოდ რთულ მეტაფორათა წყებას. მათ სირთულეს მეტაფორის შექმნაში მონაწილე სხვადასხვა კომპონენტი განაპირობებს. მაგალითად ის, რომ მეტაფორის საყრდენ სიტყვას უკონკრეტდება შინაარსი, ესე იგი ეძებნება საკუთრივი ეპითეტი. ამ შემთხვევაში მეტაფორაც ეპითეტურია. ამგვარი მეტაფორის მაგალითია –
ან მიწა რად არა ძღება დამდნარის გულის წვენითა

გაპიროვნება ანუ პერსონიფიკაცია

ბახტრიონში მოხმობილი გაპიროვნებათა შემთხვევებიც რამდენიმე ჯგუფს ქმნის:

  • პოეტს თავიდანვე აქვს აღებული გეზი უშუალო კონტაქტის დასამყარებლად ბუნების რომელიმე ნაკვთთან, მცენარეებთან და ცხოველებთან. მხოლოდ პერსონიფიცირებულად წარმოდგენილ ქედებს შეიძლება მიმართოს პოეტმა ასე:
მოგესალმებით, ქედებო,

მომაქვს სალამი გვიანი

  • ბახტრიონში ხშირად გაპიროვნება მიღწეულია იმით, რომ არაადამიანი ადამიანის გარეგნობის რომელიმე ნიშნით არის წარმოდგენილი, შესახედავად ადამიანთან არის დაახლოვებული ანდა გაიგივებული. ასეთია შემთხვევები, როდესაც ადამიანის გულმკერდს პოეტი მთებშიც დაინახავს – „მთების გულმკერდი კლდიანიო“, – ამბობს ის.
  • პოემაში ადამიანის მეტყველებითა და ადამიანური ემოციებით განხორციელებული პერსონიფიცირების ბევრი სახეობაა:
    • ბახტრიონში ამეტყველებულია თითქმის ყველაფერი. მაგალითად, „ფიქრმა თვითონ სთქვა, რაცა ვსთქვით“.
    • სევდას, მწუხარების, ნაღვლიანობის განცდას მიაწერს ვაჟა ქარსა და ღრუბელს: „ქარი ქვითინებს, ღრუბელთა ზარი თქვეს შესაზარები“.
    • მრისხანების და მუქარის ემოციათა მინიჭებითაც ხორციელდება პერსონიფიკაცია ვაჟას ამ პოემაში.
გაღმა-გამოღმა მწყრომარე

ხვივილი მოდის წყლებისა

და ალაზანიც, ბარს დინჯი,

მთაში მეტადა სწყრებისა


  • სიმპათიის ანუ თანაგრძნობის ადამიანური ემოციებითაა შემოსილი პოემაში გველიც და ცხენიც. ლუხუმის ლურჯა – „პატრონის გულის მცოდნეაო“ – წერს პოეტი. ხოლო გველი ადამიანის ურთულეს ემოციათა მფლობელის დონეზეა წარმოდგენილი:
დაფიქრდა გველი ძლიერად,

გული ევსება ბრალითა,

ბევრის ცოდვების მოქმედსა,

გადაუბრუნდა გუნება:

რა სიბრალულით იმსჭვალვის

მისი გველური ბუნება

  • მდუმარების, დასვენების, თვლემის და ძილის მოთხოვნილებათა მქონე არიან ამ პოემაში დახატული არაადამიანები და ამ გზითაცაა მიღწეული მათი პერსონიფიკაცია; აქ მთები „წვანან ხმაამოუღებლად, როგორც საფლავში მკვდარნია“
  • ამ პოემაში მდინარეც კი ადამიანისათვის ბუნებრივი გულგრილობის განცდითაა წარმოსახული: თვითმვლელ წიწოლას
იორი ყურსაც არ უგდებს

ნელად აქანებს ტალღებსა

არ ედარდება, დაობლდნენ,

მამა აღარ ჰყავ ბალღებსა.

