1989 უწესრიგობა სოხუმში

სოხუმის უწესრიგობა — 1989 წლის ივლისში მომხდარი ბუნტი სოხუმში, აფხაზეთის ასსრ-ში, რომელიც გამოწვეულ იქნა მზარდი დაძაბულობით აფხაზურ და ქართულ მოსახლეობას შორის.

იგი გაგრძელდა რამდენიმე დღეს და გადაიზარდა ქუჩის დაპირისპირებებში და სამოქალაქო არეულობაში სოხუმსა და აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე. დაიღუპა 22 და დაიჭრა 500-ზე მეტი ადამიანი.

ისტორია

პრეისტორია

აღნიშნულ მოვლენებს წინ უსწრებდა 1989 წლის 18 მარტს გამოქვეყნებული „ლიხნის მიმართვა“, რომელშიც იყო მოწოდება აღდგენილიყო აფხაზეთის სსრ-ის სტატუსი, რგორიც გააჩნდა მას 1921 წელს. აღსანიშნავია, რომ წერილი მომზადებული იყო და მას ხელს აწერდნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი თანამდებობის პირები, როგორებიც იყვნენ: ბ. ადლეიბა – საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი; ვ. კობახია – აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი; კ. ოზგანი – აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გუდაუთის რაიკომის პარტიის პირველი მდივანი; ვ. ცუგბა – აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზკომის ბიუროს წევრი და სხვა 40-მდე თანამდებობის პირი.

აღნიშნული მოვლენა ყურადღების გარეშე არ დატოვა, ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში ჩამოყალიბებულმა ქართული ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ორგანიზაციებმა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ეწყობოდა არასანქცირებული მიტინგები. 1989 წლის 25 მარტს, ლიხის მიმართვის საპირწონედ ქართულმა პატრიოტულმა ძალებმა სოხუმში მოაწყვეს მრავალათასიანი მიტინგი, რითაც უჩვენეს აფხაზ სეპარატისტებს ერთობის ძალა. ეს მიტინგი, ქართველ პატრიოტთა მიერ, უშუალოდ მერაბ კოსტავას ინიციატივით დაიგეგმა. მასში აქტიურად მონაწილეობდნენ: ზურაბ ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე, ჯუმბერ კოპალიანი, ვოვა ვეკუა, სოსო ადამია და ა.შ.

1 აპრილს დაბა ლესელიძეში ჩატარდა ანტიიმპერიალისტური მიტინგი, რომლის მონაწილეთა ერთი ჯგუფი დარბეულ იქნა აფხაზთა ეგზალტირებული მასის მიერ ბზიფსა და ახალ ათონთან; იყვნენ დაჭრილებიც. ამ ვერაგული აქციის საპასუხოდ, 2 აპრილს სოხუმში გაიმართა ქართული მოსახლეობის მიტინგები და მანიფესტაციები, რამაც შექმნა სიტუაციის უკიდურესად ესკალაციისა და გარკვეულწილად მისი უმართაობის საფრთხე. ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ მიზანშეწონილად მიიჩნია საპროტესტო აქციების აფხაზეთიდან დედაქალაქში გადატანა. ასე დაიწყო თბილისის 1989 წლის 4-9 აპრილის აქცია, რომელიც შემდეგ 9 აპრილის ტრაგედიით დასრულდა.

კონფლიქტი სოხუმში

სრულიად ბუნებრივია, რომ ლიხნის მიმართვა გაცილებით მტკივნეულად სწორედ უნივერსიტეტში აღიქვეს. მით უმეტეს, რომ ხელმომწერთა შორის ფიგურირებდა უნივერსიტეტის რექტორი ა. გვარამია, რომლის შიდასაუნივერსიტეტო პოლიტიკა ქართული სექტორის დისკრიმინაციული შეზღუდვის თვალსაზრისით ისედაც იწვევდა უკმაყოფილებას. ყოველივე ამას მოჰყვა უნივერსიტეტიდან ქართული სექტორის გამოყოფა და მის ბაზაზე თბილისის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ჩამოყალიბება, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 მაისის განკარგულების საფუძველზე.

