საქართველოს ოქროს ხანა

საქართველოს ოქროს ხანა — ისტორიული პერიოდი მაღალ შუა საუკუნეებში, XI საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნემდე საქართველოს სამეფოში.

ამ დროს ქვეყნის ძალაუფლებამ და განვითარებამ მწვერვალს მიაღწია. გარდა ამისა, სამხედრო ძალით გაფართოებამ გამოიწვია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის, ფერწერისა და პოეზიის აყვავება, რომელიც გამოიხატა საეკლესიო ხელოვნების განვითარებითა და პირველი საერო ლიტერატურული ნამუშევრების შექმნით.

ოქროს ხანა, რომელიც ორ საუკუნეზე დიდ ხანს გაგრძელდა, დაასრულა მომთაბარეთა (როგორებიცაა მონღოლები) შემოსევებმა და ქვეყანაში მათ მიერ გავრცელებულმა შავმა ჭირმა. საქართველო უფრო მეტად შესუსტდა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, რადგან ამან ბიზანტიის იმპერია, საქართველოს ტრადიციული მოკავშირე, საბოლოოდ გაანადგურა. შედეგად, XV საუკუნის ბოლოს საქართველო დაიშალა და იზოლირებულ ანკლავად გადაიქცა, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოსცილდა ქრისტიანულ ევროპას და თურქ-ირანული მეზობელი სახელმწიფოებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. საქართველოს ოქროს ხანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან ამ დროს მისმა ძლიერებამ ზენიტს მიაღწია და დამადასტურებელია ქართველი ერის ანტიკურობისა, რომელსაც საბერძნეთთან და რომთან დიდი კავშირები ჰქონდა.

ოქროს ხანის დასაწყისი

დავით IV

საქართველოს ოქროს ხანა 
დავით IV აღმაშენებელი (შიომღვიმის ფრესკა)
საქართველოს ოქროს ხანა 
გელათის ამ ფრესკაზე გამოყენებული ძვირადღირებული მასალა მიუთითებს საქართველოს სამეფოს ეკონომიკურ სიძლიერეზე.

საქართველოს ოქროს ხანა დაიწყო დავით IV აღმაშენებელის მეფობის პერიოდიდან. დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.

დემეტრე I და გიორგი III

სამეფომ აყვავება განაგრძო დავით IV-ის შვილის, დემეტრე I-ის მეფობისას. საქართველო დარჩა ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავდა. დემეტრემ რამდენიმეჯერ დაამარცხა განჯაში გამაგრებული მუსლიმები და ქალაქის კარიბჭე ნადავლის სახით ჩაიტანა გელათის მონასტერში.

დემეტრე I-ს წვლილი მიუძღვის ქართული რელიგიური პოლიფონიის განვითარებაში. მას ეკუთვნის ცნობილი საგალობელი „შენ ხარ ვენახი“, რომელსაც დაწერიდან 900 წლის შემდეგ, დღესაც გალობენ ეკლესიებში.

დემეტრე I ტახტზე შეცვალა მისმა შევილმა, გიორგი III-მ 1156 წელს. ტახტის დაკავებისთანავე დაიწყო წარმატებული კამპანია ქალაქ აჰლათის სელჩუკი სულთნის წინააღმდეგ. მან გაათავისუფლა სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქი დვინი თურქი დამპყრობლებისგან და ამ ტერიტორიაზე განმთავისუფლებლის სახელით შევიდა. გიორგი ცდილობდა განემტკიცებინა კავშირი აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან, ამისთვის ქალიშვილი მიათხოვა მანუელ კომნენოსს, იმპერატორ ანდრონიკე I-ის შვილს.

ოქროს ხანის ზენიტი

თამარ მეფე

საქართველოს ოქროს ხანა 
თამარ მეფე (ვარძიის ფრესკა)

1179 წელს მეფე გიორგიმ საკუთარი შვილი, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.

თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

ეკონომიკა

საქართველოს ოქროს ხანა 
მეფე თამარის და დავით სოსლანის სახელით მოჭრილი მონეტები.

თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი. დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.

მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითარებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება.

საქართველოს ოქროს ხანა 
თამარ მეფის დროშა

თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები

სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.