თემისგან უარყოფილსა

გადაუგდებენ ძაღლებსა.

ეპითეტი

ეპითეტები განსხვავდება ხასიათითა და წარმომავლობით. ეპითეტებში არჩევენ მუდმივს, მარტივს, რთულს განმარტებითს, მეტაფორულს. ბახტრიონის მარტივ, ესე იგი ისეთ ეპითეტთაგან, როცა მსაზღვრელი სიტყვა ერთცნებიანია, აქ შეგვიძლია მაგალითად მოვიხმოთ „მომაქვს სალამი გვიანი“, „შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი“.

პოემაში მრავლად გვხვდება ეპითეტი, რომელიც ორ ან მეტ განსაზღვრებას შეიცავს. ასეთია მაგალითად, ეპითეტები: „გმირთ ოფლისმღვრელი ძვალები“, „დიდი ლოდები შავფერი, ციხისკარული“, „ლიბოდათხრილი კოშკები“.

ბახტრიონის მხატვრული ოსტატობის ნიმუშად რთული მეტაფორული ეპითეტი უნდა ჩაითვალოს. პოეტი მას დიდ ემოციურ ფუნქციას აკისრებს და მკითხველიც განიცდის საგანთა სიცოცხლეს და აღტაცებული რჩება მოულოდნელი განსაზღვრებით.

შედარება

ბახტრიონის სემანტიკაში გაცილებით ნაკლები ადგილი აქვს დათმობილი შედარებას. რაოდენობრივი სიმცირის მიუხედავად პოემის შედარებები მრავალფეროვანია. ერთმანეთისგან განირჩევიან კავშირიანი და უკავშირო შედარებები, გვხვდება თანდებულიანი და ვითარებითის ფორმით წარმოდგენილი შედარება, აგრეთვე მარტივი და რთული შედარებები, უარყოფითი შედარება, გაშლილი შედარება, რომელიც პარალელიზმს უახლოვდება; უფრო ხშირად ბახტრიონის შედარებებს შედარების ნიშანი არ აქვს. ასეთი ნიშნის უქონლობა, შედარების შემოკლება, მას მეტაფორასთან აახლოებს.

რიტორიკული ფიგურები

რიტორიკულ მიმართვაში გამოხატულია მიმმართველის დამოკიდებულება მიმართვის ობიექტისადმი (საგნის, ბუნებისა თუ პიროვნებისადმი). ბახტრიონში რიტორიკული მიმართვის მრავალი ნიმუშია. ასეთია, მაგალითად სანათას მიმართვა ღმერთისადმი:

ღმერთო და ჩვენო გამჩენო,

ხატებო ფშავეთისაო!..

ჰიპერბოლა. აფორიზმი. რემინისცენცია

ჰიპერბოლის მაგალითები ბახტრიონში ასეთია: პოემის შესავალში ნათქვამია, რომ ღრუბლებს „ცრემლი სდით ალაზნიანი“, ესე იგი როგორც ალაზანი, ისე მოდიოდა წვიმა; რასაკვირველია, გადაჭარბებაა, როდესაც პოეტი ამბობს, რომ მტირალ სანათას „ცრემლი წინ უდგა გუბედა“. ჰიპერბოლურადაა გადმოცემული ბახტრიონის ბრძოლის შედეგი:

აივსო თათრის ძვლებითა

იმ ბახტრიონის არია,

ციხე-გალავნად ეგება,

ისე გამრავლდა მკვდარია

აფორიზმი ხელს უწყობს ნაწარმოების მხატვრულად და აზრობრივად გამდიდრებას. აფორისტულია პოემაში შემდეგი სტრიქონები:

ცოცხალს კი უნდა ეხუროს

ვაჟკაცსა ქუდი თავზედა

სიცოცხლეს აუგიანსა

სიკვდილი მიჯობს ხმალზედა

ბახტრიონში რემინისცენციის ნიმუშად მიიჩნევა ზოგიერთი აფორისტული თქმანი, მაგალითად:

სიცოცხლეს აუგიანსა

სიკვდილი მიჯობს ხმალზედა

მკითხველს აგონებს აფორიზმს „ვეფხოსტყაოსნიდან“:

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა

სიკვდილი სახელოვანი!

