წითელმიწა ნიადაგი

წითელმიწა ნიადაგი — ნიადაგი, რომელიც წარმოიქმნება ფართოფოთლოვანი ტყეების საფარქვეშ ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის და ნაწილობრივ ტროპიკული სავანების პირობებში.

ნიადაგწარმომქმნელი ქანებია ამონთხეული წითელი ფუძე ქანების — ანდეზიტების გამოფიტვის პროდუქტები, მათი დერივატები და ზებრისებრი თიხები ანუ წითელმიწა გამოფიტვის ქერქი. ხასიათდება წითელი ან ნარინჯი შეფერილობით, გათიხებით და ჩვეულებრივ, მძლავრი პროფილით.

ნიადაგის პროფილს აქვს შემდეგი აგებულება: A-AB-B-BC-C. წითელმიწა ნიადაგის პირველი მკვლევრები იყვნენ ანდრეი კრასნოვი (1894) და ვასილი დოკუჩაევი (1899), რომლებიც მათ აიგივებდნენ ლატერიტებთან. შემდეგ კონსტანტინ გლინკამ (1906) ნიადაგების პირველ მსოფლიო რუკაზე ცალკე გამოჰყო „წითელმიწა“, „ლატერიტები“, „ყვითელმიწა“. მისი აზრით წითელმიწები რელიქტური ნიადაგებია, რომლებშიც ამჟამად ეწერწარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს.

წითელმიწა ნიადაგი გავრცელებულია 100–300 მ-მდე ზღვის დონიდან და უკავია ბორცვიან-გორაკიანი რელიეფი. გრუნტის წყლის დგომის სიღრმე 8–10 მ-ს აღწევს. კლიმატი ტენიანი სუბტროპიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია 13,7–15,1°C. ყველაზე ცივი თვის იანვრის ტემპერატურა 4,8–6,8°C, ხოლო ყველაზე თბილი თვის აგვისტოს 21,9–24,5°C. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა რვა თვეა. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 1200-დან 2500 მმ-მდეა. ნალექების მინიმუმი მოდის გაზაფხულზე. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3500–4700°C.

ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია შერეული სუბტროპიკული ტყით, რომელშიც გვხვდება წაბლი, ჰართვისის მუხა, წიფელი, რცხილა და სხვა. ეს ტყე ხასიათდება მარადმწვანე ქვეტყით. ამჟამად ამ ტყის დიდი ნაწილი გაჩეხილია, გაშენებულია სუბტროპიკული კულტურები და ჩაის პლანტაციები. წითელმიწა ნიადაგის პროფილს აქვს შემდეგი შენება: A — ჰუმუსოვანი, წითელ-ყავისფერი ან ნარინჯ-ყავისფერი სიმძლავრით 12–25 სმ, კოშტოვანი, მარცვლოვან-კოშტოვანი, თიხიანი ან მძიმე თიხნარი, ფხვიერი. AB — გარდამავალი, ნარინჯის ან ყავისფერ-წითელი ფერის, საერთო სიმძლავრით 20–35 სმ, კოშტოვანი ან კაკლოვან-კოშტოვანი. B — არაერთგვაროვანი შეფერილობით, ყავისფერ-წითელი ან ყავისფერ-ნარინჯი საერთო სიმძლავრით 30–45 სმ, გამკვრივებული, კოშტოვან-დაკუთხული. BC — არაერთგვაროვანი, წითელი, გამკვრივებული კოშტოვანი. C — წითელი ფერის გამოფიტვის ქერქი, წითელი ან ნარინჯის ფერის. გვხვდება რკინის და მანგანუმის ახალქმნილებები.