ხელოსნობა და ვაჭრობა

თამარის ეპოქა მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ხელოსნური წარბოებისა და ვაჭრობისთვის, საერთოდ საქალაქო ცხოვრების განვითარებაში. ამ პერიოდის ქალაქები ქვეყნის ან რეგიონის პოლიტიკურ და ამასთან ერთად სავაჭრო და სახელოსნო ცენტრებს წარმოადგენდნენ. ქალაქები დაინტერესებულები იყვნენ ფეოდალური კარჩაკეტილობის ლიკვიდაციით და ყოველგვარად უჭერდნენ მხარს ქვეყნის გაერთიანება ცენტრალიზაციას.

XII საუკუნის საქართველოში საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები თბილისი და ქუთაისი იყო. დაწინაურებული იყო ქალაქები: რუსთავი, ატენი, გორი, ჟინვანი, დმანისი, არტანუჯი, ახალქალაქი, ახალციხე, ბარალეთი, თმოგვი, ოლთისი, სამშვილდე, ოძრხე, ხუნანი, არტაანი, თუხარისი, ხორნაბუჯი, თელავი, ვარციხე, შორაპანი, პეტრა, ბათუმი, ფოთი, ცხუმი, ბიჭვინთა, ნიკოფსი. ასევე იყო ქალაქური ტიპის დასახლებები — დაბები: მცხეთა, უჯარმა, ჭერემი, მანგლისი, აწყური, ლორე, ნაჭარმაგევი, გეგუთი, ბოლნისი, ჟალეთი, გაგი, ბოჭორმა და სხვ. აღნიშნული დასახლებები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აღნიშნული პერიოდის საქართველოში დაწინაურებული ჩანს ხელოსნობის სხვადასხვა დარგი: მეთუნეობა-მეკეცეობა, მეჭურჭლეობა, მჭედლობა, კალატოზობა, დურგლობა, მეხამლეობა, ოქრომჭედლობა, მეპურეობა, მენელსაცხებლობა, წიგნების გადაწერა, აკინძვა და სხვ. ხელოსნობის სხვადასხვა დარგის ფართოდ გავრცელებასა და განვითარებას მოწმობს არა მარტო ისტორიული წერილობითი წყაროები, არამედ ამ პერიოდის ხელოსნობისა და მატერიალური კულტურის ძეგლები.

საქართველოს ქალაქებში, რომლებიც ხელოსნურ წარმოებასთან ერთად, სავაჭრო ცენტრებიც იყვნენ, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ვაჭრებს. ისინი ხელოსნობის ნაწარმს ასაღებდნენ. ამასთან ვაჭრები საქალაქო ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში მონაწილეობდნენ. ზოგჯერ მათ სახელმწიფო საქმეებსაც ანდობდნენ. საქართველოს ქალაქები აქტიურად მონაწილეობდნენ საგარეო ვაჭრობაშიც. ნიშანდობლივია, რომ XI-XIII სს. დოკუმენტების მიხედვითმოხმარების თითქმის ყველა საგანი იყიდებოდა.

შუა საუკუნეების საქართველოს მჭიდრო სავაჭრო კავშირები ჰქონდა არაბებთან, ირანთან, ბიზანტიასთან, სომხეთთან, ეგვიპტესთან, ჩინეთთან, რუსეთთან და სხვ. ქვეყნებთან. მუსლიმური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილები, ნელსაცხებლები, შაქარი, ძვირფასი თვლები, ცხენის მოკაზმულობა, სხვადასხვა ძვირფასი ლითონები და სხვ. ბიზანტიიდან შემოჰქონდათ ქსოვილები („ბერძნული“), ოქროქსოვილები, სამღვდელთმსახურო ნივთები და სხვ.

მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ექსპორტსაც. აქედან გაჰქონდათ სხვადასხვა სახის ქსოვილები — მატყლის, აბრეშუმისა და ბამბის ნაწარმი, კერამიკის ნივთები. ჩვენ უხვად გვხვდება უცხოური ფული (მონეტები) საქართველოში და პირიქით, ქართული ფული სხვა ქვეყნებში, რაც თავის მხრივ ცხოველ სავაჭრო ურთიერთობებზე მიუთითებს.

XII საუკუნის საქართველო მდიდარი იყო, ფულის კურსი — მტკიცე. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფდა ფულის მყარ და ინტენსიურ მიმოქცევას. აქტიური ფინანსური პოლიტიკა ეკონომიკის წარმატებით განვითარებას განაპირობებდა. ყოველივე ამას კი საქართველო პოლიტიკური და კულტურული ცხოვრები მაღალ ასპარეზზე გაჰყავდა.

