ხევსურეთი

ხევსურეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე.

იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე, ჩრდილოეთის განედის 42°25′-42°27′ და აღმოსავლეთი გრძედის 44°48′-45°18′ შუა. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კმ² ფართობი.

ხევსურეთი
ხევსურეთი
შატილი
ხევსურეთი

კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე, ანუ პირაქეთა ხევსურეთი. პირიქითა ხევსურეთი შედგება: მიღმახევის, შატილის და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთი — არაგვის ხეობისაგან.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრი — ბარისახო) და შატილის (ცენტრი — შატილი).

ბუნება

გეოგრაფიული აღწერა

აღმოსავლეთიდან ხევსურეთს ესაზღვრება ჩეჩნეთი და თუშეთი, სამხრეთით — ფშავი, დასავლეთით — ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით კი — ინგუშეთი. ქისტეთ-ჩეჩნეთისაგან ხევსურეთს ჰყოფს მითხოსა და მაისტის მაღალი მთები, რომლებიც მიემართებიან ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, ბისნის მთიდან დაწყებული თებულოსმთამდის. ხევსურეთისა და ფშავის გამყოფი საზღვარი იწყება პატარა ბორბალოდან და ლიქოკის მთით მიდის აკუშოს წყლის სათავემდის და შემდეგ ბეტისჩრდილზე და კიშხევზე გადადის.

ხევსურეთი მაღალმთიანი მხარეა, რომელიც ღრმა ხევებით არის დაღარული. მისი გეოგრაფიული სახელწოდებაც „ხევ-სურეთი“ აქედან არის წარმომდგარი და ნიშნავს ღრმა ხევებიან ადგილს. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავლებისა — ფხოველები. ხევსურეთის არაგვის სათავეები გამომდინარეობენ არხოტისთავისა და ანატორის მთებიდან. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის წყალგამყოფი არხოტისთავია (3050 მ), რომელზედაც გადადის არხოტ-როშკის გადასასვლელი ბილიკი. ამ გადასასვლელს არხოტელები როშკის გადასასვლელს უწოდებენ, როშკელები — არხოტისას.

ხევსურეთი 
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხევსურები მხოლოდ პირაქეთა ნაწილს უწოდებენ ხევსურეთს, პირიქითელები კი შატილიონებად და არხოტიონებად (არხვატიონი) იწოდებიან.“

ვახუშტი ბატონიშვილი ძველ ხევსურეთს ასე აღგვიღწერს:

ხევსურეთი 
„ამ ჟინვანს ზეით და ხარჭაშოს ზეით მოერთვის თეთრს-არაგვს ხევსურეთის წყალი. გამოსდის ესე ძურძუკსა და ამას შორის მთას კავკასს, მოდის ჩრდილოდამ სამხრით. ამას მოერთვის ხევნი იმიერ და ამიერ და განჰყოფს ხევსურეთს: აღმოსავლით, ჩამოსული მთა სამხრეთად, ამასა და ფშავს შორისი; სამხრით, ფშავის საზღვარი; ჩრდილოთ, კავკასი ამასა და ძურძუკს შორისი. დასავლით, კავკასიდამ ჩამოსული სამხრეთად მთა, ამასა და გუდამაყარს შორისი.“

ის რომ ხევსურეთად ადრე ბუდე ხევსურეთს, ანუ არაგვის ხევსურეთს მოიაზრებდნენ, ამას ადასტურებს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ც. „ქრონიკის“ თანახმად, როცა ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქართლი, მის მმართველად დანიშნულ აზოს საზღვრად დაუდგინა აღმოსავლეთით ჰერეთი, დასავლეთით – ეგრის წყალი, სამხრეთით – სომხითი, ხოლო ჩრდილოეთით – ცროლის მთა („მთაჲ ცროლისაჲ“). ცროლის მთა კი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, რომლის აქეთ მხოლოდ არაგვის ხევსურეთია.

იმ უღელტეხილთა შორის, რომლითაც ხევსურეთი თუშეთს, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს უკავშირდება, აღსანიშნავია: შიბუღელე (3447 მ.), ამ უღელტეხილით გადავდივართ მდინარე შან-ჩოჩის ხეობაში. ეს მდინარე არმხის (ქსიტაურის) მარცხენა შენაკადია. შიბუღელედან გადავდივართ აგრეთვე სალაშქროსღელეზე, აქედან კი პირდაპირ მდინარე არმეხის სათავეებში. შიბუღელეთი და სალაშქროსღელეთი ხევსურეთი ინგუშეთს უკავშირდება. ეს ორივე გზა ინგუშეთისაკენ მდინარე არხოტის ხეობიდან იზრდება.