რიტმი

ბახტრიონი დაწერილია რვამარცვლიანი დაბალი შაირით, რომელიც წარმოადგენს რუსთველური დაბალი შაირის ნახევარტაეპს და ფართოდ არის გავრცელებული ხალხურ შემოქმედებაში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ვაჟა-ფშაველა უმთავრესად ამ საზომით წერს, რაც ერთ-ერთი მაჩვენებელია ხალხურ შემოქმედებასთან მისი ორგანული კავშირისა.

პოემა თავიდან ბოლომდე ამ ერთი უცვლელი მეტრით მიემართება. არც ერთი შემთხვევა გვაქვს, არა თუ მეტრის გამოცვლის, არამედ დაბალ შაირში მაღალი შაირის შერევისა, რაც ალაგ-ალაგ თავს იჩენს ხალხურ პოეზიაში.

მიუხედავად ამ მეტრული ერთსახეობისა, ბახტრიონის რიტმი მოძრავი, ცვალებადი და მრავალფეროვანია.

დესკრიფცია. ავტოლოგია.

დესკრიფციის მაგალითები საკმაოდ გვხვდება ბახტრიონში. ასეთად მიიჩნევენ პოემის დასაწყისს: „დღემ დაიხურა პირბადე“; ანდა „გორი რამ ჩასდგამს შუბის წვრად… უმზეოდ ჩამოგვალული“.

მაგალითად რომ ავიღოთ სანათასა და კვირიას დიალოგის ის ადგილი, სადაც კვირია ჰყვება, თუ რა ვითარებაა კახეთში, როგორ დათარეშობენ თათრები, ვნახავთ, რომ მონათხრობ ამბავს გადავყავართ კახეთის სინამდვილეში და მწერალი ფაბულის პირდაპირი განვითარებიდან თითქოს უხვევს; ეს დესკრიფცია ერთგვარად ანელებს სიუჟეტის განვითარებას, სამაგიეროდ დიდად უწყობს ხელს თხრობის საერთო გაშლას, რადგან აქ უკვე მოტივირებულია ის ფაქტორები, რომლებმაც სახალხო აჯანყება გამოიწვია.

აღნიშნავენ, რომ ავტოლოგიური თხრობა ხშირად ახასიათებს ხალხურ პოეზიას. ავტოლოგიის მაგალითები გვხვდება ბახტრიონშიც, მაგალითად: „ბერი ტიროდა დიაცი… მოჩანს აკლდამის პირები“, „უცბად გაისმა ფეხის ხმა… მიწა ვასველეთ ცრემლითა“. ავტოლოგიური სტილი ჭარბადაა გამოყენებული სანათასა და კვირიას საუბარში, ასევე ლელასა და ლაშქრის, ლელასა და კვირიას დიალოგებში. პოემის XVI თავიც საკმაოდ შეიცავს ავტოლოგიურ თხრობას.

ინვერსია

ბახტრიონში განსაკუთრებით ხშირადაა გამოყენებული ინვერსია. კარგი საშუალებაა ტექსტის ინტონაციურად გამახვილებისათვის, მთლიანი კონტექსტიდან სიტყვებისა და ფრაზების გამოყოფისა და ხაზგასმისათვის.

ინვერსიის სახეებიდან ბახტრიონში ყველაზე უფრო გავრცელებულია:

  1. მსაზღვრელ-საზღვრულის ირიბი წყობა;
  2. მსაზღველ-საზღვრულის გათიშვა ზმნით ან მეტყველების სხვა რომელიმე ნაწილით.
  • მსაზღვრელ-საზღვრულს ავტორი პოემაში ორივე სახით ხმარობს – პირდაპირითა და ირიბით.