განათლება და კულტურა

საქართველოს ოქროს ხანა 
ვანის ოთხთავი

XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.

ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლები. ქართული მონასტრების ოპიზის, ოშკის, შატბერდის, ბერთის, ხანძთის და სხვა მონასტრებთან არსებობდა სპეციალური შენობები, რომლებიც სკოლებისთვის იყო განკუთვნილი. საქართველოში სასკოლო განათლების დაწესებულების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ. თამარის დროინდელი საქართველოს აკადემიებს სათავეში მოძღვართმოძღვარი ედგა. საქართველოს აკადემიებში, ისევე როგორც იმდროინდელ ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინაც , XIII საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში იყო ნათარგმნი „წიგნი სააქიმოჲ“. თამარ მეფის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ჰქონდა თავისი საგანმანათლებლო კერები, საზღვარგარეთაც. მათგან აღსანიშნავია: ივერთა მონასტერი ათონის მთაზე, მონასტერი შავ მთაზე (სირიაში), პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა.

XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში შეიქმნა შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი ტაძრები, რომლებშიც მკაფიოდ გამოჩნდა ახალი სტილისტიკური ნიშნები. შეიცვალა ტაძრის პროპორციებიც: გუბათის ყელი შენობასთან შედარებით ძალიან აზრდილია. ამ ტიპის ტაძრებია: იკორთა (ქართლში), ბეთანია (მდინარე ვერეს ხეობაში), ქვათახევი (ქართლში), ფიტარეთი (ქვემო ქართლში), წუღრუღაშენი (ქვემო ქართლში), დმანისის კარიბჭე (ქვემო ქართლში), ერთაწმინდა (ქართლში) და სხვები. ამავე ჯგუფს განეკუთვნება აგურით ნაშენი ორი ტაძარი: ტიმოთისუბანი და ყინწვისი. ერთნავიანი ეკლესიები: ლამაზი საყდარი (ხრამის ხეობაში), მაღალაანთ ეკლესია (შიდა ქართლში), გუდარეხი (ქვემო ქართლში), ლურჯი მონასტერი (თბილისში) და სხვები. ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრა კლდეში გამოკვეთილ სამონასტრო კომპლექსს – ვარძიას. ვარძიის მშენებლობა გიორგი მესამემ დაიწყო და დაასრულა თამარმა. მნიშვნელოვანია აქ არსებული დიდი ეკლესია, რომლის კედლები ფრესკებითაა დამშვენებული. აქ არის გამოსახული გიორგი III-ისა და თამარის პორტრეტები.

საქართველოს ოქროს ხანა 
თამარ მეფის პერიოდში აგებული ბესლეთის ხიდი, ქალაქ სოხუმის სიახლოვეს

თამარის ეპოქის მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობებია შიომღვიმე-სხალტბის წყალსადენი, ბესლეთისა (სოხუმი), დანდალოს (აჭარა) და რკონის (შიდა ქართლი) ხიდები. განვითარებული იყო ციხესიმაგრეთა მშენებლობის საქმე. ისინი მიუვალ ადგილებში შენდებოდა. აღსანიშნავია სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები: ხერთვისი, აწყური, ოქროს ციხე, თმოგვი და სხვები.

მნიშვნელოვანად განსხვავდება თამარის დროინდელი კედლის მხატვრობა ადრინდელისაგან. ამ პერიოდის საქართველოში ფერწერის რამდენიმე მიმართულებას გამოყოფენ. ერთია ტაო-კლარჯეთში ჩამოყალიბებული მონომენტური ძეგლები (ოთხთა ეკლესიის, იშხნის, ხახულის, ოშკის, ტბეთის ფრესკები). მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება თამარის პერიოდში დავითგარეჯას მონასტერში შესრულებული ფრესკები. აგრეთვე მნიშვნელოვანია რაჭის სოფელ ზემო კრიხის ეკლესიის მხატვრობა, სადაც სვანეთის ძეგლების მსგავსად, ადგილობრივი ფეოდალების პორტრეტებიცაა.

XII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში ფართოდ ვითარდება საერო მწერლობა, შეიქმნა საერო პოეზია. თამარის პერიოდში შექმნილი საერო მწერლობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი.

მომთაბარეთა შემოსევები და საქართველოს თანდათან შესუსტება

საქართველოს ოქროს ხანა 
მიუხედავად მონღოლების ბატონობისა, ქართული კულტურა განაგრძობდა განვითარებას. ამის ნიმუშია უბისისს ეს ფრესკა.