აწუნთის უღელტეხილით გადავდივართ თებულოში (თუშეთში), აქედან ბილიკი გადის თუშეთზე და ჩადის სოფელ ჩამლაში, შემდეგ მიუყვება აღმართს ჩამღის გადასასვლელისაკენ და ჩადის ჩეჩნეთში.

არაგვის ხევსურეთი

ხევსურეთის არაგვის სათავე შედგება როშკა-ქმოსტისა, ბლოსა და გორშეღმის წყლის შენაკადებისაგან, რომელსაც გზაზე ერთვის: გუდანისჭალა, ოხერხევი, ბუჩუკურთისა და ლიქოკის წყალი, დათვისისხევი და აკუშოსხევი. ჩრდილოეთიდან სამხრეთით მდინარე ხევსურეთის ამ არაგვს სოფელ მოწმაოსთან ერთვის ფშავის ხევის არაგვი და ამ ადგილსაც ორწყალი ეწოდება. ორწყლიდან (1154 მ) ფშავ-ხევსურეთის არაგვი მიდის ჟინვალის მიმართულებით, სადაც მას უერთდება მთიულეთის (თეთრი და შავი) არაგვი, და ეს გაერთიანებული არაგვი მცხეთასთან მტკვარს უერთდება. ორწყლიდან იწყება ხევსურეთის ტერიტორია და ამ არაგვის ხეობაშია მოქცეული პირაქეთი ხევსურეთი.

დასახლებებია: მოწმაო, დათვისი, გველეთი და სხვა.

    მდინარეები

პირაქეთა ანუ არაგვის ხევსურეთში მთავარი მდინარეა — ხევსურეთის არაგვი. მისი შენაკადებია:

არხოტის ხევსურეთი

ხევსურეთი 
არხვატის რუკა

არხოტის ხეობა შემოსაზღვრულია მაღალი მთებით და მყინვარწვერებით, რომელთა სიმაღლე 3000-4000 მეტრამდის აღწევს. არხოტის ხეობაში ჩამონადენი წყლები მდინარედ ერთდება, რომელსაც აგრეთვე არაგვს უწოდებენ. მდინარე არხოტის სათავე იწყება ცირცვლოვანისა და ჭიმღას წყლებისაგან, რომლებიც ჩრდილოეთისაკენ მიედინებიან, მას ერთვის კოლოთანის წყალი, ტანიის წყალი, ბისნის წყალი, ტერღის წყალი და თათელის წყალი. ახიელ-ამღიდან 25 კმ-ის მოშორებით ეს მდინარე შედის ქისტეთში და სოფელ ფეუდან, ხევსურულად „გოშტიგაურიდან“ არაგვის ნაცვლად მას „ასსა“ ეწოდება. აქვეა არხოტისა და ქისტეთის საზღვარი, რომელსაც საქარის მაღალი ჰქვია. არხოტის ხეობაში მცხოვრებ პირიქითა ხევსურებს „არხოტიონებს“ უწოდებენ.

არხოტის ხევსურეთი დასახლებებია: ახიელი, ამღა და ჭიმღა (გაუკაცრიელდა).

    მთები და უღელტეხილები
  • მთებია: სახარის მთა, კიდეგანის მთა, ტამელისმაღალის მთა, მაამლოს მთა, ნასცნიტის მთა, შუაცხვირის მთა, ზეთუკას მთა, მარტინის მთა, ტერხკორტის მთა, არწივისმაღალის მთა, მახისმაღალის მთა, თავდორთვიანის მთა, ამღისმაღალის მთა, ტანიეს მთა, კლიტეთმაღალის მთა, საყორნის კლდე, წიხუკისმაღალის მთა, შუამთა, არხოტის მთა, სასუფთანოს მთა, საურმის მთა, ვაშანიკის მთა.
  • უღელტეხილებია: არხოტისთავის უღელტეხილი, სამტრეხლოს უღელტეხილი, შიბუღელეს უღელტეხილი, სახარისღელეს უღელტეხილი, სალაშქროსღელეს უღელტეხილი, ისართღელეს უღელტეხილი, კალოტანისღელეს უღელტეხილი, არხოტისღელეს უღელტეხილი, როშკისღელეს უღელტეხილი.
  • ქედებიდან აღსანიშნავია – ჭიმღისკლდის ქედი და კიდეგანის ქედი.
    მდინარეები

პირაქეთა ხევსურეთის არხოტის ხეობაში მთავარი მდინარეა — არხოტისწყალი (მდ. ასა). მისი შენაკადებია:

  • მარჯვენა შენაკადები: ბისნა, ტანიესწყალი, წყაროსთავი (მდინარე).
  • მარცხენა შენაკადები: ჩხოტანის ხეობა, ჩხეტისთავი, ახიელისწყალი, არაგვისწყალი, ჭამღისწყალი, ცირცლოვანწყალი.
  • ტბებიდან აღსანიშნავიატანიეს ტბა.

