რომის პაპი (ლათ.
Papa < ბერძ. Papas — მამა) — კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად („ქრისტეს ვიკარად“) და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი ფრანცისკე არის პეტრე მოციქულის 266-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს კონკლავი ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით, 1523 წლიდან (კლიმენტ VII) 1978 წლამდე (იოანე-პავლე II) რომის პაპად პრაქტიკულად მხოლოდ იტალიელებს ირჩევდნენ. იტალიელთა გარდა მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ ფრანგი (19-ჯერ), ბერძენი (15-ჯერ), სირიელი (7-ჯერ), ესპანელი (7-ჯერ), გერმანელი (6-ჯერ), ეგვიპტელი (ალექსანდრიიდან, 2-ჯერ), ინგლისელი, პოლონელი, პორტუგალიელი და ჰოლანდიელი პაპები.
რომის პაპის ხელისუფლება შეუზღუდავია, მისი საეკლესიო პრიმატი ემყარება ვატიკანის I საეკლესიო კრების (1869-1870) გადაწყვეტილებას, ხოლო ეკლესიის მმართველობაში ნომინალურად მონაწილეობს ვატიკანის II საეკლესიო კრების (1962-1965) დადგენილების შესაბამისად (ეპისკოპოსთა კოლეგია). 1965 წელს შექმნილ ეპისკოპოსთა სინოდს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვს. რომის პაპი იწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებებს, ამტკიცებს მათ დადგენილებებს, ანიჭებს კარდინალის წოდებას; ამტკიცებს ეპისკოპოსებს, მას ექვემდებარებიან მონაზვნური ორდენების გენერლები.
რომის პაპის რეზიდენცია ვატიკანშია. იგი ვატიკანის შეუზღუდავი გამგებელია, ატარებს საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკას თავისი ლეგატების, ენციკლიკებისა და ეპისკოპოსთა მეშვეობით. სხვადასხვა ქვეყნებში რომის პაპი გავლენას ახდენს კათოლიკური პარტიების, პროფკავშირების და საერო ორგანიზაციების მოღვაწეობაზე.
რომის პაპი | არჩევის წელი | სამოქალაქო სახელი | სიცოცხლის წლები |
ლეო XIII | 1878 | ვინჩენცო ჯოაკინო პეჩი | 1810-1903 |
პიუს X | 1903 | ჯუზეპე მელკიორ სარტო | 1835-1914 |
ბენედიქტე XV | 1914 | ჯაკომო დელა კიეზა | 1854-1922 |
პიუს XI | 1922 | აკილე რატი | 1857-1939 |
პიუს XII | 1939 | ეუჯენიო პაჩელი | 1876-1958 |
იოანე XXIII | 1958 | ანჯელო ჯუზეპე რონკალი | 1881-1963 |
პავლე VI | 1963 | ჯოვანი ბატისტა მონტინი | 1897-1978 |
იოანე-პავლე I | 1978 | ალბინო ლუჩანი | 1913-1978 |
იოანე-პავლე II | 1978 | კაროლ იოზეფ ვოიტილა | 1920-2005 |
ბენედიქტე XVI | 2005 | იოზეფ რაცინგერი | 1927 |
ფრანცისკე | 2013 | ხორხე მარიო ბერგოლიო | 1936 |
This article uses material from the Wikipedia ქართული article რომის პაპი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.