საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ — განსაზღვრავს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს.
მიღებულ იქნა 2008 წლის 23 ოქტომბერს.
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შედგება პრეამბულისა და თერთმეტი მუხლისაგან.
კანონის პრეამბულის თანახმად, საქართველო არის სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს სახელმწიფოს მკაფიოდ და ნებაყოფლობით განცხადებული თანხმობის გარეშე, 1907 წლის ჰააგის რეგულაციების, 1949 წლის ჟენევის IV კონვენციისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების შესაბამისად, არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.
ამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომ — ოკუპირებული ტერიტორიები):
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონის მოქმედების ვადით ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ამ კანონით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში — გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლება დაცულია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა:
ამ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.
უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანდა რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს. ამ ორგანოთა მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადობის ნეიტრალური მოწმობის ანდა ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნებისათვის.
საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დამრღვევი პირის მიმართ ამავე სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სანქციების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.