არდოტის ხევსურეთი

ხევსურეთი 
გურო-შატილის ხეობა

შატილის ან არაგვის წყლის სათავე იწყება დათვისჯვარის მთიდან. ეს პირიქითი და პირაქეთი ხევსურეთის წყალგამყოფი ქედია, რომელზედაც გადის ბარისახო-შატილის გზა. შატილის წყალი რომელსაც ასევე არაგვსაც უწოდებენ, შედგება წუბროვანისა და გუროს წყლის შენაკადებისაგან. სათავიდან შატილის წყალი ჩრდილოეთისაკენ მიმდინარეობს, მას ერთვის: შატილისხევის წაყლი და მითხულის-წყალი.

    მთები და უღელტეხილები
  • მთებია:
  • უღელტეხილებია:
  • ქედებიდან აღსანიშნავია
ხევსურეთი 
მიღმახევის ხევსურეთი
    მთები და უღელტეხილები
  • მთებია:
  • უღელტეხილებია:
  • ქედებიდან აღსანიშნავია
    მდინარები

პირიქეთა ხევსურეთის მიღმახევის ხეობაში მთავარი მდინარეა — ანდაქისწყალი. მისი შენაკადებია:

  • მარჯვენა შენაკადები: მახკორული, ხონისწყალი, ბორკილასხევი.
  • მარცხენა შენაკადები: ჭანჭახისწყალი, შუახორხისხევი, არჭილოსხევი.

გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული

ხევსურეთის მთები უმთავრესად პალეოზოური ასაკის კრისტალური ფიქლებისა და იურული ასაკის თიხაფიქლებისაგან შედგება. ყველა ეს ფიქლები განსაკუთრებით კი იურული ასაკისა, ტკეჩვადობის გასწვრივ ადვილად იმსხვრევა. ის საშენ მასალადაც გამოიყენება. ინტრუზიული სხეულებიდან აქ ვხვდებით: დიაბაზს, გრამოდიორიტებს და დიორიტებს, ვულკანური წარმონაქმნებიდან ბაზალტს.

ხევსურეთის არაგვის ხეობას ახასიათებს აგრეთვე ყინვარობის ნაშთები, რომლებიც მოცემულია უზარმაზარი ლოდების სახით და მიმოფანტულია ჭაუხისა (3852 მ) და როშკის მიდამოებში.

სასარგებლო წიაღისეულებიდან გვხვდება მცირე გამოსავლები ტყვია, ცინკისა და სპილენძის გამადნებისა. მოსაპირკეთებელ მასალებად ვარგისია აქ არსებული დიაბაზური და ბაზალტური სხეულები.

ხევსურეთის ბუნებრივ სიმდიდრეთა ექსპლოატაციის ერთგვარი ცდა 1890 წელს მოახდინა ნ. ფილკევიჩმა, რომელსაც არხოტელებთან ხელშეკრულებაც კი დაუდვია, რომ ნება დაერთოთ მისთვის, ეწარმოებინა არხოტის ხეობაში ვერცხლის, სპილენძისა და ოქროს ძიება და დამუშავება.

ჰავა

ჰავა და კლიმატური პირობები ხევსურეთის სამივე ხეობაში არაერთგვაროვანია. ხევსურეთის ჩრდილოეთი მხარე (არხოტ-შატილ-არდოტი) სამხრეთთან (არაგვის ხეობა) შედარებით უფრი ცივი და სუსხიანია.

პირიქითა ხევსურეთის სიმაღლე ზღვის დონიდან 2800-4500 მ-ს აღწევს და ამდენად, ალპური ჰავის ზოლს ეკუთვნის. აქ მთელი წლის მანძილზე ცივი ამინდებია. ზამთარი სუსხიანია და თოვლიან-ყინვიანი. იანვრის ტემპერატურა — 12 °C-დან — 18 °C-მდე აღწევს. გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა — ადრე. ზაფხული გრილია (ივლისის საშუალო ტემპერატურა + 10 °C-დან +14 °C-მდეა), მოკლე და ნესტიანი. პირაქეთა ხევსურეთში ბარისახოსა და გუდანში ჰავა მიეკუთვნება მთის ტყეთა ჰავის ზოლს, სადაც ზომიერად ცივა და წლის საშუალო ტემპერატურა +11 °C, ზაფხული თვილია შემოდგომა — მზიანი. ატმოსფეროს დანალექის წლიური ოდენობა აღწევს 1000 მმ და უმთავრესად მოდის თოვლის სახით.