ზოგჯერ სიტყვას ორი მსაზღვრელი ახლავს. ერთი წინ უსწრებს ამ სიტყვას, მეორე – მოსდევს.

მკერდზე ატყვია მიმხმარი

სისხლი წყლად ამორწყეული

ანდა:

იქ ჰყრია დიდი ლოდები,

შავფერი, ციხისკარული

მიმხმარი სისხლი და დიდი ლოდები მსაზღვრელ-საზღვრულის პირდაპირი წყობის მაგალითებია, ხოლო სისხლი ამორწყეული, ლოდები შავფერი ან ლოდები ციხისკარული – ირიბი წყობისა.

  • ინვერსიის მეორე სახეობაა მსაზღვრელ-საზღვრულის გათიშვა. იგი ბახტრიონისათვის კიდევ უფრო ნიშანდობლივია და საკუთრივ ინვერსიის თვალსაზრისითაც უფრო მნიშვნელოვანია. გამთიშველის როლში ჩვეულებრივ გამოდის ზმნა:
ჭრელს ჩავიცომდი კაბასა

ანაფორა. სინონიმია

ბახტრიონში ჩვენ გვხვდება ანაფორის მხოლოდ ორიოდე მაგალითი და ეს ბუნებრივია, რადგან ანაფორა, როგორც სტილისტიკური ხერხი, უმთავრესად ისეთ ნაწარმოებებში იძენს საგანგებო მნიშვნელობას, რომელშიც ავტორი შეგნებულად ცდილობს პათეტიკური ინტონაციის გაძლიერებას. ჩვეულებრივ კი, მხატვრულ მეტყველებაში ანაფორა არც თუ ისე ხშირად გვხვდება.

ბახტრიონში გვაქვს ბგერითი და ლექსიკური ანაფორის შემთხვევები.

ბგერითი ანაფორის ნიმუშებია: „მოგესალმებით ქედებო, მომაქვს სალამი გვიანი“, „ლაშარის გორზე წავიდა ლაშქარი დროშის ჟღერითა“.

ლექსიკური ანაფორის მაგალითებია: „ჩემსამც სამარეს ამკობენ თქვენი დეკა და ღვიანი! თქვენგანა გულობს ეს გული, შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი, თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ, ღალიან-ბარაქიანი“.

სინონიმები არა მხოლოდ ხელს უწყობს მხატვრულ ფრაზის შინაარსობრივი მხარის გამოკვეთას, არამედ ემოციური ზემოქმედების გაძლიერებასაც. ბახტრიონის სინონიმიის მაგალითებია: „ტიროდა, ემდურებოდა, ხოშარელთ ბედისწერასა“, „ჩემ რა იკითხვის, დედილას, უკლოსი, ბედით შავისა“.

ევფონია

ბახტრიონი მდიდარ და საინტერესო მასალას იძლევა ევფონიის მხრივ.ბგერათა კეთილხმოვანება გამოიხატება, როგორც ალიტერაციაში, ისე ასონანსში. ზოგჯერ თვალსაჩინოა ბგერათა მთლიანი კომპლექსების გამეორებაც: მეორდება ზმნისწინები, ფუძის საწარმოებელი პრეფიქს-სუფიქსები, ანდა ერთი და იგივე ან მსგავსი ბგერათკომპლექსები.

პოემის დასაწყისი ევფონიითაც იქცევს ყურადღებას. ერთი რითმით შეკრული პირველი ექვსი სტრიქონი ერთგვაროვან ბგერათა ჟღერადობით არის გაძლიერებული. განსაკუთრებით თვალში საცემია სინტაგმების ალიტერაციული თანხმობანი: დღემ დაიხურა, თებმა ვალები, არი ვითინებს, არი… შესაარები. გარდა მუსიკალური კეთილხმოვანებისა, აქ ალიტერაცია ემსახურება მხატვრული სახის შექმნის ამოცანას.