1989 წლის 15 ივლისს, სოხუმის პირველი საშუალო სკოლის შენობასთან, სადაც თსუ სოხუმის ფილიალი იყო განთავსებული, შეგროვდნენ აფხაზი ეროვნების წარმომადგენლები. ფაქტობრივად, მათ შენობა ალყაში მოაქციეს და შიგ არავის უშვებდნენ. პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად ქართველები გადავიდნენ რუსთაველის სახელობის პარკში, თან გადაწყვიტეს მიემართათ აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის, რათა მიეღოთ სათანადო ზომები. საოლქო კომიტეტში წარმომადგენლების გაგზავნამ შედეგი არ გამოიღო — პასუხი აგვიანებდა. რუსთაველის პარკში საღამოსთვის შეიკრიბა 400-მდე ქართველი, ბოტანიკური ბაღის ახლოს, პუშკინის ქუჩის მხრიდან აფხაზები შეგროვდნენ. შუადღისას სწორედ რუსთაველის პარკთან მოხდა თავდასხმა ქართველებზე, რამაც ბიძგი მისცა შემდგომ მოვლენებს. პირველი ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიღუპა 16 და დაიჭრა 140-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი. დაღუპულთა შორის იყო აფხაზეთში ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერი, „სრულიად საქართველოს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვლადიმერ ვეკუა.

სოხუმში ქართულენოვანი უნივერსიტეტის გახსნას აფხაზები აღიქვამდნენ, როგორც 1970-იანი წლების „გააფხაზების“ პოლიტიკის გაუქმებას და აფხაზეთის „გაქართველების“ მცდელობას. ქართველები აცხადებდნენ, რომ როგორც აფხაზეთის ასსრ-ში მცხოვრებ ყვეაზე მსხვილ ეროვნულ ჯგუფს (45,7% 1989 წლისთვის), ჰქონდათ მშობლიურ ენაზე უმაღლესი განათლების მიღების უფლება. მანამდე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობდა ძირითადად რუსულ ენაზე.

მოვლენების შემდგომი განვითარება

18 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და მინისტრთა საბჭომ მიიღეს ერთობლივი დადგენილება „აფხაზეთის ასს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე მოქალაქეთა ქცევის განსაკუთრებული რეჟიმის შესახებ“. რაც ნიშნავდა რომ მოქალაქეებს აკრძალული ჰქონდათ საღამოს 23 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გამოსვლა სპეციალური ნებართვის გარეშე. აკრძალული იყო აგრეთვე კრებები და მიტინგები, მოქალაქეებს მოუწოდეს რომ ჩაებარებინათ ყოველგვარი ხელთარსებული იარაღი. მიუხედავად კომენდანტის საათისა რესპუბლიკაში დაძაბულობა კვლავინდებურად ნარჩუნდებოდა. ახალ ათონში აყრილი რკინიგზის ლიანდაგის აღდგენის შემდეგ მატარებლის რეგულარული მოძრაობა არ აღსდგა, იმ მოტივით რომ ლოკომოტივის მემანქანეები უარს ამბობდნენ სამუშაოზე გასვლაზე. იყო შემთხვევები, როცა სოჭის ან ოჩამჩირისკენ მიმავალ მატარებლებს ტყვიასა და ქვებს უშენდნენ. რეგიონში ყველაზე სტაბილურად მუშაობდნენ სამედიცინო დაწესებულებები. დაძაბულობის პარალელურად აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა დეზინფორმაცია ხალხის გატეცებების შესახებ.

21 ივლისს ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბულობა კვლავ დაძაბული რჩებოდა. არ ფუნქციონირებდა საზოგადო და სარკინიგზო ტრანსპორტი. დღეღამის განმავლობაში სოხუმის აეროპორტიდან გაყვანილ იქნა 4322 მგზავრი 46 რეისით, ზღვით კი 15 ათასი კაცი. მოქალაქეთა ქცევის განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს 9 მოქალაქე, სულ ორი დღე-ღამის განმავლობაში დაკავებული იყო 49 კაცი. შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებისა და მილიციის ძალებით ამოღებულ იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი. სულ შეტაკების დღიდან დაიღუპა 17 კაცი, მათ შორის სამი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად.