პირაქეთა ხევსურეთში განსაკუთრებით ბარისახოსა და გუდანის ნაწილი ჰავის მხრივ უნდა მიეკუთვნოს ტყეების ჰავის ზოლს (650-2000 მ), სადაც ზომიერად ცივა და წყლის საშუალო ტემპერატურა +11 °C-დან +5 °C-მდე მერყეობს. ზაფხული აქ თბილია, შემოდგომა კი მზიანი. ატმოსფეროს ნალექის წლიური რაოდენობა საშუალოდ 1000-1200 მმ-მდეა. წვიმიანი და ნისლიანი ამინდები აქ უფრო ზაფხულობით იცის.

შიგა წყლები

ხევსურეთში მოიპოვება მინერალური წყლებიც რომელსაც ვეძას ეძახიან. მათ შორის ცონილია ლიქოკის ვეძა, გუდანის წყარო, ნადირხევის ვეძა, ხახმატის ვეძა და ღულის ვეძა. ამ მჟავე წყლებს შორის ჭარბობს ტუტე-მარილოვანი წყაროები, რომელთა ქიმიურ გამოკვლევას აწარმოებდა რ. კუპცისი 1928 წელს.

მცენარეული საფარი

ხევსურეთის მთის კალთები შემოსილია ფოთლოვანი ტყით. პირაქეთა ხევსურეთში იზრდება მუხა, ვერხვი, წიფელი, დგნალი, ტირიფი, მურყანი, არყი, ცაცხვი, ცირცელი, კაკალი, მსხალი, ვაშლი, ტყემალი, თხილი, ბალი, თელა, ღვია, ფიჭვი, ურთხელი.

პირიქითა ხევსურეთი ტყით შედარებით ღარიბია. მაღლა იზრდება ფიჭვი და არყი. დაბლა — ცაცხვი, ცირცელი, დგნალი, თელა, კირცხალა, ქორაფი, იფანი, ლეკი, ღვია, დეკა, ტირიფი და მურყანი. ამ მხარეში მრავლადაა სუბალპური და ალპური მდელოები. სუბალპების მაღალბალახოვანი მდელო მდიდარია მცენარეთა სხვადასხვა სახეებით და იძლევა კარგ თივას.

ცხოველთა სამყარო

ხევსურეთის კლდე-ტყეებში ბუდობენ ფრინველები: არწივი, სვავი, ყაჯარი, ბორა, იხვი, მტრედი, შაშვი, ჩხიკვი, ოფოფი, ყვავი, ბუ, მერცხალი, ქეროზა, პრანწია, მადოულიკა, კუდიტრისა, მწყერი, ტოროლა, როჭო, შურთხი, კაკაბი, ძერა, ორბი, სამურია, კუდბეჭეტა; გავრცელებულია ნადირი: მგელი, დათვი, ტურა, მელა, კურდღელი, კვერნა, მაჩვი, ტყის კატა, ციყვი, კინდოლი, ავაზა, ფსიტი (არჩვი), ჯიხვი; ქვეწარმავლებიდან: გველი და ხვლიკი, მღრღნელებიდან თაგვი; ამფიბიებიდან ბაყაყი; თევზებში ბევრია: კალმახი, გვხვდება ფიჩხული, და მურწაც.

თემები

ხევსურეთი ისტორიულად იყოფოდა თემებად — ტერიტორიულ ერთეულებად. პირაქეთა, ანუ ბუდე ხევსურეთში იყო ხუთი თემი: არაგვის ხეობის თემი, ლიქოკის ხეობის თემი, ბისო, გორშეღმის თემი, წყალსიქითის ხეობა. სამი თემი იყო პირიქით ხევსურეთში: შატილის ხეობა, მიღმახევი და არხოტის ხეობა.

ისტორია

თუ ხევსურეთის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ძველ ქართულ წყაროებში ხევსურეთი და ფშავი ერთად იხსენიება „ფხოვის“ სახელით. ხოლო აქ ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთები (ბრინჯაოს ნივთები) მიუთითებენ, რომ აქ ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში უცხოვრია ადამიანს.

„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გვამცნობს, რომ ფხოვი მეოთხე საუკუნეში დასახლებული ყოფილა და წარმართ ფხოველებს ე. ი. ხევსურებსა და ფშაველებს ქრისტიანობა არ მიუღიათ. როგორც ჩანს, ფხოველები მეტად დაუმორჩილებელი და მებრძოლი ხალხი ყოფილა. მაგალითად, თამარ მეფის მეფობის უკანასკნელ წლებში ფხოველნი და დიდოელნი აჯანყებულან და მათ წინააღმდეგ თამარს ლაშქარი გაუგზავნია ივანე მხარგრძელის სარდლობით. ეს უკანასკნელი სასტიკად გასწორებია ფხოველებს და აჯანყებაც ჩაუხშია.

როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს „ქართლის ცხოვრებაში“, წინათ ქისტეთ-ჩეჩნები და ლეკები საქართველოსთან მეგობრულ კავშირში იყვნენ და ადმინისტრაციულად თუშ-ფშავ-ხევსურეთთან ერთად შედიოდნენ ხუნძახისა და პანკის-კვეტარის სამოურავოში.