ბახტრიონის ევფონია ქართული მეტყველების ბუნებრივ ჟღერადობას ემყარება და დაზღვეულია რაიმე თვითმიზნურობისა და ხელოვნურობისაგან. მისთვის ნიშანდობლივია, ხალხურ ლექსში ცნობილი და გავრცელებული ალიტერაციები. პოემაში ბევრია პროფესიული ოსტატობით გაკეთილხმოვნებული ფრაზები და სტრიქონები.

ბახტრიონის ალიტერაცია ძირითადად ერთისა და იმავე თანხმოვნის გამეორებას გულისხმობს და ერთი სტრიქონით იფარგლება. განსაკუთრებით დამახასიათებელია ალიტერაცია სიტყვათა წყვილებში: ღრმა ღელე, ქვითინი ქალური, ცეცხლი ციური, შავტირებ ფშაველთა, ბალახის ბიბინი და სხვა.

რითმა

ბახტრიონში სულ 238 სარითმო ერთეულია, ანუ ერთმანეთს შერითმულ სიტყვათა 238 განსხვავებული შემთხვევაა (მაგალითად, სიტყვასთან ალაზანი შერითმულია კლდე, ფშა, ცვარი, გვიანი, ღვია, ღვთიანი, ღალა-ბარაქა, ია, ცოდვილი – ეს ჩათვლილია ერთმანეთთან შერითმულ სიტყვათა ერთ შემთხვევად). აქედან ორი სიტყვის (წყვილთა) შერითმვის 136 შემთხვევაა, სამი სიტყვისა – 50 შემთხვევა, ოთხი სიტყვისა – 24, ხუთი სიტყვისა – 8, ექვსი სიტყვისა – 5, რვა და ცხრა სიტყვისა – ორ-ორი შემთხვევაა, ათი სიტყვა შერითმულია 3-ჯერ, ერთხელაა შერითმული 13 სიტყვა, მეტი რაოდენობა სიტყვებისა კი, ერთმანეთს აღარ ერითმება, ოღონდ ერთხელ ერთ რითმაზე 23 სიტყვაა აგებული (ეს სიტყვები სარითმო ერთეულებად მოცემულია პოემის XIV თავის დასასრულიდან XV თავის ბოლომდე).

ლიტერატურული კრიტიკა

ქართულ სალიტერატურო კრიტიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იპოლიტე ვართაგავას ვრცელი კრიტიკული ეტიუდი, „სიმღერა მთის შვილის – ვაჟა-ფშაველასი“, რომლის ბეჭდვაც ავტორმა 1913 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჟურნალ „განათლებაში“, ხოლო ცალკე წიგნად 1921 წელს გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ იპოლიტე ვართაგავამ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში დაინახა საკმაო სიცხადით გამოკვეთილი სახე ძველი ქართველი გმირი ქალებისა, რომელნიც მამაკაცებთან ერთად, მხარდამხარ იბრძოდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. ასეთებია სანათა და ლელა.

კრიტიკოსმა ხოშარელი მოხუცი ქალის სახეში დაინახა არა ვიწრო, კუთხური პატრიოტული გრძნობით აღჭურვილი ადამიანი, რომლის ინტერესებიც სუბიექტურ გრძნობებსა და განცდებს არ სცილდება, არამედ „სანათა განხორციელებაა მრავალტანჯულ ქართველ ერის სულისკვეთებისა: ის ცხოვრობს ერის ცხოვრებით; ერის ტანჯვა მისი ტანჯვაა“, რომელიც შეგნებულად სწირავს პირად ბედნიერებას სამშობლოსა და ერის ინტერესებს. სანათას პიროვნებაში ჩანს უდიდეს უბედურებაში მყოფი, მაგრამ გაუტეხელი, მხნე გულისა და ფხიზელი გონების გმირი ქალი.