ლაშა გიორგი

1220 ან 1221 წელს გიორგი IV ლაშა, თამარის შვილი და მემკვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსუდანი

ლაშა-გიორგის ადგილი მისმა დამ, რუსუდანმა დაიკავა. რუსუდანი სუსტი მმართველი გამოდგა. მისი მეფობისას თბილისი აიღო მონღოლებს გამოქცეულმა ჯალალედინმა. მოგვიანებით ჯალალედინის ლაშქრობას მოჰყვა მონღოლების ფართომასშტაბიანი შემოსვლა. 1235 წელს მონღოლებმა აიღეს საქართველოს ყმადნაფიცი განძა (განჯა) და თბილისისკენ დაიძრნენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა, თვითონ კი ისევ ქუთაისში გაიქცა.

რუსუდანმა და მთავარსარდლობამ ვერ გაუწიეს მონღოლებს ორგანიზებული წინააღმდეგობა. სამეფოს სანაპირო-სასაზღვრო რაიონების მმართველები (ავაგ ამირსპასალარი, ვარამ გაგელი, შანშე მანდატურთუხუცესი და სხვები) ბრძოლის მაგიერ თავიანთ ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ. დაქსაქსული ძალების დამორჩილება მონღოლებმა შედარებით ადვილად შეძლეს. 1239/1240 წელს რუსუდანმა რომის პაპს სთხოვა დახმარება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და დაიწყო საზავო მოლაპარაკება მონღოლებთან. ამავე დროს მან ბათო-ყაენთან გაგზავნა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი არსენი, რომლის დაბრუნების შემდეგ მონღოლებს დაუზავდა. 1242/1243 წელს რუსუდანი და მისი ძე დავითი თბილისში გადავიდნენ, საიდანაც დავითი ყაენთან გაგზავნეს. დასნეულებული რუსუდანი მის მოლოდინში გარდაიცვალა.

ანტი-მონღოლური პოლიტიკა

მონღოლების შემოსევებმა იმდენად ვერ დაასუსტა ქვეყანა, რამდენადაც ანტი-მონღოლურმა აჯანყებებმა, რომლებიც ათწლეულებს გრძელდეობდა. პირველი ასეთი აჯანყება დაიწყო 1259 წელს დავით VI ნარინის მეთაურობით, რომელიც ოცდაათ წელს გაგრძელდა. ანტი-მონღოლური აჯანყებები არც ისე დიდი წარმატებით გააგრძელეს დემეტრე II თავდადებულმა, რომელიც მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს და დავით VIII-მ.

გიორგი V ბრწყინვალე
საქართველოს ოქროს ხანა 
გიორგი V ბრწყინვალე (გიორგი გეგეჭკორის ნახატი)

საქართველოს ოქროს ხანის ბოლო ძლიერ მეფედ ითვლება გიორგი V ბრწყინვალე. იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო და თავდაპირველად მონღოლებთან ბრძოლას ფრთხილი და მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, მან ბექას კარზე ყოფნისას მოიპოვა მონღოლების ნდობა. იგი მეგობრობდა ილხანის მთავარ ვაზირთან — ჩობან ნოინთან. ამან საშუალება მისცა საშინაო მდგომარეობა გამოესწორებინა. იგი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას: შიდა ქართლიდან განდევნა მონღოლთა ხელშეწყობით დამკვიდრებული ოსები, რომელთა მეკობრული თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა მოსახლეობას; ალაგმა სამეფო ხელისუფლების ურჩი ფეოდალები, რისთვისაც არც უკიდურეს ღონისძიებებს მოერიდა; მოახერხა რეალურად სამ ნაწილად დაყოფილი საქართველოს გაერთიანება და მონღოლთა ბატონობისას შერყეული სახელმწიფოს მართვა-გამგეობისა და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემების მოწესრიგება.

1327 წელს აბუსაიდ ყაენმა მოაკვლევინა თავისი მეურვე და საყაენოს ფაქტობრივი გამგებელი ჩობან ნოინი თავისი ორი შვილითა და მომხრეებით. ჭკვიანი და ძლიერი ხელისუფლის დაღუპვამ დააჩქარა ილხანთა სახელმწიფოს კიდევ უფრო დაქვეითება და დაშლა. ახალგაზრდა და სუსტმა პოლიტიკოსმა აბუსაიდმა საყაენოს უკუსვლის შეჩერება ვეღარ შეძლო. 1335 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში სრული ქაოსი დაიწყო და ფაქტობრივად, საილხანო ერთმანეთის მოქიშპე რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა.

შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლა გიორგი V-მ. მან მონღოლებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და მათი ჯარი ქვეყნიდან განდევნა. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, რომლის დროსაც გამოიყენებოდა როგორც მშვიდობიანი და დიპლომატიური, ისე ძალისმიერი საშუალებები (ეს პროცესი 1327-1335 წლებში გრძელდებოდა). მართალია, XIV საუკუნის 30-40-იან წლებში მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მათი ბატონობის აღდგენის მიზნით რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს, მაგრამ ამას წარმატება არ მოჰყოლია.

ოქროს ხანის დასასრული

საქართველოს ბოლო ძლიერი მეფის, გიორგი V ბრწყინვალეს გარდაცვალების შემდეგ ქვეყანამ სწრაფი ტემპით დაიწყო დასუსტება. მომთაბარეთა გავრცელებულმა შავმა ჭირმა და თემურლენგის მრავალგზის შემოსევამ მიწასთან გაასწორა საქართველოს სამეფოს ეკონომიკა, შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა და შესუსტდა ურბანული ცენტრები. ბიზანტიის იმპერიის საბოლოოდ დაცემამ ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და ცივილიზებულ, ქრისტიანულ სამყაროს მოსწყვიტა. ეს ყველაფერი ქართული ოქროს ხანის დასასრულს ნიშნავდა.

ოქროს ხანის ხელოვნების ნიმუშები

ლიტერატურა

  • მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3. 
  • ნ. ასათიანი, გ. ოთხმეზური, მ. სამსონაძე, გ. ჯამბურია (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. III — საქართველო XIII საუკუნიდან XIX საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-586-0. 

სქოლიო

Tags:

საქართველოს ოქროს ხანა ოქროს ხანის დასაწყისისაქართველოს ოქროს ხანა ოქროს ხანის ზენიტისაქართველოს ოქროს ხანა მომთაბარეთა შემოსევები და საქართველოს თანდათან შესუსტებასაქართველოს ოქროს ხანა ოქროს ხანის დასასრულისაქართველოს ოქროს ხანა ოქროს ხანის ხელოვნების ნიმუშებისაქართველოს ოქროს ხანა ლიტერატურასაქართველოს ოქროს ხანა სქოლიოსაქართველოს ოქროს ხანაXI საუკუნეXIII საუკუნეარქიტექტურამაღალი შუა საუკუნეებიპოეზიასაქართველოს სამეფოფერწერაშუა საუკუნეები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომის რესპუბლიკაკალიებიდანიაძველი თბილისისაქართველოს სახელმწიფო გერბირეფერენდუმიორალური სექსისაფრანგეთინატურალური რიცხვიამერიკის შეერთებული შტატებიიულიუს კეისარიჰიპერბოლა (ენა)ალავერდიდაირასისხლის მიმოქცევის სისტემარესპუბლიკასტამბოლისაქართველოს გეოგრაფიაქართული ვაზის ჯიშებიყაზახეთისეკულარიზმიფეხბურთის წესებიბზობაბაყაყი14 აპრილითბოგამტარობასამოქალაქო საზოგადოებაეგრისის სამეფოკირჩხიბი (ასტროლოგია)ქართველი მწერლების სიაბაში-აჩუკი (ფილმი)საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ფაშიზმიმერაბ კოსტავამადაგასკარიინდოეთიანა დოლიძეკვადრატიმსოფლიოს შვიდი საოცრებაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოორგაზმიპეტრე I დიდინიუ-იორკიდემეტრე II თავდადებულიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმინიკო ბაგრატიონიარასამთავრობო ორგანიზაციაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაქართული ფილმების სიათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიუქმე დღეები საქართველოშიქართველები რუსეთშიპოლიტიკური პარტიები საქართველოშინიამორიგეორგიევსკის ტრაქტატისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაგრიგოლ ხანძთელიგიორგი XIIიგავ-არაკიარაგვიავსტრალიაწყალიიასამანიგარემოს დაცვადეციმეტრიპრაგმატიზმიდედამიწის ისტორიადუნაიეპითეტიალაზანიუშგულის თემიბელგიაბულგარეთიფოთიცილებიასურეთიმოსკოვიბუღა თურქის შემოსევა🡆 More