XI საუკუნეში ხევსურეთი (ფხოვი), ჩეჩნეთი (ძურძუკეთი) და ინგუშეთი (ქისტეთ-ღლიღვეთი), ადმინისტრაციულად შედიოდა კახეთში და ექვემდებარებოდა კვეტარის საერისთავოს. ხევსურთა მებრძოლი ბუნება ვერ ეგუებოდა სხვათა მორჩილებას და XV საუკუნეში გასდგომიან გიორგი I-ს (1471-1492). კახეთის მეფე ლევანს (1520-1574) უსისხლოდ მოუხერხებია ხევსუთა, ფშავთა და თუშთა შემორიგება, რადგან მათთვის კახეთის საძოვრები მიუცია.

XVIII საუკუნეში ხევსურები თეიმურაზ II-საც გასდგომიან (1744-1760). ხევსურთა დასამორჩილებლად მეფე ერეკლე II, თეიმურაზის ძე ჯარით მისულა მაგრამ მოუხერხებია ხევსურთა კვლავ უსისხლოდ შემორიგება.

ისტორიულად ხევსურები მუდამ იდგნენ საქართველოს სადარაჯოზე და მტკიცედ მებრძოლ ძალას წარმოადგენდნენ ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში. ისტორიამ, განსაკუთრებით ხალხურმა თქმულებებმა და ლექსებმა, შემოგვინახეს ხევსურთა გმირობის ამბები. მეფე ერეკლე II გამორჩეულად აფასებდა ხევსურთა თავდადებასა და მათ მებრძოლ ბუნებას. ხევსურეთს, როგორც ქისტეთ-ჩეჩნეთისა და ლეკების მოსაზღვრეს, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა ჩრდილოეთი საზღვრის დასაცავად. როდესაც მეფე ერეკლემ ლეკების თარეშის ასალაგმავად მორიგი ლაშქრობა წამოიწყო, თუშ-ფშავ-ხევსურნი გაათავისუფლა სამეფო ბეგარისაგან, რადგან მათ ევალებოდათ ქისტეთ-ლეკეთის საზღვრის დაცვა.

საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795). მთიულეთის აჯანყებისა (1804) და 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება.

დემოგრაფია

ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, ერწო-თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი).

ცნობილია, რომ მჭიდრო კავშირი ინგუშ-ჩეჩნებსა (ვაინახებსა) და ქართველ მთიელებს შორის განაპირობებდა ერთი ეთნიკური ელემენტის მეორეში შეჭრას. მთიან ჩეჩნეთში ქართული ელემენტის არსებობაზე მიუთითებს გვარებიც: ხაიხაური, მუხაური, გადამაური, რომლებიც სოფელ მელხისტიდან არიან. ასეთივე ქართული წარმოშობისაა სოფლების შუნდი-მოხკის და ცაცახის მოსახლეობის ნაწილიც. ინგუშეთში მცხოვრები მელსაგოვებიც, რომლებიც ინგუშური გადმოცემით დამაარსებელი არიან ქალაქ „დზაუგისა“ (დღევანდელი ვლადიკავკაზი), წარმოადგენენ ერთერთ შტოს ქართველი მარსაგიშვილებისა. ესეთივე არიან ევლოევები და ევკუროვები (პროფესორ აბრამ შავხელიშვილის მონაცემები). მეორეს მხრივ, მიგრაცია ჩეჩნურ-ინგუშური ეთნიკური ელემენტისა, მიმდინარეობდა ხევსურეთშიც. ეს მიგრაცია განპირობებული იყო ამა თუ იმ პერიოდში ჩეჩნეთ-ინგუშეთში შექმნილი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარებით.

ხეობა მოსახლეობა (1873 წ) მოსახლეობა (1926 წ) მოსახლეობა (2002 წ) მოსახლეობა (2014 წ)
არხოტის ხეობა 256 42 15
შატილ-არდოტის ხეობა 1110 251 48
არაგვის ხეობა 2207 573 339
სულ 4867 3573 866 402

ხევსურეთის მოსახლეობის შემცირება გამოწვეულია უმთავრესად მოსაზღვრე რაიონებში, განსაკუთრებით კახეთის მხარეში გადასახლებით. ასეთი გადასახლება ადგილის სიმცირისა და ეკონომიკური პირობებით არის გამოწვეული და დაიწყო XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან. თავად ხევსურთა რიცხოვნობა, ხევსურეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხევსურთა რიცხვისაგან კარდინალურად განსხვავდება და ის გაცილებით დიდი ოდენობით წარმოგვიდგება.