ასეთივე მიმზიდველ სახედ მიაჩნია იპოლიტე ვართაგავას ლელა ბაჩლელიც. სამშობლოს მტრებისადმი ზიზღით აღსავსე ყმაწვილი ქალი მარტივად წყვეტს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს. კრიტიკოსი შენიშნავს, რომ ლელა რეალური სახე კი არ არის, არამედ პოეტის მიერ ხელოვნურად შექმნილი და შეყვანილი პოემის მოქმედ გმირთა გალერეაში იმ მიზნით, რომ „გამოაცოცხლოს მიმქრალ-მიფერფლილი სახე ქართველ დედებისა და ჩაჰბეროს სული ცხოველი“, რომ იგი გახდეს სანიმუშო მაგალითი პოეტის თანამედროვე იმ ქართველი ქალებისათვის, რომელთაც „გარდაეცვალათ სული ცხოველი“. მწერლის ამგვარ მოქმედებას კრიტიკოსი სავსებით ამართლებს და მასში ხედავს ვაჟას, როგორც ხელოვანის, უდიდეს დამსახურებას, „დიადი მნიშვნელობა ხელოვნებისა უმთავრესად იმაში მდგომარეობს, რომ შეასხამს რა ხორცს რომელსამე იდეას, აზრს, ამით გადააქცევს განყენებულ და უხილავ იდეას რეალობად, რომელიც შეიძლება კიდეც შევისწავლოთ, შევიყვაროთ ან შევიძულოთ“. ვაჟას პოეზიის მიზანიც, კრიტიკოსის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხრივ ლამაზად, წარმტაცად და სიყვარულით გამოაქანდაკოს ძველ გმირთა სახეები, მისაბაძ მაგალითად აქციოს ისინი თანამედროვე უკუღმართობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო მეორე მხრივ გამოიწვიოს ზიზღი და სიძულვილი სამშობლოს გამყიდველ, ეგოისტ, ინდივიდუალისტ და ლაჩარ პიროვნებათა მიმართ.

თეატრალური დადგმები

ვაჟა-ფშაველას პოემა ბახტრიონი რამდენიმე სახით დაიდგა ქართულ სცენაზე. პირველად 1943 წელს დრამატურგმა გიორგი შატბერაშვილმა „ვაჟას შთაგონებით“ დაწერა პიესა „ბახტრიონი“ 4 მოქმედება 7 სურათად, თუმცა პიესა სცენაზე არ დადგმულა.

1956 წელს შ. გოცირიძემ დაწერა ისტორიულ-დრამატული პიესა 4 მოქმედებად და 10 სურათად – „ბახტრიონის გმირები“ (თეთრ ლექსად). პიესა დაიდგა თელავის სახელმწიფო თეატრში 1959/60 წლების სეზონში. დადგმა ნ. დეისაძის, მხატვრები – ივანე ასკურავა და დ. ბალარჯიშვილი, კომპოზიტორი – მ. ესებუა, ქორეოგრაფი – მირიან თვალიაშვილი.

1959 წელს ვაჟას ბახტრიონის მიხედვით დავით გაჩეჩილაძემ დაწერა ტრაგედია – ლეგენდა „ბახტრიონი“ სამ მოქმედებად. პიესა რუსთაველის თეატრში 1959/60 წლების სეზონში განხორციელდა ორ ნაწილად. დადგმა დიმიტრი ალექსიძის, მხატვარი – ფარნაოზ ლაპიაშვილი, კომპოზიტორი – არჩილ ჩიმაკაძე. როლებს ასრულებდნენ: სანათა – თამარ ჭავჭავაძე, თინათინ ჩარკვიანი, თამარ თეთრაძე; ლელა – ზინაიდა კვერენჩხილაძე, მედეა ჩახავა, ანდარეზი – კოტე მახარაძე, ნუგზარ ანდღულაძე; ლუხუმი – მიხეილ ჩიხლაძე, დ. ხუციშვილი; უთურგა – გურამ საღარაძე, თ. ქვარიანი; წიწოლა – თ. ტატიშვილი, ჯემალ ღაღანიძე; ჯაბანა – ემანუელ აფხაიძე; ზეზვა – ბუხუტი ზაქარიაძე; ქადაგი – სერგო ზაქარიაძე; ვაზუზი – კახი კავსაძე, გივი ჯაჯანიძე; ნადირა – ვალერიან ელოშვილი; ცისკარა – ელდარ სახლთხუციშვილი.