წითელმიწა ნიადაგი ხასიათდება მჟავე რეაქციით, ამასთან pH სიდიდე უმნიშვნელოდ იცვლება პროფილის მიხედვით. ჰუმუსის შემცველობა საშუალო ან მაღალია; ჰუმუსის ტიპი ფულვატურია. შთანთქმის ტევადობა დაბალი და საშუალოა. შთანთქმულ კატიონებში, როგორც წესი, ჭარბოს გაცვლითი წყალბადი. წითელმიწები ხასიათდება მძიმე თიხნარი, თიხა და მძიმე თიხა მექანიკური შემადგენლობით. ეს ნიადაგები გაღარიბებულია კაჟმიწით და ფუძეებით და გამდიდრებულია ერთნახევარი ჟანგეულებით. ნიადაგის მინერალური ნაწილი ხასიათდება ფერალიტური გამოფიტვით. თიხამინერალები წარმოდგენილია კაოლინიტით, ჰალუაზიტით, ჰეტიტითა და ჰიბსიტით. წითელმიწებში სილიკატური რკინა ჭარბობს არასილიკატურზე. რკინის ცალკეული ფორმები პროფილის მიხედვით მეტ-ნაკლებად თანაბრადაა განაწილებული. წითელმიწების ძირითადი ელემენტარული ნიადაგთწარმომქმნელი პროცესებია: ფერალიტიზაცია, გათიხება და ჰუმუსწარმოქმნა. წითელმიწები განსხვავდება ყვითელმიწა ნიადაგისაგან, რომლებიც ვითარდება იგივე ბიოკლიმატურ პირობებში კაჟმიწით მდიდარ ქანებზე, წითელი შეფერილობით, უფრო მყარი და ნაკლებად უხეში სტრუქტურით, მეტი გამოფიტვით. წითელმიწა ნიადაგი იყოფა ორ ქვეტიპად: ტიპური და გაეწრებული. ტიპური წითელმიწა ნიადაგი ფართოდაა გავრცელებული წითელმიწების არეალის სამხრეთ ნაწილში და ფორმირდება ანდეზიტ-ბაზალტების გამოფიტვის ქერქზე, იშვიათად ქვამრგვალების და უფრო იშვიათად ზებრისებრ თიხებზე. გაეწრებული წითელმიწები ფორმირდება რელიეფის გავაკებულ ელემენტებზე. ჩვეულებრივ ისინი ვითარდება ზებრისებრ თიხებზე.

წითელმიწები იყოფიან სახეობებად ჰუმუსოვანი ჰორიზონტის სიმძლავრით: ღრმად ჰუმუსირებული (>30 სმ), არაღრმად ჰუმუსირებული (30-დან 20 სმ-მდე) და წვრილჰუმუსირებული (<20 სმ). ფერალიტიზაცია მიმდინარეობს რამდენიმე სტადიით. გამოფიტვის პირველ სტადიებში, როდესაც მიმდინარეობს პირველადი მინერალების ინტენსიური ჰიდროლიზი და თავისუფლდებიან ფუძეები და თავისუფალი კაჟმიწა, ადგილი აქვს თიხა მასალის მონტმორილონიტიზაციას.

გამოფიტვის შემდგომ სტადიაზე, როდესაც გამოფიტული სიზრქე სულ უფრო თავისუფლდება ფუძეებისაგან და მჟავდება მონტმორილონიტური თიხების ნაწილები გაიტანება დენუდაციური პროცესებით, ხოლო დანარჩენი გარდაიქმნება ადგილზე. საბოლოო ჯამში წარმოიქმნება ძლიერ გათიხებული მასალა. წითელმიწების ფორმირება მიმდინარეობს თავისუფალი დრენაჟის და ინტენსიური ჩამრეცხი წყლის რეჟიმის პირობებში.

ამ ნიადაგების ფორმირებისათვის საჭიროა ინტენსიური და ხანგრძლივი გამოფიტვა. ამიტომ ეს ნიადაგები გვხვდება ტენიან ტროპიკებში და სუბტროპიკებში, სადაც გამოფიტვის და ნიადაგთწარმოქმნის პროცესები მიმდინარეობს განუწყვეტლივ მესამეული დროიდან მუდმივი მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში.

წითელმიწა ნიადაგს განსაკუთრებული სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ამ ნიადაგებზეა გაშენებული სუბტროპიკული კულტურების მნიშვნელოვანი ნაწილი და აგრეთვე ჩაის პლანტაციები. ამ ნიადაგებში კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის, ფოსფორის, აზოტის დეფიციტი მოითხოვს მათ მუდმივ შეტანას მაღალი მოსავლის მისაღებად. მთელი სირთულე იმაში გამოიხატება, რომ აზოტოვანი და კალიუმიანი სასუქები სწრაფად ქრება ინტენსიური მიკრობიოლოგიური პროცესების და ატმოსფერული წყლების ზეგავლენით, ხოლო ფოსფორიანი სასუქები გარდაიქმნება უხსნად ფოსფატებში. ამის გამო აქ მინერალური სასუქების ეფექტური გამოყენება მეტად რთული პრობლემაა. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა კირის შეტანა. მაღალ ეფექტს იძლევა ნაკელი, ტორფ-კომპოსტები, ფოსფორიანი, აზოტიანი, მაგნიუმიანი და კომპლექსური სასუქები. დიდი ფართობები უკავია ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების და თხილის ნარგავებს; აგრეთვე მოჰყავთ ხეხილოვანი, ბოსტნეული, ეთერზეთოვანი, თამბაქო, ფეიხოა, კივი, დაფნა და სხვა სუბტროპიკული კულტურები. ითესება სიმინდი.