ეთნიკური შემადგენლობა

ხევსურეთის მოსახლეობის თითქმის 100 % შეადგენენ ქართველები.

რელიგია

ხევსურები ძირითადად ქრისტიანები არიან. სოფლებში გავრცელებული სალოცავებია: ადგილის დედა, ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი, მთავარანგელოზი, პირქუში. აღნიშნული სალოცავები ვიზუალურად ნიშის ფორმას ატარებს და მის ტერიტორიაზე შესვლას ერიდებიან თვით კაცებიც.

ქრისტეანობამდელ რწმენა-ჩვევებიდან აღსანიშნავია: ანატორი, ოჩოპინტე.

ეკონომიკა

გზები

ხევსურეთში გზები ადრე არ არსებობდა, იყო მხოლოდ საცალფეხო ბილიკები. ამის გამო ხეობები ერთმანეთისაგან იყვნენ მოწყვეტილნი. 1930 წლიდან დაიწყო ფშავ-ხევსურეთის გზის მშენებლობა; 1934 წლის 25 ნოემბერ ბარისახოში მოხდა ამ გზის საზეიმოდ გახსნა და ხევსურეთში პირველად ავიდა ათი ავტომანქანა. იგეგმებოდა ამ გზით ქისტეთან და გროზნოსთან დაკავშირება.

პირველი დუშეთიდან გადის არაგვის ხეობით, გაივლის ჟინვალს და მაღაროსკარს, ორწყალთან უხვევს ხევსურეთის არაგვის ხეობაში და ბარისახოში შედის.

მეორე საცალფეხო გზა მიდის ფასანაურიდან გუდამაყრის ხეობით. ეს გზა გასდევს შავი არაგვის ხეობას, შემდეგ ის უხვევს ბაკურხევისაკენ და გადადის ფხიტუს ღელეს გადასასვლელზე, საიდანაც უკანა-ახო-ბუჩუკურთით ბარისახოში ჩადის.

მესამე გზა მიდის ხევიდან სნოს ხეობით ჯუმათამდის; აქ ეს ბილიკი ერთის მხრით გადადის ქისტეთში შიბუღელეს გადასასვლელზე (3447 მ), მეორეს მხრით კი არხოტში ცირცლოვანსა და სამთრეხლოზე გადადის და შემდეგ ჩადის კვირაწმინდა-ახიელში. ამის გარდა არის აგრეთვე ხევსურეთ უკანაფშავის გადასასვლელი ბილიკი მათურისა (3167 მ) და ანდაქის გადასავლით. ხევსურეთ-თუშეთის გზა გადადის აწუნტის (3570 მ) გადასასვლელზე.

ჩრდილოეთის მიმართულებით ხევსურეთიდან გზები გადადის არხოტიდან და შატილ-არდოტიდან ქისტეთ-ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, საიდანაც შეიძლება ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა რაიონებში მიმოსვლა.

შიგ ხევსურეთში არის ორი სამიმავლო გზა, რომლითაც ყველა თემი სარგებლობს. ასეთია არხოტისა და შატილ-არდოტის გზა.

არხოტის გზა ცირცლოვანის ხეობით გადადის არხოტის თავზე, როშკის ხორხზე და როშკა-ღელისვაკით ბარისახოში ჩადის.

შატილ-არდოტის გზა არაგვის ხეობით მიდის ბარისახო-ღულიდან გუდანამდე. აქ გზა უხვევს ხახმატის ხეობაში, სოფელ ბისო-ხახმატით გადადის დათვისჯვრის გადასასვლელზე და ჩადის წუბროვანის ხეობაში. აქედან ლებაისკარსა და გუროზე გავლით გზა შატილში მიდის.

სოფლის მეურნეობა

ხევსურეთის ეკონომიკას განსაზღვრავს სახნავი მიწის სიმცირე და გზების არარსებობა, რის გამოც მიწათმოქმედება და მეცხოველეობა რთულად ვითარდება. ხევსურეთში ასევე მოყავთ თაფლი, ხოლო ცხვრის მატყლისაგან ქალები ქსოვენ შალის ნაწარმს.

ხევსურეთი 
„ხალიჩა-ფარდაგები და ხურჯინები ხევსურეთში არ იქსოვება. აქაურმა ქალებმა მათი ქსოვა არც კი იციან. ამავე დროს აქ დიდი მოთხოვნილებაა საფენებზე და ხურჯინებზე, რომლებიც უმეტესად ფშავიდან და კახეთიდან შემოაქვთ.“

ვაჭრობა

ვაჭრობას და აღებ-მიცემას ხევსურები არც წინათ მისდევდნენ და არც ახლა ეწევიან. ხევსურეთის ეკონომიკა დამყარებული იყო ნატურალურ მეურნეობაზე. გაცვლის საგანი აქ ერბო და ძროხა იყო. მათი მიხედვით ხდებოდა ყველა ღირებულების შეფასება.