25 ივლისისთვის აღსდგა რკინიგზა. დღეღამის მანძილზე გავიდა 20 მატარებელი. დააკავეს 90 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ 15-16 ივლისს სოხუმში მომხდარ შეტაკებაში. მიუხედავად ავტონომიურ რესპუბლიკაში სტაბილური ცხოვრების აღდგენის მცდელობისა, სოხუმის ქუჩებში მაინც ისმოდა აფეთქების ხმები და სროლები. დღე-ღამის განმავლობაში სამართალდამცავებმა ამოიღეს 128 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

4 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლის 21 კაციანმა ჯგუფმა სოფელ ილორში გამოაცხადა შიმშილობა. მოშიმშილეთა მოთხოვნა იყო დასჯილიყვნენ ყველა თანამდებობის პირები ვინც შეაიარაღა ექსტრემისტულად განწყობილი საზოგადოება. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა კვლავაც შენარჩუნებულია.

13 სექტემბერს მდგომარეობა ავტონომიურ რესპუბლიკაში კვლავაც დაძაბული რჩება. ვითარებას ართულებდა ტყვერჩელსა და გაგრის ზონაში დაწყებული შიმშილობები და მჯდომარე აქციები. სამართალდამცავები მოსახლეობიდან ყოველდღიურად იღებდნენ ათობით ცეცხლსასროლ იარაღს.

7 ოქტომბერს მოშიმშილეებმა შეწყვიტეს მჯდომარე აქციები. ტყვარჩელში აღსდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეშახტეები დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაოებს.

შემდგომი ძალადობა გადაიზარდა ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. საბჭოთა არმიამ შეძლო და სიტუაცია დაუქვემდებარა კონტროლს. 1989 წლის სოხუმის უწესრიგობა გახდა ერთ-ერთი მაპროვოცირებელი მიზეზი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებისა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

1989 უწესრიგობა სოხუმში ისტორია1989 უწესრიგობა სოხუმში რესურსები ინტერნეტში1989 უწესრიგობა სოხუმში სქოლიო1989 უწესრიგობა სოხუმშიაფხაზებიაფხაზეთიაფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასამოქალაქო დაუმორჩილებლობასოხუმიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქალწული (ასტროლოგია)კურო (ასტროლოგია)მცხეთის ჯვრის მონასტერიგველებილაშა ტალახაძესაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაგაერთიანებული ერების ორგანიზაციანაპოლეონის ომებიიმპრესიონიზმიიოსებ სტალინიაფრიკის ქვეყნების სიასისხლინარიყალაათი მცნებაბალდუინ IV იერუსალიმელიგლიცინიაპროპაგანდაავოკადოსაქართველოს წითელი ნუსხამგელიბიპოლარული აშლილობა23 აპრილიმედუზებისაფრანგეთის რევოლუციახარებააზიაქუთაისიტრეფიკინგირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ნაღმირომან ფიფიამაცივარიერთიანი ნაციონალური მოძრაობარომიჰარი პოტერითეთნულდიგულიმეგობრობასაქართველომენსტრუაციაგორიფრინველებილუქსემბურგიდავით კლდიაშვილიმეტაბოლიზმიშვედეთიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდასაქართველოს დემოგრაფიაწიგნი სიბრძნე სიცრუისაძველი საბერძნეთილათინური ენაბათუმი1832 წლის შეთქმულებასტოიციზმიფუტისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაწმინდა გიორგიგეორგიევსკის ტრაქტატიეროზიაკონსტიტუციაგიორგი III (საქართველოს მეფე)აფხაზეთის ომი (1992-1993)ლოცვა ეფრემ ასურისაგიორგი ყიფშიძეაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითნოდარ დუმბაძესასწორი (ასტროლოგია)კოსმოპოლიტიზმისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმართლმადიდებლობაფეხბურთიგიორგი მამარდაშვილი29 აპრილიდედამიწასულეიმან Iკრიშტიანუ რონალდუემპათია🡆 More