წითელმიწა ნიადაგი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში გორაკ-ბორცვიანი რელიეფის პირობებში, ზღვის დონიდან 80–200 მ-ის ფარგლებში. წითელმიწა ნიადაგის საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 1,9%-ს, ესე იგი 130 400 ჰა-ს. გავრცელებულია ტენიანი სუბტროპიკული ზონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (აჭარა, გურია, ზემო იმერეთი), აგრეთვე გვხვდება სამეგრელოსა და აფხაზეთში. XX საუკუნის 30-იან წლებში ბორის პოლინოვის (1933, 1936, 1956) ხელმძღვანელობით ჩატარდა წითელმიწების ფუნდამენტური გამოკვლევები. ამ სამუშაოებით დამტკიცდა, რომ: 1) დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში წითელი ფერის გამოფიტვის ქერქზე ვითარდება მჟავე ნიადაგთწარმოქმნის ფორმები; 2) გამოფიტვის ქერქის სხვადასხვა ფორმას უკავშირდება ნიადაგების სხვადასხვა ვარიანტების ფორმირება; 3) უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე ნიადაგები ასაკით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე გამოფიტვის ქერქი.

ქართველი ნიადაგთმცოდნეებიდან ეს ნიადაგები კინტრიშის ხეობის მაგალითზე პირველად დიმიტრი გედევანიშვილმა (1912) შეისწავლა. მიხეილ საბაშვილის (1936, 1948) შრომებში განხილული იყო წითელმიწების სხვადასხვა ვარიანტის დახასიათება და მათი გეოგრაფიული გავრცელების კანონზომიერებანი. ამ ნიადაგების ფიზიკური თვისებები, ჰიდროთერმული რეჟიმი, ნიადაგური წყლების შედგენილობა შესწავლილი აქვს მიხეილ დარასელიას (1935, 1939, 1949, 1974). საქართველოს წითელმიწებს მონოგრაფიული ნაშრომები უძღვნა ანა რომაშკევიჩმა (1974) და შაქრო ფალავანდიშვილმა (1987).

წითელმიწა ნიადაგი აგრეთვე გავრცელებულია აზერბაიჯანში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ჩინეთში, ვიეტნამში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, ბრაზილიაში, ურუგვაიში, მადაგასკარზე და სხვა. წითელმიწები, ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის მიხედვით, მიეკუთვნებიან ნიტისოლების ნიადაგურ ჯგუფს.

სქოლიო

Tags:

ანდეზიტინიადაგინიადაგწარმომქმნელი ქანებინოტიო სუბტროპიკული კლიმატისავანა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს მუნიციპალიტეტებიმაგნიტოგორსკიკულტურაქვეწარმავლებირამადანიტოტალიტარიზმირაჭაკრასუსიცხინვალიდამატებითი დროაიეტი (მითოლოგია)გაზაფხულიქართლის სამეფოუეფა-ს თასების მფლობელთა თასიცენტნერიკოლოსეუმისამკურნალო მცენარეებიუილიამ შექსპირიჩარლი ჩაპლინიგასტრიტიპითაგორავენერაკოლხეთის ეროვნული პარკიმონაკონეიტროფილებიფილტვებიარწივიიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისასმელი წყალიწმინდა ნინოთამაშგარესიმსივნესაქართველოს ფეხბურთის ფედერაციაანტონიმიმექსიკაადამიანის ჩონჩხიეროვნული ლიგაწმინდა ქრისტინეინგლისის რევოლუციადემოკრატიაოქროთავის ტვინიმგელისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეიგლუსასანიანთა იმპერიამარტივი და შედგენილი რიცხვებირამაზ შენგელიასაქართველოს საფეხბურთო სტადიონების სიამალავირელიგია საქართველოშიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიარითმათბილისის კურორტების ჯგუფიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიყაზახეთისაქართველოს სოფლებივენდეტავაჟა-ფშაველაგიორგი III (საქართველოს მეფე)მიტოზიაფრიკაოთარ გაბელიადავით მუჯირი (უფროსი)ტაჯიკეთითბილისის მეტროპოლიტენიალბანეთიგიორგი მიქაუტაძედედამიწის ისტორიაახალქალაქიმეორე მსოფლიო ომიიულიუს კეისარიეიფელის კოშკირუსთავიმიხეილ მესხი🡆 More