კულტურა

მართალია, ხევსურეთი კახეთის სამოურავოში შედიოდა, მაგრამ ფაქტობრივად მას ხევისბერები განაგებდნენ თემური ადათ-წესების მიხედვით და თუ თემურ თავისუფლებას მეფის ხელისუფლებისაგან საფრთხე მოელოდა, ხევსურეთი მზად იყო გადადგომისა და ამბოხისათვის. ეს კუთხე მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდა და იქ კერძო მებატონეს ხელი არ ჰქონდა.

ხევსურეთის თემური თავშესაყარი და მთავარი ადგილი იყო გუდანი, სადაც გუდანის წმინდა გიორგის ჯვარი და დროშა ესვენა. აქ იხდიდნენ ხევსურები საღვთოს, აქვე იყო გუდანის ჯვრის ქადაგი, რომელიც ხალხს აცნობდა გუდანის ჯვრის ბრძანებას ლაშქრობისა და ზავის შესახებ.

1895 წელს ხევსურეთში ჯგუფთან ერთად იმოგზაურა პ. უვაროვამ, რომლის დროსაც მონახულებულ იქნა სოფელი გული, გუდანის ჯვარი, სოფელი ხახმატი, გუროს სალოცავი, შატილის ციხე. ექსპედიციის ფარგლებში გადაღებულ იქნა არაერთი ფოტო როგორც ხევსურეთის ხედებისა, ისე არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა. ფოტოების ნაწილი გამოცემულ იქნა იმდროინდელ პერიოდულ გამოცემაში, ნაწილი კი ინახება რუსეთის ისტორიულ მუზეუმში (ორწყალი, მოწმაოს ხევი, გველეთის ხევი, ხეობები სოფელ გულთან, ქაჩუს ციხე, ხახმატის ეკლესია და მასში დაცული ჯვარი და სასმისი წართული წარწერებით).

1930 წელს თავისი ხუთწლიანი მოღვაწეობა ხევსურეთში აღწერა ექიმმა გიორგი თედორაძემ, რომელმაც თავის ნაშრომში ასახა ხევსურების კულტურა და ყოფა-ცხოვრება.

ღირსშესანიშნაობანი

ხევსურეთში არსებულ ბუნებრივ კომპლექსებს განსაკუთრებული ეკოლოგიური, ისტორიულ-კულტურული და ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყნის კულტურა მეურნეობის ფორმებთან და ადგილობრივ ლანდშაფტთან კავშირში ვითარდება. ძველი მემკვიდრეობის სულიერ და მატერიალურ ფასეულობებს მიეკუთვნება ხევსურეთში ჯერ კიდევ არსებული არქიტექტურულ-კულტურული ძეგლები, რომლებიც ქართული ყოფით კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს წარმოადგენდნენ და კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე თავისი არსებობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საქმესაც ემსახურებოდნენ. პირიქითა ხევსურეთის ტერიტორიაზე განთავსებული ძეგლებისათვის დამახასიათებელი ისაა, რომ ისინი თავის თავში აერთიანებენ საფორტიფიკაციო, საკულტო და საყოფაცხოვრებო ორიგინალურ ნიმუშებს. ასეთ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნებიან შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, ანატორი, აკლდამები და სხვა.