ლიტერატურა

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, გამომცემლობა „განათლება“, 1972
  • ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1966
  • ვაჟა-ფშაველა, თამაზ ჩხენკელის წინასიტყვაობა, სახელგამი, 1946
  • გიორგი ჯიბლაძე, ვაჟა-ფშაველა, თბილისი,1958
  • იოსებ ბოცვაძე, ვაჟა-ფშაველა და მისი კრიტიკოსები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1965
  • ვიქტორ გაბესკირია, ვაჟას სამყაროში, გამომცემლობა „ნაკადული“,1961
  • ე. კვიტაიშვილი, ვაჟა-ფშაველას რითმა,გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“,1971
  • დ.რამიშვილი, ადამიანი და ბუნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, გამომცემლობა „მეცნიერება“,1968
  • გრიგოლ კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,1989.

რესურსები ინტერნეტში

პოემა ბახტრიონი 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო

Tags:

პოემა ბახტრიონი მოკლე შინაარსიპოემა ბახტრიონი ბახტრიონი ჟანრობრივი თვალსაზრისითპოემა ბახტრიონი თემა და მთავარი იდეაპოემა ბახტრიონი ფაბულა, სიუჟეტი და კომპოზიციაპოემა ბახტრიონი პერსონაჟებიპოემა ბახტრიონი ბუნებისადმი მიმართებაპოემა ბახტრიონი პოემის ხალხურობაპოემა ბახტრიონი სტილიპოემა ბახტრიონი ლიტერატურული კრიტიკაპოემა ბახტრიონი თეატრალური დადგმებიპოემა ბახტრიონი ლიტერატურაპოემა ბახტრიონი რესურსები ინტერნეტშიპოემა ბახტრიონი სქოლიოპოემა ბახტრიონი16591892ბახტრიონის ბრძოლავაჟა-ფშაველაკახეთიმთიანეთიყიზილბაშები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანდაზააჭარის ავტონომიური რესპუბლიკასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024დავით IV აღმაშენებელიდათა თუთაშხიაFacebookპაბლო პიკასოჩემი ცოლის დაქალებიიგავ-არაკიიგიტბასოფლის მეურნეობაქართვლის დედაათეროსკლეროზიკახეთის აჯანყება (1659)იბერიააბო თბილელის წამებათირკმელიგაერთიანებული სამეფოთურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიდავით VI ნარინისტუმარ-მასპინძელიმაროკონორვეგიათბოგამტარობატონაკვადრატიაზერბაიჯანისოლომონ დოდაშვილიბარდა სკლიაროსიმდგრადი განვითარებაქართული ხალხური ცეკვებიმასონობასაქართველოს ქალაქებიქართული სამზარეულოშრი-ლანკაალჟირირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ოქროიმპრესიონიზმიმარიხუანამალტამართკუთხედიმიწისძვრაქართლის გაქრისტიანებაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკეთილშობილი ირემიბაგრატის ტაძარიისრაელიკალიებიმირზა გელოვანიაფხაზებიადამიანის ჩონჩხიტურიზმიქართველი მწერლების სიადუბაის საამიროია ფარულავათბილისის ბოტანიკური ბაღიელენე ახვლედიანისანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)დედამიწის ისტორიაავოკადოსეკულარიზმისაქართველოს ისტორიაანალური სექსიმერცხლისებრნირუსეთ-საქართველოს ომი (2008)შვიდი მომაკვდინებელი ცოდვაეროზიასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაპოლიმერებიYouTubeშვეიცარიაფარსმან II ქველიბორჯომიაღა-მაჰმად-ხანიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითრელიგია🡆 More