გალერეა

ლიტერატურა

  • ჯ. გვასალია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 452.
  • მაკალათია ს. „ხევსურეთი“, თბ. 1984
  • გაზ. „განათლება, მეცნიერება, ბიზნესი“, თბ., 2002 ნოე.
  • ნ. ურბენლი — ეთნოგრაფიული წერილები (ხევსურეთზე): გაზ. „დროება“ — 1884 წ., № 241; 1885 წ., № 165, 166; „ივერია“ — 1886 წ., № 267, 268, 269; 1887 წ., № 8, 14, 15, 71, 74, 158, 170, 171, 209; ხევსურული სიმღერები: „ივერია“ — 1887 წ., № 264; 1888, № 27, 32, 41, 44, 57, 78, 79, 80, 84, 120, 121, 135, 136, 1891, წ., № 90.
  • დ. პავლიაშვილი — სცენები ხევსურთა ცხოვრებიდან: „ივერია“ — 1903 წ., № 135; 1903 წ., № 145, 149; „ცნობის ფურცელი“ — 1902 წ., № 1687; 1904 წ., № 2506, 2509, 2656, 2660.
  • ვაჟა-ფშაველა — ხევსურები, „ივერია“ — 1886 წ., № 199, 200; 1889 წ., № 81.
  • ბ. გაბუური — „ხევსურული მასალები“ (ქართული სამეცნიერო საზოგადოებრივი „წელიწდეული“ I-II, 1923-1924, ტფილისი, 1924 წ., გვ. 119-330).
  • აკ. შანიძე — ქართული ხალხური პოეზია, I ხევსურული. ტფილისი, 1931 წ.
  • გ. თევდორაძე — „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“, ტფილისი, 1930.
  • ა. ყამარაული — „ხევსურეთი“, სახელგამი, 1932 წ.
  • Р. Эристов — „О Тушино-Пшаво-Хевсурском округе“ (Зап. Кав. отд. ИРГО т. III, Тиф., 1835 г., стр. 75-145).
  • Г. Радде — „Заметк о Хевсурии“, Кавказский календарь на 1877 год. Тиф., 1876 г. ст. 37-63.
  • Г. Радде — „Хевсуретия и Хевсуры“ Тиф., 1881 г.
  • М. В. Мачабели — „Экономический быт крестян Тионетского уезда, Тиф. Губ.“ (Мат. Экон. Быта государст. крест., т. V Тифлис, 1887 г.).
  • Н. А. Худадов — „Заметки о Хевсуретии“ (Зап. Кав. отд. ИРГО т. XIV, в. I, Тифлис 1890 г.).
  • М. Ковалевский — „Народное право Хевсур и Тушин“ (Закон и обычай на Кавказе, Москва, 1890 г., т. II, стр. 102).
  • Первосвященный Антоний, Епископ Гор. — „Религиозно-Этнографический очерк Пшаво-Тушино-Хевсуретии“, Тифлис, 1914 г.
  • П. Уварова — „Поездка в Пшавию, Хевсуретию и Сванетию“ (Мат. по археологии Кавказа, Москва, 1904 г., вып. X).
  • А. Зисерман — „Двадцать пять лет на Кавказе“ (1842-1867 г.), часть I, СПБ, 1879 г., стр. 206-227; Очерки Хевсуретии, газ. Кавказ, 1851 г. № 22-24.
  • В. Гурко-Кряжин — „Хевсуры“, Москва, 1928 г.
  • Буш — „По горам и ущелям Хевсуретии и Тушетии“ (Труды Имп. СПБ Ботанич. сада XXIII. 3).
  • G. Nioradze — „Begräbnis und Fotenkultus bei den Chewssuren“, Stuttgart, 1931.
  • M. Dechy — „Kaukasus, Reisen und Forschungen im Kaukasischen Hochgebirge“. Bd. II, Berlin, 1906.
  • G. Merzbacher — „Aus den Hochregionen des Kaukasus“, S. 93-106, Bd. II, Leipzig, 1901.
ხევსურეთი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

ხევსურეთი  ხევსურეთის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ხევსურეთის შესახებ.

Tags:

ხევსურეთი ბუნებახევსურეთი ისტორიახევსურეთი დემოგრაფიახევსურეთი ეკონომიკახევსურეთი კულტურახევსურეთი ღირსშესანიშნაობანიხევსურეთი გალერეახევსურეთი ლიტერატურახევსურეთი სქოლიოხევსურეთიკავკასიონისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ივანე მაჩაბელიიოჰან სებასტიან ბახიილარიონ ტალახაძეაშშ-ის ისტორიანიკორწმინდის ტაძარიხარებაელექტრული დენითევზები (ასტროლოგია)საქართველოს სატელეფონო კოდებიდემაგოგიაკვადრატული მეტრიგერგეტის სამების ეკლესიასალომე ზურაბიშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნითუშეთიკავკასიური ნაგაზიირაკლი ღარიბაშვილიდელფინებიფარსმან II ქველინაცვალსახელიმელასოზარ სუბარიხინკალიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიქართული ვაზის ჯიშებიწყნარი ოკეანეფინეთიმინერალების სიათბილისის ზღვაკეთრიევროკავშირიქანი (გეოლოგია)მერაბ მამარდაშვილიამერიკის შეერთებული შტატებიდავით გურამიშვილიბუნებათემურლენგილავრენტი ბერიაLOUDspeakersთავისუფლება (ფილოსოფია)წნევაეპითეტიბუჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიაკილომეტრირიცხვითი სახელიორგაზმიირანიქართული ხალხური ცეკვებიკონსტანტინე გამსახურდიაოგანესონიგიორგი მამარდაშვილისამცხე-ჯავახეთის მხარერომბიგულიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიარაბთა გაერთიანებული საამიროებინახშირწყლებიასურელი მამებიზაფხულინოდარ დუმბაძესაქართველოს პარლამენტინარკოტიკიბერძნული მითოლოგიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითრეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)თბილისური ეზოხემარწყვაოქროს საწმისიმზის დაბნელებასოფლის მეურნეობაფემინიზმიჯაბა კანკავაალპებიგიორგი მაზნიაშვილისეფსისივენდეტარომი🡆 More